ცრუსწავლებანი - მართლმადიდებელი მამები რეინკარნაციის შესახებ - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

უსჯულოება > ცრუსწავლებანი

მართლმადიდებელი მამები რეინკარნაციის შესახებ

მეტემფსიქოზი

ავტორი: იური მაქსიმოვი.

"არსებობს თუ არა რეინკარნაცია? თუ ადამიანი ამქვეყნად ცხოვრობს მხოლოდ ერთხელ?"; "შეიძლება თუ არა ისტორია ბრმადშობილის შესახებ, რომელიც აღწერილია იოანეს სახარებაში, განვიხილოთ როგორც კიდევ ერთი მოწმობა ადრეულ ქრისტეანობაში რეინკარნაციის იდეის არსებობაზე?"; "რატომ არ აღიარებს მართლმადიდებლური ეკლესია თეორიას სულთა რეინკარნაციის შესახებ?" - ასეთია შეკითხვათა ის სპექტრი, რომელთაც ხშირად იძლევიან მართლმადიდებლური საიტების მკითხველები.

ეს მაგალითები აჩვენებს, რომ საკითხი სულთა გადასახლების შესახებ მრავალს აღელვებს, რაც სულაც არ არის გასაკვირი, თუ გავითვალისწინებთ, რომ მასმედია და კინოინდუსტრია ამ იდეას უდიდეს პოპულარიზაციას უწევს .

წარმოდგენა იმის შესახებ, რომ სიკვდილის შემდეგ ადამიანი ისევ უბრუნდება მიწიერ ცხოვრებას, ოღონდ უკვე ახალ სხეულში - ერთ ერთი უძველესი და დედამიწაზე ყველაზე გავრცელებული შეხედულებაა. გელაპის ინსტიტუტის გამოკითხვის თანახმად, რეინკარნაციის იდეას მხარს უჭერს დედამიწის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი.

ეს იდეა უპირველეს ყოვლისა ინდური წარმომავლობის რელიგიებს - ინდუიზმს, ბუდიზმს და ჯანაიზმს ახასიათებთ, თუმცა გასულ საუკუნეში მან დიდი გავრცელება ჰპოვა ქრისტეანული ტრადიციის მქონე ქვეყნებშიც. ასე, მაგალითად, ცენტრ "Theos"-მიერ ინგლისში ჩატარებული გამოკვლევების მიხედვით, რეინკარნაციის სჯერა ბრიტანელების 27%-ს. ვრცელდება ეს იდეები მართლმადიდებელთა შორისაც, რასაც მეტყველებს თემის დასაწყისში ციტირებული შეკითხვები.

ინდური წარმოშობის რელიგიებში რეინკარნაციის იდეა მჭიდროდაა დაკავშირებული კარმის ცნებასთან. შეიძლება მოვიტანოთ განსაზღვრება, რომელსაც იძლევა ეპისკოპოსი ნიკოლოზ სერბელი: "რეინკარნაცია, ეს არის განმეორებითი დაბადება, ანუ დაბადება ახალ სხეულში. ინდუსებმა ოდითგანვე უწყოდნენ, რომ ადამიანი არის ცოცხალი სული. სხეული კვდება, სული კი არა... როდესაც სხეული კვდება, სული გამოდის მისგან და ახალ სხეულში, კაცის იქნება ის თუ ცხოველის, ღვთის ნების თანახმად კი არ გადადის, არამედ კარმის მიხედვით, რომელსაც ემორჩილებიან თვით ღმერთებიც. კარმა - ეს არის კეთილ და ბოროტ საქმეთა ერთობლიობა, რომელიც ადამიანმა ჩაიდინა წარსულ ცხოვრებაში და რომელიც განაპირობებს თუ რომელ სხეულში ან სტატუსში გამოჩნდება სხეული, როდესაც ის დატოვებს მკვდარ სხეულს. კარმა განსაზღვრავს ღმერთებისა და ადამიანების ბედს" (Николай Сербский. Индийские письма, 7). ორივე ეს ცნება შეუთავსებელია ქრისტეანობასთან და სრულ წინააღმდეგობაშია ქრისტეანის მსოფლმხედველობასთან.

რეინკარნაციის იდეაში, როგორც შენიშნავს ნიკოლოზ სერბელი, ძველი ადამიანები გამოხატავდნენ რწმენას, რომ "ადამიანი სხეულის სიკვდილთან ერთად მთლიანობაში არ კვდება, არამედ მისი რომელიღაც ნაწილი აგრძელებს არსებობას სიკვდილის შემდეგ" (Св. Николай Сербский. Феодул. Пресветлая тайна).

თავის მხრივ, კარმის კონცეფცია, ვ. კ. შოხინის დაკვირვებით, "გამოხატავს ადამიანის გულისა და გონების უეჭველ და ძალზედ ღრმა ინტუიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ადამიანის საქმიანობას ექნება თავისი შედეგი, ის არ შემოიფარგლება ამ წუთისოფლით, არამედ "გადადის" ინდივიდის საიქიო არსებობაში. ცხადია, რომ სწავლება კარმის შესახებ გამოხატავს ადამიანის სულის მოთხოვნილებას სიმართლესა და სამართლიანობაში" (Шохин В.К. Учение о реинкарнации и карме: Заметки востоковеда).

ეს ინტუიცია ყოველთვის ცნობილი იყო ქრისტეანებისთვის, რომლებსაც ყოველთვის სწამდათ იმქვეყნიური ცხოვრების და სამართლიანი სამსჯავროსი, რასაც ამქვეყნიდან გასვლის შემდეგ დაექვემდებარება ნებისმიერი მათგანი. მაგრამ, ის ინტერპრეტაციები, რომლებიც შეიმუშავა ინდოეთმა, თავისი მომხრეები ვერ მიაახლოვა ჭეშმარიტებას, არამედ პირიქით, დააშორა მას და მისცა დამახინჯებული წარმოდგენა საიქიო ცხოვრებაზე, რაც იმით არის განპირობებული, რომ ინდოეთში არასოდეს ცნობდნენ პიროვნული ღმერთს, ბუდიზმმა კი საბოლოოდ უარყო ისიც კი, რაც ინდუისტურ რელიგიურ ცნობიერებას ახსოვდა შემოქმედი ღმერთის შესახებ (იხ. ნ. ტრუბეცკოის "ინდუისტური რელიგიები და ქრისტეანობა" – რედ.).


ძველი წმიდა მამები რეინკარნაციის შესახებ


რადგან "სულთა გადასახლების" იდეამ გარკვეული მხარდაჭერა ჰპოვა რელიგიურად უმწიფარ მართლმადიდებელთა შორის, სასარგებლო იქნება ყურადღება მივაპყროთ მართლმადიდებლური ეკლესიის წმიდა მამათა შეხედულებებს ამ საკითხზე, ასევე სხვა მართლმადიდებელ ავტორებს. რეინკარნაციის იდეა ცნობილი იყო მრავალი ძველი წმიდა მამისთვის და აძლევდნენ კიდევაც მას განსაზღვრულ შეფასებას.

ასე, მაგალითდ, ჯერ კიდევ წმ. ეპიფანე კვიპრელი თავის ერესიოლოგიურ თხზულებაში "პანარიონი" ელინ ფილოსოფოსთა მწვალებლობებს შორის ახსენებს იმასაც, რომ "პითაგორა... იზიარებდა სულთა გადასახლებას ერთი სხეულიდან მეორეში, თვით ცხოველთა და პირუტყვთა სხეულებშიც კი... პლატონი... ასევე დასაშვებად მიიჩნევდა სულთა გადასახლებას პირუტყვთა სხეულებში".

ნეტარი თეოდორიტე კვირელი წერს: "სულთა გადასახლების შესახებ მეზღაპრეობდა პითაგორა და ამბობდა, რომ ისინი ვითომცდა გადადიან არა მარტო პირუტყვთა სხეულებში, არამედ მცენარეებშიც კი. ამ ზღაპარს ერთი პერიოდი მიჰყვებოდა თვით პლატონიც. ხოლო მანესი და მანამდე არსებული ბოროტმორწმუნე გნოსტიკოსები ამტკიცებდნენ, რომ ადამიანის სასჯელი თითქოსდა გამოიხატებოდა სულთა გადასახლებაში... მაგრამ კეთილმორწმუნეთა ეკლესია უგულებელყოფს ამ და მის მსგავს ზღაპრებს, მიჰყვება ღვთის სიტყვას და სწამს, რომ ყველა გარდაცვლილი ადამიანის სხეული აღსდგება მკვდრეთით და სულებიც, მომავალ საუკუნოს სამსჯავროზე, განიკითხებიან თავიანთ, მიწიერ სხეულებში. ცოდვილები დაექვემდებარებიან ტანჯვას, ხოლო სათნოდ მცხოვრებნი იქნებიან გვირგვინმოსილნი და დაიმკვიდრებენ სამარადისო სუფევას" (Блаженный Феодорит Кирский. Сокращенное изложение Божественных догматов, 20).

მრავალი წმიდა მამა ახსენებდა სულთა გადასახლების იდეას და ყოველთვის გმობდა მას, როგორც ცდომილებას, რომელიც შეუთავსებელია ქრისტეანულ სარწმუნოებასთან. შეგვიძლია, მაგალითად, დავიმოწმოთ წმ. იოანე ოქროპირი, რომელიც წერდა: "რაც შეეხება სულს, წარმართმა ფილოსოფოსებმა დატოვეს მასზე ყველაზე სამარცხვინო სწავლება, რადგან ამბობდნენ, რომ ადამიანთა სულები სიკვდილის შემდეგ გადადიან ბუზებში, კოღოებსა და მცენარეებში; ამტკიცებდნენ, რომ თვით ღმერთი არის მშვინვა და მრავალი ამგვარი იგავ-არაკები... პლატონში არაფერია გასაკვირი, სულთა გადასახლების იდეის გარდა... ამ ფილოსოფოსის შეხედულებებში, თუ მას განვმოსავთ ლამაზი ეპითეტებისა და გამონათქვამებისგან, დავინახავთ მრავალ სიბილწეს, განსაკუთრებით იქ, სადაც ის ფილოსოფოსობს სულზე და უზომოდ აკნინებს მის ღირსებას... ზოგჯერ მას სული აჰყავს ღვთაებრივი არსის თანამოზიარეობამდე; ზოგჯერ კი, ასეთი ამპარტავნული და უზომო ამაღლების შემდეგ, სხვაგვარი უკიდურესობით შეურაცხყოფს მას და დაჰყავს იგი ღორების, ვირების, სხვა ცხოველებისა და მათზე უარეს დონემდეც" (Беседы на Евангелие от Иоанна, II.3-4).

მსგავს დამოკიდებულებას ვხვდებით სხვა წმინდანებთანაც. კერძოდ წმ. ირინეოს ლიონელთან, წმ. გრიგოლ ნოსელთან, წმ. კირილე ალექსანდრიელთან, ნეტ. იერონიმესთან და წმ. გრიგოლ პალამასთან.

დაბოლოს, სწავლება რეინკარნაციის შესახებ მართლმადიდებლურმა ეკლესიამ დაგმო 1076 წლის კონსტანტინოპოლის საეკლესიო კრებაზე. მისი დადგენილებების მესამე პუნქტში ნათქვამია:

"ვინც მიიღებს ადამიანის სულის გადასახლების იდეას... და მით უარყოფს მკვდრეთით აღდგომას, სამსჯავროს და საბოლოო ხვედრს - ანათემა".


რეინკარნაციაზე ინდურ და ბუდისტურ შეხედულებებთან დამოკიდებულება


რეინკარნაციის შესახებ იმავე აღქმაზე, რომელიც არსებობს ინდუისტურ რელიგიებში, წერდნენ უფრო გვიანდელი დროის სასულიერო მოღვაწეებიც, კერძოდ, ნიკოლოზ სერბელი, რომელიც ამ იდეას უკავშირებდა ინდურ წარმოდგენებს სამყაროს უსასრულობაზე: "ინდუსების წარმოდგენით, წერს ნ. სერბელი, როდესაც სხეული კვდება, სული გადადის სხვა სხეულში, რომელიც კარმით, ანუ წარსული სხეულისთვის თვისობრივი ქმედებების, სურვილების და მისწრაფებების შესაბამისია. და ამგვარად, ერთი და იგივე სული შეიძლება გამოჩნდეს და ცხოვრობდეს მარადიულად ამ მარადიულ სამყაროში. მთელი ეს სამყარო უსასრულოა დროსა და სივრცეში. და რადგანაც მის ლაბირინთში არ არის არც კარი და არც ფანჯარა, ადამიანის სულს არსადა აქვს წასასვლელი თუ არა ისევ სხვა სხეულებში, რომლებშიც უნდა იხეტიალოს მარადის. თვით ბუდა ამტკიცებდა საკუთარ თავზე, რომ მისი სული ამ ქვეყანას მოევლინა ოთხმოცი ათასჯერ!" (Св. Николай Сербский. Феодул, Введение, 1-3 (Индия).

როგორც ბუდიზმის რევოლუციამდელი მკვლევარი, მღვდელმონაზონი მეთოდე (ლვოვი) აღნიშნავდა, ბუდისტური წარმოდგენებით, "რომელ სხეულშიც უნდა იყოს სული, მას თან მიაქვს საკუთარი საქმეების შედეგები. ყოველივე, რაც კი წარმოადგენს ადამიანის ბუნებას და რასაც კი ადამიანი განიცდის: სიხარულსა თუ მწუხარებას, სილამაზესა და სიუშნოვეს, სიდიადესა თუ დაკნინებას, სიმდიდრესა თუ სიღარიებს, - ეს ყველაფერი აღიქმება როგორც წარსულ ცხოვრებაში მისი საქმეების შედეგი. მდიდარია ვინმე, ან ღარიბი, ან ბედნიერი თუ უბედური, - ის იმკის იმას, რაც დათესა. როგორც მთელი სამყარო, სული, რომელიც მუდმივად ჩნდება და ქრება მატერიალურ ფორმებში, ყოველთვის განიცდის წრებრუნვას, თანაც ახალი არსების, ახალი ფორმის აღმოცენების მიზეზი, არის წინა ცხოვრებაში განვლილი დანაშაული ან დამსახურება.

სული... მიბმულია რა სანსარას, ისევ გამოჩნდება რომელიმე ფორმის ბინადრად, მაგრამ უკვე, როგორც ახალი ინდივიდუმი, ახალი არსება. მასში არაფერია დარჩენილი ძველისგან, ადრინდელ ფორმასთან მიზეზობრივი კავშირის გარდა, - კავშირისა, რომელიც გამოწვეულია ადრინდელი საქმეებით... გადასახლდება არა სული, არამედ მისი საქმეები... აქ საქმე გვაქვს არა იმდენად სულის გადასახლებასთან, რამდენადაც სულის გარდასახვასთან" (И. Мефодий. Сравнение главнейших религиозно-нравственных положений буддизма с христианскими // "Миссионерское обозрение" 1905, №12 - С. 337-358; №13 - С. 495-513).

ნიკოლოზ სერბელის თქმით, "ეს თეორია, თავისი უბრალოებით და მოჩვენებითი ესთეტიურობით, იმდენად დამკვიდრდა ინდურ ფილოსოფიაში, რომ თვით ბუდაც კი არ ცდილობდა მის გაკრიტიკებას. ამ ძველ ინდურ წარმოდგენას თვით გაუტამა ბუდამაც კი არაფერი დაამატა... გარდა მხოლოდ მეთოდისა, რომლითაც თავისუფლდება სული საერთოდ სიცოცხლისგან და გადადის არარსებობაში, უსიხარულობაში, არაფერში, რომელსაც ნირვანა ეწოდება ".

ეს ბუდისტური მეთოდი არის იძულებითი ასკეზის მეთოდი, რომელიც სამყაროში არსად აღუნიშნავთ და არ დაუფიქსირებიათ. არის კი რაიმე უფრო ადვილი, ვიდრე ამ ცოცხალი სხეულისგან გათავისუფლება? ერთ კოღოს ძალუძს მოკლას სხეული. მაგრამ ცოცხალი სულისგან გათავისუფლება არის ყველაზე ძნელი ამოცანა, რომელიც ოდესღაც დაისახა კაცობრიობამ თავის წინაშე ინდოეთის დახმარებით. ბუდას სწამდა, რომ მან გადაწყვიტა ეს პრობლემა. ჩვენ კი არ გვწამს. ჩვენ არ მიგვაჩნია, რომ ეს ამოცანა საერთოდ არის გადასაწყვეტი, რადგან მისი, როგორც საკითხის, დაყენებაც კი არის არასწორი. არ არსებობს სულის გადასახლება ერთი სხეულიდან მეორეში, და ბუნებრივად, არც საკითხის დაყენების საფუძველი არსებობს" (Св. Николай Сербский. Феодул, 17-27 (Просветленная тайна).

ბუდისტების სწრაფვამ გათავისუფლებულიყვნენ სულისგან, საფუძვლიანი ზეგავლენა მოახდინა მათს წარმოდგენაზე ადამიანის შესახებ, აქედან კი გადასახლების იმ სფეციფიკურ ინტერპრეტაციაზეც, რომელიც მან მიიღო ბუდიზმში.

ბუდიზმი "უარყოფ არა მარტო სხეულს, არამედ სულს, თვითშეგნებას. მან იცის მხოლოდ მყარი საშუალი პუნქტი ადამიანის ცხოვრებაში, კერძოდ: ცოდნა. როგორც ადამიანის სულიერი ჩანასახი, ის მისი სიკვიდილის შემდეგაც ეძებს თავისთვის ახალ სხეულს და მისგან ახალ სხეულებრვი ყოფიერებას ქმნის. ეს შემეცნებითი ელემენტი არის ის დამაკავშირებელი ძალა, რომელიც ერთ ჯაჭვად აკავშირებს ერთმანეთთან სულის სხვადასხვა სახის არსებობას. ეს პირველსუბსტანცია მხოლოდ ნირვანაში ღებულობს დავის გადაწყვეტილებას და ეს გადაწყვეტილება არის - არარა.

მიუხედავად ამისა, ბუდიზმს მკაცრად უპყრია ეს შემეცნებითი ელემენტი; ის მაინც უარყოფს სულში იმას, რასაც ჩვენ პიროვნებას ვუწოდებთ, რომელიც ჩვენი წარმოდგენით არის თვითშეგნების მქონე, უბრალო და მოაზროვნე არსება. ასეთი რამ ბუდიზმმა არ იცის. სულიერ "მე"-ში ის ხედავს მხოლოდ შემეცნებითი სუბსტანციის დროებით გამონათებას, რომელიც ქვრება სიკვდილთან ერთად, რათა მიიტანოს მასალა სხვა არსების აღმოსაცენებლად. ისინი ერთი წამითაც კი არ არიან იდენტურნი, არამედ გამუდმებით იცვლიან ადგილს და გარდაისახებიან, როგორც ყოვლისგამანადგურებელი ცეცხლი. ამიტომაც, არსება, რომელიც სულის გადასახლების დროს გარდაცვლილის არსებობის გაგრძელებას გამოსახავს, არაიდენტურია მისი; ეს სხვა არსებაა" (Священник Иоанн Попов. Критический обзор главнейших основоположений ламаизма с точки зрения христианского учения. СПб., 1900. - 52 с.).

აი ერთ ერთი თვისება, რომელსაც, ბუდას მტკიცებით, შეიძენს მისი მიმდევარი ასკეტი: "ის იხსენებს სხვადასხვა ადგილს, სადაც კი ადრინდელ ყოფიერებებში უვლია, კერძოდ: ერთ დაბადებაში, ორ დაბადებაში... ას დაბადებაში, ათას და ასიათას დაბადებაში... მრავალ პერიოდში სამყაროს არსებობისა: "მე იქ ვცხოვრობდი ამა და ამ სახელით, ვიყავი ამა და ამ წოდების, ვჭამდი ასეთ და ასეთ საჭმელს, განვიცდიდი ასეთ და ასეთ სიხარულსა თუ მწუხარებას, მივაღწიე ამდენ წლოვანებას. შემდეგ, მივატოვე რა არსებობა, მე ისევ დავიბადე სხვა სამყაროში. იქ კი ვცხოვრობდი ამა და ამ სახელით, ასეთ და ასეთ მოდგმაში, ასეთ და ასეთ წოდებაში..." - ასე იხსენებს ის ყველა ვითარებას დეტალურად, ყველა განსხვავებულ ადგილს, სადაც კი ყოფილა ადრინდელ ცხოვრებებში" (დიგხა ნიკაია. 13. ტავიჯა სუტტა, 40).

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ასეთი ტექსტის უშუალო მკითხველი ხედავს ზუსტად იმავე წარმოდგენას რეინკარნაციაზე, რაც გააჩნია პითაგორას ან გნოსტიკოსებს, ან კიდევ ოკულტიზმის თანამედროვე მიმდევრებს. ამიტომ, ჯეროვანი იქნება ყურადღება მივაპყროთ იმ არგუმენტებსა და კრიტიკას, რომელაც წმიდა მამები აყენებდნენ სულთა გადასახლების წინააღმდეგ.


წმ. ირინეოსის არგუმენტი


წმინდა ირინეოს ლიონელი წერდა: "სწავლება სხეულიდან სხეულში სულთა გადასახლების შესახებ შეგვიძლია უარვყოთ მით, რომ სულებს არაფერი ახსოვთ იქიდან, რაც მათ თავს გადახდომიათ ადრინდელ ცხოვრებაში. რადგან, თუ იმისთვის წარმოშობილან ისინი, რათა ყოველგვარი საქმიანობა განიცადონ, მაშინ ისიც უნდა ხსომებოდათ, რაც ადრინდელ ცხოვრებაში გაუკეთებიათ, რათა აღევსოთ ნაკლულევანება განუწყვეტლად ერთი და იგივე რომ არ აკეთონ, - რამეთუ სხეულთან შეერთება ვერც მეხსიერებას მოსპობდა და ვერც განვლილი ცხოვრების წარმოდგენას, მითუმეტეს, თუკი სწორედ ამისთვის მოევლინენ ამ სამყაროს. როგორც მძინარე ადამიანის სული, მრავალს იქიდან, რასაც თავისთავად ხედავს, სიზმარში აკეთებს სხეულის დასვენების დროს და სხეულს გადასცემს... - ასევე უნდა ახსოვდეს მას ის, რასაც ამ სხეულში აკეთებდა ადრინდელ ყოფიერებაში. რადგან, თუკი სიზმრისეულ მოკლე დროში წარმოჩენილი ახსოვს კაცის სულს, სხეულთან შეერთებისა და თავის ყოველ ასოში მისი გადაცემის შემდგომ, მითუმეტეს უნდა ახსოვდეს მას ის, რასაც აკეთებდა მთელი განვლილი ცხოვრების ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში...

მათ წინააღმდეგ, ვინც ამბობს, რომ თვით სხეული ივიწყებს წარსულ ცხოვრებას, უნდა შევნიშნოთ. როგორ ახსოვს სულს სიზმარში ნანახი, როდესაც სხეული ისვენებს და გონებრივი აქტივობისა და განსჯის დროს, გადასცემს ნანახს თავის ახლობელთ? სხეული რომ იყოს დავიწყებისა მიზეზი, მაშინ, სული, რომელიც სხეულში არსებობს, ვერც დიდი ხნის წნათ ნანახსა და გაგონილს გაიხსენებდა და იმ წუთასვე დაავიწყდებოდა, როგორც კი მოაცილებდა მზერას ხილულ საგნებს და მოგონებაც კი არ იარსებებდა მათ შესახებ. რადგან თუკი სული გულმავიწყობის იარაღში (სხეულში) ცხოვრობს მაშინ, მას სხვა არაფერი უნდა ახსოვდეს, გარდა იმისა, რასაც ამ წუთას ხედავს...

ამიტომაც, თუკი სულს არაფერი ახსოვს თავისი წარსული ცხოვრებიდან და აქ ღებულობს ცოდნას ყოველივე არსებულზე, ნიშნავს, რომ ადრე ის არასოდეს ყოფილა სხვა სხეულში, არასოდეს უკეთებია სხვა რამ, რის შესახებ მას არაფერი ახსოვს. არამედ, როგორც ყოველი ჩვენგანი ღებულობს თავის სხეულს ღმრთისგან, ასევე ღებულობს თავის სულს. რადგან ღმერთი ღარიბი და ძუნწი როდია, ყოველი კაცის სხეულს არ მიანიჭოს თავისი განსაკუთრებული სული და განსაკუთრებული ხასიათი. ამიტომაც, იმ რიცხვის აღვსების შემდეგ, რომელიც მან წინასწარ განსაზღვრა, სიცოცხლის წიგნში ჩაწერილი ყველა მიცვალებული აღსდგება საკუთარი სხეულით და საკუთარი სულით... რომლითაც სათნოეყვნენ უფალს. ხოლო ცოდვილნი და ტანჯვის ღირსნი ასევე იმ საკუთარი სულებითა და სხეულებით დაექვემდებარებიან სასჯელს, რომლითაც ისინი ღმრთის წყალობისგან განიდრიკნენ " (Св. Ириней Лионский. Пять книг против ересей, 2.XXXIII.1,3,5).

მართლაცდა, ის, რომ ადამიანს არ ახსოვს თავისი ადრინდელი შობა, რომელსაც ვარაუდობს რეინკარნაციის იდეა, საყოველთაო და აშკარა ფაქტია. მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ რეინკარნაციის იდეის მიმდევართა შორის მრავალია ისეთი, რომელიც დარწმუნებულია, რომ სპეციალური ფსიქოთერაპრიის გზით შეუძლია "გაიხსენოს" თავისი ყოფილი ცხოვრება. ამ რწმენას გამოხატავს ზემოთ დამოწმებული ნაწყვეტი ტაბიჯა სუტიდან, სადაც მსგავსი მოგონება მიიღწევა ასკეტიზმის შედეგად. ხოლო რეინკარნაციის თანამედროვე, დასავლელი მიმდევრები მიიჩნევე, რომ ასეთი შედეგი ადვილად მიიღწევა ასკეტიზმის გარეშეც, მაგალითად, ჰიპნოზის მეშვეობით. რაც, სხვათა შორის, მხოლოდ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ განვლილი ცხოვრებების მოგონება ადამიანის ბუნებრივი გამოცდილება კი არ არის, რომლიდანაც შეიძლება მომდინარეობდეს რეინკარნაციის იდეა, არამედ, პირიქით, ადამიანებმა, ჯერ შეიწყნარეს რეინკარნაციის იდეა და შემდეგ დაიწყეს მისი ჭეშმარიტების დამადასტურებელი არგუმენტების ძიება. ეს ის შემთხვევაა, როდესაც განმარტება მომდინარეობს არა ფაქტებიდან, არამედ პირიქით, ფაქტებს ეძებენ უკვე განმზადებული განმარტებისთვის.


"წარსული ცხოვრების" გახსენება ჰიპნოზის მეშვეობით


მართლაც, დაფიქსირებულია მრავალი შემთხვევა, როდესაც ჰიპნოზის დროს ადამიანები უცებ იწყებენ თავისი წარსული ცხოვრების "გახსენებას", ზუსტად ისე, როგორც ტაბიჯა სუტაშია: "იქ ვცხოვრობდი ამა და ამ სახელით, ამა და ამ გვარში... განვიცდიდი ასეთ და ასეთ ბედნიერებას თუ უბედურებას, მივაღწიე ასეთ და ასეთ ასაკს ცხოვრებისა" და ა. შ. თანამედროვე მასობრივი კულტურის წყალობით "ჰიპნოტიზიორის ტახტზე მიღწეული ასეთი მოგონება" გახდა ერთგვარი კლიშე, რომელიც ასე ხშირად გვხვდება ფილმებსა და მხატვრულ ლიტერატურაში.

მაგრამ, როდესაც მეცნიერებმა გადაწყვიტეს დაემუშავებინათ ამგვარი "მოგონებების" აუდიოჩანაწერები და გამოწვლილვით შეესწავლათ ისინი, იმწამსვე აღმოცენდა რამოდენიმე ღირსშესანიშნავი ვითარება.

ჯერ-ერთი, იმ ადამიანთა უმეტესი რაოდენობა, რომლებსაც "გაახსენდათ" თავიანითი "წარსული ცხოვრება", უცილობლივ გამოდიან პირველ როლში - "გამოკითხულები, როგორც წესი, ყოველთვის არიან უდიდესი მოგვები, ტამპლიერები, სასწაულთმოქმედნი, წინასწარმეტყველნი, დრუიდები, ინკვიზიტორები, სახელოვანი კურტიზანები (თავის მდაბიურ წარმომავლობას რატომღაც ვერავინ იხსენებს!), რომელთა ცხოვრება ძირითადად მიმდინარეობდა ძველ ეგვიპტეში, ზოგჯერ მექსიკელი აცტეკების სამეფოში, საკრალურ ბენარესში ან კიდევ ფრიდრიხ II-ის კარზე, პალერმოში, ანუ ისეთ ადგილებში, რომლებიც განსაკუთრებულად გამოყოფილია რელიგიური ან ეზოთერული თვალსაზრისით" (Шохин В.К. Миф о реинкарнациях в постхристианскую эпоху… ასევე ძალზედ პოპულარულია იმის "გახსენება", რომ იყვნენ რომაელი ლეგიონერები, რომლებიც ებრძოდნენ ბარბაროსებს ან კართაგენელებს; გლადიატორები; მონები, რომლებიც მიჰყვებოდნენ სპარტაკს; ჯადოქრები, რომლებსაც წვავდნენ კოცონზე; ჯვაროსნები, რომლებიც სარაცინთა მსხვერპლნი გახდნენ; არისტოკრატები, რომლებსაც საფრანგეთის რევოლუციის დროს, გილიოტინაზე თავები დააყრევინეს; ნაცისტური საკონცენტრაციო ბანაკების პატიმრები და ა. შ.).

მკვლევართა სამართლიანი შენიშვნით, "გაუგებარი ხდება სად წავიდა კაცობრიობის დანარჩენი ნაწილი, ისინი, ვინც ამუშავებდა მიწას, შრომობდა ქალაქში, ემსახურებოდა თავის ბატონს, დასაქმებული იყო ვაჭრობითა და აღებ-მიცემობით" (Там же). დასავლელ რეინკარნატორებს შორის ძალზედ მცირეა მათი რაოდენობა, რომელიც "წარსულ ცხოვრებაში" იყო უბრალო გლეხი ან მოახლე, კიდევ უფრო მცირენი არიან ისინი, ვინც თავისი წარსული ცხოვრებიდან გაიხსენა როგორ ცხოვრობდა ტარაკანში, ბაყაყში ან თაგვში, თუმცა რეინკარნაციის თეორია, არა მარტო ადამიანთა სხეულებში, არამედ ამ არსებებში გადასახლებასაც ვარაუდობს. რატომღაც აღმოჩნდა, რომ არავის უნდა წარსულ ცხოვრებაში იყოს ნეხვის ბუზი, ან ჭია, ან კიდევ გამოცდილი მენაგვე... სწორედაც რომ არავის უნდა და "იხსენებენ" იმას, რაც უნდათ რომ იყონ. ანუ, "წინა დაბადებათა" ხასიათი ბევრად არის განპირობებული თვით ადამიანთა ნებითა და სურვილებით, რომლებიც ამ თავიანთ "წინა ცხოვრებას" იხსენებენ.

მეორეც, მოწმობები, რომლებსაც ადამიანები ჰიპნოზის ქვეშ "იხსენებენ", არ სცილდება იმის ჩარჩოებს, რაც თანამედროვე ადამიანმა იცის პოპულარული ლიტერატურიადნ ამა თუ იმ ეპოქის შესახებ, ან ფილმებში უნახავს, ან ისტორიულ წიგნებში წაუკითხავს.

მკვლევარები მათ აძლევდნენ შეკითხვებს და სთხოვდნენ აღეწერათ თავიანთი წარსული სხეული, ტანისამოსი, ენა და გარემოცვა. სულთა გადასახლება რეალური რომ იყოს, მათი მოგონებები ნამდვილად ინფორმაციის ფასდაუდებელი საცავი გახდებოდა მეცნიერთათვის, ისტორიკოსებისთვის, არქეოლოგებისთვის, პალეოლინგვისტებისთვის და მრავალ სხვათათვის. რამდენი საკითხია გაურკვეველი კაცობრიობის ისტორიის ეპიზოდებში, სამყაროს ნებისმიერ ნაწილში. რამდენი ცივილიზაციაა შეუსწავლელი მონაცემთა არარსებობის გამო, რამდენი ძველი ალფავიტია დღემდე გაუშიფრავი, რამდენი მკვდარი ენაა, რომელიც დღემდე არ არის ამოხსნილი...

ჰიპნოტისტების "მოგონებები" ნამდვილი რომ იყოს, მეცნიერები იპოვიდნენ ყველა პასუხს ნებისმიერ გამოცანაზე, თანაც "თვითმხილველთა" და "ენების მცოდნეთა" დახმარებით. მაგრამ მრავალი აუდიოჩანაწერის შესწავლამ ცხადყო, რომ მათში "თითქმის არ არსებობდა ისეთი ადამიანი, რომლის "მოგონება" არ შეესაბამებოდა ისტორიის სახელმძღვანელოებს, ლექსიკონებს და ენციკლოპედიებს" (იქვე).

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მეცნიერება კი არ სარგებლობს ამ მოგონებებით, არამედ, ეს მოგონებები მთლიანად განპირობებულია იმით, რაც უკვე ცნობილია მეცნიერებისთვის. ანუ, "წარსული დაბადებების" ხასიათი ბევრწილად თვით ჰიპნოზში მყოფი ადამიანების ცოდნის დონით არის განპირობებული.

ამგვარად, თუ მსგავს მოწმობათა უდიდესი ნაწილი, რომელიც ვითომცდა რეინკარნაციის სასარგებლოდ მეტყველებს, განპირობებულია ადამიანთა სურვილებით და ცოდნით, ძნელი არ არის იმ დასკვნის გაკეთება, რომ ეს მოგონებები სხვას არაფერს წარმოადგენენ თუ არა ოცნების ერთგვარ სახეობებს, ადამიანის წარმოსახვის პროდუქტს, რომელიც გაკეთებულია ისეთ ვითარებაში, როდესაც მეოცნებეს, ჰიპნოზის მეშვეობით, თვითონ ეჩვენება თავისი ოცნება რეალობად.


წმ. გრიგოლ პალამა


რეინკარნაციის თანამედროვე მიმდევრები არცთუ იშვიათად იმოწმებენ ისეთ შემთხვევებს, როდესაც ადამიანი, რომელიც ვითომცდა "იხსენებდა" თავის წარსულ ცხოვრებას, იტყობინებოდა ისეთ რამეს, რაც მისთვის წინასწარ შეუძლებელია ცნობილი ყოფილიყო, მაგალითად ის, რომ ვიღაცამ სადღაც დამარხა განძი, ან ალაპარაკდა რომელიღაც ძველ ენაზე და მისთანანი, - მაგრამ, რატომღაც ამგვარი ცნობები, როგორც წესი, შემოიფარგლება მხატვრული ლიტერატურით, კინოფილმებით და ყვითელი პრესით, ხოლო მასალა, რომელსაც რეალურად იწერენ მეცნიერები, სულ სხვას ღაღადებს, - კერძოდ კი იმას, რაზეც ზემოთ გვქონდა ლაპარაკი.

ამ სტროფების ავტორს კარგად ახსოვს პრესაში ერთ დროს გაშუქებული ისტორია პატარა მოსკოველი ბიჭის შესახებ, რომელიც უეცრად "ძველსლავურ" ენაზე ალაპარაკდა. მის მშობლებს ეს ენა მართლაც "ძველსლავურად" მოეჩვენა, მაგრამ როდესაც მეცნიერები მოიწვიეს, დადგინდა, რომ ბიჭუნამ არ იცის ძველსლავური ენა, ლაპარაკობს თანამედროვე რუსულზე და მხოლოდ რამოდენიმე არქაიზმებს ურევს მასში, ზოგჯერ უადგილოდაც. ხოლო, როდესაც ფსიქოლოგებიც ჩაერთვნენ ამ საქმეში, აღმოჩნდა, რომ ბიჭუნამ ეს არქაიზმები ისწავლა მისი გარდაცვლილი ბაბუისგან, ხოლო თავისი "ძველსლავურ" ენაზე მეტყველებით მას სურდა მშობლების ყურადღება გადაეტანა არაორდინალურ საგანზე, რადგანაც ისინი გაყრას აპირებდნენ.

თუმცა, ყველა შემთხვევა როდი აიხსნება ასე, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ ყოველი მათგანის უკან იდგეს რომელიმე რეალური ფაქტი, რომელიც ცნობილია ჟურნალისტებისთვის, ოღონდ დროებით აღმოჩნდა მეცნიერთა ყურადღების მიღმა. შესაძლოა, რომ ვინმემ, რომელიც ამტკიცებს, რომ ახსოვს თავისი ადრინდელი ცხოვრება, მოიტანოს ფაქტები, რომლებიც სცდება იმის ჩარჩოებს, რაც მან ამ ცხოვრებაში იცის. წმინდა გრიგოლ პალამაც სწორედ ამგვარი მოვლენების წყაროზე ლაპარაკობს: "თუ გაარჩევ, რა მნიშნვნელობა აქვს გარეშეთა ფილოსოფოსთათვის მცნებას "შეიცან თავი შენი", აღმოაჩენ ბოროტი სწავლების ქვაკუთხედს: აღიარებენ რა სულთა გადასახლებას, ისინი მიიჩნევენ, რომ ადამიანი მიაღწევს თვითშემეცნებას და აღასრულებს ამ მცნებას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი შეიტყობს, რომელ სხეულთან იყო დაკავშირებული ადრე, სად ცხოვრობდა, რას აკეთებდა და რას ასწავლიდნენ; ხოლო "ამცნებს" მას ამას მხოლოდ ბოროტი დემონი, რომელსაც საკუთარი ნებით დამონებია და დიდის გულისყურით აყურადებს" (Святитель Григорий Палама. Триады в защиту священно-безмолвствующих, I.1.10).

წმინდა ირინეოსის არგუმენტები ეხება ზოგადს, - მართლაც, მოგონებები ადრინდელ ცხოვრებებზე კაცთათვის უჩვეულოა და არასაზოგადო; მაშინ როდესაც, წმ. გრიგოლ პალამას შენიშვნა ეხება კერძოს და გამონაკლის შემთხვევებს, როდესაც ამა თუ იმ კაცს ეჩვენება, რომ მან გაიხსენა ადრინდელი ცხოვრების დეტალები.

სხვათა შორის, სიტყვამ მოიტანა და, არა მარტო ქრისტეანობა, არამედ ბუდიზმიც აღიარებს ბოროტი სულების არსებობას, რომელთა მიზანია ადამიანის გადაგდება ჭეშმარიტების გზიდან. მათ შეუძლიათ ადამიანს შთააგონონ ათასგვარი ხილვები და ჩვენებები. ეს ყოველივე დეტალურად არის აღწერილი ბუდას კლასიკურ ბიოგრაფიებში, ეპიზოდში, როდესაც დემონი მარა ცდილობდა მის ცდუნებას სხვადასხვა ხილვებით.

ასე, რომ არა მარტო ქრისტეანული მსოფლმხედველობის კონტექსტში, არამედ ბუდისტური ცნებების კონტექსტშიაც, სრულიად მართებულია წმ. გრიგოლის შენიშვნა, რომელიც ამ უცნაურ "ხილვებს" დემონური წარმომავლობით რომ ხსნის.


წმ. გრიგოლ ნოსელი


აკრიტიკებდა რა ორიგენისტებს, რომლებსაც სჯეროდათ სხეულის გაჩენამდე სულთა წინარე არსებობა, წმ. გრიგოლ ნოსელი წერდა, რომ "მათი მეცნიერება აღიარებს სულთა გადასახლებას, როგორც ერთი მათი ბრძენკაცი ამტკიცებდა, რომ "ჯერ იყო კაცი, შემდეგ შეიმოსა დედაკაცის სხეული, დაფრინავდა ფრინველებთან ერთად, იყო მცენარე, გახდა თევზი და ცხოვრობდა წყალქვეშ და მისთანანი"... ამგვარი სისულელის მიზეზი არის ის აზრი, რომლის თანახმადაც სულები სხეულთა წინარე არსებობენ... თუ სული რომელიღაც ცოდვის გამო განიდრიკება ზნეობრივი ცხოვრების წესისგან და ერთხელ მაინც იგემებს ხორციელ ცხოვრებას, - გამიწიერდება; ხოლო სხეულში ცხოვრება, - მარადიულ და უსხეულო არსებობასთან შედარებით, - უეჭველად არის უფრო ვნებიანი და სულიც, რაკიღა ასეთ ცხოვრებაში უფრო მეტი მიზეზია ცოდვითი ცხოვრებისა, გარდაუვალად უფრო ცოდვილი და ვნებიანი ხდება, ვიდრე ადრე იყო. ადამიანის სულის ვნებითობა კი არის პირუტყვს მიმსგავსება. სული, რომელიც ასე ცხოვრობს, პირუტყვივით ცხოვრობს და ერთხელ ცოდვის გზაზე შემდგარი, თუნდაც პირუტყვულ მდგომარეობაში მყოფი, უკვე ბოროტებაში დამკვიდრების მიდრეკილებას ვეღარასოდეს შეწყვეტს, ამიტომაც, მათი ლოგიკის თანახმად, ის დავა უგრძნობელ მცენარეთა დონემდე... ამიტომაც, მას უკვე აღარასოდეს ექნება უკეთესობისკენ დაბრუნების შესაძლებლობა" (Святитель Григорий Нисский. "Об устроении человека", 28).

ამრიგად, წმ. გრიგოლ ნოსელი აყალიბებს ერთ ერთ "კლასიკურ" არგუმენტს რეინკარნაციის წინააღმდეგ, რომელსაც მოგვიანებით ხშირად იმეორებდნენ და აზუსტებდნენ.

აი, მაგალითად, რას წერს არქიეპისკოპოსი იოანე (შახოვსკი): "შეუძლებელია ცოდვილი ცხოვრებისთვის თვით სამართლიანი მსჯავრის მიღებაც კი რეინკარნაციის სწავლების მიხედვით. "დაცემული" ადამიანები ისჯებიან გარდასახვებით, სადაც, ერთის მხრივ, თავიანთ ახალ და რადიკალურად დეგრადირებულ მდგომარეობაში არ ძალუძთ შეიგნონ თავიანთი ადრინდელი საქციელი და არც სასჯელის ზომა, რომლითაც ადრინდელი ცოდვებისთვის დაისაჯნენ; მეორეს მხრივ - ისინი უმყარესად "მკვიდრდებიან" თვით ამ ფორმებში, თავიანთ დაცემულ მდგომარეობაში. ცხოველში გარდასახულთ არ შეუძლიათ შეაფასონ თავიანთი წარსული ცხოვრება, გააკეთონ ჯეროვანი დასკვნები და გამოსწორდნენ. ამიტომაც, გამოდის ფიქტიური მისაგებელი" (Архиепископ Иоанн (Шаховской). О перевоплощении // «Листья древа». Нью-Йорк, 1964).

"სინამდვილეში, - შენიშნავს, ვ. კ. შოხინი, - ადრინდელი მეძავი, რომელიც გახდა ღორი, თავის "ღორულ ყოფაში" ვერანაირად შეაფასებს წარსული "კარიერისთვის" მიღებული სასჯელის არაადეკვატურობას, და ვერც ჯეროვან დასკვნებს გააკეთებს თავისთვის, შედეგად, გამოსწორება მისთვის იქნება შეუძლებელი. გარდაიქცევიან რა უდაბლეს ცხოველებად და დემონებად, დასასჯელები, პირიქით, კიდევ უფრო უნდა დამკვიდრდნენ თავიანთ დეგრადაციაში იქიდან გამოსვლის უმცირესი შანსის გარეშე" (Шохин В.К. Учение о реинкарнации и карме: Заметки востоковеда).

ამის შესახებ ლაპარაკობს რაფაელ კარელინიც: "ზნეობრიობა შეიძლება იყოს იქ, სადაც არის საკუთარი საქციელის შეფასება. ზნეობრიობა იქ არის, სადაც არსებობს ნორმა და მისი საქმიანობის ნიმუშები. არ შეიძლება ჭიას ვუწოდოთ უზნეო, თუკი ის ჭამს ბრინჯს ბრაჰმანის ბოსტანში, ან ზნეობრივად, თუკი ამ ჭიას აკენკავს ყორანი. სადღაა მათი შინაგანი სტიმული უფრო მაღალ ფორმაში გარდასახვისთვის? თუ მიღებულ გამოცდილებაში, მაშინ რაში მდგომარეობს ეს გამოცდილება? იმაში ხომ არა დილით გაშალო კოკორი და საღამოს დახურო? ან ჭიის კარმამ რატომ უნდა გადააქციოს ის ბზიკად? და რით არის ბზიკი ჭიაზე უკეთესი? რა ცხოვრებისეულ გამოცდილებას და როგორ კარმას იძენს ბზიკი? მოშხამოს და თაფლი მოჰპაროს ფუტკარს? მაგრამ, არ შეიძლება მას ვუწოდოთ ქურდი, რადგან ის ამას აკეთებს თავისუფალი ნებისა და არჩევანის უფლების გარეშე. მაშ, რა არჩევანს სთავაზობს მას კარმა? თუ ქურდის სული ჩაასახლეს ბუზის სხეულში, განა ამით უკეთესი შეიქნება მისი სული? რას ისწავლის ის სანეხვეებსა და სანაგვეებში სეირნობით? (Архимандрит Рафаил (Карелин). Оживший зверь).


ნეტარი თეოდორიტეს არგუმენტი


სულთა გადასახლების წინააღმდეგ სხვა, მეტად მნიშვნელოვან არგუმენტს აყალიბებს მამა ანდრია ჰვილი ოლინტერი: "ადამიანი შექმნილია სრულყოფილად თავისი ბუნებით. რეინკარნაცია კი ხლიჩავს ამ მთლიანობას, ინდივიდუალობის სრულყოფილებას" (Иерей Андрей (Хвыля-Олинтер). О реинкарнации (переселении душ)).

ხოლო ადამიანის სულიერ-ხორციელი ერთობის, მისი მთლიანობის რეინკარნაციისეული გახლეჩვა ეწინააღმდეგება სამართლიანი მიგების პრინციპს. კარგად ბრძანებს ნეტ. თეოდორიტე კვირელი: "განა იქნება ასეთი მსჯავრი სამართლიანი, თუკი, ურწმუნოთა აზრით, სხეულები არ აღსდგებიან და დაისჯებიან მხოლოდ სულნი? სული, რომელიც სცოდავდა სხეულთან ერთად, თვალების მეშვებით დაუშვა შური და უჯერო სურვილები, ყურების მიერ ისმენდა უსჯულო ქადაგებებს და სხეულის ყოველი ნაწილის მიერ შეითვისებდა ამა თუ იმ უჯერო სურვილს... ამიტომაც, განა სამართლიანია მხოლოდ ერთი დაისაჯოს ამ შეცოდებისთვის... სამართლიანი იქნებოდა განა, სხეული, რომელიც სულთან ერთად იხვეჭდა სათნოებათა გვირგვინებს, დარჩენილიყო მტვრად, ხოლოდ სული ძლევამოსილად და გვირგვინმოსილად ყოფილიყო აღიარებული? და თუ ეს უსამართლობაა, ცხადია, ჯერ უნდა აღსდგეს ხორცი, და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა შეუერთდეს მას სული და ორივემ აგოს პასუხი განვლილი ცხოვრებისთვის. ეს თქვა ღვთაებრივმა მოციქულმაც: " რამეთუ ჩუენ ყოველნი განცხადებად ვართ წინაშე საყდართა ქრისტესთა, რაჲთა მოიღოს კაცად-კაცადმან ჴორცთა ამათგან, რაჲცა-იგი ქმნა, გინა თუ კეთილი გინა თუ ბოროტი" (2 კორინთ. 5:10). ამის თანხმიერია დავით ფსალმუნმგალობელიც: " და შენი არს, უფალო, წყალობაჲ, და შენ მიაგო კაცად-კაცადსა საქმეთა მისთაებრ" (ფსალმ. 61:13) (Блаженный Феодорит Киррский. Сокращенное изложение Божественных догматов, 20).

ნიკოლოზ სერბიელი წერს: "თქვენ ამ რეინკარნაციის შესახებ გსმენიათ ოკულტისტთა შეკრებებზე და კითხულობთ არის თუ არა თანხმობაში ეს ქრისტეს სწავლებასთან? ეჰ, ძმანო, ოღონდაც არ გევლოთ იმ შეკრებებზე, არამედ მისულიყავით ეკლესიაში და გესმინათ სახარების, რომელიც მდიდრისა და ლაზარეს იგავში ბრძანებს, თუ როგორ მოკვდა გლახაკი, რომელსაც უფალმა უწოდა ლაზარე, და შემდგომ კი მოკვდა მდიდარი, რომლის სახელს უფალი არც კი ახსენებს. ლაზარეს სულმა განიხარა ზეციური სიხარულით, ხოლო უსახელოდ მკვდარი მდიდრის სული შთავარდა ჯოჯოხეთში. ნუთუ ზეციურმა სიბრძნემ, ჩვენმა მაცხოვარმა იესუმ, ამ იგავით ერთხელ და სამუდამოდ არ მოჰკვეთა ყოველგვარი საფუძველი სულთა გადასახლების არსებობისთვის? განა მან, რომელმაც უწყის ყოველი საიდუმლო ცისა და მიწისა, მთელი სიცხადით არ დაამოწმა, რომ სულები სხეულიდან სხეულში კი არ გადასახლდებიან, არამედ პირდაპირ და სამუდამოდ გადადიან იმ სამკვიდრებელში, რომელიც დაიმსახურეს ამ ცხოვრებაში!

დე იყოს ეს თქვენთვის მკაცრი გაფრთხილება, რომ არ ინუგეშოთ თავი აზრით, თითქოსდა როდესაც მოკვდებით, დედამიწას მოევლინებით სხვა სხეულში, შემდეგ კიდევ სხვა სხეულში და ასე უთვალავჯერ, და გექნებათ დრო გამოსწორებისთვის. საშინელი, მაგრამ სანუგეშო ჭეშმარიტება არის იმაში, რომ ადამიანს მიეცა მხოლოდ ერთი ცხოვრება დედამიწაზე, შემდეგ კი - მსჯავრი. და მხოლოდ ამ მოკლე ვადაში შეუძლია მას დაიმსახუროს მარადიული საცხოვრისი, ან მარადიული სატანჯველი" (Святитель Николай Сербский. Душа Сербии. М.: Изд-во Сретенского монастыря, 2006).

სხვა წიგნში, სადაც ის განმარტავს უფალ იესუ ქრისტეს სიტყვებს, რომელიც მან ჯვარზე წარმოთქვა, ნიკოლოზ სერბიელი წერს: "ეს სიტყვები ითქვა კიდევ იმიტომ, რომ ესმოდეთ და იცოდნენ ბუდისტებმა, პითაგორელებმა, ოკულტისტებმა და ნებისმიერი ჯურის ფილოსოფოსებმა, რომლებიც ათასგვარ ზღაპრებს თხზავენ სულთა გადასახლებაზე სხვა ადამიანებში, ცხოველებში, მცენარეებში, მწერებში, ვარსკვლავებში და მინერალებში, - განაგდონ ფანტაზიები და იხილონ, სად მიდის მართალი კაცის სული: " მამაო, ჴელთა შენთა შევჰვედრებ სულსა ჩემსა" (ლუკა 23:46).

"ინდოეთს პესიმიზმისგან ჭეშმარიტება იხსნის... როდესაც ინდოეთი შეიგნებს, რომ ამ სამყაროს ჰყავს თავისი შემოქმედი, აქვს თავისი დასაწყისი და დასასრული, რომ არსებობს სხვა სამყარო, სადაც არ არის არც სნეულება, არც სულთქმა; როდესაც საყოველთაო სიხარული, ვითარც ნათელი ბნელს, განაქარვებს და განაგდებს პესიმიზმს, მაშინ უარყოფენ ინდოელები ცრუ სწავლებას რეინკარნაციის შესახებ და მიხვდებიან, რომ სული, როდესაც ის გამოდის თავისი სხეულიდან, ამ შეზღუდული სამყაროდან სხვა სამყაროში გადადის, თავის სამეფოში, საიდანაც წარმოიშვა და არასოდეს გადასახლდება სხეულიდან სხეულში" (Св. Николай Сербский. Индийские письма, 52).

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню