ესქატოლოგია - ცეცხლის მდინარე - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოკალიფსისი > ესქატოლოგია

ცეცხლის მდინარე

ღმრთის სიკეთისა და ჯოჯოხეთის შესახებ

მეორედ მოსვლა

ავტორი: ა. კალომიროსი

დ-რი ა. კალომიროსი, თესალონიკელი (საბერძნეთი) ქირურგი-ორთოპედი, ცნობილი იყო როგორც ღვთისმეტყველი და ტრადიციული მართლმადიდებლობის დამცველი. "ცეცხლის მდინარე" - მისი ერთ-ერთი ნაშრომია, რომლის ნაწყვეტსაც აქ გთავაზობთ.


უეჭველია, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ღმრთისგან განდგომის ეპოქაში, ნაწინასწარმეტყველევ ბოლო პერიოდში. პრაქტიკულად, ადამიანთა უმეტესობა ათეისტია. ყველგან მეფობს ამა სოფლის გულგრილობისა და ურწმუნოების სული.

რა არის ამის მიზეზი? მიზეზი - სიყვარულის გაცივებაა. ღმრთისადმი სიყვარული უკვე აღარ გიზგიზებს ადამიანთა გულებში და შედეგად, გაცივდა კაცთა შორის სიყვარულიც. თუ ვიკითხავთ ღმრთისადმი ადამიანის სიყვარულის ასეთი გაცივების მიზეზი რა არის ვუპასუხებთ, რომ უეჭველად, ეს არის - ცოდვა. ცოდვა, რომელიც, როგორც მუქი ღრუბელი ეფარება ღმრთის ნათელს ჩვენი გულების გასათბობად და ჩვენი გონების განსანათებლად.

მაგრამ ცოდვა ოდითგანვე არსებობს, საკითხავი სხვა არის: რატომაა რომ ადამიანები უბრალოდ კი არ უგულებელყოფენ ღმერთს, არამედ ფაქტობრივად სძულთ იგი? ადამიანის დამოკიდებულება ღმრთისადმი დღეს უბრალო უმეცრება ან გულგრილობა არ არის. გულდასმით თუ შევისწავლით ადამიანებს, შევნიშნავთ, რომ მათი უმეცრება ან უგულისხმოება დასნებოვნებულია ღრმა სიძულვილით. არადა, არარსებულის სიძულვილი არავის ძალუძს. ვეჭვობ, რომ დღეს ადამიანებს უფრო სწამთ ღმერთის, ვიდრე ოდესმე კაცობრიობის ისტორიაში. მათი ათეიზმი - ნამდვილი ურწმუნოება როდია. მათი ღმრთისადმი დამოკიდებულება მსგავსია იმ ზიზღისა, რომელსაც განვიცდით ძალიან ახლობელი და კარგად ცნობილი პიროვნებისადმი, მაგრამ გვძულს და გვეზიზღება იგი მთელი ჩვენი არსებით, მთელი სულით და გულით, როგორც ეშმაკნი, რომელთაც "სწამთ ღმერთის, მაგრამ შიშისგან ძრწიან". ადამიანებს სძულთ ღმერთი და ამიტომაც უგულებელყოფენ მას, თითქოსდა არც უნახავთ იგი ან არაფერი გაუგიათ მის შესახებ. ადამიანთა დღევანდელი ათეიზმი არის უღმრთოების თავისებური სიმულაცია.

მაგრამ რატომ სძულთ ღმერთი ადამიანებს? იმიტომ, რომ აღვსილნი არიან ბოროტი და ბნელი საქმეებით მაშინ, როდესაც ღმერთი არის ნათელი; და ამავე დროს იმიტომაც, რომ ისინი ღმერთს განიხილავენ, როგორც უცილობელ და მარადიულ საშიშროებას, როგორც მოწინააღმდეგეს, როგორც პროკურორს და გამუდმებულ მდევნელს. მათთვის ღმერთი არის არა ყოვლისშემძლე მკურნალი, რომელიც განკაცდა, რათა სნეულებისა და სიკვდილისგან ეხსნა ისინი, არამედ მკაცრი მსაჯული და შურისმგებელი ინკვიზიტორი.

ეშმაკმა შთააგონა ადამიანებს და დაარწმუნა იმაში, რომ ღმერთს ჩვენ არ ვუყვარვართ, მას მხოლოდ საკუთარი თავი უყვარს და მხოლოდ მაშინ გვღებულობს, თუკი მისი სურვილებისამებრ მოვიქცევით. არადა, ვის შეუძლია შეიყვაროს ჯალათი? მათაც კი, ვინც ცდილობს დაიხსნას თავი ღმრთის რისხვისგან, არ ძალუძთ ჭეშმარიტად შეიყვარონ ღმერთი. მათ ღმერთი უყვართ იძულებით, რადგან ცდილობენ მისი შურისგების თავიდან აცილებას.

ადამიანებს ამ "ბოროტი" მსაჯულისა და ყოვლისშემძლე "ინკვიზიტორის" მარადიული რისხვის თავიდან აცილების შესაძლებლობაც რომ ჰქონდეთ, ღმერთის არ არსებობოას უფრო ისურვებდნენ, ვიდრე საკუთარი თავის გამოსწორებას. ასეთი ლოგიკური დასკვნა პირველად ჩამოყალიბდა რომაულ-კათოლიკური თეოლოგიით "განსწავლულ" დასავლელ ხალხთა გულებში, რადგან თვით მარადიული სამოთხეც კი საზიზღარი ხდება ასეთი სასტიკი ღმრთის ხელში.

აღმოსავლური ქრისტეანობა არ იცნობდა დასავლურ ღვთისმეტყველებას, ამიტომაც ის უღმრთოებას და ათეიზმს მხოლოდ დასავლურ, ე. წ. "იურიდიულ" თეოლოგიასთან გაცნობის შემდეგ ეზიარა. ასე იშვა ათეიზმი, რომლის მშობელია დასავლეთი. ადამიანები გახდნენ ათეისტები, რათა თავი დაიხსნან ღმრთისგან და თავი ჩარგონ ქვიშაში სირაქლემებივით. ათეიზმი არის რომაულ-კათოლიკური და პროტესტანტული თეოლოგიის ლოგიკური დასასრული.

ჩვენი ჭეშმარიტი მტერი ათეიზმი როდია. ნამდვილი მტერია ის, ვინც გააყალბა და დაამახინჯა ქრისტეანობა.

წმ. წერილის ენაზე, "სამართლიანობა" ყოველთვის გულისხმობდა სიკეთესა და სიყვარულს. თუ ჩვენ ვლაპარაკობთ ძველაღთქმისეულ გმირთა სამართლიანობაზე, ეს იმას როდი ნიშნავს, რომ ისინი უზადო მსაჯულები იყვნენ, მაგრამ აუცილებლად იყვნენ კეთილი და ღმრთისმოყვარე ადამიანები. როდესაც ვამბობთ, რომ ღმერთი სამართლიანია, იმას კი არ ვგულისხმობთ, რომ ის არის მიუკერძოებელი მსაჯული, რომელმაც მხოლოდ ის იცის, როგორ დასაჯოს ადამიანები თავიანთი დანაშაულის შესაბამისად. პირიქით, ჩვენ ვგულისხმობთ, რომ ის არის უსაზღვრო სიკეთე და სიყვარული, და რომ მას სურს ჩვენი ხსნა, რაც უნდა დაუჯდეს, რაც უნდა მოხდეს, და არასოდეს არ მიაგებს ბოროტს ბოროტით.

"სათნოთმოყვარების" პირველ გამოცემაში არის წმ. ანტონის ბრწყინვალე ტექსტი, რომელიც აუცილებლად უნდა დავიმოწმო: "ღმერთი არის სიკეთე და მისთვის უცხოა ვნება და ცვალებადობა. ჩვენ, ადამიანები, ღმერთთან მიმსგავსებით ვხდებით სრულყოფილნი, შევუერთდებით მას და პირიქით, უფალთან და მის სიწმიდესთან განსხვავებით ვშორდებით მას. სიწმიდეში მცხოვრებნი თუ გზას ვიკვალავთ მისკენ, ბოროტად ქცევის შემთხვევაში მას განვეშორებით. ის კი არ განგვშორდება ჩვენ, არამედ ჩვენი ცოდვები განგვაშორებენ მას და დაგვამონებენ მტანჯველ დემონთ. და თუკი ლოცვითა და მოწყალების გაცემით ღირსნი ვხდებით ცოდვათა მოტევებისა, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ გავიმარჯვეთ ღმერთზე და ვაიძულეთ შეცვლილიყო, არამედ - ჩვენი მოქმედებებითა და სინანულით, თავად განვიკურნეთ ბოროტებისგან და კვლავ მოვიხვეჭეთ ღმერთთან ურთიერთობის სიხარული. ამგვარად, მტკიცება იმისა, რომ ღმერთი ზურგს აქცევს ცოდვილს ისეთივე უგუნურებაა, როგორც იმისი თქმა, რომ მზე ემალება ბრმადყოფილს".

ახლა, თუ ვინმეს არ ესმის როგორ არის შესაძლებელი ღმრთის სიყვარულისთვის დაიხსნას უბადრუკი და უძლური ქმნილება ცეცხლის გეჰენიისგან, ნება მომეცით აგიხსნათ ეს სახარებისეული იგავის, უფრო სწორედ უძღების შვილის უფროსი ძმის მაგალითზე (ლუკა 15:11-32).

ჰქონდა თუ არა მას წილი მამის სიმდიდრეში?! განა ყოველივე მისი არ იყო ამ პატივში?! განა არ ჰქონდა მამის სიყვარული?! განა თვით მამა უშუალოდ არ მიმართავდა მას და ევედრებოდა მიეღო მონაწილეობა სიხარულის ტრაპეზში?! რამ გახადა ის უბედური და რამ დაწვა მისი სული აუტანელი ცეცხლით?! ვინ უარჰყო იგი, ან რა მოაკლდა მას მამის სავანეში?! რატომ არ იყო იგი ბედნიერი ძმის დაბრუნებით?! რატომ არ ჰქონდა მას არც ძმის და არც მამის სიყვარული? ხომ არ მოხდა ეს ყოველივე მისი ბოროტი განწყობის გამო? განა თვით გეჰენა არ დაეუფლა მას იმ მომენტში? მაგრამ ეს გეჰენა რაღა იყო? იყო თუ არა ის რაიმე განსაკუთრებული ადგილი? ან იქნებ ვინმემ გამოიყენა საწამებელი იარაღები?! განა მამის სახლში არ აგრძელებდა ცხოვრებას? რამ გაჰყო იგი ყველა ბედნიერ კაცთაგან მამის სახლში, თუ არა მისმა საკუთარმა მტრობამ და სიძულვილმა ძმისადმი და ყოველივე დანარჩენებისადმი? ხომ ცნობილია, რომ არც ძმას და არც მამას არ განელებიათ მისი სიყვარული. არამედ სიძულვილი ენთო მის გულში, სიძულვილი ძმისა და მამისადმი, ძმისა და მამის სიყვარულისადმი; სიძულვილი ძმის სიყვარულისა მამისადმი და მამის სიყვარულისა ძმისადმი. აი ეს არის ჯოჯოხეთი: სიყვარულის უარყოფა; სიმწარე უმანკო სიხარულის დანახვისას; ჯოჯოხეთია გარემოცული იყო შენი მოყვარული ადამიანებით, შენ კი გძულდეს ისინი. ასეთია მარადიული ყოფა ყველა წყეულის. ისინი უყვართ, ყველა მათგანი დაპატიჟებულია სიხარულის ტრაპეზზე. ყოველ მათგანს ძალუძს იყოს ცათა სასუფეველში, ახალ მიწასა და ახალ ცაში, არავინ დევნის მათ, ისინი კი ჩაკეტილნი არიან საკუთარი უსიყვარულობისა და სიძულვილის, საკუთარი ეგოიზმის საპყრობილეში. წასვლა რომ ნდომოდათ, უფალს მაინც ვერ დაემალებოდნენ რადგან, ღმერთს ყველა უყვარს და არის ყველგანმყოფი.

ახალ, მარადიულ სიცოცხლეში ღმერთი იქნება ყოველივე ყველაფერში, არა მარტო კეთილთათვის, არამედ ბოროტთათვისაც, არა მარტო მათთვის ვისაც უყვარს ქრისტე, არამედ მათთვისაც, ვისაც ის სძულს. მაგრამ, როგორ აიტანენ მოძულენი იმას, რომ ყველა, ვინც კი მათ სძულთ და არ უყვართ, სიკეთეს ღებულობენ მისი მარჯვენიდან? აი, - დაუშრეტელი სატანჯველი, მარადიული ცეცხლი და კბილთა ღრჭენა!

განვედით ჩემგან, წყეულნო, თქვენი სიძულვილის დაუშრეტელ შინაგან ცეცხლში, თქვა უფალმა, - რადგან, მშიოდა თქვენი სიყვარული და არ მაჭამეთ, მწყუროდა თქვენი ბედნიერება და არ მასვით, დამწყვდეულ ვიყავ ჩემი კაცობრივი ბუნების საპყრობილეში და არ მოხვედით ჩემდა სანახავად ჩემს ეკლესიაში. თქვენმა ბოროტმა ვნებებმა ჩაგაგდეს თქვენ თქვენსავე გულების სიბოროტის სატანჯველში, რომელიც უცხოა ჩემთვის. განვედით ჩემგან თქვენი ბოროტების დაუშრეტელ ცეცხლში, რომელიც მე არ ვიცი და უცხოა ჩემთვის, რადგან მე თქვენ თავისუფალ და გონიერ არსებებად შეგქმენით.

თუმცა უწყოდეთ, როდესაც ბოროტებისა და სიძულვილის ხვეული გზებით განმარტოვდებით თქვენი გულების უკუნ სიბნელეში, ჩემი სიყვარული თან გაგყვებათ. თქვენ საგეჰენიოდ ხართ განწირულნი, მიუხედავად იმისა, რომ მარადის დარჩებით ჩემს შვილებად. ამინ.

თარგმანი შესრულებულია რუსულიდან.

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню