განმარტებანი - მრისხანება როდის არის სასარგებლო და როდის მავნე - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

სწავლანი > განმარტებანი

წმ. იოანე ოქროპირი

მრისხანება როდის არის სასარგებლო და როდის მავნე

Christe pilates winashe

როდესაც მშვიდად ვსაუბრობთ, ეს - კადნიერებაა. ხოლო თუ მრსიხანებით ვისაუბრებთ, ეს უკვე კადნიერება აღარ არის, არამედ ვნებაა. სათნოება და ცოდვა ერთდროულად ვერ იარსებებს; კადნიერება - სათნოებაა, ხოლო მრისხანება - ცოდვა. ამგვარად, თუკი მოვისურვებთ გვქონდეს კადნიერება, მრისხანებისგან უნდა განვიწმინდოთ, რათა ჩვენი სიტყვები ვიღაცამ მას არ მიაწეროს. სიმართლეს თუნდაც მრისხანებით ამბობდე, ყველაფერს დაღუპავ. არა აქვს მნიშვნელობა ამხელ, შეაგონებ თუ სხვა რასმე იქმ. განვიწმინდოთ მრისხანებისგან. სულიწმიდა იქ არ მკვიდრობს, სადაც მრისხანებაა. მრისხანე წყევას იმკის; შეუძლებელია რამე სიკეთე არსებობდეს იქ, საიდანაც მრისხანება მოდის.

როგორც ქარიშხლის დროს ზღვაზე უდიდესი მღელვარებაა და ხმაური ისადგურებს და განსჯისთვის არავის სცალია, ასევეა მრისხანების დროსაც. თუკი სულს რაიმე სიბრძნის გამოთქმა ან მიღება სურს, უწინარეს მშვიდ ნავსაყუდელში უნდა იყოს. არ შეგიმჩნევია, როდესაც გვინდა რაიმე აუცილებელზე ვიმსჯელოთ, გონება რომ არ გაგვეფანტოს, უხმაურო ადგილს ვირჩევთ, სდაც სიწყნარე და სიმშვიდეა? თუკი გარეგანი ხმაური ხელს გვიშლის, მით უმეტეს შინაგანი შფოთი; თუკი ვიღაც მრისხანებითა და განძვინვებით ლოცულობს, ამაოდ ირჯება; ლაპარაკს დაიწყებს თუ დადუმდება, სასაცილო იქნება. ჭამას თუ დაიწყებს, საკუთარ თავს ამითაც ზიანს მოუტანს; ზის თუ დგას, დადის თუ სძინავს, ძილშიც იგივე წარმოუდგება.

ადამიანებს ამ დროს რა აქვთ აღრეული? თვალები - საშინელი, პირი - მოქცეული, სხეული - დაძაბული აქვს და უთრთის; ენას ვერ თოკავს და არავის ინდობს; განსჯის უნარი წართმეული; ტანსაცმელი - არეული; ყოველმხრივ უმსგავსოდ გამოიყურება. დააკვირდი შეპყრობილ, მემთვრალე ან მრისხანებით განცოფებულთა თვალებს. რით განსხვავდებიან ისინი ერთმანეთისგან? ეს ხომ მხოლოდ დროებით ხდება, - იტყვი შენ. მაგრამ რა არის ამაზე უარესი? თავის მართლებისაც არ რცხვენიათ: (მრისხანების დროს) შეუგნებლად ვამბობდი. გონიერი არსება შუგნებლად რატომ ამბობდი? რატომ იქცევი უგონო ცხოველივით, თითქოს გაუხედნავი ცხენი იყო, რომელიც რისხვითა და სიცოფით არის გატაცებული? ეს - თავის მართლებაა, რაც გაკიცხვას იმსახურებს. სასურველია იცოდე, რასაც ამბობ. ეს მრისხანების სიტყვებია და არა ჩემი, - იტყვი შენ. როგორ - მრისხანების? მრისხანებას ძალა არა აქვს, თუკი მას შენგან არ მიიღებს. ეს იმას ჰგავს, მავანმა რომ თქვას - ეს ჭრილობები ჩემი ხელის არს, და არა ჩემი! ყველაზე მეტად სად არის საჭირო რისხვა, თუ არა ბრძოლის დროს? მაგრამ თუკი იქაც რამე მრისხანებით აღსრულდა, ყველაფერი გაფუჭდება და წარწყმდება. რამეთუ მებრძოლს მრისხანება არ სჭირდება. აბა სხვანაირად როგორ ვიბრძოლო? - იკითხავ შენ. გონივრულად, მშვიდად. რამეთუ ბრძოლა ერთი მხარისა მეორის მიმართ წინააღდგომაა. ნუთუ არ იცი, რომ თვით მებრძოლები კანონს, წესსა და დროს ემორჩილებიან? ხოლო მრისხანება სხვა არაფერია, თუ არა უგუნური სიფიცხე; უგუნური კი გონივრულს ვერაფერს მოიმოქმედებს.

მრისხანება არაფრის დანახვის საშუალებას არ იძლევა, როგორც ყრუსა და ბრმას, საითაც უნდა, იქით მიაქანებს. თავი გამოვიხსნათ ამ დემონისაგან, შევმუსროთ, როდესაც თავს დაგვესხმება. გულზე ჯვრის ნიში გამოვისახოთ და აღვირი ამგვარად მოვსდოთ. მრისხანება ურცხვი ძაღლია, მაგრამ დაე კანონის მორჩილება ისწავლოს. თუკი ძაღლი ფარაში მძვინვარებს, მწყემსის ბრძანებებს არ ემორჩილება და მის ხმას არ შეისმენს, ყველაფერი დაიკარგება და დაიღუპება. ის ცხვრებთან ერთად იმწყემსება, მაგრამ როდესაც ცხვრებს კბენას დაუწყებს, უკვე მავნე ხდება და კლავენ. თუკი ძაღლმა შენი მორჩილება ისწავლა, გამოკვებე; მისი ყეფა სასარგებლოა, მგლებს, ავაზაკებსა და ქურდებს აფრთხობს, მაგრამ ცხვრებს და ადამიანებს არ უნდა ერჩოდეს. თუკი არ გამორჩილება, მაშინ უსარგებლო ხდება და თუ ბრძანება არ ესმის, ყველაფერს დაღუპავს.

ამგვარად, სიმშვიდე არ უნდა დაგელიოს, თვით მრისხანებამ უნდა დაიცვას და კვებოს იგი. ის კი სიმშვიდეს დაიცავს და მას სრული უსაფრთხობით მაშინ დაკრძალავს, როდესაც არაწმიდა და ბილწ ზრახვებს აღმოფხვრის და ეშმაკს ყოველმხრივ განდევნის.

ამგვარად, სიმშვიდე მაშინ არის დაცული, როდესაც მოყვასის წინააღმდეგ ცუდს არაფერს ვიზრახავთ. პატივისცემას დავიმსახურებთ, როდესაც უღირს საქციელს არ ჩავიდენთ. ხოლო უღირსად ისე არაფერი გვაქცევს, როგორც წამხდარი სინდისი. რატომ არიან მეძავები ურცხვები? ქალწულები რატომ არიან მორცხვები? პირველნი ცოდვის, ხოლო მეორენი უბიწოების გამო ხომ არა? რამეთუ ადამიანს ურცხვად ყველაზე მეტად ცოდვა შეიქმს. პირიქით, იტყვი, შენ, ის სირცხვილს შობს. სიმართლე იმაშია, ვინც საკუთარი თავის შეიცნო; ხოლო ურცხვს კიდევ უფრო ათავხედებს, რამეთუ შეგუნებელი კიდევ უფრო თავხედება. "რა ჟამს მიიწიის უღმრთოი სიღრმესა უკეთურებისასა, მაშინ შეურაცხყვის" (იგ. 18:3), - ამბობს ბრძენი. ურცხვი თავხედდება, ხოლო თავხედი - თავზე ხელაღებული ხდება.

გსურს იცოდე, სიმშვიდე როდის იძლევა? როდესაც მას ბილწი ზრახვები შემუსრავს. მაგრამ თუ ისე მოხდა, ეს ძაღლი სადარაჯოზე არ დგას და ხმამაღლა არ იყეფება, სასო არც მაშინ წარვიკვეთოთ, რადგან შეურდულიც გვაქვს და ქვაც, - ხვდებით, ალბათ, რაზეც გესაუბრებით - ლახვარიც გვაქვს, ზღუდეც და სენაკიც, სადაც ზრახვების წმინდად დაცვა შეგვიძლია. თუკი ძაღლი ცხვრებს ელაქუცება, მაგრამ უცხოებსა და ზარმაცებს უყეფს, ეს მისთვის კარგი თვისებაა. ის როდესაც მშიერია, ცხვრებს არც მაშინ უნდა ერჩოდეს, და როდესაც მაძღარია, მგლები არც მაშინ უნდა დაინდოს. ასეთი უნდა იყოს მრისხანებაც. როდესაც გაღვივდება, სიმშვიდეს არც მაშინ უნდა გადასცდეს; და როდესაც განფიცხებული არ არის, ბილწი ზრახვების წინააღმდეგ ამ შემთხვევაშიც უნდა აღდგეს; თავისიანი, თუნდაც სცემდეს, არ მიატოვოს, არამედ თავისად აღიაროს; ხოლო უცხო, თუნდაც ელაქუცებოდეს, არ შეიწყნაროს.

ეშმაკი ლაქუცს ხშირად იყენებდა, როგორც ძაღლს, მაგრამ ყველამ იცოდეს, რომ ის უცხოა ჩვენთვის. შევიყვაროთ სათნოება, თუნდაც მწუხარებას გვამთხვევდეს. ხოლო ცოდვისგან, თუნდაც სიამოვნებას გვანიჭებდეს, მივიქცეთ. ძაღლებზე უარსენი ნუ ვიქნებიტ, რომლებიც არსად გარბიან, თუნდაც სცემდნენ ან სხვაგვარად ავიწროვებდნენ. ხოლო უცხოს, თუნდაც აჭამოს, უყეფენ. ასევე მრისხანებაც სასარგებლო ხდება, როდესაც უცხოების წინააღმდეგ აღიძვრება.

რას ნიშნავს სიტყვები: "რომელი განურისხდეს ძმასა თვისსა ცუდად" (მთ. 5:22)? ეს ნიშნავს: შურს ნუ იძიებ და ბოროტებაზე ბოროტებით ნუ მიაგებ. თუკი დაღუპვის პირას მყოფ ადამიანს ხედავ, დახმარების ხელი გაუწოდე; მრისხანებას ადგილი არ ექნება, როდესაც საკუთარი თავის მიმართ ვნებიანი დამოკიდებულება არ გექნება (ანუ შენთვის შურს არ იძიებ).

დავითმა საული შეიპყრო, მაგრამ არ განრისხდა და ლახვარი არ უძგერებია, მიუხედავად იმისა, რომ მტერი ხელთ ჰყავდა; სამაგიეროდ ეშმაკი დალახვრა. როდესაც მოსემ იხილა, უცხოტომელი ებრაელს შეურაცხყოფდა, მოკლა იგი. მაგრამ როდესაც ერთმანეთს თანატომელები წაეკიდნენ, იგივე არ გაუკეთებია. მას ძმების შერიგება უნდოდა, ხოლო უცხოტომელნი განყო. თუმცა წმიდა წერილი მას ყველაზე თვინიერ ადამიანად მოიხსენიებს, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში მრისხანება მასშიც აღიძვროდა ხოლმე.

ჩვენ ასე არა ვართ: როდესაც უნდა ვმრისხანებდეთ, დაუდევრობასა და უდარდელობას ვავლენთ. ამგვარად, ჩვენს ძალებს ჯეროვნად არ ვიყენებთ და ასე ამაოებაში გადის მთელი ცხოვრება. ასევეა ჭურჭელიც, როდესაც ერთს მეორის ნაცვლად იყენებენ - ყველა წახდება. ადამიანს მახვილი რომ ჰქონდეს, საჭიროების შემთხვევაში არ გამოიყენოს და ხელით იმოქმედოს, ვერაფერს მიაღწევს. და პირიქით, თუკი მახვილს იქ გამოიყენებს, სადაც ხელით უნდა ემოქმედა, ყველაფერს წაახდენს.

ასევე ექიმიც, თუკი იმას არ მოკვეთს, რაც მოსაკვეთია, საქმეს გააფუჭებს. ამიტომ გევედრებით, ეს იარაღი (მრისხანება) დროულად გამოვიყენოთ. მრისხანების დრო არის მაშინ, როდესაც სხვები უნდა გამოვასწოროთ, მას განსაკუთრებით ამ შემთხვევაში უნდა მივმართოთ, რომ სხვები გადავარჩინოთ. ამგვარად, დავიცავთ რა თავს მრისხანებისგან, ღმერთს მივემსგავსებით და მომავალ სიკეთეებს მივემთხვევით.

წყარო: ცხოვრება და რჩეული თხზულებანი წმიდათა შორის მამისა ჩვენისა იოანე ოქროპირისა, კონსტანტინოპოლელ მთავარეპისკოპოსისა. თბილისი. 2007 წ.  თ. 44. გვ. 223-226.

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню