განმარტებანი - ქრისტეს სასწაულები და იგავები. ათი კეთროვანის განკურნება - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

სწავლანი > განმარტებანი

ქრისტეს სასწაულები და იგავები

ათი კეთროვანის სასწაულებრივი განკურნება

შინაარსი

ათი კეთროვანის განკურნება

(ლკ. 17:11-19)

კეთრის სხვა შემთხვევა აღწერილია ლუკა მახარობლის მიერ. აქ ქრისტემ სნეულებისგან ათი კეთროვანი მამაკაცი განკურნა.  ეს მოხდა იერუსალიმისკენ მიმავალ გზაზე, როდესაც ქრისტე მოწაფეების და ხალხის თანხლებით "ერთ სოფელში შევიდა". როგორც მახარობელი ამბობს, სწორედ ამ სოფელში შესვლისას "შემოეგება ათი კეთროვანი კაცი, რომლებიც მოშორებით შედგნენ და შეღაღადეს: იესო, მოძღვარო, შეგვიწყალე ჩვენ!"

ეს საცოდავი ადამიანები რომ დაინახა, ისე რომ არ მოუწოდებია მასთან მიახლება, უფალმა შორიდან უთხრა: "წადით და ეჩვენეთ მღვდლებს". ეს უბრალო სიტყვები საკმარისი აღმოჩნდა, რათა კეთროვნები მიბრუნებულიყვნენ და მღვდლებისკენ წასულიყვნენ. ქრისტეს სიტყვები "ძალმოსილებით" იყო ნათქვამი და კეთროვნებიც დარწმუნებულნი იყვნენ, რომ მის განკარგულებაში იფარებოდა მათი გადარჩენა. მაგრამ სად და როდის? და აი, მათდა გასაკვირად და სასიხარულოდ, შესაძლოა რამოდენიმე ნაბიჯიც კი არ ჰქონოდათ გადადგმული, რომ იხილეს მათი ხელები და ფეხები კეთრისგან როგორ განიწმინდა. როგორც კი მთელ სხეულში ძალა და ჯანმრთელობა იგრძნეს, მათ, სავარაუდოდ, სვლასაც აუჩქარეს მღვდლები რომ ენახათ და უკვე სრულიად დარწმუნებულნი იყვნენ საკუთარ განკურნებაში.

მაგრამ ამ ათიდან მხოლოდ "ერთი მათგანი, რომელმაც დაინახა, რომ განიკურნა, მობრუნდა და ხმამაღლა ადიდებდა ღმერთს. იესოს ფერხთით დაემხო და მადლი შესწირა. და იყო იგი სამარიელი..."


აქ ქრისტემ აღნიშნა ღმრთისადმი მადლიერების გრძნობის სიწმიდე მიღებული მოწყალებისთვის, შეაქო მობრუნებული და გაკიცხა ისინი, ვინაც თავის გულში ამ მადლიერების გრძნობის ადგილი ვერ იპოვა. მიუბრუნდა უფალი ხალხს და უთხრა: "განა ათივე არ განიწმინდა? სადღა არიან ცხრანი? არც ერთი არ მობრუნებულა ღმერთის სამადლობლად, ამ უცხო თესლის გარდა"? - ხოლო თვით სამარიელს უთხრა: "ადექ და წადი! შენმა რწმენამ გადაგარჩინა"

ათი კეთროვანის ამ სასწაულებრივ განკურნებაში, ისევე როგორც ერთი კეთროვანის განკურნებაში, უპირველეს ყოვლისა გამოვლინდა ღმრთის მოწყალება დატანჯული კაცობრიობისადმი; ასევე ღმერთკაცის ძალაუფლება კეთრზე, როგორც ცოდვილიანობის ბეჭედზე. გარდა ამისა, ღმრთისადმი უმაღლესი მადლიერების გრძნობაში, გაუქმდა ეროვნული საზღვრები, რომლებსაც ადამიანთა ცოდვილიანობა ბადებს და, ბოლოს, განმტკიცდა ქრისტე ღმერთის მაცხოვნებლობისადმი რწმენა.

ათი კეთროვანიდან მხოლოდ ერთმა ისმინა ქრისტეს სიტყვა ცხონების შესახებ, ხოლო დანარჩენები, რომლებიც უმძიმესი სნეულებისგან განიკურნენ (თანაც მხოლოდ და მხოლოდ მათდამი ქრისტეს მოწყალების გამო), სულიერად მაინც ვერ გამოჯანმრთელდნენ; და ჯერ კიდევ უცნობია, ისარგებლა თუ არა ამ ცხრა ადამიანმა თავისი ჯანმრთელობით, რომ სული ეცხოვნებინათ, რადგან "ჯანსაღ სხეულში" ყოველთვის "ჯანსაღი სული" როდი ბინადრობს.

საეკლესიო პრაქტიკაში, სახარება "ათი კეთროვანის განკურნების" შესახებ ჩვეულებისამებრ ღმრთის სადიდებელ და სავედრებელ პარაკლისებზე იკითხება, რომელსაც ჩვენი ჯანმრთელობისთვის აღვავლენთ უფლის მიმართ.

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню