განმარტებანი - 10 ცრურწმენა და მცდარი აზრი დიდ მარხვასთან დაკავშირებით - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

სწავლანი > განმარტებანი

10 ცრურწმენა და მცდარი აზრი დიდ მარხვასთან დაკავშირებით

დიდი მარხვა

იმარხულო მკაცრი განაწესის მიხედვით, არ იხუმრო, არ იცინო, ყურადღებით წაიკითხე პროდუქტების შემადგენლობა და მოემზადე ყველაზე უარესისთვის - ყველამ იცის, რომ დიდ მარხვაში საქმეები უკან მიდის - გთავაზობთ ამ და სხვა ცრურწმენების განხილვას დიდ მარხვასთან დაკავშირებით. თუ ამაზე მეტი იცით, გთხოვთ დაამატოთ სოციალური ქსელის ჩვენს გვერდზე, განხილვებში.


1. მარხვა საჭიროა მხოლოდ კონკრეტული განაწესის მიხედვით



რა თქმა უნდა, თქვენ შეგიძლიათ ასეც მოიქცეთ, რადგან მარხვა, უპირველეს ყოვლისა, - პირადი საქმეა, მეორეც, - შემოქმედებითი. ეცადეთ, რათა თქვენმა შემოქმედებამ არ მიგიყვანოთ "მართლმადიდებლობის ზეიმამდე" საავადმყოფოში.

თუ ასე მოხდა, მაშინ მოგიწევთ საერთოდ დიდი მარხვის დარღვევა. ნათესავები მოგიტანენ არასამარხვო საჭმელს, მარხვის გაგრძელება შესაძლოა ექიმებმაც აგიკრძალონ და მთელი მარხვა ჩაგივარდებათ.

ყველაზე კარგი იქნება იმარხულოთ განაწესის მიხედვით, მაგრამ საკუთარი ძალებისა და ჯანმრთელობის შესაბამისად (მოძღვრის კურთხევით). მაშინ მარხვას დაიცავთ განაწესის მიხედვითაც და არც დარღვევაში ჩაგეთვლებათ. მკაცრი განაწესი დაწესებული იყო ბერ-მონაზონთათვის. ხოლო დედამიწის ზოგიერთ კუთხეში (მაგ. რუსეთში), ისეთი მკაცრი განაწესია, რომლის აღსრულება ყველას როდი ძალუძს.

ხოლო თუ ჯანმრთელობა ხელს გიწყობთ - მარხვის გამკაცრებას ეცადეთ თანდათანობით და არ არის საჭირო ვინმეს რამე მოახვიოთ თავზე.


2. საჭიროა შეისწავლოთ პროდუქტების შემადგენლობა და ეჭვის შემთხვევაში ჰკითხოთ მამაოს



დაინდეთ მოძღვარი! მას ისედაც დიდი დატვირთვები აქვს დიდ მარხვაში, განსაკუთრებით პირველ შვიდეულს. რჩევა-დარიგებები ჯეროვანია აიღოთ მარხვის დაწყებამდე. ყოველ შემთხვევაში, ნუ მიიტანთ მოძღვართან შეფუთულ პროდუქტებს და ნუ აიძულებს მოძღვარს გამადიდებელი შუშით ხელში არჩიოს პროდუქტის შემადგენლობა, ასეთი საქციელი ღიმილისმომგვრელია და წააგავს ფანატიზმს. მარხვის დონე უნდა გაარკვიოთ თქვენთვის, თქვენივე შესაძლებლობების მიხედვით. ხოლო პროდუქტებში თუ ეძებთ სახსნილო შემადგენლობას, აჯობებს ეს თვითონ გააკეთოთ, დამოუკიდებლად, მოძღვრის ჩარევის გარეშე.



3. ყოველთვის უნდა გქონდეს სერიოზული გამომეტყველება, არც უნდა იხუმრო და არც იცინო



ადამიანის მიზანი თუ მაჩვენებლობაა, მაშინ ეს ცუდია და ასეთი მარხვა ღმერთს არ მოსწონს. ნუ ვიფიქრებთ, რომ მართლმადიდებლური მარხვა ეს არის მოსაწყენი და პირქუში პერიოდი. ამგვარი არასწორი შეხედულების პროპაგანდირებით ბევრს დავაბრკოლებთ. ამიტომაც, თავი შეიკავეთ ბილწსიტყვაობისგან (და არა მარტო მარხვაში), უხამსი ანეგდოტების მოყოლისგან, მაგრამ არა მხიარულებისგან, რადგან "როცა მარხულობთ, ნუ იქნებით მწუხარენი, როგორც თვალთმაქცნი, დამწუხრებულ სახეებს რომ ღებულობენ, რათა ადამიანებს მარხულად აჩვენონ თავი. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მათ უკვე მიიღეს თავიანთი საზღაური. ხოლო შენ, მარხვისას ზეთი იცხე თავზე და პირი დაიბანე, რათა ადამიანებს კი არ ეჩვენო მარხულად, არამედ შენს მამას დაფარულში; და მამაშენი, რომელიც ხედავს დაფარულში, მოგაგებს შენ ცხადად" (მათე 6:16-18).



4. არ შეიძლება დაბადების დღეებისა და მოსახელე წმინდანთა ხსენების აღნიშვნა



თქვენ თუ ისე მიეცით მარხვის განაწესს და დიდმარხვის მღვიძარებას, რომ მოახლოვებული დაბადების დღის აღნიშვნა მისი დარღვევის ტოლფარდოვნათ გეჩვენებათ - ნუ აღნიშნავთ.

მაგრამ, თუ აზრი დღესასწაულის შესახებ, რომელიც დიდ მარხვას დაემთხვა გტანჯავთ და გაწუხებთ, - მაშინ, რა თქმა უნდა შეიძლება ის აღნიშნოთ თქვენი სულისდა სანუგეშოდ. აზრი იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ამისი გაკეთება, თვითონ გადაწყვიტეთ (სასურველია მოძღვართან შეთანხმებით). დღეისთვის გემრიელი სამარხვო სუფრა პრობლემა სულაც არ არის. ხოლო ცოდვა არ არის ღმერთს მადლობა შესწირო ამქვეყნად გაჩენისთვის. ერთი რამ უნდა გვახსოვდეს, დიდი მარხვა ეს არის საკუთარი ცოდვების გლოვა, შეგნება იმისა, რომ ჩვენ, ადამიანები ვართ ცოდვით დაცემული არსებები და ასევე იმისა, რომ უფალმა, თავისი ჯვარცმითა და აღდგომით გამოისყიდა ჩვენი ცოდვები და დაგვაბრუნა სამოთხეში. როდესაც ამ შინაარსის გააზრებით მარხულობთ, ცხადია, დაბადების დღის აღნიშვნას არ მისცემთ ღრეობის ხასიათს, რაც მართლაც შეუფერებელია სულის განწმენდის ასეთი პერიოდისთვის, არამედ გადაიხადეთ დაბადების დღე მოკრძალებითა და უფლისადმი მადლობით. სხვათა შორის ეს ეხება არა მარტო მარხვას, არამედ ჩვეულებრივ, არასამარხვო დღეებში გამართულ წვეულებებსა, რადგან ქრისტეანს ამშვენებს თავმდაბლობა და არა თავშეუკავებელი ღრეობანი. შეიძლება ასევე დაბადების დღეს მოაწყოთ საქველმოქმედო აქცია, თუ ეს სასიამოვნოა თქვენთვის და თქვენი ახლობლებისთვის.



5. არ შეიძლება ვინმესთვის თქმა, რომ მარხულობ



თქმა შეიძლება, უბრალოდ საკითხი დგას ასე - რისთვის არის ეს საჭირო?

თქვენს ირგვლივ თუ არავინ მარხულობს და მეტიც, ნეგატიურად ეკიდებიან სარწმუნოებას, - არ გმართებთ ადამიანების ზედმეტად გაღიზიანება და თქვენი "მარგალიტების" დაყრა "ღორთა და ძაღლთადმი", რომლებშიც სახარება გულისხმობდა წარმართებსა და ურწმუნოებს. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება შეხვიდეთ უნაყოფო დისკუსიაში, რომელიც ვერანაირ სულიერ სარგებლობას ვერ მოგიტანთ.

ხოლო როდესაც შეკითხვას დაგისვამენ თქვენი სასოების შესახებ, მაშინ საჭიროა გავცეთ პირდაპირი და მოურიდებელი პასუხი. რა თქმა უნდა, საჭიროა დავაკმაყოფილოთ შემკითხველთა გულწრფელი ინტერესი მარხვისადმი და მათ შეკითხვებს, თუკი დაგვისვამენ, გავცეთ პასუხი. ხშირად ადამიანებს აწუხებთ ის, რომ არც კი უცდიათ დაეცვათ მარხვა და ასეთ შემთხვევაში, თქვენმა პასუხებმა შესაძლოა მისცენ მათ გამბედაობა მარხვისათვის.



6. მარხვაში არ შეიძლება მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება, მაგალითად, ოპერაციის გაკეთება




ასეთი აზროვნება კიდევ ერთი საშუალებაა ადამიანმა მიიღოს დიდი პრობლემები, და რაც ყველაზე საშიშია, მივიდეს სიკვდილამდეც კი.

სამსახურში რომ საქმე რომ დაგავალონ, ნუთუ მანამ ვერ უნდა მიხვდეთ, სანამ არ გაგათავისუფლებენ?

ანდა, თუ ბავშვი სერიოზულად ცუდად გახდა, ნუთუ არ უმკურნალებთ მას და დაელოდებით მის სიკვდილს?

ანდა, თუ პროფესორი ატარებს ყოველდღიურ ექსტრემალურ ოპერაციებს, ასევე ექსტრემალურ რეჟიმში მუშაობენ მეხანძრეები, პოლიციელები და ექიმები? ნუთუ მათაც უნდა გადადონ მნიშნელოვანი გამოძახებები და დაელოდონ მარხვის დასრულებას? ნუთუ ეს გონივრულია? - ცხადია, არა! მარხვის პერიოდში არა თუ ნებადართულია, არამედ ზოგჯერ აუცილებელიც კი არის მნიშნელოვანი საქმებიის გაკეთება და კეთილი საქმე, არასოდეს არ არის და არც შეიძლება იყოს მარხვის შინაარსის გამომრიცხველი. ასე, რომ თამამად შეუდექით ნებისმიერ საქმეს ღვთის სადიდებლად.



7. მარხვაში ჩასახული ბავშვები აუცილებლად სნეულები იბადებიან და იქნებიან უკიდურესად ცოდვილები



ამგვარი არასწორი აზრები თუ სხვის შვილებთან მიმართებაში გვიჩნდება, უნდა დავიცვათ თუნდაც ზრდილობის ელემენტარული ნორმები, რადგან ამგვარმა შეხედულებამ შესაძლოა ადამიანები ჩააგდოს სასოწარკვეთილებაში.

რაც შეეხება მარხვას, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა დროს, უნდა აღინიშნოს მხოლოდ ის, რომ ეს არის მხოლოდ მეუღლეთა საქმე. მართალია, მარხვა ერთობლივი სარეცელისგან თავის შეკავებასაც გულისხმობს, მაგრამ არ არის სწორი აზრი, თითქოსდა ამ მხრივ მარხვის დარღვევის შემთხვევაში იბადებიან სნეული და არაჯანსაღი სულის მქონე ადამიანები. ამაში უამრავი მაგალითი დაგვარწმუნებს, თუკი დავინტერესდებით და გავიგებთ ვინ როდის არის დაბადებული, რადგან შესაძლებელია ჩასახვის პერიოდის გაანგარიშება. ასევე შეიძლება ყურადღება მივაქციოთ იმ წმინდანთა ცხოვრებას, რომელთაც ჰყავდათ წარმართი მშობლები, რომლებიც არა თუ დიდ მარხვას, არამედ საერთოდ არცერთ მარხვას არ იცავდნენ და ღმერთიც კი არ სწამდათ, მაგრამ მათ შეეძინათ არაჩვეულებრივი, ქრისტეანი და საკვირველთმოქმედი შვილები. ადამიანის სულის სიჯანსაღე დამოკიდებულია რწმენაზე და არა შემთხვევით გარემოებებზე.



8. მარხვაში არ შეიძლება ნათლისღების ჩტარება



ეს შეცდომაა. ნათლობა, რა თქმა უნდა, შეიძლება ჩატარდეს მარხვაშიც, და არ არსებობს თარიღი, რომელიც ხელს შეუშლის ამ მნიშვნელოვან მოვლენას ადამიანის ცხოვრებაში.


შესაძლოა ამგვარი შეხედულება მომდინარეობს იქიდან, რომ ტრადიციულად ქრისტიანები შვილებს ნათლავენ არასამარხვო პერიოდში და ეს სრულიად ბუნებრივია. მარხვა თუ გლოვაა და საკუთარი ცოდვების დატირება, ასევე სულიერი განწმენდის პერიოდი და დიდი ზეიმისთვის მომზადება, ნათლისღება უკვე არის დიდი ზეიმი. ამიტომაც, მთელი სრულყოფილებითა და სიხარულით მისი აღსრულებისთვის უნდა ავირჩიოთ არა სამარხვო პერიოდი. თუმცა, საჭიროების შემთხვევაში მარხვაშიც შეიძლება ნათლობა და ასეთ შემთხვევაში ის არანაირად არ არის არასრულყოფილი ან რითიმე ნაკლული.

ამგვარი შეხედულების მიზეზი შეიძლება იყოს კიდევ ის, რომ მარხვაში მართლაც არის აკრძალული ჯვრისწერის, ანუ ქორწინების საიდუმლო. ყველა დანარჩენი საიდუმლოს აღსრულება მარხვაში არანაირად არ არის აკრძალული. უბრალოდ, როგორც უკვე ვთქვით, სადღესასწაულო მსახურებებს ქრისტეანები ყოველთვის აღასრულებენ შესაბამის პერიოდში.


9. ზიარება უნდა მივიღოთ წელიწადში ერთხელ და ისიც სწორედ დიდ მარხვაში



აქ ლაპარაკი არ არის ზიარებისადმი ინდივიდუალურ მიდგომაზე, არამედ მორიგ ცრურწმენაზე, რომელიც ადამიანში ბადებს შიშს: თუ ხშირად ეზიარები, რაღაც უბედურებას გადაეყრები.


ამგვარ შეხედულებას "ამაგრებს" არასწორი განსჯა იმის შესახებ, რომ ხშირი ზიარება, რომელიც "მზესავით მწველია", ხშირად მიღების შემთხვევაში შეიძლება "საზიანო აღმოჩნდეს ადამიანისთვის". აქედან კი კეთდება დასკვნა, რომ ხშირი ზიარება შეიძლება მწველი აღმოჩნდეს კაცისთვის. არადა პირიქითაა, წმ. იოანე ოქროპირი ამბობდა: "ვინც წელიწადში ერთხელ მაინც არ ეზიარება, ის პირუტყვივით ცხოვრობსო", რაც ნიშნავს იმას, რომ იყვნენ (და არიან ადამიანები), რომლებიც არ ეზიარებიან წელიწადში ერთხელაც კი... ხოლო წმიდა მამები, და მათ შორის წმ. იოანე ოქროპირიც, რომ აქეზებდნენ ქრისტეანთ ხშირი ზიარებისკენ, უამრავი მოწმობებით არის დადასტურებული. პირველქრისტეანები ყოველდღე ეზიარებოდნენ. მაგრამ ცოდვათა მრავლობისა და პირველქრისტეანული რწმენის შესუსტების გამო, ეკლესიაში მოგვიანებით დაწესდა მორწმუნეთა ზიარება დაწესებული მარხვების ბოლოს, რომელსაც წინ უძღვის განსაკუთრებული მომზადების (მარხვის) პერიოდი. ასე, რომ ხშირი ზიარება (თუნდაც მარხვის პერიოდში) არანაირად არ არის საზანო. ნუ გადავაქცევთ ამ უდიდეს საიდუმლოს შიშისა და ცრურწმენების მიზეზად.



10. მარხვაში ცხოვრება მძიმდება და შეძლება რაღაც არასასიამოვნოც მოხდეს




ეს არის მორიგი ცრურწმენა, რომელსაც ქრისტეანობის მტრები ავრცელებენ. ნუ დავაკავშირებთ ჩვენს პრობლემებს მარხვასთან ან რომელიმე საეკლესიო თარიღთან. გვერწმუნეთ მათ შორის არ არსებობს არავითარი კავშირი.


მაგრამ, სამწუხაროა, რომ ამ ცრურწმენას მისდევენ არა ურწმუნონი, არამედ მორწმუნენი.

ამრიგად, ყველა მართლმადიდებელ ქრისტეანს ვუსურვებთ თავმდაბლობით, საკუთარი ცოდვების გულწრფელი სინანულით გაეტარებინოთ მარხვის პერიოდი, რათა სულიერად განწმენდილები შევხვედროდით უდიდეს სიხარულსა და დღესასწაულს, - ბრწყინვალე აღდგომას უფლისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესუ ქრისტესი.

გფარავდეთ ღმერთი!

მომზადებულია მართლმადიდებლური წყაროების მიხედვით.

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню