ესქატოლოგია - ჩუმი აპოკალიფსისი - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოკალიფსისი > ესქატოლოგია

ჩუმი აპოკალიფსი

ნამდვილი აპოკალიფსი ჩვენს გულებში აღესრულება

მეორედ მოსვლა

ავტორი: მღვდელი დიმიტრი შიშკინი.

ამ ბოლო დროს მსოფლიოში შემაშფოთებელი მოვლენები ვითარდება. წმიდა წერილიც გვიდასტურებს, რომ ბოლო ჟამს იქნებიან საშინელნი მიწისძვრანი, ომები და ამბავნი ბრძოლათანი... "და იქნება ნიშები მზეზე, მთვარესა და ვარსკვლავეთში, ხოლო მიწაზე - ზღვის ღრიალითა და ტალღების ზათქით შეძრწუნებული ხალხების ურვა" (ლუკა 21:25), ერთის სიტყვით სახეზეა "სალმობათა დასაბამი".

ჩვენც უდიდესი შეშფოთებით ვაკვირდებით უკანასკნელ ცნობებს, განვიხილავთ მათ და შეძრწუნებულები შევსცქერით მომავალ დღეს, მაგრამ ვერ ვამჩნევთ როგორ ხდება სხვისი უბედურება გლობალური შოუს შემადგენელი ნაწილი.

აპოკალიფსისის თემა დიდი ხანია გასცდა ამ მნიშვნელოვანი სიტყვის ჭეშმარიტ შინაარსს. რადგან სიტყვა "აპოკალიფსისი" ითარგმნება როგორც "გამოცხადება" - ეს არის ის, რაც ღმერთმა გამოგვიცხადა ჩვენდა შესაგონებლად, იმისთვის, რათა ფხიზელნი ვიყოთ, გვახსოვდეს დედამიწაზე ცხოვრების ჭეშმარიტი დანიშნულება და ვისწრაფოთ ღმერთთან ერთობისკენ.

დღეს აპოკალიფსისი მტკიცედ არის ასოცირებული მსოფლიო მასშტაბის საშინელ, კატასტროფულ მოვლენებთან. და ჩვენ ყველამ კარგად ვიცით მოახლოვებული კატაკლიზმების გარეგნული ნიშნები. ბევრს ვმსჯელობთ მათზე და განვიხილავთ, მაგრამ არსებობს სხვა, უფრო მნიშნელოვანი და დაფარული ნიშანი: უფალი ამბობს, რომ ბოლო ჟამს "მრავალთა უსჯულოების გამო შემცირდება სიყვარული"; ხოლო მოციქული პავლე, თითქოსდა ჩვენზე მსჯელობდაო დასძენს, რომ ბოლო დროის ადამიანები იქნებიან:
"თვითმოყვარენი, ვერცხლის მოყვარენი, ქედმაღალნი, ამპარტავანნი, მგმობელნი, მშობლების ურჩნი, უმადურნი, უღირსნი, კაცთმოძულენი, გულღრძონი, მაბეზღარნი, აღვირახსნილნი, გულმხეცნი, სიკეთის მოძულენი, გამცემნი, თავხედნი, მზვაობარნი, უფრო განცხრომის მოყვარენი, ვიდრე ღმრთისა, მოჩვენებითად ღვთისმსახურნი, სინამდვილეში კი მისი ძალის უარმყოფელნი..." (2 ტიმ. 3:2-5).

აი, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, აი რისი უნდა გვეშინოდეს მიწისძვრებზე, ცუნამებზე და რადიაციაზე მეტად...

ჩვენ კლიმატის გლობალური ცვლილებების ეპოქაში ვცხოვრობთ. მე ამინდზე კი არ ვლაპარაკობ - დე ამას მეტეოროლოგებმა მიხედონ, მე ადამიანის ბუნების კატასტროფული ცვლილება მაქვს მხედველობაში. ვიღაც მეტყვის, რომ ცოდვით დაცემის შემდეგ არაფერი შეცვლილა არც ადამიანში და არც კაცობრიობაში მთლიანად. მაგრამ, ვაი რომ ეს ასე არ არის. სხვაგვარად არ იქნებოდა არც წარღნა და არც სოდომისა და გომორის მოსპობა, რომლებიც არიან ადამიანის ბუნების კატასტროფული და მასობრივი დეგრადირების მწარე მაგალითები მათგან გამომდინარე შედეგებითურთ.

ადამიანისა და საზოგადოების ბუნება მთლიანობაში "ადვილად მიიდრიკება ცოდვისკენ", და წმიდა მამათა თქმით, ბოლო ჟამს, ანუ ჩვენს დროში, ეს ყველაზე თვალსაჩინო გახდება. ნამდვილი აპოკალიფსისი ჩუმად და მალულად მიმდინარეობს ჩვენს გულებში, ოღონდაც მის მასშტაბებს ჯერაც არ მიუღწევიათ იმ კრიტიკული წერტილისთვის, როდესაც დაირღვევიან სტიქიები, ცეცხლში დაიწვება მიწა და ყოველი მისი საქმენი. ქრისტეს სული გადის ჩვენი ცხოვრებიდან, მის ნაცვლად კი შემოდის სიხარბის, პრაგმატიზმის, გარყვნილების, გულგრილობისა და უსაზღვრო თავმოყვარეობის უცხო, საშინელი და სატანური სული.

ვინმე კვლავაც იტყვის: განა ასე არ იყო ყოველთვის?! დიახ, მსოფლიოში ყოველთვის იყო გულგრილობა, უსიყვარულობა, მომხვეჭელობა, სისაძაგლე და სულმდაბლობა, მაგრამ თუ აქტუალურ ტერმინოლოგიას გამოვიყენებთ, მაშინ "რადიაციის დონე" სხვაგვარი იყო. არა კრიტიკული. დღეს კი, ის არა თუ "დასაშვებ ზღვარს" მიუახლოვდა, არამედ დიდი ხანია გადააჭარბა "სასიკვდილო დონეს".

ჩვენ ისე გვეშინია რადიაციის, იმდენს ვლაპარაკობთ მის შესახებ, განსაკუთრებით კი დღეს, რომ ვერ ვამჩნევთ როგორც აღწევს "ცოდვის კონცენტრაცია" მაქსიმალურ ზღვარს ჩვენს გულებში. მაგრამ საშიშროებას ვერ ვგრძნობთ, რადგან საკუთარი სინდისის ხმა, რომელიც მზრუნველმა ღმერთმა ჩადო ჩვენს სულებში, უკვე აღარ გვესმის. და ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ ხდება, რომ სინდისის ხმა, რომელიც მარადის ჩახშულია ჩვენში, ცოდვისა და უსჯულო ცხოვრების სანაგვეშია ჩამარხული.

ჩვენ ყოველგვარ კატასტროფას ვუფრთხით, მაგრამ უფალი ამბობს: "ნუ გეშინიათ მათი, რომელნიც ჰკლავენ ხორცს, მაგრამ არ შეუძლიათ სულის მოკვლა; არამედ უფრო გეშინოდეთ იმისა, ვისაც შეუძლია სულიცა და ხორციც წარწყმიდოს გეენას" (მათე 10:28). თვით ტანჯვა და სიკვდილიც კი განმწმენდელია კეთილი სულისთვის, ასე რომ ის, როგორც გამოხურვებული ოქრო, აუცილებლად მიაღწევს ცათა სასუფეველს. მაგრამ როდესაც ქრისტეს სული დაკარგულია, როდესაც სული განძარცულია მადლისგან - მაშინ, ის ჯერ კიდევ აქ, დედამიწაზე, საუკუნო წარწყმედის, დაუსრულებელი ჯოჯოხეთის კარიბჭესთან ცხოვრობს, და რაოდენ გულქვა უნდა იყო, რათა ვერ იგრძნო ეს სატანჯველი. სწორედ ამაშია მთავარი უბედურება, სწორედ ამაშია აპოკალიფსისის წინკარი - ჩვენი უგრძნობელობა. დაკარგვა იმისა, თუ რა არის ჭეშმარიტი სიკეთე და ჭეშმარიტი სიყვარული. წუთისოფელი არის ცხოვრება, სადაც ვნებებით დამთვრალნი, ველტვით სიამოვნებას, კომფორტს, ხორციელ ნეტარებასა და ამქვეყნიურ წარმატებებს სულიერი და ზნეობრივი ნორმების უგულებელყოფით. ეს არის ცხოვრება სადაც ვცხოვრობთ ცოდვასა და ვნებებს დამონებულნი.

საერთოდ, უნდა აღინიშნოს, რომ დამოკიდებულება ჩვენს დროში არ გახლავთ ვიწრო ფსიქიატრიული ტერმინი, არამედ ეს არის საზოგადოების დიაგნოზი, არა იმგვარი საზოგადოებისა, რომელმაც რწმენა დაკარგა, არამედ რომელმაც უარჰყო იგი, უარჰყო მისი ძალა იმ ცხოვრების წესით, სადაც დაკარგულია ყოველგვარი ტრადიცია და ზნეობრივი ნორმები.

დღეს თითქმის ყველაფრისა სწამთ, მაგრამ ეს ბუნდოვანი რწმენაა, რომელიც არაფერს გავალდებულებს, რწმენა "ყოველი შემთხვევისთვის"; და ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ეს რწმენა არა მარტო არ ეწინააღმდეგება მრავალგვარ "დამოკიდებულებებს", არამედ შეეთანაწყობა კიდევაც მათ ისე, რომ უკვე აღარაფერის შეცვლა აღარ არის საჭირო ადამიანის ცხოვრებაში. ასე იშვება უსასრულოდ მრავალი "მიკერძოებული" რწმენა: რწმენა, რომელიც ეხმარება ბიზნესს, ვნებებს, ძალაუფლებას, თავმოყვარეობას, სიამაყეს...

დამოკიდებულებების გარდა, ცხადი ხდება ისეთი სოციალური მოვლენების დამღუპველობა, როგორიცაა ალკოჰოლიზმი, ნარკომანია, მევახშეობა. არის ისეთი დამოკიდებულებებიც, რომლებიც ნაკლებად მარგინალურია მაგრამ, თუ შეიძლება ითქვას, არანაკლებ საშიშია როგორც კერძოდ ადამიანისთვის, ასევე მთლიანად საზოგადოებისათვის...

უპირველეს ყოვლისა ეს არის სიძვა, რომელიც წარმწყმედელი ქარბუქის სისწრაფით ვრცელდება. სიტყვა "წარმწყმედელს" მეტაფორულად როდი ვიყენებ. რამდენი ოჯახი ინგრევა, რამდენი ბავშვი რჩება მშობლების სითბოს გარეშე; ნახევრად დაობლებულები, სულიერად დამახინჯებულები და მშობლებისგან შეურაცხყოფილნი, რომლებიც მათ სულებს ბავშვობიდანვე ასახიჩრებენ თავიანთი თავშეუკავებლობით; უმახინჯებენ წარმოდგენას ოჯახზე, პასუხისმგებლობაზე, ურთიერთობაზე მამაკაცსა და დედაკაცს შორის, ცოლსა და ქმარს შორის. ახალგაზრდობა, რომელიც უსაზღვრო გარყვნილებას არის მიცემული, საკუთარ სულს დაუნდობლად ამახინჯებს და არ ესმის, რომ მოვა დრო საკუთარი უგუნურების მწარე ნაყოფების მოწევნისა, "ვინაიდან ცოდვის საზღაური არის სიკვდილი" (რომ. 6:23). სულის გახრწნა იმდენად მძიმე ცოდვააა, რომ მისი გამოსწორება მხოლოდ გულწრფელი სინანულით არის შესაძლებელი; და ამ სინანულამდე ჯერაც მისაღწევია დიდი შრომითა და ჯაფით.

არსებობს დამოკიდებულებანი, რომლებიც თანამედროვე მსოფლიოს თვალთახედვით სათნოებებადაც კი ჩანან, მაგრამ მართლმადიდებლური სარწმუნოების თვალთახედვით "უხეშ" ვნებებზე არანაკლებ დამღუპველი და საშიშია სულისთვის. სწორედ თავისი გარეგანი კეთილშობილების გამო მოქმედებენ ეს ვნებანი მომატყუებლად. მათი მზაკვარება იმაშია, რომ ისინი უფრო დახვეწილად და შეუმჩნევლად ღუპავენ ადამიანის სულს ღუპავენ, ართმევენ მას სულიერ ცხოვრებას და ღმერთს განაშორებენ...

ამ "უხილავ" საშიშროებებს განეკუთვნებიან წარმატების, კეთილდღეობისა და პოპულარობის ვნებები, როდესასც ადამიანი თავისი ცხოვრების ქვაკუთხედად საზოგადოებაში სტატუსის მიღწევას დადებს. ეს არის კარიერული ზრდა, შემოსავლიანობა და წარმატება. ყველა ეს ვნება "ჯანსაღ ამბიციურობად" იწოდება, მაგრამ სინამდვილეში მათ ადამიანი გაჰყავთ ცხოვრების შეფასების ჭეშმარიტი ღირებულებებისა და ჭეშმარიტი მიზნის გაგებისგან, გარდააქცევენ მას ერთ-ერთი ყველაზე საშიში ვნების, ამპარტავნების მონად, რომლისგანაც იშვება თავმოყვარეობა და ქედმაღლობა.

ყველაზე "წარმატებული" ადამიანი ამავე დროს შეიძლება იყოს სულიერად მკვდარი, სწორედ საკუთარი კეთილდღეობით დაბრმავებულობისა და თვითკმაყოფილების გამო; ის დაკარგავს ცათა სასუფეველს თუ მთელს თავის ცხოვრებას თვითკმაყოფილებას მიუძღვნის. ასეთი ადამიანი უძლური ხდება დაინახოს საკუთარი ცოდვები და უბადრუკი მდგომარეობა, ის კარგავს სინანულის უნარს - რაც უტყუარი ნიშანია სულის წარწყმედის.

ყველასთვის ცნობილია ადამიანთა საოცარი უსულგულობა და უსიყვარულობა თავიანთი მოყვასისადმი, მაგრამ არსებობს საპირისპირო "სულიერი" ვნება, რომელიც მილიონობით ადამიანს ღუპავს მათდა შეუმჩნევლად. მე ვგულისხმობ "ამქვეყნიურ საზრუნავს", რომლითაც ამართლებს ქრისტეანული მოღვაწეობის არქონას მონათლულ ადამიანთა უმეტესი ნაწილი.

უფალი ამბობს: "ფრთხილად იყავით, რათა არ დამძიმდეს თქვენი გული განცხრომით, სიმთვრალითა და ამქვეყნიური საზრუნავით, და ანაზდეულად არ გიწიოთ იმ დღემ" (ლუკა 21:34). ხედავთ საოცრებას? ჩვენი მაცხოვარი, იესუ ქრისტე, ერთის შეხედვით ისეთ ბუნებრივ და დადებით საქმეს, როგორიცაა ამქვეყნიური საზრუნავი, სიმთვრალესა და განცხრომით ცხოვრებას უთანაბრებს. რატომ? იმიტომ, რომ დაუსრულებელ ამქვეყნიურ საზრუნავში ადამიანს უფრო ადვილად ავიწყდება ღმერთი, სული და სინდისიც კი, რომელიც ფარავს ყველაზე სამარცხვინო ცოდვებს: მომხვეჭელობას, მტაცებლობას, ტყუილს, ქურდობას, სიხარბეს, უღმრთოებას - და ეს ყველაფერი "მართლდება" საკუთარ ოჯახსა და შვილებზე ზრუნვის "კეთილი" მოსაზრებით.

აი, რაში მდგომარეობს "ჩუმი აპოკალიფსისის" მთავარი საფრთხე. ის უხილავად ანადგურებს სულს და უეჭველად ჩააგდებს მას ჯოჯოხეთის მთხრებლში. მეტიც, ლოთი და მუცელღმერთი უფრო ადვილად შეიგნებს თავიანთ ცოდვას და შეინანებს, ვიდრე "ოჯახზე მზრუნველი" ქრისტეანი, რომელიც ყველაზე საშინელ ცოდვებსაც კი "მაღალი იდეალებისთვის" ბრძოლითა და მეოჯახეობის "მაღალი მიზნებით" გაამართლებს. გავიხსენოთ ფილმი "ნათლიმამა" - იქაც თავიდან ყველაფერი ამ "კეთილ" იდეას ეფუძნება, მეოჯახეობას. საშინელებაა ამის თქმა, მაგრამ კერპი შეიძლება გახდეს ოჯახიც და ცხოვრებისეული საზრუნავიც, რომელიც ადამიანს ჯოჯოხეთისკენ წარიტაცებს. აი, რატომ ამბობს უფალი: "ვისაც მამა ან დედა ჩემზე ზეტად უყვარს, არ არის ჩემი ღირსი; და ვისაც ძე ან ასული ჩემზე მეტად უყვარს, არ არის ჩემი ღირსი" (მათე 10:37).

ოჯახისადმი სიყვარული, მასზე ზრუნვა და ღვაწლი, კარიერა, ფულის კეთება - ეს ყველაფერი კარგია და სწორი, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი არ დაივიწყებს თავის უმთავრეს მოწოდებას - იცხოვროს ღმერთთან თანხმობაში; თუ ყველა თავის აზრს, სიტყვასა და საქმეს კეთილი მეოჯახე ამ დასნებოვნებული წუთისოფლის აზრს კი არ შეუთანხმებს, არამედ ღმრთის სჯულს. ეს არის ერთადერთი საფუძველი სრულყოფილი, სიხარულევანი, ჯანსაღი და თავისუფალი ცხოვრებისა.

წმიდა წერილში ნათქვამია: "უფალი სულია, ხოლო სადაც უფლის სულია, იქვეა თავისუფლება" (2 კორ. 3:17). აი ჭეშმარიტი თავისუფლების ფორმულა, რომელიც ყოველ ჩვენთაგანს გულის ფიცარზე უნდა ჰქონდეს დაწერილი ისე, რომ ამ წუთისოფლის დავიდარაბაში, უპირველეს ყოვლისა, ვიზრუნოთ იმისთვის, რათა თანაზიარნი ვიყოთ ქრისტეს სულის, და თუმც ამდაგვარი ცხოვრება ეწინააღმდეგება თანამედროვე, მიწიერი საზოგადოების მიერ შეწყნარებულ ნორმებსა და წესებს; თუმც ამძიმებს ქრისტეანის ამქვეყნიურ ცხოვრებას, სამაგიეროდ, საბოლოო ჯამში, თვით ადამიანი ხდება გამარჯვებული და განსპეტაკებული. ეს იქნება სწორედ ჭეშმარიტი გამარჯვება, უმაღლესი თავისუფლება, ღმრთის სიმართლესთან, სიმშვენიერესთან და სიყვარულთან თანაზიარობა. და ეს სულაც არ არის აბსტრაქტული ცნება, არამედ უზენაესი რეალობა, რომელთან მიმართებაშიაც უნდა ავაგოთ ჩვენი მომავალი.

როდესაც კატასტროფა ხდება, საზოგადოებაში იწყება ათასგვარი შემოწმება, მონიტორინგები, ტესტირებები და სხვა... ადამიანები საკუთარი ცხოვრების უსაფრთხოებაზე ფიქრს იწყებენ, რათა თავიდან აიცილონ მომავალი ჭირვებანი და ეს სრულიად ბუნებრივია. მაგრამ რატომ უგულვებელვყოფთ ღმრთის დარიგებებს, ვინც იცის თუ როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან ყველა ეს უბედურება?! "მღვიძარებდით და ილოცევდით"-ო, - ამბობს უფალი!

მღვიძარება ნიშნავს არ მიეცე დროის სულისკვეთებას, არამედ იცხოვრო ღმრთის სჯულით, იფიქრო, იქადაგო და იცხოვრო მისი თანმყოფობის მთრთოლვარე შეგრძნებით. და ლოცვაც მარტო დადგენილი სიტყვების წარმოთქმით არ უნდა შემოიფარგლოს, არამედ უნდა მივეახლოთ უფალს ცოცხალი გულით, ტკივილით, სასოებითა და რწმენით...

შემაშფოთებელი ამბები მოდის იაპონიიდან, "ამომავალი მზის ქვეყნიდან", და როგორ არ გაგახსენდება აქ ის, რომ ფუკუსიმა იაპონურიდან თარგმანში "ბედნიერების კუძულს" ნიშნავს. იქნებ 2011 წელს მომხდარი ტრაგედია - ეს კიდევ ერთი შეხსენებაა დედამიწაზე მცხოვრებთათვის, რომ რწმენის გარეშე სიხარული და ბედნიერება სახლს ქვიშაზე აშენებულ წააგავს; რომ ტექნოლოგიური სამოთხე ადვილად შეიძლება შებრუნდეს ტექნოგენურ ჯოჯოხეთად უბრალოდ იმიტომ, რომ უზენაესი სიხარული - ეს არის ღმერთთან ერთობა და სიყვარული.

"ღმრთის სასუფეველი თვითონ თქვენშია" (ლუკა 17:21), ბრძანებს წერილი... ოღონდ საჭიროა ვიპოვოთ იგი სულის დამდაბლებითა და გულის განწმენდით.

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню