განმარტებანი - იოანე ოქროპირის ჰომილია აღდგომისთვის - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

სწავლანი > განმარტებანი

წმიდა იოანე ოქროპირი

სააღდგომოდ

მკვდრეთით აღდგომა იესუ ქრისტესი

ვინც კეთილმსახური და ღვთისმოყვარე ხართ, გაიხარეთ ამ კეთილ და ბრწყინვალე დღესასწაულზე. ვინც კეთილგონიერი მონაა, სიხარულით შეუერთდება თავისი უფლის სიხარულს. ვინც იღვაწა მარხვით, მიიღებს საფასურს შრომისა და ღვაწლისა. ვინც იმუშაკა პირველი ჟამიდან, მიიღებს დღეს სიმართლის საზღაურს. ვინც მესამე ჟამზე მოვიდა, მადლიერებით იდღესასწაულებს. ვინც მეექვესე ჟამს მოაღწია, არ იეჭვოს, რომ რაიმე გაუჭირდება. ვინც ჩამორჩა და მეცხრე ჟამს მოვიდა, ნუ ორგულობს და ნურაფრის ეშინია, ხოლო ვინც მეთერთმეტე ჟამს მოვიდა, ნუ შეშინდება დაყოვნების გამო, რადგან ჩვენი მეუფე მრავალმოწყალე და კაცთმოყვარეა. უკანასკნელთ ისევე შეიწყნარებს, როგორც პირველთ და გაუნსვენებს მეთერთმეტე ჟამზე მოსულებს, როგორც პირველი ჟამის მუშაკებს.

უკანასკნელთათვისაც მოწყალეა იგი და შეაერთებს მათ პირველებთან, იმათ მისცემს და ამათ მიანიჭებს, საქმეს მიითვლის და განზრახვებს განიკითხავს, საქმეებს შეაქებს და გულმოდგინებებს განადიდებს.

და ბრძანებს, შვიდნენ უფლის სიხარულში, რათა მდიდარნი და გლახაკნი  ერთმანეთს ახარებდნენ და მოღვაწენი და სულმოკლენი ამ დღეს პატივს სცემდნენ. რომელმაც იმარხულა და რომელმაც ვერ იმარხულა, ყველანი ერთად გამხიარულდით. რადგან დღეს ტაბლა სავსეა, ხარობდეთ.

ნასუქი ხბო გამზადებულია, ნურავინ წავა მშიერი. ყველამ იხარეთ სარწმუნოების სერობით, ყველამ მიიღეთ სიტკბოების სიმდიდრე. ნურავინ წუხს სიგლახაკის გამო, რადგან ყველასთვის გამოჩნდა სასუფეველი.

ნურავინ გოდებს ცოდვებითვის, რადგან ჩვენი შემნდობელი საფლავიდან აღმობრწყინდა. ნურავინ ძრწის და ეშინია სიკვდილის, რადგან გაგვათავისუფლა მისგან მაცხოვარმა და განაქარვა იგი სიკვდილით შეპყრობილთათვის. განიძარცვა ჯოჯოხეთი, როდესაც მასში უფალი ჩავიდა და გამწარდა იგი. ესაიამ იმთავითვე ღაღადყო, რომ გამწარდებოდა იგი.

გამწარდა ჯოჯოხეთი, რადგან ივნო; გამწარდა, რადგან მოიკლა; გამწ
რდა, რადგან დაიმხო; გამწარდა, რადგან შეიკრა. თავს იდვა ხორცნი და ღმერთი იხილა. შეიწყნარა ქვეყანამ და მოეგებნენ ცანი, მიიღო ხილული და დასცა უხილავი.

სად არის, სიკვდილო, საჩხვლეტელი შენი, სად არის, ჯოჯოხეთო, ძლევა შენი? აღსდგა ქრისტე და ხარობენ ანგელოზნი. აღსდგა ქრისტე, ცხოვრება მოქალაქეობს. აღსდგა ქრისტე და აღარც ერთი მკვდარი აღარ დარჩა საფლავში, აღსდგა ქრისტე მკვდრეთით და გახდა დასაბამი შესვენებულთა, რომლის არის დიდება და სიმტკიცე უკუნითი უკუნისამდე. ამინ!

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню