განმარტებანი - დიდი პარასკევი - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

სწავლანი > განმარტებანი

დიდი პარასკევი

დიდი პარასკევი

ვნების შვიდეული უკვე მთავრდება, და ძალიან მალე მართლმადიდებელი ქრისტეანები ჩვენი უფლის, იესუ ქრისტეს მკვდრეთით აღდგომას იზეიმებენ. მაგრამ დღეს - ვნების შვიდეულის ყველაზე მკაცრი დღეა, დღეს - დიდი პარასკევია. ეს დღე ეძღვნება იესუ ქრისტეს ჯვარზე სიკვდილს, ჯვრისგან გარდამოხსნას და მისი წმიდა სხეულის დაფლვას.

მაცხოვრის ვნების შესახებ თხრობა გადმოცემულია ოთხივე მახარობელთან. ყველა მათგანი გვიყვება მოვლენებზე, რომლებიც ხდებოდა ხუთშაბათის ღამედან პარასკევ საღამომდე: საიდუმლო სერობისა და გამოსამშვიდობებელი საუბრების შემდეგ იესუ მოწაფეებთან ერთად გეთსემანიის ბაღისკენ მიემართება, რომელიც ზეთისხილის (ელეონის) მთის ძირას მდებარეობდა. აქ მათ ღამის ნაწილი გაატარეს (მოწაფეებს ეძინათ, ქრისტე კი - ლოცვით ღვაწლში იყო) მანამ, სანამ იუდა ისკარიოტელი შეიარაღებულ ბრბოსთან, - მღვდელმთავრებთან და ისრაელის მთავრებთან ერთად მოვიდოდა. მაცხოვარი დააპატიმრეს, მისი მოწაფეები კი გაიფანტნენ.




იესუ მღვდელმთავარ ანასთან მიიყვანეს, შემდეგ კი ჯერ კაიაფას წარუდგინეს (გათენებამდე), შემდეგ კი სინედრიონს (დილით, ცისკარზე), რომელმაც იესუს სიკვდილი მიუსაჯა. ამ დროს მოციქულმა პეტრემ, რომელიც მოძღვარს მიჰყვებოდა და ეზოში საქმის დასრულებას ელოდა, სამჯერ უარყო ქრისტე.

განაჩენის გამოტანის შემდეგ ქრისტე რომის პროკურატორ პონტოელ პილატეს წარუდგინეს (ის რომაული ხელისუფლების უფლებამოსილი წარმომადგენელი იყო, და სხვა ყველაფრის გარდა, სასიკვდილო განაჩენსაც ამტკიცებდა), რომელმაც ქრისტე ტეტრარქ ჰეროდე ანტიპასთან გააგზავნა, რომელიც გალილეაში უფროსობდა (რადგან ქრისტე გალილეადან იყო). ამით პონტოელმა პილატემ სცადა ქრისტეს სიკვდილისთვის პასუხისმგებლობა ჰეროდეზე გადაეტანა.




დაკითხვების, შეურაცხყოფებისა და დაცინვის შემდეგ ჰეროდესგან იესუ ქრისტე კვლავ პილატესთან მიიყვანეს, და მან, მიუხედავად თავისი სურვილისა და რამოდენიმე წარუმატებელი მცდელობისა გაეშვა იგი, იუდეველი მღვდელმთავრებისა და ბრბოს ზეწოლით, ჯვარცმაზე გადასცა. როდესაც განაჩენი მოისმინა, იუდამ, ინანა გამყიდველობა და თავი ჩამოიხრჩო.




პრეტორიაში გამათრახებისა და შეურაცხყოფის შემდეგ იესუ ქრისტე იერუსალიმის გარეთ გაიყვანეს და რომაელმა ჯარისკაცებმა გოლგოთის მთაზე აღმართულ ჯვარზე გააკრეს, შემდეგ კი მისი ტანისამოსი გაიყვეს. გადმოცემის მიხედვით სწორედ გოლგოთაზე იყო დამარხული ადამის თავი. განიცადა რა რამოდენიმე საათიანი ტანჯვა, რომლის მოწმე იქ შეკრებილი ერიც იყო, იესუ ქრისტე ჯვარზე აღესრულა, და მაშინ: "და აჰა კრეტსაბმელი იგი ტაძრისაჲ მის განიპო ორად ზეითგან, ვიდრე ქუემდე, და ქუეყანაჲ შეიძრა და კლდენი განსთქდეს, და საფლავნი აღეხუნეს, და მრავალნი გუამნი შესუენებულთანი წმიდათანი აღდგეს" (მათე 27:51-52).




მისი საიდუმლო მოწაფეებიდან ორმა - იოსებ არიმათიელმა და ნიკოდიმოსმა - იესუს გვამი ჯვრიდან გარდამოხსნეს, სავანეში გაახვიეს და "საფლავში" დამარხეს, რომელიც წარმოადგენდა გოლგოთის ახლოს მდებარე პატარა გამოქვაბულს, რომელსაც დიდი ლოდი მიაფარეს. ქრისტეს დამარხვას ესწრებოდნენ ქრისტეს მიმდევარი დედაკაცებიც.

მეორე დღეს ებრაელ მღვდელმთვართა თხოვნით, რომლებსაც ეშინოდათ, რომ იესუს მოწაფეებს შეეძლოთ მოეპარათ მისი სხეული და შემდეგ ეთქვათ, რომ მკვდრეთით აღსდგა, პონტოელმა პილატემ რომაელ ჯარისკაცებს უბრძანა დაებეჭდათ გამოქვაბული და დაცვა დაეყენებინათ. მომდევნო დღეს კი ქრისტე აღსდგა მკვდრეთით.




რწმენა იმისა, რომ ძე ღმრთისა განკაცდა, ჯვარზე ევნო და აღსდგა მკვდრეთით, წარმოადგენს ქრისტეანობის საფუძველსა და უმთავრეს სამახარობლოს, ამიტომაც დიდი პარასკევი, დიდი შაბათი და პასექი - საეკლესიო კალენდრის უმთავრესი და ცენტრალური დღეებია.

დიდი პარასკევის ტროპარ-კონდაკი:

ტროპარი: “მომიყიდენ ჩუენ წყევისა მისგან ჰსჯულისა პატიოსნითა სისხლითა შენითა, ჯვარსა ზედა რა დაემსჭვალე, და ლახვრითა განიგმირე, და უკუდავება აღმოუცენე კაცთა, მაცხოვარო ჩუენო, დიდება შენდა”.

კონდაკი: “რომელი ჯუარს-ეცვა ჩუენთვის, მოვედით ერნო, უგალობდეთ მას, იხილა იგი მარიამ ჯვარსა ზედა და სთქვა: დაღაცა თუ ჯვარსა ზედა გიხილე, შენ ხარ ძე ჩემი და ღმერთი ჩემი, ყოვლადძლიერი, კაცთმოყვარე და მაცხოვარი”.

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню