განმარტებანი - ქრისტეს სასწაულები და იგავები. სნეულებათა განკურნება, სასწაულნი, ქადაგებანი - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

სწავლანი > განმარტებანი

ქრისტეს სასწაულები და იგავები

სნეულებათა განკურნება, სასწაულნი, ქადაგებანი

Ori_brmis_gankurneba

შინაარსი

ორი ბრმის განკურნება

(მთ. 9:27-31)


სიბრმავე ერთ-ერთი ყველაზე საშინელი სნეულებაა, რომელიც თრგუნავს ადამიანის სულს. მხედველობა დაკარგული ადამიანი კარგავს ცის, მზის, ყველა ფორმის სილამაზის, ხილული სამყაროს ფერებისა და ადამიანთა დანახვის სიხარულს. ის ასევე კარგავს ადამიანებთან ნორმალური ურთიერთობის თავისუფლებას: ხდება სხვაზე დამოკიდებული და უუნარო. თითქმის შეუძლებელია ის არ იყოს პესიმისტი, თუკი თავის სულში მარადიული ნათლის, სილამაზისა და სიმართლის წყაროს - ღმერთს არ იპოვის. აი მაშინ სულიერი ძალები ძლიერდებიან და მტკიცდებიან, იფურჩქნებიან იმაზე მეტად, ვიდრე თვალხილულებში.

ბრმა ადამიანს სხვა ადამიანებზე მეტად უმახვილდება სმენა, შეხება და სხვა გრძნობები. ადამიანი იწყებს ისეთი საგნების სულიერ ხედვას, რომელიც მიუწვდომელია თვალხილულთათვის, რადგან ამგვართა უმეტესობა "თვალნი ასხენ და ვერ ხედავენ, ყურნი ასხენ და არ ესმით". ხოლო სულიერი ხედვა ადამიანს ბრძენთა შორის ამყოფებს, რომელთაც ეხსნებათ ჭეშმარიტება ღმერთზე, სამყაროზე და ადამიანზე.

მაგრამ სულიერი ცხოვრების გარეშე ბრმა იღუპება... ქრისტეს ებრალებოდა ბრმები და მათ მხედველობას უბრუნებდა.

მოციქული მათე გვიყვება ორი ბრმის შესახებ, რომლებიც უფალმა იაიროსის ქალიშვილის მკვდრეთით აღდგინების შემდეგ განკურნა. "იქიდან წამოსულს, - ბრძანებს მახარობელი, - ორი უსინათლო გამოედევნა ყვირილით: შეგვიწყალე, იესო, დავითის ძეო! და როდესაც მივიდა სახლში, მიეახლნენ უსინათლონი; და უთხრა მათ იესომ: გწამთ თუ არა, რომ შემიძლია ამისი ქმნა? ხოლო მათ თქვეს: დიახ, უფალო".

მახარობელი არ გვიყვება, თუ ვინ და რა კატეგორიის იყვნენ ეს ბრმები, როგორი იყო მათი სულიერი და ზნეობრივი სახე, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ისინი, ისე რომ ვერ ხედავდნენ მაცხოვრის სახეს, დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ის არის "უფალი, დავითის ძე", მაშასადამე მესია, და სწამდათ მისი სასწაულთმოქმედი ძალის. ამავდროულად, ესენი იყვნენ თავის მოთხოვნაში დაჟინებული ადამიანები: ისინი განუშორებლად თან მისდევდნენ ქრისტეს და მასთან ერთად (დაუპატიჟებლად) შევიდნენ ვიღაცის სახლში, რათა იქაც გაეგრძელებინათ თხოვნა-ვედრება მათი განკურნებისთვის.

"მაშინ თვალებზე შეეხო ბრმებს და უთხრა მათ: თქვენი რწმენისამებრ მოგეგოთ თქვენ! და აეხილათ თვალები, ხოლო იესომ მკაცრად გააფრთხილა და უთხრა მათ: იცოდეთ, არავინ გაიგოს. ისინი კი გამოვიდნენ და მთელ იმ მხარეს მოსდეს მისი ამბავი".

ამრიგად, ამ ორი ბრმის განკურნება წარმოადგენდა მათი რწმენისა და დაჟინების ზეიმს, ხოლო თავიანთი გამოჯანმრთელების საიდუმლოს გამჟღავნება - მკურნალის ნების დარღვევას.

ეკლესიის მრავალსაუკუნოვანი გამოცდილება გვასწავლის, რომ ადამიანი ღმრთის მიერ მოვლენილ დიად სასწაულებზე არ უნდა ლაყბობდეს "მარჯვნივ და მარცხნივ". ბრმებისთვის მხედველობის დაბრუნება იმდენად ფიზიკური მოვლენა არ გახლდათ, რამდენადაც სულიერი, ხოლო ღმერთთან თავიანთი ურთიერთობის საიდუმლოს გამჟღავნება ყოველთვის არის საკუთარი სულის სიმდიდრის განიავება: მასში ვლინდება ამპარტავნება, რომელიც კლავს ყოველივე ცოცხალს და ჭეშმარიტს.

წყარო: დეკანოზ ლევ ლიპეროვსკის წიგნიდან: "ქრისტეს სასწაულები და იგავები" (Чудеса и притчи Христовы).

Wyalmankit_daavadebulis_gankurneba

წყალმანკით დაავადებულის განკურნება

(ლკ.1-1 1-6)


ერთხელ მოხდა ისე, რომ "შაბათ დღეს, ფარისეველთა ერთ-ერთი მთავრის სახლში მივიდა იესო პურის საჭმელად, ხოლო ისინი (ანუ თვით მასპინძელი და მასთან სტუმრად მყოფი მწიგნობრები და ფარისევლები) უთვალთვალებდნენ მას".

ეს იყო თავიდანვე მომზადებული "დაპატიჟება", რომელზეც მრავალი საპატიო სტუმარი იმყოფებოდა. მათ შორის იყო გალილეველი მოძღვარიც. ამ სადილზე, ქრისტემ "თავის მასპინძელს უთხრა: როცა სადილს ან ვახშამს მართავ, ნუ მოიწვევ ნურც შენს მეგობრებს, ნურც შენს ძმებს, ნურც შენს ნათესავებს, ნურც მდიდარ მეზობლებს, რათა მათაც არ მიგიწვიონ და, ამრიგად, მოგაგონ სანაცვლო. არამედ როცა წვეულება გაქვს, დაჰპატიჟე გლახაკნი, საპყარნი, კოჭლნი თუ ბრმანი. და ნეტარი იქნები, ვინაიდან ვერაფრით მოგაგებენ სანაცვლოს; ამიტომაც მოგეგება მართალთა აღდგომისას" (ლკ. 14:12-14).

ძნელი სათქმელია, რამდენად გულწრფელად დაჰპატიჟა ფარისეელმა იესუ ქრისტე თავის სახლში. შესაძლოა, ეს იყო ერთგვარი პროვოკაცია, რათა მრავალი მწიგნობრის, სჯულის მოძღვრისა და ფარისეველის თვალში, ასე თქვათ, "მეგობრულ ვითარებაში" რომელიმე სიტყვაში გამოეჭირათ ან რაიმეში დაედანაშაულებინათ ქრისტე. ამიტომაც გულმოდგინედ "უთვალთვალებდნენ მას".

"და აჰა, - ამბობს წმ. ლუკა, - და, აჰა, წარსდგა მის წინაშე წყალმანკით სნეული კაცი". ნაკლებად სავარაუდოა ეს კაცი ფარისეველი მთავარის სახლში მისი ნებართვის გარეშე შესულიყო, უფრორე ის სპეციალურად შეუშვეს, რათა ენახათ - ხომ არ განკურნავს მას ქრისტე შაბათ დღეს? კაცი მდუმარედ იდგა ქრისტეს წინაშე, დუმდნენ ფარისევლებიც. ყველანი, როგორც ჩანს, ელოდნენ თუ რა მოხდებოდა. სნეული კი ისეთ მდგომარეობაში იყო, რომ სიტყვის თქმაც არ შეეძლო და ოდენ სიბრალულსღა იწვევდა.

ჩვენ არ ვიცით, სწამდა თუ არა მას, რომ ქრისტეს შეეძლო მისი განკურნება. ყოველ შემთხვევაში, ქრისტეს წინაშე მისი გამოჩენა რაღაც იმედზე მოწმობს. მაგრამ ფარისევლებს, რა თქმა უნდა, სწამდათ, რომ იესუ მას განკურნავდა, მიუხედავად იმისა, რომ მტრობდნენ ქრისტეს.

მაცხოვარმა, რა თქმა უნდა, იცოდა, რას ელოდნენ მისგან ფარისევლები, და აშკარად შეუსრულა მათ მოლოდინი. იესუმ ჰკითხა რჯულის მოძღვრებს და ფარისევლებს: "შეიძლება თუ არა კაცის განკურნვა შაბათს? ხოლო ისინი დუმდნენ". მათთვის შეუძლებელი იყო აქ, მთელი კრებულის წინაშე გამოეჩინათ უგულოება და, სავარაუდოდ, შერცხვათ თვით სნეული ადამიანის წინაშეც, რომელიც, როგორც უკვე ვივარაუდეთ, აქ თვითონვე მოიყვანეს. ამიტომაც დუმდნენ. მაშინ ქრისტე შეეხო სნეულს "განკურნა იგი და გაისტუმრა".

შესაძლოა აქ, ზედმეტი არ იქნება, თუ ორიოდ სიტყვით აღვნიშნავთ "წყალმანკის დაავადების" ხასიათს, რადგან ამ მონათხრობში ის პირველად არის ნახსენები წმიდა წერილში. თანამედროვე მედიცინა ასე აყალიბებს მის ნიშნებს: "წყალმანკად იწოდება სითხის არანორმალური დაგროვება სეროზული სითხის დაგროვება ქსოვილებში, ორგანიზმის სიღრუებსა და პარენქიმულ ორგანოებში, განსაკუთრებით კანქვეშა ქსოვილში (ანასარკა), პლევრის ღრუში (ჰიდროთორაქსი), მუცლის ღრუში (ასციტი) და სხვ. დაგროვილი სითხე ჩნდება სისხლისა და ლიფმას თხევადი შემადგენელი ნაწილებისგან, რომლებიც - განსაკუთრებული პირობების შემთხვევაში - გამოედინებიან სისხლძარღვებიდან, არ ერწყმიან სისხლის მიმოქცევის შემდეგ წრეს და გროვდებიან სხეულის ქსოვილებში.

არსებობს ადგილობრივი წყალმანკი, როდესაც სითხე ავსებს ამა თუ იმ ღრუს ადამიანის ორგანიზმში (მკერდში, პლევრაში, მუცელში და სხვა) ან კიდევ საერთო. ბოლო ფორმა ყველაზე მძიმეა და თითქმის ყოველთვის დაკავშირებულია გულისა და თირკმლების დაზიანებასთან. გულის წყალმანკის დროს, სითხე, თავისი სიმძიმის გამო, ჯერ გროვდება ფეხებში, შემდეგ კი იწევა ზემოთ, ავსებს მუცლის ღრუს, შემდეგ მკერდის ღრუს, აწვება გულს, ფილტვებს და ძლიერ ტანჯული ავადმყოფი თითქოსდა იძირება საკუთარ თავში.

წყალმანკით დაავადებული ადამიანი გარეგნულადაც საშინელი და გულისამაჩუყებელი სანახავია: ის მთლიანად გაბერილია, გალურჯებულია, ძლივს სუნთქავს, ვერ იძვრის, წააგავს დამხრჩვალ გვამს და შეუძლებელია მის მნახველში არ აღძრას თანაგრძნობა და სიბრალული. საერთო, საზოგადო წყალმანკისგან ვერ იკურნებიან.

ასეთი იყო, როგორც ჩანს, ქრისტეს წინაშე წარმდგარი ადამიანიც, რომელიც დაავადებული იყო წყალმანკით. მისი განკურნების შემდეგ, უფალმა უთხრა მოტრაპეზე ფარისევლებს: "რომელიმე თქვენგანს ვირი ან ხარი რომ ჩაუვარდეს ჭაში (და იხრჩობოდეს), განა დაუყოვნებლივ არ ამოიყვანს, შაბათიც რომ იყოს?"

ამ კითხვაზე ფარისევლებმა "ვეღარაფერი მიუგეს", რადგან შეუძლებელი იყო ეპასუხათ, რომ წყალში ჩავარდნილი ადამიანის გადარჩენა - ცოდვაა, ხოლო ჭაში ჩავარდნილი ვირისა - სათნოება.

ამგვარად, კვლავ და კვლავ, უკვე მერამდენედ, ლოგიკურად და მორალურად იქნა მხილებული მოსეს სჯულში მოცემული შაბათის დაცვის ფარისევლური გაგება.


წყარო: დეკანოზ ლევ ლიპეროვსკის წიგნიდან: "ქრისტეს სასწაულები და იგავები" (Чудеса и притчи Христовы).

Yrumunjis gankurneba

ყრუ და ენაბლუს განკურნება


( მკ. 7:32-37 )


ტიროსისა და სიდონის საზღვრებიდან გამოსვლისა და ასუროფინიკიელი ქალის ეშმაკეული ქალიშვილის განკურნების შემდეგ, ქრისტე, გადიოდა რა იორდანეს აქეთა მხრიდან ათქალაქის საზღვრებს, გალილეის ზღვისკენ გაემართა. აქ "მიჰგვარეს მას ყრუ და ენაბლუ და შეევედრნენ, ხელი დაედო მისთვის", ანუ განეკურნა იგი მისი დაავადებისგან.

გამომდინარე იქიდან, რომ ეს იყო ათქალაქის საზღვრებში, რომელიც დასახლებული იყო წარმართებით, ან ძალიან ახლოს იყო მათთან, შესაძლოა მასთან მიყვანილი სნეულიც წარმართი ყოფილიყო; ყოველ შემთხვევაში ეს ადამიანი, თავისი ყრუ-მუნჯობის გამო არ იყო ისრაელის რწმენით განათლებული. მისი სული დახშული იყო ჭეშმარიტების აღსაქმელად. მაგრამ, ჩვენ ვიცით, რომ ყოველგვარი სნეულება სხვა არაფერია, თუ არა პირველდაწყებითი ცოდვის შედეგი, ზოგჯერ კი ეშმაკის მანქანება. შესაძლოა ამ ყრუ და ენაბლუ ადამიანს, ბუნებრივი მორალით, პირადად ღმრთისა და კაცთა წინაშე არ შეუცოდავს, შესაძლოა ის კარგი ადამიანიც იყო. მას აღმოაჩნდა მეგობრები, რომლებიც ზრუნავდნენ მის განკურნებაზე. ქრისტემ შეიბრალა საცოდავი ადამიანი და - მიწიერი ცხოვრების საზღვრებში - გაუხსნა მას ადამიანებთან ურთიერთობისა და ქრისტეს ქადაგებების მოსმენის შესაძლებლობა.

მახარობელი ბრძანებს, რომ ქრისტემ სნეული "ხალხს გააცალა, თითებით დაუცო ყური, გადააფურთხა და მის ენას შეეხო; ზეცად აღაპყრო თვალნი, ამოიოხრა და უთხრა მას: ეფფათა! რაც ნიშნავს: გაიხსენ!მაშინვე გაეხსნა სმენაცა და დაბმული ენაც და გამართულად ამეტყველდა".

ახლა განკურნებულმა, ყოფილმა ყრუ-მუნჯმა ყველა ადამიანისთვის დამახასიათებელი შესაძლებლობა მიიღო - საკუთარი თავისუფალი ნებითა და ძალისხმევით, ეძებნა გზა ცათა სასუფეველისკენ. ქრისტემ რომ ამოიოხრა და ზეცას შეხედა, მოწმობს იმაზე, რომ აქ, მართლაც უღრმესი ბრძოლა მიმდინარეობდა ეჭმაკის წინააღმდეგ, ხოლო მახარობელის მიერ ზუსტად გადმოცემული არამეული სიტყვა "ეფფათა" გახდა ის "გასაღები", რომლითაც განღებულ იქნა ზეციური სასუფევლის ერთ-ერთი სავანის კარი.

ბევრი კითხულობს, - ქრისტემ, რომელიც ერთი სიტყვით კურნავდა უამრავ სნეულებათ, მოცემულ შემთხვევაში ასე რატომ არ ქნა, არამედ, "თითებით დაუცო ყური, გადააფურთხა და მის ენას შეეხო"? ამაზე შეიძლება ვუპასუხოთ, რომ ეს იყო ერთადერთი, ყრუ-მუნჯი ადამიანისთვის მისაწვდომი და გასაგები "ჟესტების ენა".

წყარო: დეკანოზ ლევ ლიპეროვსკის წიგნიდან: "ქრისტეს სასწაულები და იგავები" (Чудеса и притчи Христовы).

Ori brmis gankurneba

ორი ბრმის განკურნება იერიქონში

( მთ. 20:29-34 : lt მკ. 10:46-52: ლკ. 18:35-43)


ეს მოვლენა აღწერილია სამი მახარობლის მიერ, თანაც მხოლოდ მათე მსჯელობს ორ ბრმაზე, მაშინ როდესაც ორი დანარჩენი სინოპტიკოსი მხოლოდ ერთს ახსენებს. არსებობს სხვა განსხვავებაც თხრობაში: მათესა და მარკოზის მიხედვით, განკურნების სასწაული მოხდა გზაზე, "როდესაც გამოვიდნენ იერიხონიდან", ხოლო ლუკას მიხედვით - "როდესაც იერიხონს მიუახლოვდა". სახარების ზოგიერთი მკვლევარი აქ "წინააღმდეგობას" პოულობს და მას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. სინამდვილეში, აქ შეიძლება ლაპარაკი იყოს მხოლოდ განსხვავებულ წაკითხვაზე და იმაზე, რომ მახარობლები, როგორც ავტორები, რომლებიც შეთანხმებულნი არიან უმთავრესში, თვით სასწაულის აღწერის დროს დეტალებში განსხვავდებიან: ყოველი მათგანი ყურადღებას აქცევს იმას, რაც მას უფრო მეტად ხვდება თვალში.

მათე მახარობელი ასე წერს: "როდესაც გამოვიდნენ იერიხონიდან, მისდევდა მას დიდძალი ხალხი. და აჰა, ორი ბრმა იჯდა გზის პირას, და როდესაც გაიგონეს, იესუ მოდისო, აყვირდნენ და თქვეს: შეგვიწყალე ჩვენ, უფალო, დავითის ძეო! ხოლო ხალხი ტუქსავდა მათ და აჩუმებდა. ისინი კი უფრო ხმამაღლა ყვიროდნენ: შეგვიწყალე ჩვენ, უფალო, დავითის ძეო! იესუ შეჩერდა, მიიხმო ისინი და უთხრა: რას მოითხოვთ ჩემგან? მათ მიუგეს: თვალის ახელას, უფალო. შეებრალა ისინი იესუს და შეეხო მათ თვალებს; იმ წამსვე აეხილათ თვალი და გაჰყვნენ მას".

მარკოზ მახარობელი ამას ამატებს, რომ ერთ-ერთი ბრმა, რომელსაც ქრისტემ განსაკუთრებული ყურადღება მიაპყრო იყო ტიმეოსის ძე ბარტიმეოსი. სავარაუდოდ, ეს იყო ყველასთვის ცნობილი მწირი, რომელიც "გზის პირას იჯდა მოწყალების მთხოვნელად". სწორედ ის ყვიროდა ყველაზე მეტად და ყველაზე მონდომებით. "ბევრი რისხავდა, გაჩუმდით, მაგრამ ის უფრო ხმამაღლა ყვიროდა, დავითის ძეო, შემიწყალე მე!" ბარტიმეოსი პირველი გაეშურა ქრისტესკენ. როდესაც "იესუ შეჩერდა და ბრძანა, დაუძახეთო; დაუძახეს ბრმას და უთხრეს: ნუ გეშინია, ადექ, გეძახის. მანაც დააგდო თავისი მოსასხამი, ადგა და იესუსთან მივიდა"

ქრისტეს კითხვაზე: "რას მოითხოვ ჩემგან?" ბრმამ მიუგო: "რაბუნი, თვალის ახელას!" და ორივე ბრმა, ქრისტეს მოწყალებით განიკურნა თავიანთი სიბრმავისგან და "გაჰყვნენ მას". დასარიგებლად ქრისტემ ბარტიმეოსს უთხრა: "შენმა რწმენამ გადაგარჩინა".

აქ, როგორც მახარობელთა მოწმობებიდან ჩანს, განკურნების სასწაული ქრისტეს მოწყალებითა და ბრმების მაცხოვნებელი რწმენის ძალით მოხდა. თავის განწირულ ყვირილში - ისინი "დავითის ძედ" ანუ მესიად აღიარებდნენ ქრისტეს და გამოხატეს თავიანთი რწმენა, რომ მას (ქრისტეს) შეუძლია "შეიწყალოს" ისინი, ანუ დაუბრუნოს მხედველობა. ბრმებს მაშინვე აეხილათ თვალი, თან გაჰყვნენ მას და ადიდებდნენ ღმერთს. "მაშინ ამის მხილველმა მთელმა ხალხმაც ადიდა ღმერთი".

რამდენი ხანი დაჰყო ქრისტემ იერიქონში, მახარობლები არ გვამცნობენ, მაგრამ როგორც ჩანს გარკვეული პერიოდი მაინც დარჩა, რადგან აქ ის შეხვდა მებაჟე ზაქეს და იმ დღეს მას სახლშიც ესტუმრა: აქვე მოჰყვა იესუმ იგავი "ათ მნეზე" და ა. შ. შესაძლოა იესუ არაერთხელ შევიდა და გამოვიდა იერიქონიდან და, ამიტომაც, არ არის გასაკვირი, რომ ზოგის აზრით ქრისტემ ბრმები განკურნა "როდესაც იერიქონს მიუახლოვდა", სხვებს კი მოეჩვენათ, რომ ეს მოხდა მაშინ, "როდესაც გამოვიდა იერიქონიდან". როგორც უკვე აღვნიშნეთ, თვით სასწაულის აღწერაში ეს ვითარება არანაირ როლს არ თამაშობს.

იერიქონში ქრისტეს ყოფნის შესახებ თხრობა მთავრდება წმ. მახარობელ ლუკას სიტყვებით: "ეს თქვა და დაადგა იერუსალიმისაკენ მიმავალ გზას" (ლკ. 19:28), ხოლო განკურნებული ბრმები, ისევე როგორც დიდძალი ხალხი, მას უკან გაჰყვა. ეს იყო ქრისტეს გზის დასაწყისი ვნებებისკენ და გოლგოთისკენ.

წყარო: დეკანოზ ლევ ლიპეროვსკის წიგნიდან: "ქრისტეს სასწაულები და იგავები" (Чудеса и притчи Христовы).

Sneulis gankurneba biteszdastan

სნეულის განკურნება იერუსალემის ახლოს, "ბეთეზდას" საბანელში

(იოანე.5, 1-16)


"შემდგომ ამისა, - ბრძანებს მახარობელი, - იყო იუდეველთა დღესასწაული, და ავიდა იესო იერუსალიმს". სახარების მკვლევართა უმრავლესობის აზრით, - ეს იყო რიგით მეორე პასექი, რაც ქრისტე გამოვიდა საზოგადო მსახურებაზე, ანუ უდაბნოში მისი მარხვისა და ნათლისღების შემდეგ. იოანე ოქროპირის შემდეგ, ასე ფიქრობენ ტიშენდორფი, ტრენჩი და სხვა კომენტატორები.

"იერუსალიმში, ცხვრის ჭიშკართან, - წერს იოანე მახარობელი, - არის ხუთბჭიანი აუზი, რომელსაც ებრაულად ჰქვია ბეთეზდა (ანუ მოწყალების სახლი) და, რომელსაც ჰქონდა ხუთი შესასვლელი, იქ იწვა უამრავი სნეული, ბრმა, კოჭლი და დავრდომილი, რომლებიც მოელოდნენ წყლის ძვრას".

ეს იყო თავისებური უზარმაზარი საავადმყოფო, ოღონდ ექიმებისა და სამედიცინო მოვლის გარეშე. საიდუმლო ექიმი აქ იყო "უფლის ანგელოზი", რომელიც "დროდადრო ჩადიოდა აუზში და ამღვრევდა წყალს; ხოლო ვინც წყლის ძვრისას პირველი ჩავიდოდა შიგ, რა სენითაც უნდა ყოფილიყო სნეული, იკურნებოდა".

აქ უნებლიედ ჩნდება კითხვა ამ საბანელის წყლის საკვირველმოქმედ, მაკურნებელ ძალასთან დაკავშირებით. იყო თუ არა ეს მინერალური წყარო, რომელიც შეიცავდა სამკურნალო მარილებს ან რადიოაქტიურ ნივთიერებებს, რომლებიც მოქმედებდნენ მიწიდან მისი ამოხეთქვის შემთხვევაში, თუ ეს იყო სასწაულებრივი მოვლენა, რომელსაც არანაირი კავშირი არ გააჩნია ჩვეულებრივი ბუნების ფიზიკასთან, გეოლოგიასთან და ქიმიასთან? ყოველ შემთხვევაში, ამ სამკურნალო საბანელის არსებობა დიდხანს არ გაგრძელებულა, რადგან იერუსალემის მომდევნო ისტორიაში ის ნახსენები არ არის. დღეისთვის აჩვენებენ, და ისიც სავარაუდოდ, მხოლოდ იმ ადგილს, სადაც იყო ბითეზდა, მაგრამ იქ სამკურნალო წყლები არ არის. ეს არის სილოამის ზედა წყარო, რომელსაც დღეს მარიამის, ყოვლადწმიდა ქალწულის წყაროს უწოდებენ.

უნდა შევნიშნოთ, რომ იოანეს სახარების მე-5 თავის მე-4 მუხლთან დაკავშირებით არსებობდა და დღემდე არსებობს სამეცნიერო პოლემიკა არის თუ არა ის ნამდვილი. ზოგიერთი მეცნიერი ფიქრობს, რომ ეს მუხლი არის გვიანდელი ჩანართი, მაგრამ ძალიან ძველი წარმომავლობის, რომელიც მიდის ტერტულიანეს (II-III სს.) დრომდე, რომელიც პირველი მოწმეა მის თანამედროვე მანუსკრიპტებში არსებული ტექსტებისა. ჩვენ კი ამ მუხლს ვიღებთ იმ სახით, როგორც ის გადმოცემულია მართლმადიდებლური ტრადიციით.

მე-4 მუხლი, სადაც ნათქვამია, რომ "ანგელოზი დროდადრო ჩადიოდა აუზში და ამღვრევდა წყალს", ზუსტად პირდაპირ კავშირშია ჩვენს მიერ დასმული კითხვის არსთან, თუ როგორი იყო ამ სასწაულის "ბუნება". ინგლისელი მკვლევარი, დუბლინის არქიეპისკოპოსი ტრენჩი, ამასთან დაკავშირებით ამბობს:

"მოთხრობა ანგელოზზე, რომელიც ამღვრევდა წყალს, დამყარებულია რელიგიურ მსოფლმხედველობაზე, მთელი ხილული და უსულო ბუნების მიღმა დგას უფრო მაღალი და სულიერი ბუნება, საგანთა ნივთიერი თანმიმდევრობის უკან ჩვენ ვხედავთ სხვა თანმიმდევრობას, რომელიც შეზღუდული არ არის მატერიალისტური ბუნების საზღვრებით: ჩვენ არ უნდა ვიფიქროთ, რომ ჩავწვდით მიზეზთა საზღვრებს, როდესაც, სინამდვილეში, შევნიშნეთ მხოლოდ მოვლენათა თანმიმდევრობა: ჩვენ ყველგან ვაღიარებთ ღმრთის ძლიერებას, უხილავ მოქმედ ძალებს, რომლებიც პირადად ან სხვა სახით, ასრულებენ მის ნებას. ის, რომ ანგელოზები არიან ღმრთის მსახური სულები დასტურდება წმიდა წერილის სხვა ადგილებით (მაგ.: ებრ. 1:7; გამოცხ. 7:1); ამასთან წყლის ანგელოზში ჩვენ ვხედავთ შეხების წერტილს იოანე იდუმალთმხილველსა და იოანე მახარობელს შორის".

რაც შეეხება თვით ქრისტეს სასწაულს, რომელიც მან ხსენებულ ადგილას აღასრულა, იოანე მახარობელი მის შესახებ ბრძანებს: იყო იქ კაცი, რომელიც ოცდათვრამეტ წელიწადს იტანჯებოდა თავისი სენით. როცა იესომ მწოლარე იხილა იგი, მიხვდა, რომ დიდი ხანია ამ დღეში იყო, და უთხრა: გინდა განიკურნო? ხოლო სნეულმა მიუგო: უფალო, კაცი არა მყავს, რომ წყლის ძვრისას ჩამიშვას აუზში; ვიდრე მე მივალ, სხვა მასწრებს ჩასვლას".

"კაცი არა მყავს", - ამბობს დამწუხრებული სნეული, - და ვერ ცნობს მასთან მოლაპარაკე ადამიანს, იმას, ვისი სიტყვითაც შეიქმნა ცა და მიწა, ხილული და უხილავი, ვის ხელშიც არის სიცოცხლე და სიკვდილი და, ბუნებრივია, ყოველი კაცის განკურნებაც.

ეს სიტყვები - "უფალო, კაცი არა მყავს" - მდიდარი თემაა განსასჯელად თუ როგორი შეიძლება იყოს სულიერი სიბრმავე და ადამიანური გულის ახლომხედველობა, რაც განსაკუთრებული ძალით არის გამოხატული "განრღვეულის კვირის" საეკლესიო მსახურებაზე (მწუხრისა და ცისკრის სიქარონები), როდესაც ეკლესია იხსენიებს ამ სახარებისეულ მოვლენას.

მაგრამ გულთამხილველი უფალი მას ეუბნება: "აღდეგ, აიღე შენი სარეცელი და წადი. მაშინვე განიკურნა იგი; აიღო თავისი სარეცელი და წავიდა. ხოლო ის დღე შაბათი იყო".

უფლის წყალობით აღსრულდა ახალი მოულოდნელი სასწაული, რომელიც ადამიანისადმი სიყვარულითა და მოწყალებით არის აღსავსე.

მაგრამ ადამიანთა გულები, - და თვით განკურნებულის გული, - მაინც უგულისხმო დარჩა. "ხოლო ის დღე შაბათი იყი". ამიტომაც იუდეველები ეუბნებოდნენ განკურნებულს: "დღეს შაბათია, ასე რომ, ნება არ გქონდა აგეღო შენი სარეცელი. მან კი მიუგო: ვინც განმკურნა, მანვე მითხრა: აიღე შენი სარეცელი და წადი".

მაშინ იუდეველებმა მას კვლავ ჰკითხეს: "ვინ არის ის კაცი, რომელმაც გითხრა, აიღე შენი სარეცელი და წადიო? მაგრამ განკურნებულმა არ იცოდა, ვინ იყო, რადგან იესო იქვე მყოფ ხალხში გაუჩინარდა". ამის შემდეგ იესუმ ტაძარში დაინახა იგი და უთხრა: "აჰა, განიკურნე; ნუღარა სცოდავ, რათა უარესი არ დაგემართოს".

ქრისტეს ამ გამაფრთხილებელი სიტყვების შემდეგ, რომელიც საფუძველს გვაძლევს ვიფიქროთ, რომ ამ ადამიანის სნეულება გამოწვეული იყო მისთვის ცნობილი ცოდვებით, - განკურნებული ჩადის უცნაურ საქციელს, რომლის მოტივები ჩვენთვის დღემდე გაურკვეველი რჩება: "მაშინ ის კაცი წავიდა და იუდეველებს უთხრა, რომ იესუმ განკურნა იგი".

ამ საქციელს მოჰყვა ის, რომ იუდეველები ადრინდელზე უარესი სიძულვილით აღიძრნენ ქრისტეს წინააღმდეგ: "ამიტომაც იუდეველები მოსაკლავად დასდევდნენ იესოს, ვინაიდან ამას იქმოდა შაბათს".

ამ განკურნებულ კაცთან (რომლის სახელი ჩვენთვის უცნობია) დაკავშირებულია ზოგიერთი გადმოცემა და ლეგენდა, ოღონდ აპოკრიფული ხასიათის. კერძოდ, არსებობს გადმოცემა, რომ სწორედ ეს კაცი იყო ის მსახური, რომელმაც "სილა გააწნა იესუს" (იოანე 18:22), როდესაც ის დასაკითხად მიიყვანეს მღვდელმთავარ ანასთან, მისი გაცემის ღამეს, რაზეც, სხვა ლეგენდის თანახმად, - სახარებაში დამოწმებული ქრისტეს მოკლე პასუხის გარდა: "უთხრა მას იესუმ: თუ ცუდად ვთქვი, მიჩვენე ცუდი, და თუ კარგად - რატომღა მცემ?" (იოანე 18:23), - ქრისტემ, თითქოსდა დაამატა: "ამიტომაც იცოცხლებ მარადიულად" და მას უკავშირებს "მარადიული იუდეველის" სახელს - აგასფერა, რომელიც დედამიწაზე სიცოცხლით დაიღალა და დაეძებს სიკვდილს, მაგრამ რომელსაც სიკვდილი გაურბის, და ის, აი ასე, საუკუნიდან საუკუნემდე, ცხოვრობს რა ხალხთა შორის, იტანჯება, რადგან ვერ კვდება, სანამ კვლავ არ მოვა მაცხოვარი...

ხოლო, რაც შეეხება სახარებაში აღწერილი ამ ნამდვილ ამბავს, მისი არსი მდგომარეობს სწორედ განკურნების მოულოდნელობაში და იმაში, რომ ამ სასწაულმოქმედების შემდეგ იუდეველებმა კიდევ უფრო გაამძაფრეს ქრისტეს დევნა და მისდამი სიძულვილი.

წყარო: დეკანოზ ლევ ლიპეროვსკის წიგნიდან: "ქრისტეს სასწაულები და იგავები" (Чудеса и притчи Христовы).

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню