განმარტებანი - ქრისტეს სასწაულები და იგავები. ორი ეშმაკეულის განკურნება გერგესეველთა ქვეყანაში. - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

სწავლანი > განმარტებანი

ქრისტეს სასწაულები და იგავები

ეშმაკთა განსხმის სასწაულნი

ori eshmakeulis gankurneba gergesevelta qveyanashi

შინაარსი


შეპყრობილობის, როგორც სნეულების ზოგადი დახასიათება


სახარებაში აღწერილი შეპყრობილობის შემთხვევები შესაძლებლობას გვაძლევს წარმოდგენა ვიქონიოთ ამ სნეულების დამახასიათებელ ნიშნებზე. მათგან ყველაზე ტიპიური, და უდავოდ საზოგადო, რაც ყველა შემთხვევას ახასიათებს, არის შემდეგი: შეპყრობილი საკუთარ თავს სნეულებად არ აღიარებენ და ამიტომაც მათში არ არსებობს დახმარების სურვილი და თხოვნა. ეს დაავადებულნი არასოდეს თვითონ არ მიდიან ქრისტესთან განკურნებისთვის, არამედ ისინი ყოველთვის სხვებს "მოჰყავთ". ან კიდევ, ქრისტე თვითონ კურნავს მათ საკუთარი მოწყალების ან კიდევ შეპყრობილთა ახლობლებისა და ნათესავების თხოვნით.

მაგრამ, ფორმით, შეპყრობილობა საკმაოდ მრავალფეროვანია: ყველაზე ძლიერი ფორმაა - ორი გადარინელის შეპყრობილობა, რომლებიც ავლენდნენ გააფთრებულ გადარეულობას და თვითგვემას, თანაც შეუწყვეტლივ, მრავალი წლის განმავლობაში. მთვარეულის შემთხვევაც ძალზედ მძიმეა, რადგან ას სნეულებით შეპყრობილი იყო ადამიანის როგორც სხეული ასევე სულიც, თუმცა, დრო და დრო, ახალმთვარეობებს შორის პერიოდში შვება ეძლეოდა.

სხვა შემთხვევებში შეპყრობილობა არ ეხება ადამიანის სულის სიღრმეებს და აზიანებს მხოლოდ ცალკეულ ორგანოზებს (სმენა, მხედველობა, მეტყველება) ან მთელ სხეულს (როგორც ეს იყო მოკრუნჩხული დედაკაცის შემთხვევაში). შედეგად "შეპყრობილობა", როგორც ჩანს, შეიძლება აზიანებდეს სულს ან სხეულს, ან კიდევ ერთსაც და მეორესაც. აქედან შეიძლება დავასკვნათ, რომ ამ სნეულებას გარკვეული "კლინიკური" სიმპტომ-კომპლექსი არ გააჩნია: ეს არის "სულის" სნეულება, და შეიძლება ასოცირდებოდეს ნებისმიერ სხეულებრივ დაავადებასთან, რომელიც მჭიდრო ერთობაში ადამიანის მთელ ორგანიზმთან. ეშმაკი იყენებს ადამიანის ავადმყოფურობას, როგორც პირველდაწყებითი ცოდვის შედეგს, რათა დარტყმა მიაყენოს ყველაზე მგრძნობიარე ადგილს. ყოველ შემთხვევაში, შეპყრობილობის წინააღმდეგ "სამედიცინო" საშუალებები არ არსებობს. ეს არის "სულის" დაავადება და იკურნება იგი მხოლოდ და მხოლოდ სულიერი გზებით.

ასევე არ უნდა შევცდეთ "შეპყრობილობის" ამოცნობაში. ყოველგვარი "ეპილეფსია" და ყოველგვარი "პარანოია" ან "ცირკულარული ფსიქოზი" და ა. შ. "შეპყრობილობა" როდია. აქ არ შეიძლება დაისვას ტოლობის ნიშანი, თუმცა, ხშირად არსებობენ თანხვედრანი, რომლებიც შეიძლება ჭეშმარიტმა ექიმებმა გამოიცნონ, რომლებიც თვითონ არ არიან შეპყრობილნი "მატერიალისტური მსოფლმხედველობის" ცრურწმენებით.


***

ori shepyrobilis gankurneba gergesevelta qveyanashi

ორი ეშმაკეულის განკურნება გერგესეველთა ქვეყანაში


(მთ.8, 28-34: მკ.5:1-20: ლკ.8:26-39)


ამრიგად, ბუნების აბობოქრებული სტიქიონის დამორჩილების შემდეგ, ნავი მიადგა გერასეველთა, იგივე გერგესეველთა, ანუ როგორც მას უწოდებენ მარკოზი და ლუკა - გადარინელთა ქვეყნის აღმოსავლეთ, კლდოვან ნაპირს. "ნავიდან გადმოსვლისთანავე... შემოხვდა ორი ეშმაკეული, სამარხებიდან (ანუ, სამარხი გამოქვაბულებიდან) გამოსულნი და ძალზე მძვინვარენი, ისე რომ, ვერავინ ბედავდა ამ გზაზე გავლას. და, აჰა, შეჰყვირეს და თქვეს: რა ხელი გაქვს ჩვენთან, იესო, ძეო ღმრთისაო? ვადაზე ადრე მოსულხარ აქ ჩვენს სატანჯველად. ხოლო მათგან მოშორებით ბალახობდა ღორების დიდი კოლტი. ეშმაკები შეევედრნენ მას და უთხრეს: თუ განგვდევნი, ნება გვიბოძე, ღორების კოლტს შევერიოთ. და უბრძანა მათ, წადითო; ისინიც წავიდნენ და შეერივნენ ღორების კოლტს; და აჰა, მთელი კოლტი კბოდედან გადაეშვა ზღვაში და წყალში დაინთქა. ხოლო მეღორეები გაიქცნენ, ქალაქში მივიდნენ და მოჰყვნენ ყველაფერს, რაც შეემთხვა ეშმაკეულებს. და, აჰა, მთელი ქალაქი გამოვიდა იესოს შესახვედრად; და როდესაც იხილეს იგი, სთხოვეს, აქაურობას გაეცალეო. ისიც ჩაჯდა ნავში და უკანვე (ანუ კაპერნაუმში) გამობრუნდა".

ასე მოგვითხრობს ამ ამბავს მათე მახარობელი. მარკოზისა და ლუკას სახარებაში იგივე შემთხვევა გადმოცემულია უფრო დეტალურად და იმ განსხვავებით, რომ მათთან ლაპარაკია არა ორ, არამედ ერთ ეშმაკეულზე, და ქვეყანაც იწოდება გადარინელთა და არა გერგესეველთა (ან გერასეველთა) ქვეყანად. აქ არანაირი წინააღმდეგობა არ არის, რადგან ათქალაქში (დეკაპოლისში) (ეს იყო ათი ანტიკური ქალაქი იორდანის დაბლობის აღმოსავლეთით) შედიოდნენ ქალაქები - გადარა და გერგესა: და მათთან ახლოს მყოფი ოლქი შეიძლება წოდებულიყო ან ერთი ან მეორე სახელით. რაც შეეხება ეშმაკეულთა რაოდენობას, მართალია, ისინი ორნი იყვნენ, მაგრამ ორის სახელით უმთავრესად მეტყველებდა ერთი. როგორც ჩანს, სწორედ ის იყო ყველაზე მძვინვარე, ყველაზე უფრო საშინელი, უფრო აქტიური და საყოველთაოდ ცნობილიც, რადგან ადრე უახლოეს ქალაქში ბინადრობდა, "დიდი ხანია ეშმაკნი ჰყავდა და შიშველ-ტიტველი სახლში კი არ ცხოვრობდა, არამედ - სამარხებში" (ლუკა 8:27). ამრიგად, ის ყოველთვის ტიტველი დადიოდა და ატერორებდა ყველას, ქალაქელები მას "ჯაჭვით კრავდნენ და ბორკილებს ადებდნენ, მაგრამ ამსხვრევდა ბორკილებს და, ეშმაკისაგან დევნილი, უდაბნოში გარბოდა".

იოანე ოქროპირი ბრძანებს, რომ სინოპტიკოსებში ეშმაკეულთა რაოდენობაში სხვაობა "არ არის ურთიერთწინააღმდეგობის ნიშანი, არამედ აჩვენებს მხოლოდ მომხდარი ამბის თხრობის განსხვავებულ ფორმას". სამივე მახარობლის მონათხრობი რომ გავაერთიანოთ, მაშინ შეიძლება მოვლენის სურათი წარმოვიდგინოთ შემდეგი თანმიმდევრობით:

როდესაც იესუს შორიდან თვალი მოჰკრეს, შეპყრობილებმა "შეჰყვირეს და თქვეს: რა ხელი გაქვს ჩვენთან, იესო, ძეო ღმრთისაო? ვადაზე ადრე მოსულხარ აქ ჩვენს სატანჯველად" (მათე 8"29). შემდეგ, ერთი ეშმაკეული, სწორედ ის, რომლის მოთვინიერება არავის შეეძლო, "გამოიქცა და თაყვანი სცა მას (ანუ ქრისტეს). ... იესუმ უთხრა: გამოდი, სულო უწმინდურო, მაგ კაცისაგან!" მაშინ "შეჰყვირა, მის წინაშე დაემხო და შეჰღაღადა: რა ხელი გაქვს ჩემთან, იესო, ძეო მაღალი ღმრთისაო? გევედრები, ნუ მტანჯავ მე" (მკ. 5:6-8; ლკ. 8:28-29).

ეშმაკი, რომელიც დაუფლებული იყო საცოდავ ადამიანს და ჰყვიროდა მისი ხმით, უცებ როდი დაემორჩილა ქრისტეს განკარგულებას, არამედ თითქოსდა აყოვნებდა. მაშინ ქრისტემ ჰკითხა შეპყრობილს: "რა გქვია სახელად? ხოლო მან მიუგო: ლეგიონია ჩემი სახელი, ვინაიდან მრავალნი ვართ". ამის შემდეგ "ეშმაკები შეევედრნენ მას და უთხრეს: თუ განგვდევნი, ნება გვიბოძე, ღორების კოლტს შევერიოთ" (მათე 8:31), "უწმინდურებმა მუდარით უთხრეს მას: გაგვგზავნე ღორებში, რომ მათში შევიდეთო. მაშინ ნება დართო იესომ და გამოვიდნენ უწმინდური სულნი, ღორებში შევიდნენ, და მთელი კოლტი, ორი ათასამდე სული, ზღვის კბოდეს მიაწყდა და წყალში ჩაიხრჩო" (მკ. 5:12-13)..

ეშმაკეულის ქცევაში ყურადღებას იმსახურებს მისი პიროვნების გაორება.

ჯერ მან მიირბინა ქრისტესთან, დაემხო მის წინ და თაყვანი სცა, თითქოსდა მის თავზე დატეხილი საშინელებისგან გათავისუფლებას ითხოვსო, მაგრამ როდესაც იესუმ უწმიდურ სულს უბრძანა გამოსულიყო მისგან, მაშინ ეს კაცი იწყებს ისეთ ლაპარაკს, რომელიც სულაც არ შეეფერება მის ქცევას: "რა ხელი გაქვს ჩემთან, იესო, ძეო მაღალი ღმრთისაო? გევედრები, ნუ მტანჯავ მე". ცხადია, რომ აქ უკვე ისმის ვიღაცის ხმა. ადამიანის პირით მეტყველებს უცხო ნება. სწორედ ეს არის იმ "უწმიდური სულის" ხმა, რომელმაც ადამიანში დაიბუდა და მის ცნობიერებასა და ნებას დაეუფლა.

თავისთავად, ამ საცოდავ ადამიანს, რომელიც წლების განმავლობაში სრულიად გაველურდა და ნორმალური ურთიერთობა არ ჰქონია ადამიანებთან, შეუძლებელია ცოდნოდა იესუ ქრისტეს შესახებ: მას საკუთარი სახელიც კი არ ახსოვდა და როგორ შეძლებდა იესუ ქრისტე ეღიარებინა ძედ ღმრთისა? მაგრამ ქრისტეს იცნობდნენ ეშმაკნი, რამეთუ მაცხოვარი ყველგან დევნიდა მათ და ეშმაკთაც "სწამდათ მისი და შიშისგან ძრწოდნენ" (იაკ. 2:19). არ არის გამორიცხული ისიც, რომ ეშმაკთ წინასწარ ცოდნოდათ, რომ ქრისტე გადარინელთა ქვეყნისკენ მოემართებოდა.

ადამიანის პიროვნების გაორების ფაქტები საზოგადოდ საკმაოდ ხშირად გვხვდება ჩვენს ცხოვრებაში და ზოგჯერ ძალიან წააგავს სახარებებში აღწერილ მონათხრობს. ეს კარგად იციან ფსიქიატრიული კლინიკის ექიმებმა, მაგრამ თავიანთ სამეცნიერო არსენალში მათ არ გააჩნიათ სიტყვა "შეპყრობილობა", რადგან ცდილობენ სხვადასხვაგვარად ახსნან ეს მოვლენები, უმეტესწილად მათი ახსნა არადამაჯერებელია.

სხვათა შორის, ფსიქიურად მძიმედ დაავადებულთ, რომლებსაც ახასიათებთ ბობოქრობა, ცნობიერების არევა და თითქმის დაკარგული აქვთ "პიროვნების" შეგრძნება, მიდრეკილნი არიან ყვირილისკენ, მშფოთვარებისკენ და მკრეხელობისკენ. ზოგჯერ უეცრად დაუდგებათ "შესვენება", "რემისია". მაშინ მათი ცნობიერება იწმინდება, სულიერი ქარბუქი წყნარდება და დაავადებულიც მშვიდი, უწყინარი, მორჩილი, კოხტად ჩაცმული ხდება, მაგრამ ვაი რომ არცთუ დიდი ხნით. მალე ისევ ვიღაც ამაზრზენი მოდის და ადამიანი კვლავ გრძნობს თავის საშინელ მდგომარეობას, ხდება ეჭვიანი, უძლური და... კვლავ კარგავს თავის "პიროვნებას": მას კვლავ ეუფლება უცხო, მტრული ნება ისე, რომ მთლიანად ავსებს მის შინაგან ადამიანს, მის სულსა და გულს. ბოლოს და ბოლოს, თუკი არ დადგება მოულოდნელი, აუხსნელი "სასწაულებრივი შეწევნა", - ასეთ ავადმყოფს ქანცი ეცლება და უძლურებისგან კვდება, ან კიდევ თავს იკლავს.

სახარებაში მოცემულ შემთხვევაში, დემონებით შეპყრობილ ავადმყოფს მოევლინა ეს საკვირველი, უმძლავრესი და მკურნალი ძალა, რომელმაც მას სრული და საბოლოო განკურნება მიანიჭა.

გადარინელთა ქვეყნის მცხოვრებლებმა, რომლებიც მოვიდნენ "ეშმაკეულის" სანახავად, რომელშიც მთელი ლეგიონი ისხდა, "იესუსთან მისულებმა იხილეს კაცი, ვისგანაც გამოსულიყვნენ ეშმაკნი, იესუს ფერხთით მჯდომარე, ჩაცმულ-დახურული და გონს მოგებული, და შეძრწუნდნენ".

ყოფილ ეშმაკეულს უკვე აღარ უნდოდა გაშორებოდა ქრისტეს, რადგან, როგორც ჩანს, ეშინოდა კვლავ უწმინდურ სულთა ხელში არ ჩავარდნილიყო: ის სთხოვდა ქრისტეს "თან წამიყვანეო". მაგრამ მას უკვე არაფერი ემუქრებოდა, განკურნებული ადამიანი უფალს დეკაპოლისში ღმრთის სასუფევლის საქადაგებლად სჭირდებოდა. ორი ათასი ღორის დაღუპვა იმდენად მგრძნობიარე აღმოჩნდა მათი მფლობელებისთვის, რომ მის შესახებ მთელ დეკაპოლისში ლაპარაკობდნენ, როგორც უეჭველად მომხდარ ფაქტზე, ხოლო ამ ფაქტებიდან გამომდინარე, განკურნებული ადამიანის ქადაგება ქრისტეს ძალაუფლებაზე, მის სასწაულმოქმედ ძალაზე და ღმრთის სასუფეველის მოახლოვებაზე - სარწმუნო და დამაჯერებელი გახლდათ.

და რაც ყველაზე მთავარია - თვით განკურნებულ ადამიანს, მთელი თავისი გარდაქმნილი პიროვნებით, შეუძლებელია არ მიეპყრო ყოველთა ყურადღება. ის იყო ბობოქარი გადარეული, "პარანოიკი", მოსახლეობის რისხვა, და უცებ, იგივე ადამიანი მშვიდობის, სიყვარულისა და ღმრთის სიმართლის მხურვალე მქადაგებელი ხდება.

საქადაგებლად ის თვით ღმერთკაცმა წარაგზავნა. "დაბრუნდი სახლში და უამბე შენიანებს, რა გიყო ღმერთმა. ისიც ისიც წავიდა და დაიწყო ქადაგება ათქალაქში, რა უყო მას იესომ, და უკვირდა ყველას". მისი ქადაგება განსაკუთრებით საჭირო იყო აქ, რადგან გადარინელთა მცხოვრებნი უგუნურად სთხოვდნენ ქრისტეს გაშორებოდა მათ ქვეყანას.

წყარო: დეკანოზ ლევ ლიპეროვსკის წიგნიდან: "ქრისტეს სასწაულები და იგავები" (Чудеса и притчи Христовы).

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню