ესქატოლოგია - საუკუნო სამსჯავრო და მომავალი ცხოვრება - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოკალიფსისი > ესქატოლოგია

წმ. იოანე ოქროპირი

საუკუნო სამსჯავრო და მომავალი ცხოვრება

საუკუნო სამსჯავრო

წმ. იოანე ოქროპირის მეცხრე ჰომილიიდან კორინთელთა მიმართ მე-2 ეპისტოლეზე.


ნუთუ საერთოდ არ გწამს იმ იმედისა, რაც სამომავლოდ და მარადიულად არის აღქმული?! ნუთუ ეს ყოველივე მართლაც საეჭვოა შენთვის?! განა შესაძლებელია, რომ ამის შემდეგ რამენაირი გამართლება მოგეძებნოს შენ? "მაგრამ ვინ - იტყვიან - დაბრუნდა იქიდან და ვინ გვაცნობა, რა არის იქ?" მართალია, ადამიანთაგან არავინ დაბუნებულა და მოსულა; მაგრამ ღმერთმა, რომელიც ყველაზე მეტად იმსახურებს ჩვენგან რწმენას, გაგვიცხადა ეს ყოველივე. შენ ვერ ხედავ იმას, იქ რა არის? მაგრამ შენ ვერც ღმერთს ხედავ! განა მხოლოდ იმის გამო, რომ ვერ ხედავ, იტყვი, რომ ღმერთი არ არსებობს? "სულაც არა - მიპასუხებ - მე ძალიან მწამს (რომ არსებობს ღმერთი)".

ამგვარად, თუკი ვინმე ურწმუნოთაგანი შეგეკითხება შენ: "განა ციდან ვინმე მოსულა და მოუყოლია შენთვის ეს ამბავი?" - რად უპასუხებდი მას? საიდან გაიგე, რომ არსებობს ღმერთი? შენ უპასუხებ: "ხილული საგნებიდან გამომდინარე, იმ კეთილი მოწყობიდან, რასაც ყოველ ქმნილებაში ადვილად დავინახავთ, და იქიდანაც, რომ ეს საყოველთაოდ ცნობილია". და თუკი ეს ასეა, მაშ ამგვარივე რწმენით მიიღე სიტყვა სამსჯავროს შესახებ.

"როგორ" - იკითხავ შენ. აი, როგორ. მე შეგეკითხები, შენ კი მიპასუხე კითხვებზე: არის თუ არა მართლმსაჯული ის ღმერთი, რომელიც შენ გწამს? მიაგებს თუ არა ყველას იგი იმისდა მიხედვით, ვინც რას იმსახურებს: თუ პირიქით, სურს მას, რომ ბოროტები კეთილად ცხოვრობდნენ და მხიარულობდნენ, კეთილი ადამიანები კი იტანჯებოდნენ?

"არანაირად, - მიპასუხებ შენ - იმიტომ, რომ ამას ადამიანიც კი არ მოითმენს; აბა სხვაგან სად დაჯილდოვდებიან მართლები და დაკბებიან სიკეთით, ანდა პირიქით, ბოროტები მიიღებენ სამაგიეროს, თუკი ამ დროებითი ცხოვრების შემდეგ არ იარსებებს მარადიული ცხოვრება და მისაგებელი?" ... მაგრამ იმისთვის, რომ მაგალითის საშუალებით შენ ამის გაგება უკეთ და უფრო ცხადად შეძლო, აი, მდიდრისა და ლაზარეს მაგალითი: ერთი ამქვეყნიური ცხოვრების სიკეთით ტკბება, ხოლო მეორე მომავალი ცხოვრების სიკეთეს იგემებს. ნუთუ შენ ფიქრობ, რომ ერთი და იგივე რამეა, სამარადისოდ იტანჯებოდე დ მეორე მხრივ, გარკვეული დროის განმავლობაში შიმშილს იტანდე?! ნუთუ სულ ერთია, სნეულებას შენი ხრწნადი სხეული იტანს თუ უსხეულოდ სამარადისოდ იწვი და იტანჯები ცეცხლში? იყო გვირგვინოსანი და ზეიმობდე მთელი მარადიული ცხოვრების განმავლობაში ამქვეყნიური ცხოვრებისას მცირეხნიანი სნეულების შემდეგ თუ იმქვეყნად იტანჯებოდე იმ მსწრაფლწარმავალი სიამის გმო ამქვეყნად რომ განიცადე?

და ვის შეუძლია თქმა იმისა, რომ ეს ერთი და იგივეა? მაინც რა გინდა შენ? ის, რომ ჩვენ ერთისა და მეორის ხარისხი და ზომა ვაჩვენოთ? ღვთის სამსჯავრო და ღვთის მსჯავრი ერთისა და მეორისთვის? როდემდე ეტყვით საამო სიტყვებს მხოლოდ იმათ, ვინც ხოჭოებს ჰგვანან და ვინც არაფერი იციან იმის გარდა, რომ ფუნაში ცოცავდნენ? გონიერი ადამიანებისთვის თვისობრივი არ არის ესოდენ ძვირფასი სულის დაღუპვა მაშინ, როდესაც სულ მცირე გარჯაც კი საკმარისია იმისთვის, რომ ზეცა მიიღონ საჩუქრად.

თუ გსურს, მე ახლა იმასაც დაგიმტკიცებ, რომ სიკვდილის შემდეგ ნამდვილად იქნება საშინელი სამსჯავრო. გაუღე კარი შენს სინდისს და შეხედე მსაჯულს, რომელიც შენს სულში ზის. თუკი შენ, თავმოყვარეობისა და ამპარტავნების მიუხედავად საკუთარ თავს განსჯი და იმას არ უშვებ, რომ მსჯავრი უსმართლოდ გამოიტანონ, განა ღმერთი კიდევ უფრო მეტად არ ზრუნავს თავის მართლმსაჯულებაზე და განა მიკერძოების გარეშე არ გამოაქვს მას ყველა განაჩენი?! ან იქნებ იგი ყველაფერს თავის ნებაზე, უყურადღებოდ მიუშვებს?! აბა ვინ გაბედავს და იტყვის ამას?! არავინ! ჩვენს აზრს ეთანხმებიან ელინებიც და ბარბაროსებიც: ლექსთა მთხზველები და ფილოსოფოსები; და საერთოდ ადამიანთა მთელი მოდგმა.

თუმცა, ყველა ერთნაირად არ ფიქრობს ამაზე, რადგანაც ზოგი მათგანი ჯოჯოხეთში ერთგვარი სამსჯავროს არსებობას უშვებს. აი, ასე აშკარა, უეჭველი და გასაგებია ეს ყველაფერი ნებისმიერი ადამიანისთვის. მაგრამ იტყვიან: რატომ არ გვჯის ღმერთი აქვე? იმისთვის, რომ თავისი მრავლისმოთმინება გვაჩვენოს და სინანულის საშუალებით გადარჩენა მოგვანიჭოს, რომ არ აღმოფხვრას ჩვენი მოდგმა და არ მოაკლოს ცხონება მათ, ვინც თავიანთი ცოდვილი ცხოვრების შეცვლისა და უკეთესად გარდაქმნის გზით კიდევ შეძლებენ ცხონებას. ღმერთი რომ თითოეულ ადამიანს მისი ცოდვისთვის დაუყოვნებლად სჯიდეს, მაშინ როგორ და რანაირად გადარჩებოდა პავლე? როგორ გადარჩებოდა პეტრე? როგორ გადარჩებოდნენ მთელი სამყაროს ეს უმაღლესი მასწავლებლები? როგორ მოხდა, რომ დავითმა სინანულის გზით ცხონება მოიპოვა? როგორ მოიპოვებდნენ ცხონებას გალატელები და ბევრი სხვაც?

აი, რატომაა, რომ ღმერთი ყველას არ სჯის აქ; არამედ, ყველასგან - მხოლოდ ზოგიერთს; და არც ყველას - იქ. არამედ, ზოგი აქვე იღებს სასჯელს და ზოგიც იქ, რათა იმათი დასჯით, ვინც სასჯელს აქ მიემთხვევიან, ყველაზე უგრძნობელებიც კი გამოაფხიზლოს ცოდვილი ძილისგან; ხოლო, თუ ზოგიერთს არ სჯის, იმიტომ, რომ ბევრმა მომავალ სამსჯავროზე იფიქროს.

ნუთუ შენ არ იცი, რომ ძალიან ბევრი აქვე ისჯება. მაგალითად ისინი, ვინც გოდოლის ნანგრევებში მოექცნენ (ლუკა 13:4). ანდა ისინი, რომელთა სისხლიც პილატემ მათსავე მსხვერპლისას შეურია (ლუკა 13:1). ანდა ისინი კორინთელთაგან, ვინც უეცარი სიკვდილით მოწყდნენ იმის გამო, რომ უღირსად ეზიარნენ საიდუმლოს (1 კორ. 11:30). როგორც ფარაონი, როგორც ის იუდეველები, რომლებიც ოდესღაც ბარბაროსებმა გაწყვიტეს, და როგორც ძალიან ბევრი ადამიანი, როგორც მაშინ, ისე ახლაც და ასეა ყოველთვის? და არიან სხვები, რომელთაც არანაკლები შესცოდეს, მაგრამ ისე დაიხოცნენ, რომ აქ სასჯელი არ მიუღიათ. როგორც მაგალითად, ის მდიდარი ლაზარეს დროს რომ ცხოვრობდა და როგორც ამისთანა კიდევ სხვა მრავალი ვინმე.

ამგვარად უფალი მოქმედებს ერთი მხრივ, იმისთვის, რომ სარწმუნოება აღძრას და გამოაღვიძოს მათში; მეორე მხრივ კი იმისთვის, რომ ის მორწმუნე, მაგრამ უზრუნველად მცხოვრები ადამიანებიც უფრო მოშურნეებად აქციოს. ღმერთი არის მსაჯული მართალი, ძლიერი, მრავლისმომთმენი და ყოველდღე რისხვას არ აფრქვევს (ფსალმ. 7:12). მაგრამ თუკი ჩვენ მისი მრავალმოთმინების გამოყენებას დავიწყებთ ბოროტად, მაშინ მოვა დრო, როდესაც იგი უკვე ოდნავადაც აღარ მოითმენს და მეყსეულად დაგვსჯის.

წყარო: წმ. იოანე ოქროპირი. შრომები. XVI ტ. კორინთელთა მიმართ მეორე ეპისტოლეს განმარტება. მეცხრე ჰომილია. 2 კორ. 4:8. თბილისი 2017. გვ. 144, 146-148.

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню