აპოკალიფსისის განმარტება_VI_17_1_18_მეძავი ბაბილონი და მხეცი - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოკალიფსისი > განმარტება

მეძავი - დიდი ბაბილონი და მხეცი

(თ. 17:1-18)

იოანეს გამოცხადება

ძვ. ქართულით

1. და მოვიდა ერთი შჳდთა მათ ანგელოზთაგანი, რომელთა აქუნდა შჳდი იგი ლანკნები, და იტყოდა ჩემ თანა და თქუა: მოვედ და გიჩუენო შენ საშჯელი იგი მეძვისა მის დიდისაჲ, რომელი-იგი ზის წყალთა მათ ზედა მრავალთა, 2. რომლისა თანა ისიძვეს ყოველთა მეფეთა ქუეყანისათა, და დაითრვნეს მკჳდრნი ქუეყანისანი ღჳნისა მისგან სიძვისა მისისა. 3. და წარმიყვანა მე სულითა უდაბნოს, და ვიხილე დედაკაცი, მჯდომარე მჴეცსა ზედა წითელსა, სავსესა სახელებითა გმობისაჲთა, რომელსა ედგნეს შჳდნი თავნი და ათნი რქანი. 4. და დედაკაცსა მას ემოსა პორფირი და ძოწეული, შემკული ოქროჲთა და ქვითა პატიოსნითა და მარგალიტითა. და აქუნდა ჴელთა მისთა ბარძიმი ოქროჲსაჲ, სავსე საძაგელებითა და არაწმიდებითა სიძვისა ქუეყანისაჲთა. 5. და შუბლსა მისსა ზედა სახელი დაწერილი: საიდუმლოჲ, ბაბილონი დიდი დედაჲ მეძავთაჲ და საძაგელებათა ქუეყანისათაჲ. 6. და ვიხილე დედაკაცი იგი დამთრვალი სისხლითა წმიდათაჲთა და სისხლითა მით მოწამეთა იესუჲსთაჲთა. და დამიკჳრდა, ვიხილე რაჲ იგი, საკჳრველებითა დიდითა. 7. და მრქუა მე ანგელოზმან მან: რად დაგიკჳრდა? მე გითხრა შენ საიდუმლოჲ დედაკაცისაჲ მის და მჴეცისაჲ, რომელსა-იგი უტჳრთავს, რომელსა ჰქონან შჳდნი თავნი და ათნი რქანი. 8. მჴეცი ეგე, რომელ იხილე, იყო და არა არს, და ეგულების აღმოსლვაჲ უფსკრულით და წარსაწყმედელად წარსლვაჲ. და დაუკჳრდეს მკჳდრთა ქუეყანისათა, რომელთა სახელები არა წერილ არს წიგნსა მას ცხორებისასა დასაბამითგან სოფლისაჲთ, რაჟამს-იგი ჰხედვიდენ, რამეთუ იყო მჴეცი იგი და არა არს, და მოვიდეს. 9. აქა არს გონებაჲ, რომელსა აქუნდეს სიბრძნე. შჳდნი იგი თავნი შჳდნი მთანი არიან, რომელთა ზედა დედაკაცი ზის. 10. და მეფენი არიან შჳდნი: ხუთნი იგი დაეცნეს, და ერთი არს, და სხუაჲ იგი არღა მოსრულ არს, და მო-რაჲ-ვიდეს, მცირედ ჯერ-არს მისი ყოფაჲ. 11. და მჴეცი იგი, რომელი იყო და არა არს, და ესე მერვე არს, და შჳდთაგანი არს და წარსაწყმედელად წარვალს. 12. და ათნი იგი რქანი, რომელ იხილენ, ათნი მეფენი არიან, რომელთა მეფობაჲ არღა მიუღია, არამედ ჴელმწიფებასა, ვითარცა მეფენი, ერთსა ჟამსა მიიღებენ მჴეცისა მის თანა. 13. ამათ ერთი ნებაჲ აქუს და ძალსა და ჴელმწიფებასა მათსა მჴეცსა მისცემენ. 14. ესენი კრავსა მას ებრძოლნენ, და კრავმან სძლოს მათ, რამეთუ უფალი უფლებათაჲ არს და მეუფე მეუფეთაჲ, და მის თანა წოდებულნი იგი და რჩეულნი და მორწმუნენი. 15. და მრქუა მე: წყალნი იგი, რომელ იხილენ, ერნი არიან და წარმართნი და ენანი. 16. და ათნი იგი რქანი, რომელ იხილენ, და მჴეცი - მათ მოიძულონ მეძავი იგი, განრყუნილ და შიშუელ ყონ იგი, და ჴორცნი მისნი შეჭამნენ და იგი დაწუან ცეცხლითა. 17. რამეთუ ღმერთმან მოსცა გულთა მათთა ყოფად ნებისა მისისა და ყოფად ნებისა ერთისა და მიცემად მეფობაჲ მათი მჴეცსა, ვიდრემდის აღესრულნენ სიტყუანი ღმრთისანი. 18. და დედაკაცი იგი, რომელ იხილე, არს ქალაქი იგი დიდი, რომელსა აქუს მეფობაჲ მეფეთაჲ ქუეყანასა ზედა.


ახ. ქართულით

1. მოვიდა ერთი ანგელოზი იმ შვიდთაგან, რომელთაც ჰქონდათ შვიდი თასი, და მითხრა: მოდი და გიჩვენებ სამსჯავროს დიდი მეძავისას, რომელიც ზედ აზის მრავალ წყალს; 2. რომელთანაც ისიძვეს ქვეყნიერების მეფეებმა და ქვეყნის ყოველი მკვიდრი დაითრო ღვინით მისი სიძვისა. 3. და წამიყვანა უდაბნოში სულით, და ვიხილე ქალი, ზურგზე რომ აჯდა წითელ მხეცს, რომელსაც, გმობის სახელებით სავსეს, შვიდი თავი და ათი რქა ჰქონდა. 4. ხოლო ქალს ემოსა პორფირი და ძოწეული, ოქროთი, პატიოსანი თვლებითა და მარგალიტებით შემკული, და ხელთ ეპყრა სიბილწითა და მისი სიძვის უწმინდურებით სავსე ოქროს ბარძიმი. 5. და ეწერა შუბლზე საიდუმლო სახელი: დიდი ბაბილონი, მეძავთა და მიწიერ სიბილწეთა დედა. 6. და ვიხილე, რომ მთვრალი იყო წმიდათა და იესოს მოწამეთა სისხლით, და მიკვირდა, მის მხილველს, ესოდენ დიდი საკვირველება. 7. მაშინ ანგელოზმა მითხრა: რად გიკვირს? მე გეტყვი საიდუმლოს ქალისას და მისი მტვირთველი მხეცისას, რომელსაც აქვს შვიდი თავი და ათი რქა. 8. მხეცი, რომელიც იხილე, იყო და აღარ არის, მაგრამ ამოვა უფსკრულიდან და წარსაწყმედლად წავა, და დედამიწის მკვიდრნი, რომელთა სახელებიც ჩაწერილი არ არის სიცოცხლის წიგნში ქვეყნიერების დასაბამიდან, განცვიფრდებიან, როდესაც იხილავენ მხეცს, რომელიც იყო და აღარ არის, მაგრამ კვლავ მოვა. 9. აქ საჭიროა გონება, რომელსაც აქვს სიბრძნე: შვიდი თავი შვიდი მთაა, რომლებზედაც ზის ქალი, - და შვიდი მეფე, 10. რომელთაგანაც ხუთი დაემხო, ერთი არის, სხვა კი ჯერაც არ მოსულა, მაგრამ როდესაც მოვა, დიდხანს ვერ გაძლებს. 11. ხოლო მხეცი, რომელიც იყო და აღარ არის, მერვეა შვიდთაგან, და წარსაწყმედლად მიდის. 12. ათი რქა, შენ რომ იხილე, ათი მეფეა, რომელთაც ჯერ არ მიუღიათ მეფობა, მაგრამ, როგროც მეფენი, მხეცთან ერთად მიიღებენ ხელმწიფებას, ერთი საათით. 13. ერთი აზრი აქვთ და თავიანთ ძალას და ხელმწიფებას მისცემენ მხეცს. 14. ერთადვე შეებრძოლებიან კრავს, მაგრამ კრავი იმძლავრებს მათზე, რადგანაც ის არის უფლებათა უფალი და მეუფეთა მეუფე, ხოლო მასთან მყოფნი ხმობილნი, რჩეულნი და სარწმუნონი არიან. 15. კვლავ მითხრა მე: წყალნი, რომელნიც იხილე, სადაც ზის დიდი მეძავი, ხალხები არიან და ბრბონი, ერები და ენანი. 16. ათი რქა, შენ რომ იხილე, და მხეცი მოიძულებენ, გაძარცვავენ და გააშიშვლებენ მეძავს, შეჭამენ მის ხორცს და ცეცხლს მისცემენ მას. 17. რადგანაც ღმერთმა ჩაუდო გულში, აღასრულონ მისი ნება, ყონ ერთი ნება და მისცენ თავიანთი მეფობა მხეცს, ვიდრე არ აღსრულდება ღვთის სიტყვა. 18. ხოლო ქალი, შენ რომ იხილე, დიდი ქალაქია, რომლის მეუფებასაც ჰმორჩილებს ქვეყნის ყოველი მეფე.

შინაარსი

VI. საღმრთო განგებულების გამოვლენის მეოთხე თანამიმდევრობა (თ. 15-19)

მეძავი - დიდი ბაბილონი და მხეცი (თ. 17:1-18)

უკანასკნელ სამსჯავროს, რომელსაც უკვე უნდა ველოდეთ წინა თავის შინაარსიდან გამომდინარე, იოანე უცებ როდი აღწერს. ჯერ 17-ე და 18-ე თავებში ის განგვიმარტავს წინა ხილვებს და მხოლოდ ამის შემდეგ გადადის საშინელი სამსჯავროს აღწერაზე.

1. მოვიდა ერთი ანგელოზი იმ შვიდთაგან, რომელთაც ჰქონდათ შვიდი თასი, და მითხრა: მოდი და გიჩვენებ სამსჯავროს დიდი მეძავისას, რომელიც ზედ აზის მრავალ წყალს.


განმარტება უშუალოდ კი არ გვეძლევა, არამედ ახალი ხილვის სახით. იოანეს ეცხადება ერთ-ერთი შვიდი ანგელოზიდან, რომელსაც ხელში ღმრთის რისხვის თასები ეპყრა. რადგან ასახსნელია ის, რა ხდებოდა შვიდ თასთან დაკავშირებით, განმმარტებელი სუბიექტი სწორედ ერთია (შესაძლოა მეექვსე) შვიდ ანგელოზთაგან.


გამოთქმა "მოდი" - იდუმალთმხილველის ადგილმდებარეობის შეცვლას არ გულისხმობს; ეს ხილვაშია ასე, და არა სინამდვილეში; აქ უნდა ვიგულისხმოთ აზრის მიმართულებისა და იოანეს ყურადღების გადატანა ანგელოზის სიტყვებზე.


ახლა იოანემ თავისი წინასწარმეტყველური მზერა უნდა მიაპყროს "დიდი მეძავის სამსჯავროს", რომელიც "ზედ აზის მრავალ წყალს", და თანაც არა უშუალოდ სამსჯავროს, არამედ მათ, ვისზეც უნდა აღსრულდეს იგი. "დიდ მეძავში" უნდა ვიგულისხმოთ ის ქალაქი ბაბილონი, რომელიც ნახსენებია გამოცხადების 14-ე თავში (14:8); მას იქაც "დიდი" ეწოდება და დახასიათებულია, როგორც მეძავი. სწორედ მასზედ უნდა აღსრულდეს სამსჯავრო გამოცხადების 16:9 თავის მიხედვითაც.


გარდა ამისა, წმიდა წერილში სიტყვა "მეძავი" მიმართულია როგორც საზოგადოებისა და ებრაელთა ეკლესიისადმი, ასევე იმ ქალაქებისადმი, რომლებიც არიან გარყვნილების გამავრცელებელნი და გარშემო მცხოვრებ ხალხთა ზნეობრივად გამხრწნელნი (ისაია 23:15-18; ნაუმი 3:4). მიტუმეტეს, რომ აქ "მეძავში" უნდა დავინახოთ სწორედ ბაბილონი (14:8 და 16:9), და არა რომელიმე სხვა ქალაქი, რომ სწორედ მასზე უთითებს პირველი მუხლის ბოლო სიტყვები.


ის მოგვაგონებს წმ. იერემია წინასწარმეტყველის სიტყვებს, რომელმაც ბაბილონზე ბრძანა: "დიდი წყლების პირას დამკვიდრებულო, განძმრავალო, მოვიდა შენი აღსასრული, ბოლო მოეღო შენს სიხარბეს!" (იერს. 51:13), ასე რომ უკვე მარტოდენ ამის გამო ვერ დავეთანხმებით ზოგიერთი მკვლევარის იმ აზრს, თითქოსდა "მეძავში" ქრისტეანული ეკლესია იყოს ნაგულისხმევი, რადგან გამოცხადების 12-ე თავში მასაც ეწოდება "დედაკაცი". ამგვარ გააზრებას არ ორიგინალურობის გარდა არ გააჩნია არანაირი ღირებულება. "მეძავი" და "ქალი" ("დედაკაცი") - ერთი და იგივე არ არის, და ნათელმოსილი "ქალის" სახე 12-ე თავში სრულიად საწინააღმდეგოა 17-ე თავში აღწერილი მეძავი ბაბილონისა.


ქრისტეს ჭეშმარიტი ეკლესია, თვით მაცხოვრის თქმით, მაცხოვნებელი და მადლმოსილი იქნება სამყაროს აღსასრულამდე, - ის შეუძლებელია შეიცვალოს თავის საფუძველში. მაშინ, როდესაც მეძავი, უეჭველად, ნათელი "ქალის" (ეკლესიის) საწინააღმდეგო სახეა და გამოცხადების 17:16 თავის მიხედვით განწირულია საბოლოო განადგურებისთვის. მაგრამ საბოლოოდ უნდა განადგურდეს სწორედ ცოდვილი კაცობრიობა და კაცობრივი დაწესებანი და არა ეკლესია, რომელიც განკაცებული ღმრთის მიერ არის დაფუძნებული. ცოდვილი კაცობრიობის მიერ კი დაარსებულია სწორედ ქალაქები და სახელმწიფოები.


ამიტომაც, ზოგიერთი კომენტატორი ბაბილონში რომს გულისხმობდა, რომელიც იმ დროინდელი გარყვნილებისა და კერპთაყვანისცმემლობის ცენტრი იყო. მაგრამ რომი და რომაული ძლიერება, ასევე მისი ღმრთისმბრძოლობა (კერპთაყვანისმცემლობა) შეიძლება მხოლოდ მომავალი ბაბილონის პროტოტიპად განვიხილოთ, რომელიც აპოკალიფსისშია გახსნილი და შეუძლებელია წინასწარმეტყველების ნამვდილი საგანი იყოს.
"მეძავად" ზოგიერთები მიიჩნევდნენ ძველ რომს, - წერს ანდრია კესარიელი, - რომელიც გაშენებული იყო შვიდ მთაზე; იგი იჯდა მხეცსი "შვიდ თავზე"; ეს გულისხმობს იმ შვიდ უკეთურ მეფეს, რომლებიც დომიციანეს დროიდან ვიდრე დიკლეტიანემდე დევნიდნენ ეკელსიას. მაგრამ თანამიმდევრულნი რომ ვიყოთ და თანხმიერნი ნაწინასწარმეტყველევთან, ვფიქრობთ, რომ "მეძავში", საზოგადოდ, ან მიწიერი ხელმწიფება უნდა ვიგულისხმოთ, რომელიც აქ ერთ მთლიან სხეულად წარმოსდგება; ან ქალაქი, რომელიც ანტიქრისტეს გამეფებამდე სხვა ქალაქებზე აღზევდება.


შეიძლება ვივარაუდოთ ისიც, რომ, მართალია, ძველმა რომმა უკვე დაკარგა თავისი ძალაუფელბა, მაგრამ გამორიცხული არ არის, მომავალში კვალ დაიბრუნოს იგი. მაგრამ, თუ ამ უკანასკნელ ვარაუდს დავუშვებტ, მასინ აუხსნელი დაგვრჩება ქალაქის მნიშვნელობა, რომელიც ამჯამად ბატონობს, რამეთუ მოციქული ბრძანებს: "და დედაკაცი იგი, რომელ იხილე, არს ქალაქი იგი დიდი, რომელსაც აქუს მეფობაი მეფეთაი ქუეყანასა ზედა" (გამოცხა. 17:18). ამის შესახებ, თუ ღმერთი ინებებს, ქვემოთ ვისაუბრებთ (წმ. ანდრია კესარიელი).


ამრიგად, "დიდი მეძავი ბაბილონი" უეჭველად არის ქალაქი (მ. 18), თანაც მომავალი დროის, ანტიქრისტეანული სამეფოს ქალაქი, რომელსაც შეიძლება ან ბაბილონი უწოდონ ან რომი იმ გარყვნილი კულტურისა და ზეგავლენის გამო, რომელსაც ის მოახდენს მსოფლიოს ხალხებზე და რომლითაც დაემგვანება იგი ძველ რომსა და ბაბილონს.


2. რომელთანაც ისიძვეს ქვეყნიერების მეფეებმა და ქვეყნის ყოველი მკვიდრი დაითრო ღვინით მისი სიძვისა.


ეს ის ბაბილონია, რომლის დაღუპვაზეა ლაპარაკი გამოცხადების 14:8 და 16:9 მუხლებში; მსოფლიო სამეფო ქალაქი. სწორედ ამიტომაც ვხედავთ სიტყვების წინ "დიდი მეძავი" და "ზის" განსაზღვრულ წევრებს (არტიკლებს), რომლებიც უთითებენ, რომ ამ საგნებზე ადრე უკვე იყოს ლაპარაკი. ხოლო რადაგან წმიდა წერილში ქალაქების სიძვა-მრუშობა მათ გარყვნილებასა და მზაკვრულ პოლიტიკას გულისხმობს, "მეძავობაში" ამ პირმოთნე პოლიტიკისა და გარყვნილი რელიგიური კულტების მეშვეობით ზნედაცემულ ჩვეულებებსა და ღმრთისმბრძოლობას ვარაუდობს (შეად. ეზეკ. 23:17). მაგრამ ქალაქთა და სახელმწიფოთა ამაგვარ საზოგადო გარყვნილებას, საყოველთაო ზნედაცემულობასა და რელიგიურ განდგომას, ასევე მძვინვარე ღმრთისმბრძოლობას, სწორედ უკანასკნელი, ანტიქრისტეანული სამეფოს პერიოდში უნდა ველოდოთ.


3. და წამიყვანა უდაბნოში სულით, და ვიხილე ქალი, ზურგზე რომ აჯდა წითელ მხეცს, რომელსაც, გმობის სახელებით სავსეს, შვიდი თავი და ათი რქა ჰქონდა.


ამ ქალაქის დასჯა რომ ეხილა, ანგელოზმა იოანე უდაბნოში გაიყვანა. მინიშნება "წამიყვანა უდაბნოში სულით", არის მითითება იმაზე, რომ ეს მოქმედება ხდებოდა მხოლოდ ხილვაში, სულის ექსტატიურ მდგომარეობაში, და არა ფიზიკურად, სხეულით, პირდაპირი მნიშვნელობით. "უდაბნოშიც" არ შეიძლება ამქვეყნიური უდაბნოები ვიგულისხმოთ, რომლებიც, გარკვეული თვალსაზრისით, სიცოცხლეს მოკლებულ ადგილებს წარმოადგენენ, რადგან აქ არ არსებობს მაცოცხლებელი წყალი და მცენარეულობა.


გამოთქმა "უდაბნო" უნდა გავიგოთ არა ფიზიკური ან გეოგრაფიული ან კიდევ გაპარტახების, არამედ ზნეობრივ-რელიგიური თვალსაზრისით, მიტოვებულობის, დაშორებულობის თვალსაზრისით; ამ ადგილის ანალოგები უნდა ვეძებოთ არა იერემიას 50:3; 51:2 და სხვა მსგავს ადგილებში, არამედ უფრო ისაიას 21:1 და სხვა ადგილებში, სადაც მრავალრიცხოვანი და მდიდარი, მაგრამ წარმართული ქალაქი უდაბნოდ არის წოდებული.


წმ. ანდრია კესარიელიც ბრძანებს: "საზოგადოდ, "უდაბნოდ" მივიჩნევთ ნებისმიერ ქალაქს ან ადამიანთა საზოგადოებას, რომელიც მისი სულიერი სიბრმავის, მეძავობის და სხვა ბიწიერებათათვის სძაგს უფალს. მაგრამ ამის გულისხმისყოფა სხვაგვარადაც შეგვიძლია, კერძოდ, მოციქულმა იოანემ იხილა ამ მეძავის მოოხრება, რომელიც წარმოდგენილია დედაკაცის სახით, რათა გამოჩნდეს მისი მიდრეკილება ცოდვათადმი (წმ. ანდრია კესარიელი).


ასე, რომ დიდი მეძავი ბაბილონი უდაბნოშია არა სხვა რომელიმე აზრით, თუ არა იმით, რომ თავისი გარყვნილებისმოყვარეობის გამო ღმრთისგან არის მიტოვებული. მას არ გააჩნია მადლი და წყალობა, მოკლებულია საეკლესიო ერთობასა და კავშირს, ერთგულ ქრისტეანებს, არ გააჩნია მაცოცხლებელი წყარო, რომელიც მიედინება საუკუნო სასუფეველში (შეად. იოანე 4:14) და განწირულია სულიერი სიკვდილისა და ზნეობრივი წარწყმედისთვის.


ამგვარი მიტოვებულობა სრულიად დამსახურებული სასჯელია მისთვის, რადგან ის, როგორც აპოკალიფსისი ამბობს, განუდგა ღმერთსა და ქრისტეანულ რელიგიას, შემოჯდა მხეცზე და მას მიენდო.


"ზედ აჯდა წითელ მხეცს" რადგან "თავისი ბოროტმოქმედებებით იგი განსვენებას ჰპოვებს ეშმაკში, რომელიც ხარობს კაცთაკვლისას და სისხლისღვრისას და თავისი ღვთისმგმობელობით განდგომილებს თანაშეეწევა. "მხეცის სიწითლე" მის მძვინვარებასა და კაცთაკვლისკენ მიდრეკილებაზე მიუთითებს, ხოლო თუ რას ნიშნავს "შვიდი თავი" და "ათი რქა", ღვთის შეწევნით, ქვემორე შევიტყობთ ანგელოზისგან" (წმ. ანდრია კესარიელი).
"მხეცი" აქაც იგივეა, რაც გამოცხ. 11:6, 12:3 და 13:2-ში. ეს არის ურჩხულ-ეშმაკი, რომელიც არის მიზეზი ყოველი ღმრთისმბრძოლობისა დედამიწაზე. ის არის ამა სოფლის თავადი, ბორტების სულისჩამდმგელი და ხელმძღვანელი, სიცრუის მამა და ადამიანთა წარწყმედის უმთავრესი მიზეზი.


გარდა ამისა, აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ მხეცის სიწითლეში შეიძლება ვიგულისხმოთ მისი წითლად შემოსვაც, რაც არის სამეფო მოსასხამის სახე და რომელიც მის, როგორც "ამ ბნელი საწუთროს მპყრობლის", ძალასა და მნიშვნელობაზე მეტყველებს.


როგორც ეშმაკსა და მხეცს, მას სრულიად შეესაბამება ის აღწერა, რომლის მიხედვითაც აღსავსე იყო ღმრთის მგმობარი სახელებით; და ის არის კიდევაც საკუთრივი აზრით ღმრთისმბრძოლი და ღმრთისმგმობარაი, რამეთუ მხოლოდ ის შეიძლება იწოდებოდეს კერძო აზრით ღმრთის მოწინააღმდეგედ, ღრთისმბრძოლ ძალად.


აღწერის შემდეგი ნიუანსია "შვიდი თავი და ათი რქა", უნდა ავხსნათ არა ეშმაკის საერთო თვისებებით (როგორც ეს არის 12:3-ში), არამედ მისი მდგომარეობის თავისებურებითა და მნიშვნელობით მოცემულ გამოცხადებაში. ეს უფრო ცხადი გახდება 9-ე, 10-ე და 12-ე მუხლებში.


მხეცის ამ თავისებურებებთან და თვისებებთან შესაბამისად იხატება მასზე მჯდომი დედაკაციც:

4. ხოლო ქალს ემოსა პორფირი და ძოწეული, ოქროთი, პატიოსანი თვლებითა და მარგალიტებით შემკული, და ხელთ ეპყრა სიბილწითა და მისი სიძვის უწმინდურებით სავსე ოქროს ბარძიმი.

ის შემოსილია პორფირით და ძოწეულით, რაც მის სამეფო და ამაყ ფუფუნებაზე მეტყველებს (შეად. 1:12, 16; ეზეკ. 28:13; ლუკა 16:19) და, ამგვარად, დედაკაცს მჭიდრო კავშირში ამყოფებს მხეცთან, რომლისგანაც და რომლის მეშვეობითაც ღებულობის ის ამ ხელმწიფებასა და ფუფუნებას.


""პორფირი და ძოწეული" ყოველივეზე ხელმწიფების ნიშანია; ამიტომაც არის შემკული იგი "პატიოსანი ქვებითა და მარგალიტით". "თასი" იმაზე მიანიშნებს, რომ ცოდვა ტკბილია, ხოლო "ოქრო" სიმბოლოა მისი მიმზიდველობისა. როგორც იობის შესახებ ითქვა, რომ სვამდა "შეურაცხებასა ვითარცა წყალსა" (იობი 34:7). ასევე აქაც მითითებულია, რომ ქალი იგი იქმს ბოროტებას არა დასანაყრებლად, არამედ იმისტომ, რომ მიისწრაფვის წარსაწყმედად. სწორედ ამიტომაც არის ის "სავსე სიბილწით", რომლითაც ცოდვისმოყვარული საზოგადოება იკვებება და რომელიც მრუშობის სიბილწესა და ცოდვას, როგორც ტკბილ სასმელს, ეწაფება" (წმ. ანდრია კესარიელი).


ამრიგად, მხეცზე მჯდომმა ქალმა, რომელიც არის უკანასკნელი ჟამის ქალაქის სახე, წუთისოფლისგან აიღო ყოველივე, რაც მასში ფასეულად მიიჩნევა, რაც ჰმატებს მას ამაო ბრწყინვალებას და წამიერ დიდებას. ეს არის მტკიცებულება იმისა, რომ მხეცზე მჯდომი ქალი მორჩილი იარაღია ეშმაკისა და არა მარტო მიიღებს მისგან ყოველგვარ ბოროტებას, არამედ ხელსაც შეუწყობს მსოფლიოში მის გავრცელებას.


5. და ეწერა შუბლზე საიდუმლო სახელი: დიდი ბაბილონი, მეძავთა და მიწიერ სიბილწეთა დედა.


ქალის შინაგან არსზე მეტყველებს მისი საიდუმლო სახელი "დიდი ბაბილონი". ეს სახელი არის საიდუმლო, ანუ იდუმალი, რომელიც სულიერად უნდა გავიგოთ. ამიტომ თვით სახელიც "დიდი ბაბილონი" არა პირდაპირ, არამედ გადატანითი მნიშვნელობით, სიმბოლურად უნდა შევიმეცნოთ.

ბაბილონი (14:8; 16:19), როგორც უკვე ვნახეთ, წარმოადგენს მომავალი ანტიქრისტეანული ქალაქის სახელს, რომელიც მისდამი დაქვემდებარებულ ქალაქთადმი თავისი გამრყვნელი ზეგავლენით ჭეშმარიტად "მეძავთა და მიწიერ სიბილწეთა დედა" გახდება.


"შუბლზე დაწერილი სახელი" მისი უსირცხვობის სახეა, რამეთუ აღსავსეა ცოდვითა და კადნიერებით; ის არის "დედა სიბილწეთა", რადგანაც მისდამი დაქვემდებარებულ ქალაქებს ასწავლის სულიერ მრუშობას და აქეზებს მათ, ღვთის წინაშე ქმნან ყოვლადსაძაგელი უსჯულოება" (წმ. ანდრია კესარიელი).


6. და ვიხილე, რომ მთვრალი იყო წმიდათა და იესუს მოწამეთა სისხლით, და მიკვირდა, მის მხილველს, ესოდენ დიდი საკვირველება.


შემდგომ წმიდა იოანე ამჩნევს, რომ ქალი "მთვრალი იყო წმიდათა და იესუს მოწამეთა სისხლით". ეს უკვე ფუფუნებაზე ან უბრალო გარყვნილებაზე, ან კიდევ უდარდელ სიამტკბილობაზე კი არ მეტყველებს, არამედ ქალის უკიდურეს სისასტიკეზე. ისევე როგორც აპოკალიფსისის ადრინდელ მუხლში (16:6), აქაც მითითებულია ის, რომ ქალაქი ბაბილონი დამნაშავე იქნება ქრისტეანთა სისხლისღვრაში, ქრისტეანული სარწმუნოების სასტიკ დევნულებაში. "წმიდანი", ეს - ყველა ჭეშმარიტი ქრისტეანია, რომელიც დაექვემდებარება დევნას, წამებას და სიკვდილსაც კი ღმრთისმოწინააღმდეგე, უკეთური და ანტიქრისტეანული სამყაროს მხრიდან.


იოანე გაკვირვებულია მხეცზე მჯდომი ქალის ხილვით და ამბობს: "და მიკვირდა, მის მხილველს, ესოდენ დიდი საკვირველება".


რამ გააკვირვა იოანე? ამ გაკვირვების მიზეზზე ანგელოზის სიტყვებიდან შევიტყობთ, რომელმაც უთხრა იოანეს:


7. მაშინ ანგელოზმა მითხრა: რად გიკვირს? მე გეტყვი საიდუმლოს ქალისას და მისი მტვირთველი მხეცისას, რომელსაც აქვს შვიდი თავი და ათი რქა.

ეს საკვირველება მდგომარეობს მხეცისა და ქალის შერწყმაში, მათ უერთიერთკავშირში, საერთო საქმიანობასა და ამსოფლიურ გამოვლინებაში. 17-ე თავის შემდგომი შინაარსი სწორედ ამ საკითხის გამორკვევაზეა კონცენტრირებული.


8. მხეცი, რომელიც იხილე, იყო და აღარ არის, მაგრამ ამოვა უფსკრულიდან და წარსაწყმედლად წავა, და დედამიწის მკვიდრნი, რომელთა სახელებიც ჩაწერილი არ არის სიცოცხლის წიგნში ქვეყნიერების დასაბამიდან, განცვიფრდებიან, როდესაც იხილავენ მხეცს, რომელიც იყო და აღარ არის, მაგრამ კვლავ მოვა.


მხეცი არის ეშმაკი, რომელიც ასე თუ ისე ავლენს თავის სატანურ ძალას სამყაროში. ის ადრე "იყო" და "აღარ არის", ანუ იმ დროს, როდესაც იოანემ გამოცხადება მიიღო. ეშმაკი "აღარ არის" ქრისტეს მაცხოვნებელი ჯვარცმის ძალით, რადგან მას წაერთვა თავისი ადრინდელი მაცთურება (იოანე 12:31), დაჰკარგა ძალმოსილება, რადგან ქრისტეს მორწმუნენი უკვე თავიანთი მაცხოვრის სახელით დევნიან ეშმაკთ (მარკოზი 16:17). ქრისტეანული სარწმუნოების გავრცელებამ გააფერმკრთალა წარმართობის წარმწყმედელი ბრწყინვალება და განქარდა მასში მისი ადრინდელი მაცთური ძალი.


ამ გაგებით, ამ დროიდან დედამიწაზე ეშმაკი უკვე "აღარ არის"; მან მხოლოდ "სასიკვდილო ჭრილობა" მიიღო (გამოცხ. 13:3), რომელმაც წაართვა მას ადამიანებზე თავისუფლად ბოგინობისა და მათი წარწყმედის უფლება. ის, შეკრულ (20:3) და შთაგდებულ იქნა ქვესკნელში. მაგრამ ეშმაკის ეს შეპყრობა სრული და საბოლოო არ არის. ეშმაკი გათავისფულდება და გამოვა ქვესკნელიდან (20:7).


აპოკალიფსისი ლაპარაკობს შეპყრობილი ეშმაკის გათავისუფლებასა და კვლავ გამოჩენაზე, რომელიც ქვეყნიერებას მოევლინება ქვესკნელის ანგელოზის (9:2-11), ასევე ქვესკნელის მხეცისა (11:7) და ურჩხულის სახით, რომელიც თავის ძალაუფლებას გადასცემს ანტიქრისტეს (13:2).


ეშმაკი საბოლოო წარსაწყმედელში წავა იონესთვის შორეულ მომავალში და ეს მისი საბოლოო წარწყმედა იქნება. ეშმაკისთვის, როგორც სულიერი და მარადიული არსებისთვის, შეუძლებელია არსებობდეს სრული განადგურება, არარსებობაში გადასვლა, განქარვება, გაქრობა. ცხადია, მის საბოლოო და სამუდამო წარწყმედაში სამარადისო გეჰენა, მარადიული სატანჯველი უნდა ვიგულისხმოთ, ამიტომაც იწოდება ის "ძედ წარწყმედისა" (2 თესალონიკ. 2:3).


გამქრალი ეშმაკის კვლავ გამოჩენა განაცვიფრებს დედამიწის მკვიდრთ, "რომელთა სახელებიც ჩაწერილი არ არის სიცოცხლის წიგნში ქვეყნიერების დასაბამიდან", მაგრამ არა ქრისტეანთ, რომლებსაც ეცოდინებათ მხეც-ეშმაკის ადრინდელი ძალით კვლავ გამოჩენის ჭეშმარიტი მნიშვნელობა. მათთვის, ანტიქრისტეს სახით ეშმაკის ეს მოვლინება არ იქნება გაკვირვებისა და განცვიფრების საფუძველი, არამედ ჟამი გლოვისა უკეთურთა წარწყმედის გამო და ბიძგის მიმცემი საკუთარი რწმენის გაძლიერებისა, ასევე ნიშანი იმისა, რომ მოახლოვებულია უფლისა და მაცხოვრის მეორედ მოსვლა და სამყაროს აღსასრული.


ასე განმარტავს ამ სიტყვებს ანდრია კესარიელიც: "მხეცი" არის სატანა, რომელიც მოიწყლა ქრისტეს ჯვარცმით, მაგრამ კვლავ მოვა სამყაროს აღსასრულის წინ და ანტიქრისტეს მიერ ცრუ ნიშებითა და სასწაულებით შეეცდება ჯვრის დამხობას. ის მოქმედებდა ქრისტეს ჯვარცმამდე, ამჯერად "აღარ არის" იმ ძალმოსილებაში, რომელშიც "იყო", რამეთუ დაუძლურებულია მაცხოვრის ვნებით და მოკლებულია ხალხებზე ბატონობას, რომელიც ჰქონდა მათი კერპთმსახურების ძალით. სამყაროს აღსასრულის წინ გამოვა უფსკრულიდან, ანუ იმ ადგილიდან, სადაც დამწყვდეული იყო მისი შეკვრის შემდგომ (ამ ადგილს) გაურბიან თვით ეშმაკებიც კი და იქ ყოფნას ღორების კოლტში შესახლება ურჩევნიატ (მათე 8:31; მარკ. 5:12; ლუკა 8:32-33).


ის გამოჩნდება ამ სოფელში, რომელიც ცხოვრებისეული ზღვის ვნებათა ღელვისა და ცოდვებში დანთქმული ყოფის გამო "უფსკრულადაც" იწოდება. აქედანვე გამოვა ანტიქრისტეც - სატანის ჭურჭელი, კაცთა წარმწყმედელი, რისთვისაც დაისჯება და სამუდამოდ წარწყმდება მომავალ საუკუნეში.


"და განკვირდებიან მიწის მკვიდრნი, რომელთ სახელებიც ჩაწერილი არ არის სიცოცხლის წიგნში ქვეყნის დასაბამიდან". ისინი რომელთა სახელები ჩაწერილი არ არის სიცოცხლის წიგნში და, ქრისტეს წინასწარმეტყველების მიუხედავად, ვერ იცნობენ ანტიქრისტეს, გაკვირდებიან მხეცის მოსვლითა და მისი ცრუ სასწაულებით, რამეთუ ვერ გაიგებენ, კვლავ რატომ მიიღო ძალაუფლება" (წმ. ანდრია კესარიელი).
9. აქ საჭიროა გონება, რომელსაც აქვს სიბრძნე: შვიდი თავი შვიდი მთაა, რომლებზედაც ზის ქალი, - და შვიდი მეფე.


ის კომენტატორები, რომლებიც "მხეცში" ან თვით რომს ან რომის მსოფლიო მონარქიას გულისხმობენ, ან კიდევ რომაულ კერპთაყვანისმცემლობას, შვიდ მთაში (მ. 10) ხედავენ მითითებას იმ შვიდ გორაკზე, რომელზეც დაფუძნდა ისტორიული რომი, კერძოდ: 1. კაპიტოლიუმის (Capitolinus), 2. პალატინის (Palatinus), 3. კვირინალის (Quirinalis), 4. ცელიუსის (Caelius), 5. ავენტინის (Aventinus), 6. ვიმინალის (Viminalis) და 7. ესკვილინის (Esquilinus) გორაკები.


მაგრამ იოანეს მხედველობაში რომი და მისი გორაკები რომ ჰქონოდა, ამაში განსაკუთრებული საიდუმლო რა უნდა ყოფილიყო და ამის გასაგებად არც გონების დიდი დაძბვა იქნებოდა საჭირო. თანაც თუკი ქალისა და მხეცის სახელები უნდა გავიგოთ არა ისტორიული, არამედ სიმბოლური აზრით, მაშინ გორაკების ერთობაც სიმბოლურად უნდა იქნეს აღქმული და არა პირდაპირი მნიშვნელობით, რადგან ისინი ამ სიმბოლური ხილვის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენენ.


წმიდა წერილში, როდესაც სიმბოლურ გამოყენებაზეა ლაპარაკია, გორაკები (მთები) ჩვეულებრივ სამეფოებს აღნიშნავენ ან საკუთრივი მნიშვნელობით მიანიშნებენ ამა თუ იმ სამეფოზე. მაგალითად: ფსალმ. 75:5; დან. 2:35; 7:17; 8:2; იერ. 5:25; ეზეკ. 35:1 და სხვა. მაგრამ თუ ქალში ანტიქრისტეანული სამეფო და ძალა უნდა ვიგულისხმოთ, მაშინ მხეცის შვიდ თავშიც მიწიერი სამეფოები უნდა ვიგულვოთ, რომელთა განვითარებაშიც გამოიხატა ეშმაკისა და მისი ღმერთსაწინააღმდეგო ძალისხმევა, რომელიც კაცობრიობის გარყვნისკენ არის მიმართული.


ქალი, ანტიქრისტეანული სამეფო და ანტიქრისტეანული უკეთურება, ზის მხეცზე, რომელსაც გააჩნია ეს თავი-სახელმწიფოები, შედეგად, მას ექნება იგივე საფუძველი, რაც იმ სახელმწიფოებს გააჩნდათ, განსხვავება მხოლოდ იმაში იქნება, რომ ანტიქრისტესეული სამეფო ბოლო ჟამს გამოჩნდება და შემოჰკრებს ყველა ადრე არსებუილ სახელმწიფოს უკეთურ და ბილწ თავისებურებებს, რამეტუ სწორედ მათში გამოიხატებოდა ეშმაკის ღმრთისმბრძოლური ძალა.


ხოლო რაკიღა ყოველ ისტორიულ სამეფოს თავისი ისტორიული ქალაქები გააჩნია, რომელიც თავისი კულტურისა და მეფეების გამოხატულებაა, და სახელმწიფო ძალაუფლების მატარებელიცაა და გამომხატველიც, სახელმწიფოზე წარმოდგენას განუყრელად უკავშირდება წარმოდგენაც მის მეფეებზე. ამიტომაც არის, რომ აპოკალიფსურ ხილვებში ჩვენ თავების ერთსა და იმავე სიმბოლოში, რომელიც ანგელოზმა მიუთითა, უნდა დავინახოთ შვიდი მთაც და შვიდი მეფეც (მ. 10).


მაგრამ მხეცი ეს არის მსოფლიო ძალა მის ისტორიულ განვითარებაში, ერთი სამეფოების შეცვლა სხვა სამეფოებით. ისინი ერთი მეორის მიყოლებით ეცემიან და ცვლიან ერთმანეთს (ფსალმ. 75:5; ეზეკ. 35:1; იერ. 51:25). ამ აზრით შეიძლება ითქვას, რომ იოანე ღვთისმეტყველის დროისთვის ხუთი სამეფო უკვე დაცემული იყო:


10. რომელთაგანაც ხუთი დაემხო, ერთი არის, სხვა კი ჯერაც არ მოსულა, მაგრამ როდესაც მოვა, დიდხანს ვერ გაძლებს.

მეექვსე არსებობდა, მეშვიდე მისი მომდევნოა, რომლის შემდეგაც აღმოცენდება უკანასკნელი სამეფო, რომლითაც დასრულდება კიდევაც ეშმაკის მსოფლიო ღმრთისმებრძოლი ძალის ბატონობა დედამიწაზე.


ამის წინააღმდეგ ამბობენ, რომ თითქოსდა მეათე მუხლში ლაპარაკია არა სამეფოებზე, არამედ მეფეებზე. ამიტომაც, ცდილობენ მიუთითონ ამ მეფეთა სახელებიც. კერძოდ, მათი აზრით, ესენი არიან რომის იმპერატორები. მაგრამ ამ შეხედულების სუსტი მხარე იმაშია, რომ არ არის თანხმობა ამ ჩამონათვალში; და იმ დროს, როდესაც ერთნი მერვე მეფედ ნერონს მიიჩნევენ, რომელიც, ხალხის რწმენით, თავის საყდარს ისევ უნდა დაუბრუნდეს, სხვები მასში იულიანეს (განდგომილს) ან დომიციანეს, ან კიდევ დიოკლეტიანეს გულისხმობენ.


გარდა ამისა იოანეს გამოთქმა, რომ ხუთი მეფე უკვე დაემხო, - (ბერძნული ტექსტიდან გამომდინარე) შეუძლებელია გაგებულ იქნას ბუნებრივ სიკვდილად და არ შეიძლება გადაითარგმნოს, როგორც "გარდაიცვალნენ". წმიდა წერილში გამოთქმა "დაემხო", "დაეცა" მხოლოდ სამეფოებთან და ქალაქებთან მიმართებაში გამოიყენება. მაგალითად: გამოცხ.: 14:8; 16:19; 18:2; იერ. 51:8; ამოს. 5:2. ეს ტერმინები არ გამოიყენება პიროვნებებთან მიმართებაში.


ამიტომაც, უფრო სამართლიანია ის აზრი,რომლის მიხედვითაც მე-10 მუხლში ნახსენებ "მეფეებში" ვიგუილსხმოთ სამეფოები, სახელმწიფოები ამა თუ იმ მეფეთა ხელმძღვანელობით, რომლებიც არიან ამ სამეფოთა პოლიტიკის ტიპიური გამომხატველები და წარმმართველნი. ასეთ შეხედულებას მისდევს, სხვათა შორის, ანდრია კესარიელი.


"შვიდ თავად და შვიდ მთად" იმ შვიდ ადგილს გულისხმავყოფთ, რომლებიც სხვა დანარჩენებს ძალითა და ძლევამოსილებით აღემატებოდნენ და სადაც სხვადასხვა დროს მსოფლიო სამეფოები დაეფუძნენ. პირველი იყო ასურელთა სამეფო, მეორე - მიდიელთა ეკბატანი, რომლის მეფემ არბაკოსმა, ისტორიულ წყაროთა თანახმად, მოკლა ასურელთა მეფე სარდანაპალი; შემდეგ ნაბუქოდონოსორმა დააფუძნა ქალდეველთა სამეფო ბაბილონში, ხოლო კვიროსმა დასცა იგი და სპარსელთა სამეფო სუზეში დააფუძნე. ეს უკანასკნელი დაანგრია ალექსანდრე მაკედონელმა და მაკედონიელთა სამეფო დააფუძნა. ამის შემდეგ, კეისარ ავგუსტუსის დროს, მთელს დედამიწაზე განივრცო რომის ძალაუფლება, რომელიც კონსტანტინეს მოსვლამდე ურჯულოებს ეპყრათ (ზუსტად ასე უნდა გავიგოთ შვიდი მეფეც). ესენი არიან შვიდნი მთანი და შვიდნი მეფენი, რომლებიც ამ ადგილებზე ხელმწიფებდნენ: ნინო - ასურელთა, არვაკოს - მიდიელთა, ნაბუქოდონოსორი - ბაბილონისა, კვიროს - სპარსთა, ალექსანდრე - მაკედონთა, რომულუს - ძველი რომისა და კონსტანტინე ახალი რომისა" (ანდრია კესარიელი).


უახლოესი კომენტატორები ზემოთხსენებულ ჩამონათვალს საკმაოდ ამრაველფეროვნებენ. ზოგიერთი აზრით (Luthard) ესენი: ასირია, ქალდეის სამეფო,სპარსეთი, მაკედონია, სირიის და რომის; სხვების აზრით (Ebrard): ასირიის, ბაბილონის, სპარსეთის, მაკედონიის, სირიის და რომის. პირველ ხუთ მსოფლიო იმპერიაზე, რომლებიც უკვე დაეცა, მხოლოდ ვარაუდით თუ შეიძლება ვილაპარაკოთ. ყოველ შემთხვევაში ეს ის სამეფოებია, რომლებიც ებრაელ ხალხს მტრობდნენ, რადგან მაშინ სწორედ ებრაელი ხალხი წარმოადგენდა ღმრთის სამეფოს დედამიწაზე. ამგვარ ღმრთისმბრძოლ სამეფოებად შეიძლება დავასახელოთ: ასირიული (ნინევია), ბაბილონის (ბაბილონი), სპარსეთის (სუზა), მაკედონიისა და სირიის - უკანასკნელი სამეფოები პირდაპირ არის მითითებული დანიელის წინასწარმეტყველებაში.


მეექვსე სამეფოს შესახებ ჩვენ თვით აპოკალიფსისიდან შევიტყობთ. მეექვსე მეფის შესახებ ნათქვამია: "ერთი არის"; რადგან იოანეს დღეებში მსოფლიო იმპერია რომაული იყო, ცხადია, აქ სწორედ ის იგულისხმება, რომელიც რიგში მეექვსეა.


აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ ჩვენი თანამედროვე ზოგიერთი კომენტატორი ჩვენს დროებასთან მიმართებაში განმარტავს იოანეს წინასწარმეტყველებას სახელმწიფოებზე. მაგალითად, ამბობენ, რომ იოანეს ამ სიტყვებში იგულისხმება არა რომი, არამედ მოსკოვი, რომელიც ასევე შვიდ გორაკზეა გაშენებული. ხოლო მეფეებში, კომუნისტური ღვთისმბრძოლი სახელმწიფოს გენსეკებს ვარაუდობენ. ამ თეორიას დღემდე მრავალი მომხრე ჰყავს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბიბლია მრავალ პრიზმაში იკითხება და ზოგჯერ, ლოკალური მოვლენა, შესაძლოა წინასწარმეტყველებას ზუსტად მისდევდეს, მაგრამ არ წარმოადგენდეს იმ ჟამის მოვლენას, რომელსაც იოანე გულისხმობდა. ლოკალური მოვლენა მომავლის წინასახეს ან ლოკალური განხორციელებით იმ დიდი მოვლენის წინასახეს წარმოდგენს, რომლის შესახებაც წინასწარმეტყველებს იოანე.


სრულიად აშკარაა, რომ იოანეს სიტყვები "ერთი არის" მის თანამედროვე იმპერიას გულისხმობს, დანარჩენი ხუთი კი მანამდე არსებულს, ამიტომაც, არ გვაქვს არანაირი სერიოზული საფუძველი ამ ადგილას მაინცა და მაინც საბჭოთა სახელმწიფო და მისი გენსეკები ვიგულისხმოთ, რადგან მაშინ იოანე "ერთი არისო" არ იტყოდა. თუ იოანესთვის ხილული მოვლენა მთლიანად მომავალში ხდება, არც უკვე დაცემული ხუთი სახელმწიფო უნდა მოხსენებულიყო წარსულ დროში, არც მეექვსე ამწყოში, და მხოლოდ მეექვსე და მეშვიდე მომავალ დროში, არამედ მთელი წინასწარმეტყველება მომავალ დროში უნდა აღწერილიყო... მაგრამ იოანე ასე არ აკეთებს, რადგან ის აღწერს იმას, "რაც იყო, რაც არის და რაც მომავალში უნდა მოხდეს..."


მეშვიდე სამეფოს შესახებ იოანე გაურკვევლად მსჯელობს. "სხვა კი ჯერაც არ მოსულა, მაგრამ როდესაც მოვა, დიდხანს ვერ გაძლებს", ანუ მისი მეფობა ჯერ არ დამდგარა, მაგრამ როცა დადგება, დიდხანს ვერ გასძლებს. კომენტატორთა საზოგადო შენიშვნით ბოლო გამოთქმა "დიდხანს ვერ გაძლებს" მისი არსებობის მცირე ჟამს კი არ გულისხმობს, არამედ იმას, რომ მეშვიდე სამეფოს შემდეგ მყისიერ მერვე სამეფოს აღზევებას უნდა ველოდოთ (შეად. 1:3). რადგან რომის იმპერია დღეისთვის უკვე დაცემულია, მისი შემცვლელი სამეფო, ანუ გერმანო-სლავური ხალხებისა შეიძლება ჩავთვალოთ მეშვიდედ, მან მერვე სამეფოს გაჩენამდე უნდა იარსებოს. არსებობს ისეთი ვარაუდიც, რომლის მიხედვითაც მეშვიდე სამეფო არის ევროკავშირი, რომელიც ასპარეზს სწორედ ანტიქრისტეს სამეფოს დაუთმობს.


ეს მერვე სახელმწიფო იწოდება "მხეცად", რომელიც 8-ე მუხლში იყო ნახსენები და რომლის შესახებაც არის ნათქვამი:

11. ხოლო მხეცი, რომელიც იყო და აღარ არის, მერვეა შვიდთაგან, და წარსაწყმედლად მიდის.

მხეცად მისი წოდება გვახსენებს მხეცს 13-ე თავიდან, და ამგვარად, გვაფიქრებინებს, რომ მერვე თავი სწორედ ანტიქრისტე და მისი სამეფოა. გამოთქმა "და აღარ არის" ლაპარაკობს მის იმ სასიკვდილო ჭრილობაზე, რომლითაც მხეცის ერთი თავი დაიჭრა და განიკურნა. რადგან მხეცის თავი იგივეა, რაც სამეფო, რომელშიც ისტორიულად ვლინდებოდა ეშმაკის ღმრთისმბრძოლი ძალა, ერთი თავის განკურნება, სიცოცხლისუნარიანობისკენ მისი დაბრუნება ლაპარაკობს შვიდიდან რომელიღაც სამეფოს აღდგენაზე, რომელიც თავისი ახალი სახით ანტიქრისტეს სამეფო გახდება.


"მხეცი" არის ანტიქრისტე. ის იწოდება "მერვედ", რადგან ამ შვიდი სამეფოს შემდეგ გამოჩნდება კაცთა საცთუნებლად და მიწის მკვიდრთა მოსაოხრებლად; ის იქნებაო ამ "შვიდთაგან", რადგან გამოვა ერთ-ერთ ამ სამეფოთაგან. და მოვა არა რომელიმე ზემოთ ხსენებული ერისგან, არამედ, როგორც რომაელთა მეფე, იმათ საწამებლად და სატანჯველად, რომლებიც არ ცნობენ მის ხელმწიფებას და არ დაემორჩილებიან. ამის შემდეგ ანტიქრისტე გეჰენაში თვითონ შთავარდება" (ანდრია კესარიელი).


რა სამეფოა ეს? ის ერთია შვიდთაგან. ამრიგად, ეს არ არის სირიის სამეფო, რომლის მეფე ანტიოქოს ეპიფანე ებრაელი ერისა და ებრაელთა რელიგიისადმი თავისი სიძულვილის გამო შეიძლება ძველაღთქმისეულ ანტიქრისტედ იწოდოს, ან ეს რომაელთა სამეფოა. იოანე არ გვაძლევს რაიმე მითითებას ამ საკითხის გადასაწყვეტად; ის მხოლოდ ამბობს, რომ "მერვეა შვიდთაგან". ეს ნიშნავს, რომ მისთვის დამახასიათებელი იქნება წინა სამეფოთა თავისებურებანი, იქნება მათი განხორციელება, მათი პირმშო. უფრო ზუსტად კი, ის დაემსგავსება ყველას, შვიდივეს, თუმცა არც ერთი მათგანი არ იქნება. ეს განსაკუთრებული სამეფოა, - მხეცის სამეფო, რომელიც ზღვიდან ამოდის (3:1) და, რომელსაც ურჩხულმა მთელი თავისი ძალაუფლება გადასცა, რამეთუ თავისი ძალაუფლება მას, ადრინდელი მეფეებისთვის არ გადაუცია.


ანტიქრისტეს ეს სამეფო იქნება სწორედ ყველაზე ღმრთისმბრძოლი, მაგრამ უკანასკნელიც. ის წარსაწყმედელში წავა და სამარადისო გეჰენას დაიმკვიდრებს მხეცთან და ურჩხულთან ერთად. ამგვარად, ეს სამეფო იქნება ეშმაკის უკანასკნელი ძალისხმევა მსოფლიოს დასამორჩილებლად.


მხეცის თავების განმარტების შემდეგ ანგელოზი ათი რქის განმარტებაზე გადადის და იოანეს ამცნებს:


12. ათი რქა, შენ რომ იხილე, ათი მეფეა, რომელთაც ჯერ არ მიუღიათ მეფობა, მაგრამ, როგროც მეფენი, მხეცთან ერთად მიიღებენ ხელმწიფებას, ერთი საათით.

რადგან უფრო სწორი იქნება ვთქვათ, რომ რქები არ წარმოადგენენ ერთი რომელიმე თავის კუთვნილებას, არამედ მთელ მხეცს მიეკუთვნება, რქების სიმბოლოთი მითითებული მეფეთა მნიშვნელობაც უპირველეს ყოვლისაც მხეცის მთლიან ხატებას უნდა განვაკუთვნოთ, და მხოლოდ ამის შემდეგ მერვე მხეცის, ანუ ანტიქრისტესა და მისი სახელმწიფოს მნიშვნელობას. შედეგად, ათი რქა არ უნდა გავიგოთ რომის ათი პრეფექტის მნიშვნელობით, როგორც ეს ზოგიერთს ესმოდა; ან კიდევ რომის ათ პროვინციად, რამეთუ ეს ყველაფერი მხოლოდ რომის სამეფოზე იმეტყველებდა და არა ეშმაკსა და მის მომავალ სამეფოზე ანტიქრისტე რომ ჩაუდგება სათავეში. ასევე არ უნდა ვიგულისხმოთ მათში ბარბაროსი ხალხები, რადგან ეს მხოლოდ რომის სამეფოსთან კავშირზე იმეტყველებდა და არა ეშმაკთან და ანტიქრისტეს მომავალ სამეფოსთან კავშირზე.


რქები - ძლიერების სიმბოლოა, რომელიც ყოველთვის ვიღაცის განკარგულებაშია. მეფეები, რომლებიც რქებით არიან აღნიშნულნი (მ. 12) ასევე წარმოსდგებიან დამოუკიდებელი სახელმწიფოების არმქონე მეფეებად. ისინი თითქოსდა ვასალები არიან, რომლებიც მთლიანად სხვას ექვემდებარებიან. და სამეფო ხელმწიფებას თუ მიიღებენ, ანუ უფლებას მართვისა და კანონმდებლობისა, მხოლოდ მხეცთან ერთად, რომელიც მათი სუვერენია და ისიც მცირე დროით, - "ერთი საათით".


"ათი რქა", ანუ ათი მეფე, რომლებიც წინ უსწრებენ ანტიქრისტეს და რომელთაგან ერთმა სამი აღმოფხვრა, ხოლო დანარჩენი დაიმორჩილა, დანიელმაც იხილა. "ერთი საათი" ან დროის ხანმოკლეობას აღნიშნავს, ან წელიწადის ერთ ნაწილს, ანუ სამ თვეს, რომლის შემდეგ მეფენი დაემორჩილებიან ანტიქრისტეს, როგორც მეფეს" (ანდრია კესარიელი).


ამგვარად, ესენი შეიძლება იყონ ბოლო დროინდელ ხალხთა და სახელმწიფოთა წარმომადგენლები. თავიანთი შეფარდებითი უძლურებით და უმაღლესი ტიპიურობის არქონით ისინი განსხვავდებიან მსოფლიო იმპერიათა მეფეთაგან, რომლებიც მხეცის თავებად არიან წოდებულნი. ეს რქა-მეფეები გამოყენებულ შეიძლება იქნენ მხოლოდ როგორც იარაღი უკანასკნელი სამეფოს იმპერატორის აღზევებისთვის.


ათი (განსაზღვრული რიცხვი გაუნსაზღვრელის ნაცვლად) მეფე *დაბ, 2:44; 7:24) წარმოადგენენ არა იმ სამეფოთა ხელმძღვანელებს, რომლებადაც იყოფა მეშვიდე სამეფო, არამედ ცალკეულ ხალხთა სამეფოებად, რომლებიც ჯერ არ შესულან მხეცის მსოფლიო სამეფოს შემადგენლობაში. ეს მეფეებ თავიანთი რელიგიურ-ზნეობრივი მდგომარეობით და სამოქალაქო-პოლიტიკური პირობებით სრულიად შესაბამისნი (ერთსულოვანნი) იქნებიან ეშმაკისა და მისი მიზნებისა შექმნას დედამიწაზე ერთი, ანტქრისტესეული სახელმწიფო. ამიტომაც არის ნათქვამი, რომ მათ:


13. ერთი აზრი აქვთ და თავიანთ ძალას და ხელმწიფებას მისცემენ მხეცს.


ანტიქრისტე მაქსიმალურად გამოიყენებს მათ განწყობას, აზრთა მიმართულებას და კრავთან საბრძოლველად გააერთიანებს. აქ იგულისხმება ანტიქრისტესა და მისი თანამოაზრეების ბრძოლა ეკლესიის წინააღმდეგ, ქრისტეანობისა და ყოველგვარი სიწმიდის წინააღმდეგ. ეს იქნება უკანასკნელი ბრძოლა, ეშმაკის ბოლო გაბრძოლება მთლიანად დაამკვიდროს თავისი ძალაუფლება ადამიანებზე, რათა გახდეს არა მარტო მიწიერი მეფე, არამედ ღმერთიც, შეცვალოს მამის, ძისა და სულიწმიდის თაყვანისცემა და უკანასკნელად შეეცდება მიაღწიოს მხოლოდ ეშმაკის სრულ თაყვანისცემას დედამიწაზე.


14. ერთადვე შეებრძოლებიან კრავს, მაგრამ კრავი იმძლავრებს მათზე, რადგანაც ის არის უფლებათა უფალი და მეუფეთა მეუფე, ხოლო მასთან მყოფნი ხმობილნი, რჩეულნი და სარწმუნონი არიან.


მაგრამ ამ უკანასკნელ ბრძოლაშიც ქრისტე გაიმარჯვებს. მას უნდა დაექვემდებაროს ყველა (1 ტიმ. 6:14, 15), რადგან მას მიეცა ძალაუფლება როგორც ცაში, ასევე დედამიწაზე (მათე 28:18) და ის არის უფალი უფლებათა და მეფე მეფეთა. მხეცსა და მის სამეფოზე, ასევე მის თანაშემწეებზე კრავი (ქრისტე) არა მხოლოდ უშუალოდ გაიმარჯვებს, არამედ (როგორც იარაღნი) რჩეულთა და წმიდათა მიერაც (2 იოანე 1:13), ასევე მართალთა (იოანე 20:27) და მის მსახურთა მიერ, მთელი თავისი მხედრობის მიერ. ეს ის მხედრობაა, რომელმაც განასპეტაკა თავისი სამოსი კრავის სისხლით (7:14) და მას მისდევს საითკენაც უნდა წავიდეს (14:4).


15-ე მუხლში ანგელოზი, განმარტავს რა ხილვას, იოანეს ყურადღებას მეძავ დედაკაცსა და მის შემდგომ ბედს მიაპყრობს.


15. კვლავ მითხრა მე: წყალნი, რომელნიც იხილე, სადაც ზის დიდი მეძავი, ხალხები არიან და ბრბონი, ერები და ენანი.


მეძავი დედაკაცი ხილვაში წარმოდგენილია (მ. 1), როგორც წყლებზე მჯდომი. რადგან დედაკაცი ანგელოზის განმარტებით (მ. 18) დიდ ქალაქზე მიანიშნებს, "წყლებში" შეიძლება ვიგულისხმოთ იმ მდინარის წყლები, რომლებზეც, როგორც ძველი ბაბილონი, გაშენდება ანტიქრისტეანული სამეფოს მომავალი დედაქალაქი. მაგრამ საიდუმლო-სიმბოლური აზრით "წყლებში" უნდა ვიგულისხმოთ მსოფლიოს ის ხალხები, რომლებიც დაემორჩილებიან ქალაქს, როგორც მონები. თავის მხრივ, ამ ხალხებში უნდა ვიგულისხმოთ: 1. ადამიანთა მოდგმის ცალკეული პიროვნებები, სახელმწიფოს ქვეშევრდომები; 2. ხალხის მასა, საზოგადოების დაბალი ფენა, 3. ხალხები მათი ცალკეული სახელმწიფოებრივი წყობილებებით და 4. ეროვნებები, რომლებსაც გააჩნიათ თავიანთი ენა და კულტურა (შეად. 5:9; 7:9; 14:6).


ამგვარად, დიდი მეძავი, როგორც ქალაქი, ეს მომავალი მსოფლიო დედაქალაქია, რომელსაც ეყოლება მრავალი მოხელე, ქვეშევრდომი და მოსამსახურე, რაც სრულიად შეესაბამება მთავარ ანტიქრისტეანულ ქალაქს, რომლის მეფე იქნება ანტქრისტე, გახდება მსოფლიოს მბრძანებელი და დაიმონებს მრავალ ერსა და ენას (13:8-14).


16. ათი რქა, შენ რომ იხილე, და მხეცი მოიძულებენ, გაძარცვავენ და გააშიშვლებენ მეძავს, შეჭამენ მის ხორცს და ცეცხლს მისცემენ მას.

ათი რქა, ჩვენის აზრით, - მომავალი ანტიქრისტეანული სამეფოს ათი მეფეა, რომლებიც მოიძულებენ, გაძარცვავენ და გააშიშვლებენ მეძავს (ანუ ანტიქრისტეანულ სამეფოს), შეჭამენ მის ხორცს და ცეცხლს მისცემენ. სიძულვილი გამოვლინდება ქალაქის გაპარტახებაში.


გააშიშვლებენ მეძავს, რადგან გაძარცული იქნება ყველა მისი ძვირფასეულობა, ოქრო და ვერცხლი, რომლითაც ასე მდიდარი იყო ეს ქალაქი (მ. 4) და რომელიც განცხრომით ცხოვრების შესაძლებლობას აძლევდა მის ბინადართ, რითაც ცთუნებისა და ხიბლის მიზეზნი იყვნენ გარშემომყოფი ხალხებისთვის. როგორც ველური მხეცები გლეჯენ ნაწილებად თავიანთ მსხვერპლს, ასე გაანადგურებენ ამ ქალაქსაც აპოკალიპტური მეფეები; ისინი ცეცხლითა და მახვილით მოსრავენ მას და აღგავენ პირისაგან მიწისა.


მოვლენებს, რომლებიც აღწერილია 16-ე თავში უნდა ველოდოთ მხოლოდ მომავალი, ანტიქრისტეანული სამეფოს პერიოდში. მაშინ, იმ ხალხებს, რომლებიც ჯერაც არ შესულან ანტიქრისტეანული სამეფოს შემადგენლობაში, ანტიქრისტე საკუთარი ქალაქის წინააღმდეგ აამხედრებს და, მზაკვრული პოლიტიკით მოტყუებულნი, მთელს თავიანთ მრისხანებასა და მტრობას მიაქცევენ არა ანტიქრისტეს, არამედ მისი ქალაქის წინააღმდეგ.


ეს ხალხები და მეფეები, რომლებიც ევფრატიდან მოვლენ იმის შემდეგ რაც ის დაშრება, არიან გოგისა და მაგოგის ხალხები. ისინი სამყროს აღსასრულის წინ (გამოცხ. 20:7) ანტიქრისტეს ძალაუფლების ქვეშ იქნებიან. ანტიქრისტე მათთან ერთად, ისარგებლებს რა მათი ძლიერებითა და იარაღით, გაანადგურებს საკუთარ ქალაქს, რადგან გონებადაბნელებული და ხარბი, დაუკმაყოფილებელი იმ მორჩილებით რასაც მას გამოუცხადებენ ქალაქის მცხოვრებნი, მოითხოვს თავისი ქვეშევრდომების სრულ გაუსახურებას. ამ უკიდურეს დესპოტიზმსა და უზნეობაზე უკვე მითითებული იყო ადრინდელ ხილვებში, - რომ ანტიქრისტე მოითხოვს მათგან საღმრთო პატივს (გამოცხ. 13:6, 8) და დაავალებს ცრუწინასწარმეტყველს აღბეჭდოს ყველას შუბლი და მარჯვენა ხელი მისი (ანუ ანტიქრისტეს) ბეჭდით (13:16).


17. რადგანაც ღმერთმა ჩაუდო გულში, აღასრულონ მისი ნება, ყონ ერთი ნება და მისცენ თავიანთი მეფობა მხეცს, ვიდრე არ აღსრულდება ღვთის სიტყვა.

ქალაქის დაცემითა და გაპარტახებით აღსრულდება ღმრთის ნება, ღმრთის წინასწარგანსაზღვრულობა. სწორედ ღმერთი ჩაუდებს მეფეებს გულში (მ. 17) გაანადგურონ ღმრთითსაძულველი ქალაქი; მართალია ისინი ანტიქრისტეს ნების შემსრულებელნი იქნებიან, და მის განკარგულებებს შეასრულებენ, მაგრამ ამაშიც გამოვლინდება ღმრთის ნება, რამეთუ სწორედ ღმრთის ნებით უნდა აღსრულდეს მეძავ-ქალაქზე სასჯელი (მ. 1). ღმრთის ნებას მეფეები დაემორჩილებიან მათდა უნებურად, როგორც ბრმა და მორჩილი იარაღი საკუთარი ბელადის ანტიქრისტესი, რათა თანდათანობით მიიყვანონ სამყაროს ისტორია თავის დასასრულამდე.


ამ საღმრთო ნების აღსასრულებლად, ისინი ნებყოფლობით გადასცემენ თავიანთ სამეფოს ანტიქრისტეს და მით გაზრდიან მის მედიდურობას; და ანტიქრისტეც იმეფებს მათთან ერთად, თუმცა მხოლოდ "ერთი საათით", ანუ ძალზედ მოკლე დროით, რომელიც მონიშნა ღმერთმა ანტიქრისტეს უკიდურესი მძვინვარებისა და სასტიკი დესპოტიზმის გამოსამჟღავნებლად. რჩეულთა გამო უფალი შეამოკლებს ამ ჟამს (მათე 24:22). მსოფლიოში ყველაფერი მოხდება ისე, როგორც ეს ღმერთმა აუწყა თავის მონებს და წინასწარმეტყველთ (გამოცხ. 10:7).


18. ხოლო ქალი, შენ რომ იხილე, დიდი ქალაქია, რომლის მეუფებასაც ჰმორჩილებს ქვეყნის ყოველი მეფე.


ანგელოზის განმარტებით, მეძავი ქალი, იოანემ რომ იხილა და რომლის მეუფებასაც ჰმორჩილებს ქვეყნის ყოველი მეფე, არც ისტორიული რომია და არც ბაბილონი, არამედ ანტიქრისტეს მომავალი, ბოლოჟამინდელი ქალაქი, რომელიც ანტიქრისტეს მეთაურობით მსოფლიოს დედაქალაქი გახდება და რომლიდანაც გაავრცელებს თავის ძალაუფლებას დედამიწის ყველა ხალხსა და მეფეზე, რომლებმაც ქრისტე უარყვეს.


ამ ქალაქის დასჯა, მისი გაპარტახება თვით მეფე-ანტიქრისტეს მიერ იქნება სამყაროს აღსასრულის მაუწყებელი. ანტიქრისტეს სამეფოზე და თვით ანტიქრისტეზე ღმრთის მსჯავრის მოწევნის ბოლო ნიშანი. აქედან გამომდინარე, სწორედ ეს მოვლენა გახდება დასასრულის დასაწყისი.


"რადგანაც ეს სიტყვები განმარტა ანგელოზმა, საჭირო არ არის მათი დაწვრილებით განხილვა, მაგრამ მიკვირს, მტერი იგი და შურსმგებელი ეშმაკი როგორ დაეხმარება მისდამი დაქვემდებარებულ და ქრისტეს წინააღმდეგ ამხედრებულ და აღჭურვილ ათ რქას, ადგნენ და მოაოხრონ თვით-ცთუნებული და ღვთისგან განდგომილი, ხალხმრავალი ქალაქი, შემდეგ კი დანაყრდნენ მისი სისხლით, როგორც მხეცნი ნაყრდებიან თავიანთი ნადავლით. ისიც მიკვირს, როგორც მისცემს თანხმობას (ღვთისგან განდგომილი ქალაქის მოოხრებაზე) თავის ათ განდგომილ რქას ის, ვისთვისაც მოოხრება სიხარულია, კაცთაკვლა - საზრდელი, განხეთქილება და უთანხმოება კი ნუგეში?! მაგრამ ის მოსაზრება, რომ დედაკაცი იგი არის დიდი ქალაქი, რომელიც ბატონობს ამქვეყნიურ თავადებზე, დამაჯერებელს ხდის ამას.


იმდროინდელ მსოფლიო სახელმწიფოს სული ტანჯვა-წამებაში აღმოხდება. დე, გვაშოროს ღმერთმა ამ უბედურებებს და შეგვასახლოს ზეციურ იერუსალიმში, რომელშიც, როგორც მოციქული ამბობს, თავად უფალია "ყოველივესა და ყველაფერში", როდესაც გააუქმებს ყოველგვარ (განდგომილ) მეუფებას, ხელმწიფებასა და ძლიერებას, ხოლო მის ერთგულ მსახურთ მოისვამს გვერდით და თავად მოემსახურება, ანუ დაატკბობს მათ იმ სიკეთეებით, ქვეყნის დასაბამითგან რომ მოამზადა მათთვის.


დე გვაღირსოს ღმერთმა ამ სიტკბოებას ჩვენს უფალ ქრისტე იესუში, რომელიც არის ჩვენი მხსნელი და მაცხოვარი; რომელსაც ეკუთვნის დიდება და სიმტკიცე თანა მამით და სული წმიდითურთ, აწდა, მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ" (წმ. ანდრია კესარიელი).

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню