განმარტებანი - სულიერი სიმტკიცე და სინანული - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

სწავლანი > განმარტებანი

წმ. იოანე ოქროპირი

სულიერი სიმტკიცე და სინანული

სულიერი სიმტკიცე

წმ. იოანე ოქროპირის 22-ე ჰომილიიდან კორინთელთა მიმართ პირველ ეპისტოლეზე


ამიერითგან, ძმანო ჩემნო საყუარელნო, მტკიცე იყვენით და შეურყეველ (1 კორ. 15:58). ანუ: ჩემი საყვარელო ძმებო, მტკიცენი იყავით, ურყევნი და უფლის საქმეში მარადის მოუღლელნი (1 კორ. 15:58). მართებული და დროულია ეს დარიგება: არაფერი ისე არ არყევს, როგორც ის აზრი, რომ ფუჭად და ამაოდ შრომობ. და ჰმატებდით საქმესა უფლისასა, ანუ სუფთა ცხოვრებას. არ უთქვამს, სიკეთე აკეთეთო, არამედ: ჰმატებდით, ანუ სიკეთე უხვად აკეთეთ და დადგენილ საზღვრებს გადააჭარბეთო. მარადის უწყოდეთ, რამეთუ შრომაი ეგე თქუენი არა ცუდად იყოს უფლისა მიერ. რას ამბობ? ისევ შრომა? მაგრამ ეს შრომა გვირგვინებით ჯილდოვდება და ზეცისათვის აღესრულება.

სამოთხის შემდეგ პირველი შრომა სასჯელია ცოდვებისთვის; ეს შრომა კი მომავალი ჯილდოების საფუძველია. ამიტომ შეიძლება მას შრომა არც კი ვუწოდოთ - როგორც ამის გამო, ისე იმიტომ, რომ მას ზეციდან უდიდესი შეწევნა ახლავს. ამიტომაც დასძენს მოციქული: უფლისა მიერ.

პირველი შრომა იმისთვის იყო, რომ სასჯელი მიგვეღო, ხოლო უკანასკნელი იმისთვის არის, რათა მომავალი ჯილდოები მივიღოთ. მაშ, ძილს ნუ მივეცემით, საყვარლებო: შეუძლებელია, სრულიად შეუძლებელია უზრუნველებს ცათა სასუფეველი ეღირსოთ, ისევე, როგორც - ფუფუნების მოყვარულებსა და თავშეუკავებლებს. ზეციური სიკეთეების მიღებას უფრო სხეულის მოუძლურებითა და დაძაბუნებით და ურიცხვი შრომით შევძლებთ. ნუთუ ვერ ხედავთ, ცასა და მიწას შორის რამხელა მანძილია, როგორი ბრძოლა გველის, ადამიანი ბოროტებისკენ რარიგ მიდრეკილია, გარს ცოდვა როგორ ერტყმის და როგორ მახეებს უგებს?

მაშ, თავს ამდენ საზრუნავს რატომ ვიტეხთ, ბუნებრივის გარდა, ამდენ მოუსვენრობას, ამხელა ტვირთებს ჩვენს თავზე რატომ ვიღებთ? განა ჩვენთვის საკმარისი არ არის მუცელზე, ტანსაცმელზე და სახლზე ზრუნვა? განა არ კმარა აუცილებელ საგნებზე ფუსფუსი? სხვათა შორის, ქრისტე ამ საზრუნავებსაც გვაშორებს: ნუ ჰზრუნავთ სულისა თქუენისათვის, რაი სჭამოთ და რაი ჰსუათ; ნუცა ხორცთა თქუენისათვის რაი შეიმოსოთ. ანუ: ნუ ზრუნავთ თქვენი სიცოცხლისთვის, რა ვჭამოთ ანდა რა ვსვათო; ნურც თქვენი სხეულისთვის, რით შევიმოსოთო (მათე 6:25). თუკი საჭირო არ არის აუცილებელ საკვებსა და სამოსზე თავის შეწუხება, თვით მომავალ დღეზეც კი ზრუნვა, მაშინ განა ოდესმე ფეხზე დადგომას შეძლებენ ისინი, რომლებიც ამხელა ტვირთს იკიდებენ და მისი სიმძიმის ქვეშ იდრიკებიან?

ნუთუ არ გაგიგონიათ, რას ამბობს პავლე: არავინ მოღუაწე შეეყოფის სოფლისა საქმეთა? ანუ: არც ერთი მეომარი არ შეიკრავს ხელ-ფეხს ცხოვრებისეული საქმით (2 ტიმ. 2:4), ჩვენ კი ფუფუნებას ვეძლევით, ძღომასა და ლოთობას, გარეშე საქმეებისთვის მძიმედ ვშრომობთ, ხოლო ზეციური საგნების მიმართ სუსტები აღმოვჩნდებით ხოლმე. ნუთუ არ იცით, რომ ჩვენთვის აღთქმული ადამიანურზე აღმატებულია? მიწაზე მოარული ზეციერ სიმაღლეებზე ასვლას ვერ შეძლებს; ხოლო ჩვენ არც კი ვცდილობთ ადამიანურად ვიცხოვროთ, არამედ პირუტყვებზე უარესებიც გავხდით.

განა არ იცით, როგორი სამსჯავროს წინაშე წარვდგებით? ნუთუ არ გახსოვთ, რომ სიტყვებსა და გულისსიტყვებზე პასუხი უნდა ვაგოთ? ჩვენ კი საქმეებზეც არ ვზრუნავთ! ყოველი რომელი ხედვიდეს დედაკაცსა გულის-თქუმად მას, - ამბობს უფალი, - მუნვე იმრუშა მის თანა გულსა შინა თვისსა. ანუ: ყველამ, ვინც ნდომით შეხედა ქალს, უკვე იმრუშა მასთან საკუთარ გულში (მათე 5:28); ადამიანები კი, რომლებმაც პასუხი უნდა აგონ მოურიდებელი მზერის გამოც, ამ ცოდვაში ჩალპობასაც კი არ ერიდებიან.

რომელმან ჰრქუას ძმასა თვისსა ცოფ, თანა-მდებ არს იგი გეჰენიასა მას ცეცხლისასა.
ანუ: ვინც ეტყვის თავის ძმას: შლეგო, ცეცხლის გეენაში ჩავარდეს (მათე 5:22); ჩვენ კი ურიცხვი შეურაცხყოფით და სხვადასხვაგვარი ცილისწამებით ძმების შერცხვენას თავს არ ვანებებთ. ის, ვისაც თავისი მოყვარული უყვარს, არაფრით წარმართზე უკეთესი არ არის (მათე 5:46); ჩვენი კი ჩვენი მოყვარულებიც გვძულს. რა შენდობას მივიღებთ, როცა გვევალება ძველების დადგენილ მიჯნებს გავცდეთ, ჩვენ კი ჩვენი ცხოვრებით ამ მიჯნებამდეც ვერ მიგვიღწევია? თვის გასამართლებლად რას ვიტყვით? ვინ წარდგება და გვიშველის, როცა სასჯელს მივიღებთ?  არავინ! არამედ მოთქმითა და გოდებით, კბილთა ღრჭენითა და ტანჯვით გარდაუვალად ჩაგვაგდებენ უკუნ სიბნელეში, უცილებელი ტანჯვისა და აუტანელი სასჯელების ადგილას.

ამიტომ გარიგებთ, გთხოვთ და მუხლმოყრით გევედრებით: სანამ დარჩენილია სიცოცხლის მოკლე დრო, ჩემი სიტყვები გულშემუსვრილებით მიიღეთ, მოიქეცით, გამოსწორდით, რათა იქ სიკვდილის შემდეგ მდიდრის მსგავსად უსარგებლოდ არ იტიროთ და უიმედოდ არ იგლოვოთ. შენს მამას, მეგობარს თუ სხვა ვინმეს ღვთის წინაშე კადნიერებაც რომ ჰქონდეს, ტანჯვისაგან მაინც ვერავინ გაგათავისუფლებს, რომელიც საკუთარი საქმეებით დაიმსახურე. ასეთია იქაური სამსჯავრო: ის მხოლოდ საქმეების მიხედვით სჯის და სხვაგვარად ჩვენი გადარჩენა შეუძლებელია. ამას იმიტომ კი არ გეუბნებით, რომ დაგადარდიანოთ ან სასოწარკვეთილებამდე მიგიყვანოთ, არამედ იმისთვის, რომ გულში ფუჭი და უქმი იმედები არ ჩავისახოთ, ვინმეს არ მივენდოთ და სათნოების საქმეში დაუდევრობა არ გამოვიჩინოთ.

თუკი ჩვენ უზრუნველები ვიქნებით, ვერავინ დაგვიცავს - ვერც მართალი, ვერც წინასწარმეტყველი, ვერც მოციქული; ხოლო, თუ მოშურნეები ვიქნებით, თუკი საკუთარი საქმეები საკმაოდ გამოგვექომაგება, მაშინ სიკეთეებსაც კადნიერად მივიღებთ, რომლებიც მოყვარული ღმრთის მიერ არის გამზადებული, რომელთაც, დაე, ყველანი ვეღირსოთ, მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესითა, რომელსა მამისა და სულისა წმიდისა თანა შვენის დიდება, უფლება და პატივი, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

წყარო: წმ. იოანე ოქროპირი. შრომები. XV ტ. კორინთელთა მიმართ პირველი ეპისტოლეს განმარტება. ოცდამეორე ჰომილია. 1 კორ. 15:47. თბილისი 2017. გვ. 94-96.

"აპოკალიფსისი" 17.06.2018.

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню