განმარტებანი - ქრისტეს სასწაულთა შესახებ - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

სწავლანი > განმარტებანი

ქრისტეს სასწაულთა შესახებ

ქრისტეს სასწაულები

დეკანოზ ლევ ლიპეროვსკის წიგნიდან: "ქრისტეს სასწაულები და იგავები" (Чудеса и притчи Христовы).


იესუ ქრისტეს ქადაგებას ღმრთის სასუფეველის შესახებ თან ახლდა განუწყვეტელი ნიშნები და სასწაულები. უფალი კურნავდა უამრავ სნეულს, დევნიდა ეშმაკთ, უბრძანებდა ბუნების ძალთ და აღადგენდა მკვდრებს.

მაცხოვრის მიერ აღსრულებული სასწაულები იმდენად უჩვეულო იყო, რომ იწვევდნენ შიშსა და გაკვირვებას, ან თვითმხილველთა აღფრთოვანებას. ეს იყო იდუმალი, ზებუნებრივი მოვლენები, რომელთა ახსნა ყოვლისშემძლე ღმრთის გარდა არავის შეეძლო.

ერთხელ ერთ-ერთმა იუდეველმა მღვდელმთავარმა ნიკოდიმემ, როდესაც იესუ ქრისტესთან მივიდა, უთხრა: "რაბი, ვიცით, რომ ღმრთისაგან მოსულხარ მოძღვრად, ვინაიდან არავის შეუძლია შენს მიერ მოხდენილ სასწაულთა ქმნა, თუკი მასთან არ არის ღმერთი" (იოანე 3:1-2).

ისრაელის ბრძენკაცს
ესმოდა, რომ ისეთი სასწაულების აღსრულება, როგორიც არის წყლის გადაქცევა ღვინოდ, წყალზე გავლა, მკვდართა აღდგენა, კეთროვანთა განკურნება და სხვა - ნიშნავს გქონდეს ზებუნებრივი, ღვთაებრივი ძალაუფლება ბუნების ძალებზე. და ნიკოდიმესთვის ცხადი იყო, რომ ნაზარეველ წინასწარმეტყველს ეს ძალა გააჩნდა.

მაგრამ ქრისტეს მარტო თვითონ კი არ გააჩნდა ეს ძალაუფლება, არამედ მიანიჭა იგი თავის უახლოეს მოწაფეებსაც - ჯერ თორმეტ და შემდეგში სამოცდაათ მოციქულს.

როდესაც მათ საქადაგებლად აგზავნიდა -"მოუხმო თავის თორმეტ მოწაფეს, და მისცა მათ ხელმწიფება უწმინდურ სულთა განდევნისა და ყოველგვარი სენისა თუ ყოველგვარი უძლურების განკურნებისა. ... და უთხრა მათ: ... განკურნეთ სნეულნი, განწმინდეთ კეთროვანნი, აღადგინეთ მკვდარნი, განდევნეთ ეშმაკნი; უსასყიდლოდ მიგიღიათ და უსასყიდლოდვე გაეცით" (მათე 10:1-8).

მოწაფეები, როდესაც ღმრთის სასუფევლის სამახარობლოდ გაეშურნენ, მათთვის იესუ ქრისტეს მიერ მიცემული ძალაუფლებით სარგებლობდნენ, "აძევებდნენ მრავალ ეშმაკს, ზეთს სცხებდნენ და ჰკურნავდნენ უამრავ სნეულს" (მარკ. 6:13).

ქადაგებიდან დაბრუნებულნი, ისინი სიხარულთ ამბობდნენ: "უფალო, ეშმაკნიც კი გვმორჩილებენ შენი სახელით" (ლკ. 10:17). მაგრამ, უძლურების გამო, რომელიც ყოველ ადამიანს ახასიათებს, სასწაულთმოქმედების ძალა მოციქულთათვის შეზღუდული იყო. ასე, მაგალითად, მათ "მცირე რწმენის გამო", არასაკმარისი "ლოცვისა და მარხვის" გამო (მთ. 17:19-21) ვერ შეძლეს განეკურნათ ეშმაკის მიერ შეპყრობილი ყრმა-მთვარეული; ან კიდევ - მოციქულმა პეტრემ ჯერ გაიარა აღელვებულ ზღვაზე, მაგრამ შემდეგ ჩაძირვა იწყო, რადგან "შეეჭვდა" და "შეეშინდა"  (მთ. 14:30-31).

მაგრამ თვით იესუ ქრისტეს სასწაულები უსაზღვრო იყო. ყველგან, სადაც კი ჩნდებოდა უფალი, მტრული ძალები, კაცთა მოდგმის მტრები, რომლებმაც ადამიანს შეჰყარეს ცოდვა, სნეულებანი და სიკვდილი, როგორც პირქუში აჩრდილნი ცეცხლისა და ნათლისგან უკან იხევდნენ და გარბოდნენ. "სადაც უნდა შესულიყო, - ბრძანებს მოციქული მარკოზი, - სოფლებში, დაბებსა თუ ქალაქებში, მოედნებზე აწვენდნენ თავიანთ სნეულთ და სთხოვდნენ, ნება მიეცი, შენი სამოსის კალთას შეეხონო; და ყველა, ვინც მას ეხებოდა, იკურნებოდა" (მკ. 6:56).

"ვინაიდან მრავალი განეკურნა: ასე რომ, ყველა სნეული აწყდებოდა, რათა შეხებოდა მას. მისი შემყურე უწმინდური სულები მის წინაშე ემხობოდნენ და ყვიროდნენ: შენა ხარ ძე ღმრთისა" (მკ. 3:10-11).

"და მოივლიდა იესო ყველა ქალაქსა და დაბას, ასწავლიდა მათ სინაგოგებში და ქადაგებდა სახარებას სასუფევლისას, და კურნავდა ყოველგვარ სენსა და ყოველგვარ უძლურებას ხალხში" (მთ. 9:35)


ქრისტეს ძალმოსილი სიტყვა და განუწყვეტელი სასწაულები აკვირვებდა არა მარტო ისეთ ბრძენკაცებს, როგორიც ნიკოდიმე იყო, არამედ საერთოდ ყველა ადამიანს. ასე, მაგალითად, ნაზარეთის ერთ-ერთ სინაგოგაში "მრავალი მსმენელი გაოცებული ამბობდა: ვინ მისცა ყოველივე ეს, ან რა სიბრძნე აქვს ბოძებული, რომ ამნაირი სასწაულები ხდება მისი ხელით?" (მკ. 6:2)

ხოლო ქარბუქის დაყენების შემდგომ, "განცვიფრებული ხალხი ამბობდა: ვინ არის იგი, ქარებიც და ზღვაც რომ მორჩილებენ?" (მთ. 8:27)

ჩვენ რომ სახარებისეულ დროებაში გვეცხოვრა, უეჭველად, ჩვენც განცვიფრებულნი დავრჩებოდით.

მაგრამ ქრისტე სასწაულებს ადამიანთა გასაკვირვებლად ან თავისი ღვთაებრიობის დასამტკიცებლად როდი იქმოდა. როდესაც ქრისტეს სთხოვდნენ ამგვარ მტკიცებულებას, ის ყოველთვის უარყოფდა მათ. მაგრამ აქ იბადება კითხვა - მაშ რატომ იქმოდა ღმერთკაცი ესოდენ სასწაულებს? როგორი იყო სასწაულების მიზანი? და რა არის სასაული თავისი არსებითა და აზრით? არის თუ არა ეს ნორმალური მოვლენა, თუ ეს ბუნების კანონთა დარღვევაა, ზებუნებრიობაა?  

ამ საკითხთან დაკავშირებით შეიძლება ითქვას შემდეგი. ცოდვით დაცემამდე, - ადამისა და ევას დროს, - ადამიანი უვნებო, ჯანმრთელი და უკვდავი იყო. ის მბრძანებლობდა ბუნების ყველა ძალთ, მას ემორჩილებოდნენ ცხოველები, ხოლო მიწიერი ძალნი ხელს უწყობდნენ მის სიცოცხლეს. სამოთხეში არ იყო სასწაული, რადგან მთელი სამყარო წარმოადგენდა ღმრთის სიყვარულის მუდმივ და განგრძობად სასწაულს. მაგრამ ცოდვით დაცემის შემდეგ, ადამიანმა დაკარგა მადლისმიერი ძალაუფლება ბუნებაზე, გაჩნდა ვნებები, ტანჯვა, ტკივილები, სნეულებანი და სიკვდილი. გაჩნდა არსებობისთვის ბრძოლის აუცილებლობა. ამიტომაც, - ის, რაც სრულიად ბუნებრივი და ნორმალური იყო ცოდვით დაცემამდე, ახლა დაცემული ბუნებისთვის გამონაკლისი და სასწაულებრივი (ზე-ბუნებრივი) გახდა.

ღმრთის ძის, იესუ ქრისტეს სასწაულთმოქმედებანი უპირველეს ყოვლისა არის დაცემული კაცობრიობისადმი "მეორე ადამის", ანუ იესუ ქრისტეს მოწყალების, მიტევებისა და სიყვარულის გამოვლინება. თუმცა, ამავდროულად, ქრისტეს სასწაულები წარმოადგენდნენ ღვთაებრივი ძალის ნიშნებს და ქრისტეს ღმერთკაცობის დადასტურებას.

ღმერთკაცის - მხოლოდშობილი ღმრთის ძის სახით - დედამიწაზე სამოთხე ჩამოვიდა. ბნელში მსხდომთ გამოუბრწყინდა აბსოლუტური ნათელი და აბსოლუტური სიცოცხლე - პარალიზებულ იქნა სნეულება და სიკვდილი, აბსოლუტურმა ძალამ გააუქმა უძლურება, აბსოლუტურმა უცოდველობამ დაამხო ცოდვა, აბსოლუტურმა ჭეშმარიტებამ გაფანტა სიცრუისა და უმეცრების ბნელი, აბსოლუტურმა სიმართლემ ამხილა უსჯულოება. და ეს ყველაფერი იყო თავისი ქმნილებისადმი ღმრთის უსაზღვრო სიყვარულის სასწაული. ღმერთკაცის ყოველგვარი შეხება დაცემული ადამიანი მიწიერ ყოფიერებასთან სასწაულებრივი იყო, როგორიც ადრე არასოდეს ყოფილა. შედეგად, ასეთი შეხება გაოცებას იწვევდა. ქრისტესგან განუწყვეტლივ გამოდიოდა ძალა, რომელიც ხან სიტყვაში, ხან სნეულთა განკურნებაში (ლკ. 5:17; 6:19; 8:46), ხან კიდევ ეშმაკთა განდევნასა (ლკ. 10:19) და ბუნების ძალთა დამორჩილებაში ვლინდებოდა.

როდესაც იუდეველებმა ჰკითხეს ქრისტეს:  "... თუ ქრისტე ხარ, გვითხარი ნათლად. მიუგო მათ იესომ: საქმენი, რომელთაც ვაკეთებ მამის სახელით, თვითონვე მოწმობენ ჩემთვის. ... მე და მამა ერთი ვართ" (ინ. 10:24-30). და კიდევ: "საქმენი, მამამ რომ მომცა აღსასრულებლად, თვით ჩემს მიერ ქმნილი საქმენი მოწმობენ, რომ მამისგან ვარ მოვლინებული" (ინ. 5:36).

საერთოდ, შეიძლება ითქვას, რომ ქრისტეს ყველა სასწაული - მისი გამომსყიდველობითი საქმის გამოხატულებაა. როგორც მზე ანათებს სითბოს მაცოცხლებელ სხივებსა და ნათელს, ასევე ქრისტეც, თავისი ამქვეყნიური ცხოვრების განმავლობაში, განუწყვეტლივ იქმოდა სიყვარულის საქმეთ, სიკეთეს, მოწყალებას იჩენდა დაცემული ადამიანისადმი, და ეს მოწყალება ხან სასწაულის სახეს იღებდა, რომელიც აღემატება ჩვენთვის ცნობილ და ჩვეულ მიწიერ კანონზომიერებებს.

მაგრამ, როგორ გავიგოთ სასწაულები, რომლებიც ცნობილია ჯერ კიდევ ძველი აღთქმისეული პერიოდიდან? მაგალითად, ის დიდი სასწაულები, რომელთაც აღასრულებდა მოსე, წინასწარმეტყველნი ილია და ელისე კურნავდნენ სნეულთ და მკვდართაც აღადგენდნენ (3 მეფ. 17:20; 4 მეფ. 4:12-37) და სხვა?

რა თქმა უნდა, ეს სასწაულები ხდებოდა ღმრთის სახელითა და ძალით, - მაგრამ მათ მხოლოდ მომავალი მესიის განკაცებისა და სასწაულთმოქმედების წინასახეობრივი მნიშვნელობა ჰქონდათ. ძველაღთქმისეული სასწაულები იყო მომზადება ქრისტეს მოსვლისთვის. გარდა ამისა, ეს სასწაულები იყო გამონაკლისი, იშვიათი მოვლენები, მაშინ როდესაც სახარებისეული სასწაულები უწყვეტად აღესრულებოდა. პირველი იყო - წინასწარმეტყველება ქრისტეზე, ხოლო მეორე - ქრისტეს მიერ კაცთა მოდგმის ცოდვის წყევისგან გამოსყიდვის აღსრულება.

საერთოდ, ყველა სასწაული, რომელიც ღმრთის სახელით აღესრულება, როგორც ძველ, ისევე ახალ აღთქმაში, მომავალი საუკუნის გამონათებას წარმოადგენს, რომლისთვისაც შეიქმნა ადამიანი, და რომელიც დაემორჩილება ერთიან სჯულს, - სიყვარულს. ე. წ. "ბუნებითი კანონები" - მხოლოდ ამჟამინდელი ადამიანური ყოფიერებისთვის გვეჩვენება აუცილებლად. სინამდვილეში, ისინი როგორც ცოდვისა და სიკვდილის შედეგი - არამარადიულია, და "ბუნებრივია" ადამიანის მხოლოდ თანამედროვე, არანორმალური მდგომარეობისთვის. მაგრამ იქ, სადაც ცოდვაზე გამარჯვებას ზეიმობს უცოდველობა, სიყვარული და მიმტევებლობა; სადაც სიცოცხლე ზეიმობს გამარჯვებას სიკვდილზე, იქ გადალახულია ცოდვილი სამყაროს დროებითი კანონები. ამიტომაც, ქრისტეს სწავლებისადმი ერთგულება და ცხოვრების სიწმიდე, ყოვლისშემძლე ღმრთის ძალით, ღმრთისა და მოყვასისადმი სიყვარულის სახელით, ყოველ ქრისტიანს აძლევს შესაძლებლობას აღასრულოს სასწაულნი.

იესუ ქრისტეს მიწიერი ცხოვრების პერიოდში, მისი მოწაფეების სასწაულთმოქმედება ძლიერი, მაგრამ მაინც შეზღუდული იყო. ქრისტეს ზეცად ამაღლებისა და ეკლესიისთვის სულთმოფენობის შემდეგ კი - ის უსაზღვრო გახდა. "ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, - უთხრა მაცხოვარმა თავის მოწაფეებს, - ვისაც მე ვწამვარ, საქმეს, რომელსაც მე ვაკეთებ, თვითონაც გააკეთებს, და მეტსაც გააკეთებს, ვინაიდან მე მამასთან მივალ" (იოანე 14:12).

თუმცა, ქრისტემ ამავე დროს გააფრთხილა თავისი მოწაფეები, რათა მორიდებოდნენ "ცრუ სასწაულებს", რომლებიც ანტიქრისტესნი არიან, რამეთუ "რადგან აღდგებიან ცრუქრისტენი და ცრუწინასწარმეტყველნი, - გვაფრთხილებს მაცხოვარი, - და მოახდენენ სასწაულებსა და ნიშებს, რათა აცდუნონ, თუკი შესძლეს, თვითონ რჩეულნიც" (მკ. 13:22; მთ. 24:24)

როგორ გავარჩიოთ ჭეშმარიტი სასწაულის ყალბისგან?

ჭეშმარიტი სასწაული ყოველთვის წარმოადგენს ადამიანისადმი ღვთის სიყვარულის დასტურს. ქრისტეს არასოდეს აღუსრულებია სასწაული თავისთვის, არამედ ასრულებდა მხოლოდ სხვისთვის. ასე, მაგალითად, მან უარი თქვა ქვები პურად ექცია, როდესაც დამშეული გამოიცდებოდა ეშმაკისგან, მაგრამ მანვე გაამრავლა მცირე რაოდენობის პური, რათა დაეპურებინა ათასობით მშიერი ადამიანი. მას შეეძლო ეთხოვა მამისთვის და მოეწოდებინა ანგელოზთა ლეგიონები, რათა თავი დაეცვა მტრებისგან, მაგრამ ამის ნაცვლად განკურნა მონა, რომელიც გამოგზავნილი იყო მის დასაკავებლად (მათე 26:53; ლუკა 22:50).

ქრისტეს მოწაფეები, და საერთოდ ყველა წმიდა ადამიანი, ღმერთს სასწაულთა ნიჭს მხოლოდ მოყვასის შესაწევნათ სთხოვდნენ ხოლმე, და ძალიან იშვიათად აღასრლებდნენ სასწაულს პირადი ინტერესებისთვის.

ყალბ სასწაულში ყოველთვის მოქმედებს სიამაყე. ადამიანები ცდილობენ დაეუფლონ ბუნების მატერიალურ ძალებს, რათა დააშინონ და დაიმორჩილონ სხვები, ან გაანადგურონ სხვა ადამიანები. ამასთან, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ადამიანის მიერ პირველად დანახული ბუნებრივი მოვლენა, შეიძლება წარმოდგენილ ან მიჩნეულ იქნას "სასწაულად". ველურებს შეიძლება სასწაული ეგონოთ ტელეფონი, ტელეგრაფი, რადიო, ტელევიზია, თვითმფრინავი და ა. შ. მხოლოდ იმიტომ, რომ ეს მოვლენები მათთვის გაუგებარია.

მაგრამ ამ სასწაულებს, რა თქმა უნდა, არაფერი აკავშირებთ ქრისტესა და მისი მოწაფეების სახარებისეულ სასწაულებთან: ქრისტეს სასწაულები - ეს არის ღმრთის ყოვლისშემძლეობის გამოვლინება, რომელიც მიმართულია ცდოვისა და სიკვდილისგან ადამიანის გამოხსნისკენ. გარდა ამისა, მხედველობაში უნდა გვქონდეს, რომ სახარებისეული სასწაულები მხოლოდ ქრისტეს მოწყალების "შიშველი ფაქტები" როდია, ისინი ამავე დროს ქრისტეს სწავლებაა ღმრთის სასუფევლის შესახებ. ყოველ სასწაულს აქვს თავისი განსაკუთრებული აზრი და სიმბოლიკა, რომელიც პირდაპირ ან სიმბოლურად იხსნება სახარებისეული ტექსტით.


გაგრძელება იქნება.

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню