განმარტებანი - ქრისტეს სასწაულები და იგავები. კეთროვანის განკურნება გალილეაში - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

სწავლანი > განმარტებანი

ქრისტეს სასწაულები და იგავები

კეთროვანის განკურნება გალილეაში

შინაარსი

კეთროვანის განკურნება გალილეაში

(მთ. 8:2-4: მკ. 1, 40-45; ლკ. 5, 12-16)


გალილეველი კეთროვანის განკურნებაზე, უფრო სწორად "განწმენდაზე" მოწმობს სამივე სინოპტიკოსი
(1), მაგრამ უფრო დეტალურ აღწერას გვაძლევს მარკოზის სახარება. ის ასე ბრძანებს:

___________

1. ბერძ
. συνοπτικός (συν ("სინ" ერთად) + όπτω ("ოპტო" - ხედვა). ასე ეწოდება მათეს, მარკოზისა და ლუკას სახარებებს, რადგანაც შესაძლებელია მათი გვერდიგვერდ სვეტებად მოთავსება და ამგვარად, ერთი შეხედვით აღქმა (syn-ópsis). ამიტომაც ამ სამ სახარებას სინოპტიკურ სახარებებს უწოდებენ.
___________

"მაშინ მიადგა ერთი კეთროვანი, ევედრებოდა და მუხლმოყრით ეუბნებოდა: თუ გნებავს, შეგიძლია ჩემი განწმენდა. შეებრალა იგი იესოს, ხელი გაიწოდა, შეეხო და უთხრა: მნებავს, განიწმინდე; ამის თქმაც იყო და მყისვე გაეყარა მას კეთრი და განიწმინდა. მკაცრად გააფრთხილა და მაშინვე გაისტუმრა იგი. უთხრა: იცოდე ნურავის ნურაფერს ეტყვი, არამედ წადი, ეჩვენე მღვდელს და შესწირე შენი განწმენდისათვის, რაც ბრძანა მოსემ მათდა სამოწმებლად.
მაგრამ ის გამოვიდა, დაიწყო ქადაგება და მთელ ქვეყანას მოსდო მისი ამბავი; ასე რომ, იესოს აღარ შეეძლო ქალაქში აშკარად შესვლა, არამედ გარეთ, უდაბურ ადგილებში იყო, და მოდიოდნენ მასთან ყოველი მხრიდან".

ლუკა მახარობელი აკონკრეტებს განკურნების ადგილს და ამბობს, რომ ეს იყო "ერთ-ერთ ქალაქში ყოფნისას", თუმცა, საერთოდ უნდა ითქვას, რომ კეთროვნებს ქალაქებში არ უშვებდნენ, როგორც ჩანს ამ კეთროვანმა სხვათა მონაყოლიდან იმდენად ირწმუნა იესუს სასწაულთმოქმედი ძალისა, რომ "იესუს დანახვისას" თავი ვერ შეიკავა და, უგულებელჰყო რა ყოველი აკრძალვა, მიეახლა ქრისტეს, "პირქვე დაემხო და შეევედრა: უფალო, თუ გნებავს, შეგიძლია ჩემი განწმენდა". სნეულის რწმენამ გაამართლა მისი მოლოდინი. უფალმა შეიწყალა უბედური ადამიანი, "გაიწოდა ხელი, შეეხო მას და უთხრა: მნებავს, განიწმინდე. და მყისვე გაეყარა მას კეთრი".

მაგრამ რა სნეულებაა ეს ასეთი? რატომ არის კეთრი ასე გამოყოფილი სხვა სნეულებათაგან? როდესაც თავის მოწაფეებს საქადაგებლად აგზავნიდა, ქრისტემ მათ მცნებად მისცა: "განკურნეთ სნეულნი, განწმინდეთ კეთროვანნი, აღადგინეთ მკვდარნი, განდევნეთ ეშმაკნი; უსასყიდლოდ მიგიღიათ და უსასყიდლოდვე გაეცით" (მათე 10:8)

ძველ ისრაელში კეთრი ისეთ უწმინდურ სნეულებად მიაჩნდათ, რაც დაკავშირებულია ერთგვარ სიბინძურესთან, სიბნელესთან, ამაზრზენ ცოდვებთან, ისეთად, როგორსაც თანამედროვე საზოგადოებაში მიიჩნევენ სიფილისს და მასზე უარესადაც კი. მედიცინის ისტორია ამ სნეულებას იცნობს იმ აღწერილობებით, რაც არსებობდა ქრისტეს განკაცებამდე - მოსეს ხუთწიგნეულიდან, - ხოლო ქრისტეს განკაცების შემდეგ ის აღწერილია რომაელი მწერლის კელსის მიერ. თუმცა, ძველებისთვის, რა თქმა უნდა, ცნობილი არ იყო ამ სნეულების მიზეზი. მხოლოდ 1881 წელს, ევროპელმა ბიოლოგმა ჰანზენმა იპოვა კეთრის მიკრობი ("ლეპრა"). რაც შეეხება სნეულების სიმპტომებს, თანამედროვე მეცნიერთა მიერ აღწერილი სიმპტომები ემთხვევა იმას, რაც ძველი ლიტერატურიდანაც იყო ცნობილი. როგორ ხდება დასნებოვნება - უცნობია, მაგრამ, თუკი დაიწყო, სნეულება 5-20 წელი გრძელდება და იწვევს სიკვდილს. ხდება თვითგანკურნებაც, მაგრამ ძალიან იშვიათად. თავისი კლინიკური ფორმებით "ლეპრას" თავისი სახესხვაობები და "სტადიები", ანუ "ფაზები" გააჩნია, მაგრამ ყოველთვის ძალიან მალე იწვევს მთელი სხეულის კანის ღრმა დასნებოვნებას, რომელიც ჯერ "ბუშტულებით" იფარება, შემდეგ კი გადადის ბინძურ, ნაცრისფერ სისხლმდინარე ჩირქოვან წყლულებში. ამის შემდეგ დაავადება ასნებოვნებს შინაგან ორგანოებს და ძვლოვან სისტემას. უძლურდება მხედველობა, სმენა, ხმა, ირღვევა ცხვირი, იწყება თმების ცვენა. ბოლოს, კვდება ხელებისა და ფეხების თითები. სნეული კვდება საერთო გამოფიტვისა და გულის დამბლისგან.

სნეულების განვითარებულ სტადიაში, სნეულის გარეგნობა მართლაც საშინელია: - ასპიდურ-ნაცრისფერი სახე დაფარულია წყლულებითა და ქერქებით, დასერილია ნაწიბურებით, ამობრუნებულია ქუთუთოები: პირი, რომლიდანაც მუდმივად მოედინება ნერწყვი, მოღრეცილია, თვალები აცრემლებული, მთელი სხეული ყარს, ცხვირი დარღვეულია.

ძველ დროში კეთროვნები არ სარგებლობდნენ საზოგადოების არანაირი დახმარებით, მათ დევნიდნენ ქალაქებიდან და დასახლებული პუნქტებიდან, ამიტომაც, ისინი დაუსახლებელ ადგილებში დახეტიალობდნენ, იკვებებოდნენ იმით, რაც კი შეხვდებოდათ და ვალდებულნი იყვნენ ყვირილით ეცნობებინათ სხვებისთვის თავიანთი მიახლოვება.

მოსეს სჯულის მიხედვით, "დაწყლულებულის ტანისამოსი უნდა დაირღვეს; თავი შიშველი უნდა ჰქონდეს, პირამდე შებურვილი უნდა იყოს და ყვიროდეს: უწმიდური, უწმინდური! რამდენ ხანსაც წყლულია მასზე, იმდენ ხანს იქნება უწმიდური. უწმიდურია იგი. განცალკევებით უნდა ცხოვრობდეს თავისი საცხოვრებელი ბანაკის გარეთ" (ლევ. 13:45-46).

გვიანდელ პერიოდში, ქრისტეს შობიდან VI საუკუნეში კეთრის ეპიდემია ისე გავრცელდა, რომ საფრანგეთში სპეციალური თავშესაფრებიც კი მოაწყვეს კეთროვანთათვის, სადაც სნეულები აბსოლუტურად იზოლირებულნი იყვნენ მთელი მოსახლეობისგან. შუასაუკუნეებში, ადამიანი კეთროვნად აღიარების შემდეგ, მიჰყავდათ ეკლესიაში, დააფარებდნენ შავ ტილოს ან ჩაასვენებდნენ კატაფალკში, წაუკითხავდნენ პანაშვიდს, ფეხებთან ბარით მიაყრიდნენ მიწას ნიშნად იმისა, რომ ის მოკვდა საზოგადოებისა და ეკლესიისთვის, და გადაჰყავდათ "ლეპროზორიუმში"
(კეთროვანთა სამკურნალო დაწესებულება - "აპოკ." რედ.). ყოველ კეთროვანს აძლევდნენ შავ ტანისამოსს თეთრი ნიშნებით, ხელში კი პატარა ზარს, რათა მისი წკარუნით ეუწყებინა სხვებისთვის თავისი მოახლოვება.

წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი თავის 14-ე სიტყვაში მოყვასისადმი სიყვარულის შესახებ, ვრცლად მსჯელობს კეთროვნებზე, როგორც "ცოცხალ-მკვდრებზე, ოდესღაც მცხოვრები ადამიანების ნარჩენებზე"

კეთრის შესახებ ამ მოკლე ცნობების შემდეგ, ყოველი ადამიანისთვის ნათელი გახდება, თუ როგორი ენით აუწერელი სიხარული უნდა დაუფლებოდა იმ კეთროვანს, რომელსაც თავისი მკურნალი ხელი გაუწოდა ქრისტემ, და როდესაც "მყისვე გაეყარა მას კეთრი და განიწმინდა". ეს ნიშნავდა, რომ სულიერი სიბნელის შემდეგ - დადგა ნათელი; აუტანელი ტკივილების შემდეგ - სიცოცხლის შეგრძნება ჯანსაღ სხეულში; მარტოობისა და საყოველთაო უარყოფის შემდეგ - თავისუფალი ურთიერთობა ადამიანებთან; ტანჯვისა და წამების შემდეგ - ცხოვრების სიხარული. ქრისტემ კეთროვანი განწმინდა სნეული ადამიანისადმი თანაგრძნობის გამო, მაგრამ, ამავე დროს "მკაცრად გააფრთხილა და უთხრა: იცოდე ნურავის ნურაფერს ეტყვი, არამედ წადი, ეჩვენე მღვდელს და შესწირე შენი განწმენდისათვის, რაც ბრძანა მოსემ მათდა სამოწმებლად" (მკ. 1:43-44).

რას ნიშნავს ქრისტეს სიმკაცრე? მახარობლები ამის შესახებ არაფერს იუწყებიან, მაგრამ, როგორც ჩანს, სხეულებრივ სატკივართან ერთად, კეთროვანი სულითაც დასნებოვნებული იყო და მკაცრ მოპყრობას ითხოვდა. დაექვემდებარა თუ არა ის მოსეს სჯულს, შეასრულა თუ არა მან ქრისტეს განკარგულება მისულიყო მღვდელთან და შეეწირა სამადლობელი მსხვერპლი - უცნობია, მაგრამ ცნობილია, რომ მან უხეშად დაარღვია ქრისტეს მცნება დადუმების შესახებ და რომ გამოვიდა "დაიწყო ქადაგება და მთელ ქვეყანას მოსდო მისი ამბავი; ასე რომ, იესუს აღარ შეეძლო ქალაქში აშკარად შესვლა, არამედ გარეთ, უდაბურ ადგილებში იყო, და მოდიოდნენ მასთან ყოველი მხრიდან".

კეთროვანის განკურნებას, უეჭველად, სიმბოლური მნიშვნელობაც გააჩნია და ის ბნელ, ცოდვილ ძალებზე ახალი ადამის ძლიერებაზე მიანიშნებს, იმ ცოდვილ ძალებზე, რომლებმაც პირველი, ძველაღთქმისეული ადამი დაიმონეს. ასე, მაგალითად, იობის წიგნში, ღმერთი დაუშვებს, რათა ეშმაკმა უმძიმესი სნეულებით გამოსცადოს თავისი მართალი, და ისიც სწორედ კეთრით, ამ ყველაზე ბნელი და უწმინდური სნეულებით დაასნებოვნებს იობს. ხოლო როდესაც მართალი იობი დაითმენს ყველა ტანჯვას და სულით მაინც წმიდა და ღმრთის ერთგული დარჩება, ყოვლისმპყრობელი აღადგენს მას და დაუბრუნებს ჯანმრთელობის სისავსეს, მეტიც, ასწილ დააჯილდოვებს მას ღმრთისშემეცნებითა და ღმერთთან ურთიერთობით ისე, რომ თვით იობი იტყვის: "ყურმოკვრით მსმენია შენზე, ახლა კი ჩემი თვალით გიხილე" (იობი 42:5).

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню