ცრუსწავლებანი - შეესაბამება თუ არა რუდოლფ შტაინერის ანტროფოსოფია ქრისტეანობას - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

უსჯულოება > ცრუსწავლებანი

შეესაბამება თუ არა რუდოლფ შტაინერის ანტროფოსოფია ქრისტეანობას

რუდოლფ შტაინერი

ავტორი: ვ. ი. პიტანოვი.

"რადგანაც მოვა დრო, როცა აღარ გაიზიარებენ მასულდგმულებელ მოძღვრებას, არამედ თავიანთი ჟინით შეკრებენ მოძღვრებს, რათა მათი სიტყვები საამოდ ელამუნოს მათ სმენას, ყურს აღარ ათხოვებენ ჭეშმარიტებას და ზღაპრებს მიუბრუნდებიან" (2 ტიმ. 4:3-4).

წინამდებარე სტატიაში განსახილველ სწავლებას - რუდოლფ შტაინერის ანტროფოსოფიას, ყველა პარამეტრი გააჩნია იმისთვის, რათა მოთვსებულ იქნას იმ "ზღაპრების" კატეგორიაში, ახალაღთქმისეული წმიდა წერილი რომ წინასწარმეტყველებს. როდესაც შტაინერის თხზულებებს კითხულობ, შეუძლებელია თვალში არ გეცეს იმის ჯიუტი სურვილი კაცობრიობას აუწყოს "ჭეშმარიტება" ქრისტესა და ქრისტეანობის შესახებ.

მაგალითად, შტაინერი წერს: "... სულიერ მეცნიერებას (ანუ ანტროფოსოფიას - ვ. პ.) სურს დააფუძნოს არა რელიგია, არამედ უფრო რელიგიურად განაწყოს სულიერი ცხოვრება, ...სწორედ მას მივყავართ ქრისტესთან, როგორც არსთან, რომელიც რელიგიური ცხოვრების ცენტრში დგას" (Штайнер Р. Антропософия и Христианство / Штайнер Р. Антропософия и человеческая душа. М., Антропософия. 1999.).

"სულიერ მეცნიერებას არ სურს შეცვალოს ქრისტეანობა, მას სურს იყოს ინსტრუმენტი ქრისტეანობის შესაცნობად... სულიერი მეცნიერება ქრისტეანობის რაღაც სხვა სწავლებით შეცვლას კი არ ესწრაფვის, არამედ იმისკენ მიილტვის, რათა დაეხმაროს ყველას უკეთესად, უფრო ღრმად და გულით გაიგოს ქრისტეანობა" (იქვე).

სურვილი უფრო ღრმად და გულით გაიგო ქრისტეანობა, მხოლო მისასალმებელია. მაგრამ, აქ საკითხი სხვაგვარად დგას: როგორი დამოკიდებულება აქვს ანტროფოსოფიას ქრისტეანობასთან თავისი შინაარსით? შეიძლება თუ არა, რუდოლფ შტაინერის მიერ გამოცხადებული მიზანი მიღწეულ იქნას ანტროფოსოფიული სწავლების გაზიარებით და მიმდევრობით? შევეცადოთ გავერკვეთ ამ საკითხში. საჭიროა თუ არა საერთოდ ამის გაკეთება? რუდოლფ შტაინერი წერს:

"უცნაურ შეცდომას უშვებენ ისინი, ვინც სულიერ მეცნიერებას ხელს ჰკიდებს ქრისტეანული თვალსაზრისით. ერთხელ მაინც ჰკითხონ სულიერ მეცნიერებას, ებრძვის თუ არა ის იმას, რაც შეიძლება ქრისტეანობის წიაღში ვპოვოთ? ის ეთანხმება ყველაფერს რასაც ქრისტეანობა ეფუძნება. მაგრამ ყოველივე ამას ის სხვა რაღაცასაც ამატებს. ამ სხვა რაღაცის აკრძალვა ნიშნავს დაიჟინო ქრისტეანობის შეზღუდულობა" (Там же. С.38-39).

როგორც ვხედავთ, შტაინერის აზრით, ქრისტეანის უთანხმოება "სულიერ მეცნიერებასთან" შეცდომა ყოფილა, მაგრამ ამ უთანხმოების მიზეზი არის სწავლების ჭეშმარიტების კრიტერიუმი, რომელსაც წმიდა წერილი გვაძლევს (აქ უნდა აღვნიშნოთ, რომ შტაინერს ძალიან უყვარდა თავის ნაშრომებში ბიბლიის ციტირება): "ჩვენ კი არა, თვით ანგელოსმა ზეცითაც რომ გახაროთ სხვა სახარება, და არა ის, რაც გვიხარებია, წყეულიმც იყოს" (გალატ. 1:8). მაშ, შეიძლება თუ არა მივიღოთ შტაინერისეული "ხარება", თუკი ის წმიდა წერილის საწინააღმდეგოა? არის თუ არა ქრისტეანის შეზღუდულობის ნიშანი ესწრაფვოდე საკუთარი სულიერი ცხოვრება დააფუძნო ჭეშმარიტებას და არა შტაინერის "მიგნებებს"?

როგორც ზემოთდამოწმებული ციტატიდან ვხედავთ, მოციქული პავლე მოგვიწოდებს მივსდევდეთ ჭეშმარიტებას და უარვყოთ სიცრუე. ამასთან, სიცრუედ ის მიიჩნევს ყოველივე იმას, რაც მოციქულთა ნაქადაგევს ეწინააღმდეგება. დავფიქრდეთ, გვაქვს კი რაიმე საფუძველი ვენდოთ შტაინერის სწავლებას და ქრისტეანობის შემეცნება ანტროფოსოფიაზე დავაფუძნოთ? მაგრამ, მოდი, ჯერ რამდენიმე სიტყვა ვთქვათ თვით ამ სწავლების დამფუძნებლის შესახებ.

რუდლოფ შტაინერი (1861-1925) დაიბადა 1861 წლის 27 თებერვალს ავსტრო-უნგრეთის ერთ პატარა სოფელ კრალევიჩში ( Штайнер Р. Теософия. Введение в сверхчувственное познание мира и назначение человека. Ереван. Ной. 1990. С.155). დაამთავრა სასწავლებელი ვინერ-ნოიშტადტში, შემდეგ კი ვენაში გადაბარგდა. ვენაში შტაინერმა მიიღო საბუნებისმეტყველო და მათემატიკური განათლება, სწავლობდა ფილოსოფიას, ლიტერატურას, ისტორიას. 1882 წელს მუშაობდა გოეთეს ნაშრომთა კომენტარებზე.

ანტროფოსოფია (ბერძნ. anthropos - ადამიანი და sophia - სიბრძნე) (Фролов И.Т. Философский словарь. М., Республика. 2001. С.38) შტაინერმა XX საუკუნის დასაწყისში, გერმანიაში შექმნა. 1909 წლამდე ის შედიოდა თეოსოფიურ საზოგადოებაში, რომელიც ე. პ. ბლავატსკაიამ დააარსა და მის გერმანულ ფილიალსაც კი ხელმძღვანელობდა. გვიან, მან დატოვა თეოსოფიური საზოგადოება და ანტროფოსოფიული ცენტრი "გოეთეანუმი" დააფუძნა (Там же. С.38-39). ბლავატსკაიას მიმდევრები რუდოლფ შტაინერის თეოსოფიური საზოგადოებდან გასვლის შესახებ ამბობენ:

"როგორი მიზეზებიც უნდა წარმოედგინა შტაინერს თეოსოფიური საზოგადოებისთვის, მისი წასვლის უმთავრესი მიზეზი მაინც შელახული თავმოყვარეობა იყო. ის იმედოვნებდა, რომ ბლავატსკაიას სიკვდილის შემდეგ არჩეული იქნებოდა თეოსოფიური საზოგადოების თავმჯდომარედ. მაგრამ, შტაინერი ამგვარ თანამდებობას ვერ ეღირსა..." (Клизовский А. Основы миропонимания новой эпохи. Амрита-Урал., Магнитогорск. 1994. С.298-306).

ადვილი შესამჩნევია თეოსოფთა მგზნებარე თავდაჯერებულობა იმაში, რომ "ყველა რელიგიას ერთ ღმერთთან მივყავართ", თუმცა ამგვარი შეხედულება ხელს არ უშლის მათ აქტიურად ებრძოლონ დისიდენტებს საკუთარ მოძრაობაში. მაგალითად, ანტროფოსოფიის სულიერ წყაროდ თეოსოფები ბნელ ძალებს მიიჩნევენ:

"ცხადად გამოაააშკარავებული მტრების გარდა, თეოსოფიას ჰყავს ფარული და, ცხადია, უფრო საშიში მტრებიც. ამგვარი მტრების რიცხვს განეკუთვნება ანტროფოსოფია და მისი მიმდევრები... ბნელმა ძალებმა შესძლეს თავიან რიგებში გადაებირებინათ თეოსოფიური საზოგადოების ერთ ერთი მონაწილე - რუდოლფ შტაინერი, ... ბნელმა ძალებმა ანტროფოსოფიის სახით მსოფლიოს მისცეს ჭეშმარიტების იმიტაცია...

ბნელი ძალების მიერ შტაინერის დასაკუთრება ნელა, მაგრამ სტაბილურად მიმდინარეობდა მთელი მისი ცხოვრების განმავლობაში. საბოლოოდ ისინი მას დაეუფლნენ მის სიკვდილამდე ექვსი წლით ადრე. სანდო და ავტორიტეტული წყაროების ცნობით, თავისი ცხოვრების ბოლო ექვს წელიწადს შტაინერი უკვე აღარ იყო შტაინერი. გარსში, შტაინერის სხეულში, შესახლდა რაღაც ბნელი ძალა, რომელიც წარმართავდა შტაინერის მოღვაწეობას სასურველი მიმართულებით..." (Там же. С.298-306).

როგორც ვხედავთ, თეოსოფებისა და აგნი-იოგებისთვის ანტროფოსოფია - ეს არის ბნელ, დემონურ ძალთა სწავლება, ხოლო რუდოლფ შტაინერი დემონებით შეპყრობილი პიროვნება. სხვათა შორის, ქრისტეანთათვის, ისეთი წყაროების ინფორმაცია, როგორიცაა თეოსოფია და აგნი-იოგა, სულაც არ არის ავტორიტეტული, რადგან ამ სწავლებებს, თავიანთი არსით, იგივე წყარო გააჩნიათ, რაც ანტროფოსოფიას (Питанов В.Ю. Суд совести: агни-йога против христианства. http://apologet.narod.ru). საგულისხმოა ოკულტურ მიმდინარეობათა შიგნით ამგვარი "გარჩევების" თვით ფაქტიც, განსაკუთრებით თუ მხედველობაში მივიღებთ იმას, რომ თეოსოფები გამუდმებით ადანაშაულებენ ქრისტეანებს განხეთქილებებში.

თავის შრომებში რუდოლფ შტაინერი ანტროფოსოფიას გამუდმებით მეცნიერებას უწოდებს. შეიძლება თუ არა დავეთანხმოთ ამგვარ მტკიცებულებას? მოდი, მივმართოთ მის თხზულებებს: "... რადგან ... სულიერი მეცნიერება (ანტროფოსოფია - ვ. პ.) ბუნებისმეტყველებისგან განსხვავებით, რომელიც გარეგან ბუნებას იკვლევს და რომლის აღქმა გრძნობათა ჩვეულებრივი ორგანოებითაც შეიძლება, - ეხება სულის სფეროს, ცხადი უნდა იყოს, რომ აზროვნების საბუნებისმეტყველო მეთოდი, სადაც ლაპარაკია სულიერის სფეროზე, არსებითად უნდა შეიცვალოს, უნდა გადასხვაფერდეს, ... სულიერ მეცნიერებაში ადამიანმა უნდა შეისწავლოს საკუთარი თავი და ამისთვის უნდა მიმართოს ერთადერთ ინსტრუმენტს, რომელიც მის განკარგულებაშია, კერძოდ - საკუთარ თავს... სულიერი კვლევის პირველი საფეხური - ეს არის მშვინვიერ-სულიერის გამოყოფა ფიზიკურ-სხეულებრივისგან. მეორე საფეხური - იმ არსებებთან შეერთებაა, რომლებიც გრძნობითი სამყაროს მიღმა იმყოფებიან" (Штайнер Р. Антропософия и Христианство / Штайнер Р. Антропософия и человеческая душа. М., Антропософия. 1999).

თვით რუდოლფ შტაინერის აღიარებით, შემეცნების მეთოდი, რომელსაც ანტროფოსოფია იყენებს განსხვავდება შემეცნების მეცნიერული მეთოდისგან, რის გამოც შტაინერი კვლევის ობიექტებში განსხვავებას ხედავს. შტაინერი მიისწრაფვის გახდეს კონტაქტორი (Питанов В.Ю. Ченнелинг: «канал» или «сточная канава»? http://apologet.narod.ru), და არა მეცნიერი, ამ სიტყვის კლასიკური გაგებით. თუ მეცნიერული ცოდნის ერთ ერთი თვისება ლოგიკური დასაბუთებულობა გახლავთ, თანაც ეს არის აუცილებელი მოთხოვნა (Карпунин В.А. Логика и богословие. СПб., Библия для всех. С.94-95.), ანტროფოსოფიაში სულ სხვაგვარი სიტუაციაა: "... განდობილისთვის "დაფარული სიბრძნე" არ საჭიროებს "მტკიცებულებას". მან ასევე იცის, რომ მტკიცებულებას არ საჭიროებს არც ის, ვისაც, მის მსგავსად, "უმაღლესი გრძნობა" გამოეცხადა (Штайнер Р. Теософия. Введение в сверхчувственное познание мира и назначение человека. Ереван. Ной. 1990. С.14).

ჭეშმარიტების კრიტერიუმი შტაინერულად ასე ჟღერს: ეს ჭეშმარიტია, რადგან მე ასე მგონია! მაგრამ მოცემული არგუმენტი მეტად უსუსურია: თეოსოფები, მაგალითად, თავიანთი "უზენაესი გრძნობით" შეიგრძნობენ, რომ შტაინერი შეპყრობილი ადამიანია, რატომ არ უნდა დავუჯეროთ მათ ამ საკითხში?

თავისი სწავლების მიზნებთან დაკავშირებით შტაინერი წერს: "ის, რასაც დ?ღეს "ერთადერთ ჭეშმარიტ" მეცნიერებას უწოდებენ, უფრო დამაბრკოლებელია ამ მიზნის განსახორციელებლად (ნათელმხილველობის "უნარის" მოსაპოვებლად - ვ. პ.), ვიდრე ხელშემწყობი (Там же. С.15).

ამგვარად, ანტროფოსოფია, ისევე როგორც სხვა ოკულუტური სკოლები ( Питанов В.Ю. Эзотеризм, как путь к расизму. http://apologet.narod.ru), შეუთავსებელია მეცნიერებასთან. რაც შეეხება ზეგრძნობით შემეცნებას, ოკულტიზმის ერთ ერთი თვალსაჩინო მიმდევარი მის შესახებ ამბობდა: "... ზეგრძნობიერი და საიქიო სამყაროთა უმაღლესი ცოდნის პირადი შემეცნებით მოპოვება, ყველაფრის თქმისა და ყოველგვარი მისტიფიკაციის უფლებას გვაძლევს" (Клизовский А. Основы миропонимания новой эпохи. Амрита-Урал., Магнитогорск. 1994. С.298-306).

ოკულტისტი კლიზოვსკი ამ სიტყვებში სწორედ ანტროფოსოფიას გულისხმობდა და მათში შტაინერის სწავლებაზე საკუთარ აზრს გამოხატავდა, ძნელია არ დაეთანხმო მის ამ მსჯელობას, თუმცა, პრეტენზიებს ზეგრძნობითის შემცნებაზე ანტროფოსოფიის გარდა სხვა ოკულტური სწავლებებიც აცხადებენ, ამიტომაც, ამ სიტყვების ადრესატთა რაოდენობა და ვინაობა შეიძლება გავაფართოვოთ.

აღსანიშნავია შტაინერის მსჯელობა ჭეშმარიტებისკენ სწრაფვასთან დაკავშირებით: "არ შეიძლება თქმა, რა სასარგებლოა ჩემთვის ჭეშმარიტების კანონთა სრული მიყოლა, თუკი მე ვცდები ამ ჭეშმარიტებასთან დაკავშირებით? საქმე ხომ აზროვნების ფორმასა და სწრაფვაშია. ისიც კი, ვინც ცდება, ჭეშმარიტებისკენ თავის მისწრაფებაში ფლობს ძალას, რომელიც მას მცდარი გზისგან განაშორებს" (Штайнер Р. Теософия. Введение в сверхчувственное познание мира и назначение человека. Ереван. Ной. 1990. С.136).

როგორც ვხედავთ შტაინერი პრინციპულად არ აღიარებს საკუთარ თავში შეცდომის დაშვების თვისებას. ქრისტეანები სულაც არ ფიქრობენ, რომ ჭეშმარიტებისკენ სწრაფვა ეს უკვე არის უცთომელობის გარანტი. წმიდა წერილი გვამცნობს ცრუმოძღვართა შესახებ, რომლებიც, შესაძლოა, გულწრფელად ცდებიან თავიანთ შეხედულებებში, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მათი ბოლო - წარწყმედაა: "მრავალი ცრუწინასწარმეტყველი აღდგება და აცდუნებს მრავალს" (მათე 24:11), "თქვენშიც იქნებიან ცრუმოძღვარნი, რომელნიც შემოიღებენ წარმწყმედ მწვალებლობას, უარყოფენ მათ გამომსყიდველ უფალს და მალე თვითონვე წარიწყმედენ თავს" (2 პეტრე 2:1).

ქრისტეანის სულიერი ცხოვრება საღმრთო გამოცხადებას ეფუძნება (Осипов А.И. Путь разума в поисках истины. М., Изд. Сретенского монастыря. 2002), პირადი სულიერი გამოცდილებაც მნიშვნელოვანია, მაგრამ მისი ჭეშმარიტება წმიდა წერილისა და მართლმადიდებლური ეკლესიის წმიდა გადმოცემით მოწმდება. აქედან, როგორ უნდა გადავამოწმოთ რუდოლფ შტაინერის სულიერი გამოცდილების ჭეშმარიტება? არანაირად! ანტროფოსოფები იძულებულნი არიან ბრმად ენდონ შტაინერს და მხოლოდ თავიანთი მასწავლებლის ავტორიტეტსა და სიტყვებს დაეყრდნონ (Питанов В.Ю. Духовный опыт, как источник истины. http://apologet.narod.ru).

იესუ ქრისტემ როდესაც მთელს ქვეყნიერებაში დააგზავნა თავისი მოციქულები რათა ექადაგათ სახარება (მკ. 16:15), უთხრა მათ, რომ მეორედ მოსვლა მანამ არ იქნებოდა, სანამ სახარება არ იქნებოდა ქადაგებული მთელს ქვეყანაზე (მათ. 24:14). სახარება და მთელი წმიდა წერილი, ყველა ქრისტეანის სულის დასამოძღვრი უმთავრესი წყაროა (Архимандрит Алипий (Кастальский-Бороздин), Архимандрит Исайя (Белов). Догматическое богословие. Свято-Троицкая Сергиева Лавра, 1998). ღირ. იოანე დამასკელი ამბობდა:

"... უმშვენიერესი და სულის მარგებელი საქმეა წმიდა წერილის შესწავლა, ... საღმრთო წერილის სიბრძნით მორწყული სული, პოხიერდება, ნოყიერდება და მოწიფულ ნაყოფს იღებს - მართლმადიდებლურ რწმენას, რომელიც მარადის აყვავებული ფურცლებით, ანუ ღვთივსათნო საქმეებით არის დამშვენებული" (Прп. Иоанн Дамаскин. Точное изложение православной веры / Творения преподобного Иоанна Дамаскина. М., Индрик. 2002. С. 314).

როგორ ეკიდებოდა სახარებას რუდოლფ შტაინერი, "სულიერი მეცნიერების" შემქმნელი, რომელიც მისი თქმით თურმე "ქრისტეანობის წვდომის ინსტრუმენტი" გახლავთ?

"... სახარებისეული მოვლენები, - წერს რ. შტაინერი, - საერთოდ არ უნდა გავიგოთ ისტორიული თვალსაზრისით, არამედ მისტიკურად... ჯერ საჭიროა ვისწავლოთ სახარების სწორი წაკითხვა (ხაზგასმა ჩვენია - ვ. პ.), რათა მივხვდეთ, რას გულისხმობენ ისინი, როდესაც ქრისტეანობის დამფუძნებელზე გვიყვებიან. თხრობა აქ მისტიკური შეტყობინების სტილში მიმდინარეობს" (Штейнер Р. Мистерии древности и христианство. М., Духовное знание. 1990. С.77).

უნდა აღვნიშნოთ, რომ მართლმადიდებელი ქრისტეანები სახარების ქადაგებას აღიქვამენ, უპირველეს ყოვლისა, ისტორიულად. მართლმადიდებელი ქრისტეანის ცისკრის ლოცვა შეიცავს სარწმუნოების სიმბოლოს, რომელშიც ქრისტეს ჯვარცმაზე ნათქვამია, რომ ის მოხდა პონტოელი პილატეს დროს (Полный православный молитвослов для мирян. М., Сретенский монастырь; Новая книга; Ковчег. 1998.С.11-12). ეს მითითება მიგვანიშნებს იმ დროს, როდესაც მოხდა ქრისტეს ჯვარცმა (Катихизис Православной Церкви. Сост. митрополитом Филаретом (Дроздовым). М., Свято-Троицкая Сергиева Лавра. 1995. С.33).

ამგვარად, ქრისტეანისთვის სახარებისეული მოვლენები ისტორიულია და არა "მისტიკური შეტყობინება". შტაინერი კი აუცილებლად მიიჩნევს, რათა: "... სახარება... გაშუქებულ იქნეს ისე, როგორც ეს ანტროფოსოფიურად ორიენტირებულ სულიერ მეცნიერებაში ხდება. თუ დაკვირვებიხართ... სახარების განმარტებას (რომელიც შტაინერმა მოგვცა - ვ. პ.), შენიშნავდით, რომ მის საფუძვლად აღებული გვაქვს არა ის, რასაც ჩვენამდე მოღწეული სახარებები გვაძლევენ, რადგან მათში გადმოცემულს ვეკიდებით, როგორც სრულიად არასაიმედოს. ამიტომაც, ყველგან უნდა მივმართოთ სულიერი წერილის კითხვას, აკაშის ქრონიკას (ეს არის ერთგვარი ენერგეტიკული ველი, რომელშიც, როგორც ოკულტისტები ირწმუნებიან, იწერება დედამიწისა და კოსმოსის მთელი ისტორია. ოკულტური წარმოდგენების მიხედვით, აკაშის ქრონიკების კითხვა მხოლოდ ნათელმხილველებს შეუძლიათ). ასე, აკაშის ქრონიკების მიხედვით უნდა იქნეს აღდგენილი მათეს, მარკოზის, ლუკას... სახარებები. მომავალში, სახარების განმარტებისთვის აუცილებელი იქნება მათი პირველდაწყებითი სახის აღდგენა,... მხოლოდ აკაშის ქრონიკების წაკითხვა გვაძლევს გარანტიას დავადგინოთ სახარების ჭეშმარიტი ტექსტი" (] Штайнер Р. От Иисуса ко Христу. Калуга. Духовное познание. 1994. С.125-126).

ამრიგად, ჩვენამდე მოსული სახარებები შტაინერს მიაჩნდა ისეთ წყაროებად, რომლებიც "სრულიად არასაიმედო რამეს გადმოგვცემენ"... შტაინერის მიერ სახარებისეულ მოვლენათა "აქაშის ქრონიკების" მისტიკური "წვდომით" მოპოვებული ცნობებისგან განსხვავებით. მაგრამ ყოველი "ნათელმხილველი", რომელიც "აქაშის ქრონიკას" კითხულობს, რატომღაც ყოველთვის პოულობს იქ რაღაც თავისას, რომელიც მნიშვნელოვნად განსხვავდება მისი წინამორბედის მისტიკური გამოცდილებისგან. მაგალითად, ის, რაც ქრისტეს შესახებ წაიკითხა ამ ქრონიკებში რუდოლფ შტაინერმა, რატომღაც არ ემთხვევა იმას, რაც ამ "ქრონიკაში" აღმოაჩინა "იესუ ქრისტეს მერწყულის ეპოქის სახარების" ავტორმა ლევიმ (Леви Х. Доулинг. Евангелие Иисуса Христа эпохи Водолея. СПб., Общество ведической культуры. 1994), რომელიც ასევე აცხადებს პრეტენზიას "ქრონიკების" წაკითხვაზე. მაგრამ თუკი ნათელმხილველთა გამოცხადებები, რომელთათვისაც "აქაშის ქრონიკები" გაშლილი წიგნივით მისაწვდომია, ამდენად წინააღმდეგობრივია, რომელ მათგანს უნდა ვენდოთ?

რუდოლფ შტაინერი, როგორც ყველა ოკულტისტი, აღიარებდა კარმის კანონს. აი, მაგალითად, მისი შეხედულება იოანეს ნათლობასთან დაკავშირებით (მკ. 1:4-5; ლკ. 3:3): "ისინი (ანუ, ვინც იოანე ნათლისმცემელთან მიდიოდა მოსანათლავად - ვ. პ.) ინათლებოდნენ, რათა განწმენდილიყვნენ ცოდვებისგან, ანუ შეეცვალათ მათი წინა ცხოვრების დასრულებული კარმები..." (Штайнер Р. Вступление эфирного Христа в земное развитие. М., Антропософия. 1994. С.15[26] См.: Питанов В.Ю. Суд совести: агни-йога против христианства. http://apologet.narod.ru).

როგორც მრავალი ოკულტისტი, რუდოლფ შტაინერი "კარმისა" და "ცოდვის" ცნებებს ერთმანეთში ურევდა. კარმა არის ქმედებასა და მის შედეგს შორის მოქმედი მიზეზ-შედეგობრივი მექანიკური კანონი. ცოდვა კი - ღმრთის მცნებათა დარღვევაა. კარმამ თავისი დრო უნდა ამოწუროს, ცოდვა კი შეიძლება მიტევებულ იქნეს. პირველ შემთხვევაში საქმე გვაქვს სწავლებასთან ისეთი კანონის შესახებ, რომლის ქმედება გარდაუვალია, მეორე შემთხვევაში კი - ადამიანის თავისუფალ ნებასთან, რომელსაც შეუძლია სინანულით აღხოცოს თავისი ცოდვა ან კიდევ პირიქით, უფრო დამკვიდრდეს მასში და წარწყმდეს (Питанов В.Ю. Суд совести: агни-йога против христианства. http://apologet.narod.ru). ანტროფოსოფია ადამიანს ხდის აბსტრაქტული კანონის მონად, ქრისტეანობაში კი ადამიანს ღმერთ-პიროვნებასთან აქვს ურთიერთობა.

კარმის კანონის გარდა, ანტროფოსოფია ასევე ქადაგებს რეინკარნაციის კანონს. შტაინერი წერს: "თავისი ქმედებებით, ადამიანის სული ამზადებს თავის ბედს. ახალ ცხოვრებაში ის დაკავშირებულია იმასთან, რასაც იქმოდა წარსულ ცხოვრებაში" (Штайнер Р. Теософия. Введение в сверхчувственное познание мира и назначение человека. Ереван. Ной. 1990. С.63). "სული კი ექვემდებარება გარდასახვის კანონს, მიწიერ ცხოვრებათა განმეორებადობის კანონს" (Там же. С.65.). სწავლება რეინკარნაციის შესახებ უცხოა ქრისტეანობისთვის, თუმცა ოკულტისტები გამუდმებით ცდილობენ საპირისპიროში დაარწმუნონ ქრისტეანები (Питанов В.Ю. Суд совести: агни-йога против христианства. http://apologet.narod.ru).

წმიდა წერილში არის მუხლები, რომლებიც სრულიად უარყოფენ გარდასახვის კანონის არსებობის შესაძლებლობას: "რადგან ყველანი უნდა წარვსდგეთ ქრისტეს სამსჯავროს წინაშე, რათა თვითეულს მიეგოს მისი კუთვნილი, იმის მიხედვით, თუ რას იქმოდა სხეულში მყოფი: კეთილს თუ ბოროტს" (2 კორინთ. 5:10).

ის კი არ არის ნათქვამი, "სხეულში ყოფნის დროსო", არამედ - "სხეულში მყოფი". წმიდა წერილში ასევე შეგვიძლია წავიკითხოთ შემდეგი სიტყვები: "მაგრამ აბრაამმა უთხრა: შვილო, გაიხსენე რომ შენსავე სიცოცხლეში მიიღე შენი სიკეთე, ლაზარემ კი - მხოლოდ ბოროტი. ამიტომ ახლა ის ინუგეშება, შენ კი იტანჯები. ეგეც არ იყოს, ჩვენსა და თქვენს შორის დევს დიდი უფსკრული, ასე რომ, გადმოსვლის მსურველი ვერც ჩვენგან თქვენსკენ გადმოვა და ვერც თქვენგან - ჩვენსკენ" (ლკ. 16:25-26).

იგავში მდიდარსა და ლაზარეზე, რომელიც ადამიანის სიკვდილის შემდგომ ხვედრზე ლაპარაკობს, იოტისოდენა მინიშნებაც კი არ არის სიკვდილის შემდგომ რეინკარნაციაზე.

და ბოლოს, მუხლი, რომელიც პირდაპირ გვეუბნება, რომ ჩვენ ვცხოვრობთ მხოლოდ ერთხელ: "და როგორც ადმიანებს ერთხელ უწერიათ სიკვდილი, მერე კი განკითხვა" (ებრ. 9:27).

ქრისტეანობის საფუძველი არის ქრისტოლოგია. საკითხი, ვინ იყო იესუ ქრისტე, პრინციპულად მნიშვნელოვანია: ის არის ერთ ერთი სულიერ მოძღვარი კრიშნას და ბუდას მსგავსად, როგორც ამას ასწავლიან თეოსოფები (Там же. http://apologet.narod.ru), თუ ის არის ერთადერთი ჭესმარიტი ღმერთი (ინ. 1:1-5), როგორც გვასწავლის ამას ბიბლია? რას ფიქრობს ამის შესახებ რუდოლფ შტაინერი? იმთავითვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ანტოფოსოფიული ქრსიტოლოგია ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს. მისი თხზულებებიდან მკითხველისთვის ცნობილი ხდება, რომ ქვეყანაზე, თურმე, არსებობდა... ორი იესუ (!).

"ჩვენი წელთაღრიცხვის დასაწყისში იესუს სახელით დაიბადა ორი ყრმა. ერთი წარმოშობით იყო დავითის სახლის ნათანის მოდგმიდან, მეორე კი იმავე სახლის სოლომონის მოდგმიდან. ეს ორი ყრმა ერთდროულად როდი დაიბადა, არამედ ერთმანეთის მიყოლებით. სოლომონის შთამომავალ იესუში, რომელსაც მათეს სახარება განასახიერებს, განხორციელდა ის ინდივიდუალიზმი, რომელიც ადრე დედამიწაზე ცხოვრობდა ზარატუსტრას სახით. ასე, რომ ამ ყრმაში მათეს სახარების მიხედვით გვაქვს კვლავ განკაცებული ზარატუსტრა, ანუ ზოროასტრი.

და ამ ყრმაში, რომელსაც მათეს სახარება განასახიერებს, თორმეტ წლამდე იზრდება ზარატუსტრას ინდივიდუალობა. მეთორმეტე წელს ზარატუსტრა ტოვებს ამ ყმაწვილის სხეულს და გადადის მეორე იესუში, რომელიც ლუკას სახარებაშია აღწერილი. ამიტომაც იცვლება ეს ყმაწვილი ასე სწრაფად. მშობლები გაკვირვებულები არიან, როდესაც ის დაიკარგება და მშობლები მას იერუსალემის ტაძარში ჰპოვებენ იმის შემდეგ, რაც მასში შევიდა ზარატუსტრას სული. იერუსალემის ტაძარში მყოფი იესუ კი ამბობს, რომ მშობლები მას ვერ იცნობენ, რადგან ისინი იცნობდნენ ნათანის შთამომავალ იესუს. როდესაც მან ტაძარში საუბარი გააბა სჯულის მცოდნეებთან, ბევრი ლაპარაკი შეეძლო იმიტომ, რომ მასში ზარატუსტრას სული იყო შესული. ცამეტ წლამდე ზარატუსტრას სული ცხოვრობდა იესუში, რომელიც დავითის სახლის ნათანის მოდგმიდან იყო. ამ სხვა სხეულში ის მწიფდებოდა კიდევ უფრო მაღალი მდგომარეობისთვის. ასევე უნდა შევნიშნოთ, რომ ამ სხვა სხეულში, რომელშიც უკვე ზარატუსტრა ცხოვრობდა, მისი ასტრალური სხეული ბუდას სულიერი სამყაროს იმპულსებს ასხივებდა" (Штайнер Р. Духовное водительство человека и человечества. Духовнонаучное рассмотрение развития человечества. Калуга. Духовное познание. 1992. С.54-55).

მტკიცება იმის შესახებ, რომ იესუს სხეულში ცხოვრობდა ზარატუსტრას სული, ასევე ის, რომ იესუს ასტრალური სხეული "იმუხტებოდა" ბუდას იმპულსებით, რუდოლფ შტაინერის სინდისზე დავტოვოთ. ასეთივე დამაჯერებლობით შეეძლო მას ემტკიცებინა, რომ მაგალითად, იესუში ოცდაათ წლამდე ცხოვრობდა კრიშნა, ან მაგალითად, ახალი გვინეის რომელიმე შამანი. ყურადღება მივაპყროთ შტაინერის მტკიცებას ორი იესუს არსებობის შესახებ, რომელიც ეფუძნება შეხედულებას, რომ თითქოსდა მათეს და ლუკას სახარებებში ორ განსხვავებულ ადამიანზეა ლაპარაკი.

განსხვავებანი მათესა და ლუკას სახარებებში გადმოცემულ გენალოგიაში, ძველი დროიდან იპყრობდა ყურადღებას (См.: Евсевий Памфил. Церковная история. М., Издательство Православного Свято-Тихоновского Института. 2001. С.30), მაგრამ საეკლესიო ავტორები დაუღალავად უთითებდნენ ამის მიზეზს. ევსები პამფილელს (IV ს.) თავის "საეკლესიო ისტორიაში" ქრისტეანი მწერლის, იულიუს აფრიკელის (გარდ. 237 წ.) განმარტება მოჰყავს:

"თაობათა სახელები ისრაელში აღირიცხებოდა ან ბუნებით, ან სჯულით: ბუნებით, თუკი არსებობდა კანონიერ ვაჟიშვილთა მემკვიდრეობა; სჯულით, კი თუკი ძმის სიკვდილის გამო უშვილო ძმას საკუთარი ძმავე აუღდგენდა შთამომავალს. მაშინ ჯერ კიდევ ცხადი არ იყო სწავლება აღდგომის შესახებ და გარდაცვლილის სამარადისო ხსოვნა უნდა ყოფილიყო შენარჩუნებული. ამიტომაც, იმ პირთაგან, რომლებიც ამ გენეალოგიაში იყვნენ მოხსენიებულნი, ზოგიერთი თავიანთი მამის სჯულიერი, ბუნებრივი მემკვიდრე იყო, სხვები შობილნი იყვნენ ერთი მამისგან, მაგრამ სახელწოდებით ეკუთვნოდნენ სხვას. ახსენებდნენ ერთსაც და მეორესაც: ნამდვილ მამებსაც და მათაც, ვინც ფიქტიურად იყვნენ მათი მამები. ამგვარად, არ ცდება არც ერთი და არც მეორე სახარება, როდესაც როგორც ბუნებით ასევე სჯულით მემკვიდრეთა სახელებს ჩამოთვლის. სოლომონისა და ნათანის შთამომავალნი იმ დონემდე გადაეწნენ ერთმანეთს უშვილოთა "გაცოცხლების", მეორე ქორწინებისა და "თესლის აღდგენის" მეშვეობით, რომ ერთი და იგივე პირები სამართლიანად შეიძლებოდა მიჩნეულიყო როგორც ფიქტიურ, ასევე ნამდვილ მამათა შვილებად. ორივე თხრობა მართალია, დაკლაკნილი, მაგრამ სრულიად სწორი გზით მიდის იოსებამდე" (Евсевий Памфил. Церковная история. М., Издательство Православного Свято-Тихоновского Института. 2001. С.30-31).

ამგვარად, მათესა და ლუკას სახარებაში, ერთსა და იმავე ადამიანზეა ლაპარაკი.

ვინ იყო ქრისტე შტაინერისთვის? სრულიად შესაძლოა, რომ თვით რუდოლფ შტაინერს არ შესძლებოდა ცალმხრივი პასუხი გაეცა ამ კითხვისთვის. მის ნაშრომებში ჩვენ ვპოულობთ სულ სხვადასხვა განმარტებებს ამ თემაზე. გარდა იმისა, რომ შტაინერის აზრით, იესუში ოცდაათ წლამდე ცხოვრობდა ზარატუსტრა (Штайнер Р. Духовное водительство человека и человечества. Духовнонаучное рассмотрение развития человечества. Калуга. Духовное познание. 1992. С.55), თანაც, იმავდროულად კარმული მსაჯული (Штайнер Р. От Иисуса ко Христу. Калуга. Духовное познание. 1994. С.91) ქრისტე ბუდას თანასწორი იყო (Там же. С.94), აღმოჩნდა რომ "მიტრაც და დიონისეც ერთდროულად იყო ის არსება, რომელმაც პალესტინაში აღსრულებული მოვლენით შეაღწია კაცობრიობაში..." (Штайнер Р. От Иисуса ко Христу. Калуга. Духовное познание. 1994. С.28).

გვრჩება შთაბეჭდილება, რომ ამ მტკიცებულებებში შტაინერის ლოგიკა არის მარტივი: ფაფა არ ფუჭდება კარაქის დამატებით. შემდეგ შტაინერი წერს: "... ერთმანეთისგან უნდა განვასხვაოთ ის, ვინც ქრისტე ატარებს და თვით ქრისტე ამ მატარებელში. სხეულში, რომელიც ქრისტეს ატარებს არ იყო არანაირი ადამიანური ინდივიდუალობა, რომელმაც, მაგალითად, მიაღწია უმაღლეს განვითარებას, რადგან ზარატუსტრას ინდივიდუალობამ დატოვა ეს სხეული,... ქრისტეს არსება ცხოვრობდა არა ადამიანში, რომელმაც ადეპტის განსაკუთრებულ სიმაღლეს მიაღჭია, არამედ უბრალო ადამიანში, რომელიც სხვათაგან მხოლოდ იმით განსხვავდებოდა, რომ ის იყო ზარატუსტრას მიერ მიტოვებული ორგანიზმი..." (Там же. С.96).

ამგვარად, თუკი ზარატუსტრა ოცდაათი წლის ასაკში ტოვებს იესუს, ის არ რჩება ცარიელი, რადგან, როგორც შტაინერი წერს: "ნაზარეთელი იესუს ოცდამეათე წელს ქრისტე შევიდა მის ფიზიკურ, ეთერულ და ასტრალურ სხეულში, ანუ... მათ აგებულებაში სიყრმის ასაკიდან არ მიუღია მონაწილეობა" (Там же. С.99).

საინტერესოა, რომ რუდოლფ შტაინერის ფანატიზმს, კვლავ არაფერი აქვს საერთო წმიდა წერილთან: როგორც ყველა ოკულტისტს (См.: Питанов В.Ю. Суд совести: агни-йога против христианства. http://apologet.narod.ru), ასევე მასაც არ ესმოდა, რომ თავისთავად სიტყვა "ქრისტე" არ არის კერძო სახელი, "ქრისტე" ნიშნავს "მესიას", "ღმრთის ცხებულს" და არის მსახურების აღმნიშვნელი. "ვპოვეთ მესია (რაც თარგმანით ნიშნავს: ქრისტე)" (ინ. 1:41).

მაგრამ, რუდოლფ შტაინერს აინტერესებდა არა სახარება, არამედ "აქაშის ქრონიკები", ამიტომაც განსხვავდება მისი "გამოცხადება" ქრისტეს შესახებ ღმრთის გამოცხადებისგან. თუმცა, რუდოლფ შტაინერის ზემოთხსენებული გამონაგონი ქრისტეზე ამით როდი მთავრდება, ის წერს:

"ადამიანის ორგანიზმმა, რომელიც იოანესგან ნათლობის დროს იორდანეში იდგა, ნათლობის შემდეგ, იმის შემდეგ, რაც ნაზარეთელი იესუს "მე" გამოვიდა სამი სხეულისგან, საკუთარ თავში სრულიად შეგნებულად დამალა თავისი უმაღლესი ადამიანური "მე", რომელიც შეუგრძნობია ჩვეულებრივი ადამიანისთვის, მაგრამ მსოფლიო სიბრძნით მოქმედებს ყრმაში" (Штайнер Р. Духовное водительство человека и человечества. Духовнонаучное рассмотрение развития человечества. Калуга. Духовное познание. 1992. С.18); "იმ ძალების შეცნობა, რომლებიც ადამიანში მოქმედებენ მისი სიყრმის ასაკში, ეს ნიშნავს ადამიანში შეიმეცნო ქრისტე" (Там же. С.19).

შტაინერს თუ დავუჯერებთ, ყოველ პატარა ყრმაში ქრისტე ცხოვრობს. მაშინ, როგორ უნდა გავიგოთ წმიდა წერილის შემდეგ სიტყვები: "ხორციელი შვილები კი არ არიან ღვთის შვილნი, არამედ აღთქმის შვილები შეირაცხებიან თესლად" (რომ. 9:8)?

მაშასადამე, არიან ბავშვები, რომლებიც "არ არიან ღვთის შვილნი" და როგორ შეიძლევა ვივარაუდოთ, რომ მათში დამკვიდრებულია ქრისტე? შტაინერის ქრისტოლოგიის შემდეგი დამახასიათებელი მომენტს წარმოადგენს ის, რომ შტაინერთან ქრისტე ექვემდებარება "კოსმიურ ძალებს".

"როდესაც თავისი ცხოვრების ბოლო სამი წლის განმავლობაში, ოცდაათი წლიდან ოცდაცამეტ წლამდე, იესუ ნაზარეველი იესუ ქრისტეს სახელით პალესტინის მიწაზე მოგზაურობდა, მასში უწყვეტად მოქმედებდა ქრისტეს მთელი კოსმიური არსი. ქრისტე ყოველთვის იყო კოსმოსის ზეგავლენის ქვეშ. ის არც ერთ ნაბიჯს არ დგამდა კოსმიურ ძალთა ზემოქმედების გარეშე" (Там же. С.56).

როგორც ვხედავთ, ქრისტე ღმერთი კი არ ყოფილა, რომელსაც მიეცა "მთელი ხელმწიფება ცაზედაც და მიწაზედაც" (მათე 28:18), არამედ არსება, რომელიც კოსმოსს არის დაქვემდებარებული და ბრმად ასრულებს კოსმიურ ძალთა განკარგულებებს. ვინც რუდოლფ შტაინერის ქრისტოლოგიას შეიწნყარებს, მას მოუწევს წმ. მოციქულ თომას სიტყვების უარყოფა: "უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი!" (ინ. 20:28), რადგან ღმერთი, რომლის გარდა არსებობს კიდევ მისი მმართველი "კოსმოსი", - უკვე ღმერთი კი არ არის, არამედ მხოლოდ ანგელოზის მსგავსი მომსახურე ძალი.

შტაინერის ჭეშმარიტი ღმერთი, რომელმაც თვით ქრისტეც კი დაიმორჩილა, ყოფილა უსახური კოსმოსი. მარტო აქედანაც შეიძლება მარტივი დასკვნის გაკეთება, რომ რუდოლფ შტაინერის ფანატიზმს ქრისტესთან მიმართებაში, არაფერი აკავშირებს ქრისტეანობასთან. ის არა თუ ხელს არ უწყობს "უფრო ღრმად და გულითადად შეიმეცნოს ქრისტეანობა" (См.: Штайнер Р. Антропософия и Xристианство / Штайнер Р. Антропософия и человеческая душа. М., Антропософия. 1999), არამედ ქრისტესა და მის საღმრთო გამოცხადებას განაშორებს ქრისტეანებს.

ქრისტეანობა ასწავლის, რომ ღმერთი სამყაროს ქმნის სიტყვის მიერ (ინ. 1:1-3), ქრისტეანობაში ქრისტე - მარადიული ღმერთია: "უთხრა მათ იესუმ: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: აბრაამზე უწინარესი ვარ" (ინ. 8:58), და "ვხედავდი სატანას, ელვასავით რომ ვარდებოდა ციდან" (ლუკა 10:18). შტაინერის ანტროფოსოფიაში კი ქრისტეს ცხოვრება დაქვემდებარებულია ... ჰოროსკოპს: "და ის, რაც აქ აღესრულებოდა ნაზარეველი ქრისტეს თავზე, იყო ჰოროსკოპის გამუდმებული აღსრულება, რადგან ყოველ მომენტში სრულდებოდა ის, რაც ჩვეულებისამებრ ხდება მხოლოდ ადამიანის შობის ჟამს. და ეს ასე მხოლოდ იმიტომ შეიძლებოდა ყოფილიყო, რომ ნათანის იესუს სხეული მისაწვდომი რჩებოდა იმ კოსმიურ-სულიერი იერარქიებისთვის, რომლებიც მთლიანობაში წინ უძღვიან ჩვენს პლანეტას" (Штайнер Р. Духовное водительство человека и человечества. Духовнонаучное рассмотрение развития человечества. Калуга. Духовное познание. 1992. С.56).

შტაინერი თავისი შეხედულების დასაბუთებას, როგორც მას მიაჩნია, წმიდა წერილში პოულობს, კერძოდ სახარების იმ ადგილებში, სადაც მითითებულია ამა თუ იმ მოვლენის ჟამი: "იმ არსება, რომელიც მაშინ დედამიწაზე მოგზაურობდა, უეჭველად, გააჩნდა სხვა ადამიანის სახე. მაგრამ მასში მოქმედი ძალები კოსმიური ძალები იყვნენ, რომლებიც მზისა და ვარსკვლავებისგან მოდიოდნენ; სწორედ ისინი ხელმძღვანელობდნენ სხეულს. და ის, რასაც აკეთებდა იესუ ქრისტე, ხდებოდა სამყაროს მთელ არსთან შეთანხმებით, რომელთანაც დაკავშირებულია დედამიწაც. სწორედ ამიტომ არის, რომ სახარებაში თითქმის არ ისმის მნათობთა ადგილმდებარეობა იესუ ქრისტეს მოქმედებების დროს. წავიკითხოთ იოანეს სახარება, როგორ პოულობს ქრისტე თავის პირველ მოწაფეებს. იქ ნათქვამია: "იყო მეათე ჟამი", რადგან მთელი კოსმოსის სულმა საკუთარი თავი გამოხატა ამ ფაქტში, ცხადია, დროის პირობების გათვალისწინებით. ასეთი მითითებები უფრო მკრთალად, სხვა სახარებებშიც არის მოცემული, თუმცა ვისაც სახარების წაკითხვა შეუძლია, ადვილად იპოვის მათ მთელს წმიდა წერილში" (Там же. С.56).

მაგრამ, თუ ადამიანი იტყვის, რომ მან ისაუზმა ცხრა საათზე, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ მისი საუზმე სწორედ ამ საათისთვის იყო წინასწარ განსაზღვრული ვარსკვლავების მიერ? თუ ადამიანს შეუძლია თვითონ აირჩიოს საუზმის დრო? ქრისტეანობა ოდითგანვე ებრძოდა ასტროლოგიას (Питанов В.Ю. Суд совести: агни-йога против христианства. http://apologet.narod.ru), მაგალითად, ღირ. იოანე დამასკელი წერდა:

"ელინები... ამბობენ, რომ ამ მნათობთა მოძრაობით, ამოსვლითა და ჩასვლით იმართება მთელი ჩვენი საქმიანობა - ასე ქადაგებს ასტროლოგია. ჩვენ კი ვამტკიცებთ, რომ... რადგან შემოქმედმის მიერ თავისუფალი ნების მქონედ ვართ შექმნილნი, თვითონ განვაგებთ საკუთარ საქციელს. რადგან, ყველაფერს ვარსკვლავების მოძრაობის მიხედვით აუცილებლობით რომ ვაკეთებდეთ და არა თავისუფალი ნებით, მაშინ არც სათნოებანი იქნებოდა ჩვენში, რადგან რასაც იძულებით ვაკეთებთ, ის სათნოება კი არა ცოდვაა; და თუკი ჩვენ არ გვაქვს არც სათნოება და არც ვნება, მაშინ არც ქების ღირსნი ვყოფილვართ და არც გვირგვინების, არც საყვედურისა და არც სასჯელის - მეტიც, თვით ღმერთიც კი უსამართლო აღმოჩნდება, თუკი ზოგს სიკეთეს მიუბოძებს და ზოგს კი უბედურებას... ვარსკვლავები არც ქვეყანაზე მიმდინარე მოვლენათა ან რაიმეს აღმოცენების მიზეზნი არიან და არც დაღუპვის მიზეზნი, რაც იღუპება..." (Прп. Иоанн Дамаскин. Точное изложение православной веры / Творения преподобного Иоанна Дамаскина. М., Индрик. 2002. С.198).

იესუ ქრისტე არის ღმერთი და ვარსკვლავები მისი შემოქმედებაა: "გააჩინა ღმერთმა ორი მთავარი მნათობი, - დიდი მნათობი დღის განმგებლად და მცირე მნათობი ღამის განმგებლად - და ვარსკვლავები. დასხა ისინი ღმერთმა ცის მყარზე, რომ გაენათებინათ მიწა, განეგოთ დღე და ღამე, გაეყარათ ნათელი და ბნელი. დაინახა ღმერთმა, რომ კარგი იყო. იყო საღამო, იყო დილა - მეოთხე დღე" (დაბ. 1:16-19).

იმის თქმით, რომ თითქოსდა ქრისტე დაქვემდებარებულია კოსმიურ ძალებს, რომლებიც მზისა და ვარსკვლავებისგან მომდინარეობენ, შტაინერმა შემოქმედი საკუთარ ქმნილებებს დაუქვემდებარა, რაც აბსურდია არა მარტო ქრისტეანული სწავლა-მოძღვრებიდან გამომდინარე, არამედ ნებისმიერი, ტრადიციული მსოფლიო რელიგიის სწავლებიდან გამომდინარე, რომელსაც სწამს პიროვნული ღმერთის. თავისი მტკიცებულების მტკიცებას შტაინერი ასე ცდილობს:

"ამავე თვალსაზრისით უნდა ვიმსჯელოთ, მაგალითად, სნეულთა განკურნების სასწაულებზეც. ჩვენ მივუთითებთ მხოლოდ ერთ ადგილს, სადაც ნათქვამია: "როდესაც მზე ჩავიდა, მიუყვანეს მას თავისი სნეულები და მან განჰკურნა ისინი". რას ნიშნავს ეს? სახარება აქ უთითებს, რომ ეს განკურნება დაკავშირებული იყო მნათობთა განლაგებაზე, რომ შესაბამის დროს არსებობდა ისეთი მსოფლიო კონსტელაცია, რომელიც შეიძლებოდა ყოფილიყო მხოლოდ მზის ჩასვლის შემდეგ. აქ იგულისხმება, რომ კურნების შესაბამისი ძალნი შეიძლებოდა გამოვლენილნი ყოფილიყვნენ მხოლოდ მზის დასვლის შემდეგ. ქრისტე აღწერილია როგორც შუამავალი, რომელიც სნეულს აკავშირებს კოსმიურ ძალებთან, რომლებსაც სწორედ ამ დროს შეეძლოთ ემოქმედათ მაკურნებელი ძალით. ეს ის ძალები იყვნენ, რომლებიც მოქმედებდნენ როგორც ქრისტე მოქმედებდა იესუში. ქრისტეს მყოფობის წყალობით ხდებოდა განკურნება, რადგან მისი წყალობით ექვემდებარებოდა სნეული კოსმიურ ძალთა ზემოქმედებას, რომლებიც მხოლოდ განსაზღვრულ ადგილას და განსაზღვრულ პირობებში მოქმედებენ" (Штайнер Р. Духовное водительство человека и человечества. Духовнонаучное рассмотрение развития человечества. Калуга. Духовное познание. 1992. С.57).

სახარება არსად არაფერს ამბობს იმის შესახებ, რომ კურნებანი, რომელიც ქრისტემ აღასრულა დაკავშირებული იყოს ზეციურ მნათობებტან, არამედ მხოლოდ უთითებს დროს (თანაც ყოველთვის არა), როდესაც მოხდა ეს სასწაული. სახარების წაკითხვის შემდეგ, ძნელი არ არის დავინახოთ, რომ ქრისტე სასწაულებს იქმოდა დღის ნებისმიერ დროს, მაგრამ არსად არ არის მითითება, ერთხელ მაინც უარი ეთქვას კურნებაზე იმ მიზეზით, რომ ვარსკვლავებს ჯერ კიდევ არ მიუღიათ ცაში შესაბამისი პოზიციები. რაც შეეხება სურვილს, ქრისტე წარმოდგენილი იქნეს როგორც კოსმიურ ძალთა შუამავალი, სახარებაში ვკითხულობთ, რომ ნებისმიერი სასწაულის სუბიექტი, რომელსაც უფალი აღასრულებდა, იყო თვითონ: "ხოლო იესო პასუხად ეუბნებოდა მათ: მამაჩემი აქამდე იღვწის და მეც ვიღვწი" (ინ. 5:17).

სტატიის დასასრულს მივმართოთ იმ ადამიანების მოგონებებს რუდოლფ შტაინერისა და მისი სწავლებების შესახებ, ვინც ამ ადამიანს პირადად იცნობდა. ნიკოლოზ ბერდიაევი წერდა: "იშვიათად თუ მოუხდენია ვინმეს ჩემზე ესოდენ უმადლო ადამიანის შთაბეჭდილება, როგორც შტაინერს. არც ერთი სხივი, რომელიც დაეცემოდა მას ციდან. მას ყველაფერი ამოჰყავდა ქვემოდან, და ჯიუტად ცდილობდა გაეღწია სულიერ სამყაროში... ზოგიერთი ანტროფოსოფი ჩემზე ახდენდა შეპყრობილის შთაბეჭდილებას, რომელიც იმყოფებოდა მანიაკალურ მდგომარეობაში... მორწმუნე ანტროპოსოფები უფრო დოგმატურები და ავტორიტარულნი არიან, ვიდრე ყველაზე ორთოდოქსი მართლმადიდებლები და კათოლიკეები..." (Бердяев Н.А. Философия свободного духа. М., 1994. С.176).

აი, კიდევ ივან ილინის შეხედულება შტაინერის სწავლებაზე: "შტაინერის "ანტროფოსოფია" - ეს არის მტრული სწავლება არა მარტო ნამდვილი ფილოსოფიის, არამედ ნამდვილი ხელოვნების წინააღმდეგ" (Гаврюшин Н.К. В спорах об антропософии. Иван Ильин против Андрея Белого. // Вопросы философии. 1995. №7. С. 100-102).

რუდოლფ შტაინერი მიიჩნევდა, რომ გარშემომყოფთა შეხედულება არის გზა შემეცნებისკენ, ხოლო აზროვნება ზრუნავს განსჯის სიჯანსაღეზე: "... საკუთარი შემეცნების პირველი საფეხური სხვათ შემეცნების აღქმაში მდგომარეობს, ... არავის შეუძლია გახდეს "მხილველი" უმაღლესი აზრით, ... თუ მანამ არ შთაინერგა აზრის სიცოცხლეში... არ არსებობს ამ ჯანმრთელობის იმაზე უკეთესი მოვლა, ვიდრე ნამდვილი აზროვნებაა. ეს ჯანმრთელობა შესაძლოა სერიოზულად დაზიანდეს, თუკი უმაღლესი განვითარებისთვის საჭირო სავარჯიშოები აზროვნებაზე არ იქნება აგებული" (Штайнер Р. Теософия. Введение в сверхчувственное познание мира и назначение человека. Ереван. Ной. 1990. С.127-128).

ღირს, ყურადღება მივაპყროთ ამ სიტყვებს და "უმაღლესი განვითარების" მისაღწევად, ოკულტური "სავარჯიშოებით" საფრთხეს არ დავუქვემდებაროთ საკუთარი საღი აზროვნება. სტატიის ავტორის დასკვნა მარტივია: ანტროფოსოფია წარმოადგენს ანტიქრისტეანულ სწავლებას, რომელიც ეფუძნება ერთი ადამიანის "სულიერ გამოცხადებებს". ამ "გამოცხადებათა" მონაცემებს არაფერი აქვთ საერთო წმიდა წერილის შინაარსთან და არა მარტო არ ადასტურებენ ქრისტეანული სარწმუნოების ფუნდამენტალურ საფუძვლებს, როგორც ცდილობდა ამაში თავისი მიმდევრების დარწმუნებას რუდოლფ შტაინერი (См.: Штайнер Р. Антропософия и Xристианство / Штайнер Р. Антропософия и человеческая душа. М., Антропософия), არამედ, პირიქით, ეწინააღმდეგება მათ.

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню