განმარტებანი - საკითხავნი წმიდა ღვთისმშობლის გარდაცვალების საიდუმლოსთვის - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

სწავლანი > განმარტებანი

საკითხავნი წმიდა ღვთისმშობლის გარდაცვალების საიდუმლოსთვის

midzinebis dgesaswauli

"ძეო და ღმერთო ჩემო, შეისმინე დედაშენის, მარიამის, ლოცვა და ვედრება, რომელიც ღაღადებს შენდამი; ძეო და ღმერთო, შემოქმედო ჩემო, შეისმინე ჩემი ხმა, გამოავლინე სათნოება და ჩემი ხორციდან გასვლისას ნურც ერთი ხელმწიფება (ზეციური ძალა) ნუ მოვა ჩემთან. არამედ, შემისრულე დანაპირები: როდესაც ვტიროდი და მოვთქვამდი: როგორ გაივლის-მეთქი ჩემი სული ზეციურ ძალთა შორის, შენ მაშინ აღმითქვი და დამპირდი: ნუ სწუხხარ, ნურც იდარდებ, მარიამ, დედაო ჩემო, რადგანაც ანგელოზები კი არ მოვლენ შენთან, არც ქერუბიმები, არცა სერაფიმები, არცა სხვა რომელიმე ზეციური ძალა, არამედ მე თვითონ მოვალ და წაგიყვან".

ახლა მალე მოიწევა ყოველი შობილის ხვედრი, რაც სულის განსვლაში გამოიხატება. ამიტომაც იწყებს მარიამი ვედრებას და ამბობს: "ჩემი ლოცვა შეისმინე და იმ გზაზე, უკეთური სულები რომ იცავენ და შეიპყრობენ სულებს, ჩემი სული მშვიდობით გაატარე".

როდესაც ეს წარმოთქვა მარიამმა, გამოვიდა და თავისი სახლის მხევალს უთხრა: წადი და ჩემს მეგვარტომეებს და ნაცნობებს დაუძახე, უთხარი, რომ მარიამი უხმობთ. ეს მხევალი წავიდა და ყველას გააგებინა, როგორც დაავალა მას.

როდესაც ისინი მივიდნენ, მარიამმა უთხრა: "მამებო და ძმებო, შეეწიეთ საკუთარ თავს. რადგანაც მე ხვალ გავალ ხორციდან და მარადიულ ცხოვრებაში, უსასრულო ნათელში გადავალ. ახლა ადექით და ჩემთან ერთად ქველმოქმედება აღასრულეთ. მე არც ოქროს ვითხოვ და არც ვერცხლს, რადგან ეს ყოველივე ამაო და დამღუპველია. თქვენი კაცთმოყვარების გამოვლინება ის იქნება, რომ ორი ღამის განმავლობაში დარჩეთ ჩემთან. თითოეულმა თქვენგანმა სანთელი აანთოს და ამ ორ დღეს ნუ ჩააქრობენ. გთხოვთ, ასე მოიქცეთ, ვიდრე ჩემი გული ამ ადგილს დატოვებს".

ისე მოიქცნენ, როგორც უთხრა და ეს ამბავი მარიამის ნაცნობებსა და ერთგულებს შორის გავრცელდა. გადახედა მარიამმა მის გარშემო შეკრებილ ადამიანებს, ამეტყველდა თვისი ტკბილი ხმით და უთხრა მათ: "მამებო და ძმებო, დედებო, დებო ჩემო, შეეწიეთ საკუთარ თავს, დაანთეთ სანთლები და იფხიზლეთ, რადგან არ იცით, რა დროს აპირებს ქურდი მოსვლას. რადგანაც მეუწყა მე, ძმებო, როდის გავალ ამქვეყნიდან და არ მეშინია, რადგანაც სიკვდილი ამ სოფლად ყველას ეწევა; მაგრამ ის ბრძოლა მაშინებს, რაც ყველასთვის ერთია; რადგანაც ის ვერ სძლევს მორწმუნეებს და მართლებს, ურწმუნოებს კი ერევა და მათ შორის თავის ნება-სურვილს ახორციელებს. მართლებს კი ვერ ამარცხებს, იმიტომ, რომ ვერაფერს დააბრალებს. ამიტომ შერცხვენილი განერიდება ხოლმე მათ.

რადგანაც ორი ანგელოზი მივა კაცთან: ერთი სიმართლისა და ერთიც ბოროტებისა; ორივე მათგანი სიკვდილთან ერთად მიაკითხავს მას. და როდესაც სიკვდილი აწუხებს ადამიანს, ეს ორი ანგელოზი შედის და ამა სოფლიდან წარმავალი კაცის გვამს განიხილავენ. თუკი მას კეთილი საქმეები აქვს აღსრულებული, ხარობს სიმართლის ანგელოზი, რადგანაც ის მეორე ვერას გამორჩება მისგან. ამიტომ სიმართლის ანგელოზი სხვბსაც მოუხმობს ამ სულის სიახლოვეს, და უგალობენ მას, ვიდრემდე მის სულს ყველა მართალთან ერთდ დაამკვიდრებენ. მაშინ ტირის ბოროტების ანგელოზი - იგივე სატანა, რადგანაც წილად არაფერი ხვდება მას. თუკი ვინმე ბოროტმოქმედია და ბოროტება ჩაუდენია, ეს უკეთურება ახარებს (სატანას). მიიყვანს კიდევ შვიდ სხვა ბოროტ სულს, წაიყვანენ ამ სულს და დაჭრიან მას. ტირის სიმართლის ანგელოზი. ახლა კი, ძმებო და მამებო, დაეხმარეთ საკუთარ თავებს, რომ ჩვენ შორის ბოროტების პოვნა შეუძლებელი შეიქნას".

ამას რომ ამბობდა მარიამი, დედებმა უთხრეს: "ჩვენო დაო, მთელი სოფლის დედად რომ იქეც; ჩვენ კი სამართლიანად ვშიშობთ და შენ რისი გეშინია? შენ უფლის დედა ხარ! და ვაი ჩვენ, სადღა გვაქვს გასაქცევი, როდესაც შენ, უმანკო და ქალწული ამბობ ამას, ჩვენო მოლოდინო და შუამდგომელო, გამამხნევებელო ჩვენო? შენ არაფერი შეგიცოდავს, ჩვენ კი რაღა ვქნათ, დაწუნებულებმა, საით გავიქცეთ? თუკი მწყემსსაც კი აშინებს მგელი, მაშ ცხვრები საით უნდა წავიდნენ?"

მის გარეშემო ყველა ტიროდა, მარიამმა უთხრა მათ: "დადუმდით, ძმებო და დებო, ნუ ტირით! ის განადიდეთ, ვინც ამ დროს იმყოფება თქვენ შორის. გაკურთხებთ, რომ ასე არ დაიტიროთ ქალწული, ცრემლის მაგიერ იგალობეთ, რათა გალობა მოეფინოს მთელ მიწას, ღვთის ყოველ კაცს და ტირილის ნაცვლად იკურთხოს. მე კი ძმებო და დებო, იმის გამო ვშიშობ, რომ ერთ დღეს არ ვერწმუნე უფალს".

წარმოუდგნენ ისინი, ვისაც თვალით ეხილა სიტყვა ღმერთი და ემსახურა მისთვის და მივიდნენ მასთან, რათა მსახურებოდნენ მის წმიდა დედას, ვინც ამ მსახურების ღირსი და პატიოსანი საუნჯე იყო. მოვიდნენ, რათა არავინ დაკლებოდა მისდამი გულმოდგინე გალობასა და ღვთის მშობლის პატივისცემას.

მაშინ ღაღადებდნენ და იტყოდნენ ადამი და ევა: "ჰოი შენ ასულო, ნეტარების ღირსი ხარ, რადგანაც ჩვენი ურჩობით მოწეული ტანჯვისგან გვიხსენ; ჰოი, ჭეშმარიტად ნეტარი ხარ შენ და ყოველგვარი ნეტარების ღირსი; ჰოი, კეთილო ღმერთის დედაო!" მრავლად მოვიგონებ ამდაგვარ სიტყვებს, რადგანაც მოციქულები კრებულთან ერთად ეუბნებოდნენ ქალწულს, როდესაც ნახეს, რომ მას ამ სოფლიდან გასვლა ეწადა, სიტყვები გალობით შეცვალეს და აღმოთქვეს მისი მიცვალების საგალობელი. ისინი ადიდებდნენ სულიწმიდის ნიჭებს, და როდესაც ყველაფერი აღასრულეს, რასაც რჯული ითხოვდა, მრავალფერი ყვავილებით შექმნეს გალობის გვირგვინი. ამ დროს შეასრულეს მათი ღვთისმიერი კურთხევა. მაშინ მობრძანდა მეფე მათი და თავის ღვთაებრივ ხელებში მიიღო მისი უბიწო სული. და უთხრა მას წმინდა მარიამმა: "ჰოი, ჩემო ძეო, შენს ხელთ შემომივედრებია ჩემი სული! მიიღე შენი მოყვარე ჩემი სული, რომელიც უბიწოდ დაიცავი. შენთან მიმიყვანე, ძეო ჩემო, რათა სადაც ჩემი მუცლის ნაყოფია, მეც იქ დავემკვიდრო. გევედრები, ძეო ჩემო და ღმერთო ჩემო, ვინც მამისაგან განუყოფელად დაემკვიდრე ჩემს წიაღში, რათა განადიდო ჩემი საყვარელი შვილები, რომელთაც კეთილად ახსენებ შენს ძმებად. მიანიჭე მათ მრავალგზისი კურთხევა და ხელი დაასხი მათ".

ამ დროს მან ხელები ზეაღაპყრო და ანდერძისა და ლოცვის შემდეგ ყველანი აკურთხა. მაშინ მას ხმა მოესმა: "მოდი, ჩემო კეთილო დედაო, რათა განისვენო; აღდეგ და მოდი ყველა დედისგან გამორჩეულო დედაო და საუნჯეო ჩემო, რადგანაც შენი სურნელი ყოველგვარ ნელსაცხებელს აღემატება". და როდესაც ეს ისმინა, წმინდა ღვთისმშობელმა თავისი სული ძის ხელთ გადასცა. მაშინ ამოქმედნენ ზეციური ძალები; ანგელოზები ძლიერად გალობდნენ და წინ მიუძღოდნენ მას. ზოგი მათგანიკი უკან მიჰყვებოდა, ზოგიერთნი გარშემოერტმოდნენ წმიდა ქალწულის უბიწო სულს, მიჰყვებოდნენ და აცილებდნენ, ვიდრე წმიდა დედოფალი სამეუფო საყდარს მიაღწევდა. სულები გარშემორტყმოდნენ მის წმიდა და უბიწო გვამს და, როგორც დედაღვთისას, ჯეროვნად განადიდებდნენ გალობით.

იქ იდგნენ წმიდა მოციქულები და გარშემორტყმოდნენ მის უბიწო გვამს. კურთხევით სავსენი მის წმიდა ნეშტს ეამბორებოდნენ. ამ დროს ყველგვარი ავადმყოფობის სენი განეშორებოდა იქაურობას. საფლავები მისი მიცვალებით განიწმიდებოდა და მიწა იკურთხებოდა უბიწო ღვთისმშობელის მიერ. ამის შემდეგ წმიდა სუდარით შემოსეს მისი გვამი, ნელსაცხებელი სცხეს და საკმეველი უკმიეს, თავისსავე სარეცელზე დადეს მისი გვამი; ანგელოზები გალობათა ლამპრით მიუძღოდნენ წინ და ცეცხლის ენებით განადიდებდნენ მას. სულიწმიდისგან განსწავლული მოციქულები კი ნესტვის სასიხარულო ხმიანობით აქებდნენ ღმერთს.

მოციქულებმა მხრებზე იტვირთეს ღვთის კიდობანი და სიონის მთიდან მიჰქონდათ იგი. საფლავად დადებით ამაღლდა ზეციური სასძლო. თუმცა ჯერ, როგორც მშვენიერი პატარძალი, სულიწმიდის მადლით შემკული, მთელ ქალაქში გაატარეს და ასე მიაბრძანეს წმიდა გეთსემანიაში - ფრთოვან ანგელოზთა წინამძღოლობით.

რჯული ქრისტესი. მარიამობა. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინება. გამომცემლობა "ალილო". თბილისი 2014 წ. გვ. 46-50.

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню