განმარტებანი - ქრისტეს სასწაულები და იგავები. სისხლმდინარე დედაკაცის განკურნება - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

სწავლანი > განმარტებანი

ქრისტეს სასწაულები და იგავები

sisxlmdinare_dedakacis_saswaulebrivi_gankurneba

შინაარსი

სისხლმდინარე დედაკაცის განკურნება

და სინაგოგის წინამძღვრის ქალიშვილის მკვდრეთით აღდგინება


(მთ. 9:18-26 მკ. 5:22-43: ლკ. 8:41-56)


ამ ორ სასწაულს სინოპტიკოსები ერთმანეთთან კავშირში მოგვითხრობენ. ერთი სასწაულის დასაწყისი მეორის შესახებ თხრობით წყდება. დროითი კავშირს, როგორც ჩანს, შინაგანი აზრიც გააჩნია, რადგან ორივე შემთხვევაში - როგორც იაიროსტან, ასევე სისხლმდინარე დედაკაცთან ვლინდება რწმენის განსაკუთრებული ძალა, რომლის შედეგიც უდიდესი სასწაულები გახდა.

კაპერნაუმში აღსრულებულ ამ სასწაულებზე, მოგვიანებით თვით ქრისტეც გულისტკივილით აღნიშნავდა: "და შენ, კაპერნაუმ, თვით ზეცამდე ამაღლებულო, ჯოჯოხეთამდე დაემხობი ... რადგან ტიროსსა და სიდონს
(ანუ წარმართულ ქალაქებს - ავტ.) რომ მოვლენოდა თქვენში მოვლენილი სასწაული, რა ხანია ძაძასა და ნაცარში მსხდომნი შეინანებდნენ" (მათე 11:23; ლუკა 10:15)

მახარობელი მარკოზი ყველაზე დეტალურად მოგვითხრობს ხსენებულ სასწაულებზე. ის ამბობს:

"და, აჰა, მივიდა მასთან სინაგოგის ერთი წინამძღვარი, სახელად იაიროსი, და, დაინახა თუ არა იგი, ფეხებში ჩაუვარდა. გულმხურვალედ შეევედრა და უთხრა: ჩემი ასული სიკვდილის პირასაა. მოდი და ხელი დაადე, რათა მორჩეს და იცოცხლოს. ისიც წაჰყვა..."

იაიროსს (სინაგოგის წინამძღვარს) იოტისოდენადაც არ ეეჭვებოდა, რომ ქრისტეს, თავისი ხელის დადებით შეეძლო სიკვდილისგან ეხსნა მისი მომაკვდავი ქალიშვილი, მით უმეტეს, მან, რა თქმა უნდა, იცოდა აქვე, კაპერნაუმში მომხდარი სასწაულის შესახებ, როდესაც ქრისტემ სასიკვდილო სნეულებისგან იხსნა კარისკაცის ძე. მაგრამ თუ იქ ქრისტემ მხოლოდ სიტყვა წარმოთქვა და დაუსწრებლად დაუბრუნა სიცოცხლეს მომაკვდავი, აქ მაცხოვარი პირადად მიდის მთხოვნელის სახლში. ამან უეჭველად დაამშვიდა და გაახარა იაიროსი, თუმცა, აქ მოხდა მოულოდნელი მოვლენა, რომელმაც ქრისტე მცირედით შეაყოვნა, მაგრამ იაიროსში წყენის ან მოუთმენლობის აჩრდილიც კი ვერ გამოიწვია.

იაიროსის სახლისკენ მიმავალ ქრისტეს "თან მისდევდა დიდძალი ხალხი და ზედ აწყდებოდა". ყველას სურდა სასწაულთმოქმედთან და მოძღვართან მიახლოვება. და აი: "ერთმა ქალმა, რომელიც თორმეტ წელიწადს სისხლის დენით იტანჯებოდა, ბევრი რამ დაეთმინა მრავალი მკურნალის ხელში, და დაეხარჯა ყველაფერი, რაც ებადა, მაგრამ არაფერში წასდგომოდა და, პირიქით, უარესად შექმნილიყო, - იესოს ამბავი რომ გაიგო, უკნიდან მიუახლოვდა ბრბოში და მის სამოსს შეეხო. ვინაიდან გულში ამბობდა: მის სამოსსაც რომ შევეხო, მეშველებაო" (მკ. 5:25-28).

ჩვენთვის ძნელი არ არის ამ უბედური ქალის მდგომარეობის წარმოდგენა, რომელიც უიმედო სნეულებამ ლამის სასოწარკვეთამდე და სრულ განადგურებამდე მიიყვანა. რა სნეულება იყო ეს? შესაძლოა ეს ყოფილიყო საშვილოსნოს ფიბრომა, რომელიც, მიშვებულ მდგომარეობაში მხოლოდ ოპერატიული ჩარევის შედეგად იკურნება: მაგრამ, იმ დროს, ქირურგიული ოპერაციები არავინ იცოდა და, სავარაუდოდ, ადამიანებს ბუნებრივი ნარკოტიკებით მკურნალობდნენ, რასაც მათი ორგანიზმი გამოფიტვამდე და, საბოლოოდ, რა თქმა უნდა, სიკვდილამდე მიყავდა.

ქალს რცხვენოდა ექიმებისთვის მოეთხრო თავისი პრობლემა, და მით უმეტეს, ის ვერასოდეს ამცნობდა თავისი სნეულების შესახებ, ამდენი ხალხის წინ, დიდებით მოსილ და ყოვლისმკურნალ ექიმს, როგორიც იყო მოძღვარი კაპერნაუმიდან. მაგრამ მის სულში იშვა ღმრთითბოძებული, ურყევი რწმენა იმისა, რომ სწორედ ის, მხოლოდ და მხოლოდ ის, კაპერნაუმელი მოძღვარი შეძლებდა ამ გაუსაძლისი სატანჯველისგან მის დახსნას. ამიტომაც, როგორც კი ესმა, რომ ბრბოთი გარემოცული ქრისტე მოახლოვდა, "უკნიდან მიუახლოვდა ბრბოში და მის სამოსს შეეხო. ვინაიდან გულში ამბობდა: მის სამოსსაც რომ შევეხო, მეშველებაო"... და, მართლაც, როგორც მარკოზ მახარობელი გვამცნობს: "შეხებისთანავე შეუწყდა სისხლის დენა, და ტანმა უგრძნო, რომ განიკურნა სნეულებისგან".

ვისაც თავის ცხოვრებაში, მრავალი წლის განმავლობაში განუცდია ხანგრძლივი, სულის გამთანგველი დაავადება, რომელიც იპყრობს ადამიანის ცნობიერებასაც, აგდებს მას უიმედობასა და სასოწარკვეთილებაში, უცვლის ყოველგვარ წარმოდგენას გარემომცველ სინამვდილეზე, მან იცის, რას ნიშნავს, თუნდაც მცირედი ხნით გათავისუფლდე ამ ტანჯვისგან, მცირედი ხნით ოდნავ მაინც გულით ამოისუნთქო, იგრძნო თავი ჯანმრთელად და თუნდაც ერთი ღამე დაიძინო ტკივილის გარეშე, საკუთარი სხეულისა და ამ ცხოვრების გაუთავებელი ტკივილებისადმი ზიზღის გარეშე - ეს ისეთი შვება და სიხარულია! და როგორი იქნება ამგვარი ადამიანის მდგომარეობა, თუკი ის სრულიად განიკურნება?! აი მაშინ დაიწყება მისთვის ჭეშმარიტად ახალი და ნათელი ცხოვრება. მაგრამ სად არის ეს ექიმი, ვისაც უიმედო სნეულთა განკურნება ძალუძს?!

სისხლმდინარე დედაკაცმა ჰპოვა თავისი მკურნალი. შესაძლოა, მას იგი არასოდეს უხილავს, მაგრამ ამჟამად, როგორც კი ნახა, მან იგრძნო და ირწმუნა, რომ მისგან გამომავალ ძალას, რომელიც ყველას კურნავდა, შეეძლო მისი განკურნებაც. და მართლაც, მხოლოდ ქრისტეს სამოსის კალთის ოდნავი შეხებაც კი საკმარისი აღმოჩნდა სნეული დედაკაცის სრული ჯანმრთელობის აღსადგენად და "ტანმა უგრძნო, რომ განიკურნა სნეულებისგან".

შემდეგ, მახარობლები მოწმობენ, რომ "მაშინვე იესომ თავადაც იგრძნო, რომ ძალა გავიდა მისგან, მიუბრუნდა ხალხს და იკითხა: ვინ შეეხო ჩემს სამოსს?" (მკ. 5:30).

ამ სიტყვების კითხვისას ბევრი დაბნეული კითხულობს: რა "ძალაა" ეს, რომელიც გამოდიოდა ქრისტესგან, რომ მან თვითონაც იგრძნო მისი გამოსვლა? მაგნეტიზმი? ელექტრობა? თუ კიდევ რამე სხვა მატერიალური ძალა? "ვინაიდან ძალი გამოდიოდა მისგან და კურნავდა ყველას...", - ნათქვამია ლუკას სახარების სხვა ადგილას (იხ. ლკ. 6:19). დიახ, შესაძლოა ეს ყოფილიყო მატერიალური "ბუნებრივი" ძალა, რომელიც აბსოლუტურად ჯანსაღი სხეულისთვის არის დამახასიათებელი, როგორიც იყო სხეული ახალი, უცოდველი ადამისა. საერთოდ, უნდა ითქვას, რომ ადამიანის ჯანმრთელი (თუმცა, რა თქმა უნდა, არა აბსოლუტური თვალსაზრისით) სხეული ფლობს ყველა თვისების კოლოსალურ ძალას, მაგრამ ეს ძალები - ცოდვით დაცემული გონების, გულისა და სულის უუნარობის გამო, - გამოყენებულია ოდენ უმცირესი დოზით, და ამგვარი დოზითვე, ის შეიძლება გადაეცეს სხვა ადამიანს. აქედან მომდინარეობს სნეულთა კურნებისთვის სავალდებულო რწმენა - მკურნალისა და საკურნებელისა. ქრისტეს მკურნალი ძალა მზის სხივივით იყო, - რომელიც ააღორძინებს დედამიწას და ანადგურებს ყოველ მავნე საწყისს. მაგრამ მზის სხივები სახლში აღწევენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ყველა სარკმელი ღიაა და ფანჯრების შუშებიც გაწმენდილი და გაკრიალებულია. ასეა ადამიანიც, მისი სული მხოლოდ მაშინ მიიღებს ქრისტეს მაკურნებელ ძალას, როდესაც მისი სული ღიაა რწმენისთვის და განწმენდილი და გაკრიალებულია სინანულით, ანუ საკუთარი ცოდვილიანობის შეგნებით, ასევე წყურვილით რადიკალურად შეცვალოს თავისი ცოდვილი ცხოვრება.

ამრიგად, როგორც კი სისხლმდინარე დედაკაცი ქრისტეს "სამოსის კალთას შეეხო და მაშინვე შეუწყდა სისხლის დენა" - ანუ, მედიცინის ენაზე რომ ვთქვათ, - სისხლმდინარე სიმსივნე უეცრად ინვოლუციის სტადიაში გადავიდა, ანუ "გაიწოვა", როგორც ეს ამ სნეულების საწყის სტადიაზე ხდება.

დედაკაცს სურდა თავისი განკურნება საიდუმლოდ შეენახა, მაგრამ ქრისტე მას ბრბოში ეძებდა, და "რაკი მიხვდა ქალი, რომ ვერ დაიმალა, კანკალით მიუახლოვდა, ფეხქვეშ ჩაუვარდა და მთელი ხალხის წინაშე აღიარა, რატომ შეეხო და რა უცებ განიკურნა". მაგრამ ქრისტემ ანუგეშა იგი, რამეთუ ქალის სული აფორიაქებული იყო ქრისტესა და ხალხის შიშით: ყველასგან მიმალული ის ახლა უეცრად ყველას ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა, მას ერთსა და იმავე დროს დაეუფლა განკურნების სიხარული და შიში თავნებობისთვის, მაგრამ ქრისტემ ის გაამხნევა, მისცა მშვიდობა და შემდგომი ცხოვრების კურთხევა: "გამხნევდი, შვილო, შენმა რწმენამ გადაგარჩინა. წადი მშვიდობით, დახსნილი ხარ შენი სატანჯველისგან".

Iairosis_qalishvilis_mkvdretit_agdgineba

როდესაც უფალი განკურნებულ დედაკაცს კურთხევას აძლევდა, ხოლო წუხილითა და იმედით აღსავსე იაიროსი ქრისტეს გვერდით იდგა, მასთან "მივიდნენ და უთხრეს: შენი ასული აღესრულა; რატომღა აწუხებ მოძღვარს?" მაგრამ ვერ მოასწრო იაიროსმა სიტყვის წარმოთქმა, რომ "იესუმ ამ სიტყვების გაგონებისთანავე უთხრა სინაგოგის წინამძღვარს: ნუ გეშინია, შენ მხოლოდ გწამდეს", და უკვე დაუყოვნებლივ მისი სახლისკენ გაეშურა. მთელი ბრბო უკან მიჰყვებოდა ქრისტეს, მაგრამ მან "არავის მისცა გაყოლის ნება, პეტრეს, იაკობისა და იოანეს, იაკობის ძმის, გარდა".

ამის შემდეგ ჩვენ უჩვეულო სასწაულის მომსწრენი ვხდებით, რომლის მსგავსი ქრისტეს მანამდა არ აღუსრულებია. მან მკვდრეთით აღადგინა თორმეტი წლის ახლად გარდაცვლილი გოგონა - იაიროსის ქალიშვილი. როგორ მოხდა ეს?

მკვდარი გოგონა სახლში იწვა, გარეთ კი ხალხი მშფოთვარებდა, იყო ტირილი და მოთქმა-გოდება. როდესაც მივიდა სინაგოგის წინამძღვრის სახლში, "და იხილა შფოთი, მოტირალნი და მოზარენი. შევიდა და უთხრა მათ: რატომ შფოთავთ და მოსთქვამთ? გოგონა კი არ მომკვდარა, არამედ სძინავს" (მკ. 5:39).

ამ სიტყვებმა იქ დამსწრეთა სიცილი გამოიწვია, რადგან იცოდნენ, რომ გოგონა მოკვდა. ქრისტემ კი "გარეთ გამოასხა ყველანი, შეიყოლა მხოლოდ ბავშვის დედ-მამა და შევიდა, სადაც გოგონა იწვა... ხელი მოჰკიდა და უთხრა მას: ტალითა, კუმი! რაც თარგმანით ნიშნავს: შენ გეუბნები, პატარავ, აღდეგ!" და, როგორც მარკოზ მახარობელი გვამცნობს, "გოგონაც მაშინვე აღდგა და გაიარა; ხოლო ის თორმეტი წლისა იყო. და განცვიფრდნენ დიდად". ლუკა მახარობელი ამატებს: "მოიქცა მისი სული და მაშინვე აღდგა. ხოლო მან ბრძანა, საჭმელი მიეცათ მისთვის". და ვინც ეს სასწაული ნახა, როგორც მარკოზ მახარობელი ბრძანებს, - "განცვიფრდნენ დიდად".

რა თქმა უნდა, შეუძლებელი იყო არ გაკვირვებულიყვნენ ამ საოცარი სასწაულის მნახველნი, რომელიც ქრისტემ ჯოჯოხეთსა და სიკვდილზე თავისი ძალაუფლების ნიშნად აღასრულა; ასევე გამოავლინა თავისი სიყვარული და მოწყალება ადამიანის გამოუთქმელი უბედურებისადმი და აჩვენა ძალა, რომელიც ამტკიცებს და აგვირგვინებს ქალიშვილის მამის ურყევ რწმენას. მაგრამ ეს სასწაული ქრისტეს არ აღუსრულებია თავისი ღმერთ-ძეობრიობის დასამტკიცებლად ან ხალხში "პოპულარობის" მოსახვეჭად - რამეთუ "იესუმ უბრძანა მათ, არავისთვის ეთქვათ, რაც მოხდა".

მარკოზ მახარობლის მიერ ზუსტად დამოწმებული არამეული სიტყვები "ტალითა, კუმი" კაცობრიობას შესაძლებლობას აძლევს, ყველა საუკუნეში, თავად ისმინოს და გაიმეოროს თვით ჩვენი უფლის მიერ წარმოთქმული საოცარი სიტყვა.

სინაგოგის მოძღვრის ქალიშვილის გარდაცვალების ფაქტი, როგორც ეს აღწერილია მახარობელთ მიერ, არანაირ ეჭვს არ უნდა იწვევდეს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ზოგჯერ ისმის ურწმუნოთა ხმები, რომლებიც ამბობენ, რომ თითქოსდა ამ შემთხვევაში საქმე არ გვქონდეს ნამდვილ სიკვდილთან, - გოგონა უგონო მდგომარეობაში ჩავარდა, ან ღრმა ლეთარგიული ძილით დაიძინა, რაზეც თითქოსდა თვით ქრისტემაც უთხრა მოტირალთ: "გოგონა კი არ მომკვდარა, არამედ სძინავს". - მაგრამ ქრისტემ ოთხი დღის მკვდარ და უკვე კუბოში ჩაწვენილ ლაზარეზეც ბრძანა: "ლაზარემ, ჩვენმა მეგობარმა, მიიძინა" (იოანე 11:11), თუმცა ლაზარე სწორედაც რომ ოთხი დღის მკვდარი იყო. აქ კი ლუკა მახარობელი (რომელიც ამავე დროს ექიმიც გახლდათ) ბრძანებს: "მოიქცა მისი სული და მაშინვე აღდგა". მაშასადამე, სული გასული იყო სხეულიდან, ანუ ქალიშვილი მკვდარი გახლდათ.

არ დავიწყებთ რა აქ "სიკვდილის სახეობათა" განხილვას, რომელიც მრავალგვაროვანია, აღვნიშნავთ მხოლოდ იმას, რომ საერთოდ, "სიკვდილი" საკმაოდ რთული მოვლენაა, და მთელი სხეული ყოველთვის, მის ყოველ ნაწილსა და შემადგენლობაში უეცრად და ერთდროულად როდი წყვეტს მოქმედებას. მაგალითად, ადამიანმა შეიძლება გონი დაკარგოს და აღარასოდეს დაუბრუნდეს მას, თუმცა მისი სხეული ჯერაც სიცოცხლისუნარიანი იყოს და აგრძელებდეს თავის მოქმედებას. თუმცა, არსებითად, ესეც სიკვდილია. ან კიდევ: ადამიანი შეიძლება ცოცხლადვე გაიხრწნას, ნაწილ-ნაწილ მოკვდეს (ატროფია), მაგრამ ამ პროცესში შეინარჩუნოს ცნობიერება. ესეც სიკვდილია. ან კიდევ: ადამიანს შეიძლება გასცილდეს სული. ამასთან ცნობიერება წყვეტს მოქმედებას, ხოლო სხეული ჯერ კიდევ გარკვეული ხანი ცოცხლობს. არსებითად - ეს არის ყველაზე ნამდვილი სიკვდილი, ან კარიბჭე სიკვდილისა... თუ სული არ "დაბრუნდა", სხეული და სული (ცნობიერება, ინტელექტი, გრძნობა) უკვე ვეღარასოდეს აღიდგენენ თავიანთ ფუნქციებს.

ვის შეუძლია ადამიანში "სულის დაბრუნება"? მხოლოდ იმას, ვინც მისი უფალია, ანუ ღმერთს! სწორედ ეს აღესრულა კაპერნაუმში გარდაცვლილ გოგონაზე, როდესაც ის კვლავ დაუბრუნა სიცოცხლეს ყოვლისშემძლე მეუფემ, ყოველი ადამიანის სულისა და ბუნების ყოველი ძალის განმგებელმა - ღმერთკაცმა იესუ ქრისტემ.

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню