განმარტებანი - ქრისტეს სასწაულები და იგავები. ქორწილი გალილეას კანაში - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

სწავლანი > განმარტებანი

ქრისტეს სასწაულები და იგავები

სასწაული გალილეას კანაში.

შინაარსი

ქორწილი გალილეას კანაში

(ოანე 2:1-11)


დეკანოზ ლევ ლიპეროვსკის წიგნიდან: "ქრისტეს სასწაულები და იგავები" (Чудеса и притчи Христовы).


ნაზარეთიდან, სადაც ქალწული მარიამი ცხოვრობდა, ორი საათის სავალზე, გალილეას პატარა გორაკებს შორის მდებარეობს მცირე ქალაქი კანა. იქ, იესუს დედის მეგობართა მოკრძალებულ ოჯახში, საქორწილო სუფრასთან, ქრისტემ პირველი სასწაული აღასრულა. მან წყალი ღვინოდ აქცია.

ამის შესახებ გვიყვება მოციქული იოანე: "მესამე დღეს ქორწილი იყო გალილეას კანაში, და იყო იქ იესოს დედა. იესო და მისი მოწაფეებიც მიწვეულნი იყვნენ ქორწილში. და რაკი ღვინიო შემოაკლდათ, იესოს დედამ უთხრა მას: "ღვინო არა აქვთ"".


ქორწილის იუდაური ჩვეულების მიხედვით, სიძეს გოგონები სანთლებით ხვდებოდნენ. ისინი სიძესთან ერთად შედიოდნენ საქორწილო სუფრაზე, სადაც მათ უკვე ყველა მოწვეული სტუმარი ელოდა. თალმუდის მიხედვით, ებრაული ქორწილის ყველაზე არსებითი მომენტი მდგომარეობს "შვიდ კურთხევაში", რომელთაგან პირველი ღვინის კურთხევაა. მისი ტექსტი ასეთია: "კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო ჩვენო, მეუფეო ქვეყნიერებისა, რომელმაც შქმენ ნაყოფნი ვაზისა ღვინის დასაწურად". სიძე ჩვეულებისამებრ თავისი სახლიდან გამოდიოდა და მიდიოდა პატარძლის მშობელთა სახლში, მას თან მეგობრები და მესანთლეებიც ახლდნენ. იმის შემდეგ, რაც პატარძლის მშობლებისგან მიიღებდა კურთხევას, სიძე პატარძალთან ერთად ბრუნდებოდა თავისი მშობლების სახლში. პატარძალი დაფარული იყო საფარველით, მისი სახე არავის უნდა ეხილა.  

მუსიკით, სიმღერითა და ცეკვით მიეახლებოდნენ ყველანი საქორწილო სუფრას. ჯერ იქ ხელი მოეწერებოდა საქორწილო ხელშეკრულებას, შემდეგ კი აღესრულებოდა "კურთხევანი". აქ პატარძალი გადაიხსნიდა საფარველს, გამოაჩენდა სახეს და სიძეც ამ დღეს პირველად ნახავდა მის სახეს, რაც მიანიშნებდა, რომ ქორწინება შედგა, რომლის შემდეგაც საქორწილო სუფრა და მხიარულება იწყებოდა.

შესაძლოა, რომ გალილეას კანაში ღვინო არ ეყოთ სწორედ იმ მნიშვნელოვან მომენტში, როდესაც "კურთხევანი" უნდა აღსრულებულიყო. ღვინო კი არ ეყოთ იმიტომ, რომ ქორწილში იესუს მოსვლის გამო, სტუმრების რაოდენობა მოსალოდნელზე მეტად გაიზარდა და ქორწილის თამადამ ეს ვერ გაითვალისწინა. თუ ყველაფერი ასე იყო, მაშინ გასაგებია, რომ იესუს დედას შეეძლო ეგრძნო პასუხისმგებლობა იმ სირთულისთვის, რომელიც მეგობართა ოჯახში შეიქმნა. ამიტომაც მიუბრუნდა ის თავის შვილს და უთხრა: "ღვინო არა აქვთ". მაგრამ "იესომ მიუგო: მერედა, რა ჩემი და შენი საქმეა, დედაო? ჯერ კიდევ არ დამდგარა ჩემი საათი". თუმცა, წმიდა ქალქულმა იგრძნო, რომ მისი ძე შემწეობის გარეშე არ დატოვებდა ღარიბ ადამიანებს და ოჯახურ სიხარულს არ ჩაუმწარებდა. ამიტომაც იესუს დედამ, მარადისქალწულმა მარიამმა მსახურებს უთხრა: "რასაც გეტყვით, აღასრულეთ".

როგორც იოანეს სახარება გვაუწყებს: "იყო იქ ექვსი ქვის კასრი, იუდეველთა განწმენდის ჩვეულებისამებრ დადგმული, რომლებშიაც ჩადიოდა ორი თუ სამი საწყაო. უთხრა მათ იესომ: აავსეთ კასრები წყლით; და მათაც აავსეს პირთამდე. კვლავ უთხრა მათ: ახლა კი ამოიღეთ და მიართვით თამადას. და მიართვეს. როცა თამადამ გემო გაუსინჯა ღვინოდ ქცეულ წყალს (თუმცა მან არ იცოდა, როგორ მოხდა ეს: იცოდნენ მხოლოდ მსახურებმა, რომლებმაც ამოიღეს წყალი), მოუხმო სიძეს. და უთხრა: ყველა კაცი ჯერ უკეთეს ღვინოს ჩამოდგამს, ხოლო როცა დათვრებიან, უარესს; შენ კი უკეთესი ღვინო აქამდე შემოგინახავს".

სასწაულმა გააოგნა ქორწილის თამადა, თვით სიძე და ყველა სტუმარი, მათ შორის ქრისტეს მოწაფეებიც.
"ასე დაუდო დასაბამი იესომ სასწაულებს გალილეის კანაში", - ბრძანებს მახარობელი, - "და გამოავლინა დიდება თვისი. და იწამეს იგი მისმა მოწაფეებმა".



აქ, იოანე მახარობლის მიერ აღწერილ სასწაულში, გამოჩნდა ქრისტეს და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მოწყალება და სიყვარული ადამიანთა მიმართ, რომლებიც ჩვეულებრივ ოჯახურ ცხოვრებაში სიძნელეებს განიცდიან. მაგრამ, ამავე დროს უფალმა საქორწილო სუფრასთან მისვლით და დასწრებით განწმინდა და აკურთხა ადამიანის საქორწილო ოჯახური ცხოვრება, მისცა მათ საყრდენი ბედნიერებისა და სულიერი მხიარულებისა. ქორწილში გამოვლენილმა ქრისტეს დიდებამ კიდევ უფრო განამტკიცა მისი მოწაფეების ჯერაც მყიფე რწმენა.

სახარებას კანას სასწაულის შესახებ ჩვეულებრივ კითხულობენ ჯვრისწერის საიდუმლოს აღსრულების დროს. ამ საკითხავის შემდეგ, მღვდელი სიძესა და პატარძალს სთავაზობს შესვან ნაკურთხი ღვინო საერთო ბარძიმიდან, რაც ქრისტეს სიყვარულში მათი საერთო ცხოვრების დასაწყისს და "მცირე საოჯახო ეკლესიის" აღმშენებლობის დასაბამს წარმოადგენს.

საერთოდ, "პირველი სასაწაული" - კანაში სავსეა ღრმა სიმბოლიზმით. აქ, ქრისტემ წყალი ღვინოდ აქცია და ყველანი ნათელი, მიწიერი სიხარულის თანამოზიარეებად შექმნა, ხოლო საიდუმლო სერობაზე, როდესაც თავისი მიწიერი მსახურების ბოლოს, ღვინო თავის სისხლად აქცია და ამ სისხლით სავსე თასი საკუთარ მოწაფეებს ასვა, ისინი (შემდეგ კი, ამ სისხლის მოზიარე ყველა მორწმუნე) თავისი უპატიოსნესი სხეულის (ეკლესიის) წევრებად და ღმრთის სასუფეველში ზეციური ტრაპეზობის მოზიარეებად ღირსჰყო.

აქედან გამომდინარე, ქრისტიანული ჯვრისწერა (ქორწინება) იძენს განსაკუთრებულ მაღალ დანიშნულებას, რომელიც არის ქრისტეში განმტკიცებული, დაურღვეველი და კურთხეული ერთობა კაცისა და ქალისა, როგორც მიწიერი, ასევე სულიერი თვალსაზრისით.

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню