განმარტებანი - ქრისტეს სასწაულები და იგავები. ხელგამხმარი კაცის განკურნება - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

სწავლანი > განმარტებანი

ქრისტეს სასწაულები და იგავები

xelgamxmari kacis gankkurneba shabats

შინაარსი

ხელგამხმარი კაცის განკურნება

(მკ. 3. 1-8: მთ. 12:9-15: ლკ. 6:6-11)

"შაბათი კაცისათვის შეიქმნა, და არა კაცი შაბათისათვის"

გალილეის სინაგოგაში ხელგამხმარი კაცის განკურნების სასწაული მჭიდროდ არის დაკავშირებული იესუ ქრისტეს სწავლებასთან შაბათის დღის პატივისცემის შესახებ. მწიგნობრები და ფარისევლები გამუდმებით ადანაშაულებდნენ ქრისტეს, რომ ის "არ იცავდა შაბათს" და, ამგვარად, არღვევდა მოსეს მიერ ღმრთისგან ბოძებულ მცნებას. ხოლო ქრისტე, თავის თავზე ლაპარაკობდა, რომ ის რჯულის "გასაუქმებლად კი არ მოვიდა, არამედ აღსასრულებლად" (შეად. მათე 5:17), და ამავე დროს, - ფარისეველთა თვალსაზრისით, - მუდმივად, თითქოსდა სპეციალურად, თავისი სასწაულმოქმედებებით არღვევდა შაბათის დღის მყუდროებას.

მიუხედავად იმისა, რომ ქრისტე ხედავდა ფარისეველთა გაღიზიანებას, მაინც აგრძელებდა კურნებას შაბათ დღეს. რატომ აკეთებდა ის ამას? ადამიანურად რომ განვსაჯოთ, ძალთა ეკონომიის თვალსაზრისით, ხომ არ აჯობებდა ამ პუნქტში მაინც დაეთმო მას ფარისეველთათვის? - და სინაგოგებში შაბათობით არავინ განეკურნა? მაგრამ ეს წმიდად ადამიანური განსჯაა, კომპრომისული, რაც არ შეესაბამება სწავლებას ჭეშმარიტებაზე. დათმობა ფარისეველთადმი, მათი უსულო ფორმალიზმისადმი, დაუშვებელი გახლდათ.

რა თქმა უნდა, მცნება შაბათის დაცვის შესახებ თვით ღმრთისგან იყო ბოძებული. და ის ებრაელებს ისრაელის ისტორიული ცხოვრების საზეიმო და მრისხანე ვითარებაში გადაეცა. "გამოიყვანა ბანაკიდან ხალხი მოსემ ღვთის შესახვედრად და დადგნენ მთის ძირას. ბოლავდა მთელი სინაის მთა, რადგან უფალი იყო მასზე ჩამოსული ცეცხლის ალში; როგორც ქურას, ისე ასდიოდა კვამლი და ძლიერად ირყეოდა მთა. თანდათან ძლიერდებოდა საყვირის ხმა; ლაპარაკობდა მოსე და ეხმიანებოდა ღმერთი. ჩამოვიდა უფალი სინაის მთაზე, მთის წვერზე და მოუხმო უფალმა მოსეს მთის წვერისკენ, და ავიდა მოსე" (გამ. 19:17). ამ სიტყვებს შემდეგ მოსდევს ღმრთისა და მოსეს გასაუბრება და ღმრთის მიერ მოსესთვის ათი მცნების მიცემა, რომლებიც ქვის ფილაქნებზე იყო ამოტვიფრული და, რომელიც შემდგომ ისრაელისთვის მოსეს მიერ ბოძებულ სჯულს დაედო საფუძვლად.

ამ მცნებებს შორის მე-4 ადგილზე დგას მცნება შაბათის დაცვის შესახებ: "გახსოვდეს შაბათი დღე, რომ წმიდა ჰყო იგი. ექვს დღეს იმუშავე, და აკეთე შენი საქმეები; მეშვიდე დღე კი უფლის, შენი ღვთის შაბათია. არა საქმე არ გააკეთოთ, არც შენ, არც შენმა ვაჟმა, არც შენმა ასულმა, არც შენმა ყმამ, არც შენმა მხევალმა, არც შენმა პირუტყვმა, არც შენმა მდგმურმა, სახლში რომ გყავს. რადგან ექვს დღეში შექმნა უფალმა ცა და მიწა, ზღვა და ყველაფერი, რაც მასშია, და მეშვიდე დღეს შეისვენა; ამიტომაც აკურთხა უფალმა შაბათი დღე და წმიდაჰყო იგი" (გამ. 20:8-11).

ადამიანი შექმნილია ღმრთის მსგავსებად, ამიტომაც ეს მსგავსება მის ცხოვრებაშიც უნდა აისახებოდეს: ექვსი დღე უნდა მიეძღვნას "სიცოცხლის სხეულის" შემოქმედებით მოღვაწეობას, ხოლო მეშვიდე დღე - ღმრთის შემოქმედების ბრწყინვალების ჭვრეტას, წუთისოფლის საქმეებისგან დასვენებას და ღმერთთან ადამიანისთვის მისაწვდომი ურთიერთობის სიხარულის მაქსიმალურ, სულიერ გამოხატულებას.

ამავდროულად, წუთისოფლის საზრუნავისგან თავისუფალი "მეშვიდე დღე" ადამიანს მიეცა იმისთვის, რათა არ მიეცეს ამაოებას, ყოველდღიურობაში არ დაავიწყდეს მისი ცხოვრების მთავარი მიზანი - სამოთხისეული ცხოვრება ღმერთში, არ დაავიწყდეს დაკარგული უცოდველი ნეტარება: რათა ადამიანმა არსებობისთვის განუწყვეტელი ბრძოლის პირობებში ანგარებითი მიზნით არ დაიწყოს არც საკუთარი, არც სხვა თანა-მშრომელი ადამიანიებისა და თვით პირუტყვთა ძალების ექსპლუატირება.

"მეშვიდე დღე უფლის, შენი ღმერთის შაბათია: არაფერი საქმე არ აკეთო არც შენ, არც შენმა ვაჟმა, არც შენმა ასულმა, არც შენმა ყმაწვილმა, არც შენმა ხარმა, არც შენმა სახედარმა, არცერთმა შენმა პირუტყვმა, და არც შენმა მდგმურმა, რომელიც შენს ქალაქებში ცხოვრობს, რომ დაისვენოს შენმა ყმამ და ყმაქალმა შენთან ერთად" (მეორე რჯული 5:14).

ასეთია ღმრთის ურყევი მცნება. მაგრამ ყოველგვარი, კარგი და სასარგებლო აზრი, ადამიანური ვნებებითა და ხრიკებით, მსჯელობათა მზაკვარებით, შეიძლება მიყვანილ იქნას ლოგიკურ წინააღმდეგობებამდე და სრულ უაზრობამდე; და ეს თუ ადამიანის აზროვნებას ეხება, მაშინ ეს არის გონებისა და გულის არაკეთილსინდისიერების ნიშანი, ხოლო თუ ეს ღმრთის მცნებების დამახინჯებას ეხება - მაშინ ის ღმრთის გმობად და უდიდეს ცოდვად მიიჩნევა. აი რატომ "არ უთმობდა" ქრისტე ებრაელებს შაბათის მათებურ გაგებაში. მათ სრულიად დაამახინჯეს ეს მცნება. მათ გაგებაში, შაბათის დაცვის შესახებ სწავლებამ დაკარგა ჭეშმარიტი სული, და დატოვა მხოლოდ ფორმა, თანაც ეს ფორმაც, თავიანთი დაცემული გონების მზაკვრული ლოგიკით, აბსურდამდე მიიყვანეს, რომელიც ამართლებდა ოდენ ცივ ფორმალიზმსა და გულქვაობას.

ამრიგად, სინას მთაზე მოცემული მცნება შაბათის დაცვის შესახებ, ქრისტემ არა თუ არ გაუუქმა, არამედ აღადგინა კიდეც მისი წმიდა, სულიერი აზრით, როგორც მცნება ღვთის გულისთვის ადამიანის სიყვარულისა ადამიანის მიმართ. - "შაბათი კაცისათვის შეიქმნა, და არა კაცი შაბათისათვის", - ბრძანა ღმერთკაცმა. "ძე კაცისა შაბათის უფალიც არის" (მათე 12:8), - ეს ნიშნავს: ყველაფერი გამოიყენება კაცობრიობისთვის მის გადასარჩენად. სადაც მეუფებს ძე კაცისა, იქ ადგილი არა აქვს ფორმალიზმს, რადგან ძე კაცისა მოვიდა რათა ადამიანი გამოიხსნას ცოდვის წყევისგან, სნეულებისგან და სიკვდილისგან.

ხელგამხმარი ადამიანის განკურნების ამბავს ყველა სინოპტიკოსთან წინ უსწრებს "მოწაფეთა მიერ ხორბლის თავთავების შეგროვება", როდესაც ქრისტე ყანაში მიდიოდა. ფარისეველთა საყვედურზე, "შენი მოწაფეები იმას სჩადიან, რაც ნებადართული არ არის შაბათს", ქრისტემ დავითის მაგალითით უპასუხა და უთხრა მათ: "არ წაგიკითხავთ, როგორ მოიქცა დავითი, როცა მოშივდა მასაც და მის მხლებლებსაც? როგორ მევიდა ღმერთის სახლში და შეჭამა შესაწირავი პური, რისი ქმნა არც მისთვის იყო ნებადართული და არც მისი მხლებლებისათვის, და რისი ნებაც მხოლოდ მღვდლებს ჰქონდათ?"

შემდეგ კი ჰკითხა: "არც ის ამოგიკითხავთ რჯულში, რომ შაბათობით მღვდლები ტაძარში არღვევენ შაბათს, და მაინც უცოდველნი არიან?". ამაზე ფარისევლებმა ვერაფერი უპასუხეს, რადგან მათ შაბათის დღის ჭეშმარიტი შინაარსი უკვე დიდი ხნის დაკარგული ჰქონდათ. და მითუმეტეს, ვერ წარმოედგინათ, რომ აქ, ახლა მათ ელაპარაკებოდა ის, "ვინც ტაძარზეც უმეტესია", - კერძოდ, "ძე კაცისა", რომელიც "შაბათის უფალიც არის".

ჩაიკლეს რა ქრისტეს მოქმედებით აღძრული თავიანთი ბოღმა და აღშფოთება, მწიგნობრები და ფარისევლები მაინც ფეხდაფეხ დასდევდნენ უფალს, და მივიდნენ სინაგოგაში, სადაც უფალი "ასწავლიდა ხალხს; და იყო იქ კაცი, რომელსაც მარჯვენა ხელი გამხმარი ჰქონდა. უთვალთვალებდნენ მწიგნობრები და ფარისევლები, განკურნავდა თუ არა შაბათს, რათა ბრალდების საბაბი ეპოვათ მისთვის. მაგრამ მან იცოდა მათი ზრახვანი და უთხრა ხელგამხმარ კაცს: ადექი და შუაში გამოდი; ისიც ადგა და გამოვიდა. და უთხრა მათ იესომ: თქვენ გეკითხებით: რისი ქმნა შეიძლება შაბათს: კეთილისა თუ ბოროტისა? სულის ცხონება თუ წარწყმედა? გადახედა ყველა მათგანს, და უთხრა კაცს: აბა გაიწოდე შენი ხელი! მანაც გაიწოდა და გაუმრთელა, როგორც მეორე". ფარისევლები კი დუმდნენ, რადგან არსებითად არაფრის თქმა არ შეეძლოთ, განსაკუთრებით იმიტომ, რომ მათ ახრჩობდა უძლური მტრობა იმის წინააღმდეგ, ვინაც სულ ახლახან საკუთარ თავზე თქვა, რომ ის "შაბათის უფალიც არის" და ვინც დაუფარავად, ღიად, სიტყვით და საქმით, ამხილებდა მათ გულქვაობას.

დაადუმა რა ფარისევლები, ქრისტემ კიდევ ერთხელ ჰკითხა მათ: "რომელიმე თქვენგანს ერთი ცხვარი რომ ჰყავდეს და შაბათ დღეს ორმოში ჩაუვარდეს, ნუთუ ხელს არ ჩასჭიდებს და არ ამოიყვანს მას? ხოლო კაცი რამდენად უმჯობესია ცხვარზე? ამიტომაც შეიძლება შაბათ დღეს სიკეთის ქმნა" - და ამით დაამხო თალმუდის ყოველგვარი მზაკვარება, რადგან აღდგინა სინას მთის სჯულმდებლობის ჭეშმარიტი შემეცნება. ფარისევლები კი კვლავ დუმდნენ. და მაშინ ქრისტემ, "რისხვით მოავლო თვალი შეკრებილთ, მათი გულქვაობით დამწუხრებულმა, და უთხრა ხელგამხმარ კაცს: გაიწოდე შენი ხელი! მანაც გაიწოდა და კვლავ გაუმრთელდა, როგორც მეორე".

შემდეგ სახარება ამბობს, რომ, ამის მნახველი ფარისევლები "გამოვიდნენ და მოითათბირეს მის წინააღმდეგ, თუ როგორ დაეღუპათ იგი". ვერც მაცხოვრის საქმეებმა და ვერც სიტყვებმა ფარისევლების სიმაყე ვერ მოდრიკა, მეტიც, მათ მაცხოვრის დაღუპვა განიზრახეს. "იესუმ გაიგო ეს და გაეცალა იქაურობას", - ბრძანებს მახარობელი მათე და "თან მისდევდა დიდძალი ხალხი და განკურნა ყველა".

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню