განმარტებანი - აბრაამის გამოცდა - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

სწავლანი > განმარტებანი

აბრაამის გამოცდა

Abraamis gamocda

წმ. იოანე ოქროპირის ორმოცდამეშვიდე ჰომილია დაბადების წიგნზე.

1. დღევანდელი საკითხავი წმიდა წერილიდან ბევრ სასარგებლოს შეიცავს და ენით აუწერელი განძია დაფარული ამ მოკლე სიტყვებში. ასეა ღვთისგან ნაბრძანები: არა მრავალსიტყვაობა, არამედ მოკლედ გადმოცემა შეიცავს უდიდეს სიმდიდრეს. მაშ ასე, გამოვიკვლიოთ წერილში მითითებული სიტყვები - ამჟამინდელი საკითხავის მნიშვნელობის ზედმიწევნით შესასწავლად. ჩვენ დავინახავთ ახალ მაგალითებს, მამამთავრის უდიდეს სათნოებას და უფლის საოცარ კაცთმოყვარეობას. ამ ამბების შემდეგ იყო, რომ გამოსცადა აბრაამი ღმერთმა.

რას ნიშნავს ეს სიტყვები? შეხედე, როგორ ცდილობს საღვთო წერილი, ამ სიტყვებით გააცხადოს წმინდანის სათნოება. განზრახული აქვს გაგვაცნოს უფლის მიერ აბრაამზე დაშვებული განსაცდელი. წმიდა წერილს წინასწარ უნდა გვაჩვენოს ის დრო, როცა მამამთავარს ებრძანა ისააკის სამსხვერპლოზე მიყვანა, რათა სრულყოფილად გაიაზრო მამამთავრის უდიდესი მორჩილება, როგორ არ მიაჩნდა მას არაფერი უფლის თაყვანისცემასა და მსახურებაზე მაღლა.

რას ნიშნავს: ამ ამბების შემდეგ იყო? ისააკის დაბადების შემდეგ, როდესაც სარამ დაინახა ისმაელის ახლო ურთიერთობა ისააკთან, განრისხდა და უთხრა აბრაამს: გააგდე ეს ყმაქალი და მისი შვილი, რადგან ვერ უნდა დაიდოს წილი ამ ყმაქალის შვილმა ჩემს შვილთან, ისაკთან ერთად. მამამთავარს სისასტიკედ მოეჩვენა ეს. მაშინ, ღმერთმა დასამშვიდებლად უთხრა: მოუსმინე შენს ცოლს სარას და მოიქეცი ისე, როგორც გეუბნება; ნუ სწუხარ ყმაწვილზე და შენს ყმა ქალზე... რადგან ისაკითხ დაგეწყება შთამომავლობა. ისმაილს კი, ხალხად ვაქცევ, რადგან შენი თესლია იგი (დაბ. 21:10-13).

უფლისგან მოცემული აღთქმა იმაში მდგომარეობდა, რომ ისააკის შთამომავლები გამრავლდებოდნენ და დიდ ხალხად იქცეოდნენ. ამ იმედით, მართალი აბრაამი თავისი მოღვაწეობის დასასრულს უახლოვდებოდა, თითქოს უკვე მიიღო მისაგებელი ამდენი ხნის მწუხარებისა და განსაცდელისთვის. საბოლოოდ, სიმშვიდეს ეწია; თვალწინ ჰყავდა ვაჟი, რომელიც მისი მემკვიდრე უნდა ყოფილიყო. მაგრამ უფალს სურდა, ჩვენთვის მართლის ყველა სათნოება და ის უდიდესი სიყვარული ეჩვენებინა, რომელსც იგი ღვთისადმი განიცდიდა. ესოდენ დიდებული აღთქმის შემდეგ, როდესაც ისააკი წამოიზარდა და გაფურჩქვნის ასაკში იყო, მამის სიყვარული უფრო და უფრო ძლიერდებოდა. განსაკუთრებით კი იმ სიტყვების შემდეგ, რომელიც ითქვა: ისაკით დაგეწყება შთამომავლობა და ის იქნება შენი მემკვიდრე, - ამ ამბების შემდეგ იყო, რომ გამოსცადა აბრაამი ღმერთმა.

რას ნიშნავს გამოსცადა? ის კი არა, რომ ღმერთი არ უწყოდა და ისე აკეთებდა, არამედ იმისთვის გამოსცადა მამამთავარი, რომ, მაშინდელ თანამედროვეებს და მის შთამომავლებს მამამთავრის მსგავსად ჰქონოდათ უფლის სიყვარული და მისი ბრძენებები სრული მორჩილებით აღესრულებინათ.

უთხრა: აბრაამ! მიუგო: აქა ვარ! რას ნიშნავს აქ სახელის გამეორება? ეს ნიშანია უფლის უდიდესი კეთილგანწყობისა მამამთავრის მიმართ. ასე იმის მისახვედრად მოუწოდა, რომ ღმერთს რაღაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი უნდა ებრძანებინა მისთვის. ამგვარად, გაძლიერებული მოწოდებით განიზრახა მამამთავრის ყურადღების გაძლიერება, რომ ზედმიწევნით მოესმინა ღმერთის სიტყვა.

ღმერთი ეუბნება: მოჰკიდე ხელი შენს შვილს, შენს მხოლოდშობილს, რომელიც გიყვარს, ისაკს, და წადი მორიას მხარეში. იქ შესწირე აღსავლენ მსხვერპლად ერთ მთაზე, რომელსაც გიჩვენებ (დაბ. 22:2). ძალიან მძიმე ბრძანებაა! ეს საქმე ადამიანის ბუნებრივ შესაძლებლობებს აღემატება! მოჰკიდე ხელი შენს შვილს, შენს მხოლოდშობილს, რომელიც გიყვარს, ისაკს. შეხედე, ეს სიტყვები როგორ უფრო აღვივებენ და აძლიერებენ სიყვარულის ცეცხლს, რასაც მართალი გრძნობდა ისააკისადმი.

მოჰკიდე ხელი შენს შვილს, შენს მხოლოდშობილს, რომელიც გიყვარს, ისაკს. ყოველი სიტყვა, თავისთავად, საკმარისი იყო, მამამთავრის სულის შესაძრწუნებლად. ღმერთს უბრალოდ არ უთქვამს: ისააკი, დაამატა: შენი შვილი, რომელიც მიიღე ყოველგვარი მოლოდინის გარეშე და მისი გაჩენა ღრმა მოხუცებულობაში შეძელი, მხოლოდშობილი, ნანატრი, რომელიც შენ ასე გიყვარს; ისააკი, რომელიც მემკვიდრედ გსურს, რომლისგანაც მე შეგპირდი შენი შთამომავლობის გამრავლებას იმდენად, რომ მათი რიცხვი ცაში ვარსკვლავებს და ზღვაში ქვიშას გაუტოლდება. ასე რომ, აი, სწორედ ეს შვილი წამოიყვანე და წადი მორიას მხარეში. იქ შესწირე აღსავლენ მსხვერპლად ერთ მთაზე, რომელსაც გიჩვენებ.ბ

ჩემთვის ისიც გასაოცარია, როგორ შეძლო ამ სიტყვების მოსმენა მართალმა. ზუსტად ის შვილი, ამბობს ღმერთი, შენთვის ესოდენ სასურველი, მოიყვანე, რომ მსხვერპლად შემწირო მე. როგორ მიიღო ეს მართალმა? ის არ შეცბუნდა სულით, არ შეფერხდა აზროვნებით, არ დაიბნა ასეთი უცნაური ბრძანების გამო, არ დაიწყო ფიქრი და განსჯა, რას უნდა ნიშნავდეს ეს? ვინც, ყოველგვარი მოლოდინის გარეშე, მაჩუქა მე შთამომავალი, თვისი კაცთმოყვარებით გააცოცხლა სარას მკვდარი საშო, ახლა, კი, როცა ჩემი შვილი წამოიზარდა და გაფურჩქვნის ასაკშია, ის მიბრძანებს მოვკლა და მსხვერპლად შევწირო? ის, ვინც ცოტა ხნის წინ მითხრა მე: ისაკით დაგეწყება შთამომავლობა, ახლა საწინააღმდეგოს მოითხოვს? როგორღა აღსრულდება მისი მოცემული აღთქმა? როგორ შეიძლება, წაკვეთილი ფესვებიდან ტოტი გამოიზარდოს, ანდა გადაჭრილი ხისგან ნაყოფი მივიღოთ, ან დამშრალი წყაროდან მდინარეები გადმოდინდეს? ადამიანური განსჯით, ეს არ შეიძლება მოხდეს, თუმცა, უფლის ნებით, ყველაფერი შესაძლებელია.

2. არაფერი მსგავსი წმინდანს არ უფიქრია, არამედ, როგორც მადლიერმა მორჩილმა, მიატოვა ყველა ადამიანური საზრუნავი და მხოლოდ ერთზე ზრუნავდა, - ბრძანება შეესრულებინა; მისთვის, თითქოს, უცხო გახდა ადამიანური ბუნება, და ყოველგვარი განცდები, სიყვარული უფლის ბრძანებაზე ქვემოთ დააყენა, ჩქარობდა, მის შესრულებას შედგომოდა.

ადგა დილაადრიან აბრაამი, შეკაზმა სახედარი, თან წაიყოლა ორი მსახური ბიჭი და ისაკი, თავისი შვილი; დაჩეხა სამსხვერპლო შეშაც, ადგა და წავიდა ადგილისკენ, ღმერთმა რომ მიუნიშნა (დაბ. 22:3). ყურადღება მიაქციე, კაცთმოყვარე უფალი ადგილის სიშორითაც კი ცდის მართლის სათნოებას. წარმოიდგინე, რა უნდა გადაეტანა მართალს სამი დღის განმავლობაში, როცა ბრძანების შესრულებაზე ფიქრობდა, - იმაზე, საკუთარი ხელით როგორ უნდა მოეკლა ესოდენ საყვარელი შვილი, ამასთანავე, არავისთვის შეეძლო ამის გამხელა, - გაგიკვირდეს მისი ღვთისმოყვარეობა და სულის სიძლიერე. ხვდებოდა უფლის ბრძანების მნიშვნელობას, მიზანმიმართულად არავის უმხელს, არც მონებს, არც ისაას, თვითონ, მარტო სჩადის ამ გმირობას, და რკინასავით უდრეკი რჩება, აჩვენებს თვისი სულის ძლიერებას, ბევრს არ ფიქრობს, სრული მზადყოფნით ემორჩილება უფლის ნებას.

მესამე დღეს გაიხედა აბრაამმა და შორიდან დაინახა ის ადგილი. უთხრა აბრაამმა მსახურ ბიჭებს: თქვენ აქ დარჩით სახედართან, მე და ეს ბიჭი კი იქ წავალთ, თაყვანს ვცემთ და თქვენთან მოვბრუნდებით (დაბ. 22:4-5). აქაც, ყურადღება მიაქციე წმინდანის დიდ კეთილგონიერებას: მას უნდოდა თავისი განზრახვა მსახურებისგანაც კი დაემალა, ყველაფერში გულმხურვალე და მტკიცე მზადყოფნას აჩვენებს უფლის ნების შესასრულებლად. მან იცოდა, რომ ეს საქმე ახალი და უჩვეულო იყო, რომ ადრე სხვას არავის გაუკეთებია მსგავსი რამ, - ამიტომაც უმალავს მონბს, ტოვებს მათ სახედრებთან და ეუბნება: თქვენ აქ დარჩით სახედართან, მე და ეს ბიჭი კი იქ წავალთ, თაყვანს ვცემთ და თქვენთან მოვბრუნდებით. მან ეს თქვა, თუმცა არ იცოდა, რომ ასე იქნებოდა; იწინასწარმეტყველა, ისე, რომ თვითონაც არ იცოდა. მოსამსახურეებს ასე იმიტომ უთხრა, რომ სინამდვილე დაემალა და ეიძულებინა, იმ ადგილას დარჩენილიყვნენ.

შემდეგ, აიღო აბრაამმა სამსხვერპლო შეშა, აჰკიდა ისაკს, თავის შვილს, ხელში დაიჭირა ცეცხლი და დანა, და ასე წავიდნენ ორნი ერთად (დაბ. 22:6). სულის როგორი ძლიერებაა! როგორი მტკიცე ნებისყოფა! სამსხვერპლო შეშა აჰკიდა ისაკს ამბობს წმიდა წერილი, თვითონ აიღო დანა და ცეცხლი, და ორივენი ერთად წავიდნენ. როგორი თვალებით უყურებდა შვილს, რომელსაც შეშა მიჰქონდა და რომელიც ცოტა ხნის შემდეგ მსხვერპლად უნდა შეეწირა? როგორ შეეძლო ხელებში დანა და ცეცხლი დაეჭირა? ხელებით ცეცხლი მიჰქონდა, მგზნებარე, შინაგანი ცეცხლი გულში ენთოდა ყოველგვარ წადილს ანადგურებდა, განამტკიცებდა მის განზრახვას, ღმერთის სიყვარულით საცთურზე გაემარჯვა, და აიძულებდა ეფიქრა, რომ ის, ვინც მისცა შესაძლებლობა მამა გამხდარიყო, რაც ადამიანური ბუნების ძალებს აღემატებოდა, ახლაც შეაძლებინებდა, ადამიანურ გონზე აღმატებული საქმე ჩაედინა. თუმცაღა, შეხედე, როგორ ინთება მასში შინაგანი ცეცხლი და წვავს მართლის სულს.

უთხრა ისაკმა აბრაამს, თავის მამას, უთხრა: მამაჩემო (დაბ. 22:7). ეს სიტყვები საკმარისი იყო იმისათვის, რომ შინაგანად შეძრულიყო მარტალი, უთხრა აბრაამმა: რა იყო, შვილო? მამას ეძახი მას ვინც ცოტა ხნის შემდეგ უკვე უშვილო იქნება; და მე ვეძახი ჩემს შვილს, ვინც მალე სამსხვერპლოზე უნდა ავიდეს, ვისაც მე საკუთარი ხელებით მოვკლავ. შვილი ამბობს: აი, შენ მოგაქვს ცეცხლი, მე - შეშ; სად არის მსხვერპლი, უფლისთვის მისატანად გამზადებული, კრავი სადღა არის?

წარმოიდგინე მართლის ჯოჯოხეთური ტანჯვა, - როგორ შეძლო გადაეტანა ის რაც მოისმინა, როგორ შეძლო შვილისთვის ეპასუხა, როგორ არ შეყოყმანდა სულიერად, როგორ შეძლო დაემალა შვილისთვის და არ გაემჟღავნებინა მომავალი საქმე? მტკიცე აზრით და ძლიერი სულით პასუხობს შვილს: ღმერთი გამოაჩენს თავისთვის აღსავლენ კრავს (დაბ. 22:8).

შეხედე, აქაც წინასწარმეტყველებს მომავალს, ისე, რომ თავად არ უწყის. ასეთი პასუხით, ცდილობს, სიმართლე დაუმალოს ისააკს, მაგრამ ამ სიტყვების შვილს მხოლოდ დროებით ამშვიდებს, ამ დროს თვითონ უფრო დიდ ტკივილსა და მწუხარებას განიცდის, ფიქრობს ამ სიტყვებზე, შეჰყურებს შვილის ფიზიკურ სილამაზეს, სულიერ კეთილსახეობას, მის მორჩილებას, მიმზიდველობას და გაფურჩქვნის ასაკს. ასე მიდიოდნენ ორნი ერთად. მიადგნენ იმ ადგილს, ღმერთმა რომ უთხრა (დაბ. 22:8-9).

საღვთო წერილი ამბობს, მივიდნენ მაღალ მთაზე, რომელიც ღმერთმა აჩვენა, და აღმართა იქ აბრაამმა სამსხვერპლო. ისევ მაოცებს მართლის სიმამაცე, როგორ შეეძლო სამსხვერპლოს აღმართვა, როგორ იპოვა ამისთვის ძალა, როგორ არ დაეცა სულით შინაგანი განცდებისგან? მაგრამ, - არა! მან სამსხვერპლოც აღმართა და შეშაც დააწყო, შეკრა ისაკი, თავისი შვილი, და დასვა იგი სამსხვერპლოზე, შეშის ზემოთ. გაიწოდა ხელი აბრაამმა და აიღო დანა შვილის დასაკლავად (დაბ. 22:9-10).

3. ნუ დავტოვებთ, საყვარელნო, ამ მონათხრობს უყურადღებოდ, არამედ ვიფიქროთ, როგორ არ დატოვა სხეული მამამთავრის სულმა, როგორ ეყო მას ძალა საკუთარი ხელებით აეღო და დაეწყო შეშა სიყვარულისთვის, საკუთარ გულზე უფრო ძვირფასისთვის, ერთადერთი შვილისთვის.

გაიწოდა ხელი აბრაამმა და აიღო დანა შვილის დასაკლავად,
ამბობს წერილი. ჰოი, სულო, ღვთისმოყვარულო! ჰო, სულო, ვაჟკაცურო! ჰოი, ძლიერო სიყვარულო! ჰო, გონებავ, ადამიანურ ბუნებაზე გამარჯვებულო! აიღო დანა შვილის დასაკლავად. მაგრამ აქ რამ უფრო უნდა გაგვაკვირვოს, მამამთავრის ვაჟკაცურმა სულმა თუ შვილის მორჩილებამ? ის არ გაიქცა, არ განრისხდა მამის საქციელის გამო, დაემორჩილა მის განზრახვას და, როგორც ცხვარი, უსიტყვოდ ავიდა სამსხვერპლოზე, მამის დარტყმის მოლოდინში.

როცა ყველაფერი მზად იყო და აღარაფერი რჩებოდა, კეთილი უფალი, სურს რა აჩვენოს, რომ ასეთი ბრძანება არა შვილის მოსაკვდინებლად, არამედ მამამთავრის სათნოების გამოსამჟღავნებლად მისცა, საბოლოოდ თვის კაცთმოყვარეობასაც გამოხატავს და მართალს გვირგვინს ადგამს თვინიერებისთვის, ანუ მისი გადაწყვეტილებისთვის, მართლა მსხვერპლად შეწიროს შვილი.

მოუხმო მას უფლის ანგლოზმა ციდან და უთხრა: აბრაამ! (დაბ. 22:11), - ამბობს წმიდა წერილი. როგორც კი დაინახა ღმერთმა, რომ მართალი მზადაა შეასრულოს მისი ნება და უკვე ემზადება შვილის მოსაკვდინებლად, ეძახის ზეციდან: აბრაამ! აბრაამ! და, აი აქ გამოყენებულია სახელის გამეორება,რათა შეაჩეროს წმინდანის თავგამოდება და ამ შეძახილით შეაჩეროს წმინდანის ხელი, შვილის დასაკლავად აღმართული.

მიუგო: აქა ვარ. უთხრა: ნუ აღმართავ ხელს ამ ყმაწვილზე, ნურაფერს დაუშავებ მას, რადგან მივხვდი, ღვთისმოშიში ყოფილხარ - მხოლოდშობილი შენი შვილი გამოიმეტე ჩემთვის (დაბ. 22:11-12). ამბობს, ნუ აღმართავ ხელს ამ ყმაწვილზე, მე ბრძანება იმიტომ არ გამიცია, რომ ეს სინამდვილეში შესრულებულიყო, მე ის კი არ მსურდა, შენი შვილი დაკლა, არამედ ყველასთვის მაგალითი გახდეს შენი მორჩილება.

ნურაფერს დაუშავებ მას,
კმაყოფილი ვარ შენი მორჩილების და ამისთვის განგადიდებ შენ. მივხვდი, ღვთისმოშიში ყოფილხარ. შეხედე, როგორი მოწყალებაა ამ სიტყვებში. ნუთუ ადრე ღმერთმა არ იცოდა მართლის სათნოება და მხოლოდ ახლა გაიგო? არა, ის არ ამბობს, თითქოს მხოლოდ ახლა გაიგო, - ახლა, ამბობს ის, შენ ყველას აჩვენე, რამდენად გულწრფელად გაქვს შიში უფლის მიმართ. მე, რა თქმა უნდა, ვიცნობდი ჩემს მონას, მაგრამ ახლა შენს მიერ ქმნილი საქმე მაგალითი გახდება ახლანდელი და მომავალი თაობებისთვის. ახლა შენ ყველას აჩვენე, როგორ გეშინია ღმერთის და როგორ გულმოდგინედ ასრულებ მის ნებას.

მხოლოდშობილი შენი შვილი გამოიმეტე ჩემთვის,
რაოდენ ძვირფასია შენთვის, რომელიც ასე გულწრფელად გიყვარს და არ დაინდე ჩემი გულისთვის,ჩემი მოთხოვნის გულისთვის. ჩემი მორჩილება ამჯობინე შვილის სიყვარულს. ამიტომ, წაიყვანე შვილი. მე, ხომ, შეგპირდი შენი შთამომავლობის გამრავლებას. ახლა წადი მორჩილებისთვის დაჯილდოებული. მე მორჩილების ერთი გამოხატულებაც კი ჯილდოს ღირსად მიმაჩნია და კეთილი განზრახვისთვის გაჯილდოებ, დაე, მართლაც, ასრულდეს ის, რაც მოსამსახურეებს და ისააკს უთხარი. შენ მათ შეპირდი: თაყვანს ვცემთ და თქვენთან მოვბრუნდებით. ასეც იქნება. კითხვაზე: კრავი სადღა არის? შენ უპასუხე: ღმერთი გამოაჩენს თავისთვის აღსავლენ კრავს. მიმოიხედე და დაინახე შენს მიერ ნაწინასწარმეტყველებ ცხვარს. ის მოიტანე შესაწირად შენი შვილის მაგიერ.

გაიხედა აბრაამმა და ხედავს, აჰა, ერთი ვერძი რქებით გახლართულა ბუჩქებში. მივიდა აბრაამი, აიყვანა ვერძი და შესწირა აღსავლენ მსხვერპლად შვილის ნაცვლად (დაბ. 22:13). ღმერთი ამბობს, მე დავინახე ღვთისმოსაობა შენს გულში და მოგიმზადე ის რაც შვილს უთხარი. აიყვანა ვერძი და შესწირა აღსავლენ მსხვერპლად შვილის ნაცვლად. ხედავ უფლის კაცთმოყვარეობას? მსხვერპლშეწირვაც აღსრულდა, მამამთავარმაც აჩვენა ღვთისმოსაობა, გვირგვინი მიიღო კეთილგანზრახულობისთვის, შვილიც უვნებელი წაიყვანა და ურიცხვი გვირგვინებით დაბრუნდა.

ეს ყველაფერი ქრისტეს ჯვარცმის წინასახე იყო. ამიტომ ეუბნებოდა ქრისტე იუდეველებს: აბრაჰამს, მამასა თქუენსა, უხაროდა, რაითა იხილოს დღე ესე ჩემი, იხილა და განიხარა (იოანე 8:56). როგორ ხედავდა ამას ადამიანი, რომელიც ამდენი ხნის წინ ცხოვრობდა? წარმოსახვით, ჩრდილში. როგორც აქ ბატკანი იქნა შეწირული მსხვერპლად ისააკის ნაცვლად, ასევე სიტყვიერი ცხოვარია მიტანილი მსხვერპლად მთელი კაცობრიობის ნაცვლად. ჭეშმარიტება ჩრდილში უნდა გარდასახულიყო. იქ ერთადერთი ძე, აქ კი - მხოლოდშობილი. იქ საყვარელი და ჭეშმარიტი ძე, აქ - ერთადერთი და ერთარსი ძე, როგორც მამა ღმერთი ამბობს: ესე არს ძე ჩემი საყვარელი, რომელი მე სათნო-ვიყავ (მათ. 3:17).

ისააკი მამამ მიიყვანა მსხვერპლად შესაწირად, ქრისტე მამამ გასცა, როგორც პავლე ამბობს: რომელმან-იგი ძესაცა თვისსა არა ჰრიდა, არამედ ჩუენ ყოველთათვის მისცა იგი, ვითარ უკუე არა მითურთ ყოველივე მოგუანიჭოს ჩუენ (რომ. 8:32)? აქ ჩრდილში მოევლინა და შედეგად თქვენთვის ჭეშმარიტება იხსნება, მეტად აღმატებული - მთელი მსოფლიოსთვის მსხვერპლად მოტანილი სიტყვიერი კრავი. მან განწმინდა მთელი სამყარო, მან იხსნა ადამიანები ცდომილებისგან და აზიარა ჭეშმარიტებას. მან ქმნა მიწა - ცად, არა იმით, რომ ბუნებრივი სტიქიები შეცვალა, არამედ მიწიერ ადამიანებში ზეციური ცხოვრება დაამკვიდრა. მან შემუსრა დემონების მსახურება. მისი წყალობით, ადამიანები აღარ ეთაყვანებიან ქვებს და ხეებს, აღარ განადიდებენ უგრძნობ კერპებს. განადგურეულია ყოველგვარი ცდომილება და ჭეშმარიტების სინათლემ გაანათა ქვეყნიერება.

4. ხედავ ჭეშმარიტების უპირატესობას? ხედავ, რა არის აჩრდილი და რა - ჭეშმარიტება? წმიდა წერილი ამბობს: უწოდა აბრაამმა სახელი ამ ადგილს: ღმერთი გამოაჩენს. ამიტომ ითქმის დღეს: მთაზე უფალი გამოჩნდა (დაბ. 22:14). შეამჩნიე მართლის ღვთისმოსაობა - ყოველ ჯერზე როგორ აძლევს სახელს ადგილებს, სადაც მნიშვნელოვანი მოვლენები ხდებოდა. სურს, უკვდავყოს ეს ადგილები. საკმარისი იყო მართლისთვის ის ჯილდო, რომ ისააკი უკან ცოცხალი დაიბრუნა და უდიდესი საქებარი სიტყვების ღირსი გახდა უფლისგან: მივხვდი, ღვთისმოშიში ყოფილხარ.

მაგრამ გულუხვი უფალი, რომლის საბოძვარი და კეთილისმყოფელობა ყოველთვის აღემატება მოსალოდნელს. ახლაც, სიუხვით აღავსებს მართალს, ჯილდოს ჯილდოზე მიაგებს, ამბობს ისევ: მეორეგზის მოუხმო უფლის ანგელოზმა აბრაამს ციდან და უთხრა: თავს გეფიცები, ამბობს უფალი, რაკი ეს საქმე გააკეთე, რაკი მხოლოდშობილი შენი შვილი გამოიმეტე ჩემთვის, კურთხევით გაკურთხებ და გიმრავლებ შთამომავლობას ცის ვარსკვლავებივით და ზღვის ქვიშასავით; დაიმკვიდრებს შენი შთამომავლობა შენს მტერთა ქალაქებს; იკურთხებიან შენი შთამომავლობის წყალობით ქვეყნიერნი, რადგან შეისმინე ჩემი სიტყვა (დაბ. 22:15-18).

რადგან შეასრულე ჩემი ბრძანება, ამბობს ის, და სრულად აჩვენე შენი მორჩილება, მაშ მოისმინე: თავს გეფიცები, ამბობს უფალი. ყურადღება მიაქციე უფლის მოწყალებას, ამბობს თავს გეფიცები, რათა დარწმუნებული იყო, რომ ყველაფერი ჩემს მიერ თქმული, სრულად შესრულდება. როგორც ხალხი თავის შეპირებას თან ურთავს ფიცს, რომ ნათქვამს სიმტკიცე მიანიჭონ და შეპირების მიმღებს აწყნარებენ, უფალმაც მიიღო ადამიანური ჩვეულება და ამბობს: თავს გეფიცები, ამბობს უფალი, რაკი ეს საქმე გააკეთე, რაკი მხოლოდშობილი შენი შვილი გამოიმეტე ჩემთვის.

ყურადღება მიაქციე კაცთმოყვარეობას. ამბობს: მხოლოდშობილი შენი შვილი გამოიმეტე ჩემთვის და თვითონ უბრუნებს მას ცოცხალ შვილს. ნუ დაინახავ აქ, საყვარელო, მოვლენის დასასრულს, არამედ ჩაუკვირდი სულიერ განწყობილებას, როგორითაც მამამთავარი უსიტყვოდ ასრულებდა ბრძანებას. რაც შეეხება მორჩილებას, მამამთავარმა უკვე გაისვარა ხელი სისხლით, უკვე ეხებოდა დანით თავისი შვილის მკერდ და ნამდვილად შესწირავდა მსხვერპლად. ამიტომაც, თითქოს, მსხვერპლშეწირვა მართლაც მომხდარიყოს, ისე მიუზღავს ღმერთი ამისთვის და ამბობს: მხოლოდშობილი შენი შვილი გამოიმეტე ჩემთვის. მაგრამ თუ შენ არ შეიწყალე ის ჩემი ბრძანების გამო, მე შევიწყალე ის შენი მორჩილებისთვის.

ჯილდოდ ასეთი მორჩილებისთვის მე, კურთხევით გაკურთხებ და გიმრავლებ შთამომავლობას ცის ვარსკვლავებივით და ზღვის ქვიშასავით. ყურადღება მიაქციე ლოცვა-კურთხევის სიუხვეს, რაც ამას ნიშნავს: მე კიდევ უფრო გავამრავლებ შენს ოჯახს. შვილი, შენი განზრახვით, მსხვერპლად შეწირული, ისეთი სიმრავლით განავრცობს შენს შთამომავლობას, რომ ვარსკვლავების და ქვიშის რაოდენობას გაუტოლდება და იკურთხებიან შენი შთამომავლობის წყალობით ქვეყნიერნი, რადგან შეისმინე ჩემი სიტყვა.

ეს ყველაფერი, ამბობს უფალი, საჩუქარი იქნება შენთვის, შენი უდიდესი მორჩილებისთვის. შეგიძლია თუ არა, ჩვენც მივიღოთ ურიცხვი სიკეთე, თუ გამოვიჩენთ უფლისადმი მორჩილებას, აღვასრულებთ მის ნებას და, მამამთავრის მსგავსად, არ გამოვცდით მის ბრძანებას, არამედ, როგორც კეთილგონიერი მონები, მხოლოდ შევასრულებთ მათ, განსჯას კი ღმერთს მივანდობთ? თუ ასე მივაჩვევთ საკუთარ თვს, იმ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით, როგორც მამამთავარი და ისეთივე გვირგვინს მივიღებთ. როგორ ვაჩვენებთ ჩვენს მორჩილებას? თუ მართლა აღვასრულებთ მის აღთქმას. არა მსმენელნი შჯულისანი გამართლდნენ წინაშე ღმრთისა, არამედ მყოფელნი შჯულისანი განმართლდენ (რომ. 2:13).

მართლაც, რა სარგებელი უნდა გვქონდეს, თუ ჩვენ ყოველდღე მოვისმენთ უფლის მცნებებს და არ ვიზრუნებთ მის შესრულებაზე? ამიტომ, გარწმუნებთ ყველას, დავეშუროთ კეთილ საქმეთა ქმნას, სხვაგვარად, ხსნა შეუძლებელია! გავიწმინდოთ ცოდვებისგან და ამგვარად გავხდებით მეუფის გულმოწყალების ღირსნი, მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესითა, რომლისა არს, მამისა და სულისა წმიდისა თანა დიდება და უფლება, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


წყარო: წმ. იოანე ოქროპირი. ჰომილიები. II ტ. შესაქმის განმარტება. ნაწილი მეორე. თბილისი 2015 წ. გვ. 91-98.

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню