განმარტებანი - ქრისტეს სასწაულები და იგავები. იგავები და ქადაგებები 3 - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

სწავლანი > განმარტებანი

ქრისტეს სასწაულები და იგავები

სამყაროს აღსასრულის მოლოდინისა და კაცის ძის მოსვლის შესახებ

იესუ ქრისტე და წმინდანები

ამ იგავებში ქრისტე ადამიანებს მოუწოდებს კაცის ძის მუდმივი მოლოდინისკენ. "მაშ, იფხიზლეთ, ვინაიდან არ იცით, რომელ დღეს მოვა თქვენი უფალი" (მათე 24:42). და კიდევ: "ამიტომ თქვენც მზად იყავით, ვინაიდან, როცა არ ელით, სწორედ იმ საათს მოვა ძე კაცისა" (მათე 24:44).

სიფხიზლისკენ ეს მოწოდება, ზარივით გაისმის სახარების ყველა გვერდიდან და მას კავშირი აქვს არა მარტო ყოველი ადამიანის სიფხიზლესთან, არამედ მთელი კაცობრიობის მომავალთან. ის შეგვახსენებს კაცთა მოდგმის საყოველთაო პასუხისმგებლობაზე ღმრთის წინაშე. უფლის იგავები ამ თემაზე მომამზადებელი წინასახეებია იესუ ქრისტეს წინასწარმეტყველურ სწავლებაზე იესუ ქრისტეს საშინელ სამსჯავროსა და მსოფლიო ისტორიის დასასრულის შესახებ, რაზეც უფალი ღიად ელაპარაკებოდა თავის მოწაფეებს. ხოლო მოციქულებს უშუალოდ თავისი ჯვარცმის წინა დღეებშიც. მაცხოვრის მეორედ მოსვლის დაძაბული მოლოდინი განსაკუთრებული სიძლიერით არის გამოხატული სამოციქულო ეპოქის ქრისტიანთა ლოცვებში: "ჰე, მოვიდოდე, უფალო იესუ!" (გამოცხ. 22:20).


იგავი ადამიანებზე, რომლებიც ელოდნენ თავიანთი ბატონის დაბრუნებას წვეულებიდან


(ლკ.12:35-38)


"დე, იყოს თქვენი წელი მოსარტყლუღი და თქვენი სანთელი - ანთებული", უთხრა ქრისტემ ღმრთის სასუფევლის მომლოდინე ადამიანებს. და იქვე დაამატა: "იყავით იმ კაცთა მსგავსნი, რომელნიც მოელიან თავიანთ ბატონს, როდის დაბრუნდება ქორწილიდანო, რათა დარეკვისთანავე გაუღონ კარი. ნეტა იმ მონებს, რომლებსაც მოსვლისას ფხიზლად ჰპოვებს მათი პატრონი; ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: სარტყელს მოირტყამს, დასხამს, მივა და ემსახურება მათ. მეორე, გინდა მესამე გუშაგობის ჟამსაც რომ მოვიდეს და ამნაირსდ ჰპოვოს ისინი, ნეტა იმ მონებს"

ერთ რუს მისტიკოს მხატვარს აქვს გასაოცრად ძლიერი განწყობის სურათი - "მარადიული მოლოდინი". მასზე გამოსახულია შიშველი კლდეები, უძრავი ზღვა, ბუნდოვანი ჰორიზონტი და ამ არამყუდრო მრისხანე ბუნების შუა ზის ადამიანი, რომელიც უძრავად მიყრდნობია უზარმაზარ პირქუშ ქვას, იმ ურყევი ნებითა და რწმენით, რომ "ვიღაც მოვა" და მსოფლიოში უცილობლივ "რაღაც" დიადი რამ უნდა მოხდეს... მაგრამ როდის? იქნებ ათასი წელი უნდა გავიდეს, თუ მარადიულად მოგვიწევს ლოდინი?

სწორედ ამ მოლოდინშია ადამიანის ნამდვილი ცხოვრება, რომელიც შერწყმულია უძრავ ბუნებას, როგორც მის გარემომცველ კლდეებს. მოლოდინის ძალა მხატვარმა ძალიან მკაფიოდ და დამაჯერებლად გამოხატა, მაგრამ... ეს არის პასიური, ცივი მოლოდინი, არ ის, რაც ახასიათებს სამყაროს აღსასრულის მომლოდინე ქრისტიანთ. ქრისტიანული მოლოდინი - აქტიური და ქმედითია. ქრისტიანები ელოდებიან არა "რაღაცას" ან "ვიღაცას", არამედ განსაზღვრულად ელიან - თავიანთ "ბატონს", "სიძეს", "სახლის პატრონს", რომელიც მოვა და ყოველს მიაგებს საქმეთაებრ მათთა. ეს არის საუკუნო სამსჯავროს მოლოდინი.

ვინც ამ მოლოდინში გამოავლენს მღვიძარებას და თავისი უფლის ერთგულებას, რომელიც წვეულებიდან მოდის, ქრისტესთან ერთად ახალ ცხოვრებაში მარადიული ნეტარებით დაჯილდოვდება. ერთი სიტყვით - "მოლოდინი" უნდა იყოს ღმრთის ნებისადმი მსახურება, მისი მცნებების აღსრულება და განუწყვეტელი მღვიძარება.

იესუ ქრისტეს მეორედ მოსვლა

იგავი მპარავზე, რომელსაც შეუძლია ძირი გამოუთხაროს სახლს

(მთ.24:43-44: ლკ.12:39-40)


იმისთვის, რათა აჩვენოს თუ როგორი სიფხიზლე მართებს სულს კაცის ძის მოსვლის მოლოდინში, უფალმა თქვა მოკლე იგავი სახლის მეპატრონესა და მპარავზე.

"ესეც გახსოვდეთ, - თქვა მან, - სახლის პატრონმა რომ იცოდეს, რომელ საათზე მოვა ქურდი, ფნიზლად იქნებოდა და ძირს არ გამოათხრევინებდა თავისი სახლისათვის. ამიტომ თქვენც მზად იყავით, ვინაიდან, როცა არ ელით, სწორედ იმ საათს მოვა ძე კაცისა".

შესაძლოა, კაცის ძის უეცარი მოსვლის შედარება "ქურდის" მოსალოდნელ მოსვლასთან ქრისტეს ქადაგების მსმენელთ საკმაოდ თამამ და არც ისე გასაგებ იგავად მოეჩვენათ. მაშინ მოციქულმა პეტრემ მოძღვარს ჰკითხა: "უფალო, ჩვენ გვეუბნები ამ იგავს თუ ყველას?"

მოციქულის ამ შეკითხვას მაცხოვარმა ახალი იგავით უპასუხა:



იგავი ერთგულ და კეთილგონიერ მონაზე

(ლკ.12. 42-48: მთ.24:45-51)


ეს იგავი გადმოცემულია ორი მახარობლის მიერ. მათესთან მოკლედ, ლუკასთან უფრო ვრცლად.

"ვინ არის ერთგული და გონიერი მნე, რომელიც პატრონმა მიუჩინა თავის მსახურთ, რათა დროულად მისცეს ულუფა მათ?", - ჰკითხა ქრისტემ თავის მსმენელთ. ქრისტეს შემდგომი სიტყვებიდან აღმოჩნდა, რომ იგავი ნათქვამი იყო არა მარტო მოციქულთა, არამედ ყველა ადამიანის საყურადღებოდ, ვინც კი ღმრთის მონა და მსახურია. ღმერთმა ადამიანები მოუვლინა ქვეყნიერებას იმისთვის, რათა მათ ესრულებინათ "თავიანთი ბატონის" ნება. ყოველი ადამიანი - ღვთის მონაა და იგივე ადამიანი არის "სახლის მმართველი", რომელსაც უფალმა თავის სახლში დიდი თუ მცირე დავალება მიუჩინა. ბატონის დაბრუნებამდე მოლოდინში - "სახლის მმართველმა მონამ" კეთილსინდისიერად უნდა აღასრულოს მისთვის მიცემული დავალება.

"ნეტა ამ მონას, რომელსაც ამნაირად მოქმედს ჰპოვებს მისი პატრონი, როდესაც მოვა. - თქვა ქრისტემ, - ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მთელს თავის სარჩო-საბადებელს მეთვალყურედ მიუჩენს მას"... ხოლო თუ მონა გულში იტყვის: "აგვიანებს ჩემი პატრონი მოსვლას; და დაიწყესს მსახურებისა და მოახლეების ცემას, ჭამას, სმას და ლოთობას", სიმბოლურად მონა თითქოსდა ამბობს: "არც ისე მალე დადგება ჩემი სიკვდილი და ღმრთისადმი პასუხისგება: შეიძლება ჯერ კიდევ ვიცხოვრო "ჩემი სურვილისამებრ", ანუ უზნეოდ: ჯერ კიდევ მეყოფა დრო საქმის გამოსასწორებლად" და ა. შ.

მაგრამ... ქრისტე გვაფრთხილებს: "მაშინ მოვა მონის პატრონი, იმ დღეს, როდესაც არ ელის, და იმ საათს, რომელიც არ იცის, შუა გაკვეთს და ურწმონოებთან დაუდებს წილს".

უეცრად მოვა პასუხისგებისა და ანგარიშგების ჟამი, რომლისთვისაც მონა მომზადებას ვერ მოასწრებს. ბატონის თანდასწრებით მონა დაუზარებელი იყო და ნდობას იმსახურებდა, მაგრამ ბატონის არყოფნაში "სახე იცვალა", "ბოროტ" და "პირმოთნე" მონად გადაიქცა (მთ. 24:48-51).

ამ იგავიდან შეუძლებელია არ დავასკვნათ, რომ ღმრთის სასუფევლის მოლოდინში, აუცილებელია ყოველთვის, მიწიერი ცხოვრების ყოველ ვითარებაში ვიცხოვროთ და ვიღვაწოთ ისე, როგორც უფალმა გვამცნო, ანუ ყოველთვის ვიგრძნოთ თავი ღმრთის გვერდით, ყოველთვის "მზად ვიყოთ" პასუხისთვის.

ლუკა მახარობელი იგავის ბოლოს გადმოგვცემს ღმრთის მსჯავრის არსებით დეტალებს იმ მონებზე, რომლებიც არ ელოდნენ თავიანთი ბატონის დღესა და საათს: "ის მონა, რომელმაც იცოდა თავისი პატრონის ნება, მაგრამ არ აღასრულა იგი და არ დახვდა მზად, საშინლად იგვემება. ის კი, ვინც არ იცოდა, მაგრამ ისე მოიქცა, რომ სასჯელი დაიმსახურა, ნაკლებად იგვემება, რადგან ვისაც ბევრი მიეცა, ბევრი მოეთხოვება, და ვისაც მეტი მიენდო, მეტი მოეკითხება".

ეს სიტყვები შეიძლება გავიგოთ იმ აზრით, რომ ერთი მხრივ, ქრისტეს სწავლებით განათლებულნი, ვინც კარგად იცის ღმრთის ნება, და მეორე მხრივ, ბნელი და გაუნათლებელი ადამიანები, სხვადასხვაგვარად დაისჯებიან: "ვისაც ბევრი მიეცა, ბევრი მოეთხოვება, და ვისაც მეტი მიენდო, მეტი მოეკითხება" (ლუკა 12:48).

რატომ მოსთხოვენ პასუხს მათ, ვისაც "ნაკლები მიეცა" და მათაც კი, ვინც "ვინც არ იცოდა, მაგრამ ისე მოიქცა, რომ სასჯელი დაიმსახურა"? როგორც ჩანს იმიტომ, რომ "სული თავისი ბუნებით ქრისტიანია" (ტერტულიანე) და იმიტომაც, რომ ზნეობრივი სჯული მოცემულია ღმრთის მიერ, როგორც ნიჭი, და ის ყოველ ადამიანს დაბადებიდანვე ეძლევა, დაბადებიდანვე ინერგება მის გულში. ეს ჭეშმარიტება საკმაოდ ძლიერად ჰქონდა შეგნებული ფილოსოფოს კანტს, რომელიც ამბობდა: "ისე არაფერი მნუსხავს სამყაროში, როგორც ვარსკვლავებით მოჭედილი ცა ჩემს თავს ზემოთ და ზნეობრივი სჯული ჩემს შიგნით". "არმცოდნენიც" დაისჯებიან, როგორც მცოდნენი, მაგრამ ნაკლებად: შესაძლოა იმიტომ, რომ "არ სურდათ" ცოდნოდათ ან "მცირედ სურდათ".


იგავი ათ ქალწულზე

იგავი ათ ქალწულზე

(მთ. 25:1-13)


იგავი ათ ქალწულზე, რომლებიც ელიან სიძის მოსვლას და მის შესახვედრად გამოდიან, გადმოცემულია მხოლოდ მათე მახარობელთან. თუმცა, ზოგიერთ დეტალს პარალელი აქვს ლუკასთან (ლკ. 13:25).

"მაშინ (ე. ი. მსოფლიო ისტორიის აღსასრულს) მიემსგავსება ცათა სასუფეველი ათ ქალწულს, რომლებმაც აიღეს თავიანთი ლამპრები და გადავიდნენ სიძის შესაგებებლად", თქვა ქრისტემ (მთ. 25:1).

მაგალითი, რომელიც აღებულია აღმოსავლელი ხალხების საქორწილო რიტუალიდან, ძალიან მკაფიო და ადვილად გასაგები იყო ქრისტეს ყველა მსმენელისთვის, - მტრებისთვისაც და მოყვარეებისთვისაც. სიძე, ჩვეულებისამებრ, საღამოს გამოდიოდა თავისი სახლიდან და მიდიოდა პატარძლის მშობლების სახლისკენ: გზაზე მას ხვდებოდნენ და პატარძლამდე მიაცილებდნენ გოგონას მეგობრები და "მესანთლეები". შემდეგ ყველანი ერთად შედიოდნენ საქორწილო ტრაპეზზე, სადაც სიძის შესვლის შემდეგ უკვე აღარავის უშვებდნენ - კარები მჭიდროდ იკეტებოდა.

იგავის ტექსტის მიხედვით, ქრისტემ ბრძანა, რომ სიძის შემხვედთაგან "ხუთი მათგანი გონიერი იყო, ხუთი კი - უგუნური". "უგუნურებმა აიღეს თავიანთი ლამპრები, მაგრამ თან არ წაიღეს ზეთი. გონიერებმა კი თავიანთ ლამპრებთან ერთად თან წაიღეს ზეთიც თავიანთი ჭურჭლებით. და რაკი სიძემ დაიგვიანა, ყველას რული მოერია და ჩაეძინა. მაგრამ შუაღამისას გაისმა ძახილი: აჰა, მოდის სიძე, გამოდით, გამოეგებეთო".

ყველა ქალწულს ეძინა, და არავის მათგან არ შეეძლო, სიტყვის სრული მნიშვნელობით, მთელ ღამე მღვიძარე ყოფილიყო სიძის მოლოდინში, მაგრამ, როგორც ჩანს, მათ ფხიზლად ეძინათ, რადგან საჭირო მომენტში ესმათ მოწოდება "აჰა, სიძე მოდის".
"აჰა ესერა სიძე მოვალს შუაღამესა და ნეტარ არს იგი, ვისაც მღვიძარეს ჰპოვებს..." იგალობება ვნების შვიდეულის პირველი დღეების ცისკარზე. და რომელ მძინარე სულს არ წააქეზებს სინანულისკენ ეს წმიდა საგალობელი, ეკლესიის ეს მოწოდება? სიმბოლურად ეს შუაღამისეული შეძახილი შეიძლება ნიშნავდეს სამყაროს აღსასრულის მოახლოებას - კაცის ძის მეორედ მოსვლის მრისხანე ნიშანს. მაშინ ყველა ადამიანი გაიღვიძებს - კეთილიც და ბოროტიც, ბრძენიც და ბრიყვიც. ასეა უფლის იგავშიც: "მაშინ ადგა ყველა ქალწული და გამართეს თავიანთი ლამპრები".
მაგრამ, ვაი რომ სიძის მომლოდინეთაგან ყველა როდი აღმოჩნდა მზად მის შესახვედრათ - უგუნურ ქალწულებს თავიანთ ლამპრებში საკმარისი ზეთი არ აღმოაჩნდათ, ხოლო ჩამქრალი ლამპრებით ისინი ქორწილში ვერ წავიდოდნენ. მაშინ "უგუნურებმა უთხრეს გონიერთ: გვიწილადეთ თქვენი ზეთი, ვინაიდან ჩვენი ლამპრები ქრება". დიახ, ასე მიმართეს მათ გონიერ ქალწულებს. ხოლო მათ, თავიანთი სიბრძნისამებრ პასუხობენ: "რომ არ შემოგვაკლდეს ჩვენცა და თქვენც, გიჯობთ წახვიდეთ ვაჭრებთან და იყიდოთ თქვენთვის".

აქ უდიდესი სიმბოლური მნიშვნელობა გააჩნია სიტყვას "ზეთი", როგორც აუცილებელ საწვავს ლამპრის ასანთებად. რას ნიშნავს ეს სიმბოლო? იოანე ოქროპირის მიხედვით, ეს არის "ადამიანის კეთილი საქმეები", ღმრთისა და მოყვასის სიყვარულით ანთებული გული.

"მოლოდინი" - ეს არის კაცის ძის მოსვლისადმი რწმენა. "ზეთი" - ამ რწმენის თანმხლები ყველა კეთილი საქმე: ერთიც და მეორეც, ერთად აღებული, ცათა სასუფეველში სულის შესვლის გასაღებია. იგავის ასეთი განმარტება ძალიან გავრცელებულია, როგორც დასავლელ, ასევე აღმოსავლელ ქრისტიანთა შორის.

ანტონი დიდი თავის წერილებში მონაზონთა მიმართ ამგვარ ქალწულთა შესახებ ბრძანებს: "მრავალ ბერსა და ქალწულს არავითარი წარმოდგენა არა აქვთ იმაზე, რომ ადამიანში მოქმედებს სამი ნება: პირველი ღმრთის ნებაა, სრულყოფილი და სრულიად მაცხოვნებელი; მეორე - საკუთარი, ადამიანური ნება, რომელიც თუ წარმწყმედელი არაა, არც მაცხოვნებელია, ხოლო მესამე ნება - ეშმაკისაა, რომელიც სრულიად წარმწყმედელია. და აი, სწორედ ეს მესამე, მტრის ნება ასწავლის ადამიანს არ აკეთოს არავითარი სათნოება ან აკეთოს ის პატივმოყვარეობით, მედიდურობითა და ამპარტავნებით, ან კიდევ სიკეთე მხოლოდ სიკეთისთვის და არა ქრისტესთვის.

მეორე, ჩვენი საკუთარი ნება, - გვასწავლის ყველაფერი ვაკეთოთ ჩვენი ვნებების დასაკმაყოფილებლად, ან ისევე როგორც მტერი, გვასწავლის სიკეთე ვაკეთოთ მხოლდო სიკეთისთვის, და არ მივაქციოთ ყურადღება მადლს, რომელიც სიკეთის კეთებით მოიპოვება.

მაშინ როდესაც, პირველი, ღმრთის ნება, რომელიც სრულიად მაცხოვნებელია - მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რომ სიკეთე აკეთო მხოლოდ სულიწმიდის მადლის მოსახვეჭად, როგორც მარადიული საგანძური, არასოდეს რომ არ ქრება და ფასდაუდებელია მისი მკეთებლისთვის.

სწორედ სულიწმიდის ეს მოხვეჭა იწოდება კიდევაც იმ "ზეთად", რომელიც უგუნურ ქალწულთ არ ეყოთ... მათ სწორედ იმიტომ ეწოდათ უგუნურნი, რომ დაავიწყდათ თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ამ ცხოვრებაში სათნოებათა კეთება ღმრთის სადიდებლად და მისი მადლის მოსახვეჭად, რომლის გარეშეც ცხონება შეუძლებელია.

სწორედ ამ "ზეთით" იყო სავსე გონიერ ქალწულთა ლამპრები, რომელთაც შეეძლოთ ხანგრძლივად და დიდხანს ნათება, და ამ ქალწულებმაც შეძლეს ანთებული ლამპრებით შეხვედროდნენ შუაღამით მოსულ სიძეს, რომელთან ერთადაც შევიდნენ შემდეგ  ქორწილის სიხარულში.

უგუნურებმა, როდესაც ნახეს, რომ მათი ლამპრები ქრებოდა, თუმც კი წავიდნენ სავაჭროდ, რათა ეყიდათ ზეთი და კვლავ აევსოთ თავიანთი ლამპრები, მაგრამ დროზე მოსვლა ვერ მოასწრეს, რამეთუ საქორწილო კარები უკვე დახშული იყო.

"ვაჭრობა" - ეს ჩვენი ცხოვრებაა. ხოლო "საქორწილო კარების დახშობა", რომელიც ადამიანს არ უშვებს სიძესთან - ადამიანის სიკვდილია; "გონიერი და უგუნური ქალწულები" - ქრისტიანთა სულებია; "ზეთი" - საქმეებისგან მიღებული სულიწმიდის მადლია.

გამომდინარე აქედან, ყოველმა ადამიანმა უნდა ჰკითხოს საკუთარ თავს, როდესაც ამა თუ იმ საქმეს აღასრულებს, იღებს თუ არა ის გონიერ ქალწულთა ამ "ზეთს", ანუ სულიწმიდის მადლს? და თუ თავის სულში ჰპოვებს სულის ნაყოფს: "სიყვარულს, სიხარულს, მშვიდობას, დიდსულოვნებას, სიტკბოებას, სიკეთეს, რწმენას,
თვინიერებას და თავშეკავებას" (გალატ. 5:22-23), მაშინ - მისი სულის ლამპარი წესრიგშია და "ზეთი" მას სიძის მოსვლამდე გაუნათებს გზას.

იგავი მთავრდება ადამიანთა სულების მუდმივი სიფხიზლისკენ უფლის მოწოდებით: "მაშ, იფხიზლეთ, ვინაიდან არც დღე იცით და არც საათი, როდის მოვა ძე კაცისა" (მათე 25:13).

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню