აპოკალიფსისის განმარტება_V_12_დედაკაცი და ურჩხული - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოკალიფსისი > განმარტება

დედაკაცი და ურჩხული

(თ. 12-14)

იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადება

ძვ. ქართულით

1. და სასწაული დიდი გამოჩნდა ცათა შინა: დედაკაცი, რომელსა ემოსა მზე, და მთოვარე იყო ქუეშე ფერჴთა მისთა, და თავსა ზედა მისსა გჳრგჳნი ვარსკულავთა ათორმეტთაჲ, 2. და მუცლად-ეღო და ღაღადებდა, რამეთუ ელმოდა და იგუემებოდა შობად. 3. და იხილვა სხუაჲ სასწაული ცათა შინა: და აჰა ვეშაპი ცეცხლისაჲ დიდი, რომელსა ედგნეს თავნი შჳდნი და რქანი ათნი, და თავთა ზედა მისთა შჳდნი გჳრგჳნნი. 4. და კუდი მისი მიითრევდა მესამედსა ვარსკულავთა ცისათა, და გარდამოყარნა იგინი ქუეყანად. და ვეშაპი იგი დგა წინაშე დედაკაცისა მის, რომელსა ეგულებოდა შობაჲ, რაჲთა ოდეს შვეს, შთანთქას შვილი მისი. 5. და შვა მან ძე წული, რომელსა ეგულების მწყსაჲ ყოველთა წარმართთაჲ კუერთხითა რკინისაჲთა, და წარტაცებულ იქმნა შვილი მისი ღმრთისა მიმართ და საყდრისა მიმართ მისისა. 6. და დედაკაცი იგი ივლტოდა უდაბნოდ, სადა-იგი აქუს მუნ ადგილი განმზადებული ღმრთისა მიერ, რაჲთა მუნ გამოზარდონ იგი ათას ორას და სამეოც დღე. 7. და იქმნა ბრძოლაჲ ცათა შინა: მიქაელ და ანგელოზნი მისნი ჰბრძოდეს ვეშაპსა მას, და ვეშაპი და ანგელოზნი მისნი ებრძოდეს მათ. 8. და ვერ შეუძლო და არცაღა ეპოვა მას ადგილი ცათა შინა. 9. და გარდამოვარდა ვეშაპი იგი დიდი, გუელი დასაბამისაჲ, რომელსა ეწოდების ეშმაკი და სატანა, რომელი აცთუნებს ყოველსა სოფელსა; გარდამოვარდა ქუეყანად და ანგელოზნი მისნი მის თანა გარდამოცჳვეს. 10. და მესმა ჴმაჲ დიდი ცათა შინა, რომელი იტყოდა, ვითარმედ: აწ იქმნა მაცხოვარებაჲ და ძალი და სუფევაჲ ღმრთისა ჩუენისაჲ და ჴელმწიფებაჲ ქრისტეს მისისაჲ, რამეთუ გარდამოვარდა შემასმენელი ძმათა ჩუენთაჲ, რომელი შეასმენდა მათ წინაშე ღმრთისა ჩუენისა დღე და ღამე. 11. და მათ სძლეს მას სისხლითა მით კრავისაჲთა და სიტყჳთა წამებისა მისისაჲთა და არა შეიყუარნეს სულნი მათნი ვიდრე სიკუდილადმდე. 12. ამისათჳს იხარებდით ცანი და ყოველნი დამკჳდრებულნი მას შინა. ვაჲ არს ქუეყანისა და ზღჳსა, რამეთუ გარდამოჴდა ეშმაკი თქუენდა მომართ სავსე გულისწყრომითა დიდითა, რამეთუ უწყის, ვითარმედ მცირედი ჟამი უც მას. 13. და რაჟამს იხილა ვეშაპმან მან, ვითარმედ გარდამოვარდა ქუეყანად, დევნა-უყო დედაკცსა მას, რომელმან შვა ძჱ იგი წული. 14. და მიეცნეს დედაკაცსა მას ორნი ფრთენი არწივისა მის დიდისანი, რაჲთა ფრინვიდეს უდაბნოდ ადგილსა მისსა, რაჲთა გამოიზარდოს მუნ წელსა და წელთა და კერძოსა წელიწდისასა პირისაგან გუელისა მის. 15. და აღმოასხა გუელმან მან პირისაგან თჳსისა წყალი, ვითარცა მდინარე, შემდგომად დედაკაცისა მის, რაჲთამცა წარიღო დედაკაცი იგი მდინარემან მან. 16. და შეეწია ქუეყანაჲ დედაკაცსა მას. და აღაღო ქუეყანამან პირი თჳსი და შთანთქა მდინარე იგი, რომელი აღმოასხა ვეშაპმან მან პირით თჳსით. 17. და განრისხნა ვეშაპი იგი დედაკაცისა მისთჳს და წარვიდა ბრძოლის-ყოფად სხუათა მათ თანა თესლისა მისისათა, რომელნი იმარხვენ მცნებასა ღმრთისასა და აქუს წამებაჲ იესუჲსი.


ახ. ქართულით

1. და გამოჩნდა დიადი ნიშანი ცაში: ქალი, რომელსაც ემოსა მზე, მთვარე ესვენა ფერხთით და თორმეტი ვარსკვლავის გვირგვინი ედგა თავზე. 2. მუცლად ეღო და კიოდა მშობიარობის კივილით გაწამებული. 3. სხვა ნიშანიც გამოჩნდა ცაში: აჰა, წითელი ურჩხული დიდი, რომელსაც ჰქონდა შვიდი თავი და ათი რქა, და თავს ედგა შვიდი გვირგვინი. 4. კუდით მოითრევდა ცის ვარსკვლავთა მესამედს, გადმოყარა ისინი ქვეყნად და დადგა ურჩხული ქალის წინაშე, რომელსაც უნდა ეშვა, რათა შობისთანავე შთაენთქა მისი შვილი. 5. და შვა ძე, რომელსაც რკინის კვერთხით უნდა ემწყემსა ყველა ხალხი: და ატაცებულ იქნა მისი შვილი ღვთისა და მისი ტახტის წინაშე. 6. ქალი კი ილტვოდა უდაბნოში, სადაც აქვს თავისი ადგილი, გამზადებული ღვთის მიერ, რათა არჩენდნენ იქ ათას ორას სამოცი დღე. 7. და ატყდა ბრძოლა ცაში: მიქაელი და მისი ანგელოზები ებრძოდნენ ურჩხულს, ურჩხული და მისი ანგელოზები კი ებრძოდნენ მათ. 8. მაგრამ ვერ იმძლავრეს და აღარ აღმოჩნდა მათი ადგილი ცაში. 9. და გადმოვარდა დიდი ურჩხული, დასაბამიერი გველი, რომელსაც ჰქვია ეშმაკი და სატანა, მთელი საწუთროს მაცდური; გადმოვარდა ქვეყნად და თან გადმოჰყვნენ მისი ანგელოზები. 10. მაშინ მომესმა მგრგვინავი ხმა ცაში, რომელმაც თქვა: აწ იქმნა ხსნა, ძალი და სუფევა ჩვენი ღმრთისა და ხელმწიფება მისი ქრისტესი, რადგანაც დაემხო ბრალმდებელი ჩვენი ძმებისა, რომელიც ბრალს სდებდა მათ ჩვენი ღმერთის წინაშე დღისით თუ ღამით. 11. იმძლავრეს მასზე კრავის სისხლით და მათი მოწმობის სიტყვით, და არ შეიყვარეს მათი სული, თვით სიკვდილამდე. 12. მაშ, ხარობდეთ ზეცანო და ზეცის მკვიდრნო! მაგრამ ვაი მიწას და ზღვას, რადგანაც თქვენში ჩამოგდებულ იქნა ეშმაკი, აღსავსე სასტიკი რისხვით, ვინაიდან იცის, რომ ცოტაღა დარჩა ხანი. 13. და როცა იხილა ურჩხულმა, რომ დაემხო ქვეყნად, დევნა დაუწყო ქალს, რომელმაც შვა ვაჟი. 14. მაგრამ მიეცა ქალს ორი ფრთა ვეება არწივისა, რათა გარიდებოდა ურჩხულს და გაფრენილიყო უდაბნოში, თავის ადგილას, სადაც უნდა ერჩინა თავი დროის, დროთა და ნახევარი დროის მანძილზე. 15. მაშინ გველმა თავისი პირიდან მდინარესავით ამოუშვა წყალი ქალის კვალდაკვალ, რათა წაეღო იგი მდინარეს. 16. მაგრამ მიწა შეეწია ქალს: განახვნა ბაგენი და შთანთქა მდინარე, რომელიც ურჩხულმა ამოუშვა პირიდან. 17. მაშინ განრისხდა ურჩხული ქალზე და გასწია, რათა შებმოდა დანარჩენებს მისი მოდგმიდან, რომლებიც იცავენ ღვთის მცნებებს და აქვთ იესოს მოწმობა.

შინაარსი

V. საღმრთო განგებულების გამოვლენის მესამე თანამიმდევრობა (თ. 12-14)

დედაკაცი და ურჩხული (თ. 12)


მეთორმეტე თავიდან იწყება საღმრთო განგებულების გამოვლენის ახალი, მესამე პერიოდი. იოანე მას იწყებს "და" კავშირით:

1. და გამოჩნდა დიადი ნიშანი ცაში.

რითაც ერთგვარად მჭიდროდ აკავშირებს ამ ბოლო მუხლთან წინამდებარე თავებს. კავშირი "და", რომლითაც იწყება აპოკალიფსისის თითქმის ყველა ადრინდელი თავი, სულაც არ არის მინიშნება იმაზე, როგორც ფიქრობს ამას ზოგიერთი კომენტატორი, რომ თითქოსდა ეს იყოს მინიშნება უახლოეს წინამდებარე მუხლზე. ეს არის მინიშნება მთელი აპოკალიფსისის შინაარსზე, როგორც ერთ მთლიანობაზე, ერთ მთლიან გამოცხადებაზე, რომელიც მოცემულია ერთსა და იმავე დროს ღმრთის ერთი და იმავე სულის მიერ.

იდუმალთმხილველის მზერას ცაში წარუდგა "დიადი ნიშანი". "გამოჩნდა" აქ გამოყენებულია თვალწინ წარმოჩენის თვალსაზრისით. "ნიშანი" - ეს არის ისეთი სიმბოლო, ისეთი სიმბოლური მოვლენა, რომელსაც მნიშვნელობა აქვს არა მარტო მიზანთან, არამედ საკუთარ თავთან მიმართებაშიც (იოანე 4:48; 2 კორ. 12:12), ამიტომაც, ნიშნის განხილვისას საჭიროა ყველა იმ ნიშანთვისების გამოკვლევაც, რომლებითაც აღწერილია ეს ნიშანი; ყურადღება უნდა მივაპყროთ არა მარტო ქმედებას, არამედ ვითარებასაც.

თვით იოანე ამ ნიშანს "დიადს" უწოდებს და ის მარტო ამით როდი განსხვავდება მისი მომდევნო ნიშნისგან (მხ. 3), არამედ უთითებს მის განსაკუთრებულ მნიშნელობასა და ღრმა შინაარსზე. ის, რომ დიადი ნიშანი გამოჩნდა "ცაში" ნიშნავს, რომ ეს ნიშანი ზეციური წარმომავლობისაა, ის გამოჩნდა ღმრთის ნებით, თითქოსდა ციდან, და გაგებულ უნდა იქნას, როგორც ღმრთის ნების განსაკუთრებული გამოცხადება.

და ეს ნიშანი არის "ქალი, რომელსაც ემოსა მზე, მთვარე ესვენა ფერხთით და თორმეტი ვარსკვლავის გვირგვინი ედგა თავზე" (ძვ. ქართ.: "დედაკაცი, რომელსა ემოსა მზე, და მთოვარე იყო ქუეშე ფერჴთა მისთა, და თავსა ზედა მისსა გჳრგჳნი ვარსკულავთა ათორმეტთაჲ").

"დედაკაცის" სიმბოლოს წმ. წერილში საიდუმლო მნიშვნელობა გააჩნია. ძველი და ახალი აღთქმის წმ. წერილის ენაზე "დედაკაცი" გამოიყენება: 1) ყოველი ერის აღსანიშნავად (მაგ.: ეს. 47:1, სადაც ბაბილონის "ასულში" იგულისხმება ბაბილონელი ხალხი); 2) საკუთრივ ებრაელი ერის აღსანიშნად (მაგ.: ეს. 54:1-6; ოსია 1:2; ეზეკ. 16:23); 3) ებრაელი საზოგადოების აღსანიშნავად მის რელიგიურ მდგმარეობასა და განსხვავებულობაში, - როგორც ძველაღთქმისეული ეკლესიისა (მაგ.: ეს. 7:14; 66:8-9; მიქა 4:4-9 და 4) საკუთრივ ქრისტეანული საზოგადოების, ქრისტეანული ეკლესიის აღსანიშნავად (2 კორ. 11:2; ეფეს. 5:22-27).

ამ ვითარებიდან გამომდინარე "დედაკაცის" განმარტებაში აზრთა მრავალი სხვადასხვაობაა. ზოგი დედაკაცში სულიწმიდის სიმბოლოს ხედავს, ნათელი რომელიც მას ჰმოსავს საღმრთო არსების გამოვლინებაა, სხვათა აზრით - ეს არის ქრისტეანთა გამარჯვება წარმართობაზე კონსტანტინე დიდის დროს, ზოგი ამ დედაკაცში ყოვლადწმიდა ღვთისმშობელსაც კი მიიჩნევდა (რასაც წმ. მამები უარყოფენ. იხ. ქვემოთ). ზოგი კომენტატორი "დედაკაცში" გულისხმობს ისრაელის ძველაღთქმისეულ ეკლესიას, რის დასტურად უთითებენ 3 ეზრას 9:3; 10::4 სადაც სიონი (იუდეველთა ეკლესია) წარმოჩინდება დედაკაცის სახით და შობს ძეს (იერუსალემს). მაგრამ ამგვარი გაგების მთავარი ნაკლი არის ის, რომ ზოგიერთი თანამედროვე კომენტატორი ამ ხილვას განაკუთვნებს წარსულს, ძველაღთქმისეული ეკლესიის იუდეველთა საზოგადოებას და მიაწერს მას საკმაოდ ამაღლებულ ნიშანთვისებებს, რომელიც შეუძლებელია მას ეკუთვნოდეს თუნდაც იმიტომ, რომ მან, ანუ ძველაღთქმისეულმა ეკლესიამ, როგორც არასრულყოფილმა, ადგილი ახალაღთქმისეულ ეკლესიას დაუთმო.

სჯულის ქვეშ მყოფი ძველაღთქმისეული ეკლესია, როგორც მოციქული პავლე ბრძანებს, "მხოლოდ ჩვენი აღმზრდელი აღმოჩნდა, რომელმაც მიგვგვარა ქრისტეს, რათა რწმენით გავმართლებულიყავით" (გალატ. 3:24, 25). ეს იყო მოსამზადებელი პერიოდი ახალაღთქმისეული ეკლესიის მისაღებად და ახალაღთქმისეული ეკლესიისკენ გადასასვლელად, ამიტომაც, აპოკალიფსისის მე-12 თავის პირველი მუხლის "დედაკაცი" შეუძლებელია იყოს ძველაღთქმისეული ეკლესია.

ამიტომაც, მრავალი კომენტატორი, აერთებს რა "დედაკაცის" სიმბოლოში ორივე ეკლესიას, მასში ძველი და ახალაღთქმისეული ეკლესიების გამოხატულებას ხედავს. მაგრამ ძნელია შეაერთო ეს ორი ცნება და წარმოიდგინო ერთსა და იმავე სიმბოლოში ისევე, როგორც ძნელია უპასუხო შეკითხვებს: როგორც და რითია გამოხატული ამ სიმბოლოში ძველაღთქმისეული ეკლესიის გადასვლა ახალაღთქმისეულში? როგორ მივაკუთნოთ ძველაღთქმისეულ ეკლესიას მზით შემოსვის ნიშანთვისება? ან ის, რომ "მთვარე ესვენა მის ფერხთქვეშ"? როგორ განვასხვავოთ ახალაღთქმისეული ეკლესიის უპირატესობა ძველაღთქმისეული ეკლესიის წინაშე?

ეს და სხვა შეკითხვები შეუძლებელია დადებითად გადაწყდეს ტექსტზე ძალადობის გარეშე. ამიტომაც, ყველაზე სამართლიანად უნდა ვაღიაროთ ის განმარტება, რომელიც შეწყნარებულია კომენტატორთა უმრავლესობის მიერ და რომლებიც დედაკაცში, "რომელსაც ემოსა მზე, მთვარე ესვენა ფერხთით და თორმეტი ვარსკვლავის გვირგვინი ედგა თავზე" არის ქრისტეანული ეკლესია. თუმცა ამ მხრივაც კომენტატორები სამ ჯგუფად იყოფიან: ერთნი ფიქრობენ, რომ ეს არის მხოლოდ პირველდაწყებითი ეკლესია; მეორენი დედაკაცში ბოლო ჟამინდელ, ანტიქრისტეს პერიოდის ეკლესიას ჰგულვობენ, ხოლო მესამენი, წმიდა მამათა სწავლებებისა და გადმოცემების თანხმიერად, დედაკაცში ხედავენ ეკლესიას მისი დაფუძნებიდან ვიდრე მეორედ მოსვლამდე. ანუ მთელს ეკლესიას, მის მთელს ისტორიას, მოციქულთა პირველი დღეებიდან დაწყებული ანტიქრისტეს ბატონობით დამთავრებული.

"დედაკაცი" ეს არის - ქრისტეს წმიდა და ქებული ეკლესია, როგორც ის იყო თავისი დასაბამიდან და როგორადაც დარჩება იგი სამყაროს აღსასრულამდე, - უძლეველი, ბრწყინვალე, ღმრთის მადლით ყოველთა განმწმენდი და მაკურთხებელი; ეკლესია, ერთგული პატარძალი, რომელიც განუყოფელ სულიერ საქორწინე კავშირშია თავის ზეციურ სიძესთან, - იესუ ქრისტესთან და გამუდმებით შობს ახალ და ახალ შვილებს, არა მარტო ურწმუნოთა მოქცევით, არამედ ნათლისღებისა და სინანულის საიდუმლოებებით.

ეს არის არა ის ეკლესია, რომელიც ცხოვრობს რა ისტორიული ცხოვრებით, ეფუძნება ამა თუ იმ ერის წიაღში და ზოგჯერ ქრება; ან მწვალებელთა და სქიზმატიკოსთა საკრებულოები, რომლებიც ხშირად ეკლესიის სახელწოდებას აკუთვნებენ საკუთარ თავს, არამედ ის იდეალური ეკლესია, რომელიც იწოდება ერთ, წმიდა, საყოველთაო და სამოციქულო ეკლესიად, რომელსაც უხილავად მართავს სულიწმიდა საყოველთაო ჭეშმარიტების ხმით, - ეკლესია, რომელიც შედგება სულითა და ჭეშმარიტებით თაყვანისმცემელთაგან, რომელთა შესახებაც ითქვა: "იცის უფალმა ვინაა მისი" (2 ტიმ. 2:19).

მხოლოდ წმიდა და უბიწო ეკლესიას (ეფეს. 5:26-27) შეიძლება განეკუთვნოს ის განმასხვავებელი ნიშანთვისებები, რომლითაც ამკობს ხილვაში ნანახ დედაკაცს იოანე ღვთისმეტყველი. ის ამბობს, რომ დედაკაცს "ემოსა მზე, მთვარე ესვენა ფერხთით და თორმეტი ვარსკვლავის გვირგვინი ედგა თავზე". მზით შემოსვა, ეს უბრალოდ მზის სხივებით განათებულობა კი არ არის, რომელიც შორიდან მოდის, არამედ რაღაც მეტი; ეს უბრალო შესამკობელი კი არ არის, არმედ მთლიანად მზეში, მის ნათელსა და ბრწყინვალებაში ჩაფლული, - ასეთი შესამოსელი დედაკაცის უზენაესი დიდების, სიწმიდისა და სრულყოფილების გამოხატულებაა. სწორედ ასეთი სამოსი შეჰფერის ქრისტეს წმიდა სხეულს, მის ეკლესიას, რომლის წევრებიც, ქრისტეში ნათელღებულნი იმოსებიან მისით, როგორც მზით სიმართლისა (გალატ. 3:27). "რომელთა ქრისტეს მიერ ნათელ-ვიღეთ, ქრისტე შევიმოსეთ" - უგალობს ეკლესია ნათელღებულთ.

ის, რომ მზე აქ დღის მნათობის უბრალო სიმბოლოდ არ არის აღებული ცხადი ხდება შემდგომი აღწერიდანაც. მთვარე, რომელიც დედაკაცის "ფერხთით ესვენა" უბრალოდ ღამის მნათობად რომ ყოფილიყო აღებული, მაშინ სრულიად ზედმეტი აღმოჩნდებოდა, რადგან გაუჩინარდებოდა მზის ნათელში, რომლითაც დედაკაცი იყო შემოსილი. როგორც ჩანს, მთვარე აქ აღებულია მნათობის ზოგადი მნიშვნელობით, და როგორც ნაკლები ბრწყინვალების მქონე მნათობი, მხოლოდ დედაკის ქვემოთ ანათებს. მთვარე არ შეიძლება გაგებულ იქნას მიწიერი ნათლის სიმბოლოდ, მზის საპირისპიროდ, რომელიც ზეციერი და სულიერი ნათლის ხატია. მაგრამ მთვარე არც ღამისა და ბნელეთის სიმბოლო შეიძლება იყოს, და მისი მდებარეობა დედაკაცის ფერხთით დედაკაცის მიერ ბნელეთის დათრგუნვასა და ბოროტებაზე მის გამარჯვებას არ მიანიშნებს. მთვარე დედაკაცთან იმავე მიზნითაა, რაც მზე (ფსალმ. 89:37-38), ანუ უმეტესი ნათლისა და უმეტესი ბრწყინვალების მისანიჭებლად, მისი განდიდებულობის უმეტესობის საჩვენებლად, ზეცასთან სიახლოვის ნიშნად.

ამავე მიზანს ემსახურებიან ვარსკვლავები, რომლებიც დედაკაცს გვირგვინივით გარს ერტყა თავზე (დან. 12:3; მათე 13:43). დედაკაცის ნათლით შემოსილი მთელი ფიგურა ნაწილობრივ ქრისტესა და ღმრთის გამოცხადებას მოგვაგონებს (გამოცხ. 1:3-16; 4:3); თუმცა, მხოლოდ ნაწილობრივ. იქ ნათელი იყო, თუ შეიძლება ითქვას, საკუთარი, აქ კი დედაკაცი შემოსილია ნათლით, ის არის მისი განუყოფელი და ბუნებრივი კუთვნილება; ის არის დედაკაცის სამკაული, ჯილდო, ნიჭი.

"ვარსკვლავები" ყურადღბას იპყრობენ არა მარტო ნათელმოსილებითა და ბრწყინვალებით, არამედ თავიანთი ადგილმდებარეობითა და რაოდენობით. ისინი დედაკაცს თავზე გვირგვინად აკრავან ("და თორმეტი ვარსკვლავის გვირგვინი ედგა თავზე"). "გვირგვინი" საზოგადოდ სამეფო ღირსებაზე ან სამეფო ძალაუფლებაზე მიანიშნებს (გამოცხ. 12:3 17:4); ის აგრეთვე არის გამარჯვების სიმბოლო (გამოცხ.: 3:11; 4:4; 6:2; 14:14). დედაკაცთან მიმართებაში ეს ვარსკვლავური გვირგვინი უნდა მიგვანიშნებდეს, რომ მისი დიდება და ბრწყინვალება მისი გამარჯვების შედეგია, ეს არის მისი პირადი ღირსების სიმბოლო. ხოლო ის გარემოება, რომ ვარსკვლავთა რიცხვი თორმეტია და არა უთვალავი, ამ რიცხვის სიმბოლურ გააზრებაზე მიგვანიშნებს. ცხადია, უფალს იმის ჩვენება რომ ნდომებოდა, რამდენად ნათელმოსილია დედაკაცი, მაშინ ვარსკვლავთა რაოდენობა ალბათ უთვალავი იქნებოდა, მაგრამ რაკიღა აქ უფალი თორმეტ ვარსკვლავს წარმოაჩენს, უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს არის მინიშნება თორმეტ მოციქულზე; რომ ქრისტეს ეკლესიას, როგორც ვარკვლავებით შემკული გვირგვინი, თორმეტი მოციქული ამშვენებს.

2. მუცლად ეღო და კიოდა მშობიარობის კივილით გაწამებული.

დედაკაცს, რომელიც იოანემ ცაში იხილა "მუცლად ეღო და კიოდა", რადგან მისი მშობიარობის ჟამი დამდგარიყო და ეს კიდევ ერთი მოწმობაა იმის საწინააღმდეგოდ, რომ აქ არ იგულისხმება ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი, როგორც ეს ეგონა ზოგიერთ ძველ თუ თანამედროვე კომენტატორს. წმიდა მამათა განმარტებით სრულიად ცხადყოფილია, რომ აპოკალიფსისის მე-12 თავის პირველ მუხლში, სადაც ლაპარაკია მზით შემოსილ დედაკაცზე, რომელიც მთვარეზე დგას და თორმეტი ვარსკვლავისგან შემკული გვირგვინი აკრავს, მთელი თავისი ბრწყინვალებიდა მიუხედავად, არ არის ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი და ამ აზრის დასტური სწორედ წინამდებარე მე-2 მუხლი გახლავთ, სადაც ნათქვამია, რომ დედაკაცს, რომელსაც მზე ემოსა, "მუცლად ეღო და კიოდა მშობიარობის კივილით გაწამებული".

მე-2 მუხლში სრულიად ცხადადაა აღწერილი მშობიარობის ტკივილები, მაშინ როდესაც, ყოვლად წმიდა ღვთისმშობელს მაცხოვრის შობის ჟამს არავითარი ტკივილები არ განუცდია!

ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა იმშობიარა უმტკივნეულოდ!!! და ამას, უპირველეს ყოვლისა თვით ესაია წინასწარმეტყველი დაადასტურებს: "ვიდრე ასტკივდებოდა, დაბადა, ვიდრე კრუნჩხვა დაემართებოდა, ვაჟი დაიბადა" (ეს. 66:7). მაშინ როდესაც, აპოკალიპსისი ამბობს: "და მუცლად ეღო, და კიოდა სალმობისა და შობის ტკივილებისაგან" (აპოკალიპსისი 12:2). როგორ ფიქრობთ, განა მკრეხელობა არ იქნება ღვთისმშობელზე და სული წმიდაზე ვიფიქროთ ამდაგვარი რამ?

მეორე მიზეზი ქრონოლოგიური ხასიათისაა: წმ. მოციქული აქ, ამ თავში მომავალში მოსახდენ მოვლენებსაც აღწერს, ამგვარ მოვლენათა რიგს განეკუთვნება პირველი და მეორე მუხლიც, ამიტომაც აქ ქრისტე არ შეიძლება ყოფილიყო ნაგულისხმევი, რამეთუ იგი ამ წინასწარმეტყველებამდე ბევრად ადრე დაიბადა. ასე მსჯელობენ წმ. მამები და იქვე მიგვითითებენ თუ ვინ იგულისხმება დედაკაცში, რომელმან "მოცლად იღო და კიოდა სალმობისა, და შობის ტკივილებისაგან"? ეს დედაკაცი - ეკლესიაა!

აი რას ბრძანებს ანდრია კესარიელი: "დედაკაცი ესე, რომელსა მზე ემოსა, არის ეკლესია, რომელიც სიმართლის მზით, ქრისტეთია შემოსილი და თავზე თორმეტი მოციქულის სწავლების გვირგვინი ადგას. ხოლო მის ფერხთქვეშ სარწმუნოებაა, რომლის სახე არს მთვარე, - რამეთუ ნოტიოა ყოვლითურთ მისი ბუნება და ამიტომაც სახეა ნათლისღებისა, რომელიც ნათელღებულთა განმბანელ და ეშმაკის დამთქმელ ზღვადაც იწოდება".

ასე, რომ არც ანდრია კესარიელი და არც დიდი მეთოდე (პატრელი), რომელსაც ეყრდნობა თავის განმარტებებში წმ. ანდრია, არ იზიარებენ ზოგიერთთა აზრს (ასეთი მართლაც არსებულა), რომ გამოცხ. მე-12 თავის 1, 2-ე მუხლებში აღწერილი დედაკაცი თითქოსდა ღვთისმშობელია.

უარყოფილია ეს მოსაზრება სწორედ იმიტომ, რომ წმ. ანდრიას თქმით: "უფლის შობას არ შეესაბამება ეს შობა" . ჩვენის მხრიდან ამ განმარტებებს დავუმატებთ კიდევ იმას, რომ ამავე თავის სხვა მუხლებშიც (კერძოდ მე-4, 5 და მე-6) დედაკაცში კვლავ და კვლავ ეკლესიას გულისხმობენ წმ. მამები (იხ. ქვემოთ).

და ბოლოს, არ იქნებოდა უინტერესო აღგვენიშნა, რომ დედაკაცი, როგორც ეკლესიის სიმბოლო, ადრეული ქრისტეანობის ცნობილ ძეგლში, ერმის " მწყემსშიც" არის მოცემული, სადაც ეკლესია მცხოვანი დედაკაცის სახითაა წარმოდგენილი.

რატომ კივის მშობიარე დედაკაცი ანუ ეკლესია? მშობიარობის ეს კივილები არ გახლავთ მაცხოვრის ჯვარცმის წინ მდგომი ქალწულ მარიამის სულიერი ტანჯვა, არც ებრაელი ხალხის ტანჯვა რომაელთაგან, არც სასტიკი ჰეროდეს მიერ ბეთლემელ ყრმათა მოწყვეტით გამოწვეული გოდება დედათა, არამედ ქრისტეანული ეკლესიის ტანჯვა და შრომაა, რომელსაც ის განიცდის (გალატ. 4:19) ყოველი ახალი წევრის შობისას, წარმართობიდან თუ მწვალებლობიდან ყოველი ცოდვილის მოქცევისას. ეს კივილი და ტანჯვა ეხება არა მარტო სამყაროს აღსასრულს, არამედ ქრისტეს ეკლესიის არსებობის მთელს პერიოდს, მის მთელს ისტორიას.

დედაკაცის საიდუმლო-სიმბოლური მნიშვნელობა მომდევნო მუხლებში ურჩხულთან მისი დაპირისპირებითაც ირკვევა. დედაკაცი, ეს არის ქრისტეს იდეალური ეკლესია. ღმრთის ნათლის, ჭეშმარიტების, სიკეთისა და მადლის მცველი დედამიწაზე. მას უპირისპირდება ურჩხული, ყოველგვარი სიკეთის, კაცთა ცხოვნებისა და ნეტარების მტერი.

"3-6. სხვა ნიშანიც გამოჩნდა ცაში: აჰა, წითელი ურჩხული დიდი, რომელსაც ჰქონდა შვიდი თავი და ათი რქა, და თავს ედგა შვიდი გვირგვინი. კუდით მოითრევდა ცის ვარსკვლავთა მესამედს, გადმოყარა ისინი ქვეყნად და დადგა ურჩხული ქალის წინაშე, რომელსაც უნდა ეშვა, რათა შობისთანავე შთაენთქა მისი შვილი. და შვა ძე, რომელსაც რკინის კვერთხით უნდა ემწყემსა ყველა ხალხი: და ატაცებულ იქნა მისი შვილი ღვთისა და მისი ტახტის წინაშე. ქალი კი ილტვოდა უდაბნოში, სადაც აქვს თავისი ადგილი, გამზადებული ღვთის მიერ, რათა არჩენდნენ იქ ათას ორას სამოცი დღე".

"ურჩხული"
("დრაკონი") - ეს არის გველის მსგავსი არსება, რომელიც გამოირჩევა უჩვეულო სიდიდითა და ძლიერებით. ხალხურ გადმოცემებში ის საშინელ და ლეგენდარულ არსებად იქცა; მაგრამ აპოკალიპტური ხატი ურჩხულისა დამოუკიდებელი სიმბოლოა და მას თავის საწყისი და განმარტება მოეპოვება ბიბლიაში.

ბიბლიური გადმოცემით ეშმაკმა გველის მეშვეობით აცთუნა ჩვენი პირველწინაპარნი (დაბ. 3:4; 2 კორ. 11:3). ამგვარად, მარტო ამის საფუძველზე კაცობრიობის მტრის, ეშმაკისთვის გველი ყველაზე შესაფერისი სიმბოლოა. მაგრამ შემდგომში ეშმაკი უფრო შესაზარი და საშინელი ნიშანთვისებებით წარმოგვიჩნდება; ის უკვე ედრება გველეშაპს (დრაკონს), - გველისა და დრაკონის ნიშანთვისებები აქ გაერთიანდა. გველეშაპი, როგორც ზღვის ბინადარი (ეს. 27:1; ფსალმ. 73:13-14), ზღვის ბინადართა ძალის წარმომადგენელი, მიწიერი ძალის სიმბოლოდ გარდაიქცა (იერ. 51:34; ეზეკ. 29:3-4); ის გახდა სიმბოლო ამსოფლიური თავადისა და ამსოფლიური ძლიერებისა. აქედან უკვე გასაგები ხდება რატომ წარმოაჩენს აპოკალიფსისი ეშმაკს არა მარტო გველის, არამედ გველეშაპის (იგივე დრაკონის) სახით.

ეშმაკი არის ამა სოფლის თავადი (იოანე 12:31), ის არის კაცთა ცხოვნების უმთავრესი მტერი. როგორც ასეთი, აპოკალიფსისში ის არაერთხელ გამოისახება წარმწყმედელის (გამოცხ. 9:11), მხეცის (11:7) და ბოლოს დრაკონის სახით (1:2-3; 20:2). ეჭვი არ შეიძლება არსებობოდეს იმაში, რომ მოცემულ ადგილას ურჩხულში სწორედ ეშმაკი იგულისხმება. ამას ადასტურებს მე-9 მუხლიც, სადაც დიდი დრაკონი, ურჩხული პირდარპირ თავისი საკუთარი სახელით, ეშმაკად და სატანად იწოდება.

მომდევნო ნიშანთვისებები, რომლითაც იოანე აღწერს ურჩხულს, მხოლოდ ეშმაკს და ეკლესიასთან მის ბრძოლას შეიძლება მიეწეროს. იოანე მას "წითელს" უწოდებს. რატომ არის ურჩხული "წითელი"? ჩვეულებისამებრ, კომენტატორები წითელ ფერში სისხლის ფერს გულისხმობენ. მაგრამ ასეთი გაგება სავალდებულო არ არის. ბერძნულ ტექსტში მდგომი სიტყვა ბუკვალურად უნდა გადავთარგმნოთ, როგორც "ცეცხლისფერი". მიუხედავად იმისა, რომ გამოცხ. 6:4; 17:3, 6; ზაქ. 6:2; 2 მეფ. 3:32 წითელი ფერი შეიძლება მივაახლოვოთ სისხლისფერს, გაიგივება მაინც არ გვმართებს; (17:3; 4:6) - pu¸∙Тj (6:4; 12:3) ორი განსხვავებული განსაზღვრებაა. ამიტომაც, კომენტატორები, რომლებიც განსაზღვრებას "წითელი" განაკუთვნებენ ეშმაკს, რომელიც დასაბამიდან არის კაცის მკვლელი (იოანე 8:44), მხოლოდ ნაწილობრივ არის სამართლიანი.

ურჩხულის წითელი, ანუ ცეცხლისფერი უთითებს არა მარტო იმაზე, რომ ეშმაკი მიზეზი იყო უდანაშაულოდ დაღვრილი სისხლისა აბელიდან მოყოლებული (1 იოანე 3:12) წმინდანებითა და ქრისტეს მოწმით (ილიათი და ენოქით) დამთავრებული, არამედ უმთავრესად იმაზე, რომ ეშმაკი არის უმთავრესი მიზეზი რისხვისა და ბოროტებისა დედამიწაზე და ასეთად დარჩება სამყაროს აღსასრულამდე; ცეცხლის ფერი ეშმაკური ბუნების წარმწყმედელ და დამღუპველ თვისებაზე მიანიშნებს.

ურჩხულს ჰქონდა შვიდი თავი და ათი რქა. მართალია ძველი ხალხური ფანტაზია დრაკონებს შვიდთავიანებად წარმოიდგენს მისი განსაკუთრებული ძალის აღსანიშნად, მაგრამ აპოკალიფსისში შვიდთავიანი ურჩხულის ეს სიმბოლო სრულიად დამოუკიდებელ ხასიათს ატარებს. ეშმაკი, როგორც კაცთა ცხოვნების მტერი, გამოისახება შვიდი თავითა და ათი რქით, მსგავსად იმისა, როგორც კრავი ქრისტე გამოეცხადა იოანეს შვიდი რქითა და შვიდი თვალით (გამოცხ. 5:6). და როგორც იქ ქრისტეს რქები მის ყოვლადძლიერებას აღნიშნავდნენ, ხოლო თვალები - ყოვლისმცოდნეობას, ზუსტად ასევე ურჩხულის თავები მის ეშმაკურ და ამსოფლიურ სიბრძნეზე, ხოლო ათი რქა - მის, როგორც ამა სოფლის თავადის და ყველა მიწიერი სამეფოს მპყრობელი ძლიერებაზე მიანიშნებენ (მათე 3:8; ლუკა 4:6). იგივეს ადასტურებს აღწერის შემდგომი ნიშანთვისებაც: "თავს ედგა შვიდი გვირგვინი". "გვირგვინი" (დიადემა) სამეფო თავსაბურავია, რომელიც, განსხვავებით ჩვეულებრივი გვირგვინებისგან, ყოველთვის სამეფო ძალაუფლებისა და ბატონობის სიმბოლოდ გამოიყენება (გამოცხ. 13:1).

ამგვარად, ურჩხული, რომელსაც "ჰქონდა შვიდი თავი და ათი რქა, და თავს ედგა შვიდი დიადემით შემკული გვირგვინი", ეშმაკის, როგორც წუთისოფლის თავადის სიმბოლოა, რომელიც ფლობს უმაღლეს, ქმნილ არსებათათვის მისაწვდომ სიბრძნეს, რაც მის ხრიკებში ვლინდება (წმ. ანდრია კესარიელი).

რაც შეეხება ისეთ საკითხებს, როგორიცაა თუ რა თანმიმდევრობით იყვნენ განლაგებულნი რქები, ყველა ერთ თავზე იყო თუ პირველ ოთხ თავზე სათითაოდ, დანარჩენებზე კი ორ ორად; ან რატომ მაინცა და მაინც შვიდი თავი და ათი რქა, და არა მეტი ან ნაკლები - ამ საკითხთა გადასაწყვეტად წმიდა ტექსტში მინიშნებები არა გვაქვს.

დრაკონის არსის ბოლო ნიშანი მდგომარეობს მის კუდში: "კუდით მოითრევდა ცის ვარსკვლავთა მესამედს, გადმოყარა ისინი ქვეყნად" (მ. 4). ურჩხულის ძალის გადატანა თავიდან კუდში შესაძლოა მეტყველებდეს მის უნარზე ავნოს მთელი თავისი არსით, რომ მავნე ძალით ურჩხულის მთელი სხეულია გამსჭვალული. ეს არის ურჩხულის ბუნების უკიდურესი ცოდვილიანობის მაჩვენებელი.

წმ. მამები ამ ადგილის განმარტებისას ამბობენ: "(ერეტიკოსები), რომლებიც აღსავსენი არიან ყოველგვარი მზაკვრობით, ღმრთის საწინააღმდეგო შთაგონებით, დემონური კადნიერებითა და კერპთაყვანისმცემლური მიზნებით, ჭეშმარიტად წინამორბედნი არიან ურჩხულისა, რომელმაც თავისი კუდით, ანუ საცთურებით, დედამიწას დაანარცხა "ვარსკვლავთა" მესამედი" (წმ. ირინეოს ლიონელი).

"დიდი, წითელი, მრავალსახა, მრავალგვაროვანი, შვიდთავიანი და რქიანი "ურჩხული", რომელიც მიითრევს ვარსკვლავთა მესამედს და დგას მშობიარე დედაკაცის წინ, რათა შეჭამოს ახალშობილი", არის ეშმაკი, მზაკვარი, ჩასაფრებული ქრისტეს ერთგულ ნათელღებულთა გონების, მათში განახლებული ღმრთის ხატებისა და მსგავსების შესარყვნელად. მაგრამ ის ვერ აღწევს მიზანს და ვერ იჭერს სამსხვერპლოს, რამეთუ ნათლისღებით განახლებულნი აღიტაცებიან საღმრთო საყდრის მიმართ, (ანუ) ჭეშმარიტების ურყევი საძირკველისკენ მაღლდება მათი გონება, რათა მიწაზე მბობღავმა გველმა არ აცთუნოს, ვინაიდან ეშმაკს არ ეძლევა უფლება, წარწყმიდოს ისინი, ვინც ზეციურს მიაპყრობენ თავიანთ გონებას და იქით მიისწრაფვიან. ხოლო "ვარსკვლავები", რომელთაც გველი თავისი კუდით ეხება და დედამიწისკენ ითრევს, არის ერეტიკული სექტები, რამეთუ არამართლმადიდებელთა შეკრებებს სამართლიანად უნდა ეწოდოს შავბნელი, პირქუში და მიწაზე მყოფი ვარსკვლავები, რამდენადაც ისინიც ისაკუთრებენ ზეციურის ცოდნას და ქრისტეს სარწმუნოებას; ირწმუნებიან, რომ თითქოსდა მათი სულებიც დაიმკვიდრებენ სასუფეველს და ახლოს არიან ზეციურ ვარსკვლავებთან, როგორც ნათლის შვილები, თუმც ეშმაკის ხრიკებში გახლართულნი მიწისკენ მიითრევიან, რადგან მართლმადიდებლური ღვთისმოსაობისგან განდრეკილნი ვერ ინარჩუნებენ სათნოებათა ღვთისმოსაობის საიდუმლო ხატს.

ამიტომ იწოდებიან ისინი ვარსკვლავთა მესამედ ნაწილად, როგორც ყოვლადწმიდა სამების ერთი იპოსტასის მიმართ შეცთომილნი: ან მამა ღმრთის მიმართ - როგორც, მაგალითად, საბელიანოზი ასწავლიდა, თითქოსდა ჯვარს ეცვა თვით ყოვლისმპყრობელი; ან ძის მიმართ, როგორც ვინმე არტემი და სხვები, რომელთა მტკიცებით ძის შობა თითქოსდა მოჩვენებითი იყო; ან კიდევ სული წმიდის მიმართ, როგორც ებიონელნი, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ წინასწარმეტყველები სულით შთაგონებულნი და აღძრულნი კი არა, პირადი მოსაზრებებით იყვნენ გაქადაგებულნი; ხოლო, რას ასწავლიდნენ მარკიონი, ვალენტი და ელკესეის მიმდევრები, აჯობებს, საერთოდ არ ვახსენოთ" (წმ. მეთოდე პატრელი).

"ის, ვინც მამრობითი სქესის მორწმუნე ყრმებში შვა სიტყვა და გააფთრებულ მხეცს დაუზიანებელი გაექცა უდაბნოში, როგორც უკვე ვთქვით, არის დედა ეკლესია. "უდაბნო", სადაც ის თავს აფარებს და იკვებება ათას ორას სამოცი დღე, არის "მცენარეულობით" მდიდარი, ანუ სათნოებებით აღსავსე კეთილსურნელოვანი სავანე. "ათას ორას სამოცი დღე" არის ის ზუსტი და მშვენიერი შემეცნება მამის, ძის და სული წმიდისა, რომლითაც ხარობს ჩვენი დედა ეკლესია. იგი მთელი ამ დროის განმავლობაში იზრდება სულიერად ახალი საუკუნის დადგომამდე, როდესაც უკვე ზეციურ საკრებულოში შემეცნებითად კი არ განჭვრეტს უზენაესს, არამედ ქრისტესთან ერთობაში მყოფი, ნათლად იხილავს "არსებულს".

"ათასი", ანუ ათი ასეულის შესაკრებელი, სრულყოფილი და სრული რიცხვია და ამიტომაც წარმოადგენს მამის სიმბოლოს, რომელმაც შექმნა და საკუთარ თავშივე იპყრა ყოველი. "ორასი", რომელიც ორი ასეულისგან შედგება, სული წმიდის სიმბოლოა, რამეთუ მისით გვენიჭება მადლი ძისა და მამისა, ხოლო "სამოცი", რომელიც შეიცავს ათჯერ აღებულ ექვსს, არის სიმბოლო ქრისტესი; რადგან რიცხვი ექვსი ერთიდან მოყოლებული საკუთარი შემადგენლებით ისე იკრიბება, რომ ის არც ნაკლებობას განიცდის და არც ნაშთი რჩება. ასე, მაგალითად, თუკი რიცხვ ექვსს თანაბარ ნაწილებად გავყოფთ, ამ ნაწილთა შეკრებით შედგება ისევ ექვსი. თუ მას გავყოფთ ორზე, მივიღებთ სამს, თუ სამზე -ორს, თუ ექვსს ექვსიანზე გავყოფთ - დაგვრჩება ერთი და ამ რიცხვების შეკრებით კვლავ ექვსი შეიკრიბება* (რიცხვი 6 სრულყოფილად იწოდება იმიტომ, რომ მისი მრავალი გამყოფების ჯამიც და ნამრავლიც ცალ-ცალკე ურთიერთის ტოლია, ანუ 6=1+2+3=1x2x3), ხოლო ყოველივე ის, რაც თავისი სისრულისათვის თვითკმარია, სხვას არ საჭიროებს და საკუთარ თავზე უმეტესი არასოდეს გახდება, უცილობლივ სრულყოფილია" (წმ. მეთოდე პატრელი).

"ურჩხულის ერთი "თავი" არის თავშეუკავებლობა და ფუფუნება; მისი მძლეველი დამშვენდება უბიწოების გვირგვინით; მეორე თავია შიში და უსასოება, რომლის დამთრგუნველი დაჯილდოვებდება მოწამეობრივი გვირგვინით; მესამე თავია ურწმუნოება, უგუნურება და სხვა მსგავსი უკეთურებანი და ა.შ. მათი მომწყვლელი ღირსი იქნება დიდი პატივისა, როგორც ურჩხულის მრავალგვაროვან მზაკვრობათა მძლეველი. ხოლო მისი "ათი რქა და ათი გვირგვინი" არის ღვთის ათი მცნების საწინააღმდეგო ათი ხაფანგი, რომლებითაც, მშვენიერნო ქალწულნო, ჩვეულებისაებრ ებრძვის მართალთ და მრავალთა წარწყმედას ესწრაფვის" (წმ. მეთოდე პატრელი).

"მაშ ასე, მათი რიცხვიდან დაეცა ზოგიერთი მეთაური, რასაც ნათლად ადასტურებენ ეზეკიელ და ესაია წინასწარმეტყველნი, რომლებთანაც ტიროსის თავადი, იგივე ლუციფერი, მთიები, განთიადის ვარსკვლავი მწარე ცრემლებითაა ნაგლოვი (ეზეკ. 28:12-18; ესაია 14:12; 14). თუმცა არა მხოლოდ მათ გამო ბრძანებს წმ. წერილი, რომ ისინი ნეტარი მდგომარეობის სიმაღლეებიდან დაეცნენ, როდესაც გვამცნობს, რომ "ურჩხული ვარსკვლავთა მესამედს მიითრევდა თავისი კუდით" (აპოკ. 12:4). ერთ-ერთი მოციქული კიდევ უფრო ნათლად განმარტავს, რომ ესენი არიან: "ანგელოზნი, რომელთაც არ დაიცვეს თავიანთი დასაბამი, არამედ დაუტევეს თავიანთი სავანე, რათა სამარადისო ბორკილებით შეკრულნი, წყვდიადის ქვეშ დამარხულნი განისაჯნენ დიად დღეს" (იუდ. 6). ხოლო როდესაც გვამცნობენ: "ვითარცა კაცნი მოსწყდებით და ვითარცა ერთი მთავართაგანი დაეცემით" (ფსალმ. 81:7), სხვას რას ნიშნავს თუ არა იმას, რომ მთავართაგან მრავალნი დაცემულან?" (წმ. ღირ. იოანე კასიანე რომაელი).

ამრიგად, აქ ლაპარაკია ისეთ მოვლენაზე, რომელიც წინ უძღოდა კაცობრიობის ისტორიას და მის გამოხსნას იესუ ქრისტეს მიერ. აქ ლაპარაკია კეთილ ანგელოზთა დაცემაზე და ცოდვის დასაწყისზე. აქ გამოხატულია ურჩხულ-ეშმაკი, დედამიწის თავადი, ცოდვილი სამყაროს მეუფე და სიკეთის მტერი დედამიწაზე, რომელიც შემდეგ (მე-4 მუხლის მეორე ნახევრიდან) "დადგა ურჩხული ქალის წინაშე, რომელსაც უნდა ეშვა, რათა შობისთანავე შთაენთქა მისი შვილი" (მ. 4). თუ "დედაკაცში" (როგორც ეს ზემოთ ვნახეთ) იგულისხმება ქრისტეანული ეკლესია მის იდეალში, ეშმაკის მიწ წინაშე დადგომა უნდა განვიხილოთ, როგორც მისი მზადყოფნა აშკარა ბრძოლასა და კონფრონტაციაში ჩაებას ეკლესიის წინააღმდეგ.

"დედაკაცის" (ანუ ეკლესიის) მიზანია შვილთა დაბადება, ხოლო ურჩხულის განზრახვა შთანთქას მისი შვილები უთითებს ურჩხულის მისწრაფებაზე გაანადგუროს ეკლესიის არსებობა, დატოვოს ის უშვილოდ. ეს ერთგვარად გვაგონებს იესუ ქრისტეს გამოცდას უდაბნოში. მაშინ ეშმაკი ქვეყნიერების მაცხოვრის წინაშეც წარსდგა და იმთავითვე მოინდომა დაემარცხებინა კაცთა მოდგმის გამოხსნის საქმე. მაგრამ როგორც მაშინ იქნა ის შერცხვენილ და იძულებული გახდა განშორებოდა ქრისტეს, ზუსტად ასევე, გვაქვს მყარი რწმენა და სასოება, რომ უფალი, რომელმაც ქვეყნის აღსასრულამდე თავის ეკლესიასთან ყოფნა აღგვითქვა, არ დატოვებს მას და მეტიც, ისე განამტკიცებს, რომ "ბჭენი ჯოჯოხეთისან ვერ მოერევიან" (მათე 16:28; 28:20).

"დადგა ურჩხული ქალის წინაშე, რომელსაც უნდა ეშვა, რათა შობისთანავე შთაენთქა მისი შვილი" (მ. 4). სიტყვა "შთაენთქა" შეიძლება გავიგოთ განადგურების თვალსაზრისით და სულიერი წარწყმედის თვალსაზრისითაც (1 პეტრე. 5:8). უკანასკნელი აზრი უფრო შეესაბამება ჩვენს ადგილს, ამიტომაც, "დედაკაცის მიერ ნაშობი შვილის შთანთქმა" გადატანითი მნიშვნელობით უნდა გავიგოთ.

წმ. მეთოდე პატრელი განმარტავს: "თუ ვინმე ვერ დაკმაყოფილდება ზემოთ თქმულით და თქვენ, ქალწულნო, წერილის საწინააღმდეგო განმარტებას შემოგთავაზებენ და გეტყვიან "როდესაც აპოკალიფსისში გარკვეულად არის ნათქვამი, რომ ეკლესია შობს მამრობითი სქესის ძეს, "წულს", რატომ გგონიათ თითქოსდა მისი ნაყოფიერი შობა ნათელღებულთა განბანვას აღნიშნავდეს?" ვუპასუხებთ: კამათის მოყვარულნო, ვერც თქვენ ძალგიძთ, დაამტკიცოთ რომ შობილი არის თვით ქრისტე, რამეთუ სიტყვის (ქრისტეს) განკაცების საიდუმლო აღსრულდა აპოკალიფსისამდე ბევრად უადრეს, იოანე კი მოწმობს აწმყოსა და მომავალზე. თანაც გამოცხადებამდე დიდი ხნით ადრე დაბადებული ქრისტე შობისთანავე არ ყოფილა "წარტაცებულ უფლის ტახტამდე", თანაც იმის შიშით, რათა "გველს არ შთაენთქა" (აპოკ. 12. 5). პირიქით, იმიტომაც იშვა იგი და გარდამოხდა საყდრითგან მამისაით, რათა დაეთრგუნა გველი მისი თავდასხმის დათმენით. ამრიგად, იძულებული ხართ აღიაროთ, რომ ეკლესიას მუცელში ჰყავს და შობს მოსანათლავებს" (წმ. მეთოდე პატრელი).

დედაკაცმა მშობიარობის ტკივილების შემდეგ შვა მამრობითი სქესის ძე, წული. როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, დედაკაცი აქ არის სრულყოფილი ქრისტეანული ერთობის, ქრისტეს ეკლესიის სიმბოლო. წმ. ანდრია კესარიელის განმარტებით სიტყვებში: "და შვა მან ძე, წული, რომელსაც რკინის კვერთხით უნდა დაემწყემსა ყველა წარმართი". იგულისხმება ის, რომ ეკლესია ნათელღებულთა სახით განუწყვეტლივ შობს ქრისტეს, რომელიც მათში "ქრისტეს ასაკის სისრულის ზომის" მიღწევამდეც გამოისახება მოციქულის სიტყვისამებრ (ეფეს. 4:13). მამრობითი სქესის "ძე, წული". ესენი არიან შვილნი ეკლესიისა, რომლებიც ვნებებით არ არიან შეპყრობილნი. ქრისტე ღმერთი, მათი მეშვეობით, როგორც "რკინის კვერთხით", დამწყემსავს ძლიერ რომაელებს არა მხოლოდ აწმყოში, არამედ მიცვალებულთა აღდგომის შემდეგაც, სადაც რწმენით ძლიერთ დააყენებს სუსტ და უძლურ ჭურჭელთა - წარმართთა მსაჯულებად, რომლებმაც თავიანთი ურწმუნოებით ვერ დაიტიეს სარწმუნოების ახალი ღვინო. მართალნი განსაცდელთაგან ახლაც "აღიტაცებიან", რათა უძლურთა მიერ არ იქნენ ძლეულნი; და მაშინაც, როდესაც მოვალს ქრისტე "ატაცებულ" იქნებიან ღრუბელში, რათა ჰაერში შეეგებონ უფალს და მარადის იქნებიან უფალთან და მის საყდართან, ანუ წმიდა ანგელოზურ ძალებთან ერთად” (1 თესალონიკ. 4:17) (წმ. ანდრია კესარიელი).

მაშ რა უნდა ქნას ეკლესიამ? როგორ უნდა მოიქცნენ ამ სიტუაციაში მისი მოძღვრები და ღვთისმოსაობის დამცველები? როგორ გაუმკლავდნენ ისინი ეკლესიის წინ დამდგარ ეშმაკს? ამ კითხვას პასუხობს გამოცხადების მე-12 თავის მე-6 მუხლი. "ძე-წულის" ბედ-იღბლიდან გამოცხადებას თავისი ყურადღება გადააქვს დედაკაცზე და მოკლედ გვამცნებს, რომ "ქალი ილტვოდა უდაბნოში, სადაც აქვს თავისი ადგილი, გამზადებული ღვთის მიერ, რათა არჩენდნენ იქ ათას ორას სამოცი დღე". უფრო დეტალურად კი ამის შესახებ იმსჯელებს 13-14-ე მუხლებში.

გამოცხადების თითქმის ყველა კომენტატორი ეთანხმება იმ აზრს, რომ მე-3 და 13-14 მუხლებში მხედველობაშია ერთი და იგივე მოვლენა; ოღონდ აქ ეს მხოლოდ აღნიშნულია, იქ კი გახსნილია უმეტესი დეტალიზაციით.

"ქალი კი ილტვოდა უდაბნოში". დედაკაცის სახე თუ სიმბოლურია და ის ეკლესიაზე მიანიშნებს, მაშინ "უდაბნოში გაქცევაც" არა ბუკვალური, არამედ გადატანითი მნიშვნელობით უნდა გავიგოთ. შეკითხვაზე, რას შეიძლება ნიშნავდეს "უდაბნოს" სიმბოლო ზოგიერთი კომენტატორი ამბობდა, რომ თითქოსდა ეს არის "წარმართული სახელმწიფოები", ან "ჩრდილოეთის ქალაქები" იერუსალიმთან მიმართებაში; სხვათა აზრით უდაბნო უნდა გავიგოთ პირდაპირი მნიშვნელობით და თვით იუდეველთა მიწად, პალესტინად, სადაც დასახლდებიან ებრაელები ქრისტეანებისკენ თავიანთი მოქცევის შემდეგ. ერთი კომენტატორი გამოთქვამდა იმ აზრსაც კი რომ "უდაბნო" ეს თითოსდა არის "ებრაელი ერის განთესვა მსოფლიოში" და ა. შ. მაგრამ ჩვენ ვერ დავეთანხმებით ამ მოსაზრებებს. "უდაბნო" არანაირად არ არის ებრაელი ერის განთესვა, რადგან დედაკაცში მთლიანი ეკლესიაა ნაგულისხმევი და არა მარტო ებრაელები, თანაც იუდველები; ის არც "წარმართი ხალხები და სახელმწიფოებია", რომელთა შორისაც გავრცელდა ქრისტეანობა, რადგან ქრისტეანობაში სულაც არ არის წინააღმდეგობა იუდეველებსა და წარმართებს შორის, ორივენი მოწოდებულნი არიან ქრისტეანობისკენ, როგორც იუდეველნი, ასევე წარმართნი.

რაც შეეხება მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც "უდაბნოში" თითქოსდა იგულისხმება ესა თუ ის ქალაქი ან ადგილმდებარეობა, უნდა შევნიშნოთ, რომ როგორც ისტორია გვიჩვენებს, ქრისტეანობა არასოდეს იყო დაკავშირებული გეოგრაფიულ საზღვრებთან და ყოველთვის იყო საყოველთაო, მსოფლიო რელიგია, ვრცელდებოდა ყველგან, თავს არ არიდებდა ერთს, და უპირატესობას არ ანიჭებდა მეორეს.

ამდენად, "უდაბნო", დედაკაცის სიმბოლური ხატიდან გამომდინარე, რომელიც იდეალურ ეკლესიაზე მიანიშნებს, შეუძლებელია იყოს გეოგრაფიული ადგილმდებარეობა.

"უდაბნო", როგორც ადგილი, რომელიც მოკლებულია წყალსა და სხვა მაცოცხლებელ საშუალებებს, აქ შეუძლებელია იყოს გაპარტახების ან განადგურების სიმბოლო. ეს მხოლოდ სულიერი და ფიზიკური არსებობისთვის საჭირო პირობების არარსებობის სიმბოლოა. სწორედ ასე ესმოდათ "უდაბნო" წინასწარმეტყველ ესაიასა და ოსიას, როდესაც ამ სახელით ხმობდნენ წარმართ ხალხებს, რომელთა შორისაც იძულებით ცხოვრობდა ღმრთის ერი. როგორც უდაბნო არაფერს აძლევს მასში შესულ ადამიანს, არამედ მან თვითონ უნდა იზრუნოს ყოველივე საარსებოს მოპოვებაზე; როგორც ებრაელი ერი არაბეთის უდაბნოში იკვებებოდა ზეციური მანანით და კლდიდან სასწაულებრივად აღმოცენებული წყლის მეშვეობით ირწყულებდა თავს, ასეთი უნდა იყოს ის "უდაბნოც" ქრისტეანული ეკლესიისთვის, საითაც ის გაექცევა ურჩხულს.

ქრისტეანული ეკლესია ზეციური პირმშოა; დედამიწაზე ის მხოლოდ დროებით იმყოფება, მისი სამშობლო არის ცაში. მაგრამ, მას მისჯილი აქვს ცხოვრება დედამიწაზე. რაკი მიწიერი საცხოვრებელი პირობები არ შეესაბამებიან მის არსს და არ შეუძლიათ დააკმაყოფილონ მისი სულიერი მოთხოვნები, ბუნებრივია, ეკლესია აქ, დედამიწაზე უნდა ცხოვრობდეს როგორც უდაბნოში და ეძებოს ზეციური მანანა და სასწაულებრივი წყარო დაპურებისა და დარწყულებისთვის.

ცხადია, ეკლესიას უარი რომ ეთქვა თავისი ზეციური დანიშნულებაზე, მაშინ ის სრულიად დაკმაყოფილდებოდა მიწიერი პირობებით; ეკლესიას რომ თავი გაეთანაბრებინა მიწიერი საზოგადოებებისთვის, მაშინ მას შეეძლო ეცხოვრა და დაეკმაყოფილებინა თავისი მიწიერი მოთხოვნილებები. ურჩხული-ეშმაკი მზადაც კი არის შესთავაზოს მას ეს პირობები, გასცვალოს ზეცა მიწაზე, როგორც შესთავაზე ეს ერთხელ უდაბნოში გასულ მაცხოვარს. მაგრამ, ეკლესია, თუ მას სურს დარჩეს ქებულად და დიდებულად, უნდა გაექცეს ამ საცთურებს, გაექცეს ეშმაკს და თავი შეაფაროს უდაბნოს, ანუ უარი თქვას წმიდად მიწიერ სიამოვნებებსა და დიდებაზე, იცხოვროს ამ წუთისოფელში, როგორც უდაბნოში, იკვებოს ღმრთისადმი რწმენით, განცხოველდეს სათნოებებითა და სიყვარულის საქმეებით და ქრისტეს სასოებით განიმტკიცოს თავი.

ზუსტად ასე იქცეოდა და იქცევა ქრისტეს ჭეშმარიტი, ძირძველი და მართლმადიდებლური ეკლესია. მოციქულთაგან მოყოლებული, ის ყოველთვის იცავდა საკუთარ თავს მიწიერი ინტერესებისგან. ქრისტეანული ეკლესიის წარმომადგენლები ყოველთვის უნდა გაურბოდნენ მიწიერ ძალაუფლებასა და ცხოვრებისეულ ქება-დიდებას. ქრისტეანობა მკაცრად გმობდა კათოლიციზმს, რომელიც ყოველთვის მიისწრაფვოდა ამქვეყნიური ძალაუფლებისა და ბატონობისკენ; გმობდა პროტესტანტიზმსა და სექტანტობას, რომლებიც შესაძლებლად მიიჩნევდნენ საერო ავტორიტეტისადმი დამორჩილებას; გმობდა და გმობს იმ "მართლმადიდებლობას", რომელიც ამქვეყნიურ ძალაუფლებასა და განცხრომას ელტვის და ამა სოფლის ძლიერებს უწევს ანგარიშს.

ძირძველი მართლმადიდებლური ეკლესია ცხოვრობს და თითქოს არც ცხოვრობს დედამიწაზე; ის ცხოვრობს როგორც უდაბნოში, რადგან თავის არსებობას არა ოდენ პურით ინარჩუნებს, არამედ ღმრთის სიტყვით (მათე 4:4).

ამ აზრით დედამიწა და მიწიერი ცხოვრება ეკლესიისთვის არის ის, რაც აპოკალიფსისის მიხედვით, განმზადებულია ადამიანის სრულყოფისთვის, მისი გამოცდისთვის. მიწიერ ცხოვრებას წმიდა წერილი და ეკლესიის წმინდანები ყოველთვის განიხილავდნენ სულიერ სარბიელად, ეშმაკთან და მის საცთურებთან ბრძოლის არენად, თავშეკავებისა და სიღატაკის გარემოდ, ერთგვარ კატორღად, სადაც მათი ნება და ღმრთისადმი ერთგულება უნდა გამოიცადოს. მოკლედ, ამქვეყნიური ცხოვრება ყოველთვის აღიქმებოდა ეკლესიის მიერ "უდაბნოდ", სადაც ის არსებობს, მოგზაურობს და იბრძვის აღთქმული ქვეყნის დასამკვიდრებლად.

ღმრთის შეწევნით ამგვარდ მდგომარეობაში უნდა გაატაროს ეკლესიამ 1260 დღე. ერთის მხრივ ეს რიცხვი განხილულ უნდა იქნეს ღმრთის განგებულებად, რომლის მიხედვითაც, ქრისტეანული ეკლესიის ისტორია დამთავრდება მაშინ, როდესაც მის თავზე აღსრულდება ყოველივე, რაც უნდა აღსრულდეს, ხოლო მეორეს მხრივ, ეს 1260 დღე უნდა გავიგოთ, როგორც დღეები ანტიქრისტეს ბატონობისა, როდესაც ქრისტეანული ეკლესია განსაკუთრებული სისასტიკით იქნება დევნილი და მის წევრებს მოუწევთ უარის თქმა ყოველგვარ მიწიერ სიამეებსა და ცხოვრებისთვის აუცილებელ პირობებზეც კი, რადგან სწორედ მაშინ დაუდგება მას (ეკლესიას) უმძიმესი დღეები (მათე 24:21-22).

ბოლო დროის ეს უსასტიკესი და უმძიმესი გამოცდა გაგრძელდება ზუსტად 42 თვე (გამოცხ. 11:2), რომელიც ღმერთმა დაუშვა რათა წარმართებმა გაქელონ იერუსალემი და ტაძრის შიდა ეზო. მომდევნო, მე-13 თავში იოანე კიდევ ერთხელ მიუბრუნდება ამ ვადას და დედაკაცის მდგომარეობას ამ პერიოდში.

7-8. და ატყდა ბრძოლა ცაში: მიქაელი და მისი ანგელოზები ებრძოდნენ ურჩხულს, ურჩხული და მისი ანგელოზები კი ებრძოდნენ მათ. მაგრამ ვერ იმძლავრეს და აღარ აღმოჩნდა მათი ადგილი ცაში.

"ეს სიტყვები შეიძლება განვაკუთვნოთ ეშმაკის პირველ დაცემას და ანგელოზთა დასიდან მისი ამპარტავნებისა და შურის გამო (განდევნას) და ასევე ქრისტეს ჯვრით მის განგმირვას, როდესაც უფლის თქმით: "აწ მთავარი იგი ამა სოფლისა განიდევნა" (იოანე 12:31).

მთავარანგელოზმა მიქაელმა და ზეციურმა ანგელოზებმა, ვერ დაითმინეს რა მისი სიამაყე და მედიდურობა, უპირველეს ყოვლისა, სამართლიანად განდევნეს იგი თავიანთი ერთობიდან. ამას ადასტურებს ეზეკიელიც: "ქერუბიმთა მიერ გამოიდევნა იგი ცეცხლის ქვებს შორის" (ეზეკ. 28:16), რომლებიც, როგორც ვფიქრობ, არიან მხედრობანი ანგელოზთა, რამეთუ უსამართლო და უსჯულო აღმოჩნდა.

ქრისტეს (პირველი) მოსვლისას მისდამი დაქვემდებარებულმა ანგელოზებმა ქრისტეს ვნების შემდეგ კვლავ იუკადრისეს იგი, როგორც პატივაყრილი მონა. მაგრამ უნდა ვუწყოდეთ, რომ ხილული კაცის შექმნის შემდეგ, როგორც წმ. მამები ფიქრობენ, იგი შურისა და ამპარტავნობისათვის გადმოაგდეს ციდან, მაგრამ ისე, რომ დარჩა მას ცისქვეშეთის ადრინდელი მთავრობა და ხელმწიფება (შეად. ეფეს. 6:12). ასე მაგალითად, პაპიუსი ამბობს, რომ "ზოგიერთ მათგანს ადრე, როდესაც ისინი წმიდა ანგელოზნი იყვნენ, მინდობილი ჰქონდა დედამიწის მმართველობა და წესრიგი და ევალებოდა მისი მეთვალყურეობა, მაგრამ, "არად ჩააგდესო თავიანთი ხარისხი და პატივდება!" (ანდრია კესარიელი).

არსებობს აზრი, თითქოსდა მიქაელში თვით იესუ ქრისტე იგულისხმებოდეს. მაგრამ ამგვარი განმარტების არანაირი საფუძველი არ გვაქვს. მიქაელი არის ერთ ერთი მთავარანგელოზი, ერთ ერთი ქმნილი სული, რომელიც უფალთან არის დაახლოებული. მიქაელის სახელი მოხსენიებულია იუდას ეპისტოლეში (იუდ. 9) და დანიელის წინასწარმეტყველებაში (დან. 10:13, 21; 12:1) და ის წარმოდგენილია, როგორც ებრაელი ერის მცველი. მაგრამ არ უნდა ვიფიქროთ, თითქოსდა მიქაელი აქაც მხოლოდ ებრაელი ერის მცველი იყოს თუნდაც ებრაელთა ქრისტეანობისკენ მოქცევის შემდეგ. ამას უარყოფს თვით აპოკალიფსისის ტექსტი, რომლის მიხედვითაც "დიდი ურჩხული, დასაბამიერი გველი, რომელსაც ჰქვია ეშმაკი და სატანა" არის "მთელი საწუთროს მაცდური" (მ. 9). მაშასადამე, მის წინააღმდეგ ბრძოლა ეს არის ბრძოლა მთელი კაცობრიობის და არა მხოლოდ ერთი ეროვნების ინტერესებისთვის. ამიტომაც, უფრო სამართლიანი იქნება ვივარაუდოთ, რომ როგორც ზეციურ ძალთა მხედართმთავარი (შეად. იესუ ნავე 5:13-16), როგორც მათი ხელმძღვანელი, მათთან ერთად არის სიკეთისა და სიმართლის დამცველი, განსაკუთრებით კი ქრისტეანებისა, სულიერი ისრაელისა, რომელიც არის სწორედ ღმრთის ჭეშმარიტი ერი.

ამგვარად, აქ წარმოდგენილია ზეციურ ძალთა ბრძოლა ღმრთისგან განდგომილ და დაცემულ ანგელოზებთან სატანის მეთაურობით. ის იმით დამთავრდა, რომ ბოროტი ანგელოზები, მათ წინამძღოლთან, ურჩხულ-ეშმაკთან ერთად დამარცხებულ იქნენ და "აღარ აღმოჩნდა მათი ადგილი ცაში" (მ. 8).

რა დროს უნდა მივაწეროთ ეს ბრძოლა და როგორია მისი აზრი? ბრძოლა კეთილ და ბოროტ ანგელოზებს შორის, (შეად. იუდ. 9; ეფეს. 6:12) მათი გაყოფის დღიდან დაწყებული, მუდმივად მიმდინარეობს; მაგრამ მოცემულ ადგილას იგულისხმება ამ ბრძოლის განსაკუთრებული, კერძო მომენტი. ამ ბრძოლის შედეგად ურჩხული და მისი ანგელოზები ციდან მიწაზე იქნენ გადმოყრილნი.

ხომ არ არის წმიდა წერილში მინიშნება ამასთან დაკავშირებით? იობის (2:1; 16) ზაქარიას წინასწარმეტყველების (3:1-5) და 3-ე მეფეთა (22:19-22) წიგნების მიხედვით, უნდა ვიფიქროთ, რომ ბოროტი ანგელოზები თავიანთი დაცემის შემდეგ საბოლოოდ როდი იყვნენ განშორებულნი ღმრთისგან, მათთვის ჯერაც მისაწვდომი იყო უფლის ზეციერი საყდარი და ამ გაგებით, ისინი ჯერაც ზეცის ბინადარნი იყვნენ. მაგრამ შემდეგ მაცხოვრისგან გვესმა: "და უთხრა მათ: ვხედავდი სატანას, ელვასავით რომ ვარდებოდა ციდან" (ლუკა 10:18); ხოლო სხვა შემთხვევაში მან შენიშნა: "აწ განისჯება ეს ქვეყანა, აწ განდევნიან ამ ქვეყნის მთავარს" (იოანე 12:31); ამის შესატყვისად უწოდებს მოციქული პავლე ეშმაკს "ჰაერის ძალთა მთავარს" (ეფეს. 2:2; 6:12). მაშასადამე, მხოლოდ ქრისტე მაცხოვრის გამომსყიდველმა მსხვერპლმა მოუღო ბოლო ეშმაკის ყოფნას ცაში და კეთილ ანგელოზებთან მის ერთგვარ თანაბარ მდგომარეობას. ხოლო რადგან აპოკალიფსისის მიხედვითაც (მ. 11) ურჩხულზე გამარჯვება კრავის (იესუ ქრისტეს) სისხლზე და ამ სისხლის გამომსყიდველი ძალის რწმენაზეა დაფუძნებული, ეს ბრძოლაც, მასში კეთილი ანგელოზების გამარჯვებაც და სატანის ციდან გარდამოვარდნაც იმ დროს უნდა განვაკუთნოთ, როდესაც დაიღვარა ჯვარცმული მაცხოვრის სისხლი, - ეს არის ახალი აღთქმის საფუძველი.

მაგრამ წმიდა წერილში (კოლას. 1:20) ღმრთის ძის გამომსყიდველი მსხვერპლის მნიშვნელობა ვრცელდება ცაზეც და მიწაზეც (ეფეს. 1:10). ამ მსხვერპლის ნაყოფით უპირველესად ისარგებლეს ზეცის ანგელოზებმა და მათ საბოლოოდ განდევნეს თავიანთი სამკვიდროდან ეშმაკი და მისი მომხრეები, ხოლო მათ შემდეგ და მათთან ერთად, ასე იქცეოდნენ უკვე ჭეშმარიტი მართლმადიდებელი ქრისტეანებიც (1 იოანე :5:2, 4, 13, 14), რის შესახებაც ცოტა ქვემოთ გვექნება საუბარი.

9. და გადმოვარდა დიდი ურჩხული, დასაბამიერი გველი, რომელსაც ჰქვია ეშმაკი და სატანა, მთელი საწუთროს მაცდური; გადმოვარდა ქვეყნად და თან გადმოჰყვნენ მისი ანგელოზები.

ციდან გადმოგდებული ურჩხული, ანუ ცაში ყოფნისა და ღმერთთან მიახლოების უფლებაწართმეული მე-9 მუხლში "დასაბამიერ გველად" იწოდება. ეს სახელწოდება, რომელიც მოგვაგონებს ადგილებს დაბადების (3:1-3) და პავლე მოციქულის კორინთელთა მიმართ მიწერილი ეპისტოლეს (11:3) ადგილებს, ადამიანის პირველ ცოდვაზე მიუთითებს, რომელშიც მთავარი წამქეზებელი და დამნაშავე იყო ბოროტი სული, რომელიც შევიდა გველში და ევა აცთუნა. მისი შემდგომი სახელწოდებები: ეშმაკი და სატანა სინონიმებია და ცილისმწამებელსა და მოწინააღმდეგს ნიშნავენ.

სატანა - ცილისმწამებელია, რადგან ჯერ კიდევ ევას წინაშე ცილი სწამა თვით ღმერთს, ხოლო შემდეგ ყოველთვის ცილს სწამებდა ადამიანებს უფლის წინაშე, ადანაშაულებდა მათ და მიუთითებდა მათ ცოდვებზე (იობი 1 და 2-ე თავები; ზაქარია 3:1-3); ხოლო როგორც ცილისმწამებელი არის კიდევაც იგი მოწინააღმდეგეც, ანუ სატანა, რადგან ეწინააღმდეგება ადამიანთა ღმერთთან დაახლოვებისა და მისგან წყალობის მიღების სურვილსაც კი. ამიტომაც, შემდგომი განსაზღვრება - "მთელი საწუთროს მაცთური" ერთდროულად ეხება ეშმაკსაც და სატანასაც, ანუ ურჩხულს, დასაბამიერ გველს.

ადრე, ურჩხული-ეშმაკი სარგებლობდა რა ზეციურ საყდართან მიახლოების თავისუფლებით, ცილს სწამებდა ყველა ადამიანს და აცთუნებდა მთელს საწუთროს. ახლა კი ის გადმოგდებულია ციდან თავის მომხრე ანგელოზებთან ერთად, ანუ, მოკლებულია თავის ადრინდელ უფლებას. მაგრამ მას მაინც დარჩა შესაძლებლობა გააგრძელოს საწუთროს ცთუნება. "საწუთროში" არ იგულისხმება დედამიწის რომელიმე ოლქი, ადგილი ან ერი (მაგ. ებრაელები), არამედ მთელი დედამიწა, მასზე მცხოვრები ყველა ადამიანი გამონაკლისის გარეშე, ტომობრივი და ენობრივი განსხვავების გარეშე.

"და გარდმოვარდა დიდი ურჩხული ... ქვეყნად" და სამართლიანადაც! რამეთუ ვერ დაითმენდა ზეცა ბოროტებას, რამეთუ რა აქვს საერთო ნათელს ბნელთან?! თუმცაღა სიტყვა "სატანა"-ს წინ (ბერძნულში) დგას წევრი ეშმაკისაგან განსასხვავებლად, მაგრამ ორივე ეს სიტყვა "ეშმაკი და სატანა" - ერთი და იმავე არსების აღმნიშვნელია. "ეშმაკად" ის იწოდება იმიტომ, რომ ცილს სწამებს სათნოებათა მოყვარეთ და თვით ღმერთსაც წინაშე კაცთა, როგორც ქნა ეს ადამის წინაშე და შურიან არსებად წარმოუდგენდა მას (დაბ. 3:4-5). მისი სრული დაცემა მოხდა შემდგომად ქრისტეს ჯვარცმისა, რამეთუ, როგორც დიდი ანტონის წინაშე თვითონ აღიარა, აღსრულდა ფსალმუნის სიტყვები, რომლის მიხედვითაც ჯვარცმის შემდეგ "მტერისა მახვილი მოაკლდეს სრულიად" (ფსალმ. 9:7). ამიტომაც სატანის დაცემა მისივე ბოროტ ზრახვათა დარღვევასა და ზეციდან გადმოგდების შემდგომ ადრინდელი ძალაუფლების წართმევაში მდგომარეობს. ნეტარი იუსტინე, მოწამე და ფილოსოფოსი, ბრძანებს, რომ ქრისტეს მოსვლის შემდგომ საგეჰენიოდ განსჯილი ეშმაკი კიდევ უმეტესი ღმრთისმგმობი გახდა. ის ადრეც გმობდა უფალს, მაგრამ ისე ურცხვად არა, როგორც ახლა, ამიტომაც, როგორც სრულიად სამართლიანად ითქვა მის შესახებ, "ბოროტებაში გასასტიკებულია მისი გული და გაქვავებულია" (იობი. 41:16). მაშ, თუკი სასჯელის მოლოდინი ასე ასასტიკებს მას და უზომო მზაკვრობის მოქმედია, სამარადისო სასჯელში ყოფნის დროს ცეცხლოვანი სასჯელებით ცოდვის ბიწი ერებისგან რანაირად განიწმინდება? ხოლო თუ ვერ განიწმინდება, როგორ შეიძლება ელოდონ მისი მომხრენი სატანჯველთა დასრულებას?!" (ანდრია კესარიელი).

10. მაშინ მომესმა მგრგვინავი ხმა ცაში, რომელმაც თქვა: აწ იქმნა ხსნა, ძალი და სუფევა ჩვენი ღმრთისა და ხელმწიფება მისი ქრისტესი, რადგანაც დაემხო ბრალმდებელი ჩვენი ძმებისა, რომელიც ბრალს სდებდა მათ ჩვენი ღმერთის წინაშე დღისით თუ ღამით.

სატანის ციდან გადმოგდების შემდეგ, დიდი სიხარული ატყდა ცაში, რომლის მოწმედაც გვევლინება თვით იოანე მახარობელი. მას ესმა "მგრგვინავი ხმა". ვისია ეს ხმა, - მხცოვნებისა, ანგელოზებისა, განდიდებული ადამიანებისა თუ ისრაელის ერის წმინდანებისა ძნელი სათქმელია. იოანე მხოლოდ ხმის სიმძლავრეზე ლაპარაკობს და იმაზეც, რომ ამ სიხარულში მონაწილეობდნენ ზეცის სხვა ბინადარნიც, - წმინდანებიც და ანგელოზებიც.

სიხარული და უფლის დიდება იწყება სიტყვებით "ხსნა" "აწ იქმნა ხსნა, ძალი და სუფევა ჩვენი ღმრთისა და ხელმწიფება მისი ქრისტესი". "ხსნა" და "ცხოვნება" აქ დევნისა და შევიწროებისგან კერძო ხსნად არ უნდა გავიგოთ, არამედ მისი ყველაზე ფართო და ვრცელი მნიშვნელობით, როგორც საქმე ღმრთის მოწყალებისა კაცთა მოდგმისადმი, საქმე რომელიც დასაბამითგან უნდა აღესრულებინა ღმრთის ძეს.

ამჯერად ზეციურ დიდებაში ზეცის ბინადარნი აქებენ არა მარტო ამ საქმეს, რომელიც კეთილ ანგელოზთა გამარჯვებაშიც გამოიხატა, არამედ იმ ღვთაებრივ ძალს, იმ ყოვლადძლიერებას ღმრთისა, რომელიც აუცილებელი პირობა გახლდათ კაცთა მოდგმის საცხოვნებლად; აქვე განიდიდება ასევე ღმრთის სასუფეველი, "ხელმწიფება ქრისტესი", რომელიც დედამიწაზე დამყარდა კაცთა მოდგმის ცოდვის წყევისგან გამოსყიდვის შემდგომ და რომელიც არის "სიმართლე, მშვიდობა და სიხარული სული წმიდაში" 9რომ. 14:17).

ხოლო რაკიღა კაცთა მოდგმის ცხოვნების საქმე განუყრელად არის დაკავშირებული იესუ ქრისტეს ღმერთკაცობრივ პიროვნებასთან, ზეციურ ქებაში მოხსენიებულია იესუ ქრისტეს ძალიც, რომელმაც თავისი ჯვარცმით, სიკვდილითა და მკვდრეთით აღდგომით კაცთა მოდგმის მტერს მიაყენა გამანადგურებელი დარტყმა და ამიტომაც ის არის ჯოჯოხეთისა და სიკვდილის დამთრგუნველი. აქამომდე სატანა დაუბრკოლებლად სარგებლობდა ამა სოფლის თავადის სახელით, მაგრამ ამჯერად მას ეს ძალაუფლება წაერთვა.

ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის დღიდან კაცობრიობაზე ძალაუფლება მთლიანად ეკუთვნის იესუ ქრისტეს; ის არის ერთადერთი შუამავალი კაცსა და ღმერთს შორის (1 იოანე 2:1; 1 ტიმ. 2:5), მეოხი და შუამდგომელი (ებრ. 7:25; 8:1; 12:24); ამიერიდან გამართლდება ყველა, ვინც კი მიმართავს ქრისტეს შუამდგომლობას (რომ. 8:33-34).

მე-10 მუხლის ბოლო განგვიმარტავს ამგვარი ქების მიზეზსა და საფუძველსაც: "რადგანაც დაემხო ბრალმდებელი ჩვენი ძმებისა, რომელიც ბრალს სდებდა მათ ჩვენი ღმერთის წინაშე დღისით თუ ღამით".

"ბრალმდებელი" (ბერძნ. - di£boloj). ეშმაკი-სატანა ღმრთის წინაშე უპირველეს ყოვლისა ბრალს დებდა ადამიანებს, თან "დღე და ღამე", ანუ განუწყვეტლივ. ამისკენ აქეზებდა მას მისი ბოროტება და ეშმაკისეული შური, რომელიც მას მოსვენებას არ აძლევს. ის იყო (და არის) მთელი კაცობრიობის მტერი, კაცთმოძულე. მართალია, ის ასეთია დღესაც, მიქაელ მთავარანგელოზის მიერ ციდან გადმოგდების შემდეგაც, მაგრამ მის ცილისწამებას, ბრალდებებსა და კაცთმოძულეობას უკვე აღარა აქვს ადრინდელი ძალი. მეტიც, მან არა მარტო დაჰკარგა ღმერთთან მისვლის ადრინდელი უფლება, არამედ თვით ადამიანებმაც იგრძნეს ძალა, რომელიც მასთან საბრძოლველად არის აუცილებელი.

11. იმძლავრეს მასზე კრავის სისხლით და მათი მოწმობის სიტყვით, და არ შეიყვარეს მათი სული, თვით სიკვდილამდე.

"წმინდანებმა, რომელთაც ეშმაკი გამუდმებით ცილს სწამებს - როგორც დასწამა ერთხელ იობს იმ კაცთა წინაშე, რომელთაც მისი სჯეროდათ - ქრისტესთვის ვნებით სძლიეს მას. უზენაესი ძალნი ხარობენ მის დაცემას და გლოვობენ მათ გამო, რომლებიც მიჯაჭვულნი არიან ამქვეყნიურს" (ანდრია კესარიელი).

ყველა ადამიანს, უფრო სწორედ, ყველა ქრისტეანს შეუძლია დაამარცხოს ეშმაკი. ძლევის საჭურველი კი კრავის სისხლია; ის განწმენდს ყოველი ცოდვისგან (რომ. 3:25), გვაძლევს გამბედაობას ვიწოდებოდეთ ღმრთის შვილებად (იოანე 1:12-13); ამიტომაც გვეძლევა შესაძლებლობა ვძლიოთ ეშმაკს და განვეშოროთ ცოდვას (1 იოანე 2:13-14; შეად. 1:5; 5:9). მაგრამ ქრისტეს სისხლი ეს არის, თუ შეიძლება ითქვას, ობიექტური გამარჯვება, ანუ იარაღი გამარჯვებისთვის. ქრისტეანებმა უკვე თვითონ უნდა ისარგებლონ ამ იარაღით. ეს არის ცხოვნების სუბიექტური მხარე და მის შესახებ არის ლაპარაკი სწორედ მე-11 მუხლში. ისინი, ანუ ქრისტეანები მძლავრობენ ეშმაკზე "კრავის სისხლით და მათი მოწმობის სიტყვით", ანუ იესუ ქრისტეს სწავლების მიმდევრობით; ცხოვრებით, რომელშიც მკაფიოდ არის გამოხატული მათი რწმენა იესუ ქრისტესადმი და რომელშიც მოცემულია მისი გულწრფელობის მტკიცებულება. ამ რწმენის ძალა და მისი გულწრფელობა (იოანე 15:13; მათე 10:37) გამოიხატა ქრისტეანთა მზადყოფნაში საკუთარი თავი შესწირონ თავიანთ ქრისტეანულ შეხედულებებს; ისინი უგულებელჰყოფდნენ თავიანთ მიწიერ ცხოვრებასაც კი ("სულს") და უმალ სიკვდილს ამჯობინებდნენ სარწმუნოების უარყოფას.

მაბრალობელი ეშმაკისადმი ადამიანთა ამგვარ ცვლილებას სიხარულით უნდა აღევსო მთელი სამყარო. ამიტომაც, ზეციური დიდებისმეტყველება ამ სიხარულში იწვევს ზეცას და ზეცის მკვიდრთ:

12. მაშ, ხარობდეთ ზეცანო და ზეცის მკვიდრნო! მაგრამ ვაი მიწას და ზღვას, რადგანაც თქვენში ჩამოგდებულ იქნა ეშმაკი, აღსავსე სასტიკი რისხვით, ვინაიდან იცის, რომ ცოტაღა დარჩა ხანი.

ვინ იგულისხმება აქ "ზეცაში" (მრავლ. რიცხვში - "ზეცანო") და ზეცის მკვიდრებში? მიქაელის გამარჯვებამ ბოროტი დემონების გარდა ყველა გაახარა, ამიტომაც, თუმც სიხარულში მიწვეულნი არიან "ზეცანი და ზეცის მკვიდრნი", აქ შეგვიძლია ვიგულისხმოთ ქრისტეს სხეულის (ეკლესიის) მიწიერი წევრებიც. განა ძმები არ არიან ისინი განდიდებულ წმინდანთა? განა ზეცაში არ არის მათი სამშობლო? და განა ზეციერადაც არ იწოდებიან ისინი? (ფილ. 3:30; 1 კორ. 15:48).

მაგრამ თუკი ზეცის მკვიდრნი და ქრისტეანები, რომლებიც ცხოვრობენ ზეციური და არა მიწიერი ინტერესებით, მიწვეულნი არიან ამ სიხარულში, მიწაზე და მხოლოდ მიწიერი ინტერესებით მცხოვრებთ ეუწყებათ უდიდესი უბედურება: "ვაი მიწას და ზღვას, რადგანაც თქვენში ჩამოგდებულ იქნა ეშმაკი, აღსავსე სასტიკი რისხვით, ვინაიდან იცის, რომ ცოტაღა დარჩა ხანი" (შეად. 1 პეტრე 5:8).

"ვაი მისი და ზღვის მკვიდრთ!"
ანუ მათ, რომლებიც არა ზეციურს, არამედ მიწიერსა და ამქვეყნიურს მიაპყრობენ თავიანთ გულისხმას. თუმც, მრავალნი ამქვეყნად მცხოვრებნი სძლევენ მტარვალს, რომელიც განსაკუთრებული გამძვინვარებით ესხმის თავს მორწმუნეთ, რადგან მოახლოებულია მისი სასჯელი. უნდა გვენანებოდეს და ვგლოვობდეთ იმათ, რომლებიც მხოლოდ მიწიერზე, ამქვეყნიურზე ზრუნავენ და ამსოფლიურ, ცხოვრებისეულ ზღვაში ინთქმებიან" (ანდრია კესარიელი).

ეშმაკი არა მარტო შურისძიებას დაიწყებს თავისი შერცხვენისთვის, არამედ განსაკუთრებულად გააფთრდება კიდევ იმიტომ, რომ დრო-ჟამის მიხედვით იცის, რომ "ცოტაღა დარჩა ხანი" თავისი დამნაშავეობრივი და ბოროტი საქმიანობისთვის, რის შემდეგაც ის იქნება ჩაგდებული ცეცხლის გეჰენაში სამარადისო ტანჯვისთვის (გამოცხ. 20:10). მაგრამ, ამ საბოლოო განკითხვამდე ის ამ საწუთროში იმოქმედებს როგორც მაცდური, და რაც უფრო ახლოვდება სამყაროს აღსასრული, მით უფრო ძლიერი და მავნე იქნება იგი. ეშმაკის ეს საქმიანობა გამოსახულია აპოკალიფსისის 13-17-ე თავებში.

13. და როცა იხილა ურჩხულმა, რომ დაემხო ქვეყნად, დევნა დაუწყო ქალს, რომელმაც შვა ვაჟი. 14. მაგრამ მიეცა ქალს ორი ფრთა ვეება არწივისა, რათა გარიდებოდა ურჩხულს და გაფრენილიყო უდაბნოში, თავის ადგილას, სადაც უნდა ერჩინა თავი დროის, დროთა და ნახევარი დროის მანძილზე. 15. მაშინ გველმა თავისი პირიდან მდინარესავით ამოუშვა წყალი ქალის კვალდაკვალ, რათა წაეღო იგი მდინარეს. 16. მაგრამ მიწა შეეწია ქალს: განახვნა ბაგენი და შთანთქა მდინარე, რომელიც ურჩხულმა ამოუშვა პირიდან. 17. მაშინ განრისხდა ურჩხული ქალზე და გასწია, რათა შებმოდა დანარჩენებს მისი მოდგმიდან, რომლებიც იცავენ ღვთის მცნებებს და აქვთ იესოს მოწმობა.

დრაკონი-ეშმაკი აპირებდა ეკლესიის რჩეულ წევრთა წარწყმედას, რაც გამოხატულია მისი მცდელობით შთაენთა ვაჟი ქალმა რომ შვა "და დადგა ურჩხული ქალის წინაშე, რომელსაც უნდა ეშვა, რათა შობისთანავე შთაენთქა მისი შვილი" (მ. 4), მაგრამ როდესაც ეს ვერ მოახერხა, რადგან "ატაცებულ იქნა შვილი ღვთისა და მისი ტახტის წინაშე" (მ. 5) ეშმაკმა მთელი თავისი ბოროტება მიაქცია ქალის (ანუ მთელი ეკლესიის) წინააღმდეგ. ეკლესია წმიდაა და მას უფალმა აღუთქვა, რომ ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერეოდნენ. მე-6 მუხლში მოკლედ არის აღწერილი, რომ ეშმაკთან მტრობას ქალი გაექცა და თავი უდაბნოს შეაფარა, სადაც უფალი აპურებდა 1260 დღე. მე-13 მუხლში უეჭველად იმავე მოვლენაზეა ლაპარაკი და შეხედულება, რომ აქ თითქოსდა სხვა გაქცევაზეა ლაპარაკი და სხვა ვითარებებზე უსაფუძვლოა. პირიქით, მე-6 და 13-ე მუხლებში აღწერილ მოვლენათა იდენტურობას ადასტურებს კომენტატორთა უმრავლესობა, ასევე ამ მოვლენათა იდენტური აღწერილობა; დრაკონისგან გაქცევა; გაქცევა უდაბნოში იმ ადგილას, რომელიც ეკლესიას ღმერთმა მოუმზადა; რომ გაქცევა გაგრძელდა 1260 დღე ანუ 3,5 წელიწადი. და თუ რატომღაც იოანე გაქცევის მომენტს ისევ მოუბრუნდა, მხოლოდ იმიტომ, რომ 1) მე-6 მუხლში ოდენ მოინიშნა ის, როგორ წინამდებარე მოვლენის შედეგი და 2) კიდევ იმიტომ, რომ მასთან არის დაკავშირებული 15-17 მუხლებში აღწერილი მოვლენაც, რომლის ლოგიკური წინაპირობაც უდაბნოში გაქცევაა და რომელსაც შემდეგ დრაკონის დამარცხება მოჰყვა. ამიტომაც, აღწერა რა დრაკონის ზეციდან ჩამოგდება და ამ მოვლენით გამოწვეული სიხარული ზეცის ბინადართა, იოანე კვლავ უბრუნდება ქალის უდაბნოში გაქცევას და მას ზოგიერთი ახალი მინიშნებით ავსებს.

როდესაც ურჩხული ქალის წინააღმდეგ გაეშურა, "მიეცა ქალს ორი ფრთა ვეება არწივისა, რათა გარიდებოდა ურჩხულს და გაფრენილიყო უდაბნოში, თავის ადგილას, სადაც უნდა ერჩინა თავი დროის, დროთა და ნახევარი დროის მანძილზე".

"ფრთები" აქ ურჩხულისგან გაქცევის სისწრაფეზე მიანიშნებს და ისეთივე სიმბოლური დატვირთვისაა, როგორც თვით ქალი.

"ქალში" ჩვენ იდეალურ ქრისტეანულ ეკლესიას ვგულისხმობთ, ხოლო "უდაბნოში მისი გაქცევა" - ამ წუთისოფლის ინტერესებისგან და საცთურებისგან განრიდებას ნიშნავს იმის შიშით, რათა არ შეერიოს წუთისოფელს და არ დაკარგოს თავისი უზენაესი დანიშნულება.

აქვე უნდა აღვნიშნოთ ის, რომ ქალს მიეცა "ფრთები ვეება არწივისა", არამედ "ორი ფრთა". ამ ვითარებამ ზოგიერთ კომენტატორს აფიქრებინა, რომ აქ შეიძლება იგულისხმებოდეს: ღმრთის ორი წინასწარმეტყველი - ილია და ენოქი; 2) ღმრთის ორი აღთქმა; 3) სიყვარული ღმრთისა და მოყვასისა: 4) ეკლესიის მაღალი და თავისუფალი პატივი და მდგომარეობა; 5) რომის მონარქიის ორი ნაწილი; და 6) თვით რომის სახელმწიფოს გერბიც კი.

მაგრამ ეს ყოველივე მხოლოდ ვარაუდებია, რომელთა საფუძველი ტექსტში არა გვაქვს. ქრისტეანული ეკლესია თავისი მოწოდებითა და სიწმიდით უნდა აღემატებოდეს მიწიერი ცხოვრების ჩვეულებრივ პირობებს და არ უნდა ექვემდებარებოდეს მათ. ასე, რომ "ქალის უდაბნოში გაქცევა" ამ აზრს ატარებს და თანაც უბრალოდ კი არ გარბის უდაბნოში, არამედ "ღმრთის მიერ განმზადებულ თავის ადგილას" (მ. 6). "ქალი" გარბის არა იმისთვის, რათა იქ იკვებოს 3.5 წლის განმავლობაში. ურჩხული - ეშმაკის სიმბოლოა და მისთვის, როგორც უხორცო არსებისთვის უდაბნო სულაც არ არის მიუწვდომელი ადგილი. ამიტომაც, "ეკლესიის უდაბნოში გაქცევა" ისე უნდა გავიგოთ, რომ ეკლესია ამ წუთისოფლიდან უნდა გაექცეს ეშმაკს, რათა ამაღლებული ცხოვრების იცხოვროს. და როგორც ისრაელის ხალხისთვის, მისი აღზრდისა და გამოწრთობისთვის საჭირო იყო უდაბნოში 40 წლიანი მოგზაურობა, ზუსტად ასევე, ამ წუთისოფლის პირობებში, ეკლესიისთვის აუცილებელია მწირისა და მოგზაურის მდგომარეობა. უფალი მანანით ზრდიდა ისრაელს, ასე გამოზრდის თავის ეკლესიასაც მადლითა და წყალობით, სწავლებითა და საიდუმლოებებით.

ასეთ მდგომარეობაშია ეკლესია მთელი მისი არსებობის განმავლობაში, მაგრამ მისი ეს მეუდაბნოება განსაკუთრებით აუცილებელი სწორედ ბოლო ჯამს, ანტიქრისტეს მეფობის ბოლო პერიოდში, ანუ სამწელიწადნახევარში გახდება: სწორედ ამ პერიოდში, რომელზეც განსაკუთრებულად უთითებს აპოკალიფსისი, ქალს უდაბნოში არჩენს უფალი "დროის, დროთა და ნახევარი დროის განმავლობაში". თვით ეს გამოთქმა წააგავს დანიელ წინასწარმეტყველის ნათქვამს. ეს არის დროის პერიოდი (1260 დღე. მ. 6), რომელიც ემთხვევა 42 თვეს (თ. 11:2) და რომელთა პერიოდშიც იერუსალიმის ტაძრის გარეთა ეზო დაითრგუნება წარმართთა მიერ, ანუ იმ 1260 დღის განმავლობაში, როდესაც იქადაგებს ორი მოწმე, ორი წინასწარმეტყველი.

შეხედულება, რომლის მიხედვითაც 3,5 წელიწადი განეკუთვნება ბოლო დროს, ანტიქრისტეს პერიოდს, მაშინ როდესაც ქალის გაქცევა უდაბნოში ნიშნავს მის მუდმივ დამოკიდებულებას მიწიერი ცხოვრების პირობებისადმი, არ უნდა გვაცბუნებდეს, რადგან ანტიქრისტეს მეფობის 3,5 წელიწადი უნდა აღვიქვათ როგორც ტიპიური მოვლენა, როდესაც ყველაზე მეტად გამოაშკარავდება ის, რაც ამა თუ იმ ზომით ყოველთვის აღსრულდებოდა ცხოვრებაში.

როდესაც უდაბნოში გაფრენილ ქალი იხილა, "მაშინ გველმა თავისი პირიდან მდინარესავით ამოუშვა წყალი ქალის კვალდაკვალ, რათა წაეღო იგი მდინარეს. 16. მაგრამ მიწა შეეწია ქალს: განახვნა ბაგენი და შთანთქა მდინარე, რომელიც ურჩხულმა ამოუშვა პირიდან. 17. მაშინ განრისხდა ურჩხული ქალზე და გასწია, რათა შებმოდა დანარჩენებს მისი მოდგმიდან, რომლებიც იცავენ ღვთის მცნებებს და აქვთ იესოს მოწმობა".

ეს მაგალითი აღებულია ბუნებიდან: გველი, მისი ჩვეულებისამებრ, კბენის დროს შხამს აფრქვევს, რათა მოსწყლას თავისი მსხვერპლი. გველის პირიდან აღმონთხეული "წყალი", რომელიც მდინარედ იქცა და ქალს მისდევდა, რათა "წაეღო იგი", ნიშნავს ყოველგვარ ძალადობას, ეშმაკობასა და საცთურს, რომელიც კი ოდესმე გამოუყენებია და გამოიყენებენ ეკლესიის მტრები მის წინააღმდეგ. არ არის შემთხვევითი, რომ მე-15 მუხლში ურჩხული უბრალო "გველად" რომ იწოდება. ის აღებულია თავის პირვანდელი სახით, როგორც სატანა, რომელმაც ყოველი ღონე იხმარა, რათა ეცთუნებინა პირველი ადამიანები.

მაგრამ "მიწა შეეწია ქალს: განახვნა ბაგენი და შთანთქა მდინარე, რომელიც ურჩხულმა ამოუშვა პირიდან". საგულისხმოა აღინიშნოს, რომ აქ ზეცა კი არ ეხმარება ეკლესიას, არამედ "მიწა" და უფალი არ გამოდის აქ თავისი სასწაულებრივი მოქმედებით. ეს იმაზე უთითიებს, რომ ქრისტეანული ეკლესიის ისტორია, მისი მტრის ყოველი ღონისძიებისდა მიუხედავად, მაინც თავისი გზით წავა, რომელიც მას ღმერთმა განუწესა. თვით ის ცხოვრებისეული პირობები, რომლებშიც ის აღმოჩნდება ამა თუ იმ დროს, ამა თუ იმ სახელმწიფოში და საზოგადოებრივი გადატრიალებების პირობებში ბუნებრივად და ჭეშმარიტად გადაარჩენს მას უკიდურესი ჭირვებისგან, ძალადობისგან და შევიწროებისგან და მიანიჭებს მას უნარს "რათა სრულყოს წმიდანი მსახურების საქმისათვის - ქრისტეს სხეულის ასაშენებლად" (ებრ. 4:11-12). ეს უკვე დამტკიცებულია ქრისტეს ეკლესიის მრავალსაუკუნოვანი ისტორიით და კიდევ უფრო მკაფიოდ დამტკიცდება კაცობრიობის ისტორიის აღსასრულს, ანტიქრისტეს მეფობის პერიოდში. "მაგრამ ურყევი საფუძველი ღვთისა მტკიცეა და აქვს ეს ბეჭედი: "იცის უფალმა, ვინაა მისი", და: "განუდგეს უსამართლობას ყველა, ვინც აღიარებს უფლის სახელს" (2 ტიმ. 2:19).

მაგრამ მსგავსად იმისა, როგორც დროებით განეშორა უფალს უდაბნოში შერცხვენილი ეშმაკი (ლუკა 4:13), ზუსტად ასევე მიუხედავად არაერთი შერცხვენისა ეშმაკი ქრისტეანულ ეკლესიას თავს არ დაანებებს, მის დევნას არ შეწყვეტს. ის შეებრძოლება დედაკაცის თესლს, "დანარჩენებს მისი მოდგმიდან, რომლებიც იცავენ ღვთის მცნებებს და აქვთ იესუ მოწმობა". მაგრამ ეშმაკი ვერაფერს დააკლებს თვით ეკლესიას: მის რწმენას, მის ჭეშმარიტებას, რომელსაც იცავენ ეკლესიის მწყემსები და ერთგული შვილები, რომლებიც თვით სულიწმიდამ დააწესა ამ საქმისთვის და რომლის შესახებაც ნათქვამია, რომ ის არის "ეკლესია ცოცხალი ღვთისა, ჭეშმარიტების სვეტი და საფუძველი" (1 ტიმ. 3:15). ქრისტეანული ეკლესია ეშმაკისთვის ყოველთვის მიუწვდომელი იყო და იქნება; როგორც აპოკალიპტური "ქალი", რომელიც "უდაბნოში გაიქცა", მიუწვდომელი იქნება ურჩხულისთვის.

"მაშინ განრისხდა ურჩხული ქალზე და გასწია, რათა შებმოდა დანარჩენებს მისი მოდგმიდან, რომლებიც იცავენ ღვთის მცნებებს და აქვთ იესოს მოწმობა".

ვინ არიან აპოკალიფსისი მიერ მოხსენიებული "დანარჩენები"? "დანარჩენები", რომლებიც წარმოადგენენ ქალის მოდგმას, ასევე ქრისტეანული ეკლესიის შვილები არიან, ოღონდ განსხვავდებიან იმ ძე-წულის სიმბოლოსგან, რომელშიაც იგულისხმებიან სრულყოფილნი. "ძე-წული" სრულყოფილ, რჩეულ ქრისტეანთა სიმბოლოა, ხოლო ესენი ("დანარჩენები") უბრალო მორწმუნეები არიან, ერისკაცნი და საერო საქმიანობით დაკავებულნი. ისინი მსგავსნი არიან იმ შვიდი ათასი ებრაელისა, რომელმაც მსხვერპლი არ შესწირეს ბაალს, მაგრამ რომელთა შესახებაც არაფერი იცოდა ილიამ და ამიტომაც შეჰღაღადებდა უფალს, რომ მის გარდა აღარ დარჩაო ისრაელში მართალი კაცი (3 მეფ. 19:18).

და როგორც მაშინ უთხრა უფალმა წინასწარმეტყველ ილიას, ასევე აქაც ეუბნება იოანეს, რომ ასეთი მორწმუნეები არსებობენ, რომ მათ არა მარტო იცნობს ღმერთი და ეკლესია, როგორც საკუთარ შვილებს, არამედ იცნობს მათ ეშმაკიც, რომელიც არ მოასვენებს მათ და ათასგვარი ხრიკებით გამოვა მათ წინააღმდეგ (ეფეს. 5:15; 6:12).

ამრიგად, მე-12 თავში აღწერილი მოვლენები მოკლედ აღწერენ ქრისტეანული ეკლესიის მთელს ისტორიას, მისი დაფუძნებიდან დაწყებული, ვიდრე უკანასკნელი ჟამით დამთავრებული. ეკლესიის წევრები, რომელთა გადასარჩენად ეკლესიას ბრძოლა უწევს ურჩხულთან (სატანასთან), იყოფიან ორ კატეგორიად. ერთნი არიან რჩეულნი და სრულყოფილნი, ეკლესიის მშვენება და გვირგვინნი; ხოლო მეორენი, ნაკლებად მტკიცენი სარწმუნოებაში და უფრო მიწიერი ინტერესებისკენ მიდრეკილნი. ეკლესია ორივეს დედაა, ის ორივეს ზრდის, ორივეზე ერთნაირად ფიქრობს და თუ თვითონ პირველთა სიწმიდითა და სრულყოფილებით მტკიცდება, არ უნდა დაივიწყოს მეორენიც, რომლებიც საჭიროებენ მის მხარდაჭერას, რადგან მათ წინააღმდეგაც არის მიმართული ეშმაკის ხრიკები.

სატანის მტრობა და ბოროტება დროთა განმავლობაში კი არ მცირდება, არამედ უფრო და უფრო ძლიერდება და სასტიკდება. მსოფლიო ისტორიის დასასრულს ის განსაკუთრებული რელიეფურობითა და მძვინვარებით გამოვლინდება და განხორციელდება განსაკუთრებულ წარმომადგენელში, - ანტიქრისტეში, რომელიც სამყაროს მოევლინება მაშინ, როდესაც მსოფლიო დაინთქმება უკიდურეს ბოროტებაში. ისეთ ოკულტიზმსა და გარყვნილებაში, რომ მიიღებს ანტიქრისტეს, როგორც საკუთარ ღმერთს, საკუთარი ზნეობრივი ინტერესებისა და ცხოვრებისეული მისწრაფებების განმახორციელებელს.

ამ ანტიქრისტეს პიროვნება, საქმიანობა და ბედი აპოკალიფსისის მომდევნო თავებშია აღწერილი.

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню