განმარტებანი - ქრისტეს სასწაულები და იგავები. სასწაულებრივი თევზჭერა - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

სწავლანი > განმარტებანი

ქრისტეს სასწაულები და იგავები

სასწაულებრივი თევზჭერა

შინაარსი

სასწაულებრივი თევზჭერა

(ლუკა 5:1-11)


დეკანოზ ლევ ლიპეროვსკის წიგნიდან: "ქრისტეს სასწაულები და იგავები" (Чудеса и притчи Христовы).


ხმები მესიის მოსვლაზე და მის მიერ აღსრულებულ სასწაულებზე, სულ უფრო და უფრო ვრცელდებოდა მთელ გალილეაში. ქრისტეს სანახავად მისულები ყოველთვის ცდილობდნენ მასთან მიახლოება, რათა შეეხედათ მისთვის და არ გამპარვოდათ მისი არც ერთი სიტყვა.

ასე მოხდა ერთხელაც, "როცა ხალხი აწყდებოდა ღმრთის სიტყვის მოსასმენად, ხოლო თავად გენესარეთის ტბასთან იდგა, დაინახა ტბის პირას მდგომი ორი ნავი; მებადურები კი გადმოსულიყვნენ და ბადეებს რეცხავდნენ".

ქრისტე "შევიდა ერთ-ერთ ნავში, რომელიც სიმონისა იყო, და სთხოვა, ნაპირს გაშორებოდა; დაჯდა და ნავიდან ასწავლიდა ხალხს", რომელიც ნაპირზე შეგროვილიყო: ასე ყველა ადვილად დაინახავდა და მოისმენდა მოძღვრისა და საკვირველთმოქმედის ქადაგებას.

"ხოლო როცა ლაპარაკს მორჩა, - ბრძანებს მახარობელი, - სიმონს უთხრა: ღრმად შედი და ბადე ისროლე დასაჭერადო. მიუგო სიმონმა და უთხრა მას: მოძღვარო, მთელი ღამე ვშრომობდით და ვერაფერი დავიჭირეთ, მაგრამ შენი სიტყვისამებრ ვისვრი ბადეს. ასეც მოიქცნენ და დაიჭირეს იმდენი თევზი, რომ ბადე ეხეოდათ. ანიშნეს მეორე ნავში მყოფ მეგობრებს, მოგვეშველეთო; ისინიც მოვიდნენ და ისე გაავსეს ორივე ნავი, რომ ლამის ჩაიძირნენ. ეს რომ დაინახა, სიმონ-პეტრე ფეხებში ჩაუვარდა იესოს და უთხრა: გამშორდი, უფალო, ვინაიდან ცოდვილი კაცი ვარ. რადგან მასაც და მასთან მყოფთაც თავზარი დასცა მათ მიერ დაჭერილი თევზის სიმრავლემ"

სასწაულმა გააოგნა მეთევზეები, მათ "თავზარი დასცა" მოძღვრის არნახულმა ძლიერებამ, რომლის ერთი აზრი ან გონებაში გავლებული და გამოუთქმელი სურვილიც კი - მბრძანებლობს წყლის ბინადრებზე და ბადეებისკენ იზიდავს თევზის ურიცხვ სიმრავლეს.

მაგრამ შეიძლება დაისვას კითხვა: - როგორი იყო ამ სასწაულის მიზანი? ნაკლებად სავარაუდოა თვით მაცხოვარს ჰსუროდა ესოდენ დიდძალი თევზის დაჭერა და მით დაეჯილდოვებინა თავისი პირველი მოწაფეების იმღამინდელი უნაყოფო შრომა, და ასევე ნაკლებად სავარაუდოა ამ სასწაულის მიზანი ყოფილიყო მოწაფეების რწმენის გაძლიერება მისი, როგორც მესიისადმი. ეს ქრისტეს ყველა მომდევნო სასწაულის სულისკვეთების საწინააღმდეგო იქნებოდა. მაშ, რა მიზანი ამოძრავებდა ქრისტეს? - ეს სასწაული, უეჭველად, მოციქულთა, ღმრთის სასუფევლის ამ მქადაგებელთა მომავალი ბედის წინასწარმეტყველურ სიმბოლოს წარმოადგენს. ეს იყო ერთგვარი "იგავი", რომელიც ქრისტემ თქვა არა იმდენად სიტყვით, რამდენადაც მაგალითით, ბუნების ცოცხალ ძალთა ამოქმედებით.

შეეშინდა რა "იგავ-სასწაულის" აზრისა და იგრძნო რა თავი ყოვლისშემძლე ღმრთის გვერდით, უჩვეულოდ აღელვებულმა სიმონ პეტრემ, შიშითა და თავმდაბლობით, შესძახა: "გამშორდი, უფალო, ვინაიდან ცოდვილი კაცი ვარ". ეს შიში სრულიად შეესაბამება იმას, რაც განიცადა ესაიამ, როდესაც მან საყდარზე დაბრძანებული უფალი იხილა და გაიფიქრა: "ვაი მე, დავიღუპე, რადგან ბაგეუწმიდური კაცი ვარ და ბაგეუწმიდურ ხალხში ვცხოვრობ-მეთქი, ჩემმა თვალებმა კი მეუფე, ცაბაოთ უფალი იხილეს" (ეს. 6:5). და კიდევ იმიტომ, რომ, როგორც წმ. მოციქული პავლე წერდა ებრაელთა მიმართ ეპისტოლეში: "საშინელია ცოცხალი ღმერთის ხელში ჩავარდნა" ("საშინელ არს შევრდომაჲ ჴელთა ღმრთისა ცხოველისათა") (ებრ. 10:31) და კიდევ: "მშთანთქმელი ცეცხლია უფალი, თქვენი ღმერთი, შურისმგებელი ღმერთია" (მეორე სჯული 4:24).

მაგრამ ქრისტე კი არ განშორდა თავის მოწაფეს და მომავალ მოციქულს, არამედ, პირიქით, კიდევ უფრო მიიზიდა იდუმალი აღთქმით: "ნუ გეშინია, ამიერიდან კაცთა მებადური იქნები". ამ სიტყვების შემდეგ, სიმონმა და მასთან ერთად მყოფმა ზებედეს ძეებმა "ნავები ნაპირს მიაყენეს, მიატოვეს ყველაფერი და გაჰყვნენ მას". ამ მომენტიდან, სიმონ პეტრემ და მისმა მეგობარმა მეთევზეებმა, საბოლოოდ უარი თქვეს ყოველივე "საკუთარზე", გაჰყვნენ ქრისტეს, მაგრამ, შესაძლოა, მათ კიდევ ბოლომდე არ ესმოდათ თევზთა ამ სასწაულებრივი დაჭერის იდუმალი აზრი.

ეს აზრი სრულიად გასაგები გახდა მათთვის ქრისტეს ბოლომდე მიმდევრობის შემდეგ, მაშინ, როდესაც იმავე გენისარეთის ტბის ნაპირზე, მკვდრეთით აღმდგარი უფალი კვლავ უნაყოფო თევზჭერის შემდეგ გამოეცხადა მეთევზე-მოციქულებს. "იმ ღამეს ვერაფერი დაიჭირეს. ხოლო როცა ინათა, ნაპირზე იდგა იესუ; მოწაფეები კი ვერ მიხვდნენ, რომ იესუ იყო. უთხრა მათ იესუმ: შვილებო, რამე საჭმელი თუ გაქვთ? მიუგეს: არა. და უთხრა მათ: ნავის მარჯვენა კიდიდან ისროლეთ ბადე და იშოვით. ისროლეს და ვეღარ ამოზიდეს, თევზის სიმრავლის გამო" (იოანე 21:3-6).

აქ, როგორც ცნობილია, ქრისტემ აღადგინა სიმონ-პეტრეს სამოციქულო ღირსება, რადგან მაცხოვრის ჯვარცმამდე  მან სამგზის უარჰო ქრისტე, და მიანიშნა მას, ისევე როგროც იოანეს, მის მიწიერ ღვაწლზე და მოწამეობრივ სიკვდილზე, ხოლო ახალი სასწაულებრივი თევზჭერით კვლავ დაუდასტურა მოციქულებს პირვანდელი წინასწარმეტყველება და განკარგულება იმის შესახებ, რომ ისინი "კაცთა მებადური იქნებოდნენ".

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню