განმარტებანი - ხიბლის, ანუ დემონთა მზაკვარების შესახებ 2 - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

სწავლანი > განმარტებანი

ხიბლის, ანუ დემონთა მზაკვარების შესახებ

უწმინდურნი სულნი

"დე განაღოს უფალმა თქვენი გულის თვალები, რათა იხილოთ, რაოდენ მრავალრიცხოვანნი არიან დემონთა მზაკვარებანი და რაოდენ ბოროტებას გვაყენებენ ისინი ყოველდღე, - და, დე მოგანიჭოთ უფალმა გულის სიმხნევე და სულის სიბრძნე, რათა შეგეძლოთ ღმერთს მიუძღვნათ საკუთარი თავი, ყოველჟამ უფრთხოდეთ დემონთა შურსა და ბოროტ რჩევებს, მათ ფარულ მზაკვარებას და მიმალულ ბოროტებას, მათ მომატყუებელ სიცრუეს და ბილწ აზრებს, ფაქიზ შთაგონებებს, რომლებსაც ყოველდღე ნერგავენ ისინი ჩვენს გულებში..." (ანტონი დიდი. სათნოთმოყვარება).

"უპირველესად ყოვლისა ის უნდა ვიცოდეთ, რომ დემონები - ბოროტი სულები - თავდაპირველად იმ სახით არ არიან შექმნილნი ღმერთის მიერ, რა სახისთვისაც იწოდებიან კიდეც ბოროტ სულებად, რადგანაც შემოქმედს არაფერი ბოროტი არ დაუბადია. ეშმაკნიც კეთილ სულებად და ნათლის ანგელოზებად არიან შექმნილნი, მაგრამ შემდეგში ამპარტავნებით აღივსნენ, მოშორდნენ ზეციურ სიბრძნეს და დაეცნენ - ამქვეყნად გარდამოხდნენ, სადაც მათ მოჩვენებებით აცთუნეს ბერძნები; ხოლო რადგანაც შურთ ჩვენი - ქრისტეს მოსავი ადამიანებისა, დემონები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა ხელი შეგვიშალონ ჩვენ ზეცისკენ მისწრაფებაში, იქ ამაღლებაში, საიდანაც თვით ისინი დამდაბლებულან. ამიტომ აუცილებელია ბევრი ვილოცოთ კიდეც და ბევრიც ვიშრომოთ, რათა სულიწმიდის მიერ სულიერი განსჯის უნარი მოგვემადლოს, ანუ "განკითხვაი სულთაი", როგორც პავლე მოციქული ამბობს (1კორ. 12,10), და ამ უნარით აღჭურვილებმა შევიძლოთ გამორკვევა, თუ ბოროტ სულთაგან რომელია აღმატებული ბოროტებაში და რომელი - ნაკლებ სასტიკი, ანუ ვის რა საქმე და მოვალეობა აკისრია დემონთა შორის. თუ ამას გამოვარკვევთ, მაშინ გვეცოდინება, როგორ უნდა ვებრძოლოთ ხოლმე მათ, რა გზით დავამხოთ და რა ღონისძიებით განვდევნოთ ჩვენგან თითოეული ბოროტ სულთაგან, რომელნიც კი თავს დგვესხმიან, რადგანაც მათ მრავალი მზაკვარება აქვთ მომზადებული ჩვენს დასაღუპად, და ასევე მრავალრიცხოვანია სახეობანიც მათი ცილისმწამებლობისა და დამბეზღებლობისა. ნეტარმა მოციქულმა პავლემ და მისმა მოწაფეებმა კარგად უწყოდნენ ყოველივე ეს, როცა ამბობდნენ: "არა გონებასა მისსა (ანუ წინააღდგომისა - ეშმაკისა) უმეცარ ვართო" (2 კორ. 2,11). ჩვენ კი რა სახითაც ვიქმნებით გამოცდილი ბოროტ სულთაგან, იმ სახითა და გამოცდილებით უნდა დავმოძღვროთ ერთურთი, რათა მომავლისათვის გავფრთხილდეთ და ფხიზლად ვიყოთ. ამიტომაც, აჰა, მეც, რაკი თავადაც არაერთგზის გამომიცდია დემონთა მზაკვარება და საცთურის წინაშეც ხშირად ვმდგარვარ, როგორც შვილებს გეტყვით მათთვის და გაგაფრთხილებთ" (სწავლანი ქრისტესმიერი ცხოვრებისათვის, ჩვენი წმიდა მამის ანტონი დიდისა).

შინაარსი


3. უწმინდურ სულთა მრავალსახოვნება და მათი ზემოქმედების მრავალგვარობა


ამბა სერენეს სწავლებით (იოანე კასიანეს გასაუბრება პირველი. თ. 32): "უწმინდურ სულებს, უეჭველად იმდენივე საქმე აქვთ, რამდენიც ადამიანებს. ზოგიერთი მათგანი (რომელთაც უბრალო ხალხი ფავნებსა და ტყის ღმერთებსაც უწოდებს) მაცთური და ხუმარაა, მუდმივად უპყრია რომელიმე ცნობილი ადგილი ან ბილიკი, არ ერთობიან გვერდით ჩამავალთა ტანჯვით, რომელთა შეპყრობა შეუძლიათ თავიანთ ბადეებში, არამედ მხოლოდ კაცთა დაცინვასა და გამოჯავრებას ჯერდებიან, ცდილობენ უფრო შეაშფოთონ ისინი, ვიდრე ავნონ; მაგრამ არიან ისეთბიც, რომლებიც მოჩვენებათა სახით საშინელებებს მოუვლენენ ადამიანს; ზოგიერთი კი იმდენად ავი და მძვინვარეა, რომ არ ჯერდება იმათი სხეულების ტანჯვას, ვისშიაც შედის, არამედ ჩქარობს თავს დაესხას შორს მიმავალთაც და მოსწყლას ისინი სასტიკი დარტყმებით, როგორც არის ეს აღწერილი სახარებაში (იხ. მათე 8:28). მათი შიშით ადამიანები თავს არიდებდნენ იმ გზებს, სადაც ისინი ბინადრობდნენ. ამგვარი დემონები თავიანთი დაუოკებელი მძვინვარებით თავს ოდენ ომებითა და სისხლისღვრებით ინუგეშებენ".

ზოგიერთი, შეიპყრობს რა ამპარტავნებით მავანთა გულებს, შთააგონებს მათ მედიდურობასა და სიდიადეს, ან კიდევ დამცირებულად აგრძნობინებენ თავს სხვათა წინაშე; ხან აქეზებენ პოპულარობისკენ, რადგან აძლევენ აზრს, თითქოსდა ღირსნი იყონ საყოველთაო ყურადღების; ან აჩვენებენ, რომ თაყვანისცემით პატივს მიაგებენ უზენაეს ხელისუფალთ, ან კიდევ სხვა მოქმედებებისკენ აქეზებენ, რადგან შთააგონებენ იმოქმედონ მედიდურობით ან დამცირებით.

ზოგიერთი ადამიანს შთააგონებს არა მარტო სიცრუეს, არამედ მკრეხელობასაც. ჩვენ მოწმენი ვართ ამგვარი საქმეების. მაგალითად, გვსმენია, როგორც აღიარა ერთმა დემონმა, რომ მან არიოზისა და ევნომეს მეშვეობით წარმოშვა მკრეხელური სწავლებანი. გარდა ამისა მეფეთა 3-ე წიგნში ვკითხულობთ, როგორ მეტყველებს ერთ-ერთი ამგვარი სულთაგანი და ამბობს: "გავალ და სიცრუის სულად ვიქცევი ყველა მისი წინასწარმეტყველის ბაგეში" (შეად. 3 მეფ. 22:22; 2 პარ. 18:21). მოციქული, ამხელს რა სიცრუის სულთა მიერ ცთუნებულთ, მათ შესახებ ბრძანებს: "ხოლო სული ცხადად მეტყველებს, რომ უკანასკნელ ჟამს რწმენისაგან განდგებიან ზოგიერთნი და შეუდგებიან მაცდურ სულთა და დემონთა მოძღვრებას ცრუმეტყველთა თვალთმაქცობით, რომელთაც დადაღეს თავიანთი სინიდისი" (1 ტიმ. 4:1-2). სახარება მოწმობს, რომ არიან სხვა კატეგორიის, კერძოდ ყრუ-მუნჯობის დემონნიც (იხ. ლუკა 11:14; მარკ. 9:25). წინასწარმეტყველი ასევე ბრძანებს, რომ ზოგიერთი სული ადამიანში ახურვებს ვნებისა და გემოთმოყვარების ვნებებს და ამბობს: "აჰა, სულმან სიძვისამან შეაცთუნა და იმრუშეს ღმრთისაგან მათისა" (ოსია 4:12).



წმიდა წერილი გვასწავლის, რომ არიან ასევე შუადღისა და სიბნელის ეშმაკნი (იხ. ფსალმ. 90:6). მათ შორის განსხვავებაზე რომ გვემსჯელა საკმაოდ ხანგრძლივად და დეტალურად მოგვიწევდა წმიდა წერილის შესაბამის ადგილთა განხილვა, სადაც ზოგი წინასწარმეტყველი მათ ხან "სირინოზებსა და ეშმაკებს" (ეს. 13: 21-22) უწოდებს, ხან "ვირკენტავროსსა" და "ოჩოკოჩს" (ეს. 34:11-14), ხან "ასპიდსა და ვასილისკოსს", ხან კიდევ "ლომსა და ვეშაპს" (იხ. ფსალმ. 90:13); ზოგი "გველთა და მორიელთ" (ლუკა 10:19), ზოგი "ამას სოფლის თავადს" (იოანე 14:30), ზოგი კი "მთავრობათა და ხელმწიფებათ, ამ ბნელი საწუთროს მპყრობელთა და ცისქვეშეთის უკეთურ სულებს" უწოდებს (იხ. ეფეს. 6:12).

ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს სახელწოდებანი მათ შემთხვევით და უმიზნოდ როდი მიეცათ, არამედ იმ მხეცთა და ქვეწარმავალთა თვისებების გამო, რომლებიც ჩვენთვის მეტ-ნაკლებად მავნენი და საშიშნი არიან".

ესენი არიან მზაკვარი სულები, რომლებიც საუკუნეთა განმავლობაში დაიხვეწნენ ბოროტებაში; იციან როგორ და საიდან მოუარონ ადამიანს, რომელი მხრიდან დაესხნენ თავს და ვინ როგორ მოსწყლან; იციან როგორ შემოგვთავაზონ ბოროტი სიკეთის სახით, როგორ დაჰფარონ შხამი თაფლით და ვითომცდა მავნეობის მომიზეზებით სიკეთეს განგვაშორონ; ხშირად ჩვენი მოჩვენებითი სიკეთითაც გვებრძვიან და ამპარტავნებაში გვაგდებენ.

ბოროტი სულები ჩვენს საქმეებში უფრო ქმედით მონაწილეობას იღებენ, ვიდრე ეს გვგონია. ნაბიჯს ვერ გადავდგამთ ისე, ისინი რომ არ გვებლარდნებოდნენ, და მარადის ცდილობენ რომელიმე ადამიანის გამოჭერას და გამასხარავებას ღმრთის წინაშე. ამიტომაც ბრძანებს უფალი ასე დაჟინებით: "ყველას ვეუბნები: იფხიზლეთ" (მარკ. 13:37).

ცისქვეშეთის უხორცოთა ძალთა სამყარო - ეს არის ბნელეთის ბინადართა სამკვიდრო, ანუ მათი, ვინც კაცობრივი ყოფიერების დრამის სიუჟეტში იმთავითვე იყვნენ ჩართულნი. მათი მნიშვნელოვანი როლის გარეშე კაცობრიობის ისტორია არ იქნებოდა ის, რაც ახლა არის. აქ ვხედავთ იმ ბოროტ სულს, ღმრთის მოძულეს, რომელმაც მოატყუა ევა სამოთხეში; და იმასაც, ვინც კაენი აღძრა საკუთარ ძმის აბელის მოსაკლავად; და კვლავაც, ვინც წააქეზა ლამექი (იხ. დაბ. 4:23-24) მიებაძა კაენისთვის და მასზე უარესი გამხდარიყო (იხ. დაბ. 4:19-24).

აქ არიან ყველა სხვა ბოროტნი სულნი, რომლებმაც განაშორეს ღმერთს ადამიანები და მათ ღმრთისადმი დაუმორჩილებლობის აზრი ჩაუნერგეს; ისინი არიან წარღვნის პირველმიზეზნი; ღმერთმა დაუშვა ეს ყოველივე, რათა ამოეწყვიტა შემცოდე კაცობრიობა და ნოესგან დაეწყო კაცთა ისტორიის ახალი თავი. აქვე არიან ის ღმრთისმბრძოლი სულები, რომლებმაც შთააგონეს ადამიანებს აეშენებინათ ბაბილონის გოდოლი, რათა ყველას ღმრთის ნების საწინააღმდეგოდ ეცხოვრა, რომელმაც აკურთხა ისინი და უთხრა: "ინაყოფიერეთ და იმრავლეთ, აავსეთ დედამიწა, დაეუფლეთ მას, ეპატრონეთ ზღვაში თევზს, ცაში ფრინველს, ყოველ ცხოველს, რაც კი დედამიწაზე დახოხავს" (დაბ. 1:28; 9:7).

აქვე არიან შურისა და სიძულვილის ბილწი სულები, რომლებიც შუღლს თესავენ მამათა და შვილთა შორის. მათ ასწავლეს ქამს დაეცინა საკუთარი მამის სიშიშვლისთვის, რის გამოც წყევლამ უწია მის ძეს ქანაანს და მის შთამომავლობას (იხ. დაბ. 9:20-27). აქვე არიან კერპთაყვანისმცემლობის, მკითხაობისა და ჯადოქრობის მდაბიური სულები, რომლებიც მთელს ქვეყნიერებას მოედვნენ, განსაკუთრებით კი ეგვიპტესა და ქანაანის მიწას, მზაკვარი სულები, რომლებიც ცდილობენ მრავალღმერთობა შთააგონონ ადამიანებს, რათა ბოლოს და ბოლოს არც ერთი ღმერთისადმი რწმენა არ შერჩეთ და უღმრთოდ დარჩენილნი სატანას ემსახურონ.

აქვეა ის სულიც, რომელმაც გამოსცადა მართალი იობი, მაგრამ იობმა იმარჯვა მასზე; აქვეა ის, ვინც შევიდა მეფე საულში და აამხედრა ის უდანაშაულო დავითის წინააღმდეგ (იხ. 2 მეფ. 2:4; 5:1-2) სანამ ბოლოს და ბოლოს თვით საული არ წარწყმიდა; აქვე არიან საკერპეთა მაცთური სულები, მოგვთა და ჯადოსანთა მომხიბლველნი, რომელთაც უსმენდნენ აქაბი და იეზაბელი (იხ. 1 მეფ. 31:4-10), რომლებიც ამხილა დიდმა და ქებულმა წინასწარმეტყველმა ილიამ და ამოჟლიტა ისინი (იხ. 3 მეფ. 16-22).

აქვე არიან ბოროტ სულთა ლეგიონები, რომლებიც ყოველგვარ ბოროტებას შთააგონებენ ადამიანთ, ამხედრებენ მათ ერთმანეთზე, ძმას ძმის წინააღმდეგ და ხალხს ხალხის წინააღმდეგ, რათა ამაოებას დაემორჩილონ კაცნი და ვნებებითა და ცოდვებით შებილწონ თავიანთი ზნეობა.

ერთის სიტყვით, თავიანთი ბილწი საშუალებებითა და მეთოდებით იომონ ღმრთისა და მისი სჯულის წინააღმდეგ. ცისქვეშეთის ყველა ამ ბილწ სულთა მეთაურმა, ჯოჯოხეთის ამ ჯოგის ბელადმა, თვით ღმრთის ძის შეცდენაც სცადა და ებრძოდა მას უდაბნოში ორმოცი დღე და ორმოცი ღამე. მაგრამ თვითონვე იქნა ძლეულიც, შერცხვენილიც და უკუგდებულიც ჩვენი უფლის იესუ ქრისტეს მიერ.

ამრიგად, როგორც ვხედავთ, არსებობს სხვადასხვა სახის ბოროტ სულთა მთელი არმადა, შესაბამისად, არსებობენ მათი შესატყვისნი ქმედებანი და საცთურნი. ამიტომაც, მოდი, მოკლედ განვიხილოთ ეს საკითხი ჩვენი უფლის წყალობითა და შეწევნით, რომელსაც ეკუთვნის დიდება და პატივი, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

გაგრძელება იქნება.

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню