იდუმალი სამყარო - ინკუბუსები და სუკკუბუსები ქართულ გადმოცემებში 1 - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

სხვადასხვა > იდუმალი სამყარო

ინკუბუსები და სუკკუბუსები ქართულ გადმოცემებში

იდუმალი სამყარო

გადავწყვიტეთ ჩვენი საიტის გარკვეული სივრცე დავუთმოთ მემორატული და ფაბულატური მითოლოგიური გადმოცემების ქართულ, ხალხურ ნიმუშებს (ხოლო მომავალში გამოვაქვეყნოთ სხვა ქრისტეანი ხალხების ანალოგიურ გადმოცემებსაც). თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ 1991 წელს გამოცემული ქართული ხალხური სიტყვიერების II ტომის ("მეგრული ტექტები") წინასიტყვაობაში ვკითულობთ: "ვფიქრობთ, მტკიცება არ სჭირდება იმას, რომ ამგვარი მასალების შეგროვება და მეცნიერულად გამოცემა გადაუდებელი, არადასაყოვნებელი საქმეა უძველესი ქართველი ხალხის ისტორიისა და კულტურის ღრმად შესასწავლად. საიდუმლოება არც ის არის, რომ ტექნიკის, ცივილიზაციის და ერთიანი კულტურის საოცარი სწრაფი წინსვლა მივიწყების, ნიველირებისა და გაქრობის საფრთხეს უქმნის ხალხური შემოქმედების სხვადასხვა უბანს, მათ შორის ზეპირსიტყვიერებასაც. დღეს არავის შეუძლია, ზუსტად განსაზღვროს, როგორ წარიმართება უმწერლობო ქართველური ენების - სვანურისა და მეგრულ-ჭანურის ბედი რამოდენიმე საუკუნის შემდეგ, მაგრამ იმის თქმა კი შეიძლება, რომ ამ ენებზე ფიქსირებულ მასალებს მომავალში ოქროს ფასი დაედება".

ამავე გამოცემის შესავალ ნაწილში ვკითხულობთ: "მემორატული და ფაბულატური მითოლოგიური გადმოცემები, როგორც არაზღაპრული პროზის სპეციფიკური ჟანრი, პირველად შემოდის ქართულ ფოლკლორში თავისი ავტონომიური უფლებით. ამ ჟანრის დიდ მნიშვნელობაზე ამ ბოლო წლებში იქნა ყურადღება გამახვილებული როგორც ევროპულ, ისე რუსულ ფოლკლორისტიკაში. მეცნიერებას აინტერესებს ამ ტიპის გადმოცემებში შემონახული ის უძველესი წარმოდგენები, რომლებიც "დაბალ მითოლოგიურ" რწმენათა კომპლექსიითაა შეპირობებული და უნივერსალურ ხასიათს ატარებენ". მაგრამ გარკვეულწილად ამგვარი გადმოცემები საინტერესოა რელიგიის სფეროსთვისაც, რაზეც მეტყველებს თუნდაც ლუდოვიკო მარია სინისტრარის ცნობილი ნაშრომი "ინკუბუსებისა და სუკკუბუსების დემონიალიტეტი", დავა ე. წ. "ნეფილიმთა"
გარშემო და სხვა ამის მსგავსი თემა, რომელსაც ხშირად ვხვდებით დაცემულ ანგელოზთადმი მიძღვნილ რელიგიურ სტატიებსა თუ ნაშრომებში.

მეცნიერებისთვის ამგვარი თქმულებები თუ "დაბალ მითოლოგიურ" რწმენათა კატეგორიაშია მოთავსებული, ჩვენთვის, როგორც მორწმუნეთათვის, ის დემონოლოგიის სფეროშია განთავსებული. ამ თემატიკას სხვადასხვა კუთხით ეხებოდა მრავალი ძველი თუ თანამედროვე ღვთისმეტყველი, ამიტომაც, ის სარწმუნოებრივი თვალსაზრისითაც გარკვეულ დაინტერესებას იწვევს. სწორედ ამ ინტერესითაა გამოწვეული ჩვენი მცდელობა შევაგროვოთ ამგვარი ლიტერატურად და განვათავსოთ ის ჩვენი ინტერნეტ რესურსის გვერდებზე.

რა თქმა უნდა, ამ გამოცემის მთლიანად გადმობეჭდვას ჩვენ არ ვაპირებთ, რაც ძალზედ შრომატევადი საქმეა და ჩვენი საიტის თემატიკას სცილდება (წიგნში ასევე შეტანილია ზღაპრები, ანდაზები, თქმულებები და სხვა, თუმცა ამგვარი ლიტერატურის ელექტრონული ვერსიების ინტერნეტში გამოქვეყნება ნამდვილად შესაშური საქმე იქნებოდა). ჩვენ მხოლოდ ვეხებით გამოცემის იმ ნაწილს, რომელიც დაცემული სულების, ანუ ე. წ. ინკუბუსებისა და სუკკუბუსების თემატიკასთან არის დაკავშირებული. მასალა, რომელსაც ქვემოთ ვთავაზობთ ჩვენს მკითხველს, გარკვეულწილად ეხმიანება ამ თემას, რის გამოც ჩვენი ინტერესის სფეროს წარმაოდგენს. მასალის გამოქვეყნებით ჩვენ არაფრის მტკიცებას არ ვიღებთ საკუთარ თავზე, რადგან ამ განყოფილებაში განთავსებული მასალა ქვეყნდება მხოლოდ გაცნობისა და საკითხის შესწავლის მიზნით. ამასთანავე მკითხველებს ვხთოვთ გამოგვიგზავნონ მათთვის ცნობილი მსგავსი ისტორიები, რომლებსაც შევკრებთ და მომავალში ჩვენს საიტზე გამოვაქვეყნებთ.

მასალები აღებულია ნაშრომიდან: "ქართული ხალხური სიტყვიერება", II ტომი. მეგრული ტექსტები. თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა. 1991 წ. გვ. 353-405. შემდგენლები ტოგო გულავა და აპოლონ ცანავა. ფრჩხილებში პირველად მითითებულია ნაშრომის გვერდი, შემდეგ კი სტატიის პარაგრაფი.

საიტ აპოკალიფსისის რედაქცია.

შინაარსი


I. ოჩოკოჩი

1. ტყის საკვირველება - ოჩოკოჩი.

2. აღწერა და თავისებურებები. ოჩოკოჩის თვისებები.

3. სხვადასხვა შემთხვევები.


II. ტყაშმაფა

(მეგრ. ტყის მეფე)

1. ტყაშმაფას დახასიათება, აღწერა და თვისებები.

2. სხვადასხვა შემთხვევები.


III. წყარიშ დიდა

(წყლის დედა ანუ იგივე მეფე წყლებისა)


lV. ჭინკა

V. დიხაშკოჩი


(მიწის კაცი)


VI. მაზაკვალი

(მზაკვარი)

1. მზაკვარი და მისი აღწერა

2. ჭეჭეთობა (ჭიაკოკონობა) - მზაკვართა დღესასწაული


VII. ჟამი, ანუ სული გაცივებისა

VIII. ყვავილ-ბატონები

II. ტყაშმაფა

(მეგრ. ტყის მეფე)

1. ტყაშმაფას დახასიათება, აღწერა და თვისებები. 2. სხვადასხვა შემთხვევები.


ავ სულთა სამეფოში, ოჩოკოჩის შემდეგ, მეორე ადგილი უჭირავს ტყის მეფეს. ტანით ჩვეულებრივი ქალის ოდენაა და ფიზიკური ღონით ოჩოკოჩს, რა თქმა უნდა, ვერ დაუტოლდება. არაჩვეულებრივი სილამაზისაა, უმტვერო თოვლის მსგავსი თეთრი ტანი აქვს. ყუყასებრ შავი და გრძელი თმა კოჭებამდე სცემს. დედიშობილა დადის. ტყეებში ცხოვრობს, მეფე და პატრონია ამ ტყისა; ტყიდან გამოსულს უყვარს ინებივროს მთვარიან ღამეებში სადმე ანკარა წყაროს პირას, აქა ზის და იბანს თავის თითქოს მარმარილოსაგან გამონქანდაკებულ სხეულს, ხოლო ვერცხლის სავარცხლით გრძელ თმას ივარცხნის. მეგრელნი არაერთხელ დამტკბარან მისი ყურებით ასეთ წუთებში. მაგრამ ვაი იმ ცნობისმოყვარეს, ვისაც ტყის მეფე თვალს შეასწრებს ამ დროს! ცნობისმოყვარეს ხელად გააგიჟებს, მაგრამ ზოგჯერ შეიძლება საქმე მშვიდობიანადაც გათავდეს.

საქმე ის გახლავთ, რომ რამდენად ტყის მეფეს ეჯავრება ტლანქი და უხეში ალერსი ოჩოკოჩისა, იმდენად სასიამოვნოა მისთვის გულში ჩახუტება და ალერსი მამაკაცისა. ამ ნიადაგზე ხდება ხოლმე ყოველგვარი გაუგებრობა ტყის მეფესა და ადამიანს შორის, გაუგებრობა, რომელიც საბედისწეროდ თავდება, რადგან ტყის მეფე, ოჩოკოჩთან შედარებით, ადამიანთა უფრო ახლოს ცხოვრობს, შემთხვევებიც ამისა და ადამიანთა შორის შეტაკებისა უფრო ხშირია ხოლმე.

ჩვეულებრივ ტყის მეფე ხვდება ადამიანს ტყეში მიმავალ გზაზე, ბნელ ღამეში. პირველი ნიშანი ტყის მეფის გამოჩენისა არის მგზავრის მიერ ორიენტაციის დაკარგვა, ანუ მხარის ქცევა. მგზავრს გზა ვერ გაუგნია, იწყებს ტყეში უგზო-უკვლო ხეტიალს, თანდათან შეიპყრობს შიში უბედურების მოლოდინში. ბოლოს, მის წინაშე ერთბაშად გამოჩნდება ტყის მეფე, რომელიც ელვასებრ ანათებს ღამის წყვდიადს თავისი სხეულის შუქმფენარობით, თუ გზადაკარგული ახალგაზრდა კაცია და ისიც ლამაზი, ტყის მეფე დროებით თვს შეიკავებს თავისი ავი განზრახვები გამოაჩინოს. ცდილობს შემაცდენელი ტანის მიმოხვრა გამოიჩინოს, თავის მსხვერპლს ვნება აუღელვოს და ზევით იშვერს ორსავე ხელს გამართული თითებით: დამთანმხდი ჩემთან ცოლ-ქმრული კავშირი დაიჭირო იმდენ წელიწადს, რამდენი თითიც ორსავე ხელზედა მაქვს, ე. ი. 10 წელიწადსო. კაცმა ტყის მეფეს პასუხი სხეულის წევრების მოძრაობით უნდა გასცეს, ხმის ამოუღებლად, რადგან ტყის მეფესთნ დალაპარაკებას ჭკუაზე შეშლა მოჰყვება. ამიტომ მამაკაცმა ასეთ მომხიბვლელ წინადადებას პასუხად უნდა აჩვენოს მხოლოდ ერთი თითი და ამით გააგებინოს, რომ შენთან მხოლოდ ერთ წელიწადს ვიცხოვრებ ცოლ-ქმრული დაკავშირებითო. სულ უარის თქმას მოჰყვება ლამაზი არსების წყრომა, რაც გამოიხატება იმით, რომ მგზავრს ტყის მეფე უღმერთოდა სცემს და ჭკუაზეც შეშლის.

ტყის მეფე ერთ წელიწადს უკლებს და ათი თითის მაგიერ უჩვენებს ცხრას, მამაკაცმა ფეხი არ უნდა მოოუცვალოს. ტყის მეფე რომ დაატყობს ვერ შევაცდენო, თანდათან უკლებს და ჩამოდის ერთ წლამდე. ამგვარად, ტყის მეფე და მამაკაცი პირობას დასდებენ, რომ ერთმანეთთან ერთის წყლის განმავლობაში იცხოვრონ. თუ მამაკაცი ცოლიანია, ერთი წლის განმავლობაში ცოლთან ცოლ-ქმრულ კავშირზე ხელი უნდა აიღოს. აი ამაზე რას მოგვითხრობენ სამეგრელოში.

სამეგრელოს ერთ სოფელში, ერთი ახალგაზრდა კაცი, ახლად ჯვარდაწერილი, მისდა საუბედუროდ, შესცდა და ტყის მეფეს დაჰპირდა მასთან ერთი წლის განმავლობაში ცხოვრებას. ახალგზარდა ცოლი ძალზე დაღონდა, როცა დაინახა, რომ მისმა ქმარმა ერთბაშად ხელი აიღო მის სიყვარულზე. ძალიან ეცადა მოეალერსებინაჯ ქმრისათვის, მაგრამ ყვეალფერმა ამაოდ ჩაუარა. ახალგაზრდა კაცი დღითი-დღე დაღვრემილი ხდებოდა. თავისიანებს გაურბოდა. ცოლს ურჩიეს, ძალიან ადევნე თვალყური შენ ქმარსაო. ბოლოს, როგორც იყო, გაიგო ცოლმა, რაც ამბავი იყო მის თავს. ერთხელ თავის ქმარს ბეღელის თავზე ლამაზ ტყის მეფესთგან გულში ჩახუტებულს წაასწრო. თავის თავს დიდი ძალა დაატანა, რომ არ წამოეყვირნა სასოწარკვეთილებისგან, მაგრამ მაინც გადაწყვიტა შური ეძია თვის მოქიშპეზე. მოიტანა მაკრატელი, მიეპარა ტყის მეფეს და მისი საუცხოვო ნაწნავი თმისა, მიწას რომ სწვდებოდა, შიგ ძირში დააჭრა. ტყის მეფემ ამაზე ცეცხლი მოიკიდა, დასწყევლა საყვარელი, ჭკუაზე შეშალა და თვალის დახამხამებაზე გაუჩინარდა (353, 18).


ტყაშმაფას დახასიათება


ტყეში ცხოვრობს უწმინდური არსება, ტყაშმაფას სახელწოდებით. მამაკაცი თუ შეხვდა ტყეში, მასთან საუბარს მართავს, მაგრამ მამაკაცმა სიტყვით კი არა მიმიკით უნდა უთხრას თავისი სათქმელი. ტყაშმაფა მამაკაცს 10 თითს უჩვენებს, ეს ნიშნავს მასთან იცხოვროს მამაკაცმა ცოლ-ქმრული წესით 10 წელი. მამაკაცი ასეთ დიდ დროზე არ უნდა დაეთანხმოს. უარის ნიშნად თავი უნდა გააქნიოს. ტყაშმაფა თანდათან დაუკლებს წლებს. ბოლოს ნახევარ წელზე შეჩერდება. ამაზე უნდა დაეთანხმოს მამაკაცი, თორემ ტყაშმაფა შურს იძიებს მასზე, ჭკუიდან შეშლის. ნახევარი წლის შემდეგ ტყაშმაფა ათავისუფლებს მამაკაცს და ხდის მას ყოველივე ამქვეყნიური სიკეთის მფლობელად, პატრონად (353, 17).


ტყაშმაფას არ უნდა დაელაპარაკო


მეგრელების წარმოდგენით "ტყაშმაფა" - ტყის დედოფალი, ტყეებში ცხოვრობს და ნადირთა პატრონია. ტყაშმაფა ლამაზი ქალია, რომელსაც აქვს ორი გრძელი ოქროსფერი ნაწნავი. მონადირის ბედ-იღბალი მასზე იყო დამოკიდებული. თუ იგი მონადირეს წყალობდა, მონადირის ტყვია ნადირს არ აცდებოდა, თუ გინდ თოფი უკუღმა გაესროლა. ტყის დედოფალი ახალგაზრდა კაცს რომ შეხვდებოდა, თურმე, სახელს დაუძეხებდა, მაგრამ კაცს პასუხი არ უნდა გაეცა, თორემ ჭკუდან შეშლიდაო... მამაკაცის ოჯახს მფარველობას უწევდა ტყის დედოფალი, რომლის წყალობით ოჯახს მოელოდა ყოველივე სიკეთე, ბედნიერება და დოვლათიანობა. მაგრამ მამაკაცს ყველაფერი ეს საიდუმლოდ უნდა შეენახა და არავისთვის არ ეთქვა. წინააღმდეგ შემთხვევაში ტყის დედოფალი მას დასწყევლიდა და მის ოჯახსაც გააუბედურებდაო (358, 20).


ტყაშმაფა და მისი სატრფო


ტყაშმაფა მეგრელთა ტყის დედოფალი, მეტად ლამაზი ქალი, სირმის თმებით არის დაფარული. ტყაშმაფა სუფთა და ფაქიზია, ამიტომ მას ძულს მისი საქმროდ წარმოდგენილი ოჩოკოჩი და ახლოს არ იკარებს მას.

ტყაშმაფას უყვარს ჩვენებური ადამიანი და მასთან ინტიმურ კავშირში ყოფნა. ამიტომ ტყაშმაფა ცდილობს სადმე ტყეში თავი შეახვედროს ადამიანს და იგი სამუდამოდ ან რამდენიმე ხნით საყვარლად იყოლიოს.

ტყაშმაფა ცოლიან კაცს თავს არ შეახვედრებს, იგი უცოლო ახალგაზრდას ეძებს.

როცა ტყაშმაფა ახალგაზრდა ყმაწვილ კაცს შეხვდება, იგი ორივე ხელებს გაშლია, შემდეგ ხელებს გულზე დაიდებს. ეს იმას ნიშნავს, რომ სამუდამოდ ჩამეხუტე და სამუდამოდ ჩემი იყავიო. მაგრამ ჭაბუკს არ სურს ასე. მაშინ, უარის ნიშნად, თავი უნდა გააქნიოს, თუ სიტყვით გასცა პასუხი, ჭაბუკი მაშინვე ჭკუიდან შეიშლება. ტყაშმაფა ცდილობს ნაწილობრივ დაიყოლიოს ჭაბუკი და ხელების თითებს უჩვენებს გაშლილად. ეს ნიშნავს, 10 წლით მაინც იყავი ჩემი საყვარელიო. ჭაბუკი უარის ნიშნად თავს გააქნევს. ტყაშმაფა ცალი ხელის 5 თითს უჩვენებს, ჭაბუკი ისევ უარზეა. შემდეგ 4-3-2-1 თითს უჩვენებს, რაც ნიშნავს 4, წლით, 3 წლით, 2 წლით, და, აჰა, ერთი წლით მაინც იყავი ჩემიო. ჭაბუკი ისევ უარობს. ტყაშმაფა ბრაზდება და ჭაბუკს უჩვენებს ცალი თითის ნახევარს. ეს ნიშნავს, ნახევარ წელს მაინც იყავი ჩემიო. ჭაბუკმა თუ ამაზეც უარი უთხრა, ტყაშმაფა მას ჭკუიდან შეშლის და სამუდამოდ დასწყევლის. ჭაბუკი იძულებულია ნახევარი წელი დაეთანხმოს მას.

ტყაშმაფა იწყებს ამ ჭაბუკთან ცხოვრებას. უნიშნავს ერთ მუდმივ ადგილს პაემანისთვის. ჭაბუკს ნება არა აქვს ვინმეს გაანდოს, რომ მას კავშირი აქვს ტყაშმაფასთან.

როცა ჭაბუკს მოცემული დრო გაუთავდება, ტყაშმაფა ეტყვის, - მოგცემ მხოლოდ ერთი რამის ბედს, სთქვი რისი ბედი გინდაო. ჭაბუკი არჩევს ან ფულის, ან ნადირობის, ან ჯანმრთელობის ბედს. ტყაშმაფა აძლევს ამ ბედს და ერთმანეთს შორდებიან. ამის შემდეგ ჭაბუკს ნება აქვს ცოლი შეირთოს (359, 21).


ტყაშმაფა მკრთალად ანათებს


სამეგრელოში გავრცელებულია რწმენა ტყაშმაფაზე (ტყის დედოფალზე). ის წარმოდგენილია ლამაზ, მშვენიერ არსებად, გრძელი ჩამოშლილი თმებით, შიშველია, დადის მსუბუქად. დახეტიალობს ტყეებში. მის განკარგულებაშია ყველა სახის ნადირი. მას შეუძლია მონადირეს გაუგზავნოს (მიაკუთვნოს) ნადირი ან არ გაუგზავნოს და ხელცარიელი დატოვოს. მას ქმარი არა ჰყავს. როცა მამაკაცი შეხვდება, ცდილობს მასთან ინტიმური კავშირი დაამყაროს, სამაგიეროდ ჰპირდება წარმატებას ყველა საქმეში. განსაკუთრებით, მონადირეს ნადირობაში. ტყის დედოფალთან შეხვედრით გაბედნიერებულს უფლება არა აქვს ვისმეს გაუმჟღავნოს ეს საიდუმლოება. საიდუმლოს დამრღვევი მამაკაცი კარგავს პრივილეგიას და ზოგჯერ იმსახურებს ტყაშმაფას სასტიკ შურისძიებას.

ტყაშმაფა ღამით მკრთალად ანათებს, ამიტომ ჩანს იგი თეთრად. ასეთი სახით ნახულობენ, თითქოს, ქალებიც მას სოფლის ახლოს. გადმოცემით, ბევრი ქალი შეშლილა ჭკუიდან ამგვარი შეხვედრის შედეგად, ან დამუნჯებულა დიდი ხნის განმავლობაში (359, 22).


ბურდღუ და ტყაშმაფა


იყო ერთი 45 წლის კაცი, სახელად ბურდღუ. მას მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არ ჰქონდა. დაეხეტებოდა ტყეში მხეცივით, ეწეოდა ქურდობას და ამით ირჩენდა თავს.

ერთხელ ბურდღუმ ტყეში ძახილი გაიგონა, ვიღაცა ეძახოდა, მაგრამ ადამიანის ხმას არ ჰგავდა. მის წინ ტყაშმაფა გამოჩნდა. გაქცევა დააპირა, მაგრამ ცხენი ადგილიდან არ დაიძრა. ბურდღუს წინ იდგა თოვლივით ქათქათა ქალი, თეთრ ტანსაცმელში, თმა კოჭებამდე სცემდა, სახე მზესავით განათებული ჰქონდა. ტყაშმაფამ ბურდღუს ათი თითი აჩვენა, ეს იმას ნიშნავდა ათ წელს იცხოვრე ჩემთანო. ბურდღ დაეთანხმა. დაიწყეს ერთად ცხოვრება. ეს საიდუმლო ბურდღუს არავისთვის არ უნდა ეთქვა, თორემ ტყაშმაფა ჭკუიდან შეშლიდა. ბურდღუს ქურდობაში ხელი მოემართა. ერთი ამხანაგისგან გაიგო, რომ ვიღაც გლეხს ჰყოლია გასაოცარი ძროხა, რომელსაც სახლიდან გარეთ არ უშვებდნენ. ბურდღუ ღმით მივიდა ამ ძროხის მოსაპარავად. იმ ღამეს ძროხის პატრონს ქალიშვილი შეეძინა, მოფრინდა სამი მტრედი და ბედი დაანათლეს ახალდაბადებულს: ძალიან ლამაზი გაიზარდოს და ცოლად წაყვეს იმ კაცს, რომელიც აქ დგას და ჩვენ გვისმენსო. ბურდღუმ იფიქრა, ეხლა ორმოცდაათი წლისა ვარ და ეს რომ გაიზრდება, როგორ შეიძლება მე მას ქმრად გამოვადგეო. ძროხის მაგივრად ბავშვი მოიპარა, გამოჭრა მუცელი და ტყეში გადააგდო.

ტყაშმაფასთან დათქმული დრო გავიდა. ტყაშმაფამ ბურდღუ დიდად დაასაჩუქრა, გაამდიდრა და გამოუშვა. ბურდღუმ მიატოვა ქურდობა და პატიოსანი ცხოვრება დაიწყო. შეირთო ახალგაზრდა და ლამაზი ცოლი. ცოლს ერთხელ მუცელი ასტკივდა, ბურდღუმ ნახა, რომ მუცელზე ღრმა ნაჭრილობევი ჰქონდა. ბურდღუს გაუკვირდა ეს ამბავი, ეს ქალი მის მიერ ტყეში გადაგდებული ბავში აღმოჩნდა (353, 16).


ტყაშმაფა და რაჟდენი


ცხოვრობდნენ ბაბუა და ბებია. ყავდათ ერთი შვილიშვილი. იგი ჩქარა დავაჟკაცდა. ძალიან ლამაზი გახდა. ერთხელ ბაბუა მოვიდა სახლში და უთხრა შვილიშვილს, რაჟდენს:

- ეხლა მე წავალ ყანაში; ცოტა ხნის შემდეგ შენც წამოდი. ოღონდ კი ჩემი დარიგება შეასრულე, თორემ სასტიკად დაისჯები. ეს დარიგება შემდეგია: გზაზე შეგხვდება წყეული - "ტყის ქალი". ის ძალიან ლამაზია და არ შეგაცდინოს, იცოდე, თუ შეცდი - უსათუოდ დაისჯები. რაც არ უნდა გითხრას, ხმა არ გასცეო.

ბაბუამ ისადილა. ადგა და წავიდა ყანაში. ცოტა ხნის შემდეგ რაჟდენიც გაჰყვა. გზაზე მას მართლა შეხვდა ტყის ქალი.

- გამარჯობა შენიო! - უთხრა ტყის ქალმა ღიმილით.

რაჟდენმა ხმა არ გასცა და მარტო თავი დაუქნია.

- როგორ ხარ? - ჰკითხა ტყის ქალმა ისევ ღიმილით. რაჟდენმა პასუხი არ გასცა.

- რა იყო, რა დაგიშავე, პასუხს რომ არ მაძლევო? - ჰკითხა ტყის ქალმა. რაჟენმა ხმა არ გასცა და წასვლა დააპირა. ტყის ქალი წინ გადაეღობა.

- მოიცა ცოტა ხანს. მითხარი: საით მიდიხარ, რა საქმეზე? - ტკბილი ხმითა და ღიმილით ჰკითხა ტყის ქალმა. თავისი კუპრივით შავი თმა აიღო თეთრი ხელებით და გადააფარა რაჟდენს. მერე მოეხვია, აკოცა და უთხრა:

- რატომ არ მელაპარაკები? განა შენი ღირსი არა ვარ? განა მე იმისთანა ლამაზი არა ვარ, რომ შენი ცოლი გავხდე? - რაზედ არ მელაპარაკები?

რაჟდენმა პასუხი არ გასცა ...

ა, შენ, მგონი, არ მკადრულობ მე! ძალიან კარგი! - თქვა ტყის ქალმა და ყმაწვილს ხელი გაუშვა ...

რაჟდენმა ერთი ამოისუნთქა და წასვლა დააპირა. ტყის ქალი ისევ წინ გადაეღობა.

- სად მიდიხარ? ცოტა ხანს მოიცა! დაავლო ხელი რაჟდენს, აკოცა ოთხჯერ და უთხრა: - იცხოვრე ჩემთან! ნუ გეშინია, არავინ არ დაგვინახავს: ჩემი რბილი თმა დაგვიფარავს, სინათლე ყოველთვის გვექნება: ჩემი თეთრი კბილები გაგვანათბს; სიცივეს არასოდეს შეიტყობ: ჩმი განიერი მკერდი გაგათბობს. თანახმა ხარ? რაჟდენმა უარის ნიშნად თავი გააქანა. ტყის ქალმა გაუშვა ხელები რაჟდენს და წავიდა ტყეში, რაჟდენი კი ყანაში.

დაღამდა. დაბრუნდნე ყანიდან ბაბუა და რაჟდენი. ივახშმეს, რაჟდენი წავიდა თავის ოთახში და დაწვა დასაძინებლად. უცბად რაღაცამ სრიალი დაიწყო ქვეშაგებში. ხედავს მარჯვენა და მარცხენა მხარისკენ გველია.

მთელ ღამეს რაჟდენი ნამდვილ ჯოჯოხეთში იყო. გათენდა. რაჟდენმა პირი გააღო. ერთი გველი, რომელიც მარჯვენა მხარეს ეწვა, პირში შეუძვრა. რაჟდენმა ეს ვერ გაიგო. მეორე გველი კი დაიკარგა. ადგა რაჟდენი, დაიბანა პირი და დაიწყო გინება.

- რა ამბავიაო?! - კვირობდნენ ბაბუა და ბებია.

რა დაემართა ჩვენს რაჟდენსო? ...

რაჟდენი დილითვე ტყეში წავიდა. იქ საღამომდის დარჩა. საღამოს დაბრუნდა შინ, ივახშმა და წავიდა თავის ოთახში დასაძინებლად ლანძღვა-გინებით. ლოგინში რაჟდენს დაესივნენ თეთრი მატლები... ჯოჯოხეთური ღამე იყო რაჟდენისთვის ეს ღამეც. გათენდა. მატლები დაიკარგნენ. ადგა რაჟდენი ლანძღვა-გინებით, დაბანა პირი, ჭამა საჭმელი და წავიდა უდაბურ ტყეში. ერთ თხრილთან რომ მივიდა, იქიდან სისინით ამოვიდა გველი და კისერზე შემოეხვია. ეს ის გველი იყო, რომელიც პირველ ღამეს რაჟდენის მარცხენა მხარეს რომ იწვა. გველმა რაჟდენი მიიყვანა ერთ დიდებულ სასახლეში, შემდეგ სასახლის ერთ მორთულს ოთახში შეიყვანა. ამ ოთახში იდგა ძვირფასი ტახტი, რომელზედაც იჯდა ტყის ქალი.

- ! ბოლოს ხომ მოხვედი ჩემთან, - წამოიძახა ტყის ქალმა: - კარგია, გველო, მოშორდიო...

რაჟდენი თითქოს გონს მოვიდა.

- ეხლა შენ ჩემი ხარ, ვერსად წამიხვალ, - თქვა ტყის ქალმა: - თანახმა ხარ, რომ გახდე ჩემი საყვარელი, ან ქმარი, როგორც თვანთან ლაპარაკობენ ხოლმეო.

რაჟდენმა პასუხი არ გასცა.

- რაზედ არ მელაპარაკები? - ნუ გეშინია, თქვი, შენ არ დაისჯები.

- კარგიო, თქვა რაჟდენმა.

ბაბუამ და ბბიამ ორ-სამ დღეს უცადეს რაჟდენს, მაგრამ ის არ ჩანდა. ადგა ბაბუა და წავიდა რაჟდენის საძებნელად. ბევრი იარა, თუ ცოტა, მივიდა ერთ ტყესთან. შევიდა ტყეში, - დაინახა დიდი თხრილი. თხრილის იქით იყო პატარა მინდორი. მინდორზე ქალის პერაგნს მოჰკრა თვალი. პერანგის შუა ადგილას რძით სავსე ბოთლი იდგა.

ე, ნამდვილად აქ უნდა იყოს, პერანგის ქვეშო.

- რაჟდენი! რაჟდენიო! - ხმამაღლა დაიძახა ბაბუამ. ბოთლი წაიქცა, ქალის პერანგი შეინძრა და ტყის ქალი გამოჩნდა. მიწაზე კაცის პერანგიც იდო. ისიც შეინძრა და წამოდგა რაჟდენიც.

რა იყო? - დაიძახა რაჟდენმა.

- წავიდეთ სახლშიო, - უთხრა ბაბუამ.

- არა, მე არ წამოვალ, - გამეცალე და მოეორეჯერ არ მოხვიდა აქო, - არა, მე არ წავალო, - დაიჟინა ბაბუამ.

- მე შნ გეუბნები: წადიო, - ეხლა ტყის ქალმა უბრძანა.

- არა, არ წავალო, ჯინიანობდა ბაბუა.

- თუკი არ წახვალ, დაგახრჩობ! ... დაიძახა ტყის ქალმა, გადაიკისკისა და სწრაფად გაჩნდა ბაბუასთან, ჩააგდო წყლით სავსე ღრმა თხრილში. დაიხრჩო საწყალი მოხუცი.

იმავე ღამეს რაჟდენი ბებიასა და ბაბუას სასიმინდეში რაღაცა სინათლე გამოჩნდა. ბებია მივიდა სასიმინდესთან და, ცოტა არ იყოს, შეშინდა. მაგრამ მერე გაქანდა, შევიდა სახლში, აიღო დანა და ისევ სასიმინდისთან გაჩნდა. დაინახა მშვენიერი გრძელი, შავი თმა, რომელიც მიწამდის სწვდებოდა. ეს თმა ეკუთვნოდა ტყის ქალს. ტყის ქალი და რაჟდენი სასიმინდეში იყვნენ. დღესავით ანათებდა ტყის ქალის თეთრი კბილები. ბებიამ მოჭრა ტყის ქალის თმა და წაიღო სახლში. აადუღა მაშინათვე წყალი და თმა ქვაბში ჩააგდო. ქვაბი აივსო ვერცხლის მანეთიანებით. ამოიღო ქვაბიდან თმა, მერე - ფულები. შემდეგ ისევ ჩადო თმა ცხელ წყალში და ისევ ბევრი ფული ამოიღო. ფულები ზანდუკში შეინახა. ასე იმეორებდა, მანამ, სანამ ფულებით არ აივსო ყველაფერი. გათენდა. ადგა ტყის ქალი. თავი რაღაც მსუბუქად იგრძნო. გადაისვა ხელი თმაზე... გააღვიძა მაშინათვე რაჟდენი და ჰკითხა:

- ვინ მომჭრა თმაო?

- მე მოგჭერიო! - ღიმილით უთხრა რაჟდენმა.

შენ?

- მე! - თქვა რაჟდენმა.

- მაშ თუ ასე,ა - შენ გექნება ძაღლზედ უარესი სიცოცხლე! იტანჯე, შენი მორჩენა შეუძლებელი იქნება!... თქვა ტყის ქალმა და სწრაფად ჩამოვიდა სასიმინდედან. მოისმა რაჟდენის ხარხარი... რაჟდენი ჭკუაზე შეიშალა. ტყის ქალი შევიდა სახლში, მონახა თავისი თმა, აიღო და წყევლა-კრულვით ტყეში გადაიკარგა.

მართლაც, რაჟდენს, ამის შემდეგ, ძაღლის სიცოცხლე ჰქონდა... (355, 19).




ტყაშმაფას სავარცხელი


იყო ერთი კაცი, მას უყვარდა ნადირობა. ქვეყანა ტყით იყო დაფარული და ნადირიც ბევრი იყო. ცარიელი იშვიათად ბრუნდებოდა შინ. ბოლო დროს ეს მონადირე, ყოველდღე, უთენია მიდიოდა სანადიროდ, მაგრამ უკან დაბრუნებულს ნანადირევი აღარ მოჰქონდა.

მთის ძირას ღრმა ხევი იყო. ხევში ანკარა წყალი მოედინებოდა. აქ, თურმე, ყოველ დილით ჩამოდის ქალი, რომელსაც კოჭებამდე თმა აქვს და იბანს თავს. დაივარცხნის, დაიწნავს და სავარცხელს კი დიდი ლოდის ქვეშ შეინახავს, თვითონ გაჰქრება. კაცს ძალიან მოეწონა ქალი, მაგრამ ვერასგზით ვერ დაუახლოვდა. ქალი, როგორც კი თვალს მოჰკრავდა მას, გაუჩინარდებოდა. ერთხელ კაცმა მოხერხებული ადგილი მონახა და დაიმალა. ჩამოვიდა ტყაშმაფა, გაშალა ნაწნავები და თავის ბანას შეუდგა. მიეპარა მონადირე, წაავლო თმას ხელი, დაიხვია, ამოიღო მაკრატელი და მოჭრა დაუპირა. ქალი შეეხვეწა: თმას ნუ მომჭრი და რასაც მეტყვი შეგისრულებო. კაცმა სახლში წმოსვლა უბრძანა. წამოჰყვა. ტყაშმაფა ოჯახს შეეჩვია, საოჯახო საქმეებიც ისწავლა, მაგრამ ერთი ჩვეულება ვერ მიატოვა, ყოველდღე თუ არა, კვირაში ორჯერ მაინც, წავიდოდა იმ ხევში, თავს დაიბანდა, დაივარცხნიდა და წამოვიდოდა. სავარცხელს ისევ ლოდის ქვეშ დამალავდა. მისთვის სულ ერთი იყო წვიმა იქნებოდა, თოვლი, ყინვა თუ ქარიშხალი. ქმარი ეხვეწებოდა სახლში, თბილი წყლით დაიბანეო, მაგრამ ვერაფერს გახდა.

კაცმა გადაწყვიტა სავარცხლის მოპარვა. იმ დროს, როდესაც ქალი სახლში არ იყო, წავიდა ეს კაცი, გამოიტანა ლოდიდან სავარცხელი და წამოიღო. თავის დასაბანად მოსულმა ტყაშმაფამ სავარცხელი რომ ვერ ნახა, საშინელი კივილი მორთო, მთელი ხევი გადააბრუნა. შემდეგ მოვიდა სახლში, მოუყარა შვილებს თვი, ერთი მამას მიუგდო, მეორე თავისთან დაიტოვა, მესამეს დააბიჯა ფეხი, შუაზე გახლიჩა. ნახევარი მამას მიუგდო, ნახევარი თვითონ მოიგდო ზურგზე, მობრუნდა, დასწყევლა: "არც ამოწყდი და არც მოშენდიო" და ტყეს მისცა თავი.

ამბობენ იმ მონადრისი გვარი მართლაც არ წყდება და არც მრავლდება. ტყაშმაფას დაწყევლილს ეძახიან (306, 23).


ოგურგენჯის ტყაშმაფები


სოფ. ბომბოთში არის ერთი ხევი, სახელად "ოგურგენჯს" ეძახიან. ეს ხევი საკმაოდ დიდი და ტყიანია. უწინ დაბურული და შეუვალი იყო, თურმე, ოგურგენჯი; ხალხი ახლოს არ ეკარებოდა, რადგან იქ ბუდობდა ოჩოკოჩი და ტყაშმაფა.

ერთ საღამოს ოგურგენჯში ატყდა საშინელი ღრიალი და კივილი. დაიქცა მთელი ოგურგენჯი. ხალხი სახლებში ჩაიკეტა, ვერავინ ბედავდა გარეთ გამოსვლას. ატეხეს ძაღლებმა ყეფა და ყმუილი. თურმე, ტაბაკონის (მთის სახელია) ტყაშმაფას შვილი მოკვდომია და შეატყობინეს ოგურგენჯის ოჩოკოჩებსა და ტყაშმაფებს. ამიტომ კიოდნენ, თურმე, ოგურგენჯში (360, 24).


ტყაშმაფა, ჯახუ და ოჩოკოჩი


ერთხელ ჯახუ წავიდა ტყეში, წაიღო ორი ფუთი თაფლი, ორი ფუთი ღვინო. ტყეში დაანთო ძლიერი ცეცხლი და დაიწყო ჩიჩილაკის თლა, ჩიჩილაკის ნათალში ჩაეფლო ჯახუ, მარტო თავი უჩანდა.

უცბად ჯახუმ ნახა, რომ მისკენ მოდის უზარმაზარი ტახი, თურმე ტყაშმაფა მოდენიდა უთვალავ ტყის ღორებს. ტყაშმაფამ დიდ კერატს დაუძახა: - უკან გამობრუნდიო. სამჯერ გაუმეორა, მაგრამ არ გამობრუნდა. ტყაშმაფამ ბოლოს უთხრა: - ჯახუს ულუფა ყოფილიყავიო.

ჯახუმ ესროლა თოფი და ეს დიდი კურატი მოჰკლა. ამ დროს ოჩოკოჩმა დაიძახა და წამოვიდა ჯახუსთან საბრძლოველად. ცოლმა (ტყაშმაფამ) დაუშალა, ნუ მიდიხარ, ჯახუ მარცხიანიაო. ოჩოკოჩი ჯახუსთან მივიდა და გამარჯობა უთხრა, მაგრამ ჯახუმ სამაგიეროდ არაფერი უპასუხა. ოჩოკოჩმა უთხრა: ჩიჩილაკის ნათალი მეც მომეციო, ტანზე მინდა შემოვიყაროვო. მისცა, ოჩოკოჩმა ტანზე შემოიხვია ბურბუშელა. ეხლა ღვინო დამალევინეო, თითით ანიშნა: - დალიეო. დათვრა ოჩოკოჩი, როცა ადგა, ბურბუშელას ცეცხლი წაეკიდა, ცეცხლმოკიდებული ოჩოკოჩი ხრამში გადაეშვა. ცოლმა მიაძახა: მე არ გითხარი, ჯახუ მარცხიანია მეთქი?! (361, 25).


ზვავის მსხვერპლნი


ტყაშმაფა ნადირების მეფე ყოფილა. მას ებარა ირემი, ჯიხვი, არჩვი, შველი. მონადირეები ბევრ ნადირს არ დახოცავდნენ, ეშინოდათ, დაბრუნებისას დავმარცხდებითო.

მუხურიდან წავიდა სამი მონადირე. ზედმეტი ნადირი დაეხოცათ. დაბრუნებულებს გზაში ზვავმა მოუსწრო და სამივე დაიტანა.


ტყაშმაფას თმებზე ნაცარი შეაყარეს


ერთ მუხურელ მონადირეს ინტიმური კავშირი ჰქონია ტყაშმაფასთან. ვისაც ტყაშმაფასთან კავშირი ჰქონდა, ყველა არანორმალური ხდებოდა. ტყაშმაფა ცოლიან ან ქალთან ნაცხოვრებ კაცთან საქმეს არ დაიჭერდა. მისი საყვარელი წმინდა უნდა ყოფილიყო. მონადირის ამბავი მშობლებმა გაიგეს. ბეღლის თავზე, დილით, დედამ მოუსწრო ჩაძინებულ ტყაშმაფასა და თავის შვილს. მონადირის დედამ ნაცარი შეაყარა თმაზე ტყაშმაფას. ნაცარი მკბენარებს უჩენს, მისი მოშორება არ შეიძლება. ამიტომ ტყაშმაფამ მონადირე მიატოვა.

გამიგონია, რომ ტყაშმაფას თმებს თუ რძეში გაბანდნე, იგი წყევლის გარეშე დატოვებდა საყვარელს.

ოჩოკოჩი სადაც ცხოვრობდა, იქ ტყაშმაფა ვერ იცხოვრებდა. გაურბოდა მას. თუ ოჩოკოჩი ძალით დაიმორჩილებდა ტყაშმაფას, მასთან ურთიერთობის შმდეგ იგი კვდებოდა (361, 26).


ტყაშმაფას მკვლელს ხელი გაუხმა


ცხოვრობდა ერთი კაცი გიორგი. ერთხელ, მთვარიან ღამით, მოდიოდა შინ. მაშინ გაუვალი ტყეები იყო, მოსახლეობა - ცოტა. უცებ ტყიდან ქალი გამოსრიალდა, აედევნა გიორგის და დაუძახა: გიორგი მომიცადე, გიორგი მომიცადეო. გიორგი მიხვდა, რომ მას ტყაშმაფა აედევნა და ხმა არ გასცა, ნაბიჯს აუჩქარა. ტყაშმაფა არ მოეშვა, უკივის: ჩემთან წამოდი, გიორგი, ჩემთან წამოდი, გიორგიო. შეიბნენ გიორგი და ტყაშამფა. ხედავს გიორგი, რომ ძალა ელევა, ამოიღო ხანჯალი და მუცელში გაურჭო, ტყაშმაფამ ხელი უშვა, დავარდა ძირს და საშინელი კივილი მორთო: - გიორგიმ მომკლა, გიორგიმ მომკლაო. გიორგის უკან არ მოუხედია, სირბილით წამოსულა. ამ დროს ტყეში ამტყდარა საშინელი ღრიალი და კივილი, მთლი ტყე დაინგრა, თურმე.

გიორგის ცალი ხელი გახმობია, ის ხელი, რომლითაც ხანჯალი ჩასცა ტყაშმაფას (362, 27).


მახუტელა და ტყაშმაფა


მახუტელა მეორედ წავიდა სანადიროდ ლუგელაში. ღამით დაანთო ცეცხლი. ამ დროს კივილ-კივილით მოიჭრა მასთან ტყაშმაფა ბავშვით ხელში და უთხრა: - მახუტელა, ოჩოკოჩი მომდევს, შემიკედლე და აგაშენებ, რაც გინდა ყველაფერს აგისრულებო. მახუტელას შორიდან ესმოდა ტყეში ხეების ლაწალუწი, ოჩოკოჩი მოამტვრევდა ტყეს. მახუტელამ ტყაშმაფას ხმარ არ გასცა. მაშინ ტყაშმაფამ უთხრა: "ეს ბავშვი მაინც წაიყვანეო". მახუტელამ ზურგი შეაქცია ტყაშმაფას. ტყაშმაფა კივილ-კივილით წავიდა. მეორე დღეს მახუტელას ენახა ტყეში ტყაშმაფა და მისი ბავშვი მკვდარი. თუ ოჩოკოჩი ინტიმურ კავშირს დაამყარებდა ტყაშმაფასთან, მაშინ ტყაშმაფა კვდებოდა (სწორედ ასე მომხდარა იმ ღამეს) (362, 28).


ქაქუჩელა და ტყაშმაფა


ნაკიფუში (სოფლის სახელია) ცხოვრობდა ორი ძმა - ჯურუმია და ქაქუჩელა. ერთხელ ქაქუჩელა წასულა ლეაფშილეს ღელეში სანადიროდ. ასულა მსხლის ხეზე და იქიდან უთვალთვალებდა ნადირს. ხედავს, რომ მისკენ დაიძრა ირმების ჯოგი. ჯოგს წინ მოუძღვის ხარირემი. ხარირემი დაწინაურდა, მოიჭრა ქაქუჩელასთან. რას ხედავს ქაქუჩელა? ხარირემის რქაზე ზის მზეთუნახავი ქალი - ტყაშმაფა.

- გამარჯობა ქაქუჩელა, - მიაძახა ტყაშმაფამ. ქაქუჩელა, ერთად ვიცხოვროთ და აგაშენებ, გაგამდიდრებო. ქაქუჩელამ ხმა არ გასცა, თუ ხმას გასცემდა ჭკუიდან შეიშლებოდა. ტყაშმაფამ უთხრა: შენ შენი თოფის იმედი ნუ გაქვს, იგი არ გავარდება. კიდევ ევედრა ტყაშმაფა ქაქუჩელას, ჩემთან იცხოვრეო, მაგრამ ქაქუჩელა ხმას არ იღებდა. გაბრაზდა ტყაშმაფა, დასწყევლა: "ჯიუტი ყოფილხარ, კაცი ბევრი გამრავლდით, მაგრამ ყველა სულელი ყოფილიყოსო") (362, 29).


ტყაშმაფა და მონადირის ცოლი


ერთ მონადირეს ნადირობაში იღბალი ჰქონდა. ცოლი დაინტერესდა, როგორ ხოცავდა ქმარი ამდენ ნადირს. ბევრი ეხვეწა ქმარს, მაგრამ ვერაფერი ათქმევინა.

ერთ საღამოს მონადირის მეუღლემ ნახა, რომ მისი ქმარი და ტყაშმაფა სასიმინდეში იწვნენ. ტყაშმაფას თმები ჩამოშლოდა და მიწაზე ეფინა. ტასია (მონადირის ცოლი) ამ დროს ძროხას წველიდა. მოიტანა ერთი ვედრო რძე და ტყაშმაფას ჩამოშლილი თმები დაბანა. ტყაშმაფამ რომ გაიღვიძა, მაქსიმეს (მონადირეს) უთხრა: წადი, თავისუფლება მომინიჭებიაო, შენი ნასროლი ტყვია ნადირს არ აცდენოდესო და გაქრა. ამის შემდეგ მონადირე განთავისუფლდა ტყაშმაფას მოვალეობისგან და ნადირსაც ბევრს ხოცავდა.

მონადირე ტყაშმაფას სიყვარულს თუ არ მიიღებს, მაშინ ტყაშმაფა მას დააჩაჩანაკებს და მერე მოკლავს. მონადირე ვალდებულია გარკვეული ვადით იცხოვროს მასთან (363, 31).


ტყაშმაფა ჩხვერის მთაზე


ჩხვერის მთა შავი ტყით ყოფილა დაფარული. ამ მთაზე ჩემს დედმამას საყანე ადგილი ჰქონდათ. ერთ დღეს ტერე მამიდა, ყანის სანახავად წავიდა, რადგან დათვები ანადგურებდნენ სიმინდს. ჩვენი ყანა დიდი ხრამის პირას იყო. როცა მამიდა ყანას ათვალიერებდა, ხრამიდან ძახილი შემოესმა - ტერე, მოდი ჩემთანო, ტერე მოდი ჩემთანო! მამიდა მიხვდა თუ რაში იყო საქმე, შემობრუნებულა და დაუნახავს ტყაშმაფა, რომელიც ხრამის ნაპირზე იდგა და ხელს უქნევდა. მამიდა შეშინებულა და სირბილით გაქცეულა სახლისკენ (363, 32).


ტყაშმაფების ხევში ჩამოსვლა


მე სოფელ ჟიშკიდან ვარ. ჩვენი სახლი იდგა მთის ძირას, ახლოს ეკრა დიდი ტყე. მთას გასდევდა ღრმა ხევი, ხევის გამოღმა ჩვენ ვსახლობდით, გაღმა კი სხვა მეზობლები. ჩემი ბაბუა და ბებია იტყოდნენ ხოლმე: ერთხელ, თურმე, ზაფხულის ღამეში, აივანზე იწვნენ და ეძინათ. საშინელმა ხმაურმა გამოაღვიძა ბაბუაჩემი, მიაყურა: - ხეობაში ერთი ამბავია, ჩხუბი, წივილ-კივილი და ზოგჯერ სიცილი. ბაბუა მიმხვდარა, რომ ტყაშმაფები იყვნენ ჩამოსულები და ერთ ამბავში იყვნენ. ბაბუა გაჩუმებულა, არ განძრეულა, რადგან ეშინოდა ბებიას არ გაღვიძებოდა და არ შეშინებოდა. ხმაური გაგრძელდა, ეხლა ბებიასაც გამოღვიძებია და - არ გესმის, კაცო, რა ამბავიაო? რამ დაგაძინა ასეო. - არ მძინავს, მესმის, მესმის, ის წყეულებია ჩამოსულებიო. ხმაური დიდხანს გაგრძელებულა. შემდეგ აყვნენ თურმე ხეობას ზევით და მთის გადაღმა შეწყდა მათი ხმა (364, 33).


ტყაშმაფა ღომის ყანაში


ჩემს დედ-მამას ღომის ყანა ჰქონდათ მთაზე. ღომის თავთავი როცა მოიწია, ერთ ადგილზე დაახვავეს და ზემოდან თხმელის ხის ტოტები დააფარეს... წამოსაღებად ურემი წაიყვანეს... მივიდნენ და ურმის დატვირთვას შეუდგნენ. მთას შუაზე დიდი ხრამი ჰყოფდა. ხრამის ახლოს იყო ჩვენი ყანა. უცბად ხრამიდან ქალის ძახილი შემოესმათ: - პავლე, კიდევ დააყარე, პავლე, კიდევ დააყარეო (პავლე ერქვა ჩემს მამას). მობრუნდნენ და ნახეს ტყაშმაფა, რომელსაც გრძელი ნაწნავები კოჭებამდე სწვდებოდა. ჩემი დედა შეშინებულა, მამას უთქვია, ხმა არ ამოიღოვო და გაუგრძელებიათ მუშაობა. ტყაშმაფა მიდიოდა და იძახოდა: - პავლე, დატვირთე, პავლე დატვირთეო! ჩემს დედ-მამას ხმა არ გაუციათ, დაუმთავრებიათ ურმის დატვირთვა და წამოსულან შინ (364, 34).


ლაზარე და ტყაშმაფა


ლაზარე ბიძიას ნადირობა უყვარდა, დღეს ისე არ გაუშვებდა, რომ სანადიროდ არ წასულიყო და რამე არ მოეკლა. ერთ დღეს ბიძია ჩვეულებრივ წასულა მთაში სანადიროდ... საღამო ხანი ყოფილა, ხედავს ბიძია რომ ბუჩქებში კურდღელი ზის. ჩამოუღია თოფი მხრიდან და კურდღლისთვის დაუმიზნებია. ის იყო უნდა ესროლა, რომ ტყიდან გამოსულა ქალი, რომელსაც თმები ჩამოშლილი ჰქონდა და ივარცხნიდა. ლაზარეს შიშისგან სხეული გაუშეშდა თურმე... შემდეგ თოფი უსვრია და უკან გამოქცეულა ისე, რომ არც კი შეუხედავს რა მოუვიდა კურდღელს. ტყაშმაფა კი ლაზარეს მისძახოდა: - ლაზარე, კიდევ ისროლე, ლაზარე, კიდევ ისროლეო.

მეორე დღეს დაინტერესებულა ბიძია, თუ რა მოუვიდა კურდღელს. წასულა და იქვე, ბუჩქის ძირას, უნახავს მოკლული კურდღელი (364, 35).


თეთრი ტყაშმაფა


ტყაშმაფა თეთრია... თეთრი კაბა აცვია, თეთრი დარაია ახურავს, გრძელი თმა აქვს, რომელიც მიზაზე მისთრევს, თუ კაცს კარგი თვალით შეხედავს, მას ყველაფრის ხვავი და ბარაქა ექნება. დადის ღამით, ბევრი კაცის ეშინია. ერთ კაცს რომ დაინახავს, თავს გამოყოფს, შეეცდება ჭკუიდან შეშალოს. რასაც გეტყვის იმაზე პასუხი არ უნდა გასცე. უნდა მიეპარო ტყაშმაფას და თმა, ცოტათი რძით უნდა მოუბანო. მერე არ ავნებს კაცს (365, 36).


ტყაშმაფა და შავი ძროხის რძე


იყო ერთი ცოლ-ქმარი. ქმარი თურმე ტყაშმაფასთან დადიოდა. ცოლი დაინტერესდა თუ სად მიდიოდა ქმარი ღამ-ღამობით. ერთხელ კითხა: სად დადიხარო, მაგრამ ქმარს არ შეეძლო ეთქვა საიდუმლო. მაშინ ცოლმა ქმრის ახალუხს მიამაგრა კოჭის ძაფი. ღამით, როცა ქმარი წავიდა, ცოლი გაჰყვა ამ კოჭის ძაფს და მივიდა ერთ ხესთან. ხის ძირში დაინახა თმა, ზევით რომ აიხედა, ნახა თავისი ქმარი და ტყაშმაფა. ხმა არ ამოუღია ისე მობრუნდა უკან და ეს ამბავი უთხრა ერთ მოხუც ქალს. ამ ქალმა უთხრა, რომ შავი ძროხის რძით დაესველებინა ტყასმაფას თმა, რომელიც მიწას ეხებოდა და ის შენს ქმართს თვითონ დაანებებს თავსო. მართლაც ასე მოიქცა ეს ქალი და ქმარი დაიბრუნა (365, 37).


ტყაშმაფა და ასმანცხვარის მთა


ერთხელ ასხის მთაზე ავრეკეთ საქონელი. მწყემსებს თან გვახლდა 18 წლის ბიჭი. საღამოხანს ვთხოვეთ ამ ბიჭს გამოერეკა 2-3 თხა, რომლებიც შორს წასულიყვნენ. გავიდა კარგა ხანი, მაგრამ ბიჭი არ გამოჩნდა, ვუძახეთ: "ლადი", "ლადი", მაგრამ არსაიდან ხმა არ ისმოდა. ვეძებეთ დიდხანს, მაგრამ მის კვალს ვერ მივაგენით. თხები იქვე ვნახეთ. ვეძებეთ ორი დღე.

მესამე დღეს თვითონ გამოჩნდა. ტანსაცმელ შემოხეული და თმაგაწეწილი ძლივს მოდიოდა. საჭმელი შევთავაზეთ, იუარა და დაწვა. ერთ კვირას მკვდარივით ეძინა.

ორი წლის შემდეგ თვითონ მოგვიყვა: თხები იქვე მთის ძირას ვნახე, ჩავედი და ის იყო გამოვდევნე, წინ გადამიდგა თმაგაშლილი ქალი, - "სად მიერეკები ამ თხებსო", მითხრა, ჩამავლო მკლავში ხელი და ასმანცხვარის მთისკენ წამიყვანა.

ორი წელი ასე გაგრძელდა. ორი წლის შემდეგ დაუბრუნდა ეს ბიჭი ჩვეულებრივ ცხოვრებას.

ყველა ამას ამბობდა სოფელში, ტყაშმაფასთან ცხოვრობდა ამ ორი წლის განმავლობაშიო (365, 38).




ტყაშმაფა (ტყის დედოფალი)

ტყაშმაფას (ტყის დედოფლის) ამბავი მე მახსოვს ჩემი მამის ნათქვამიდან. ეს ამბავი ასეთი ყოფილა.

ტყაშმაფას ყავდა ქუთუს. ეს ამბავი ყველას ცოდნია. წყლის დედა ვისთანაც საქმეს დაიჭერდა, იმ კაცს თმას მოგლეჯდა და ინახავდა. სანამ ამ თმას პატრონს არ დაუბრუნებდა, ის კაცი წყლის დედისგან თავისუფალი არ იყო.

ქუთუმ უთხრა წყლის დედას: - "გამიშვი, თმა დამიბრუნეო". წყლის დედამ უთხრა: - "სამჯერ თუ გამეცინება, გაგანთავისუფლებო".

ერთ დღეს ქუთუ წყლის დედას ბაზარში წაყვა. ბაზარში ნახეს, რომ ერთი კაცი ხახვს ყიდის, მეორე კი - ნიორს. ნიორის გამყიდველმა ხახვის გამყიდველს უთხრა: - "ერთი კილო ხახვი მომეცი, მეკი ერთ კილო ნიორსა და ერთ კილო ხახვის ფულს მოგცემო".

მისცა ამ კაცმა ნიორი და, წყლის დედამ ეს რომ ნახა, გაიცინა. ქუთუმ უთხრა: - "რა გაცინებსო". წყლის დედამ უპასუხა: - "სახლში გეტყვიო". მიდიან, მიდიან და მიადგნენ ერთ მეწაღეს. აქ ნახეს, რომ ერთი კაცი მივიდა მეწაღესტან და უთხრა: "ისეთი ჩექმა შემიკერე, სამ წელს გამიძლოსო". ეს რომ გაიგონა წყლის დედამ, გაიცინა. ქუთუმ უთხრა: - "რამ გაგაცინაო". – "სახლში გეტყვიო", - უთხრა მან.

სახლში რომ მოვიდნენ, ქუთუმ უთხრა: "რა იყო, რამ გაგაცინაო". წყლის დედამ უპასუხა: - "კიდევ ერთი გაცინება მაკლიაო". მე არ მახსოვს ის მესამე გაცინება რასთან იყო დაკავშირებული. წყლის დედამ რაღაცაზე მესამეჯერ გაიცინა.

წყლის დედამ უთხრა: - პირველად იმიტომ გავიცინე, რომ თორმეტი ავადმყოფობის მომრჩენი ნიორი, თორმეტი ავადმყოფობის ამტეხ ხახვზე გაცვალა და თან ფულიც დაამატაო, მეორედ, მეწაღეს რომ უთხრა კაცმა, სამ წელს გამიძლოს ისეთი ჩექმა შემიკერეო, იმ კაცმა რა იცოდა, რომ სამი დღის შემდეგ მოკვდებოდაო. ამაზე გამეცინაო.

ქუთუს წყლის დედამ თმა დაუბრუნა და თვითონ წავიდა (357, 41).


ტყაშმაფა კენჭებს ისვრის


მთქმელს სწამს ტყაშმაფას არსებობა, მისი რწმენით, ტყაშმაფა იყო ქალი, გრძელი, ოქროსფერი თმებით.

ერთხელ იგი, თურმე, ტყეში მოდიოდა. უცებ ვიღაცამ მის წინ კენჭი დააგდო. მივიხედ-მოვიხედე და ვერავინ დავინახეო. ცოტა რომ გავიარე ისევ გადმოაგდო ვიღაცამ კენჭი. მივიხედე და ... სულიერი არ ჩანდა. მაშინ ვიფიქრე, ეს, ალბათ, ტყაშმაფას იონებია და გაჩუმება ვამჯობინე, რადგან ვიცოდი ენას თუ გამოსტყუებდა ვინმეს, მერე ერთი წელი მასთან უნდა ეცხოვრა. განვაგრძე გზა და ისევ დავარდა ჩემს წინ კენჭი, ვიღაცამ დაიძახა: ლაპარაკი არ იცი? ხმა ამოიღეო.

წყალზე რომ გავედი, სახელი დამიძახა. თან დაუმატა: მე ტყეში ვცხოვრობ და ლაპარაკი ვიცი, შენ რა მოგივიდა ხმას რომ არ იღებო? მე კი არა შენ ყოფილხარ ტყეში მცხოვრებიო.

ამასობაში სახლსაც მივუახლოვდი, უკვე არაფრი სშიში არ მქონდა, ძაღლებს დავუძახე: არიქა, თქვე გასაწყვეტლებო, ამას გამოუდექით და მომაშორეთო. ძაღლები გამოეკიდნენ ტყის ქალს და სადღაც გორაზე აიყვანესო (368, 42).


ტყაშმაფას თმა


... თურმე ტყის ქალს გადმოუყრია ნაწნავები კლდიდან... ერთხელ, როდესაც ტყაშმაფა კლდეზე იჯდა და თმები ძირს ჰქონდა გადმოყრილი, გადმოშვებული, ერთ ჩვენს მეზობლის ქალს დაუნახავს ეს თმა, დაინტერესებულა და ხელი მოუკიდია... მაშინვე ჭკუიდან შეშლილა... თუ ვინმე ხელს მოკიდებდა ტყაშმაფას თმებს, გაგიჟდებოდა, ასე გაგიჯდა ის ქალი, ცოტახანს დადიოდა გაგიჟებული და მერე მოკვდა (368, 43).


ტყაშმაფა, ქუჩუია და ოჩოკოჩი


მთქმელი ასე გადმოგვცემს ქუჩუ სხულუხიას მონათხრობს.

ერთხელ რაჩხის მთიდან მოვერეკებოდით საქონელს. საშინელი სეტყვა და გრგვინვა ატყდა. წყაროს მხრიდან ქალის კივილი შემომესმა. მე თან მქონდა კაჟის თოფი და მახლდა მეზობელი ხუხუ. ამოვეფარეთ ერთ ხელს და დაუდარაჯდით. უცბად ჩვენს წინ გაირბინა ქალმა და თქვა:

- "ქუჩუია, უკან კაცი მომდევს და იმას თოფი ესროლეო".

დავინახე, რომ ამ ქალს მოსდევდა გინებითა და ლანძღვით ოჩოკოჩი, რომელსაც, როგორც კი მომიახლოვდა, თოფი ვესროლე.

- ა ა, ქუჩუ, - თოფი შენ მესროლეო?! მე მას მაინც გავსცემ საკადრის პასუხსო.

ცოტა ხნის შემდეგ გზა გავაგრძელეთ, მაგრამ საქონელი გაჩერდა და ადგილიდან ვერ დავძარით. წავედით წინ მედა ხუხუ და წიფლის ხის ძირას ვნახეთ დაგდებული, თმაგაშლილი ქალი. ხუხუს ვთხოვე მოეტანა უხმარი ქოთანი. იქვე ახლოს ვნახე შავი თხა, ჩამოვწველე და ამ რძით იმ ქალის თმები დავბანე. შემდეგ კი ხუხუს ვთხოვე, ჯოგში მოენახა შავი ძროხა და მისი რძე მოეტანა. ძროხის რძითაც რომ ჩამოვბანეთ თმა, ქალი წამოჯდა.

- "ქუჩუია და ხუხუია, საითაც წახვიდეთ ყველგან წარმატება მოგცემოდეთ, თქვენი ნასროლი ტყვია ნადირს არასოდეს დასცდენოდეს და საქონელი არასოდეს დაგკლებოდეთო", - ეს თქვა და დაიკარგა (366, 39).


ბოშინია გილართა და ტყაშმაფა


დიდი ხნის წინათ ის ადგილი, სადაც ახლა ჩვენ ვცხოვრობთ (მუხური - შეშელეთი - რეფი), უფრო ვრცელი, ფართო და მუხის ტყით დაფარული ყოფილა. ერისწყლის გამოღმა ყოფილა განსაკუთრებული მუხები. დღესაც მუხურ-შეშელეთის საზღვართან გდია უზარმაზარი ხის ნამორი, რომელსაც 19 მეტრის სიგრძეზე არსად ეტყობა ნატოტარი. ამ ნამორის ძირი რას წარმოადგენდა არავინ იცის.

აღნიშნული მუხნარი სანადიროდ და სამეთვალყურეოდ მიკუთვნილი ჰქონდა ბოშინია გილართას. იგი ყოფილა საზრიანი და უშიშარი მონადირე.

ერთხელ ბოშინია თავის განკუთვნილ ტყეში სანადიროდ წასულა. გზაში ტყაშმაფა შეხვედრია. ტყაშმაფას თვისებები, მისი ყოფა-ქცევა კარგად ცოდნია ბოშინიას. ტყაშმაფა იმასვე აკეთებს, რასაც ჩვეულებრივი კაცი, ბაძავს მას.

ბოშინია და ტყაშმაფა ცეცხლის მოპირდაპირე მხარეს დაჯდნენ. რასაც ბოშინია აკეთებს, ტყაშმაფაც იმასვე აკეთებს. ბოშინიამ მუცელზე ხელი მოიკიდა, იმანაც მოიკიდა, ბოშინიამ თავზე ხელი დაიდო, იმანაც ასე გააკეთა. ბოშინიამ დაიწყო ჯოხების თლა ისე, რომ ნათალი (ბურბუშელები) ზედვე შეატოვა. ბევრი მობურბუშებული ჯოხი დათალა და ნახევარი ტყაშმაფას გადააწოდა. ბოშინიამ ბურბუშელიანი ჯოხი ცეცხლზე გადაატარა, ტყაშმაფამაც ასე გააკეთა. ორივეს ჯოხს ცეცხლი მოეკიდა. ბოშინიამ ცეცხლმოდებული ჯოხი მკერდთან მიიტანა. ტყაშმაფამაც ასე გააკეთა და ცეცხლი გაუჩნდა. დაიწყო ყვირილი - "მუშენ დობჭვი, ბოშინია, მუშენ დობჭვი, ბოშინია" (რატომ დამწვი, ბოშინიაო). ამ დროს ქუხილი გაისმა და სიჩუმე ჩამოვარდა, ტყაშმაფა გაქრა. ბოშინიას ზეციდან ჩამოსძახეს: - ქუხილის შეწყვეტა თუ გინდა ერთი ტყვია გვესროლეო (ბოშინიას ერთი ტყვიის მეტი არ ჰქონდა). იფიქრა ეს ტყვია მათი სახელობის ყოფილა და დავადევნებო. დაუმიზნებლად ჰაერში ისროლა ბოშინიამ და ქუხილიც შეწყდა.

გაშტერებული ბოშინია შვლის მწვადის შეწვას შეუდგა (მისი ნანადირევი იყო). შუა ჭამის დროს, ზემოდან (ზეციდან) ჩამოსძახეს: "ბოშინია, ბოშინია, შენს სახელს იმტომ ვიძახით, რომ ამ მხარეში განთქმული მონადირე ხარ, შენმა ტყიამ სასურველი რამ გაგვიკეთა, შენი სახელით, შენს ნათესავებს, მეგობრებს ვუგზავნით ნანადირევის ნაწილს, შენ კი მთლიან ბეჭს. ვისაც მისწვდები, ერთი ლუკმაც რომ იყოს, მიეცი, უთხარი, რომ ტანსაცმელზე მიიკერონ, ყოველთვის წარმატება და გამარჯვება გექნებათ ყველა საქმეშიო, აწი თქვენ იცით!

თქმულებით, ზემოდან რომ იძახოდნენ, ხალხის კეთილისმსურველი ანგელოზები იყვნენ.

ამის შემდეგ ამ ადგილს, სადაც ბოშინია დადიოდა სანადიროდ, დაერქვა "ბოშინია გილართა" (ბოშინიას სასიარულო) (366-3367, 40).


ტყის ქალი და ტყის კაცი


ტყეში საცალფეხო გზა იყო, ამ ადგილას მხოლოდ ცხენი გაივლიდა. ბებიაჩემი იტყოდა: ერთხელ, ქალის კივილი შემომესმა და კაცის ღრიალიო. გავიხედე და დავინახე, რომ ტყის ქალს, რომელიც თეთრად იყო მორთული, თმები გაშლილი ჰქონდა და კივილით მორბოდა. ტყის ქალს მოსდევდა ტყის კაცი და ყვიროდა: ოხ, ოხ, ოხო! ტყის ქალი გარბოდა რაც ძალი და ღონე ჰქონდაო (369, 45).


ტყაშმაფა ლამაზ ბიჭებს დასდევს


ეკში (სოფელია ცხაკაიას (ახლანდელი სენაკი - რედ.) რაიონში) ძველად დიდი ტყე იყო. ამ ტყეში ცხოვრობდნენ: ჭინკები, ოჩოკოჩები და ტყაშმაფები.

ტყაშმაფა ლამაზი ქალია (ცირა). ტანზე თხელი თმა აქვს. თავის თმა ორივე ფეხის კოჭებამდე სცემს. ტყაშმაფა ქალებს არ ერჩის. მარტო ლამაზ ბიჭებს დასდევს. რამეს რომ გეტყვის, პასუხი არ უნდა გასცე. თითებით გაჩვენებს, თუ რამდენ წელს უნდა იყვე მისი ბრძანების ქვეშ. შენც თითებით უნდა უთხრა. სამი თითი - სამე თვეს ნიშნავს, შვიდი თითი - შვიდ თვეს და ა. შ.

ერთხელ ერთ კაცს შეხვედრია ეკის ტყეში ტყაშმაფა. ეს კაცი მოსწონებია ამ ტყაშმაფას და ლაპარაკი დაუწყნია. კაცს ვერ მოუთმენია და პასუხი გაუცია. ტყაშმაფას ჭკუიდან შეუშლია ის კაცი (370, 47).


ტყაშმაფას ძაღლების ეშინია


ტყაშმაფა მეც მინახავს, თეთრადაა მორთული, ციცინათელასავითაა, დასრიალებს, მე როცა ვნახე, ჭენჭრობზე მიმოდიოდა. წყალი უყვარს.

ტყაშმაფა კაცს ჭკუიდან შეშლის. ჩემი ბიძაშვილი ყავს შეშლილი. ტყეში მოდიოდა, თურმე, ტყაშმაფა დადევნებია და დაუძახია სახელი, მას ხმა არ გაუცია. სახლამდე მოჰყოლია. შეუშლია. ტყაშმაფას შეშლილი კაცი უბედურია. მერე არავის უჯერებს. მხოლოდ ტყაშმაფას ემორჩილება. ტყაშმაფამ უბედური წყევლა იცის.

ჩემი ბიძაშვილი ტარიელივით კაცი იყო. დაწყევლა და დაღუპა ამით. დაუწყევლია: კაცობა წაგრთმეოდესო. მერე ცოლი არ შეურთავს ისე გარდაიცვალა.

ტყაშმაფასთან ჩემი ბიძაშვილი ყოველთვის დადიოდა. აქითაც მოაკითხავდა, ხოლმე, მაგრამ ტყაშმაფას ძაღლების ეშინია. როგორც კი ყეფას გაიგებს, გაიქცევა. ტყაშმაფა რომ მოვიდოდა, დაუძახებდა ჩემს ბიძაშვილს. ბევრჯერ დაუდარაჯდნენ, მაგრამ ვერ მოიხელთეს. იმის დაჭერა ხომ არ შეიძლება არასგზით.

ტყაშმაფა სიკვდილამდე აწამებდა ჩემს ბიძაშვილს (371, 50).


ტყაშმაფა და აქვსენტის შეხვედრა


1916 წელს სოფ. ოჩხომურში მივდიოდი. იმავე დღეს საღამოს უკან უნდა დავბრუნებულიყავი. ცხენით მივდიოდი. იქითობისას გზაზე სკოლის ამხანაგი გოგოები შემხვდნენ. მინდორზე ცხენებს მწყემსავდნენ. აქითობას გამოგივლით მეთქი - დავუბარე. მათ შორის ერტი გოგო მომწონდა.

მე გვიანობამდე დავრჩი. აგვისტოს თვე იყო, მთვარიანი ღამე. როცა უკან დავბრუნდი და იმ ადგილას მოვედი, სადაც გოგოები დავტოვე, არავინ იყო. იმ მინდორის გვერდით ისლიანი ადგილი იყო. ისლიდან გამოვიდა თეთრად მორთული გოგო (მე ჩემი მოწონებული გოგო მეგონა), მაგრამ ცხენმა წრიალი დაიწყო, ფრუტუნებდა, მკერდს ასკდებოდა, წამოვიდა, ეს გოგო, გვერდიდან შემომიარა, მზესვით თვალი მომჭრა და ტყისკენ წავიდა. მე ცხენით გამოვეკიდე. გოგო საშუალო ტანის იყო, თეთრი, სამი მაჯის სისხო თმა ფეხის კოჭებამდე წვდებოდა. გულში გავიფიქრე ტყაშმაფა არ იყოს მეთქი და შემეშინდა.

რომ გამოვბრუნდი, ისიც გამობრუნდა, დამიძახა: - აქვსენტი, აქვსენტი, დამიცადეო. ცხენმა იხუა. გამოვქანდით სახლისკენ. უკან მომსდევდა სოფლის შესასვლელამდე. ძაღლების ყეფა რომ გაიგო, - გაიქცა.

მე სახლში მოსულვარ, ჭიშკარი დაკეტილი ყოფილა. ცხენს რობე გაურღვევია და ეზოში შევუყვანივარ. მე არაფერი მახსოვდა. მიმხვდარან რომ შეშინებული ვიყავი. გონს რომ მოვედი, ყველაფერი ვუამბე, რაც გადამხდა. ტყაშმაფა ყოფილაო - მითხრეს (371-372, 51).


ტყაშმაფა უჩინარი იყო


ტყაშმაფა ცხოვრობდა უღრან ტყეში. დღისით ის უჩინარი იყო. მას სძულდა ადამიანის შვილი, საერთოდ, ადამიანებთან მტრულ განწყობილებაში იყო და ყოველთვის ბოროტებას უკეთებდა. ღამით ტყიდან გამოდიოდა. სახლის მახლობლად ადამიანებთან დადიოდა, ადამიანი კი მას ვერ ხედავდა, რადგან ის უჩინარი იყო.

ოჩოკოჩს შეეძლო სახლში შემოსულიყო ღამე და ძილის დროს ადამიანი დაეხრჩო. ბავშვები იმდენად შეშინებულები ვიყავით რომ ღამე ვცახცახებდით, გვიფრთხებოდა ძილი, რათა ძილში არ დავეხრჩვეთ ოჩოკოჩს. ღამე ბავშვებს არამც თუ გარეთ, თუ სანთელი არ ენთო, ოთახიდან ოთახში გასვლაც კი გვეშინოდა. ამდენად საზიანო იყო ხალხისთის ოჩოკოჩისადმი რწმენის გავლენა (372, 52).


ფილუ გულუა და ტყაშმაფა


ტყაშმაფასგან ნეკნებჩამტვრეული ფილუ გულუა როცა მორჩენილა, კასიანე კვარაცხელიასთვის უამბნია თავისი თავგადასავალი: - უცოლო კაცი ვიყავი, სიმინდის ყანას ვამუშავებდი აფხაზეთში ამხანაგებთან ერთადო. ერთხელ ღამით, მინდვრად, ხის ქვეშ გვეძინა. შუაღამეს ჩემთან მოვიდა მშვენიერი ქალი და ტყეში წამიყვანა. იქ დიდად ვისიამოვნეთ და მეორე დღეს ყოველივე ეს ამხანაგებს ვუამბე, როგორც სიზმარი. ისევ მოვიდა ეს ქალი და საიდუმლოდ წამიყვანა ტყეში. ვიცხოვრეთ ერთად. მერე მითხრა, ეს ამბავი არავის არ უთხრაო. ფილუს პირობა მიუცია, რომ 10 წელი იცხოვრებდა მასთან. ხუთი წლის გასვლის შემდეგ, ფილუს ცოლი მოუყვანია. ამაზე განაწყენებულმა ტყაშმაფამ რამდენჯერმე გალახა ფილუ. იმ საღამოსაც ტყაშმაფამ გალახა, თურმე.

ცოლი რომ მოვიყვანე, მეორე ღამესვე წამომაყენაო ლოგინიდან. მინდორზე გამიყვანა და მკლავზე ხელი რომ მომაჭირა, კინაღამ მომტეხაო.

ერთხელ ვანო კვარაცხელიას სახლის ახლოს ტყეში მივდიოდი ცხენითო. შემომხვდა ეს ტყაშმაფა, მითხრა: თეთრ მთაზე ვიყავი და შენს გასალახად ჩამოვედიო. ეხლაც გაულახია ფილუ ტყაშმაფას.

ერთხელ ფილუ და თვით კასიანე კვარაცხელია ნოთეზე (ღამით სათევზაოდ) წასულან. სასროლი ბადე და ჭვირთები წაუღიათ (მორე დღეს ბაიაობა ყოფილა). ბევრი თევზი დაუჭერიათ. უკან დაბრუნებულებს ხიდზე უნდა გაევლოთ. ხიდის თავთან დაუნახავთ თეთრად გამოწყობილი ქალი, რომელსაც მხოლოდ ცხვირი უჩანდა, თურმე. სახლში მისულ ფილუს კასიანესთვის უთქვამს: "ის იყო, ის ურჯულო, სულწაწყმედილი, ტყაშმაფა, მთელი ღამე მდინარის პირას შორი-შორ დაგვდევდა-დაგვტანტალებდაო". ფილუმ ვერ გაუძლო თუმრე ამდენ ცემას და მოკვდა. მისი რძალი დღესაც იტყვის: "იმ სულჩაძაღლებულმა მოკლაო, ჩემი მამა".

ჩამწერის შეკითხვაზე: - "მართალია ყველაფერი ესო?" მთქმელს კასიანე კვარაცხელიას უთქვამს: "ილორში დავიფიცავ, შვილსა და შვილიშვილს, რომ ყველაფერი ეს მართალიაო" (374, 56).

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню