განმარტებანი - ქრისტეს სასწაულები და იგავები. განრღვეულის განკურნება კაპერნაუმში - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

სწავლანი > განმარტებანი

ქრისტეს სასწაულები და იგავები

განრღვეულის განკურნება კაპერნაუმში

შინაარსი

განრღვეულის განკურნება კაპერნაუმში

(მკ. 2:1-12: მთ. 9:1-8: ლკ. 5:17-26)

გალილეაში კეთროვნის განკურნებისა და იერუსალიმში მოგზაურობის შემდეგ, ქრისტე კვლავ კაპერნაუმში დაბრუნდა: "და გავარდა ხმა: შინ არისო. და მაშინვე იმდენმა ხალხმა მოიყარა თავი, რომ კართანაც აღარ დარჩა ადგილი; და ეუბნებოდა მათ სიტყვას". მსმენელთა შორის, როგორც ლუკა მახარობელი გვამცნობს, "ისხდნენ გალილეისა და იუდეის ყოველი კუთხიდან და იერუსალიმიდან ჩამოსული ფარისეველნი და რჯულის მოძღვარნი; და იღვწოდა ძალა უფლისა მათ განსაკურნავად".

როგორც ჩანს, ამ დროს ქრისტემ მრავალი სნეულ განკურნა, რადგან ის ამას ჩვეულებისამებრ ხალხის შეკრების დროს აკეთებდა, მაგრამ აქ სინოპტიკოსები დეტალურად აღწერენ მხოლოდ ერთი განრღვეულის განკურნებას, რომელიც სახლში დაშლილი სახურავიდან ჩაიყვანეს და იესუს წინ დააწვინეს.

აი როგორ ჰყვებიან ამ ამბავს მახარობლები: "... და, აჰა, რამდენიმე კაცმა სარეცლით მოიყვანა დავრდომილი, და ცდილობდნენ შინ შესულიყვნენ და მის წინაშე დაეწვინათ" (მათე) ... "და რაკი ხალხის სიმრავლის გამო ვერ შესძლეს მასთან მისვლა, სახურავი ახადეს სახლს, სადაც ის იმყოფებოდა, და ჭერიდან ჩაუშვეს სარეცელი, რომელზედაც დავრდომილი იწვა" (ლუკა) "იხილა იესომ მათი რწმენა და უთხრა დავრდომილს: გამხნევდი, შვილო, მოგეტევა შენი ცოდვები" (მათე).

აქ, უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ ქრისტე განრღვეულს ცოდვებს მიუტევებს და სასწაულს აღასრულებს "მათი", ანუ ავადმყოფის მიმყვანი ოთხი კაცის რწმენის გამო. ეს არის ძლევამოსილი "საყოველთაო", "კრებითი" რწმენა, რომლის შესახებაც შემდეგ უფალი იტყვის: "თუ ორი თქვენგანი შეთანხმდება ამ ქვეყნად და ერთად ითხოვს რასმე, მაშინ, რასაც უნდა ითხოვდნენ, მიეცემათ ჩემი ზეციერი მამისგან" (მათე 18:19).

თვთ სნეულს ქრისტე ამხნევებს და სწყალობს ძლევამოსილი სიტყვებით: "გამხნევდი, შვილო": - იყავ გაბედული შენს რწმენასა და სასოებაში, ნუ შეგაშინებს პირობათა უჩვეულობა, რომელშიც აღმოჩნდი, ნურც ადამიანთა ეს ბრბო, რომელიც გარს გაკრავს: შენ ცოდვილი ხარ, მაგრამ შენი ცოდვები მოგეტევა იმ ადამიანთა რწმენის გამო, ვინც შეგიწყალა და ვისაც უყვარხარ, და ასევე შენი პირადი რწმენის გამო!

როდესაც ფარისევლებმა და მწიგნობრებმა ისმინეს ქრისტეს სიტყვა ცოდვათა მიტევების შესახებ, აფორიაქდნენ "ბჭობა გამართეს და ამბობდნენ: ვინ არის ეს ღვთისმგმობი? ვის შეუძლია ცოდვათა მიტევება, გარდა ერთის - ღმერთისა?" (ლუკა) - ამ ადამიანებს (მწიგნობრებსა და ფარისევლებს) არა აქვთ უნარი საკუთარ გულში შეიგრძნონ მათ შორის თვით უფლის მყოფობა, ხოლო მათი რელიგიური დოგმატიკა შეუძლებლად მიიჩნევს ადამიანის მიერ ადამიანის ცოდვების მიტევებას - თუმცა, როგორც "სჯულის მცოდნეთ" უნდა სცოდნოდათ, რომ ყოველი სნეულება არის ცოდვის შედეგი.

"იესომ მყისვე შეიცნო სულით, რასაც ფიქრობდნენ, და უთხრა მათ: რად ფიქრობთ მაგას თქვენს გულში?" და იქვე დაამტკიცა მათ წინაშე ჭეშმარიტება, თუ როგორ კავშირშია ცოდვა და სნეულებანი: "რა უფრო ადვილია?" - ჰკითხა მან ფარისევლებს, - "ამისი თქმა დამბლადაცემულის მიმართ: მოგეტევოს შენი ცოდვები; თუ ამისა: აღდეგ, აიღე შენი სარეცელი და წადი?"

ამ სიტყვებით, ქრისტემ ტოლობის ნიშანი დადო ამ ორ ცნებას შორის, ანუ რომ არ ყოფილიყო ცოდვა - არც სნეულებანი იქნებოდა. ცოდვით დაცემა გახლავთ სნეულებათა და კაცობრიობის ტანჯვის საზოგადო მიზეზი. მაგრამ ცოდვაზე ძალაუფლება კაცის ძის (ქრისტეს) ხელშია. ის კი აქ არის, სახლში, და ამიტომაც მიუტევებს და კურნავს!

და მაშინ ქრისტემ ნათლად განუცხადა თავის მოწინააღმდეგეებს: "მაგრამ რათა იცოდეთ, რომ ძეს კაცისას ძალი შესწევს ამ ქვეყნად ცოდვათა მიტევებისა". შემდეგ მიუბრუნდა დავრდომილს და უთხრა:  "შენ გეუბნები: აღდეგ, აიღე შენი სარეცელი და წადი შენს სახლში".

სასწაული მყის აღსრულდა: დავრდომილი "მაშინვე აღდგა, აიღო თავისი სარეცელი და გამოვიდა ყველას წინაშე, ისე რომ, უკვირდა ყველას, ადიდებდნენ ღმერთს და ამბობდნენ: არასოდეს ამგვარი რამ არ გვინახავსო". მათეს მახარობლის მიხდვით: "ამის მხილველი ხალხი განცვიფრდა და ადიდებდა ღმერთს, რომელმაც ასეთი ძალა მისცა ადამიანებს".

ამ ხალხისთვის იესუ აქ არის "ადამიანი", რომელიც შემოსილია ღვთაებრივი ძალაუფლებით. ხალხისთვის, როგორც ჩანს, ამ სასწაულში ჯერ კიდევ არ გაიხსნა მთელი ჭეშმარიტება ქრისტეზე, როგორც ღმრთის ძეზე, არამედ ამ ჭეშმარიტების მხოლოდ მცირე ნაწილი. ღმერთ-ძეობრივი საიდუმლო ჯერ კიდევ მიუწვდომელი რჩებოდა.

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню