განმარტებანი - ქრისტეს სასწაულები და იგავები. შეპყრობილის განკურნება კაპერნაუმში - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

სწავლანი > განმარტებანი

ქრისტეს სასწაულები და იგავები

შეპყრობილის_განკურნება

შინაარსი

შეპყრობილის განკურნება კაპერნაუმში

(ლკ. 4:31-37; მკ. 1:21-28)


დეკანოზ ლევ ლიპეროვსკის წიგნიდან: "ქრისტეს სასწაულები და იგავები" (Чудеса и притчи Христовы).

ერთ-ერთი პირველი სასწაული, რომელიც ქრისტემ ნაზარეთის სინაგოგაში ქადაგების შემდეგ გალილეაში აღასრულა, კაპერნაუმში შეპყრობილის განკურნება იყო. მსმენელებს "უკვირდათ მისი მოძღვრება, ვინაიდან ძალმოსილებით იტყოდა სიტყვას". ქრისტეს ერთ-ერთი ასეთი ქადაგების დროს, სინაგოგაში გამოჩნდა "უწმინდური სულით შეპყრობილი კაცი, რომელმაც ხმამაღლა შეჰყვირა და თქვა: ეჰა, რა ხელი გაქვს ჩვენთან, იესო ნაზარეველო? ჩვენს დასაღუპად მოსულხარ: გიცნობ, ვინცა ხარ, ღმერთის წმიდაო".

მაგრამ "შერისხა იგი იესუმ და თქვა: ხმა გაკმინდე და გამოდი მაგისგან. და დასცა იგი შუა სინაგოგაში უწმინდურმა სულმა, და ხმამაღლა ყვირილირ გამოვიდა მისგან, ისე რომ არაფერი უვნია მისთვის. შეძრწუნდა ყველა, და ერთმანეთს ეუბნებოდნენ: რა არის ეს სიტყვა, რომ ხელმწიფებითა და ძალმოსილებით უწმინდურ სულებსაც უბრძანებს და ისინიც გამოდიან?" (ლკ. 4:36).

ქრისტეს თანამედროვეთათვის სულაც არ იყო საკვირველი, რომ დემონები იპყრობდნენ ადამიანებს და ეუფლებოდნენ მათ, მაგრამ ხალხი გაოგნებული იყო მით, რომ გამოჩნდა კაცი, რომელიც ძალმოსილებით უბრძანებდა უწმინდურ სულებს და დევნიდა მათ ადამიანებისგან. ეს იყო ღმრთის მოწყალების აქტი კაცთა დაცემული მოდგმის მიმართ. "და მოედო მისი ამბავი მთელს არე-მარეს", - ბრძანებს მახარობელი.

პეტრეს სიდედრის განკურნება ციებ-ცხელებისგან

პეტრეს სიდედრის განკურნება

(მთ. 8:14-17: მკ:1, 29-34: ლკ. 4:38-41)


უწმინდური სულით შეპყრობილი კაცის განკურნების შემდეგ, კაპერნაუმის სინაგოგიდან რომ გამოვიდა, ქრისტემ თავის მოწაფეებთან, იაკობთან და იოანესთან ერთად სიმონისა და ანდრიას სახლს მიაშურა. ეს აქვე კაპერნაუმშივე იყო. შესაძლოა, ქრისტეს თავის მოწაფეთა სახლში დასვენება და ცოტა საკვებითაც მოძლიერება სურდა; შესაძლოა პეტრე და ანდრია, რომლებმაც იცოდნენ ოჯახის დიასახლისის ავადმყოფობის შესახებ, იმედოვნებდნენ მოძღვრის შეწევნას, მაგრამ დუმდნენ. როდესაც ქრისტე შევიდა პეტრეს სახლში "იხილა მისი სიდედრი, რომელიც ცხელებით შეპყრობილი იწვა ... და სთხოვეს მისთვის". მაშინ, "მივიდა ... შეეხო მის ხელს ... შერისხა ცხელება, და მანაც დაუტევა იგი; გაუარა მას ცხელებამ; წამოდგა და ემსახურებოდა მათ".

სამი მახარობლის მიერ მონათხრობ ამ ამბავში, უპირველეს ყოვლისა უნდა აღვნიშნოთ მთავარმოციქულ პეტრეს ცხოვრების განსაკუთრებულად ღირებული დეტალები. პეტრე დაოჯახებული იყო, ჰქონდა სახლი კაპერნაუმში და ოჯახური ცხოვრებით ცხოვრობდა. ამის შესახებ სამივე ხსენებული მახარობელი გვამცნობს, მაგრამ არ ასახელებენ არც სიმონის ცოლის სახელს და არც მისი ოჯახის წევრთა ვინაობას. სავარაუდოდ ამ დღეებში პეტრე, ისევე როგორც მისი ძმა ანდრია, სასწაულებრივი თევზჭერისა და სამოციქულო ღვაწლისკენ მოწოდების შემდეგ, უკვე მოწყდნენ ჩვეულებრივ საოჯახო ცხოვრებას, რადგან "მიატოვეს ყველაფერი და მიჰყვნენ ქრისტეს". თუმცა, გარკვეული მეგობრული კავშირი თავიანთ "სახლეულებთან" შეინარჩუნეს. გადმოცემის მიხედვით, სიმონ-პეტრეს ცოლი თან დაჰყვებოდა მას სამქადაგებლო მოღვაწეობაში, და მეტიც, რომში მოციქულის მოწამეობრივი აღსასრულის თვითმხილველიც იყო.

შემდეგ ყურადღება უნდა მივაპყროთ იმას, თუ როგორ განკურნა სიმონ-პეტრეს სიდედრი მაცხოვარმა. წმ. მახარობელი ლუკა, როგორც ექიმი მოწმობს, რომ ციებ-ცხელება "ძლიერი" იყო, ანუ მაღალი ტემპერატურით, და რომ ქრისტემ "შერისხა ცხელება". თანამედროვე ექიმებმა იციან, რომ ყოველ სნეულებას თან ახლავს ცხელება, რომელსაც პათოგენური მიკროორგანიზმები იწვევენ. მაშ, ვინ "შერისხა" ქრისტემ? - შეეხო რა თავისი ხელით დასნებოვნებული ქალის სხეულს, მან, ვისაც ემორჩილებიან ბუნების ძალნი და სტიქიონები, ძალმოსილად შეწყვიტა მავნე მიკრობების დამანგრეველი მოქმედება. სნეულება, ყველა მისი სიმპტომითურთ უცებ შეწყდა, სნეული ქალი "იმწამსვე წამოდგა" საწოლიდან და "მოემსახურა" სტუმრებს, ანუ ხელი მიჰყო ჩვეულ საოჯახო საქმეებს.

პეტრეს სიდედრის განკურნებით არ ამოიწურება კაპერნაუმში ამ დღეს ქრისტეს სასწაულთმოქმედება. "ხოლო საღამოს, მზის ჩასვლისას, მიჰგვარეს მას ყველა სნეული და ეშმაკეული. და მთელმა ქალაქმა კარწინ მოიყარა თავი. მრავალი სნეული განკურნა სხვადასხვა სენისაგან, მრავალი ეშმაკი განდევნა და არა რთავდა ეშმაკებს იმის თქმის ნებას, რომ ისინი იცნობდნენ მას" (მარკ. 1:34-35).

იმავეს, ოღონდ უფრო მოკლედ, ადასტურებს მახარობელი მათეც, და ამბობს: "ხოლო შებინდებისას მიჰგვარეს მას მრავალი ეშმაკეული, და განდევნა სულები სიტყვით, და განკურნა ყველა სნეული. რათა აღსრულდეს თქმული ესაია წინასწარმეტყველის მიერ, რომელიც ამბობს: მან თავს იდო ჩვენი უძლურებანი და იტვირთა ჩვენი სნებანი" (ეს. 53:4).

მაგრამ რაზე მიანიშნებს ეს წინასწარმეტყველება? რა თქმა უნდა, არა თვით ქრისტეს დაავადებას და დაუძლურებას, რომელმაც თავს იდო კაცობრიობის უთვალავი სნეულებანი, არამედ იმას, რომ მან თავისი აბსოლუტური სიწმიდე, ძალა და უცოდველობა დაუპირისპირა ეშმაკის უძლურებას, რომელმაც სამყარო ცოდვითა და სიკვდილით მოწყლა. "მისი წყლულებით ჩვენ განვიკურნეთ" (ეს. 53:5). გეთსემანიის ბაღში და შემდეგ ჯვარზე, უფალი მთელი კაცობრიობის ცოდვებით მართლაც იტანჯა, როგორც სხეულებრივად, ასევე სულიერად.

ასეთი მძიმე დღის შემდეგ, ქრისტემ, როგორც ჩანს, სიმონ-პეტრეს სახლში გაათენა, "ხოლო ცისკრისას, დილაუთენია ადგა და გამოვიდა; უდაბურ ადგილას მივიდა და იქ ლოცულობდა. თან გაჰყვნენ სიმონი და მასთან მყოფნი", - ბრძანებს მახარებელი მარკოზი, - იპოვეს იგი და უთხრეს, ყველა შენ გეძებსო. და უთხრა მათ: წავიდეთ მახლობელ სოფლებსა და ქალაქებში, რათა იქაც ვიქადაგო, ვინაიდან ამისათვის მოვსულვარ".

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню