ესქატოლოგია - სულის განშორება ხორცთაგან და საზვერეთ საცავის შესახებ - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოკალიფსისი > ესქატოლოგია

სულის განშორება ხორცთაგან და საზვერეთ საცავის შესახებ

(ამონაწერი წიგნიდან "ცხოვრება ღირსისა მამისა ვასილი ახლისა")

საზვერეთ საცავნი

"როგორ შემიძლია საყვარელო შვილო გრიგოლ, რომ თითოეულად მოგითხრო ყოველივე, რაც შიში და ძრწოლა გამოვიარე, უფრო იმიტომ, რომ ისეთი პირები ვნახე, ისეთი ხმები და სიტყვები გავიგონე, რომ ჩემს სიცოცხლეში არ მენახა და გამეგონა. რა უნდა გითხრა ამის მეტი. ქვეყანაზე ჩადენილ უსამართლოებისათვის საშინელი აღსასრული შემხვდებოდა, წმიდა ვასილის ლოცვას რომ არ დავეხსენი. მხოლოდ მისმა ლოცვამ გამიადვილა სიკვდილი.

ძნელი ასაწერია ის ხორციელი შეწუხება, წამება და ტანჯვა, რაც მომაკვდავმა უნდა გამოიაროს. წარმოიდგინე, შიშველი კაცი ცეცხლის ალში რომ ჩავარდეს და ნელნელა იწვოდეს და იშლებოდეს... აი ამის მსგავსია მომაკვდავის ტანჯვა. საშინელებაა ხორცისგან სულის გაყრა, განსაკუთრებით ჩემისთანა ცოდვილისა!



როცა სიკვდილის ჟამი მომიახლოვდა, უეცრად დავინახე მრავალი ბოროტი სული, შავი სახით ჩემს გვერდით მდგომარენი. შემაშფოთებელს ლაპარაკობდნენ და მხეცურად მიყურებდნენ. თვალები სისხლით გავსებული და კუპრივით შავი ჰქონდათ, ყოველ საშუალებას ხმარობდნენ ჩემს შესაშინებლად. იკრიბებოდნენ ჩემს მოსატაცებლად, მოჰქონდათ წიგნები, რომლებშიც ჩაწერილი იყო სიყრმიდან ჩადენილი ყველა ჩემი ცოდვა. ათვალიერებდნენ ამ წიგნებს ისე, თითქოს ყოველ წამს მოელოდნენ ვისმე მსაჯულს. ყოველივე ეს რომ ვნახე, შიშისგან შევძრწუნდი და ამ ტანჯვაში მყოფი აქეთ-იქით ვიხედებოდი, მიდნოდა ვინმე დამენახა და მეთხოვა განედევნა ჩემგან ბოროტი სული, მაგრამ ვაი რომ არავინ გამოჩნდა დამხმარე და მხსნელი.

ასეთ მწუხარებაში მყოფმა, უეცრად დავინახე ჭაბუკის სახით კეთილმშვენიერი და ნათელი სამოსლით მოსილი ორი ბრწყინვალე ანგელოზი. თმა თოვლივით თეთრი ჰქონდათ. ბოროტმა სულებმა ანგელოზები რომ დაინახეს, შიშით უეცრად შორს დადგნენ. ერთმა ანგელოზთაგანმა მრისხანედ შეხედა მათ და უთხრა: "კაცთა ნათესავის მტერნო, რისთვის აშფოთებთ და ტანჯავთ მომაკვდავის სულს? ნუ გიხარიათ, აქ თქვენი არა არის რა".

ანგელოზის სიტყვის პასუხად უსირცხვილო მტრებმა დაიწყეს ჩამოთვლა ყველაფერ იმისა, რაც ახალგაზრდობიდან სიტყვით, საქმით და განზრახვით ცოდვა რამ ჩამედინა. ყვეალფერი რომ ჩამოთვალეს, ნიშნისმოგებით დაეკითხნენ ანგელოზებს: მაშ რა? განა არაფერია ესა? ყოველივე ეს მაგისი ქმნილი არ არის? ჩემ მიერ ჩადენილ ცოდვებს სხვა მრავალი ტყუილიც მიუმატეს და უფრო მომეტებულ ცუდ საქმეში მასმენდნენ. ამ დროს სიკვდილიც მომიახლოვდა და დადგა წამი სულისა და ხორცის გაყრისა.

ჰოი, შვილო, გრიგოლ, რაც მე მაშინ სიმწარე და მწუხარება გამოვიარე! სიკვდილმა იმ წამსვე წარიტაცა სული. ისე უცებ განშორდა სული ხორცს, როგორც ფრინველი უფრინდება ხოლმე კაცს ხელიდან.

ამ დროს ნათელმოსილმა ანგელოზებმა ხელში ამიყვანეს და ზეცისაკენ წამიყვანეს. მოვიხედე უკან და დავინახე უძრავად, უსულოდ და უგრძნობლად მდებარე ჩემი სხეული, ისე, როგორც ტანისამოსი გაიხადოს კაცმა, დააგდოს და ზედ ყურება დაუწყოს. როცა ანგელოზებს ხელში ვეჭირე, მოვიდნენ ბოროტნი სულნი და თქვეს: "ჩვენ მრავალი ცოდვა ვიცით მაგისი და მოგვეცით ამისი პასუხიო". პასუხად ანგელოზებმა წარუდგინეს ყველა ის კეთილი საქმე, რაც ოდესმე მომიმოქმედებია. მაგალითად, ღარიბისთვის პური მიმიწოდებია, მწყურვალისთვის - წყალი, სნეული და საპყრობილეში მყოფი მენახა, ეკლესიაში ერთგულად მევლო, კანდელში ზეთი ჩამესხა, ეკლესიაში საკმეველი მიმეცა, მტრად გადაკიდებულნი ერთმანეთთან შემერიგებია, ცრემლი მეფრქვია, უსიამოვნება მოთმინებით გადამეტანა, უცხოთათვის ფეხი დამებანა, მცირედ მორწმუნე ხალხი სარწმუნოებაში გამემტკიცებინა, ცოდვისგან ვინმე გადამერჩინა, სხვისი უბედურება და განსაცდელი მწყენია, ან სხვისთვის შევწუხებულვარ; კეთილი მოქმედებისთვი ვინმე დამეშურებია, ღვთისთვის მრავალი თაყვანისცემა შემისრულებია, ხორცის დასათრგუნად და სულის განსაწმენდად მემარხულნა.

ყველა ეს კეთილი საქმე ანგელოზებმა ჩემი ცოდვების სამაგიეროდ წარადგინეს და ამათ ეს ცოდვები გააუქმეს. ბოროტნი სულნი კბილებს იღრჭენდნენ, უნდოდათ ჩემი წარტაცება და სასჯელის უფსკრულში ჩაგდება; ამ დროს, სულით გამოჩნდა ჩვენთან წმ. ბასილი და უთხრა ანგელოზებს: "უფალნო ჩემნო, ამ სულმა მრავალი სამსახური გამიწია, უძლურებისა და მოხუცებულობის დროს მომიარა, მე ვილოცე მისთვის და უფალმა ეს მოწყალება მიბოძა". ამ დროს მომცა რაღაც ყუთი და უთხრა: "საზვერეების განვლის დროს მზაკვარსა და ბოროტ სულებს ამ ყუთიდან მიეცით პასუხი და მით გამოიხსენით ეს სული"
(1).

_________________

1.
მოძღვრისაგან მიცემულ ყუთში იგულისხმება აღსარებანი და მოძღვრის მიერ კანონის დაცვით ცოდვათა აღსახოცელი უფლებანი, რომლითაც საზვერის განვლის დროს პირდაღებული რჩებიან ეშმაკნი თითოეული ცოდვის ნაწილში. თავად ყუთი ნიშნავს მოძღვრის დაფარულ საიდუმლოებას.
_________________


ყუთის მიცემისა და ამ სიტყვის შემდეგ წმინდანი გაგვშორდა. ბოროტნი სულნი ხედავდნენ ამას და დიდ ხანს გაჩუმებულები იყვნენ. შემდეგ კი ყვირილი და ღრიალი მორთეს: "ვაი ჩვენ რომ ტყუილად ვიშრომეთ მისი დევნითა და იმის შეტყობით, თუ სად რა შესცოდა". თქვეს ეს და იმწამსვე გაქრნენ. შემდეგ კიდევ გამოცხადდა წმ. ბასილი, თან მოიტანა მრავალი კეთილსურნელოვანი ყუთი და გადასცა ანგელოზებს.

ანგელოზები ერთიმეორეზე მიყოლებით ხსნიდნენ ამ ყუთებს და ყველა სურნელებას მე მასხამდნენ. მე აღვივსე სულიერი კეთილსაყნოსელის სურნელოვანებით. თან სრულიად შევიცვალე და ნათელი ფერი მომეცა. წმინდანმა უთხრა ანგელოზებს: "უფალნო ჩემნო! როცა მას ყოველივე საჭიროს შევუსრულებთ, მაშინ შეიყვანეთ იგი მისთვის წინათვე გამზადებულ სავანეში განსასვენებლად". თქვა ესა და გაგვშორდა.



ანგელოზებმა ქვეყნიდან მაღლა ამიყვანეს. პირველად შევხვდით ცილისწამების საზვერეს
(2).

_________________

2.
"საზვერე" ე. ი. საყარაულო ანუ სადარაჯო საცავი ადგილი, ყოველ მიმავალ მოგზაურთა პასუხ-საგებად შესაჩერებელი.
_________________


აქ იყვნენ მრავალნი ბოროტნი სულნი. ერთი იმათი უფროსთაგან მოვიდა და დაიწყო ლაპარაკი, რა დროს და ვისთვის რა სიტყვებით ცილი დამეწამებია ჩემს სიცოცხლეში. მართალია, მრავალ ტყუილსაც ამბობდა, მაგრამ, მე ის მაკვირვებდა, როგორ ახსოვდათ ისე დაწვრილებით ყველაფერი ის, რაც მე დიდი ხნის დავიწყებული მქონდა. ცოდვათა გახსენება მტანჯავდა და მქენჯნიდა. ანგელოზნიც თავიანთ მხრივ მოუთხრობდნენ ჩემს კეთილ ნამოქმედარსა და წმიდა ბასილის მოცემულ ყუთიდანაც აძლევდნენ პასუხს. ასე განვლეთ ეს განსაცდელი.

ამის შემდეგ უფრო ზემოთ წავედით და მივედით გინებისა და სიზარმაცის საზვერესთან. იმათაც მსგავსი ტანჯვა მომაყენეს. ანგელოზებმა ჩემი ნაკლი წმ. ბასილისგან მოცემული ყუთიდან დაფარეს. იმ დროს, როცა იქედან მაღლა ავდიოდით, ერთმა ანგელოზთაგანმა უთხრა მეორეს: "ჭეშმარიტად დიდი შემწეობა აქვს ამ სულს წმ. ბასილის ლოცვით. უამისოდ საზვერეებში განვლის დროს ძალიან ბევრი და ძნელად დასათმენი ტანჯვა შეხვდებოდა".

მივაღწიეთ მესამე, შურიანობის საზვერეს. ქრისტეს მადლით, აქ ბოროტ სულთ არაფერი ჰქონდათ სათქმელი ჩემს წინააღმდეგ: არც ხსოვნით და არც წიგნით არ აღმოაჩნდათ-რა ჩემ განსაკითხად და სიხარულით გავემართეთ უშორესისკენ.



ავედით მეოთხე, სიცრუის საზვერეში. საზიზღარი და საძაგელი სანახავები იყვნენ იქ მყოფნი ბოროტი სულნი. რომ დაგვინახეს, მოგვეგებნენ და დაიწყეს ჩემზე ცილის წამებით ლაპარაკი: უჩვენებდნენ დროსა და ადგილს, სად რა ვისმეზე სიცრუე მელაპარაკნა. აგრეთვე იმასაც ასახელებდნენ, ვინმეზე რა უსამართლობა მეთქვა. ანგელოზებმა თავიანთი მხრივ მფარველობა გამიწიეს, წმ. ბასილის ყუთიდანაც პასუხი გასცეს და ამგვარად ეს საზვერეც უჭირველად განვვლეთ.

იქიდან ავედით მეხუთე, მრისხანების საზვერეში. ბედნიერია ის კაცი, რომელსაც ცხოვრებაში მრისხანება არ განუცდია. იქაც ერთი უფროსი ბოროტ სულთაგანი იყო მძვინვარებითა და ამპარტავნებით სავსე. მან რისხვით უბრძანა თავის მსახურებს ჩემი ტანჯვა და წვალება. მასმენდნენ არა მარტო იმას, რაც მართლა წყრომითა და გაჯავრებით მელაპარაკნა, ან სიტყვით მევნო ვინმესთვის, არამედ იმაშიც კი ბრალდ მდებდნენ ჩემი შვილისთვის თუკი წყრომით შემიხედავს, ან თუ სასტიკად დამისჯია ისინი. ანგელოებმა მათ პასუხი გასცეს და უფრო მაღლა გავემართეთ.

ავედით მეექვსე, ამპარტავნების საზვერეში. ეს საზვერე სრულიად თავისუფლად განვლეთ, რადგან ამ ცოდვაში უდანაშაულო აღმოვჩნდი.

ავედით მეშვიდე, უქმმეტყველებისა და ბილწმეტყველების საზვერეში. გამოჩნდნენ მტანჯველები და პასუხი მომთხოვეს იმისთვის, ვინმეზე ცუდი რაც მელაპარაკნა. მამტყუნებდნენ ურიგო სიმღერის, უჯერო სიცილისა და დაცინვისთვის. ყოველივე ეს, ხანგრძლივი დროის გასვლის გამო, მე დავიწყებული მქონდა. ანგელოზებმა დამიხსნეს ამ მტანჯველებისგან.

შევედით მერვე, ქრთამისა და მლიქვნელობის საზვერეში. აქ არაფერი ჰქონდათ ჩემ წინააღმდეგ სათქმელი და ამის გამო, როცა ვშორდებოდით, ბოროტნი სულნი გაბრაზებით კბილებს იღრჭენდნენ.

ავედით მეცხრე, უსამართლობისა და მედიდურობის საზვერეში. მე აქ უდანაშაულო აღმოვჩნდეი და მალე დავაღწიეთ თავი ამ საზვერეს.

მივედით მეათე, ვერცხლისმოყვარეობის საზვერეში. აქ მრავალი ტანჯვა მომაყენეს ბოროტმა სულებმა, მაგრამ შემდეგ სირცხვილეულნი გაგვშორდნენ.



ავედით მეთერთმეტე, სიმთვრალის საზვერეში. ამ საზვერის მცველნი მტაცებელი მგლებივით იდგნენ და მზად იყვნენ ყველა მათთან მისული შთაენთქათ. მათ ცხადად წარმოადგინეს თუ რამდენჯერ მიმიღია უზომოდ სასმელი. "ხომ ამდენი ჭიქა დალიე ამ დღეს, ამა და ამ კაცთან თუ ქალთანო? ხომ უზომოდ სვი და მოგერია სასმელიო?" ერთი სიტყვით, კაცთა ნათესავის მოძულენი მრავალ ამისთანაში ბრალს მდებდნენ და ცდილობდნენ გამოვეტაცნეთ ანგელოზთა ხელისგან. მე მათ ვუპასუხე, რომ ნამდვილად ასე იყო და ყველა მახსოვდა. ანგელოზებმა წმ. ბასილის ყუთიდან გასცეს პასუხი, ამათ გამოისყიდეს ჩემი შეცოდება და უფრო უშორესისკენ გავემართეთ.

ერთმა ანგელოზმა მითხრა: "ხედავ თეოდორა, თუ რა განსაცდელი უნდა გამოიაროს მიცვალებულის სულმა ამ საზვერეებში განვლისა და ბოროტ სულთა და ბნელის მთავარტა შეხვედრის დროს?". მე ვუპასუხე: "დიახ, დავინახე და ძლიერ შევშინდი. მე იმას ვფიქრობ, ქვეყანაზე მცხოვრებმა ხალხმა იცის თუ არა, რა მოელის აქ და რა უნდა შეემთხვას გარდაცვალების შემდეგ?" - "იცისო", - მითხრა ანგელოზმა, "მაგრამ განცხრომისა და ცხოვრების სიტკბოება ისე ძლიერად მოქმედებს მათზე, ისე იტაცებს მათ გონებას, რომ უნებურად ივიწყებენ, რაც მოელით სიკვდილის შემდეგ.

ნეტარება იმათ, რომელთაც ახსოვთ საღმრთო წერილის სიტყვები და საქმეებს აღასრულებენ. ისინი გადაურჩებიან საუკუნო სატანჯველს. ხოლო ის ადამიანები, რომლებიც დაუდევრად ცხოვრობენ სამუდამოდ წარწყმდებიან, რადგან თავის გასამართლებელი არავითარი კეთილი საქმე არ ექნებათ. ამისთანა ადამიანების სულს ჰაერის მცველნი წაიყვანენ ჯოჯოხეთის ბნელ ადგილას და იქ ამყოფებენ ქრისტეს მეორედ მოსვლამდე. შენც ეგრე მოგივიდოდა თეოდორა, ღირსი ბასილისგან რომ არ მიგეღო შემწეობის მადლი.

მივედით მეთორმეტე გულძვირობის საზვერეში. ბოროტნი სულნი ავაზაკებივით მომვარდნენ, მცდიდნენ და უნდოდათ ეპოვათ რამ ჩაწერილი თავიანთ სიგელში, მაგრამ წმ. ბასილის ლოცვით ვერაფერი იპოვეს და ღრიალი მორთეს.



ერთ ჩემს წინამძღვარ ანგელოზთაგანს ვკითხე: "გევედრები მითხრაი, საიდან იციან საზვერეში ჩვენთან შეხვედრილმა ბოროტმა სულებმა, ვინ რა ცუდი მოიმოქმედა თავის ცხოვრებაში?". ანგელოზმა მიპასუხა: "ყოველ ქრისტეანს ნათლისღების დროს მცველი ანგელოზი ევლინება, რომელიც უხილავად იცავს ყოველგვარი ბოროტისგან, ასწავლის კეთილს და აღნუსხავს ადამიანის მიერ ჩადენილ ყოველ კეთილ საქმეს. მეორეს მხრივ, ეშმაკი კაცს მთელი სიცოცხლის განმავლობაში დასდევს ბოროტი საქმისთვის და თავის წიგნში წერს ყოველგვარ ცოდვას, რომლითაც, როგორც შენ ხედავ, ასე განიცდებიან საზვერეში გავლის დროს ზეცას მიმავალი ადამიანების სულები. ის მორწმუნე ადამიანები, რომელთაც წმიდა სამება სწამდათ, ღვთის სათნოდ იქცევიან და ხშირად ეზიარებიან, პირდაპირ დაუბრკოლებლად ადიან ზეცაში, მცველად ანგელოზები ევლინებათ და წმინდანნი ლოცულობენ ამგვარად სიმართლით მცხოვრები ადამიანების სულების საცხონებლად, ხოლო ბოროტად მორწმუნე მწვალებელთათვის, რომელნიც არაფერ სასარგებლოს აკეთებენ და ურწმუნოებითა და მწვალებლობით ცხოვრობენ, არავინ ზრუნავს და არც ანგელოზებს აქვთ რამე სათქმელი მათ დასაცავად".



ამ საუბარში უეცრად ავედით მეცამეტე, ცთუნების საზვერეში. იქ იყვნენ გველის მსგავსი ბოროტნი სულნი. მათ მიზანი ის არის, რომ გარყვნას და აცდუნოს ხალხი ჯადოქრობით, მკითხაობით, გრძნეულებით... არცერთ მათგანს ერთი სიტყვა არ ჰქონდა სათქმელი ჩემს წინააღმდეგ, რადგან უდანაშაულო ვიყავ ამ ცოდვებში. ქრისტეს მადლით მალე განვლეთ ეს საზვერეც.

შემდეგ ვკითხე ჩემთან ერთად მყოფ ანგელოზებს: "რასაც ამ ცხოვრებაში იქმს კაცი, ყველა ასე უნდა დაისაჯოს სიკვდილის შემდეგ საზვერეში გავლის დროს, თუ შესაძლებელია ამ ცხოვრებაშივე წარიხოცოს ცოდვები, განიწმინდოს და აქაც არ დაისაჯოს მისგან?"

შემდეგ თვითონვე დავსძინე: "მე ის მაწუხებს ასე დაწვრილებით რომ ირჩევა ყველაფერი". ანგელოზებმა ამაზე ასე მიპასუხეს: "საზვერეს განვლის დროს ყველას არ აყენებენ ასეთ განსაცდელთი. ეს შეემთხვევათ მხოლოდ შენგვარ ცოდვილ ადამიანებს, რადგან სიკვდილის წინ წმიდა გულით არ გითქვამს აღსარება. რომ არ შეგრცხვენოდა და სულიერი მამისთვის დაუფარავად გეთქვა ყველა ცოდვა, შემდეგ კი კეთილი საქმით ეს ცოდვები გამოგესყიდა და სულიერი მამისგანაც შენდობა მიგეღო, მაშინ დაუბრკოლებლად განვლიდი ყველა საზვერეს და არცერთი ცოდვისთვის სასჯელი არ შეგხვდებოდა. რადგან არ ისურვე წმიდა გულით აღსარების თქმა, ამისთვის გაყენებენ აქ ამ განსაცდელში; რასაკვირველია, იმანაც ბევრი გიშველა, რომ სიცოცხლეში ცდილობდი ცოდვას მოშორებოდი. ვინც წრფელად ინანიებს ცოდვას, ის ყოველთვის მიიღებს ღვთისგან შენდობას და ამ სინანულის საშუალებით თავისუფლად გადავა ამ ცხოვრებიდან მომავალ სანეტარო ცხოვრებაში.

ბოროტი სულები, რომლებიც საზვერეში იმყოფებიან ჩაწერილი ცოდვებით, როცა ხსნიან ვერაფერს აღმოაჩენენ იქ, რადგან სულიწმიდა წაშლის ამ ნაწერს. ბოროტნი სულნი ხედავენ და იციან, რომ აღსარების საშუალებით მათ მიერ აღნუსხული ცოდვები აღიხოცება და ამისთვის ძლიერ წუხან. ისინი ცდილობენ, რომ წაშლილ ადგილზე სხვა რომელიმე ცოდვა ჩაწერონ. ჭეშმარიტად დიდია აღსარება და ზიარება ადამიანის ცხოვრებისთვის!... იგია მხსნელი მრავალგვარი ჭირისა და უბედურებისგან. იგი აძლევს კაცს საშუალებას დაუბრკოლებლად განვლოს ყველა საზვერე და ღმერთშ მიუახლოვდეს. ზოგიერთნი არ აღიარებენ თავიანთ ცოდვებს იმ იმედით, რომ კიდევ მაქვს დრო ცხოვნებისთვის ზრუნვისა და ცოდვათა მოტევებისთვისო. ზოგნი ირცხვენენ აღსარებას და მოძღვართან ცოდვების თქმას, - აი, ასეთი ხალხი სასტიკად განიცდებიან საზვერეში. არიან ისეთნიც, რომელთაც რცხვენიათ ერთი მოძღვართან ყველა ცოდვის თქმა. ირჩევენ რამოდენიმე მოძღვარს, ზოგს ერთ ცოდვას ეუბნებიან და ზოგს მეორეს. ასეთი აღსარებისთვის ისინი დაისჯებიან და საზვერედან საზვერეში გადასვლის დროს დიდი სასჯელის დათმენა დაჭირდებათ.

ამ საუბარში ავედით მეთოთხმეტე, გემოთმოყვარეობის საზვერეში. ამ საზვერის მსახურნი ძაღლებივით შემომეხვივნენ, ყოველივე მომითხრეს, რაც ახალგაზრდობიდან ჩამედინა ჩემი მუცლის ნდომისთვის. მაგონებდნენ დილით ულოცველად პურის ჭამას, მარხვაში სახსნილოს ჭამას, უდროოდ საზრდოს მიღებას, უზომოდ ჭამას. ყოველსავე ამაში მამხელდნენ და ცდილობდნენ ანგელოზთა ხელთაგან ჩემს მიტაცებას. დასასრულ, ერთი მათგანი დამეკითხა: "ხომ დაუდე პირობა უფალს, რომ განშორდებოდი ეშმაკისაგან და ყოველთა საქმეთა მისთაგან?
(3).

__________

3. ჩვენი შენიშვნა
: ეს არის პირობა, რომელსაც ყოველი ქრისტეანი დებს ნათლისღების საიდუმლოში.
__________


ასეთი აღთქმის მიმცემს როგორღა შეგეძლო იმისი ქმნა, რაც შენ ქმენ? ანგელოზებმა სამაგიერო კეთილი საქმე წარადგინეს. წმ. ბასილის კიდობნიდანაც პასუხი გასცეს და უფრო უშორესისკენ გავემართეთ.



ავედით მეთხუთმეტე, კერპთმსახურებისა და ყოველგვარ მწვალებლობათა საზვერეში. აქ არავითარი განსაცდელი არ მოუყენებიათ და მალე განვლეთ ეს საზვერეც.

ავედით მეთექვსმეტე, სიძვის საზვერეში. მომვარდნენ ამ საზვერეს მსახურნი და ჩამომითვალეს ყველა ცოდვა. სანამ წმ. ბასილის მსახური შევიქმნებოდი, მე მყვდა ქმარი, რომელსაც მიმათხოვეს ჩემმა ქალბატონებმა. საზვერეს მცველნი მრავალ ცილს მწამებდნენ, თითქოს ქმრის შემდეგ სხვასთან რამე ცოდვა ჩამედინოს. ანგელოზებმა დამიფარეს მათგან და უფრო უმაღლესისკენ გავემართეთ.

ავედით მეჩვიდმეტე, ავაზაკობის საზვერეში. აქ განიკითხებიან ყველა ისინი, რომელთაც გაჯავრებით ხელი ჰკრეს ვინმეს, ან სილა გაარტყეს და ჯოხით ვინმე ცემეს, ან სხვა იარაღით ვინმეს რამე დამართეს. ანგელოზებმა მისცეს წმიდა ბასილისგან მიცემული ყუთიდან ცოტა რამ პასუხი და უვნებლად გავშორდით მათ.

ავედით მეთვრამეტე, ქურდობის საზვერეში. აქაც გასცეს ანგელოზებმა ყუთიდან მცირე პასუხი და თავისუფლად განვლეთ.

ავედით მეცხრამეტე, მრუშობის საზვერეში. ამ საზვერეს მცველნი გამოცვივდნენ, დაგვიწყეს ყურება, უკვირდათ ამ საზვერემდე დაუბრკოლებლად ჩვენი მიღწევა და რამდენიმე ხანს თავდავიწყებულივით იდგნენ. შემდეგ ძლიერი სასჯელი მომაყენეს იმის გამო, რაც ცუდი რამ ჩამედინა ცხოვრებაში. არა მარტო მართალს, ბევრს ტყუილსაც უჩვენებდნენ და დასამტკიცებლად ადგილსაც ასახელებდნენ.

განვლეთ ეს საზვერეც და უფრო მაღლისკენ გავემართეთ. ბოროტნი სულნი კბილებს იღრჭენდნენ იმის გამო, რომ მე ასე უბრალოდ გადავურჩი მათ. ანგელოზებმა მითხრეს: "მხოლოდ იშვიათი სულთაგანი განვლენ თავისუფლად ამ საზვერესო, რადგან ქვეყნიერი ცხოვრება ისე გარყვნილი და ისეთი გემოთმოყვარების მქონეა, რომ მისი ნდომითა და გულის სათქმელით მრავალნი ვარდებიან ჯოჯოხეთში. შენ გადარჩი მხოლოდ წმიდა ბასილისგან მოცემული ყუთით  
(4).

__________

4. შენიშვნა
: ე. ი. წმ. ბასილის საიდუმლო ლოცვის მადლით.
__________


ახლა სხვა ყველაფერს დაძლევ და ამის გარდა ცუდს არა იხილავ. ამ საზვერის ეშმაკი ამბობს: "მე მარტო ერთი გავავსებ ჯოჯოხეთს ადამიანთა სულებით ამ კაცობრიობის გულისთქმითაო".

ამ საუბრით მივედით მეოცე, უმოწყალობისა და გულფიცხელობის საზვერეში. ესეც განვლეთ დიდი გაჭირვებით, ანგელოზმა მითხრა: ამ საზვერეში ჩაწერილია ყველა უმოწყალო, სასტიკი, პირქუში და მოძულე, ვინც არ მისდევს ღვთის მცნებას და უმოწყალო იქნება. ამისთანა კაცის სული საზვერეში მისვლის დროს მიეცემა სხვა და სხვა ტანჯვასა და განკითხვას. ჯოჯოხეთში ჩავარდება და კარდახშული იქნება ქრისტეს მეორედ მოსვლამდე. ამისთანა სულს ღმერთი აღარ იწყალებს, რადგან გაჭირვებულს ნაჭერი პურიც არ მიაწოდა, გლახაკს არ განუსვენა, ავადმყოფს არ მიხედა, სუსტი და დაჩაგრული, თუ საქმით არა, სანუგეშო სიტყვით მაინც არ შეიბრალა, მისი შეწუხებით თვითონაც არ შეწუხდა, და პირიქით, ყოველივე ამის საწინააღმდეგოდაც მოიქცა.



ოცდამეერთე, სოდომის საზვერეში რომ მივედით, ამ საზვერის მთავარი ეშმაკი მეტისმეტად პირქუშად და ამასთან შეწუხებულად მეჩვენა. იგი ტიროდა და გოდებდა; ჩანდა, რომ უმოწყალობის ცეცხლით სუნთქავდა. მისი მსახურნი ფუტკარივით შემომეხვივნენ ჩემ განსაკითხად. მაგრამ, რომ ვერაფერი მიპოვეს, მომშორდნენ. ჩვენ გახარებულები უფრო უშორესისკენ წავედით და მივუახლოვდით ცის კარებს, შევედით შიგ და ვიხარებდი, რომ მშვიდობით გამოვიარეთ საზვერეთა მწარე განსაცდელნი.

ცის შესავალი კარები ისეთი იყო, როგორც ბროლი. შენობები ვარსკვლავებივით ბრწყინავდნენ. აქ მდგომარე ნათლით მოსილმა ჭაბუკებმა სიხარულით მიგვიღეს, რადგან თავად იხილეს ჰაერის საზვერეთა მწარე განსაცდელაგან ჩემი გადარჩენა. ახლა კი ვხარობდი და ვიშვებდი ცხოვნებისთვის. დედამიწის ზედა კერძო მყოფი წყალი გზას გვიცლიდა და უკან ისევ ერთდებოდა. ჩვენი მივედით ერთ საშიშ ადგილას; იქ იყვნენ ცეცხლისფერი სამოსლით მოსლინი ფრიად მშვენიერნი ჭაბუკნი. რომ დამინახეს ანგელოზებს მივყავდი, სიხარულით მომეგებნენ, უხაროდათ რომ მე ღისი გავხდი ღვთის სასუფეველისა. დადიოდნენ ჩვენთან ერთად და საღმრთო საგალობელს გალობდნენ. როცა დავდიოდით, ჯერ ერთი ღრუბელი ჩამოეშვა ჩვენზე და შემდეგ მეორე. ცოტა რომ გავიარეთ, დავინახეთ ენით გამოუთქმელი და განუმარტებელი სიმაღლე. ზედ იყო ტახტი უფლისა, ფრიად სპეტაკი და მის წინ მდგომარეთა განმანათლებელი. მის გარშემო იდგნენ ფრიად მშვენიერნი და ბრწყინვალე სამოსლით მოსილნი ჭაბუკნი. რაღა უნდა გითხრა, შვილო გრიგოლ, ყოველივე ამის შესახებ? იქ ისეთი რამ არის, რომ შეუძლებელია გაგება, ახსნა და განმარტება; გონება სუსტდება მის მიუხვედრელობით და ხსოვნა იკარგება და მე დამავიწყდა კიდეც სად ვიმყოფებოდი.

ჩემმა წამყვანებელმა ანგელოზებმა მიმიყვანეს ღვთის ტახტთან. მე თაყვანი ვეცი უხილავ ღმერთს, შემდეგ მომესმა ხმა: "გაჰყევით და აჩვენეთ მართალთა და ცოდვილთა სულნი, წმიდათა საყოფელნი სამოთხეში და ქვესკნელი ჯოჯოხეთისანი; შემდეგ კი განუსვენეთ იქ, სადაც ჩემი სათნო ბასილი გიჩვენებთ".

ჩვენ გავემართეთ უცნობი გზით და მივედით ერთ საყოფელში. რა უნდა გითხრა იმათ შესახებ... იქ იყო სხვადასხვა პალატა, ღვთის მიერ ქმნილნი, როგორც ამას საღვთო წერილი ამბობს: "ადგილსა ნათლისასა, ადგილსა მწვანილოვანსა, ადგილსა განსასვენებელსა". ყველაფერი ეს რომ ვიხილე, გავოცდი. დიდად გახარებული ვიყავი და ყოველსავეს სიხარულით შევყურებდი. ანგელოზმა განმიმარტა: "ეს არის საყოფელი მოციქულებისა, ის წინასწარმეტყველთა და სხვა მოწამეთა. როცა შიგ შევედით და მივედით ამ მშვენიერი საყოფელის შუა ალაგს, წმინდანები გამოგვეგებნენ. გვეამბორნენ სულიერი ამბორით და ხარობდნენ ჩემი ცხოვნებისთვის. შემდეგ მიმიყვანეს მამამთავრის აბრაამის სავანეში. აქ ყველაფერი მშვენიერი იყო. მე ვკითხე ჩემს მძღვანებელ ანგელოზს: "რა კრებაა ამ მოხუცის გარშემო მყოფ ნათელმოსილი და მოხარული ყრმებისა?" ანგელოზებმა მიპასუხეს: "ეს მოხუცი არის მამამთავარი აბრაამი, ყრმათა კრებული კი ქრისტეანთა შვილებია". შემდეგ გავემართეთ სამოთხის გარშემო მდებარე ადგილების სანახავად. აღწერა მათი მშვენიერებისა შეუძლებელია; შეუძლებელია ადამიანური ენით იმის გადმოცემა, რაც იქ ვნახე და მოვისმინე.



შემდეგ წამიყვანეს იმ ქვესკნელში, სადაც უფალმა პყრობილ და კრულ ჰყო სატანა. იქვე ვიხილე ცოდვილთათვის გამზადებული საშინელი და ნაირგვარი სატანჯველი. ანგელოზებმა მითხრეს: "ხედავ, როგორი უბედურებისგან გადარჩი წმ. ბასილის ლოცვით?" საშინელ მდგომარეობაში მყოფი ცოდვილნი ყვიროდნენ და შეწყალებას ითხოვდნენ. მე ვნახე მრავალი ისეთი სატანჯველი, რომელთა გამოთქმაც კი მიმძიმს. როცა ეს ვიხილეთ, ერთმა ჩემთან მყოფმა ანგელოზმა მითხრა: "იცი, თეოდორა, თუ რა ჩვეულება აქვთ სოფელში? ცოცხლად დარჩენილნი, გარდაცვალებიდან ორმოცი დღის შემდეგ, მის ხსენებას ასრულებენ, და აი იქ, დღეს შენ წმიდა ბასილი გიხსენიებსო".

ამგვარად, ჩემო სულიერო შვილო გრიგოლ, ეხლა ჩემი სულისა და ხორცის გაყრიდან ორმოცი დღის შემდეგ, ღირსი მამის ბასილისათვის გამზადებულ ადგილას ვიმყოფები. შენ ჯერ შვილო გრიგოლ სოფელში ხარ, აგრეთვე წმიდა ბასილიც. იგი ასწავლის ყველას ჭეშმარიტების გზას; ცოდვებს ანანიებს და მრავალი ადამიანი მიჰყავს ღვთის გზაზე. ახლა გამომყევი და გიჩვენებ ჩემთვის განკუთვნილ ადგილს. შემს მოსვლამდე ცოტა ხნით ადრე აქ იყო ღირსი ბასილი.

მე გავყევი და ერთად შევედით ბრწყინვალედ მორთულ სასახლეში. სასახლის შუა ადგილას იდგა მშვენიერი ნაყოფით სავსე ხეები. აღმოსავლეთისკენ დავინახე დიდებული პალატა, სადაც იდგა დიდი სატრაპეზო მაგიდა, რომელზედაც მოთავსებული იყო გასაოცარი და ფრიად ძვირფასი ოქროს ჭურჭელი. ამ ჭურჭელში ეწყო სხვადასხვაგვარი სურნელოვანი მწვანილები *.
__________

5. შენიშვნა:
ამ წიგნში ნახსენები სიტყვები, მაგ.: სმა-ჭამა, სატრაპეზო მაგიდა, ოქროს ჭურჭელი და სხვ. მხოლოდ სიმბოლურადაა ნათქვამი. სინამდვილეში ისინი არიან გამომხატველი ენით გამოუთქმელი იმ სულიერი რეალობებისა, რომლებიც სულიერ წიაღში არსებობენ.
__________

იქვე იყო წმიდა ბასილიც. იგი იჯდა საუცხოო ტახტზე. იქვე ტრაპეზის ახლოს იდგნენ ადამიანებიც, მაგრამ არა ისეთები, რომელთაც ჩვენ ვხედავდით ყოველდღიურად, არამედ მზის სხივით გარემოცულნი, მხოლოდ სახე ჰქონდათ კაცისა.

თეოდორა მივიდა წმ. ბასილთან და შეევედრა ჩემთვის. წმინდანმა შემომხედა და სიხარულით მიმიხმო. მე მივუახლოვდი და ჩვეულებისამებრ თაყვანი ვეცი. მან წყნარად მითხრა: "ღმერთმა შეგიწყალოს და შეგინდოს შვილო!... ყოვლადმოწყალე უფალმა, ყოველგვარი ზეციერი სიკეთით დაგაჯილდოვოს". წამომაყენა და მითხრა: "აი ეს არის თეოდორა, შენ ხომ ძალიან გსურდა მისი ნახვა, მიხედე მას ეხლა და იხილე იგი". თეოდორამ სიხარულით შემომხედა და მითხრა: "ძმაო გრიგოლ! მოწყალე უფალმა ჩემ უღირსის შესახებ მაგგვარი ფიქრისთვის, წმ. ბასილის ლოცვით, აგისრულოს ყველი შენი სურვილი". წმ. ბასილმა უთხრა თეოდორას: "გაჰყევი და აჩვენე ჩემი ბაღი, რომ იხილოს მშვენიერება მისი". თეოროდამ ხელი მომკიდა, მიმიყვანა ერთ კედელთან, რომელსაც ოქროს კარები ჰქონდა, გააღო იგი და ბაღში შემიყვანა. იქ ვნახე გასაოცარი და მშვენიერი ხეები. ხეებს ფოთლები ოქროსი ჰქონდათ, ყვავილებით იყვნენ შემკულნი და არაჩვეულებრივად საამო სუნს აკმევდნენ. ერთობ მრავალი და აურაცხელი იყო ასეთი ხე. ხეებს ნაყოფის სიმძიმისგან რტოები ძირს ჰქონდა დახრილი. ყოველივე ამან გამაოცა.

თეოდორამ მკითხა: "შენ ეს გაკვირვებს? ... ის ბაღი რომ გენახა, რომელსაც სამოთხე ჰქვია და რომელიც თვით ღმერთმა დარგო, მაშინ როგორღა გაიკვირვებდი?!... უთუოდ გაოცებული შეიქმნებოდი მისი დიდებულებით და მშვენიერებით; სამოთხესთან შედარებით ეს არაფერი არ არის".

მე შევეხვეწე თეოდორას, რომ ეთქვა თუ ვისი დარგული იყო ის ბაღი; იმისი მსგავსი არასოდეს არაფერი მენახა... მან მიპასუხა: "ვერ ნახავ იმის მსგავს ვერაფერს იმიტომ, რომ შენ ჯერ კიდევ ხილულ და მატერიალურ ქვეყანაში ცხოვრობ; ხოლო ყოველივე რაც აქ არის, ქვეყნიური არ არის და ცხოვრებასააც ყველა აქ მყოფნი ქვეყნიურს არ ატარებენ. მხოლოდ შრომითა და ოფლით აღსავსე ცხოვრება, რომელიც ღირსმა ბასილმა გაატარა, მისმა გამუდმებულმა ლოცვამ და თავგანწირვამ, შიშველ მიწაზე წოლამ, სიცხისა და ყინვის დათმენამ, კონსტანტინოპოლში მისვლამდე საზრდოდ ბალახის მიღბამ, აი მხოლოდ ასეთმა მოწამეობრივმა ცხოვრებამ აცხოვნა თავად წმიდა ბასილი და აგრეთვე მის მიერ სხვაც ბევრი ცხონდა.

მხოლოდ ასეთი მოწამეობრივი ცხოვრებისა და ლოცვისთვის აძლევს უფალი ადამიანებს ასეთ სამყოფელს. ვინც ქვეყნიერ ცხოვრებაში იტანს მრავალ შეწუხებას და განსაცდელს, მტკიცედ იცავს ღვთის მცნებებს და ზემიდწევნით ასრულებს მას, ის ეღირსება ნუგეშს და სასყიდელს საიქიო ცხოვრებაში. წმიდა მეფსალმუნე დავითი ამბობს: "ნაშრომი ნაყოფთა შენთა სჭამო შენ".

როცა თეოდორამ მითხრა ზეციური ცხოვრება ქვეყნიერისგან განსხვავდებაო, მე უნებურად პირჯვარი გადავიწერე და მინდოდა შემეტყო ხორცში მყოფი ვიყავ თუ არა. გრძნობა და განზრახვა წმიდა მქონდა და ყველა ამ სანახაობისთვის ჩემი სული ხარობდა. მე დავბრუნდი უკანვე სასახლეში, მაგრამ აღარავინ დამიხვდა ტრაპეზთან. თაყვანი ვეცი თეოდორას და სახლში დავბრუნდი. ამ დროს უცებ გამომეღვიძა და ვფიქრობდი თუ სად ვიყავ და რა იყო ის, რაც ვნახე და გავიგონე. ავდექი და წავედი წმიდა ბასილთან. მონდოდა შემეტყო მისგან, ღვთისგან იყო ეს ხილვა, თუ ეშმაკისგან. რომ მივედი ჩვეულებრივად თაყვანი ვეცი. მან კურთხევა მომცა, ახლოს დაჯდომა მიბრძანა და მკითხა: "იცი შვილო, სად იყავი ამ ღამეს?" მე, როგორც არაფრის მცოდნემ ისე ვუპასუხე: "არსად არ ვყოფილვარ მამაო, ჩემს საწოლზე მეძინა-მეთქი". წმინდანმა მითხრა: "მართალია, ხორცით შენს საწოლში განისვენებდი, მაგრამ სულით კი სხვაგან იყვ და ყველაფერი იცი რაც ჩვენება ნახე ამ ღამეს. შენ იხილე თეოდორა, როცა ცის სასუფევლის კარებს მიუახლოვდი იგი სიხარულით გამოგეგება, შეგიყვანა შუა სახლში, ყოველივე გაჩვენა, ყოველივე გიამბო გარდაცვალებისა და საზვერეში განვლის შესახებ. განა ჩემი ბრძანებით არ შეხველ სასახლეში, სადაც იხილე საოცარი ტრაპეზი და მისი საკვირველი მოწყობილობა? - შენ არ იხილე მწვანილები? - აგრეთვე მათი ტკბილი გემო და ისიც, თუ როგორი ყვავილები და სასმელები იყო და ტრაპეზს როგორი ჭაბუკნი მსახურობდნენ? იქ არ იდექ და შეჰყჰურებდი პალატთა სიმშვენიერეს? ... როცა მოველ მე არ გაჩვენე თეოდორა, რომლის ნახვაც გსურდა რომ შეგეტყო, რის ღირსი შეიქნა იგი თავისი პატიოსანი ცხოვრებით? იმან არ წაგიყვანა ჩემი ბრძანებით და შეგიყვანა წმიდა ქალაქში? ასეთი არ იყო ამ ღამით შენი ხილვა? როგორ ამბობ, არსად ვყოფილვარ და არაფერი მინახავსო? როცა ეს მოვისმინე, სრულიად არ შემიტანია ეჭვი, რომ ეს ხილვა ოცნება და უბრალო სიზმარი არ იყო, არამედ ნამდვილი ხილვა ღვთის განგებით მოვლინებული.

მე გავიფიქრე, როგორი დიდებული უნდა იყოს ღმერთთან ეს წმიდა და მართალი ბასილი, რომელიც სულითაც და ხორცითაც იყო ჩემთან და ყველა ჩემს მიერ ნანახი და მოსმენილი იცოდა? მე ცრემლი მომერია და ვუთხარი: "მართალია წმიდაო მამაო, რაც მითხარი, ყოველივე ისე იყო და ვმადლობ კაცთმოყვარე მეუფეს, ჩემს უფალს იესუ ქრსიტეს ამგვარი ხილვის ღირსი რომ გამხადა. ვმადლობ იმისთვისაც, შენთან მოსვლა რომ ჩამაგონა, რათა მუდამ შენი ლოცვის მფარველობის ქვეშ ვიმყოფებოდე და ვტკბებოდე ასეთი დიდებული საკვირველების ხილვით".

წმინდანმა მითხრა: "შვილო გრიგოლ! თუ შენი ცხოვრების გზას სიმართლით განვლი, ღვთის მცნებას არ ჩამოშორდები, მაშინ სიკვდილის შემდეგ საზვერეში მყოფი ბოროტნი სულნი ვერაფერს გავნებენ, როგორც თეოდორამ გითხრა; საზვერეთ გავლის შემდეგ ნეტარი შეიქმნები და სიხარულით მიღებულ იქნები იქ სადაც, ცოტა ხნის წინათ იყავი. სადაც მე, დიდად ცოდვილიც ვიმედოვნებ ქრისტესგან, რომ ვეღირსო აღთქმული მადლისამებრ შენ მიერ ნანახ სავანეს.



ისმინე შვილო, რაც გითხრა შენ, ხოლო შენი სულიერი მამის საიდუმლო კი დაიცავი. როგორც ვუწყი, მე შენზე უწინ გარდაიცვლები. დიდი ხნის შემდეგ, როგორც უფალმა მიბრძანა, კეთილ საქმეში განმტკიცებული, შენც მე გამომყვები. დაიცავი ყველა ჩემი ნათქვამი, რომ სანამ ჯერ ცოცხალი ვარი, არავინ გაიგოს შენგან ღვთის მიერ ჩვენებით მოსმენილი და ნანახი; თუ შრომის გაწევას ისურვებ ჩემ მდაბალ ცხოვრებას ნუ დატოვებ აღუწერლად. აღწერე ისე, როგორც წერდნენ იმათ ცხოვრებას, რომელნიც სათნოებით მოღვაწეობდნენ... ჩემ ცხოვრებას ნუ აღწერ, აღწერე მხოლოდ ის მადლი, რომელიც ღვთის მოწყალებით მომენიჭა, რომელიც მასწავლიდა და მამტკიცებდა კეთილ საქმეში და რომელმაც არა მარტო ეს, არამედ სასწაულის ქმნაც შემაძლებინა. ისე აღწერე ყველაფერი შენ მიერ ნანახი და გაგონილი, რომ მკითხველმა სარგებლობა მიიღოს.

პირველა ის თქვი, რომ უფალი ყველას შეეწევა და იქმს დიდ სასწაულებს. შემდეგ ის სასწაულები, რომელნიც შენ იხილე, ყოველივე რიგზე მოუთხარ, რომ ყოველივე ამის შემცნობმა ადიდოს კეთილი საქმეებით უხვი ღმერთი. დღედაღამ დაიცვა შენი თავი ეშმაკის მახისგან, სანამ უფალი თავისთან მოგვიწოდებდეს!

წმინდანმა ეს და სხვა მრავალი ამგვრი რამ მითხრა, ილოცა და გამომისტუმრა. სულიერ შვილთა სასარგებლოდ ჩვეულებად ჰქონდა ხშირად ყოფილიყო მათთან. იგი შეუდარებელი მკურნალი იყო. ლოცვით კურნებდა როგორც სულით, ისე ხორცით უძლურს. იყი აგრეთვე წინასწარმცნობელიც. სულით სცნობდა ყოველივეს, ვინც სხვისთვის ცუდ რამეს განიზრახავდა და წინადვე ამხელდა. შეეწეოდა ყველას, ვისაც ჭირი და უბედურება რამ შეემთხვეოდა, ქვრივისა და ობლებისთვის მუდამ ზრუნდავა. მტკიცე სარწმუნოებით მისულ ხალხს კეთილ რჩევასა და დარიგებას აძლევდა, მწუხარეს ნუგეშს სცემდა და ყველაფერ ამას წმიდისა და წრფელი გულით იქმოდა.

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню