განმარტებანი - ხარების საღვთისმეტყველო შინაარსი - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

სწავლანი > განმარტებანი

ხარების საღვთისმეტყველო შინაარსი

ხარების დღესასწაული

ხარება მჭიდრო კავშირშია სამყაროს შექმნის შემდგომ მომხდარ ყველაზე დიად მოვლენასთან - მაცხოვრის განკაცებასთან. იოანე მახარებელი უდიდეს ქრისტიანულ ჭეშმარიტებას გვამცნობს - "და სიტყვა ხორცად იქცა და დაემკვიდრა ჩვენ შორის" (იოანე 1:4). სწორედ ხარების მომენტში ხდება ძე ღვთისა ძე კაცისა. ესაა გონებამიუწვდომელი პარადოქსი: თავისი ღვთაებრივი ბუნების შეუცვლელად, ყოვლადწმიდა სამების მეორე პირმა - ძემ მთლიანად იტვირთა ჩვენი მდგომარეობა და თვით სიკვდილიც კი. განხორციელების, განკაცების შემდგომ იწყება ძის საკუთარი განგებულება, რომელიც ეერთვება მსოფლიო ისტორიაში.

ძე ღვთისა იმისთვის განკაცდა, რომ აღედგინა ადამიანის ღმერთტან შეერთების შესაძლებლობა, რაც ცოდვით დაცემით იყო დარღვეული. ამ შეერთებისთვის პირველი წინააღმდეგობა - ღვთაებრივ და კაცობრივ ბუნებათა განცალკევება - თვით განკაცების ფაქტით იქნა დაძლეული. ორი სხვა წინააღმდეგობა, რომელნიც დაცემული ადამიანის მდგომარეობასთანაა დაკავშირებული, ცოდვა და სიკვდილია. საქმე ქრისტესი იყო მათზე გამარჯვება, მათი გარდაუვალობის მიწიერი კოსმოსიდან განდევნა; მათი სრული მოსპობა კი არა - ეს მათ წარმომშობ თავისუფლებაზე ძალადობა იქნებოდა, არამედ ორივეს ღმერთისთვის დაქვემდებარება და ამით სიკვდილის უვნებელყოფა და ცოდვისგან განკურნების შესაძლებლობა.

ქრისტეს სიკვდილით აღმოიფხვრა კასცა და ღმერთს შორის არსებული ცოდვის უფსკრული; ხოლო მისი აღდგომით მოისპო სიკვდილის "ნესტარი". წმ. ირინეოს ლიონელის ცნობილი გამოთქმა: "ღმერთი გახდა კაცი, რათა კაცს შეძლებოდა ღმერთად გახდომა", რომელსაც წმ. ათანასე დიდიც გაიმეორებს, საერთო გახდება ყველა ეპოქის ღვთისმეტყველთათვის. ამ ფიზიკურ და მეტაფიზიკურ ხედვაში დაფარულია განკაცების - ადამიანური ბუნების მადლით გარდაქმნის - საიდუმლო. ის დაფარულია ადამიანის უკვე აღდგენილ ბუნებაში და სიკვდილის წყვდიადში შეჭრილ შუქში, რომელსაც განღმრთობისკენ მივყავართ.

პირველი კაცი, ადამი, შეიქმნა ცოცხალ "მშვინვად", ხოლო უკანასკნელი ადამი კი ცხოველმყოფელ სულად... პირველი კაცი მიწისგანაა, მიწიერი, მეორე კაცი - ზეციერი, როგორიც მიწიერი, ისეთივე მიწიერნიც, და როგორც ზეციერნი, ისეთნივე ზეციერნიც და როგორც ვატარეთ მიწიერის ხატი, ასევე ვატარებთ ზეციერის ხატსაც" (1 კორ. 15: 45, 47-49), - წერს პავლე მოციული.

ამრიგად, ქრისტე ზეციდან მოსული ახალი ადამია, მეორე და უკანასკნელი კაცი. ეს "ზეციური კაცი" არ არის დედამიწაზე მოვლენილი რაღაც სხვა ზეციური ადამიანობა, როგორც ამას გნოსტიკოსები ასწავლიდნენ. განკაცების საიდუმლო ღმერთკაცის საიდუმლოა, რომელმაც საკუთარ თვში ჭეშმარიტად შეიერთა ორი ბუნება, მიიღო რა, ყოვლადწმიდა ქალწულისგან ადამიანური ბუნება. სიტყვა, ძე ღვთისა - ყოვლადწმიდა სამების მეორე პირი - თავისი ქმნილებისგან, მარიამისგან ხარებისას გამოითხოვს თავისი ადამიანურობის საწყისს, საკუთარ კაცობრივ ბუნებას.

განკაცება სულიწმიდის მოქმედებით აღესრულება. ნიშნავს თუ არა ეს, რომ სულიწმიდა არის სიძე ქალწულისა (ამ მოსაზრებას მხარს უჭერს ზოგიერთი ღვთისმეტყველი) და რომ უბიწოდ ჩასახვაში მას მეუღლის როლი შეესაბამება? საკითხის ამგვარი გაგება ქრისტეს შობის უხეში რაციონალიზაცია იქნებოდა, და თუ მაინც შეიძლება ლაპარაკი ქალწულის სიძეზე, ეს შესაძლებელია მხოლოდ მეტაფიზიკური აზრით, იმდენად, რამდენადაც იგი წარმოადგენს ეკლესიას, ხოლო ეკლესიას არ შეიძლება ჰყავდეს სხვა სიძე, თუ არა ძე ღვთისა.

ამ უთესლო ჩასახვაში თვით სიტყვა არის თესლი, სულიწმიდა კი სრულიადაც არ არის მარიამის სიძე; იგი ამთვრებს მისი საშოს განწმენდას, ხდის რა მარიამს სრულიად უბიწოს და ამგვარად, სიტყვის მიღებისა და შობისათვის ყველაზე უსრულყლფილესი სიწმიდის ძალას აძლევს.

სულიწმიდის მიერ მინიჭებული ყოვლად უსრულყოფილესი ქალწულობა, როგორც მისი მთელი არსების სიწმიდე, ემთხვევა ღვთისმშობლობას (1)
და ამ სიწმიდის გამო იქნა იგი გამორჩეული. სწორედ ეს რჩეულობა აუწყა მარიამს მთავარანგელოზმა გაბრიელმა.

___________

1.
სწორედ ამგვარია ყოვლადწმიდა ქალწულის უბიწოება და სიწმიდე და არა ისეთი, თითქოს მარიამი თავისუფალი იყო ადამიდან მომდინარე პირველცოდვისგან.

___________

მაგრამ მარიამს შეეძლო ან თავისუფლად დათანხმებოდა უწყებულს ან უარეყო იგი. მთელი კაცობრიობის ისტორია, ღვთაებრივი ზედამხედველობის, საღვთო განგებულების აღსრულება ადამიანის ამ თავისუფალ პასუხზე იყო დამოკიდებული. ქალწულის მორჩილმა თანხმობამ შესაძლებელი გახადა ღვთის განკაცება. "აჰა მხევალი უფლია, მეყოს მე სიტყვისაებრ შენისა" - მარიამის ამ პასუხით გახდა შესაძლებელი, განხორციელებულიყო ყოველივე, რასაც ღმერთი დაცემული კაცობრიობისგან ელოდა. ამ პასუხმა შესაძლებელი გახდა ყოვლადწმიდა სამების მეორე პირის ისტორიასი შემოსვლა არა იძულებითი შემოჭრის გზით (რადგან მაშინ ადამიანი კვლავ მხოლოდ იარაღად დარჩებოდა), არამედ იმ თანხმობით, რომელიც ქალწულისგან მიიღო საღვთო მოწოდებამ.

ყოვლადწმიდა ქალწულმა, რომელშიც აღსრულდა მთელი ძველაღთქმისეული სიწმიდის სრულყოფა, შეძლო საღმრთო სიყვარულისთვის შეეთავაზებინა საკუთარი სხეულის წმიდა სამყოფელი. თუ მისი ღვთივკურთხეულიდა სჯულით განწმენდილი წინაპრები ღვთის სიტყვას თავიანთ სულში იღებდნენ, მან შეძლო მისი მიღება საკუთარ სხეულში; შვა რა ღვთაებრივი პიროვნება, რომელმაც მიიღო მისი ადამიანურობა - კაცებრივი ბუნება, მარიამი ჭეშმარიტად გახდა დედა ღვთისა. ამიტომაც თქვა წმ. იოანე დამასკელმა: "სახელწოდება "ღვთისმშობელი" შეიცავს საღვთო განგებულების მთელ ისტორიას".

წყარო: რჯული ქრისტესი. ხარება. მირქმა. გამომცემლობა "ალილო". თბილისი 2016 წ. გვ. 7-9

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню