განმარტებანი - ქრისტეს სასწაულები და იგავები. ასისთავის მსახურის განკურნება კაპერნაუმში - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

სწავლანი > განმარტებანი

ქრისტეს სასწაულები და იგავები

asistavis_msaxuris_gankurneba_kapernaumshi

შინაარსი

ასისთავის მსახურის განკურნება კაპერნაუმში

(მთ. 8:5-13: ლკ. 7:1-10)


შეიძლება ვიფიქროთ, რომ ქრისტეს უყვარდა კაპერნაუმი. ეს "მისი ქალაქი" იყო (მთ. 9:1), სადაც ის, ნაზარეთის დატოვებისა და იოანე ნათლისმცემელის დაპატიმრების შემდეგ დასახლდა (მთ. 4:13), და რომელშიც გამოავლინა უამრავი ძალა და საკვირველთმოქმედებანი (მთ. 11:23). მაგრამ, უფალს აქ არ ჰქონდა მუდმივი საცხოვრებელი, და ხშირად მიმოსვლისას ღამეს თავის მოწაფეებთან: პეტრესთან, ანდრიასთან და სხვებთან ათევდა. ქალაქი გალილეის ტბის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროზე, იორდანის შესართავთან ახლოს, თელ-ჰუმის არც ისე მაღალ გორაკზე იყო განლაგებული. ქრისტეს დროს, კაპერნაუმი, მართალია, პატარა, მაგრამ აყვავებული და მდიდარი ქალაქი იყო ლამაზი და მომხიბლავი გარეუბნებით.

ის იმყოფებოდა დიდი სავაჭრო გზების გასაყარზე, რომლებზეც მოძრაობდნენ ქარავნები, ზოგნი - დამასკოდან იერუსალიმისკენ, სამხრეთით ეგვიპტემდე, ხოლო სხვები - ფინიკიისკენ, ხმელთაშუა ზღვის ნაპირებისკენ, ცნობილი ქალაქების ტვიროსისა და სიდონიისკენ და ასევე სხვა ადგილებისკენ. აქ, სავაჭრო საქმეების გამო, თავს იყრიდა სხვადასხვა ჯურის ხალხი: იუდეველები, გალილეველები, ბერძნები, რომაელები, ეგვიპტელები, ასურელები, აღმოსავლეთის, დასავლეთისა და წინა აზიის მრავალგვაროვანი მცხოვრები. ქალაქთან ახლოს მდებარე გენესარეთის დაბლობი თითქმის მთელი წლის განმავლობაში ჰყვაოდა უხვი მცენარეულობით, ხოლო ტბის კამკამა წყლები, რომელიც ახლაც სავსეა თევზით, ყოველი მიმართულებით ისერებოდა მეთევზეთა ნავებით. ყველგან მრავალრიცხოვანი მოსახლეობის სიცოცხლე ჰყვაოდა. ქალაქი "საკვანძო" იყო და მასში იდგა რომაელთა გარნიზონი. დღეისთვის ძველი კაპერნაუმიდან მხოლოდ უწესივროდ მორყეულ ნანგრევთა გროვაღა დარჩა, რომელსაც ფარავენ ეკალ-ბარდები, შამბნარი და ჭინჭარი. ამ ქაოსისა და პარტახის მხილველს, უნებლიედ გახსენდება მაცხოვრის სიტყვები: "და შენ, კაპერნაუმ, თვით ზეცამდე ამაღლებულო, ჯოჯოხეთამდე დაემხობი: რადგან სოდომს რომ მოვლენოდა შენში მოვლენილი ძალნი, იქნებ კიდევაც მდგარიყო დღევანდელ დღემდე" (მათე 11:23).

მახარობელთა ცნობით, ასისთავის მსახურის განკურნება ქრისტემ აღასრულა ნეტარების მთიდან თავის დაბრუნების შემდეგ, "როდესაც დაასრულა თავისი სიტყვა ხალხის წინაშე" (ლკ. 7:1) (ე. ი. მთაზე ქადაგება) და "კაპერნაუმში შევიდა" (ლკ. 7:1).

ქალაქში ცხოვრობდა რომაელი ასისთავი, სავარაუდოდ ადგილობრივი გარნიზონის მეტაური, რომელსაც ავად გაუხდა საყვარელი მსახური. ორივე წარმართები იყვნენ. როდესაც ესმა, რომ ქალაქში შემოვიდა ქრისტე, რომაელმა გადაწყვიტა ცნობილი მკურნალისა და მოძღვრისთვის მისი მსახურის გამოჯანმრთელება ეთხოვა.

მათე მახარობლის მიხედვით, ასმეთაური პირადად მიეახლა ქრისტეს, მაშინ როდესაც, ლუკას თანახმად, ის ქრისტეს ესაუბრებოდა იუდეველ უხუცესთა მეშვეობით. ეს უხუცესები, როგორც მახარობელი მოწმობს, "მივიდნენ იესუსთან, დაბეჯითებით სთხოვეს და უთხრეს: ღირსია იმისა, რომ ეს მადლი მიაგო მას, ვინაიდან უყვარს ჩვენი ხალხი, და სინაგოგაც აგვიშენა".

მართალია ასმეთაური უეჭველად კეთილი კაცი გახლდათ და, როგორც ჩანს, იუდეველთა გავლენით ერთი ღმერთი სწამდა, მაგრამ მაინც ის ჯერაც რომაელი და წარმართი იყო, და ნაკლებად სავარაუდოა, "უხუცესებს" ის გულწრფელად მიეჩნიათ "ღირსეულ" პიროვნებად. იოანე ოქროპირი ფიქრობს, რომ ეს იყო იუდეველთა "მლიქვნელობა" ქალაქში ყველაზე გავლენიან და ქველმოქმედ ადამიანთა მიმართ. თვით ასმეთაური, როგორც ვნახავთ, არ მიიჩნევდა საკუთარ თავს ქრისტეს შეწევნისა და დახმარების ღირსად. როგორც წარმართი, რომელმაც ირწმუნა ერთი ღმერთი, მაგრამ ჯერაც არ ეკუთვნოდა "ღმრთის ერს - ისრაელს" და მორჩილად ეხმარებოდა ამ ხალხს (უყვარდა ის და სინაგოგაც აუშენა) ოდენ გარეგნულად. მასში იყო ისე, როგორც არის ხოლმე ღმრთის სარწმუნოებისკენ მოქცეულ ათეისტებში, რომლებსაც ჯერაც არ მიუღიათ ნათლისღება, მაგრამ, შევლენ რა ტაძარში, დადგებიან სადმე კუთხეში, სულ უკან და ლოცულობენ და ტირიან ისე, ვითარც მეზვერენი: მათი სული აღვსილია თავმდაბლობითა და ღმრთისადმი სიყვარულით.

როდესაც უხუცესთაგან ასმეთაურის თხოვნა ისმინა, უფალი იმწამსვე "წაჰყვა მათ". თითქოსდა სხვა რას უნდა დალოდებოდა ასმეთაური, როდესაც მისი თხოვნა შესმენილ იქნა და ყოვლისშემძლე მკურნალმა ბრძანა: "მოვალ და განვკურნავ მას", - და გაეშურა მისი სახლისკენ რომ მსახური განეკურნა? მაგრამ, გზაზე მოულოდნელი და აღსანიშნავი სულერი მოვლენა მოხდა, რამაც თვით მაცხოვარიც გააკვირვა. კერძოდ, - რომაელმა, სულიერი მოსაზრებით, ქრისტეს მიღებაზე უარი თქვა. მახარობელი ლუკა ასე მოგვითხრობს ამ ამბავს: "როცა სახლს მიუახლოვდნენ, ასისთავმა მეგობრები შეაგება და შეუთვალა: ნუღარ შეწუხდები, უფალო; ვინაიდან არა ვარ იმისი ღირსი, რომ ჩემს ჭერქვეშ შემოხვიდე. ამიტომ არც იმის ღირსად მივიჩნიე თავი, რომ თავად გხლებოდი..." ამ სიტყვებში გამოხატულია უკიდურესი, იუდეველთა ფსიქოლოგიისთვის მიუწვდომელი თავმდაბლობა: რომაელი ოფიცრის მორჩილება იუდეველთა წინასწარმეტყველის წინაშე. ასმეთაურის შემდეგი სიტყვები კიდევ უფრო საკვირველი და განმაცვიფრებელია. მასში რომაელმა გამოხატა თავისი რწმენა ქრისტეს მიმართ არა როგორც სახელგანთქმული იუდეველი წინასწარმეტყველისა და მკურნალისადმი, არამედ როგორც უფლის მიმართ, რომელსაც ემორჩილება სამყაროს ყოველი ძალი: ის, წარმართი ასმეთაური, ამჟღავნებს საკუთარ რწმენას არა მარტო "სულიერი ყოფიერების" მიმართ, არამედ გონება უნათდება და ამ სულიერ ყოფიერებაში ჭვრეტს მისი იერარქიულობის კანონს. მან ქრისტეს უთხრა: "მხოლოდ სიტყვა თქვი და განიკურნება ჩემი მონა". და აქვე გამოავლინა თავისი რწმენა ქრისტეს ძალმოსილი სიტყვისადმი: "ვინაიდან, - თქვა ასმეთაურმა, - თუმცა სხვისი ქვეშევრდომი ვარ, თავადაც ხელქვეითებად მყვანან მეომრები; და ვეტყვი ერთს: წადი, და მიდის; და მეორეს: მოდი და მოდის; და ჩემს მონას: გააკეთე ეს, და აკეთებს" (მთ. 8:8-9).

ამ მოკლე მაგალითით, ასმეთაურმა პარალელი გაავლო საერო, სამხედრო იერარქიის მიწიერ ურთიერთობასა და სულიერ სამყაროში არსებულ ურთიერთობათა იერარქიულობას შორის. ამ პარალელის აზრი ასეთია: გარნიზონის ოფიცერი თავის ძალაუფლებას მისი ზემდგომი იერარქებისგან იღებს, რაც საბოლოოდ რომის იმპერატორამდე მიდის. ამ ძალაუფლების ძალა უდავოა. სულიერ სამყაროში  - ძალისა და ხელმწიფების წყარო ღმერთია: ქრისტეს გააჩნია ძალაუფლება ღმრთისგან და ეს ძალაუფლება უდავოა ყველა სულიერ ძალთა წინაშე, როგორც ნათელ, ასევე ბნელ და დაცემულ ანგელოზთათვის, მატერიალური სამყაროს სტიქიონებისთვის, სნეულებებისა და სიკვდილისთვის.

გვიჩნდება კითხვა, საიდან შეეძლო ყოველივე ეს ცოდნოდა რომაელ წარმართს? ადამიანის ცხოვრების საიდუმლოს მისეული ჭვრეტა და მისი რწმენა ქრსიტეს მიმართ მართლაც გასაოცარია, საკვირველია და ყოველგვარი განცვიფრების ღირსია. ლუკა მახარობელი ბრძანებს: "ეს რომ გაიგონა, განცვიფრდა იესო, მიუბრუნდა უკან მომავალ ხალხს და თქვა: თქვენ მეუბნებით, ისრაელშიც არ შევხვედრივარ ამნაირ რწმენას". ასისთავს კი (მის მიერ წარმოგზავნილთა პირით, ან შესაძლოა უშუალოდაც, რადგან უკვე ძალიან მიუახლოვდა მის საახლს და ასმეთაურიც გამოეგება მასთან მოსულ მაცხოვარს) უთხრა: "უწადი და შენი რწმენისამებრ მოგეგოს შენ. და მაშინვე განიკურნა მისი მსახური (მთ. 8:13). ლუკა მახარობელი ამატებს: "გაგზავნილები მიბრუნდნენ სახლში და განკურნებული დაუხვდათ მონა" (ლკ. 7:10).

მართლაც, საიდან აღმოაჩნდა რომაელ ოფიცერს ასეთი რწმენა, როგორიც ქრისტეს რჩეულ ერთა შვილებშიც კი არ შეუნიშნავს? როგორც ჩანს, ეს რწმენა იშვა ადამიანის თავმდაბლობიდან, ხოლო თავმდაბლობა მოიპოვება სიკეთის კეთების სურვილით, სიყვარულითა და ცხოვრებისეული ღვაწლით. რომაელი მეომრები ნებისყოფიანი და ქმედითი ადამიანები იყვნენ. გარდა ამისა, ამ მეომარმა თავის გულში იპოვა სიყვარული როგორც მისთვის უცხო ხალხის, ასევე თავისი ერთგული მსახურის მიმართ. როგორც ჩანს, ის იყო დიდი სიყვარულისა და წრფელი გულის ადამიანი. უნებლიედ ის გახდა მახარობელი ყველა ერის ღმრთის სასუფეველში შესვლისა.

როდესაც ასმეთაურის რწმენა ნახა, ქრისტემ იუდეველებს უთხრა: "ამასაც გეუბნებით თქვენ: მრავალნი მოვლენ აღმოსავლეთით და დასავლეთით, და აბრაამთან, ისააკსა და იაკობთან ერთად დასხდებიან ცათა სასუფეველში;
ხოლო სასუფევლის ძენი (ანუ ურწმუნო იუდეველნი, რომლებმაც ვერ იცნეს თავიანთი მეფე და მესია) გარესკნელის ბნელში გაიყრებიან; და იქნება იქ ტირილი და კბილთა ღრჭენა".

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню