განმარტებანი - მართლმადიდებლობის ზეიმი (2019) - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

სწავლანი > განმარტებანი

მართლმადიდებლობის ზეიმი

დიდი მხარხვის პირველი კვირა

უკვე ათ საუკუნეზე მეტია დიდი მარხვის პირველ კვირას მართლმადიდებლური ეკლესია ლოცვით ზეიმობს მართლმადიდებლობის გამარჯვებას, ეკლესიის გამარჯვებას ყველა ოდესმე არსებულ მწვალებლობებსა და განხეთქილებებზე. ამ დღეს ეკლესია მკაფიო გამყოფ ხაზს ავლებს ჭეშმარიტებასა და სიცრუეს შორის.

მართლმადიდებლობის ზეიმი დაწესდა IX ს-ის საბერძნეთში, ხატმებრძოლეებზე, მართლმადიდებლობის ამ მტრებზე საბოლოო გამარჯვების ნიშნად. სწავლება ხატთაყვანისცემის შესახებ, რომელიც ეფუძნება წმიდა წერილს და დამტკიცებულია პირველქრისტიანთა ტრადიციითაც, VIII ს-მდე ხელუხლებელი იყო. მაგრამ ხატმებრძოლური მწვალებლობა, რომელიც თვით საბერძნეთში გაჩნდა, მრავალ ქვეყანაში გავრცელდა. დაიწყო ღმრთის ეკლესიის საშინელი დევნულება.

100 წელზე მეტ ხანს იღვრებოდა უდანაშაულო მართლმადიდებელთა სისხლი და ცრემლები, რომლებიც იბრძოდნენ იმისთვის, რათა ჰქონოდათ უფლება ხატებზე გამოესახათ ჩვენი უფლისა და მაცხოვრის იესუ ქრისტეს, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა და წმიდათა გამოსახულებები, ასევე ელოცათ მათ წინაშე. ასეთ მართლმადიდებლებს აპატიმრებდნენ და საპყრობილეებში აგდებდნენ, საშინლად აწამებდნენ და ჰკლავდნენ. პატიოსანი ხატები და წმიდათა უხრწნელი ნაწილები და ნადგურდებოდა.

VII
მსოფლიო კრების (787 წ.) შემდეგ, რომელმაც დაამტკიცა ხატების თაყვანისცემის კანონიკურობა, დევნულებები შეწყდა, მაგრამ მხოლოდ IX ს-ის შუაწლებში გაათავისუფლეს საპყრობილეებიდან ხატთაყვანისმცემელნი და დაუბრუნეს თავიანთ თანამდებობებს, ხატმებრძოლეებს კი მოუწოდეს დაეტოვებინათ თავიანთი ცთომილება ან შეეწყვიტათ საეკლესიო მსახურება. ქრისტესმოყვარე დედოფალმა თეოდორამ განაცხადა: "ვინც პატივს არ მიაგებს ჩვენი უფლის იესუ ქრისტეს, მისი ყოვლადწმიდა დედისა და ყველა წმიდათა ხატებს, დე წყეულ იყოს!"

კონსტანტინოპოლის იმდროინდელმა პატრიარქმა მეთოდემ, იმ დროიდანვე დააწესა ამ დღის აღსანიშნავი საზეიმო მსახურება. მართლმადიდებლობა საზეიმოდ აღდგა კონსტანტინოპოლში, სოფია წმიდის ტაძარში დიდი მარხვის პირველ კვირას, რომელიც 843 წელს 19 თებერვალს მოუწია. ასე გაჩნდა ეს ზეიმი და მასთან დაკავშირებული წეს-განგებაც, რომელიც მართლმადიდებლობის ზეიმად იწოდება.

ამრიგად, მართლმადიდებლობის ზეიმი, როგორც დღესასწაული დაწესდა 843 წელს, ხატმებრძოლეობასთან საბოლოო გამარჯვების აღსანიშნად, მაგრამ მისი შინაარსი უფრო ღრმა და ვრცელია.

ბერძნული სიტყვა "ერესი" (
αρεσις - "აირესის") ჩვენს ენაზე გადმოითარგმნება, როგორც "აღება", "დაპყრობა", "არჩევანი" და ნიშნავს ერთის გამო სხვა დანარჩენის უარყოფას. "სიტყვაში "ერესი" მოცემულია ცალმხრივობის იდეა, სწორხაზოვანი კონცენტრაცია მრავალი შესაძლო მტკიცებულებიდან ერთზე. მართლმადიდებლობა საყოველთაოა, ერესი კი - თავისი არსით პარტიულია. სექტანტობის სული სწორედ აქედან გამომავალი ეგოიზმია, სულიერი გამოცალკევებაა, სადაც ცალმხრივი მტკიცებულება უცილობელი ჭეშმარიტების საფუძვლად მიიჩნევა..." (П. Флоренский., свящ. Столп и утверждение истины . М., 1914, с. 161).

აქ ზედმეტი არ იქნება გავიხსენოთ, რომ ტერმინი "პარტია" მომდინარეობს ლათინური სიტყვდან pars (
partīre) და ითარგმნება, როგორც "ნაწილი", "გამოყოფა", ანუ ისევე როგორც სიტყვა "ერესი", ტერმინი "პარტიაც" მთლიანობის ნაწილზე, ერთგვარ შეზღუდულობაზე მიუთითებს. ქრისტიანული აღმოსავლეთის ერესები - არიანელობა, ნესტორიანელობა, მონოფიზიტობა, მონოთელიტობა ეხებოდნენ ქრისტიანობისთვის ყველაზე ძვირფას დოგმატს - ღმრთის განკაცებას, ამით კი იმ პრინციპსაც, რომელიც მთელი ქრისტიანული ცხოვრების საფუძველში იდო, კერძოდ, ზეციერისა და მიწიერის, საეკლესიოსა და საეროს ჰარმონიულ შერწყმას.

ამიტომაც, VIII ს-ში ბიზანტიელი იმპერატორების მიერ მაცხოვრის, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა და წმიდათა გამოსახულებების წინააღმდეგ გაჩაღებული ეს დევნულება გახდა აგრესიული მონოფიზიტური ცალმხრივობის ერთგვარი გაგრძელება.

მცდელობა დოგმატურად გაემართლებინათ ხატმებრძოლეობა (754 წლის ხატმებრძოლურ კრებაზე) ნიშნავდა უარის თქმას რწმენაზე, რომ შესაძლებელია ღვთიური სამყაროს ხატებათა განხორციელება დედამიწაზე, რაც მისაწვდომია სულიერად გულისხმიერ და მადლმოსილ ადამიანთათვის. ხატმებრძოლეობას რომ გაემარჯვა მთელ ქრისტიანულ სამყაროში, არ გვექნებოდა არც ბიზანტიური, არც ძველქართული, ძველსლავური და სხვა ერების მიერ შექმნილი უმშვენიერესი მოზაიკები, ფრესკები და ხატები; არ გვექნებოდა ქრისტიანული ხელოვნება, რომელიც სწორედ ღვთიური სამყაროს სულიერი შინაარსის მატერიალურ გამოხატულებებს წარმოადგენენ, რომელთა გარეშე ჩვენი არსებობა წარმოუდგენელია და, რომელიც ქრისტიანული კაცობრიობის ძირითად წვლილს შეადგენს კაცობრიობის მსოფლიო ხელოვნების საგანძურში.

უძღვნის რა დიდი მარხვის პირველ კვირას მართლმადიდებლობის გამარჯვებას ბიზანტიური მწვალებლობების გამანადგურებელ ტენდენციებზე, ეკლესია კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს მსოფლიო ისტორიაში თავის უნიკალურ, მაცხოვნებელ, აღმშენებლობით და შემოქმედებით მნიშვნელობაზე.


მართლმადიდებლური წყაროების მიხედვით.

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню