განმარტებანი - ქრისტეს სასწაულები და იგავები. 15 - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

სწავლანი > განმარტებანი

ქრისტეს სასწაულები და იგავები

ეშმაკთა განსხმის სასწაულნი

eshmakis_mier_mokrunchxuli_dedakacis_gankurneba

შინაარსი

სატანისგან შეკრული და მოკრუნჩხული ქალის განკურნება


(ლკ.13:10-17)


იერუსალიმისკენ მიმავალ გზაზე, ერთ-ერთ სინაგოგაში, ქრისტე თავისი ჩვეულებისამებრ, "შაბათ დღეს ასწავლიდა.


იყო იქ თვრამეტ წელიწადს უძლურების სულით შეპყრობილი ქალი, მოკრუნჩსუღს რომ არ შეეძლო წელში გამართვა. იესომ დაინახა, მიიხმო და უთხრა: ქალო, დახსნილი ხარ შენი უძლურებისგან. როგორც კი ხელი დაადო, მყისვე გაიმართა და ადიდებდა ღმერთს".

შეუძლებელია ითქვას, და ამას არც ისე დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ სამედიცინო თვალსაზრისით, რა სახის სნეულება სჭირდა ამ დედაკაცს. ყოველ შემთხვევაში, ეს იყო სნეულება, რომელმაც იმდენად დაამახინჯა მთელი ხერხემალი, რომ ქალის მთელი სხეული მოკრუნჩხული იყო და მოკლებული იყო მოქმედების თავისუფლებას: ასეთ შემთხვევაში, თავი თითქმის მიწამდე იხრება და ადამიანს ვერ ძალუძს დაინახოს არა მარტო ცა, არამედ გვერდზე მდგომი ადამიანების სახეც. ეს ყველაფერი დამთრგუნველად მოქმედებს ფსიქიკაზე და, გარდა ამისა, არც თუ იშვიათად არის დაკავშირებული დამტანჯველ ტკივილებთან და, რა თქმა უნდა, გამორიცხავს ყოველგვარ შრომისუნარიანობას. ლუკა მახარობელი ამბობს, რომ ამ ქალს თვრამეტი წელიწადი აწუხებდა "უძლურების სული", ანუ მის სნეულებას გააჩნდა სულიერი მიზეზი, ხოლო სხეულის ფიზიკური სიმახინჯე მხოლოდ ამის შედეგი გახლდათ. მაგრამ რა იყო ეს სულიერი მიზეზი? ამას უკვე თვით მაცხოვარი განმარტავს: "ეს ასული აბრაამისა, თვრამეტ წელიწადს შეკრული ჰყავდა სატანას" (ლკ. 13:16)

მოკრხუნჩხული დედაკაცი სინაგოგაში იყო, როდესაც იქ ქრისტე ქადაგებდა. ქალი ისმენდა მის სიტყვას, მაგრამ, სავარაუდოდ, მისი სახის დანახვა არ შეეძლო. ის თვით არ მისულა ქრისტესთან და მისთვის არაფერი უთხოვია. არამედ, თვით ქრისტემ მოიხმო იგი თავისი მოწყალებით და განკურნა ამ მტანჯველი სნეულებისგან. ქრისტე ხედავდა, რომ სნეული ქალი კაცთა მოდგმის მტრის მსხვერპლი იყო. "უძლურების სულისგან" გათავისუფლებული დედაკაცი მყისვე გაიმართა, დაინახა ქრისტე და "ღმერთი ადიდა".

ამ განკურნებაში ცხადი ხდება, რომ ქალი, თუმცა არ იყო "ეშმაკეული", რადგან ბნელი, უწმინდური ძალა არ დაუფლებია მის სულს, დემონი არ შესახლებულია მის სხეულში, როგორც ეს მთვარეულის ან ასუროფინიკიელი დედაკაცის ქალიშვილის შემთხვევაში იყო, მაგრამ უწმინდურ სულს ის შეკრული ჰყავდა, და ამის შედეგად, სხეულებრივადაც იტანჯებოდა.

ეს მოხდა განსაზღვრულ დროს, ანუ თვრამეტი წლის წინათ. იმ დროიდან, მისი ფიზიკური ჯანმრთელობა არ უმჯობესდებოდა და ქალის მდგომარეობა განუკურნებელი ჩანდა. მაგრამ ქრისტემ თავისი ძალაუფლებით უბედური ქალი "სატანის საკვრელთაგან" გაათავისუფლა.

ქალის განკურნება მოხდა შაბათს, ანუ უპირატესად ამ დღეებში ქადაგებდა ქრისტე სინაგოგებში. და, როგორც ყოველთვის ამგვარ შემთხვევაში, სჯულის მოძღვარმა, სინაგოგის მეთაურმა, აღშფოთებითა და პროტესტის გამოხატვით მიმართა იქ შეკრებილ ხალხს: "ექვსი დღეა, როცა შეიძლება საქმის კეთება, - თქვა მან, - თქვენც მაშინ მოდით განსაკურნავად, და არა შაბათს" (ანუ მან გამოიჩინა მშრალი, უსულო ფორმალიზმი). მაგრამ ქრისტემ ამხილა ფარისეველი და მიუგო: "თვალთმაქცო, განა რომელი თქვენგანი არ ახსნის შაბათს ბაგაზე დაბმულ ხარსა თუ ვირს და არ მიჰყავს დასარწყულებლად? ხოლო ეს ასული აბრაამისა (ანუ ღვთითრჩეული ერის წარმომადგენელი), რომელიც თვრამეტ წელიწადს შეკრული ჰყავდა სატანას, არ უნდა დაგვეხსნა ამ საკრველისაგან შაბათს?" სწორედ "შაბათს" აღასრულა ეს კურნაება ქრისტემ, რათა ღმრთის მიერ ისრაელისთვის აღთქმული მშვიდობა და თავისუფლება ამ ტანჯული დედაკაცისთვის სწორედ შაბათის დღეს მიეცა.

და როდესაც უფალი "ამას რომ ამბობდა, რცხვენოდა ყველას, ვინც ეურჩებოდა; მთელი ხალხი კი ხარობდა ყოველივე იმის გამო, რასაც ესოდენ სახელოვნად იქმოდა იგი".

წყარო: დეკანოზ ლევ ლიპეროვსკის წიგნიდან: "ქრისტეს სასწაულები და იგავები" (Чудеса и притчи Христовы).

eshmakeulebis gankurneba

მუნჯი კაცისგან ეშმაკის განდევნა

(მთ.9:32-34: ლკ.11:14-15)

მათე და ლუკა მახარობლები მოგვითხრობენ მუნჯი ეშმაკეულის განკურნებაზე. ეს იყო ერთი და იგივე შემთხვევა, თუ ორი სხვა ერთმანეთის მსგავსი, არაარსებითია. პირობები, ანუ მოვლენები, რომლებიც წინ უძღვის განკურნებას, მახარობლებთან სხვადასხვაა, მაგრამ განკურნების ფაქტი აღწერილია ერთნაირად. მათე მახარობელის თანახმად, განკურნება მოხდა "სახლში", როდესაც უფალმა განკურნა ორი უსინათლო. როდესაც ისინი (ანუ განკურნებული უსინათლონი) გამოვიდნენ "მათი გამოსვლისთანავე მიჰგვარეს მას ერთი კაცი, მუნჯი და ეშმაკეული. და როცა ეშმაკი განდევნილ იქნა, მუნჯმა ენა ამოიდგა; უკვირდა ხალხს და ამბობდა: არ მოსწრებია ისრაელს ამგვარი რამე. ხოლო ფარისეველნი ამბობდნენ: ეშმაკთა მთავრის შეწევნით აძევებსო ეშმაკთ".

ლუკა მახარობელთან მუნჯის განკურნება აღწერილია ქრისტეს ქადაგების შემდეგ: "ითხოვეთ და მოგეცემათ; ეძებეთ და ჰპოვებთ; დააკაკუნეთ და გაგიღებენ" და ა. შ. ამის შემდეგ კი ბრძანებს: "ერთხელ ეშმაკი განდევნა მუნჯი კაცისგან; როგორც კი გავიდა ეშმაკი, მუნჯმა ენა ამოიდგა, და უკვირდა ხალხს. ხოლო ზოგიერთმა თქვა: ეს ბელზებულის, ეშმაკთა მთავრის შეწევნით აძევებსო ეშმაკთ".

აქ ეშმაკეულობა, უპირველეს ყოვლისა, ვლინდებოდა სიმუჯეში, შესაძლოა, კიდევ რომელიმე სხვა ნიშან-თვისებაში, არა იმდენად ცხადში, რომელიც აქ არ მოიხსენიება. მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ის ადამიანები, რომლებმაც ქრისტეს მუნჯი მიუყვანეს, დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ავადმყოფის სიმუნჯე სულიერი წარმომავლობისაა, რომ ის "ეშმაკეულია". და ისინი არ შემცდარან, რადგან ეშმაკის განდევნის შემდეგ "მუნჯმა ენა ამოიდგა". მას დაუბრუნდა მეტყველების უნარი, როგორც დასტური იმისა, რომ გათავისუფლდა ბნელ ძალთა მპყრობელობისგან.

ხაზგასასმელია ის, რომ მუნჯი ეშმაკეული ქრისტესგან არაფერს ითხოვდა და თვითონაც კი არ მისულა მასთან, არამედ მეგობრებმა მიიყვანეს. და, რომ განკურნება კვლავ და კვლავ აღსრულდა ახლობელთა თხოვნით და, უმთავრესად, ქრისტეს უდიდესი მოწყალების გამო ადამიანებისადმი, რომელსაც კაცთა მოდგმის მტერი ეშმაკი ტანჯავს.


წყარო: დეკანოზ ლევ ლიპეროვსკის წიგნიდან: "ქრისტეს სასწაულები და იგავები" (Чудеса и притчи Христовы).

eshmakeulebis gankurneba

ბრმა და მუნჯი ეშმაკეულის განკურნება

(მთ.12:22-31)


ამ განკურნების შესახებ ლაპარაკობს მხოლოდ მათე მახარობელი. ამ შემთხვევას მახარობელი ქრისტეს მიერ აღსრულებულ სხვა მრავალ განკურნებათაგან გამოჰყოფს. კერძოდ, იმის შემდეგ, რაც ქრისტემ ხელგამხმარი კაცი განკურნა და სინაგოგიდან გავიდა "თან მისდევდა დიდძალი ხალხი და განკურნა ყველა".

"მაშინ, - აგრძელებს წმ. მათე, - მიჰგვარეს მას ბრმა და მუნჯი ეშმაკეული, და განკურნა იგი, ისე, რომ ამ ბრმასა და მუნჯს თვალი აეხილა და ამეტყველდა. უკვირდა ხალხს და ამბობდა: ეს ხომ არ არის დავითის ძეო? ხოლო ამის გამგონე ფარისევლები ამბობდნენ: ეს თუ ეშმაკებს აძევებს, მხოლოდ ეშმაკთა მთავრის, ბელზებულის შეწევნითო".

აქ უნებლიედ იბადება კითხვა: რითი განსხვავდება ეს ბრმა და მუნჯი სხვა ბრმებისგან და მუნჯებისგან, რომელთაც ქრისტე კურნავდა, და რომლებიც არ იყვნენ ეშმაკეულები? ტექსტში შეიძლება მხოლოდ ერთი მინიშნების შემჩნევა: "მას მიჰგვარეს", ანუ ის თვითონ კი არ მივიდა, არამედ "მიჰგვარეს"; მან თვითონ კი არ ითხოვა განკურნება, არამედ სხვებმა სთხოვეს. მართლაც, ჩვეულებისამებრ ყველა სნეული თვითონ ეძებდა დახმარებას, მაგრამ ეშმაკეულები არასოდეს მიიჩნევენ თავს სნეულებად, და თუ რამეს სთხოვდნენ ქრისტეს, მხოლოდ ერთს: "თავი დაგვანებე, წადი ჩვენგან".

შესაძლოა ბრმამ გამოავლინა შეპყრობილობის რაიმე სხვა ნიშნები, რომელთა გამო ფარისევლები მსჯელობდნენ, რომ ის ეშმაკით იყო შეპყრობილი და, ამიტომაც ამბობდნენ, რომ ქრისტე "ეშმაკებს აძევებს ეშმაკთა მთავრის, ბელზებულის შეწევნითო". მაგრამ, მახარობელი სხვა ნიშნებზე არაფერს გვამცნობს.

აქაც, ისევე როგორც "მუნჯი" ეშმაკეულის შემთხვევაში, თანამედროვე მედიკოსებს შესაძლოა გაუჩნდეთ კითხვა: ხომ არ იყო ორივე ეს შემთხვევა ისტერიის გამოვლინება? რადგან ცნობილია, რომ ეს ნერვო-ფსიქიური დაავადება ავადმყოფებში უეცარ პარალიჩებს, უეცარ დაბრმავებას, დაყრუებას, მეტყველების უნარის დაკარგვას და ა. შ., იწვევს. მაგრამ ეს მოვლენები, რაიმე მკვეთრი ფსიქოლოგიური შოკის დროს, ისევე უეცრად ქრებიან, როგორც გაჩნდნენ: მაგალითად, ძლიერი შეშინების დროს - "პარალიჩი" ქრება; ან "მუნჯი" ლაპარაკს იწყებს და ა. შ.

მაგრამ ეს ვარაუდი ამ ვითარებას ნაკლებად შეეფერება. ექიმებმა ხომ იციან, რომ ისტერიას ახასიათებს განსაზღვრული სიმპტომ-კომპლექსი, სადაც უდიდეს და უცილობელ როლს თამაშობს ე. წ. "ისტერიული ხასიათი", ეს ხასიათი კლასიკურად ჩამოყალიბებულია ასე: "წუთიერი იმპულსები შეუკავებელი ხდება, გარეგანი რეაქცია შინაგან ფსიქიურ პროცესებზე ხდება სწრაფად და ძლიერად. სიცილი და ტირლი ადვილად იძენენ კრუნჩხვით ხასიათს და არ ექვემდებარებიან შეჩერებას. ამას ემატება ეთიკური დეფექტები: მუდმივი უკმაყოფილება გარემომცველი ადამიანებით, უკიდურესი არაშემგუებლობა, ყველას ყურადღების ცენტრში ყოფნის სურვილი, ექსცენტრული ქცევა, უნარი ლოგიკური აზროვნებისადმი და მეხსიერება შეიძლება ბრწყინვალედ იყოს განვითარებული".

გარდა ამისა, ისტერიული ავადმყოფები, თვითონ მიიწერენ სხვადასხვა დაავადებებს, უყვართ ექიმებთან სიარული და უკიდურესად ბოროტდებიან, როცა ექიმები მათში ვერავითარ სნეულებას ვერ პოულობენ, ყველაფერს კი მათ თვითშთაგონებას და წარმოსახვას მიაწერენ.

მაგრამ, მსგავსი არაფერი ხდება სახარებებში აღწერილ ეშმაკეულებთან, კერძოდ, აქაც, ბრმა და მუნჯი ეშმაკეულის შემთხვევაშიც. შედეგად, ვარაუდი მათი "ისტერიულობის" შესახებ სრულიად უსაფუძვლოა: სახარების ტექსტში ამაზე არ არსებობს არავითარი მითითება. და არც რაიმე ფსიქიური "შოკი", "შეშინება", "აფექტი", ამ სნეულთა განკურნებების დროს არ ყოფილა. ყველაფერი ხდება მათი ნების და შესაძლოა სურვილის გარეშეც.

ამგვარად, არ გვაქვს არანაირი მიზეზი ეჭვი შევიტანოთ სახარებისეულ მოწმობებში ხსენებულ ავადმყოფთა დაავადების მიზეზში. ეს მიზეზი კი "ეშმაკეულობა" გახლავთ, და მისი განკურნება ხდება ადამიანიდან ბოროტი სულის განდევნით. ამას არ ეჭვობდნენ არც ქრისტეს მეგობრები და არც მისი მტრები: მაგრამ ფარისევლები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ქრისტე "ეშმაკებს აძევებს, მხოლოდ ეშმაკთა მთავრის, ბელზებულის შეწევნით". ამასთან დაკავშირებით, ქრისტემ ხალხს გამოუცხადა, რომ ფარისეველთა ასეთი აზრი არის სულიწმიდის გმობა: "თუკი სატანა აძევებს სატანას, მაშინ ის თავის თავს განეყოფა; როგორღა გაძლებს მასი სამეფო? და თუ მე ბელზებულის შეწევნით ვაძევებ ეშმაკთ, ვისი შეწევნითღა აძევებენ მათ თქვენი ძენი (ანუ მოციქულნი)? ამიტომ ისინი იქნებიან თქვენი მსაჯულნი. ხოლო თუ მე ღმერთის სულით ვაძევებ ეშმაკთ, მოუწევია კიდეც თქვენამდე ღმრთის სასუფეველს. ... ამიტომ გეუბნებით თქვენ: ყოველი ცოდვა და გმობა მიეტევება ადამიანებს, მაგრამ სულის გმობა არ მიეტევება მათ".

წყარო: დეკანოზ ლევ ლიპეროვსკის წიგნიდან: "ქრისტეს სასწაულები და იგავები" (Чудеса и притчи Христовы).

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню