აპოკალიფსისის განმარტება_V_14_1_5_ქალწულები - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოკალიფსისი > განმარტება

ქალწულები

(თ. 12-14)

იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადება

ძვ. ქართულით

1. და დავდეგ მე ქჳშასა ზედა ზღჳსასა და ვიხილე მჴეცი ერთი აღმომავალი ზღჳთ, რომელსა აქუნდეს ათნი რქანი და შჳდნი თავნი, და რქათა ზედა მისთა ათნი გჳრგჳნნი, და თავთა ზედა მისთა სახელნი გმობისანი. 2. და მჴეცი იგი, რომელ ვიხილე, იყო მსგავსი ვეფხისაჲ, და ფერჴნი მისნი, ვითარცა დათჳსანი, და პირი მისი, ვითარცა პირი ლომისაჲ. და მისცა მას ვეშაპმან მან ძალი თჳსი და საყდარი თჳსი და ჴელმწიფებაჲ დიდი. 3. და ერთი თავთა მისთაგანი, რომელი-იგი დაკლულ იყო სიკუდილდ, და წყლულებაჲ იგი სიკუდილისა მისისაჲ განიკურნა. და დაუკჳრდა ყოველსავე ქუეყანასა მჴეცისა მისთჳს. 4. და თაყუანის-სცეს ვეშაპსა მას, რომელმანცა მისცა ჴელმწიფებაჲ იგი მჴეცსა მას; და თაყუანის-სცეს მჴეცსა და იტყოდეს: ვინ არს მსგავს მჴეცისა მის? ვინ შემძლებელ არს ბრძოლად მისა? 5. და მიეცა მას პირი დიდადმეტყუელი და მგმობარი, და მიეცა მას ჴელმწიფებაჲ ყოფად ბრძოლისა ორმეოც და ორ თთუე. 6. და აღაღო პირი თჳსი გმობად ღმრთისა მიმართ, გმობად სახელისა მისისა და სამკჳდრებელისა მისისა, და ცათა შინა დამკჳდრებულთა მათ. 7. და მიეცა მას ბრძოლისაცა ყოფად წმიდათა მიმართ და ძლევად მათდა; მიეცა მას ჴელმწიფებაჲ ყოველსა ზედა ტომსა და ერსა, და ენასა და ნათესავსა. 8. და თაყუანის-სცენ მას ყოველთა მკჳდრთა ქუეყანისათა, რომელთა სახელები არა დაწერილ არს დასაბამითგან სოფლისაჲთ წიგნსა მას ცხორებისასა კრავისა მის დაკლულისა. 9. რომელსა ჰქონან ყურნი, ისმინენ. 10. რომელსა აქუს ტყუეობაჲ, წარვალს ტყუეობად; რომელი მახჳლითა ჯერ-არს მისი მოკლვაჲ, მახჳლითა თჳსითა მოიკლას. აქა არს მოთმინებაჲ და სარწმუნოებაჲ წმიდათაჲ. 11. და ვიხილე სხუაჲ მჴეცი, აღმომავალი ქუეყანით, და აქუნდეს რქანი, მსგავსნი კრავისა, და ზრახვიდა, ვითარცა ვეშაპი. 12. და ჴელმწიფებასა პირველისა მის მჴეცისასა ყოველსა იქმნ წინაშე მისსა და ჰყოფდა ქუეყანასა და ყოველთა მკჳდრთა მისთა, რაჲთა თაყუანის-სცენ მჴეცსა მას პირველსა, რომლისა წყლულებაჲ სიკუდილისა მისისაჲ განიკურნა. 13. და იქმნ სასწაულთა დიდთა, და რაჲთა ცეცხლი გარდამოჴდეს ზეცით წინაშე კაცთა. 14. და აცთუნებს მკჳდრთა მათ, რომელნი არიან ქუეყანასა ზედა, სასწაულთა მათთჳს, რომელ მიეცნეს მას ქმნად წინაშე მჴეცისა მის, და ეტყჳს მკჳდრთა ქუეყანისათა, რაჲთა ქმნან ხატი მჴეცისაჲ მის, რომელსა-იგი აქუნდა წყლულებაჲ და ცხოვნდა მახჳლისგან. 15. და მიეცა მას სული მიცემად ხატსა მას მჴეცისასა, რაჲთა იტყოდის ხატი მჴეცისაჲ მის და ქმნას. ყოველნი, რომელთა არა თაყუანის-სცენ ხატსა მჴეცისასა, მოიკლნენ. 16. და ყვნეს ყოველნივე - მცირენი და დიდნი, და მდიდარნი და გლახაკნი, და აზნაურნი და მონანი, - რაჲთა მიიღონ ბეჭედი ჴელსა მათსა მარჯუენესა ზედა, ანუ შუბლსა ზედა მათსა. 17. და რაჲთა არავის ჴელ-ეწიფებოდის სყიდად, ანუ განსყიდად, გარნა რომელთა აქუნდეს ბეჭედი სახელისა მჴეცისა მის, ანუ რიცხჳ სახელისა მისისაჲ. 18. აქა არს სიბრძნე; რომელსა აქუს გონებაჲ, აღიპყარნ რიცხჳ იგი მჴეცისაჲ, რამეთუ რიცხჳ კაცისაჲ არს რიცხჳ მისი ექუსას სამეოც და ექუს.


ახ. ქართულით

1. დავდექი ქვიშაზე ზღვისა და ვიხილე მხეცი, ზღვიდან ამომავალი, ათრქიანი და შვიდთავიანი: და მის რქებზე - ათი გვირგვინი, თავებზე კი - გმობის სახელნი. 2. მხეცი, რომელიც მე ვიხილე, ჯიქს მიაგავდა, მისი ფეხები - დათვის ტორებს, ხახა კი - ხახას ლომისას: და მისცა მას ურჩხულმა თავისი ძალა, თავისი ტახტი და უსაზღვრო ხელმწიფება. 3. ვიხილე მისი ერთ-ერთი თავი, თითქოს სასიკვდილოდ მოწყლული, მაგრამ განიკურნა სასიკვდილო წყლულება მისი, და განცვიფრდა მთელი ქვეყანა მხეცის კვალდაკვალ. 4. და თაყვანი სცეს ურჩხულს, რომელმაც მისცა მხეცს ხელმწიფება, თაყვანი სცეს მხეცს და ამბობდნენ: ვინ შეედრება ამ მხეცს? ვის შეუძლია შეებას მას? 5. მიეცა მას პირი მზვაობრად მეტყველი და ღვთისმგმობელი, და მიეცა მას ხელმწიფება, რათა მოქმედებდეს ორმოცდაორი თვის მანძილზე. 6. და ღვთის საგმობლად განახვნა ბაგენი თვისნი, რათა ეგმო მისი სახელი, მისი სამკვიდრო და ცის მკვიდრნი. 7. და მიეცა მას ძალა წმიდათა წინააღმდეგ ბრძოლისა და მათი ძლევისა, და მიეცა მას ხელმწიფება, რათა მბრძანებლობდეს ყველა ტომსა და ხალხს, ერსა და ენას. 8. და თაყვანი სცა მას დედამიწის ყოველმა მკვიდრმა, რომელთა სახელებიც, ქვეყნიერების დასაბამიდან, ჩაწერილი არ არის სიცოცხლის წიგნში კრავისა, რომელიც დაკლულ იქნა. 9. ვისაც ყური აქვს, ისმინოს. 10. ვისაც ტყვე მიჰყავს, არც თვითონ ასცდება ტყვეობა, ვინც მახვილით კლავს, თვითონაც მახვილით მოკვდება; ესაა წმიდათა მოთმინება და რწმენა. 11. მერე ვიხილე სხვა მხეცი, მიწიდან ამომავალი, რომელსაც ჰქონდა კრავის ორი რქა, მაგრამ ლაპარაკობდა, როგორც ურჩხული. 12. ის მოქმედებს მხეცის წინაშე მთელი მისი ხელმწიფებით, და აიძულებს დედამიწას და მიწის მკვიდრთ, თაყვანი სცენ პირველ მხეცს, ვისი სასიკვდილო წყლულებაც განიკურნა. 13. და ახდენს დიად სასწაულთ, ისე, რომ ზეციდან ქვეყნად ჩამოაქვს ცეცხლი კაცთა წინაშე. 14. და აცდუნებს მიწის მკვიდრთ სასწაულებით, რომელთა ქმნის ძალაც მიეცა მხეცის წინაშე, და აქეზებს მიწის მკვიდრთ, შექმნან ხატება მხეცისა, მახვილით რომ მოიწყლა და ცოცხალი დარჩა. 15. და მიეცა იმისი ნება, რომ სული ჩაედგა მხეცის ხატისთვის, რათა ხატს ემეტყველა და იმდენი ექნა, რომ მოეკლათ ყველა, ვინც თაყვანს არა სცემს მხეცის ხატებას. 16. და აიძულებს ყველას, დიდსა თუ მცირეს, მდიდარსა თუ ღარიბს, მონასა თუ თავისუფალს, ნიშანი დაისვან მარჯვენა ხელსა თუ შუბლზე. 17. ასე რომ, ვერავინ იყიდის ან გაყიდის რამეს, მათ გარდა, ვისაც აქვს ნიშანი - მხეცის სახელი, ან მისი სახელის რიცხვი. 18. აქაა სიბრძნე; ვისაც გაგების თავი აქვს, გამოითვალოს მხეცის რიცხვი, რადგანაც ესაა რიცხვი კაცისა, და მისი რიცხვი - ექვსას სამოცდაექვსი.

შინაარსი

V. საღმრთო განგებულების გამოვლენის მესამე თანამიმდევრობა (თ. 12-14)

ქალწულები (თ. 14)


სიტყვებით: "და ვიხილე აჰა, კრავი იდგა სიონის მთაზე და მასთან ას ორმოცდაოთხი ათასი, რომლებსაც ჰქონდათ შუბლზე მისი სახელი და სახელი მისი მამისა" იოანე იწყებს თავისი მომდევნო ხილვის აღწერას. წინა, 13-ე თავში იოანე აღწერდა ანტიქრისტეანული ჟამის საშინელებებს, როდესაც ანტიქრისტესა და ცრუწინასწარმეტყველს მიეცემათ ყველა ქრისტეანთა დევნისა და შევიწროების ხელმწიფება და შესაძლებლობა, რომლებიც არ აღიარებენ ანტიქრისტეს ძალაუფლებას და არ მიიღებენ მის გამოსახულებას ანუ მისი სახელის რიცხვს მარჯვენა ხელსა და შუბლზე. ცხადია, ქრისტეანებს გამხნევება სჭირდებათ და ღმრთის გამოცხადებით იოანე ამას ნაწილობრივ აკეთებს კიდეც, როდესაც უთითებს ანტიქრისტეს ხელმწიფების მოკლე ჟამზე (მ. 13:5) და ღმრთის სამართლიან მსჯავრზე (13:9-10). მაგრამ, კიდევ უფრო მეტად რომ მოჰფინოს მათ გულებს ნუგეშის სალბუნი უფალი იოანეს აჩვენებს ახალ, არა მიწიერ, არამედ ზეციურ ხილვას. ქრისტეანთა მზერა ცისკენ არის აღპყრობილი, მათი ჭეშმარიტი სამშობლოსკენ, ღმრთის საყდრისკენ და ზეცის ურიცხვი ბინადრისკენ, რომელიც გარს აკრავს ღმრთის საყდარს.

1. "და ვიხილე აჰა, კრავი იდგა სიონის მთაზე და მასთან ას ორმოცდაოთხი ათასი, რომლებსაც ჰქონდათ შუბლზე მისი სახელი და სახელი მისი მამისა".

იოანე ხედავს სიონის მთაზე მდგომ კრავსა და მასთან ერთად 144 000-ს. "კრავი" - იესუ ქრისტეს სახეა (5:6-9; 12:11: 13:8), რომელიც კაცთა ცოდვებისთვის დაიკლა და თავისი სისხლით ადამიანებს ღმრთის საყდართან მიახლოვების უფლება მისცა (იოანე 1:12-13), რათა ეღაღადათ: "ავვა მამაო" (მრ. 14:36; რომ. 8:15).

კრავი "იდგა სიონის მთაზე", რაზე მიანიშნებს აქ "სიონი"? იერუსალიმის იმ მაღლობს ხომ არა, სადაც იერუსალიმის ტაძარი იდგა, ან იქნებ, ეს "საცნაური სიონია", როგორც სიმბოლო ბოლო ჟამის მორწმუნეთა შესაკრებელისა? ხილვა მოგვაგონებს ებრაელთა მიმართ პავლეს მოციქულის ეპისტოლეს, სადაც ნათქვამია: "არამედ მიადექით სიონის მთას და ცოცხალი ღმერთის ქალაქს - ზეციურ იერუსალიმს და ანგელოზთა ურიცხვ სიმრავლეს" (ებრ. 12:22). ამრიგად, აქ "სიონში" იგულისხმება არა მიწიერი, არამედ ზეციერი იერუსალემი, ცოცხალი ღმრთის ქალაქი. ზუსტად ასევე აქ იგულისხმება ზეციური სიონი, როგორც ადგილი ზეციური ტაძრისა, სადაც უფალი მკვიდრობს ანგელოზთა და მართლმადიდებელ მორწმუნეთა შორის.

მხოლოდ ზეციური სიონის, ღმრთის ყოვლადძლიერი ქალაქის ხილვას შეუძლია სრულიად განამტკიცოს დევნილი მორწმუნენი ანტიქრისტეს დევნულების დროს: ანტიქრისტეს სამეფოს (თ. 13) აქ (თ. 14) უპირისპირდება ღმრთის ყოვლადძლიერი სასუფეველი, რადგან სწორედ ღმერთია მთელს სამყაროში ყოველივეს ჭეშმარიტი მფლობელი და მეუფე.

იდუმალთმხილველი სიონის მთაზე კრავთან ერთად ხედავს 144 000-ს, "რომლებსაც ჰქონდათ შუბლზე მისი სახელი და სახელი მისი მამისა". კომენტატორები სხვადასხვაგვარად განმარტავენ ამ ადგილს, რადგან განსხვავებული აზრები გააჩნიათ ას ორმოცდაოთხ ათასთან დაკავშირებით. ანდრია კესარიელის აზრით: "ას ორმოცდაოთხი ათასი" ან მოციქულთა მიერ ჩაპნეული (სიტყვიერი) თესლის უხვმოსავლიანობაზე მიუთითებს, რომელთგან საღმრთო მადლმა თითოეულისგან აირჩია "თორმეტი ათასი", რაც სიმბოლურად ცხონებულთა რწმენის სრულ ნაყოფზე მიანიშნებს; ან კიდევ (ეს ასორმოცდაოთხი ათასი) ახალაღთქმისეულ გრძნობისმიერ და სულიერ ქალწულებს წარმოადგენენ, რამეთუ ძველ აღთქმაში მცირე იყო ქალწულთა რაოდენობა. ამიტომაც, საჭიროა ეს "ას ორმოცდაოთხი ათასი" განვასხვაოთ იმ "ას ორმოცდაოთხი ათასისგან", რაც ადრე აჩვენეს და რომლებთანაც დაკავშირებული იყო ისრაელის 12 ტომის სახელწოდება და რომელთა ქალწულებაზე არაფერი უთქვამს. ყველა მათგანის სახე ღვთაებრივი მადლით არის აღბეჭდილი, ამიტომაც ეჩვენებათ ისინი საშინლად დაცემულ ანგელოზებს".

წარმოადგენს თუ არა ეს ას ორმოცდაოთხი ათასი მათ, ვისზეც უწინ იყო ლაპარაკი (7:9-17)? ზემოთდამოწმებული განმარტებიდან ვხედავთ (და ამ შეხედულებას იზიარებს ყველა კომენტატორი), რომ ანდრია კესარიელი უარყოფითად პასუხობს ამ შეკითხვას. ამ და აპოკალიფსისის 7-ე თავის 9-17 მუხლებში ნახსენებ 144000-ს შორის იდენტურობის აღიარებას ხელს უშლის რამოდენიმე გარემოება. მაგალითად, თუ ადრე ნახსენებ 144000-ს შუბლზე ჰქონდათ ბეჭედი ცოცხალი ღმრთისა, აქ ნახსენებ 144000 არა მარტო ღმრთის, არამედ კრავის სახელიც აწერიათ. მაშასადამე თუ წინა 144000-ს ჯერაც უნდა მიეღწია სრულყოფისთვის ანტიქრისტეანული ჟამის გადატანით, აქ ნახსენები 144000 უკვე მძლევარ, გამარჯვებულ ქრისტეანთა კრებულად წარმოგვიდგება, რომელმაც თავის სრულყოფას კრავის მიერ დაღვრილი სისხლის წყალობით მიაღწია. ამაზე მეტყველებს 4-5 მუხლებში აღწერილი მათი ზნეობრივი თვისებანი. მაგრამ უმთავრესი განსხვავება ამ ორ 144000-ს შორის ის არის, რომ წინათ ნახსენები 144000 დაბეჭდილ იყვნენ დეადამიწაზე, და ასე ვთქვათ, დედამიწისთვის; ხოლო ესენი ცაში იმყოფებიან, და მათი აღბეჭდვის მნიშვნელობა სხვათაგან განმასხვავებელი პირობითობა კი არ არის, არამედ მიზეზი მათი კრავთან ერთობისა და წყარო მათი ზეციერი ნეტარებისა. შედეგად, ეს ისრაელის ის საზოგადოება არ არის, რომელიც ნახსენებია გამოცხადების 7-ე თავში (7:4).

სხვა კომენტატორების აზრით, ეს 144000 მხოლოდ მოგვაგონებენ ადრე ნახსენებთ; ისინი, საერთოდ, გაბრწყინვებულ ქრისტეანთა სახეა, რომლებიც ანტიქრისტეს მძიმე ჟამის გამოვლის შემდეგ ცათა სასუფეველი დაიმკვიდრეს; ან კიდევ ისინი, ვინც 7-ე თავის (7:4-8) მიხედვით ჯერაც ემზადებიან და განკუთვნილნი არიან განდიდებისთვის; და ბოლოს, ისინი შეიძლება იყონ ქრისტეანები წარმართთა მხრიდან, რომლებიც ღმრთის წინაშე ისევე განდიდდნენ, როგორც 144000 ებრაელი (7:2-4); პირველნი - ებრაელი ერის საბოლოო მოქცევამდე, ხოლო უკანასკნელნი - შემდგომ.

ყველა ეს განმარტება ეფუძნება წინასწარაკვიატებულ აზრს ამ 144000-ის შედარებისა მათთან, ვისზეც ადრე იყო ლაპარაკი (7:2). მაგრამ სინამდვილეში ამგვარი შეფარდება მათ შორის არ არსებობს, გარდა თვით რიცხვისა 144000. სხვათა შორის, უნდა აღინიშნოს, რომ ეს რიცხვი აღებულია არა ამა თუ იმ კრებულის ზუსტი რაოდენობის, არამედ ღმრთის რჩეულთა სისავსის აღსანიშნავად: 144000 არის ღმრთის ერის 12 ტომის რიცხვი, რომელიც გამრავლებულია ათასზე. იმისთვის რათა უშეცდომოდ აღვიქვათ თუ ვინ შეიძლება იგულისხმებოდეს ამ 144000-ში, საჭიროა მივმართოთ თვით 14-ე თავის ტექსტს.

უპირველეს ყოვლისა ესენი არიან განდიდებული ქრისტეანები, რადგან მიწაზე კი არ იმყოფებიან, არამედ ცაში, კრავთან ერთად და მათ შუბლებზე წარწერილია როგორც კრავის, ასევე მისი მამის სახელები. ეს კი 2:17 და 3:12 მუხლებთან მიმართებაში უნდა გავიგოთ როგორც ჯილდო მიწიერ ცხოვრებაში განვლილი ღვაწლისთვის. მათი მიწიერი ცხოვრება, მათი ქრისტეანული მოსაგრეობა, თითქოსდა აღიბეჭდებოდაო მათ შუბლებზე და მეტყველებდნენ ღმრთისა და კრავისადმი მათ კუთვნილებაზე და მათ დამსახურებულ ნეტარებაზე.

მათ შუბლზე ეწერათ არა მარტო მამა-ღმერთის, არამედ კრავ იესუ ქრისტეს სახელიც, რადგან ადამიანის ცხონება აღესრულება მამა ღმერთისა და იესუ ქრისტეს მიერ (იოანე 3:35-36). ზეცაში განდიდებულთა ნეტარება, რომელიც 2-3 მუხლებშია აღწერილი, მდგომარეობს ზეციური საგალობლის გალობაში.

2-3. "და მომესმა ხმა ზეცით, როგორც მრავალი წყლის ზათქი და როგორც ქუნილის ხმა; ხოლო ხმა, მე რომ მომესმა, მექნარეთა ხმასა ჰგავდა, რომელნიც უკრავენ ქნარზე. და გალობდნენ ახალ საგალობელს ტახტის წინაშე და ოთხი ცხოველისა და უხუცესთა წინაშე; და არავის შეეძლო ესწავლა ეს საგალობელი, ას ორმოცდაოთხი ათასის გარდა, რომელნიც გამოსყიდულ იქნენ ქვეყნით".

გალობა იოანეს ზეციდან ესმა. ეს არ ნიშნავს, რომ გალობის 144000-ის სამყოფელისგან განსხვავებულ სხვა ადგილიდან ისმოდა. იოანე აქ საკუთარ თავთან მიმართებაში ბრძანებს და საკუთარ თავთანვე მიმართებაში განსაზღვრავს იმ ადგილს, საიდანაც ისმოდა ხმა. ხმა კი იმავე სიონის მთიდან ისმოდა, იმავე ზეციური საყდრიდან, საიდანაც ადრეც ესმა ხმა იოანეს (4:8; 5:9; 7:10) და სადაც ახლა ზეცის ადრინდელ მცხოვრებთ ახლებიც შეუერთდნენ.

"ხმა ზეცით, როგორც მრავალი წყლის ზათქი (შეად. 1:15) და როგორც ქუხილის ხმა" (4:5). ეს ხმები ერთ საოცარ ჰარმონიად ეწყმოდა ერთურთს, რომელიც "მექნარეთა ხმასა ჰგავდა, რომელნიც უკრავენ ქნარზე". ამ ჰარმონიის ხმაზე იგალობებოდა ახალი საგალობელი ღმრთის "ტახტის წინაშე და ოთხი ცხოველისა და უხუცესთა წინაშე".

"ზათქი მრავალი წყლისა" და "მექნარეთა ხმა" წმინდანთა გალობის ხმატკბილობაზე, ჰარმონიაზე, სიწმიდესა და ბრწყინვალებაზე მიანიშნებს, რომელიც მთელ ეკლესიასა და ზეცაში ჩაწერილ პირველშობილთ კრებულს აღავსებს; ისინი ერთსულოვანნი არიან წმინდანებთან მათ ღვაწლში ხორციელ ვნებებთან ბრძოლისა და საკუთარ ქნარებს მათ უთანაწყობენ" (ანდრია კესარიელი).

შინაარსის მიხედვით გალობას "ახალი" ეწოდა, მაგრამ ახალია ის იმ აზრით, რომ შეიცავს ქებასა და დიდებას იმ ღვთაებრივი მოწყალებისთვის, რომელიც ებოძათ ღვთივრჩეულ და სრულყოფილ ქრისტეანებს, რომლებიც ამჯერად იდგნენ ღმრთის ტახტის წინაშე. ეს ქება ღმერთს აღევლინება არა სამყაროს შემოქმედების ღვთაებრივი ყოვლადძლიერებისთვის (5:11), ან კაცთა ცხოვნებისთვის საერთოდ (5:9), არამედ იმ საკვირველი საქმეებისთვის, რომელიც ღმრთის ყოვლადძლიერებამ და ყოვლადმოწყალებამ აღასრულა ქრისტეანობის ისტორიის განმავლობაში, განსაკუთრებით კი ანტიქრისტეს მეფობის ბოლო წლებში. სწორედ ამიტომაც "არავის შეეძლო ესწავლა ეს საგალობელი, ას ორმოცდაოთხი ათასის გარდა, რომელნიც გამოსყიდულ იქნენ ქვეყნით" და, რომლებიც მოწმენი იყვნენ ყოველივე ამისა (1 კორინთ. 2:9).

"ამ საგალობლის აჟღერება მათ გარდა არავის ძალუძს, რამეთუ ჩვენი საღმრთო საიდუმლოთა წვდომა იმგვარ შესატყვისობაშია ცხოვრების წესთან და ხარისხთან, როგორც, მაგალითად, კაცთა შორის, როცა მსახურებს ძალუძთ ბატონთა საიდუმლოებებში წვდომა იმ ზომით, რა ზომითაც იმსახურებენ ისინი კეთილგანწყობასა და სიყვარულს ბატონთა მხრიდან" (ანდრია კესარიელი).

და ამ გალობაში მონაწილეობას არ ღებულობდნენ არც ანგელოზნი და არც ადრე განდიდებული ქრისტეანები, არამედ მხოლოდ ეს 144000, როგორც ქვეყნისგან გამოსყიდულები. ეს უკანასკნელი გამოთქმა "ქვეყნისგან გამოსყიდულები" ბერძნული ტექსტის მიხედვით უთითებს არა საზოგადო გამოსყიდვაზე კაცთა მოდგმისა ცოდვის წყევისგან და სიკვდილისგან, არამედ გამოსყიდვის კერძო საქმეზე, აღებაზე დედამიწის მცხოვრებთაგან. შედეგად, "ქვეყნისგან გამოსყიდულებში" აქ იგულისხმებიან ისინი, ვინც მიწიერი ცხოვრების უკეთურებებისგან და ტანჯვისგან გათავისუფლდნენ ანტიქრისტეს მეფობის ჟამს და ღმრთისა და კრავის წინაშე დგანან, როგორც ზეციური სასუფევლის მოქალაქენი.

მაშ ვინ არიან ეს 144000, "ქვეყნისგან გამოსყიდულნი" და რაშია მათი დამსახურება უფლის წინაშე? ამაზე პასუხობს 14-ე თავის 4-5-ე მუხლები:

"4-5. ესენი არიან, რომელთაც თავი არ შეუბილწავთ დიაცებთან, რადგანაც არიან ქალწულნი; ესენი არიან, რომელნიც მისდევენ კრავს, სადაც არ უნდა მიდიოდეს იგი; ესენი არიან კაცთა შორის გამოსყიდულნი, როგორც პირველნაყოფი ღვთისა და კრავისათვის. მათი ბაგენი არ იცნობენ სიცრუეს, რადგანაც უბიწონი არიან".

"ჩვენი აზრით, მათ (144000-ს - რედ.) ხსენებული ოცდაოთხი მსცოვანის შემდეგ ყველა დანარჩენის წინაშე გააჩნიათ დიდი უპირატესობა, როგორც უბიწო ქალწულებს, რამეთუ ქალწულებრივი კდემით, პირის უბიწოებითა და სათნოებათა ნათელ საქმეთა კეთებით მოუპოვებიათ. ამისთვის ასწავლეს მათ ახალი გალობა, რომელიც მიუწვდომელია ამ წუთისოფლად და მომავალში მცხოვრებთათვის, როდესაც, მართალია, განქარდება არასრულყოფილება, მოციქულის სიტყვისამებრ, და "მოიწევა სრულქმნილება" (1 კორინთ. 13:10), მაგრამ ღმრთის საიდუმლოთა წვდომის გულისხმისყოფა ამ წუთისოფლად გატარებული ცხოვრებისა და ღვაწლის შესაბამისად მოგვეცემა. როგორც მაცხოვრის თქმით:" სახლსა მამისა ჩემისასა სავანე მრავალ არიან" (იოანე 14:2) და "ვარსკვლავი ვარსკვლავს აღემატება ბრწყინვალებით" (1 კორინთ. 15:41), ასევე ტანჯვა-წამებათა შორისაც არის მრავალი განსხვავება. დე გვიხსნას მათგან, ყველანი უფალმა და თანადაგვიწესოს ცხონებულთა თანა მადლითა და მრავალმოწყალებითა თვისითა, რითაც მოვიდა იგი ამქვეყნად, დასაღვრელად თავისი პატიოსანი სისხლისა, რათა აღეხოცა ჩვენი ცოდვები და განწმენდილად წარედგინა ჩვენი თავი მამის წინაშე, რომლის თანა ეგების მას, მიზეზს ჩვენი ცხონებისა, დიდება და პატივი სულიწმიდითურთ, აწდა, მარადის და უკუნითი უკუნისამდე" (ანდრია კესარიელი).

"იხილე, რამდენად დიდია ღმრთის წინაშე ქალწულთა ღირსება... ამით ის ნათლად შთაგვაგონებს, რომ ამ რიცხვით, ანუ "ას ორმოცდაოთხი ათასით" ძველთაგანვე განსაზღვრულ იქნა ქალწულთა რიცხვი მაშინ, როდესაც აურაცხელია სხვა წმინდანთა რაოდენობა" (ღირ. მეთოდე პატრელი).

"... ზეციურ სასუფეველშიც უპირატესობა და პირველობა ენიჭება ქალწულებას, ამიტომაც წერია იოანეს აპოკალიფსისში: "ესენი არიან, რომლებიც არ შეიბილწნენ ქალებთან რადგან ქალწულნი არიან; ესენი არიან, რომლებიც "მისდევენ კრავს, სადაც უნდა ვიდოდეს იგი" (გამოცხ. 14:4). აი, უპირატესობა, რომლის ღირს იქმნება ქალწულება, ანუ მარადის ყოფნა კრავთან ერთად" (ღირ. თევდორე სტოდიელი).

"არამარტო მამრობით სქესს ანიჭებს უფალი უბიწოების მადლს, - ის აუცილებელია დედაკაცისთვისაც, რადგან ის ნაწილია მამაკაცისა, რამეთუ აღებულ იქნა და შეიქმნა მისი გვერდიდან. ღმერთი თითქოსდა მთელ წერილში მიმართავს პირველქმნულს, ამიტომაც, რადგან ორი შეადგენს ერთ სხეულს, მამაკაცში ყოველტვის მასთან ერთად მისი მეორე ნახევარი, დედაკაციც მოიაზრება" (წმ. კვიპრიანე კართაგენელი).

გარდა ამისა, აქ არ შეიძლება "დიაცებთან შებილწვა", ანუ სიძვა-მრუშობა გავიგოთ გადატანითი მნიშვნელობით, ანუ კერპთაყვანისცემა და ყოველგვარი ბიწიერება. ამათგან თავისუფლება და ამ მხრივ უბიწოების შენარჩუნება არ წარმოადგენს ქრისტეანული სათნოების განსაკუთრებულობას. სიძვა-მრუშობისგან და კერპთაყვანისცემისგან თავის დაცვა ნამცნებია წმიდა წერილით (ებრ. 1:4; 1 კორ. 7:1-8; 1 ტიმ. 4:1-13; 1 იოანე 5:21), როგორც ყოველი ქრისტეანის აუცილებელი მოვალეობა. სრულყოფილებს უფალი აქებს იმისთვის, რომ მათ თავი არ შეიბილწეს "დიაცებთან"; მათ საერთოდ არ ჰქონიათ ურთიერთობა ქალებთან, მკაცრად იმარხავდნენ ქალწულებას, არ ქორწინდებოდნენ და არ თხოვდებოდნენ. ქალწულება უმაღლესი ქრისტეანული სათნოებაა და ასეთად ის თვით ქრისტემ აღიარა (მათე 19:11-12), ხოლო მოციქულმა ქალწულება სჯულიერ ქორწინებაზე მაღლა დააყენა (1 კორ. 7:8, 9, 32, 33, 38). უბიწოების დაცვა ყოველი ქრისტეანის მოვალეობაა, მაგრამ უქორწინებლობა სრულყოფილების ღვაწლია. მხოლოდ ბოლო ჟამს იქნება შესაძლებელი ასეთი უარყოფითი დამოკიდებულების არსებობა ცოლ-ქმრული ცხოვრებისადმი, როდესაც არა მარტო ცალკეული და ერთეული ადამიანები მიიღებენ უქორწინებლობისა და ქალწულების ღვაწლს, არამედ მთელი ქრისტეანული საზოგადოებაც, რომელთა რიცხვი 144000 იქნება. მაშინ რჩეულნი და სრულყოფილნი, იმისთვის რათა ქრისტეს ერთგულნი დარჩნენ ანტიქრისტეს საშინელი დევნულებისა და განსაცდელების დროს, როდესაც შეიქმნება უმძიმესი პირობები არსებობისა, ისინი სრულიად შეაქცევენ ზურგს ცოლ-ქმრულ ცხოვრებას, რომელმაც შესაძლოა თვით ანტიქრისტეანულ სამყაროსთანაც აიძულოს დაკავშირება არასასურველი კავშირებით.

ამ ქალწულთათვის დამახასიათებელი იქნება არა მარტო სრული ქალწულების სათნოება, არამედ ქალწულება ამ სიტყვის ვრცელი მნიშვნელობით, როგორც უმაღლესი ქრისტეანული სათნოება ან კიდევ როგორც ერთობლიობა ყველა ქრისტეანული სათნოებისა, როგორიცაა სრულყოფილი სიწმიდე და უბრალოება (2 კორ. 16:2; ეფეს. 5:25-28).

ამრიგად, ეს 144000, რომელიც კრავთან ერთად დგას სიონზე წარმოადგენენ ანტიქრისტეს ჟამის სრულყოფილ და რჩეულ ქრისტეაეაბს. ამგვარი ქრისტეანები ამჟამადაც ცხოვრობენ და მოსაგრეობენ ქრისტეს ეკლესიაში, და ესენი არიან ის "ძე, წული", რომელიც ნახსენები იყო გამოცხადების 12-ე თავის 5-ე მუხლში; როგორც ის იყო პირმშო დედაკაცისა - ეკლესიისა, ესენი პირმშონი იქნებიან; როგორც ის იქნა აღტაცებულ ღმრთის საყდრისკენ, ასევე ესენიც კრავის წინაშე დადიან და პირმშონი არიან კრავისა და ქრისტესი.

იქ, "ძე, წული" მხოლობითშია ნახსენები, მაგრამ წარმოადგენს სიმბოლოს; აქ კი მათი რიცხვი 144000-ია, რადგან აღებულია ყველა რჩეულთა და სრულყოფილ ქრისტეანთა სისავსის გამომხატველი რიცხვი, რომლებიც აღწევდნენ და მომავალშიც მიაღწევენ სრულყოფილებას.

ანტიქრისტეს დროს, იმდროინდელ განსაკუთრებულ და უმძიმეს პირობებში, სრულყოფილ ქრისტეანთა რიცხვი ფრიად გამრავლდება და შეედრება იმ 144000-ს, რომლებიც ღმრთის ბეჭდით აღიბეჭდებიან, როგორც სრულყოფილნი და რჩეულნი, რომლებმაც ებრაელი ხალხის ქრისტესკენ საზოგადო მოქცევის შემდეგ მიაღწიეს სრულყოფილებას; რომლებმაც საკუთარ თავში ჰპოვეს ძალა იმ სიხარულით, რომელიც ამ მნიშვნელოვანი მოვლენის გამო უნდა დაეუფლოს ყოველ ქრისტეანს. ერთნიც და მეორენიც ერთნაირად სრულყოფილი და რჩეულნი იქნებიან, მაგრამ ერთნი (ქალწულნი) თავიანთ სრულყოფილებას აღწევდნენ ქრისტეანული სათნოებების დაცვით, ხოლო მეორენი (აღბეჭდილნი) თავიანთ სრულყოფილებას ბოლო ჟამს მიაღწევენ ანტიქრისტესადმი დაუმორჩილებლობის განსაკუთრებული ღვაწლის გამო; ერთნი თანდათანობით ავსებდნენ ღმრთის მიერ დადგენილ რიცხვს რჩეულთა; ხოლო მეორენი მას ანტიქრისტეს მეფობის უმოკლეს ჟამში შეადგენენ; ერთნი უკვე ცაში იმყოფებიან, ხოლო მეორე - ჯერაც დედამიწაზე აგრძელებენ მოსაგრეობას.

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню