აპოკალიფსისის განმარტება_IV_9_1_11_აპოლიონის არმია - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოკალიფსისი > განმარტება

კალიები, ანუ აპოლიონის არმია

(თ. 9:1-11)

აპოლიონის არმია

ძვ. ქართულით

1. და მეხუთემან ანგელოზმან დასცა საყჳრსა, და ვიხილე ვარსკულავი, რომელი გარდამოვარდა ზეცით ქუეყანად, და მიეცა მას კლიტე ჯურღმულისა მის უფსკრულისაჲ. 2. და აღჴდა კუამლი ჯურღმულისა მისგან, ვითარცა კუამლი ცეცხლისა მოტყინარისაჲ, და დაბნელდა მზე და ჰაერი კუამლისა მისგან ჯურღმულისა. 3. და კუამლისა მისგან გამოვიდეს მკალნი ქუეყანად. და მიეცა მათ ჴელმწიფებაჲ, ვითარცა აქუს ჴელმწიფებაჲ ღრიაკალთა ქუეყანისათა. 4. და ითქუა მათა მიმართ, რაჲთა არა ავნონ თივასა ქუეყანისასა, არცა ყოველსა მწუანვილსა, არცა ხეთა, არამედ კაცთა, რომელთა არა აქუს ბეჭედი ღმრთისაჲ შუბლთა ზედა მათთა. 5. და მიეცა მათ, რაჲთა არა მოკლნენ იგინი, არამედ რაჲთა იტანჯნენ ხუთ თუე. და ტანჯვაჲ მათი, ვითარცა ტანჯვაჲ ღრიაკალისაჲ, რაჟამს უცის კაცსა. 6. და მათ დღეთა შინა ეძიებდენ კაცნი სიკუდილსა და ვერ პოონ, და სუროდის მოკუდომად და ივლტოდის მათგან სიკუდილი. 7. და მსგავსებაჲ იგი მკალთაჲ ესევითარი იყო: მსგავს იყვნეს ცხენთა, განმზადებულთა ბრძოლად. და თავთა ზედა მათთა, ვითარცა გჳრგჳნნი ოქროჲსანი, და პირნი მათნი, ვითარცა პირნი კაცთანი. 8. და აქუნდა თმები, ვითარცა თმანი დედათანი; და კბილნი მათნი, ვითარცა ლომთანი იყვნეს. 9. და აქუნდა ჯაჭუები, ვითარცა ჯაჭუები რკინისაჲ, და ჴმაჲ ფრთეთა მათთაჲ, ვითარცა ჴმაჲ ეტლთა ცხენთა მრავალთაჲ, რომელნი რბიოდიან ბრძოლად. 10. და აქუს კუდები, მსგავსი ღრიაკალთაჲ და საწერტელები. და კუდებითა მათითა აქუს ჴელმწიფებაჲ ვნებად კაცთა ხუთ თუე. 11. და აქუს მათ ზედა მეფედ ანგელოზი იგი უფსკრულისაჲ. სახელი მისი ებრაელებრ: ავადონ, ხოლო ბერძლებრ აქუს სახელი აპოლიონ. 12. ერთი იგი ვაებაჲ წარჴდა. აჰა ესერა მოვლენ ორნიღა ვაებანი შემდგომად ამისა. 13. მეექუსემან ანგელოზმან დასცა საყჳრსა თჳსსა, და მესმა ჴმაჲ ერთი ოთხთა მათ რქათაგან საკურთხეველისა მის ოქროჲსათა, რომელ არს წინაშე ღმრთისა, 14. რომელი ეტყოდა მეექუსესა მას ანგელოზსა, ვითარმედ: რომელსა-ეგე გაქუს საყჳრი, განჴსნენ ოთხნი იგი ანგელოზნი, რომელნი შეკრულ არიან მდინარესა მას ზედა დიდსა ევფრატსა. 15. და განიჴსნნეს ოთხნი იგი ანგელოზნი, განმზადებულნი ჟამისა მისთჳს და დღისა და თჳსა და წელიწადისა, რაჲთა მოსრან მესამედი კაცთაჲ. 16. და რიცხჳ მჴედრობათაჲ მათ ცხენთაჲ ბევრნი ბევრთანი, მესმა რიცხჳ მათი. 17. და ესრეთ ვიხილენ ცხენნი იგი ხილვითა; და მსხდომარეთა მათ ზედა აქუნდა ჯაჭუები ცეცხლისა და ვაკინთისა და წუმწუბის სახენი; და თავნი ცხენთანი, ვითარცა თავნი ლომთანი; და პირთა მათთაგან გამოვალს ცეცხლი და კუამლი და წუმწუბაჲ. 18. სამთა ამათ წყლულებათაგან მოსწყდა მესამედი კაცთაჲ - ცეცხლისაგან და კუამლისა და წუმწუბისა, რომელ-იგი გამოვიდოდეს პირთაგან მათთა. 19. რამეთუ ჴელმწიფებაჲ იგი ცხენთაჲ მათ პირთა შინა მათთა არს და კუდთა, რამეთუ კუდნი მათნი მსგავს არიან გუელთა, და აქუს თავები და მით ავნებენ. 20. და სხუათა მათ კაცთა, რომელნი-იგი არა მოიკლნეს ამათ წყლულებათაგან, არა შეინანეს მათ საქმეთაგან ჴელთა მათთაჲსა, რაჲთამცა არა თაყუანის-სცემდეს ეშმაკთა და კერპთა ოქროჲსა და ვეცხლისა და ქვისა და შეშისათა, რომელთა ვერცა ხედვად ძალ-უც, ვერცა სმენად, ვერცა სლვად. 21. და არა შეინანეს კაცის-მკლველობათა მათთაგან და არცა მწამლველობათა მათთაგან, არცა სიძვისა მათისაგან, არცა მპარაობათა მათთაგან.

ახ. ქართულით

1. მეხუთე ანგელოზმა ჩაჰბერა და ვიხილე ვარსკვლავი, რომელიც ზეცით ვარდებოდა ქვეყნად, და მიეცა მას გასაღები უფსკრულის ჭისა; 2. გააღო უფსკრულის ჭა და ამოვარდა კვამლი ჭიდან, როგორც ვეება ღუმელის კვამლი, და დაბნელდა მზე და ჰაერი ჭის კვამლისაგან. 3. გამოვიდა კვამლიდან კალიის გუნდი ქვეყნად, და მიეცა მას ხელმწიფება, მსგავსი იმისა, როგორიცა აქვთ მიწის მორიელთ. 4. და ითქვა მათ მიმართ, რომ არა ავნონ რა არც ბალახს მიწისას, არც მწვანილს რასმე და არც ხეს რასმე, არამედ მხოლოდ იმ ხალხს, რომელსაც არა აქვს ღვთის ბეჭედი შუბლზე. 5. და მიეცა მათ ნება, კი არ მოეკლათ, არამედ ხუთი თვე ეწამებინათ ისინი; ხოლო წამება მათგან, როგორც წამება მორიელისგან, როდესაც მოწყლავს კაცს. 6. იმ დღეებში სიკვდილს დაუწყებენ ძებნას კაცნი, და ვერ ჰპოვებენ; ინატრებენ, ნეტა მოვკვდეთო, მაგრამ სიკვდილი დაუსხლტება მათ. 7. ხოლო კალიები გარეგნობით ცხენებსა ჰგვანდნენ, საომრად გამზადებულთ, და თავს ედგათ გვირგვინი, როგორც ოქროსი; და სახე მათი, როგორც სახე კაცთა. 8. მათი თმები დიაცთა თმებს მოგაგონებდათ, კბილები კი მიუგავდათ ღოჯებს ლომისას. 9. ტანთ ეცვათ ჯაჭვნი, როგორც რკინისანი, და მათი ფრთების ხმა, როგორც ცხენმრავალ ეტლთა გრიალი, რომელნიც მიჰქრიან საომრად. 10. ნესტრიანი კუდები ჰქონდათ, მორიელთა კუდების მსგავსნი, ხოლო კუდებში - ხელმწიფება კაცთა წამებისა ხუთი თვის განმავლობაში. 11. მეფედ ჰყავდათ უფსკრულის ანგელოზი, და სახელი მისი ებრაულად აბადონ, ხოლო ბერძნულად აპოლიონ. 12. ერთმა ვაებამ გადაიარა: აჰა, მოდის ამის შემდეგ ორი ვაება. 13. მეექვსე ანგელოზმა ჩაჰბერა და მომესმა ერთი ხმა ოთხ რქათაგან ოქროს საკურთხევლისა, რომელიც არის ღვთის წინაშე; 14. და უთხრა მეექვსე ანგელოზს, საყვირის მქონეს: ახსენი ოთხი ანგელოზი, რომელნიც შეკრულნი არიან დიდ მდინარეზე ევფრატისა. 15. და ახსნილ იქნა ოთხი ანგელოზი, რომელნიც მზად არიან ყოველ საათს და დღეს, თვესა და წელს, მუსრი გაავლონ მესამედს კაცთა. 16. და რიცხვი მათი მხედრობისა - ორასი ათასჯერ ათასი; მომესმა რიცხვი მათი. 17. ასე ვიხილე ხილვით ცხენები და მათი მხედრები, რომლებსაც ეცვათ აბჯარნი ცეცხლის, ჰიაკინთისა და გოგირდის ფერნი. თავები ცხენებისა, როგორც ლომების თავნი, და მათ პირთაგან იფრქვეოდა ცეცხლი, კვამლი და გოგირდი. 18. და ამ სამი წყლულებისგან - ცეცხლის, კვამლისა და გოგირდისაგან, რასაც აფრქვევენ მათი პირები, კაცთა მესამედი ამოწყდა. 19. რადგან ცხენებისა ძალა იყო მათ თავ-პირსა და მათ კუდებში, ხოლო კუდები გველებს ჰგვანდნენ და ჰქონდათ თავები, რომლებითაც ვნებდნენ ხალხს. 20. დანარჩენებმა კი, რომლებიც არ ამოწყდნენ ამ წყლულებისგან, არ შეინანეს თავიანთ ხელთა საქმენი, რათა თაყვანი არ ეცათ ეშმაკთა და ოქროს, ვერცხლის, რვალის, ქვისა და ხის კერპთათვის, რომელთაც არც ხედვა ძალუძთ, არც სმენა და არც სიარული. 21. არ შეინანეს არც თავიანთი მკვლელობანი და არც თავიანთი გრძნეულებანი, არც თავიანთი სიძვანი და არც თავიანთი ქურდობანი.

შინაარსი


IV. საღმრთო განგებულების გამოვლენის მეორე თანამიმდევრობა (თ. 7-11)

კალიები, ანუ აპოლიონის არმია (თ. 9:1-11)


1. მეხუთე ანგელოზმა ჩაჰბერა და ვიხილე ვარსკვლავი, რომელიც ზეცით ვარდებოდა ქვეყნად, და მიეცა მას გასაღები უფსკრულის ჭისა.


მეხუთე საყვირის შემდეგ იოანე ხედავს ვარსკვლავს, რომელიც "ზეცით ვარდებოდა ქვეყნად". "ციდან გადმოვარდნაში" იდუმალთმხილველი კვლავ ღმრთითდაშვებულ სასჯელზე მიანიშნებს. რა ვარსკვლავია ეს ციდან რომ გადმოვარდა? ღვთისმეტყველთაგან ზოგიერთნი მასში კეთილ ანგელოზს გულისხმობენ (მაგ. ანდრია კესარიელი), სხვები პირიქით, ამ ვარსკვლავში ბოროტ ანგელოზს, ანუ "ლუციფერს" ხედავენ, რომელიც ღმერთმა გადმოაგდო ციდან და ვინაც დედამიწაზე მრავალგვარი მწვალებლობები და განხეთქილებები გაავრცელა (პრიმაზიუსი, ავგუსტინე). არიან მესამენი, ვისი აზრითაც ციდან ვარსკვლავის გადმოვარდნაში "ეპისკოპოსები" უნდა ვიგულისხმოთ, რომლებიც ეშმაკის იარაღნი გახდნენ და ა. შ.

მაგრამ ეს და მათი მსგავსი განმარტებები დაშორებულია ტექსტის ბუკვალურ გამოხატულებას. იოანე ხედავს უბრალო ვარსკვლავს, მსგავსად იმისა, როგორც მან ადრე უზარმაზარი და ცეცხლით მოლაპლაპე და მთა (8:8) იხილა. როგორც მაშინ იყო ცხადი, რომ გამოცხადების მე-8 თავის სიმბოლოებში ის გულისხმობდა ღმრთის განგების განსაკუთრებულ მოქმედებას, იგივე უნდა ვთქვათ ამ ვარსკვლავის შესახებაც. ანუ, აქაც ღმრთის განსაკუთრებული განგება იგულისხმება და ეს არის სიმბოლო, რომელიც გასაგები მხოლოდ მომდევნო სიტყვების შემდეგ ხდება.

და მიეცა მას გასაღები უფსკრულის ჭისა.

ციდან ჩამოვარდნილ ვარსკვლავს უფსკრულის ჭის გასაღები მიეცა. გამოთქმის ფორმა ამ მოვლენაში ზეციური განგების უშუალო მონაწილეობაზე უთითებს (შეად. 8:7, 8); ხოლო "გასაღების" ხსენება ძლიერებაზე მიანიშნებს (შეად. გამოცხ. 3:7). "გასაღები" უფსკრულის ჭისაა. "ჭა" აქ გამოყენებულია (შეად. იოანე 4:6, 11) თავისი ჩვეულებრივი მნიშვნელობით, - ანუ ეს არის ჩაღრმავება, მიწის სიღრმეში ჩასასვლელი. ის განსხვავდება უფსკრულისგან; აპოკალიფსისი მას წარმოგვიდგენს როგორც გასაღებით დაკეტილს, როგორც ამას აკეთებენ წყლით ღარიბ აღმოსავლეთის ქვეყნებში, სადაც ჭას გასაღებით კეტავენ. ჭა, უშუალოდ დაკავშირებულია უფსკრულთან. თვით "უფსკრულის" სახელწოდება (ბერძნულში) ერთგვარ უსასრულოდ ღრმა და უძირო ადგილზე უთითებს. წმიდა წერილში ამ სახელწოდებით ჩვეულებისამებრ ქვესკნელი აღინიშნება (ფსალმ. 70:21; ისაია 14:15; რომ. 10:7); ხოლო ლუკას სახარებაში (8:31) პირდაპირ იმ ადგილის სახელწოდებად არის გამოყენებული, სადაც იმყოფებიან დასჯილი ბოროტი სულები (შეად. გამოცხ. 11:7; 17:8; 20:1-3).

"უფსკრული" უნდა განვასხვავოთ ჯოჯოხეთისგან (გამოცხ. 1:18; 6:8; ლუკა 16:23) და გეჰენიისგან (მათე 5:29; 1 პეტრე 3:19; იაკობი 3:6), სადაც იტანჯებიან ცოდვილნი. ამიტომაც უფსკრული, მოცემულ ადგილას, უნდა გავიგოთ, როგორც დემონთა ადგილსამყოფელი, სადაც ისინი ჩაკეტილნი არიან "გასაღებით", ანუ მოკლებულნი არიან თავისუფალ ქმედებას. ღმრთის განგებით დაცემული ვარსკვლავი კვლავ მიიღებს შესაძლებლობას გამოვიდეს დედამიწაზე და დატანჯოს ადამიანები.

2. გააღო უფსკრულის ჭა და ამოვარდა კვამლი ჭიდან, როგორც ვეება ღუმელის კვამლი, და დაბნელდა მზე და ჰაერი ჭის კვამლისაგან.

დედამიწაზე მის გამოსვლას იდუმალთმხილველი გამოხატავს "კვამლის" სახით, თანაც ეს "კვამლი" ისეთი სქელია, რომ "დაბნელდა მზე და ჰაერი ჭის კვამლისგან". ზოგიერთი კომენტატორი "მზეში" იესუ ქრისტეს და მის ეკლესიას გულისხმობს, ხოლო "მზისა და ჰაერის დაბნელებაში" წარმართობასა და მაჰმადიანობას, ან კიდევ ადამიანთა სულიერ დაბრმავებას, რომელიც ამა სოფლის სიამეებით ტკბობას არის მიძალებული; ზოგიერთთა შეხედულებით, ეს არის მწვალებლობები და ცოდვები, რომლებიც აბნელებენ ეკლესიის ბრწყინვალებას. მაგრამ უფრო სწორი იქნება ამ სიმბოლური ხილვის ნაკვთი, ანუ "მზისა და ჰარის დაბნელება ჭის კვამლისგან" განვიხილოთ, როგორც მომდევნო მუხლის ერთგვარი განმარტება.

3. გამოვიდა კვამლიდან კალიის გუნდი ქვეყნად, და მიეცა მას ხელმწიფება, მსგავსი იმისა, როგორიცა აქვთ მიწის მორიელთ.

იოანე ამბობს, რომ უფსკრულიდან ამოვიდა კვამლი, როგორც ვეება ღუმლიდან. მე-2 მუხლში ის არაფერს ამბობს იმის შესახებ, რაიმეს შეიცავდა თუ არა ეს კვამლი, მაგრამ მე-3 მუხლში იდუმალთმხილველი გვაუწყებს, რომ "კვამლიდან კალიის გუნდი გამოვიდა". იბადება კითხვა: კალია კვამლში იმყოფებოდა და უფსკრულის კვამლს ამოჰყვა თუ შემდეგ გამოჩნდა? კომენტატორთაგან ერთნი ამტკიცებენ, რომ უფსკრულიდან მხოლოდ კვამლი ამოვიდა, კალიები კი შემდეგ გამოჩდნენ და მიწიერ ატმოსფეროსთან კვამლის შეერთების შედეგად მიიჩნევენ. იოანე ამბობს, რომ კვამლიდან კალია ქვეყანას მოედო, შედეგად, დედამიწამ მხოლოდ მიიღო ის, რაც ქვესკნელიდან ამოვიდა. ასე, რომ უფრო მართებულია ის კომენტარები, რომლებიც გამოთქმაში "გამოვიდა კვამლიდან კალიის გუნდი ქვეყნად" ხედავენ არა მითითებას მიზეზზე, არამედ თვით კალიის წარმომავლობაზე; გამომდინარე აქედან, კალია, რომელიც კვამლით არის მოცული, თვით შეადგენდა იმ სქელ ღრუბელს, რომელმაც "დააბნელა მზე და ჰაერი" და, რომელიც ქვესკნელიდან ამოვიდა. კალიის აღწერისას იოანე უთითებს მისთვის დამახასიათებელ თვისებებს და განსაკუთრებულ თავისებურებებს.

1) სახელწოდება. "კალია" (ბერძნ. "აკრიდეს", "აკრის") ეს არის მწერების ერთ ერთი სახეობა, რომელიც თავისი გაუმაძღრობისა და უსწრაფესი გამრავლების წყალობით საშინლად ანადგურებს მცენარეულობას (გამ. 10:4; 14:15; ამოს. 7:1; იოველ 1:4). მაგრამ, იოანემ თუმც კი გამოიყენა კალიის სახელწოდება, იგულისხმა არა ის მწერი, რომელიც ამ სახელწოდებით არის ცნობილი. აპოკალიფსისის კალიის მსგავსება ჩვეულებრივ კალიასთან, სახელწოდებას არ სცილდება და აღნიშნულია, რომ ერთიც და მეორეც წარმოადგენს უზარმაზარ მასას, სწრაფად გადაადგილდება ერთი ადგილიდან მეორეზე და შეუძლია საშინელი ზიანის მიყენება. კალია მხოლოდ მოხერხებული სიმბოლოა, რომლითაც სარგებლობდნენ ძველი წინასწარმეტყველებიც და ახალი აღთქმის საეკლესიო მწერლებიც. მაგალითად, ჰერმესის "მწყემსში" ნათქვამია, რომ ერთ ერთ ხილვაში მან ნახა ცეცხლოვანი კალია, რომელიც მხეცის პირიდან გამოდიოდა.

2) იმის შემდეგ, რაც კალიის მსგავს განსაკუთრებულ არსებებს "კალია" უწოდა, იოანე იწყებს ამ ცნების შეზღუდვას. ის ამბობს, რომ "მიეცა მას ხელმწიფება, მსგავსი იმისა, როგორიცა აქვთ მიწის მორიელთ". მორიელი, ეს არის მავნე და შხამიანი ცხოველი, რომელსაც აქვს თვალები და რვა ფეხი, საცეცები და კუდი, კუდზე კი მოთავსებულია შხამიანი ნესტარი. ამ ბუკვალური მნიშვნელობით მორიელის სახელწოდება წმიდა წერილის მრავალ ადგილას არის გამოყენებული (გამ. 23:28; მეორე სჯლ. 8:15; იესუ ზირაქი 26:9; ლუკა 10:19; 11:22). გადატანითი მნიშვნელობით მორიელებად იწოდებიან: ბოროტმოქმედი და მავნე ადამიანები (ეზეკ. 2:6), ბოროტი ცოლი (იესუ ზირაქი 26:9), განსაკუთრებული სასჯელი (3 მეფ. 12:11, 14; 2 პარ. 10:11). როგორც ჩანს, იოანე მორიელის სახელწოდებას ღებულობს პირდაპირი მნიშვნელობით, როგორც ეს მომდევნო მუხლებიდან ჩანს, ამიტომაც, სიტყვებში "მიეცა მას ხელმწიფება" მორიელთა კაცთათვის საშიში და მომაკვდინებელი მოწყვლის უნარი იგულისხმება. სწორედ ეს ახასიათებს იოანე ღვთისმეტყველის მიერ ნანახ კალიის მსგავს არსებებს.

3) გარდა ამისა, ჩვეულებრივი კალიისგან ამ არსებებს კიდევ განასხვავებს ის, რომ მან ზიანი უნდა მიაყენოს არა მცენარეებს, არამედ ადამიანებს:

(4) და ითქვა მათ მიმართ, რომ არა ავნონ რა არც ბალახს მიწისას, არც მწვანილს რასმე და არც ხეს რასმე, არამედ მხოლოდ იმ ხალხს, რომელსაც არა აქვს ღვთის ბეჭედი შუბლზე.

აპოკალიფსური კალიის ასეთი თავისებურება გამომდინარეობს არა მისი ბუნებრივი თვისებიდან და მიდრეკილებიდან, არამედ ღმრთის განკარგულებიდან. "და ითქვა მისა მიმართ". დედამიწაზე მისი ქმედება შეზღუდულია ღმრთის ნებით, და მას პირდაპირ ეკრძალება რაიმე ზიანის მიყენება მცენარეულობისადმი. ეს უნდა უთითებდეს აპოკალიფსური კალიის განსაკუთრებულ და ბოროტ საქმიანობაზე, ასევე მის სპეციალურ დანიშნულებაზე, - ავნონ მხოლოდ ადამიანებს. თანაც, ამ მიმართებაშიც უწესდება მას შეზღუდვები, რადგან მას შეუძლია ავნოს არა უბრალოდ ყველა ადამიანს, არამედ მხოლოდ მათ, "ვისაც არა აქვს შუბლზე ღვთის ბეჭედი".

სავარაუდოდ, აქ იგულისხმება ის 144 000 აღბეჭდილი, რომლებიც ნახსენებნი იყვნენ გამოცხადების მე-7 თავის 4-8 მუხლებში. იქ ნათქვამი იყო მხოლოდ მათ აღბეჭდვაზე, ახლა კი გვემცნობა, რომ ეს აღბეჭდვა დაეხმარება მათ აიცილონ მავნე კალიის თავდასხმები. და თუკი გამოცხადების მეშვიდე თავის 4-ე მუხლში ჩვენ ვაჩვენეთ, რომ აღბეჭდილებში უნდა ვიგულისხმოთ ბოლო ჟამის რჩეული და სრულყოფილი ქრისტეანნი, მაშინ "კალიის" მოქმედება შემოიფარგლება იმ ადამიანებით, ვინც რჩეულ და სრულყოფილ ქრისტეანთა რიცხვს არ ეკუთვნის.

4) იმისთვის, რათა კალია განასხვავოს ჩვეულებრივი მორიელებისგან, რომლებიც თავიანთი ნესტრით სასიკვდილო ზიანს აყენებენ დამიანებს, მე-5 მუხლში იოანე აღნიშნავს, რომ

(5) მიეცა მათ ნება, კი არ მოეკლათ, არამედ ხუთი თვე ეწამებინათ ისინი; ხოლო წამება მათგან, როგორც წამება მორიელისგან, როდესაც მოწყლავს კაცს.

რას უნდა ნიშნავდეს ეს? იმას, რომ კალიას თავისთავად არ გააჩნია საკმარისი ძალა მომაკვდინებელი ჭრილობების მისაყენებლად, თუ იმას, რომ მისი ძალა შეკავებულია ღმრთის ყოვლისშემძლეობით? ამას იოანე არ განგვიმარტავს, მაგრამ შეიძლება დავუშვათ უკანასკნელი, გამომდინარე იმ აქცენტირებიდან, რაც კეთდება სიტყვებზე "მიეცა მათ ნება". კალიას შეეძლება ადამიანთა დაზიანება და წამება მხოლოდ ხუთი თვის განმავლობაში. ეს ხუთი თვე არ უნდა გავიგოთ ზუსტად განსაზღვრული კალენდრული მნიშვნელობით. მხედველობაში თუ მივიღებთ იმ გარემოებას, რომ კალია ზაფხულის ხუთ თვეზე მეტ ხანს ნამდვილად ვერ ცოცხლობს (აპრილიდან აგვისტომდე ან მაისიდან სექტემბრამდე), უკეთესია ეს ხუთთვიანი პერიოდი მივიჩნიოთ მინიშნებად იმ დროზე, რომელიც კაცთათვის უცნობია, მაგრამ ცნობილია საღმრთო განგებულებისთვის. ეს არის ის პერიოდი, რაც საჭიროა ცოდვილთა დასაშინებლად და მათ გონს მოსაყვანად. ღმრთის სიმართლის წარმოსაჩენად მართალთა წინაშე.

შემდეგ, გვამცნობს რა ცოდვილთა ხუთთვიანი წამების შესახებ, იოანე მათ ტანჯვას მორიელის ნაკბენს ადარებს, თუმც ზუსტ შესატყვისობასაც არ აკეთებს: "ხოლო წამება მათგან, როგორც წამება მორიელისგან, როდესაც მოწყლავს კაცს". ეს ნიშნავს არა მარტო ტკივილის ხარისხს, არამედ მის ხანგრძლივობას და სირთულესაც. და თვით იოანე, რომელიც ადასტურებს "კალიის" მოქმედების მავნე ხასიათს, 6-ე მუხლში ბრძანებს:

(6) იმ დღეებში სიკვდილს დაუწყებენ ძებნას კაცნი, და ვერ ჰპოვებენ; ინატრებენ, ნეტა მოვკვდეთო, მაგრამ სიკვდილი დაუსხლტება მათ.

იმდენად აუტანელი იქნება მათი ტანჯვა, რომ ადამიანები სიკვდილს ინატრებენ, მაგრამ ვერ ჰპოვებენ და "სიკვდილი დაუსხლტება მათ". ეს არის ახალი მინიშნება იმაზედ, რომ როგორც კალიის შემოსევა, ასევე მის მიერ მიყენებული უბედურებები არის ცოდვილთა დასასჯელი მათრახი უფლის ხელში; ეს არის მათრახი, რომელიც გამოყენებულია ცოდვილთა გონს მოსაყვანად და შესაგონებლად, და ამ სასჯელს ადამიანები ვერსად გაექცევიან.

5) აღწერა რა კალიის დანიშნულება 7-10 მუხლებში იოანე მის გარეგნობასა და მოქმედების სახესაც აღწერს, რაც სრულიად შეუსაბამოა ჩვეულებრივ კალიებთან:

7-10. ხოლო კალიები გარეგნობით ცხენებსა ჰგვანდნენ, საომრად გამზადებულთ, და თავს ედგათ გვირგვინი, როგორც ოქროსი; და სახე მათი, როგორც სახე კაცთა. მათი თმები დიაცთა თმებს მოგაგონებდათ, კბილები კი მიუგავდათ ღოჯებს ლომისას. ტანთ ეცვათ ჯაჭვნი, როგორც რკინისანი, და მათი ფრთების ხმა, როგორც ცხენმრავალ ეტლთა გრიალი, რომელნიც მიჰქრიან საომრად. ნესტრიანი კუდები ჰქონდათ, მორიელთა კუდების მსგავსნი, ხოლო კუდებში - ხელმწიფება კაცთა წამებისა ხუთი თვის განმავლობაში.

ამრიგად, "კალიები გარეგნობით ცხენებსა ჰგვანდნენ", მაგრამ არა ჩვეულებრივ ცხენებს, არამედ "საომრად გამზადებულთ". თუმცა, ეს მზადყოფნა შემოიფარგლება მხოლოდ მათი საომარი გარეგნობის აღწერით და არაფერია ნათქვამი მათ მხედრებზე, რომელთაც შეეძლოთ ემართათ ისინი მათი მოქმედების დროს (შეად. 9:17).

იოანე ხედავს, რომ კალიებს თავს ედგათ "გვირგვინნი, როგორც ოქროსი". აქ აქცენტი გაკეთებულია "გვირგვინზე" (და არა ოქროზე), ამიტომაც, უნდა ითქვას, რომ ეს გვირგვინები არ ჰგვანდნენ ჩვეულებრივ გვირგვინებს, რომელთაც იდგამდნენ ომსა და სპორტულ შერკინებებში გამარჯვებულნი. ამის საფუძველზე შეიძლება დავეთანხმოთ ზოგიერთ კომენტატორს იმაში, რომ "გვირგვინები" ეს ის ოთხი საცეცია, თავზე რომ ადგას ჩვეულებრივ კალიას. საგანთა მსგავსებაზე მითითება მიანიშნებს, რომ კალია მხოლოდ ემზადება ძლევამოსილი შებრძოლებისთვის და, რომ მისი გამარჯვება, როგორც წარსულში, ასევე მომავალში - მხოლოდ მოჩვენებითი და დროებითია.

გვირგვინთა ასეთ წარმოდგენას შეესაბამება კალიის ფიზიონომიის აღწერაც. იოანეს გამოთქმა: "და სახე მათი, როგორც სახე კაცთა" უფლებას გვაძლევს ვიფიქროთ, რომ კალიის თავში "ადამიანური", უფრო სწორედ მსგავსი ადამიანურისა, იყო მხოლოდ ფიზიონომია; მაგრამ თვით თავის მოწყობილობა კალიასებური რჩება, თავზევე რჩება საცეცებიც. ყოველ შემთხვევაში, ადამიანის სახისადმი მიმსგავსება კალიის მსგავს არსებათა გონიერებაზე მიანიშნებს.

კალიის თმები, ალბათ მათი სისქისა და სიგრძის გამო, "დიაცთა თმებს მოგაგონებდათ", რაც კალიის ხასიათის ქალურობაზე მიანიშნებს. მაგრამ გარეგანი მოჩვენებითი სახე სრულიად საპირისპიროა მისი სასტიკი და სისხლისმსმელი ხასიათისა, რომელიც განისაზღვრება მინიშნებით: "კბილები კი მიუგავდათ ღოჯებს ლომისას".

ჯაჭვნი, რომელიც კალიას ემოსა, რკინის ჯავშანს ჰგავდა, რაც ახალი მოულოდნელობაა კალიის გარეგნობის აღწერაში. მისი გადაადგილება, რომელიც ფრთების საშუალებით ხდება, წააგავდა არა ცხენების ფლოქვების თქარუნს, არამედ ცხენმრავალ ეტლთა გრიალს.

10. ნესტრიანი კუდები ჰქონდათ, მორიელთა კუდების მსგავსნი, ხოლო კუდებში - ხელმწიფება კაცთა წამებისა ხუთი თვის განმავლობაში.

10-ე მუხლი წარმოადგენს 5-ე მუხლის დამატებასა და განმარტებას და არ ასახავს "კალიის" დახასიათების დამოუკიდებელ ნიუანსს. იქ ნათქვამი იყო, რომ "მიეცა მათ ნება, კი არ მოეკლათ, არამედ ხუთი თვე ეწამებინათ ისინი; ხოლო წამება მათგან, როგორც წამება მორიელისგან, როდესაც მოწყლავს კაცს" (მ. 5). ხოლო აქ დამატებულია შემდეგი განმარტება: "ნესტრიანი კუდები ჰქონდათ, მორიელთა კუდების მსგავსნი, ხოლო კუდებში - ხელმწიფება კაცთა წამებისა ხუთი თვის განმავლობაში" (მ 10).

6) კალიიის დახასიათების დამამთავრებელი მონახაზი, რომელიც განსაკუთრებულად აშუქებს მთელს ხილვას, მოცემულია მე-11 მუხლში.

11. მეფედ ჰყავდათ უფსკრულის ანგელოზი, და სახელი მისი ებრაულად აბადონ, ხოლო ბერძნულად აპოლიონ (ძვ. ქართ.: და აქუს მათ ზედა მეფედ ანგელოზი იგი უფსკრულისაჲ. სახელი მისი ებრაელებრ: ავადონ, ხოლო ბერძლებრ აქუს სახელი აპოლიონ).


იგავთა წიგნის 30-ე თავის 27-ე მუხლიდან გამომდინარე, სადაც ნათქვამია: "კალიებს მეფე არა ჰყავთ და ყველანი მწყობრად გამოდიან" (ძვ. ქართ.: "უმეფო არს მკალი და მრავალი განეწყობის, ვითარცა ერთისაგან ბრძანებისა წესიერად"), ზოგიერთის აზრით კალიის მეფეზე მითითება ნათელი მოწმობაა იმისა, რომ ეს "კალია" ნამდვილი კალია კი არ არის, არამედ სიმბოლოა, რადგან ნამდვილი კალიისგან განსხვავებით მეფე ჰყავს. მაგრამ იგავთა გამონათქვამები ზუსტ საბუნებისმეტყველო მითითებებად არ უნდა გავიგოთ; პირიქით, ეს უკანასკნელი ადასტურებს იმ ფაქტს, რომ კალიის მოძრაობას ყოველთვის თავისი წინამძღოლი მეთაური ჰყავს.

თანაც, 11-ე მუხლის სიტყვების მნიშვნელობა იმაში კი არ არის, რომ კალიას მეფე ჰყავდა, არამედ იმაში, რომ ეს მეფე იყო "უფსკრულის ანგელოზი". ცნობილია, რომ წმიდა წერილში "ანგელოზების" სახელწოდება ჩეულებისამებრ გამოიყენება შემდეგი მნიშვნელობებით. ის არის: "მახარობელი" (მათე 1:20; ლუკა 1:26), "უფლისგან მოვლინებული" (მალაქია 3:1; ლუკა 7:27), "მაუწყებელი" (მარკოზ. 13:27), "მსახური" (ფსალმ. 9:11-12; მათე 4:6) და გამოიყენება როგორც კეთილ, ასევე ბოროტ სულთა მიმართებაში (მათე 25:41).

გამოცხადების 9:1 მუხლის განმარტებაში ითქვა, რომ უფსკრული არის დემონთა სამკვიდრო, შედეგად, კალიის მეფე უეჭველად უფსკრულიდან მოვლინებული, უფსკრულიდან წარმოგზავნილი უნდა იყოს. იქნება თუ არა ეს უფსკრულის რიგითი ანგელოზი ან თვით სატანა, როგორც უფსკრულის თავადი, ან კიდევ უფსკრულის დემონური ძალის გამომხატველი და მისი უფლებამოსილი ანგელოზი, მე-11 მუხლის შინაარსი ნაკლებად იცვლება. ყოველ შემთხვევაში, უეჭველია ის, რომ კალიებს (შუამავლის მეშვეობით თუ უშუალოდ) ჯოჯოხეთის ძალები, ბოროტი დემონები მართავენ. მაგრამ რადგან კალია უფსკრულის ნაშიერია, სადაც ბოროტი სულები ბუდობენ, მისი ხელმძღვანელი და მეფეც ბოროტი სული უნდა იყოს. ამიტომაც, "უფსკრულის ანგელოზი" ამ უკანასკნელი მნიშვნელობით უნდა გავიგოთ და შესაძლოა მასში თვით სატანაც მოვიაზროთ, რომელსაც, როგორც სხვა დემონთა მეთაურს, უფსკრულის მეფეს, ყველაზე მეტად შეეფერება "მეფის" ტიტული - ბასილეუს. ის უფსკრულიდან გამოდის "კალიასთან" ერთად, როდესაც უფსკრულის ჭას დაცემული ვარსკვლავი გახსნის (გამოცხ. 9:1-2), ამიტომაც, თავისი არსითა და წარმომავლობით, თვითონაც სრულიად მსგავსია კალიისა (გამოცხ. 20:3; ლუკა 8:31; 11:15-18).

ებრაულად მას "აბადონი", ბერძნულად კი - "აპოლიონი" ეწოდება. ებრაული სიტყვა "აბადონ" (იობი 31:12), წარმოადგენს რა აბსტრაქტულ ცნებას, უშუალოდ "დაღუპვას", "წარწყმედას", "ამოწყვეტას" აღნიშნავს, მაგრამ ხშირად გამოიყენება სიტყვა "სიკვდილთან" კავშირში (იგავნი 15:11; იობი 26:6; 28:22), რის გამოც გახდა წარწყმედის ადგილისა და სიკვდილის სამეფოს აღმნიშვნელი სიტყვა. რადგან სიკვდილის მიზეზი არის ეშმაკი (ებრ. 2:14), სწორედ ის არის წარწყმედისა და სიკვდილის განსახიერებაც (შეად. 1 კორინთ. 15:55, 56). აქედან, სახელით "აბადონ" მითითებულია ეშმაკი, როგორც სიკვდილისა და წარწყმედის განხორიცელება. ამიტომაც, /ApollЪwn – "აპოლიონი", უფსკრულის ბელადის მეორე, ბერძნული სახელწოდება წარმოადგენს არა აბსტრაქტულ ცნებას, არამედ პიროვნებას, წარმწყმედელს, პირს, რომელსაც სივკდილი და წარწყმედა მოაქვს.

ასეთია "კალია". ღმრთის განგებითა და დაშვებით, თვით ეშმაკის, ანუ სატანის უშუალო ხელმძღვანელობით, ის ამოდის უფსკრულიდან. მისი მიზანი და ამოცანაა აწამოს ყველა ადამიანი, ვინც აღბეჭდილი არ არის უფლის ბეჭდით. ერთსა და იმავე დროს, ის არის საომრად განწყობილი, მაგრამ ლაჩარი, სასტიკი, თუმც ქალური; მას აქვს უნარი თავისი კუდის ნესტარში მოთავსებული შხამით მოსწყლას ადამიანები. მისი საქმიანობის ხანგრძლივობა განისაზღვრება ხუთი თვით და ეს მოვლენა უეჭველად განეკუთვნება შორეულ მომავალს (მ. 6) (ანტიქრისტეს პერიოდს - რედ.).

აქედან გამომდინარე, კალიაში, როგორც ღმრთის სასჯელში არ შეიძლება ვიგულისხმოთ იერუსალიმის დანგრევის დროინდელი იუდეველი ზილოტები, რადგან ეს ყოველივე უკვე წარსული იყო აპოკალიფსისის დამწერისთვის. ასევე არ შეიძლება მიღებულ იქნას ის შეხედულებები, რომლის მიხედვითაც კალიაში მოიაზრებენ ხალხთა გადასახლების პერიოდის წარმართობასა და ისლამის სისასტიკეს, ან ბარბაროსებს, რომელთაც დაანგრიეს რომის იმპერია, ან კიდევ სამხედრო ძალის გამანადგურებელი ძლიერებას. კალიის გამოჩენა არ არის კაცობრიობის უბედურების უბრალო, პოეტური სურათი.

თანამედროვე ღვთისმეტყველები ასევე ცდილობენ "კალიაში" (და აპოკალიფსისის სხვა მუხლებში) დაინახონ თანამედროვე სამხედრო-ტექნიკური საშუალებები. მაგალითად ზოგი ავტორის აზრით "კალია" არის სამხედრო ავიაცია.

ისინი მიიჩნევენ, რომ იოანე ღვთისმეტყველმა თავის ხილვაში ნახა სამხედრო ავიაცია და ტანკები. "ჩვენთვის ეს ტექნიკა ცხოვრების ჩვეულებრივი და განუყოფელი ნაწილი გახდა, ამიტომაც, ძნელი არ არის დავინახოთ ის გამოცხადების მიერ აღწერილ მოვლენებში. მაგრამ, დროზე ადრე, გასულ საუკუნეებში, როდესაც ეს ტექნიკა არ არსებობდა, თვით წმინდანებიც კი, ეს მადლმოსილი და ნათელი გონებანი, ვერ გვაძლევდნენ დანახულის სწორ განმარტებას. ჩვენ არ ვართ წმინდანები და ძველ მამებს ვერ აღვემატებით, მაგრამ ჩვენი უპირატესობა იმაშია, რომ ვცხოვრობთ იმ დროს, როდესაც უბრალოდ თვალწინ გვიდგას ეს ტექნიკა. აი, რატომ შეგვიძლია ჩვენ ყოველგვარი დაძაბულობის გარეშ დავინახოთ აპოკალიფსისში აღწერილ კალიასა და მხედრობაში ავიაცია და ტანკები. მოდი, დეტალურად განვიხილოთ, გამოცხადების 9-ე თავში მოცემული აღწერა:

1-2. მეხუთე ანგელოზმა ჩაჰბერა და ვიხილე ვარსკვლავი, რომელიც ზეცით ვარდებოდა ქვეყნად, და მიეცა მას გასაღები უფსკრულის ჭისა; გააღო უფსკრულის ჭა და ამოვარდა კვამლი ჭიდან, როგორც ვეება ღუმელის კვამლი, და დაბნელდა მზე და ჰაერი ჭის კვამლისაგან.


"ციდან ჩამოვარდნილი ვარსკვლავი", - ეს არის ბირთვულ ქობინიანი რაკეტა, რომლის დაცემა და აფეთქება გახსნის ატომური ომის უფსკრულს (ამიტომაც იწოდება ის "გასაღებად").

"ამოვარდა კვამლი ჭიდან, როგორც ვეება ღუმელის კვამლი", - ეს არის ატომური აფეთქების ვიზუალური აღწერა, რომელიც მხოლოდ დოკუმენტურ ფილმებში თუ გვინახავს (ე. წ. ატომური სოკო). წმ. იოანე, რომელსაც ამის მსგავსი არაფერი უნახავს, კარგად აღწერს მის მიერ ნანახ ატომურ აფეთქებას, როდესაც ამბობს, რომ ეს იყო "როგორც ვეება ღუმლის კვამლი".

"და დაბნელდა მზე და ჰაერი ჭის კვამლისაგან"
- მზისა და ჰაერის დაბნელება, კარგად აღწერს "ბირთვული ზამთრის ეფექტს", რაც მიწისზედა ბირთვული აფეთქების შედეგად მოიწევა.

ამის შემდეგ იწყება ომისა და თანამედროვე ავიაციის აღწერა, კერძოდ ზებგერითი სამხედრო თვითმფრინავებისა, რომელსაც წმ. იოანემ "კალია" უწოდა.

3. გამოვიდა კვამლიდან კალიის გუნდი ქვეყნად, და მიეცა მას ხელმწიფება, მსგავსი იმისა, როგორიცა აქვთ მიწის მორიელთ.

"ხელმწიფებაში", მსგავსი იმისა, "როგორიცა აქვთ მიწის მორიელთ" იგულისხმება ქიმიური იარაღის ნერვულ-პარალიტიკური მოქმედება, რომელსაც სამხედრო ავიაცია, ანუ "კალია" გამოიყენებს. ის სრულიად არ ვნებს მცენარეულობას, არამედ მხოლოდ ადამიანთათვის არის საზიანო. ღმრთის განგებით, ეს ქიმიური შეტევა მოწყლავს კაცობრიობის იმ ნაწილს, რომელსაც შუბლზე ღმრთის ბეჭედი არ გააცნია, რაც 4-5-ე მუხლებითაც დასტურდება:

4-6. და ითქვა მათ მიმართ, რომ არა ავნონ რა არც ბალახს მიწისას, არც მწვანილს რასმე და არც ხეს რასმე, არამედ მხოლოდ იმ ხალხს, რომელსაც არა აქვს ღვთის ბეჭედი შუბლზე. და მიეცა მათ ნება, კი არ მოეკლათ, არამედ ხუთი თვე ეწამებინათ ისინი; ხოლო წამება მათგან, როგორც წამება მორიელისგან, როდესაც მოწყლავს კაცს. იმ დღეებში სიკვდილს დაუწყებენ ძებნას კაცნი, და ვერ ჰპოვებენ; ინატრებენ, ნეტა მოვკვდეთო, მაგრამ სიკვდილი დაუსხლტება მათ.

ამ ნერვულ-პარალიტიკური იარაღის ზემოქმედებით მოწყლული ადამიანები ისე სასტიკად დაიტანჯებიან, რომ სიკვდილსაც კი ინატრებენ და თავის მოკვლასაც შეეცდებიან, მაგრამ ვერ მოახერხებენ ამას, რადგან პარალიზებულნი იქნებიან. სიკვდილი მათ მხოლოდ ქიმიური იარაღის გამოყენების პერიოდში გაექცევათ, შემდეგ კი ისინი დაიხოცებიან. აღვნიშნავთ, რომ ამ სახის იარაღი ზემოქმედებას მხოლოდ ღმრთის ჭეშმარიტ მონებზე ვერ მოახდენს, რომლებიც წინდაწინ ანგელოზის მიერ იქნებიან აღბეჭდილნი.

7. ხოლო კალიები გარეგნობით ცხენებსა ჰგვანდნენ, საომრად გამზადებულთ.


ერთი წუთით თუ წარმოვიდგენთ სამხედრო აეროდრომს, სადაც რამოდენიმე რიგად ჩამწკრივებული თვითმფრინავები დგანან, ნამდვილად შეიქმნება საომრად გამზადებულ ცხენთა შთაბეჭდილება. "გამზადებულიო", ბრძანებს, რადგან თვითმფრინავები ჯერაც დგანან აეროდრომზე და ადგილიდან არ აფრენილან, თუმცა პილოტემბა უკვე დაიკავეს თავიანთი ადგილები.

და თავს ედგათ გვირგვინი, როგორც ოქროსი;

თვითმფრინავის კაბინა დამზადებულია გამჭვირვალე პლატიკისგან, რომელშიც კარგად ჩანს პილოტის თავი, რომელსაც შლემი ახურავს. აპოკალიფსისის მიღების დროს ამის არც წარმოდგენა იყო შესაძლებელი და არც აღწერა. აი, რატომ არის კაბინის შუშის ანარეკლი და შლემოფონი აღიქმება, "გვირგვინებად, როგორც ოქროსი".

და სახე მათი, როგორც სახე კაცთა.

დღეს ჩვენთვის ძნელი არ არის იმის გარკვევა, რომ თანამედროვე პილოტს თავზე ახურავს სკაფანდრი ან სპეციალური საფრენი კოსტიუმი, ხოლო შლემოფონის შუშის მიღმა ზის ცოცხალი ადამიანი. მაგრამ როგორი იქნებოდ ამის დანახვა 2000 წლის წინათ? იდუმალთმხილველი იოანე ხედავს ადამიანის სახეს რაღაც ძალზედ უცნაურ და მისთვის უჩვეულო საგანში, აი, რატომ ამბობს ის, რომ "კალიებს" ჰქონდათ სახე "როგორც კაცთა".

8. მათი თმები დიაცთა თმებს მოგაგონებდათ,

"დიაცის თმები"
, რომელიც "კალიას" ჰგონდა გაზის შლეიფია, რომელსაც თვითმფრინავები გამოჰყოფენ (ან ქიმტრეილები, რომელთაც ისინი აფრქვევენ - რედ.). მრავალ ჩვენგანს შეუნიშნავს როგორ ნაკვალევს ტოვებს ცაში თვითმფრინავი, როდესაც მისგან გაზის შლეიფი გამოიფრქვევა. სწორედ ეს შლეიფი ტოვებს "დიაცთა თმების" შთაბეჭდილებას. თანაც ეს თმები მიეწერება "კალიებს" და არა "სახეებს კაცთა".

კბილები კი მიუგავდათ ღოჯებს ლომისას.

აქ ლაპარაკია ბომბებსა და რაკეტებზე, რომლებსაც თვითმფრინავის ფრთებქვეშ ამაგრებენ და რაც თავისუფლად შეიძლებოდა აღქმულიყო "კალიის" "კბილებად". ხოლო იმის საჩვენებლად, რომ ეს იყო საკმაოდ დიდი კბილები, რაც საჭიროა თავდასხმისთვის, და არა პატარა, ითქვა კიდევაც: "კბილები კი მიუგავდათ ღოჯებს ლომისას" (ძვ. ქართ.: "კბილნი მათნი, ვითარცა ლომთანი იყვნეს").

9. ტანთ ეცვათ ჯაჭვნი, როგორც რკინისანი,


დღესაც კი მრავალ განათლებულ ადამიანს არ შეუძლია მოგვცეს ლითონების იმ ზუსტი შენადნობის შემადგენლობა, რომლისგანაც თვითმფრინთა კორპუსებს ამზადებენ. მაგრამ ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ ეს შენადგნობი არის ვერცხლისფერ-მოთეთრო ფერის, ბევრ ალუმინს შეიცავს და არა რკინას. იოანე აღწერს თვითმფრინავის კორპუსებს, და ამბობს, რომ "ეცვათო ჯაჭვნი", მაგრამ იცის, რომ ეს არ არის რკინა, და ამიტომაც ამბობს: "როგორც რკინისა", რადგან ხედავდა, რომ ეს იყო იმ დროს უცნობი ლითონი (შენადნობი).

და მათი ფრთების ხმა, როგორც ცხენმრავალ ეტლთა გრიალი, რომელნიც მიჰქრიან საომრად.

"კალიის" ფრთები - თვითმფრინავთა ფრთებია. აი, რატომ არ არის მისაღები ვარაუდი, რომლის მიხედვითაც "კალიაში" ვერტმფრენები უნდა ვიგულისხმოთ. ეს არის ზებგერითი, სამხედრო თვითმფრინავების ხმაური, რომელსაც უფრო მიესადაგება გამოთქმა "ცხენმრავალ ეტლთა გრიალი, რომელნიც მიჰქრიან საომრად" და ვერტმფრენთა ხმა, ზებგერით გამანადგურებელთა ხმაურს სულაც ვერ შეედრება".

ამრიგად, ეს ავტორები ფიქრობენ, რომ "კალია", ანუ სამხედრო ავიაცია თავისი მიწისქვეშა ბაზებიდან კაცობრიობას ბირთვული აფეთქების შემდეგ შეესევა. ამიტომაც, ბირთვული დაზიანების ადგილების ვერტმფრენებით გადალახვა მეტად საშიშია პილოტებისთვის, მაშინ როდესაც მაღლივმფრენი, ზებგერითი თვითმფრინავებისთვის ის სრულიად უსაფრთხოა.

10. ნესტრიანი კუდები ჰქონდათ, მორიელთა კუდების მსგავსნი,

თვითმფრინავებსაც აქვთ კუდები. ვერტმფენებსაც, თუმცა მათი კუდები უფრო მოკლეა.

ხოლო კუდებში - ხელმწიფება კაცთა წამებისა ხუთი თვის განმავლობაში.

ესეც პირდაპირ თვითმფრინავებზე მიუთითებს, რომელთაც კუდებში აქვთ კვამლი, რომლბიც თვითმფრინავების საკვამურებიდან გამოდის და ძალზედ წააგავს "ნესტარს". ეს მომენტიც უარყოფს "კალიაში" ვერტმფრენების მოაზრების შესაძლებლობას, რადგან მათ "ნესტარი" კუდებში არა აქვთ.

რადგან აქ აღწერილია კონკრეტული, ამქვეყნიური ომი, დროც ამქვეყნიურია - ხუთი თვე. სწორედ ამდენი ხანი იმოქმედებს ამ საშინელ ომში, სამხედრო ავიაცია.

11. მეფედ ჰყავდათ უფსკრულის ანგელოზი, და სახელი მისი ებრაულად აბადონ, ხოლო ბერძნულად აპოლიონ.

ეს არის მინიშნება იმაზე, რომ "კალიის" მთელი მხედრობა ექვემდებარება დემონთა თავადს, უფსკრულის ანგელოლზს და სატანის მთავარ თანაშემწეს, რომლის სახელი ებრაულადაც და ბერძნულადაც "წარმწყმედელს" ნიშნავს". არ არის შემთხვევითი, რომ "წარმწყმედელის" სახელი მოცემულია ორ ენაზე. ამით მინიშნებულია ის, რომ მიუხედავად იმისა, მეომარი მხარეები დაყოფილნი არიან ორ ბანაკად, ორივე მათგანის ხელმწიფე დემონთა მთავარია, რომელსაც დაავალებს სატანა ამ ომის წარმოებას".

ასეთია ზოგიერთი კომენტატორის შეხედულება. მიუხედავად მრავალი მსგავსებისა, ჩვენ მაინც ზემოთ უკვე ნათქვამ განმარტებას ვემხრობით, რომლის მიხედვითაც "კალია" უფსკრულიდან ამომავალი დემონური არმიაა, რომელსაც თვით სატანა მეთაურობს.

უნდა აღინიშნოს იოანეს გამოცხადების (აპოკალიფსისის) მე-9 თავის ამ მუხლების სიმბოლურ-ზნეობრივი განმარტებაც.

ანდრია კესარიელის
, ეკლესიის სხვა მამებისა და თანამედროვე ღვთისმეტყველთა ნაწილი ასეთ განმარტებას აძლევენ ზემოთდამოწმებულ მუხლებს:

"ზოგიერთის აზრით, ციდან მიწაზე და სამსჯავროსათვის განკუთვნილ იოასაფის ველზე ჩამოვარდნილ ვარსკვლავში უნდა ვიგულისხმოთ კაცთა დასასჯელად გამოგზავნილი ღმრთის ანგელოზი; "უფრსკულის ჯურღმული" ნიშნავს გეჰენას; "მისგან გამოსული კვამლი" იმაზე მიანიშნებს, რომ ტანჯულნი ვერ იხილავენ მზეს და ჰაერს; "კალიები" მატლებია, რომელთა შესახებაც ბრძანებს წინასწარმეტყველი: " მატლი მათი არა დაესრულოს და ცეცხლი მათი არა დაშრტეს" (ესაია. 66:24), რათა "არა ავნონ თივასა ქუეყანისასა, არცა მწუანვილსა, ...არამედ კაცთა", რამეთუ ყოველი ქმნილება გათავისუფლდება ხრწნილებისგან, რომლის ტყვეობაშიც იყო ჩვენს გამო. "არამედ, რაითა იტანჯნენ ხუთ თთუე" ნიშნავს, რომ ცოდვილნი უმკაცრესად დაიტანჯებიან მხოლოდ გარკვეული პერიოდის განმავლობაში, შემდეგ კი უფრო მსუბუქად, მაგრამ დაუსრულებლად.

"ვარსკვლავი"
, ჩემი აზრით, ეს ღმრთის ანგელოზია, რომელიც ღმრთის მიშვებით გაათავისუფლებს ბოროტ დემონებს უფრსკულის ჯურღმულიდან, რამეთუ განკაცებულმა ქრისტემ მათ უთხრა, უწინარეს აღსასრულისა ქმნან თავიანთი საქმე, რომ შემდეგ სამარადისოდ დაიტანჯონ. "კვამლი" სიბნელეა, რომელიც თან ახლავს იმ ბოროტ საქმეებს, ეშმაკთა შთაგონებით რომ აღასრულებენ და ადამიანთა ტანჯვის უფლება მიეცემათ.

"მზისა და ჰაერის დაბნელება" ნიშნავს ადამიანთა სულიერ დაბნელებას, რომლებიც მათი ნათებით ტკბებიან, ან კიდევ სატანჯველებით აღძრულ სასოებას, რამეთუ ჭირსა და განსაცდელში მყოფთ ნათელიც ბნელად ეჩვენებათ. ფიქრში ჩადენილი ცოდვები მორიელივით კბენენ ადამიანს, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ბოროტ საქმეთა დასასრული სულიერი სიკვდილია, რომელსაც დაექვემდებარებიან ყველანი, რომელთა შუბლები არ არის აღბეჭდილი ღვთის ბეჭდით და განუნათლებელნი არიან წმიდა სულის მიერ, არ მიუღიათ წმიდა სულისა და ცხოველმყოფელი ჯვრის ნათელი, რათა, "ბრწყინევდიან", უფლის თქმით, "ნათელი მათი წინაშე კაცთა" (მათე 5:16).

"ხუთთვიანი ტანჯვა"
, ჩვენი აზრით, მის ხანმოკლეობაზე მიუთითებს, რადგან, როგორც უფალი ბრძანებს: "რომ არ შემოკლებულიყვნენ ის დღენი, ვერ გადარჩებოდა ვერც ერთი ძეხორციელი" (მათე 24:22). ან კიდევ, ერთგვარი ხუთეული დრო შეესაბამება ხუთ გარეგან გრძნობას, რომელთა ძალითაც მკვიდრდება ცოდვა ადამიანში, ან საერთოდ მიანიშნებს იმ განსაზღვრულ დროზე, რომელიც მარტო უფალმა უწყის" (წმ. ანდრია კესარიელი).

6. "იმ დღეებში სიკვდილს დაუწყებენ ძებნას კაცნი, და ვერ ჰპოვებენ; ინატრებენ, ნეტა მოვკვდეთო, მაგრამ სიკვდილი დაუსხლტება მათ"
. ეს სიტყვები ტანჯვის სიმძემეზე მიანიშნებს, რამეთუ სიკვდილს უკიდურესად გაწამებული ინარებს ხოლმე. მიუხედავად მათი სურვილისა, "სიკვდილი" მათ "დაუსხლტება", რაც მოწმობს იმას, რომ ის ღვთის ნებაზეა დამოკიდებული, რომელიც საჭიროდ მიიჩნევს, რომ ადამიანებმა, თავსდატეხილ ჭირთა სიმწარით თვით ამ უბედურებათა მიზეზი, ცოდვა შეიძულონ" (ანდრია კესარიელი).

7-9. "ზემოთ თქმულის გამო ზოგიერთნი "კალიებშიც" ღმრთის გამოგზავნილ დამსჯელ ანგელოზებს გულისხმობენ, რომლებიც თითოეულ გამონათქვამში გვხვდებიან სიმბოლური სახით ან კაცთა დასაშინებლად, ან კიდევ სისწრაფისა და სასჯელთა გამო, რომელსაც ცოდვილნი დაექვემდებარებიან გეჰენაში. მაგრამ, ჩემი აზრით, ამ "კალიებში" უფრო ბოროტი დემონებია საგულისხმო, რომლებიც მზად არიან ჩვენთან საბრძოლველად. ისინი თავზე ოქროსხატება გვირგვინებს ატარებენ, როგორც ძლევის სიმბოლოს. ხორციელ სიამეთა მიერ ბოროტ საქმეებში მიწევნულთ ჩვენც ამ გვირგვინებით "დაგვაჯილდოებენ"; "დიაცთა თმანი" დემონური სიამტკილობისა და სიძვა-მრუშობის სახეა; "ლომის კბილები" მათ მომაკვდინებლობასა და წარწყმედელობას მიანიშნებს, "რკინის აბჯარი" კი მათ სისასტიკეს (ანდრია კესარიელი).

10-12. "კალიათა", ანუ "გონისმიერ ცოდვათა" ხმაური საომრად განმზადებულ ცხენთა ფლოქვების თქარუნს მათი სიმაღლისა და სისწრაფის გამო შეადარა, რამეთუ, ღვთაებრივი დავითის თქმით, ისინი მაღლიდან გვებრძვიან. მათი "კუდები მორიელთა კუდების მსგავსია", რადგან ცოდვის აღსასრული სულიერი სიკვდილია - "ცოდვა შობს სიკვდილს" (იაკობ. 1:15). მის მიერვე მოიწევა ადამიანებზე ჭირი ხუთთვიანი, რომელიც ასე იწოდება ან იმიტომ, რომ ამ ვადით შემოიფარგლება, ან თავისი ხანმოკლეობის გამო მარადისობასთან შედარებით, ან კიდევ ხუთი გრძნობის შესაბამისად, როგორც ეს ზემოთ იყო ნათქვამი. "მეფეში" მისდამი მორჩილ კაცთა წარმწყმედელი ეშმაკი იგულისხმება. იმ მიზნით, რომ შეურიგებლად ვებრძვით ეშმაკს, გვემუქრება და გვაუწყებს, რომ კიდევ "ორი ვაებაა" მოსალოდნელი (ანდრია კესარიელი).

არ ვეწინააღმდეგებით რა ამ სულიერ განმარტებას, აღვნიშნავთ, რომ არ გვაქვს საფუძველი, აპოკალიფსისის ზემოთხსენებული მუხლები გავიგოთ მხოლოდ სულიერი, სიმბოლური მნიშვნელობით და არ გავითვალისწინოთ ის, რაც ზემოთ ითქვა (ზოგიერთი კომენტატორის განმარტების გამოკლებით, რომლებიც მთელ ამ მოვლენებში თანამედროვე ტექნიკის მოქმედებას ჭვრეტენ. ამგვარი ეგზეგეტური ორიგინალურობისა და მსგავსების მიუხედავად, ეს მაინც ნაკლებად სავარაუდოდ მიგვაჩნია).

თუკი "კალიას", რომელიც უფსკრულიდან ამოდის, სატანა მეთაურობს, მაშინ ცხადია, რომ თვით "კალიაც", როგორც ამას ანდრია კესარიელიც წერს, უფსკრულის ბინადარი ბოროტი სულებია და დემონები არიან. წმ. იოანე გვამცნობს, რომ ღმრთის განგებით, სამყაროს აღსასრულის წინ ქვესკნელის საპყრობილიდან (გამოცხ. 20:7), ანუ იმ ბორკილებიდან გათავისუფლებულნი, უფალმა რომ დაადო მათ ბოროტებას, ბოლო ჟამს დედამიწაზე ამოვლენ კაცთა საცთუნებლად და სატანჯველად. მაგრამ ეს ტანჯვა შეეხება მხოლოდ მათ, ვისაც არ ექნება ძალა დემონთ განდევნისა. ხოლო ჭეშმარიტი და სრულყოფილი ქრისტეანების წინაშე, ვისაც მტკიცე აქვს ქრისტესადმი და მისი ჯვრისადმი რწმენა (მარკ. 16:17) და ღვთისმოსაობა, დემონები, ანუ "კალია" ვერაფერს დააკლებს.

ასევე უნდა ითქვას, რომ ბოროტ სულთა (აპოკალიპტური კალიის) თავისუფალი და განსაკუთრებული მოქმედება შესაძლოა დაშვებულ იქნას მხოლოდ სამყაროს აღსასრულის წინ, როდესაც ადამიანები თავიანთი უსჯულოებით ღირსნი იქნებიან ამგვარი სასტიკი სასჯელისა. ეშმაკი, უფსკრულის ეს ანგელოზი, მეფე კალიისა, მაშინ ანტიქრისტეს სახით პჰოვებს თავისი ბოროტების ღირსეულ გამომხატველს, რომელსაც, მოციქულის სიტყვისამებრ, ქმნის ძედ წარწყმედისა (დან. 9:27; 2 თესალონიკ. 2:3).

დაუშვებელია ანტიქრისტე გავაიგივოთ უფსკრულის ანგელოზთან, ხოლო ანტიქრისტეს მსახურნი - კალიასთან. პირველ და მეორე მხარეებს შორის იქნება ისეთი ურთიერთობა, როგორიცაა აქვთ შთაგონებულთა და შთამაგონებელთ. უფსკრულის ანგელოზი და კალია, ანუ ეშმაკი და დემონები, ადამიანებზე იმოქმედებენ სულიერ სფეროში, ხოლო გარეგან სფეროში ამოეფარებიან ანტიქრისტეს მოქმედებას, რომელიც აღასრულებს ეშმაკის ყოველგვარ ბოროტებასა და მზაკვარებას და ცოდვილ კაცობრიობას საბოლოო წარწყმედამდე მიიყვანს.

12. ერთმა ვაებამ გადაიარა: აჰა, მოდის ამის შემდეგ ორი ვაება.


ეს არის "პირველი ვაება" (გამოცხ. 9:12), ის უბედურება, რომელიც თავს უნდა დაატყდეს მსოფლიოს და ქრისტეანულ საზოგადოებას. უკეთურებისთვის ეს ჭირი აუტანელ ტანჯვაში იქნება გამოხატული, რომელსაც თავს დაატეხავს მათ ყოვლად დაუკმაყოფილებელი და გაუმაძღარი სული, რომელიც ყოველთვის ეძებს მეტსა და მეტს, რადგან სასურველის მიღწევის ყოველგვარი სასოება დაუკარგავს; ხოლო ღვთისმოსავი ადამიანები, ვინც ღმრთის ბეჭდით არიან აღბეჭდილნი და ეშმაკის საცთურთა და მახეთათვის მიუწვდომელნი არიან, სულის სიმხნევესა და რწმენის სიმტკიცეს ინარჩუნებენ, მსოფლიოზე თავს დატეხილი საერთო ფიზიკური უბედურებებით, მსოფლიო მწუხარებითა და ცოდვილთა გარდაუვალი წარწყმედის შეგნებით დაიტანჯებიან; და ეს უბედურებები ქრისტეს მეორედ მოსვლამდე არ დამთავრდება.

რას ნიშნავს იოანეს გამოთქმა: "ერთმა ვაებამ გადაიარა"? ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ ხუთი თვის გასვლის შემდეგ ეშმაკისა და მისი დემონების გამხრწნელი და წარმწყმედელი მოქმედება შეწყდება? მაგრამ ამას ეწინააღმდეგება წმ. წერილი, რომელიც მოწმებს, რომ უკანასკნელი ჟამის ჭირვება, რომელიც სამყაროს აღსასრულის წინ დაიწყება, არა თუ არ შეწყდება, არამედ უფრო და უფრო გაძლიერდება... ის მხოლოდ ჩვენი ამქვეყნიური ცხოვრების დამთავრებისას შეჩერდება, როდესაც კაცობრიობა ახალ ცხოვრებაში გადავა.

ეს ჭირი არ იქნებ მხოლოდ ახალ მიწაზე (რომ. 8:21). და თუკი იოანემ არაფერი თქვა პირველი ოთხი საყვირის ჭირვებათა ხანგრძლივობაზე და მეხუთე საყვირის შემდეგ მოწევნული უბედურების დამთავრებაზე გვამცნო, მას მხედველობაში მხოლოდ საკუთარი თავი ჰყავდა, რადგან ღმრთის განგებულების იდუმალთმხილველი გახლდათ. პირველი ვაების დამთავრებაზე ის მის მიერ მიღებულ ხილვასთნ მიმართებაში ლაპარაკობს (და არა საერთოდ მის დამთავრებაზე). მას ასე უნდა ეთქვა, რადგან აღსაწერი აქვს მომდევნო ხილვა.

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню