აპოკალიფსისის განმარტება_II_3_14_22_laodikia - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოკალიფსისი > განმარტება

მიმართვა ლაოდიკიის ეკლესიას

(თ. 3:14-22)

მიმართვა ლაოდიკიის ეკლესიას

ძვ. ქართულით

14. და ანგელოზსა ლავდიკიისა ეკლესიისასა მიუწერე, ვითარმედ: ამას იტყჳს ამინ, მოწამე იგი სარწმუნოჲ და ჭეშმარიტი, დასაბამი დაბადებულთა ღმრთისათაჲ: 15. ვიცნი საქმენი შენნი, რამეთუ არცა გრილი ხარ, არცა ტფილი. ჯერ-იყო, რაჲთამცა, ანუ გრილი იყავ, ანუ ტფილი. 16. არამედ ესრეთ ნელ-ტფილი ხარ და არცა გრილი, არცა ტფილი. მეგულების აღმოგდებაჲ შენი პირისაგან ჩემისა. 17. რამეთუ იტყჳ: მდიდარ ვარ და განვმდიდრდი და არარაჲ მეჴმარების. და არა უწყი, რამეთუ შენ ხარ უბადრუკ და საწყალობელ და გლახაკ და ბრმა და შიშუელ. 18. განგაზრახებ შენ, რაჲთა იყიდო ჩემგან ოქროჲ გამოჴურვებული ცეცხლითა, რაჲთა განჰმდიდრდე, და სამოსელი სპეტაკი, რაჲთა შეიმოსო, და არა გამოცხადნეს სირცხჳლი სიშიშულისა შენისაჲ და საოლავი, რაჲთა იოლნე თუალნი შენნი და ჰხედვიდე. 19. მე რომელნიცა მიყუარდენ, ვამხილებ და ვასწავებ. ეშურებოდე უკუე და შეინანე. 20. აჰა ესერა ვდგა კარსა ზედა და ვჰრეკ, უკუეთუ ვინ ისმინოს ჴმისა ჩემისაჲ და განაღოს კარი, და შევიდე მის თანა და ვჭამო მის თანა სერი, და მან - ჩემ თანა. 21. რომელმან სძლოს, მივსცე მას დაჯდომაჲ ჩემ თანა საყდარსა ჩემსა, ვითარცა-იგი მე ვსძლე და დავჯედ მამისა ჩემისა თანა საყდარსა მისსა, 22. რომელსა ჰქონან ყურნი, ისმინენ, რასა ეტყჳს სული ეკლესიათა.

ახ. ქართულით

14. ხოლო ლაოდიკიის ეკლესიის ანგელოზს მისწერე: ამას ამბობს ამინი, მოწმე სარწმუნო და ჭეშმარიტი, დასაბამი ღვთის ქმნილებისა. 15. ვიცი შენი საქმენი: არც ცივი ხარ და არც ცხელი: ოჰ, ნეტა ცივი მაინც იყო, ან ცხელი. 16. მაგრამ რაკი ნელ-თბილი ხარ, არც ცივი ხარ და არც ცხელი, ამიტომ გადმოგაფურთხებ ჩემს ბაგეთაგან. 17. რადგანაც ამბობ: მდიდარი ვარო, გავმდიდრდი და აღარაფერი მჭირდებაო, და ის კი არ იცი, რომ უბადრუკი ხარ და საწყალობელი, გლახაკი, ბრმა და შიშველი. 18. გირჩევ იყიდო ჩემგან ცეცხლით გაწმენდილი ოქრო, რათა გამდიდრდე, და სპეტაკი სამოსი, რათა შეიმოსო და აღარ გამოჩნდეს შენი სიშიშვლის სირცხვილი, და საოლავი იცხო თვალზე, რათა იხილო. 19. ვინც მიყვარს, მას ვამხილებ და ვწვრთნი. მაშ, ეშურე და შეინანე. 20. აჰა, კართან ვდგავარ და ვაკაკუნებ. თუ ვინმე გაიგებს ჩემს ხმას და კარს გამიღებს, შევალ და მასთან ვივახშმებ, ხოლო ის - ჩემთან. 21. მძლეველს გვერდით მოვისვამ ჩემს ტახტზე, როგორც თავად ვძლიე და ჩემს მამასთან დავჯექი მის ტახტზე. 22. ვისაც ყური აქვს, ისმინოს, რას ეუბნება სული ეკლესიებს.

შინაარსი

III

მიმართვა ლაოდიკიის ეკლესიას (თ. 3:14-22)


ლაოდიკია ფრიგიის მთავარი სავაჭრო ცენტრი და დედაქალაქი იყო, დღეს კი საერთოდ აღარც არსებობს. მის ადრინდელ ადგილ-სამყოფელს, რომელზეც მხოლოდ ნანგრევებიღა შემორჩა, თურქები "ესკი-ჰისარს" უწოდებენ, რაც "ძველ ციხე-სიმაგრეს" ნიშნავს. ლაოდიკია სახელგანთქმული იყო თავისი სიმდიდრითა და ნაყოფიერი მიწებით, ასევე მეცხვარეობით. ლაოდიკიაში უმაღლესი ხარისხის მატყლს აწარმოებდნენ. სწორედ მისმა ამ სიმდიდრემ და სახელგანთქმულობამ დააყენა ის მაღალ ადგილას ქრისტეანობის პირველ საუკუნეებში. 66 წელს აქ მოხდა უძლიერესი მიწისძვრა, მაგრამ მანაც კი ვერ შეარყია მისი კეთილდღეობა და ძალიან მალე ქალაქი ისევ აღსდგა, ისევ დამშვენდა მრავალგვარი და დიდებული ნაგებობებით.

თუმცა, ღმრთის რისხვამ საბოლოოდ მაინც უწია ლაოდიკიას. 1009 წელს ის სრულიად დაანგრიეს თურქებმა. სადღეისოდ ამ ქალაქისგან მხოლოდ მცირე რაოდენობის ძეგლებიღა შემორჩა.





სწორედ ამ ეკლესიას, რომლის წევრებს შორის უფალი ვერავის ხედავს ღირსეულს და ვერაფერს საქებარს და საიმედოს მიმართავს სიტყვებით: "ამას ამბობს ამინი, მოწმე სარწმუნო და ჭეშმარიტი, დასაბამი ღვთის ქმნილებისა" (გამოცხ. 3:14).

სიტყვა "ამინი" ებრაულია და ნიშნავს "ჭეშმარიტად", "იყავნ", "ჭეშმარიტად ასე იქნება", ანუ ეს არის რაღაც ფაქტის საზეიმო დადასტურება. მაგრამ ამ შემთხვევაში ეს ეპითეტი შეიცავს მუქარას, უკიდურეს შემთხვევაში უმკაცრეს გაფრთხილებას, რათა ლაოდიკიელებმა არ იხეტიალონ ცთომილებაში და არ დაეჭვდნენ იმ წინასწარმეტყველებათა უეჭველობაში, მოციქული რომ ამცნებს.

"სიტყვით "სარწმუნო" აღინიშნება ქრისტეს ჭეშმარიტება, კიდევ უფრო ზუსტად - თვით ქრისტე, როგორც თვითარსი ჭეშმარიტება. გამოთქმა - "დასაბამი ღვთის ქმნილებისა" გამოყენებულია "მეუფებისა და ყოველთა საწყისის" ნაცვლად, რომელიც ყველა ქმნილებაზე მეუფებას ნიშნავს, რამეთუ მეუფება, ანუ ქმნილების საწყისი თავად უქმნელი, მაგრამ ყოველი ქმნილების დასაბამის მიზეზობრივი საწყისია" (წმ. ანდრია კესარიელი). ანუ, ამას ამბობსო ის, ვინც არის უწმიდესი ჭეშმარიტება, უცვალებელი ერთგულება, რადგან ის არის ყოველივეს შემოქმედი და თავისი სიკვდილითა და აღდგომით კაცობრიობის განმაახლებელი. ის არის მეორე ადამი, ყოვლადსრულყოფილი, განკაცებულ ძე ღმრთისა.

"ამას ამბობს... დასაბამი ღვთის ქმნილებისა", რადგან ყოველივე მის მიერ შეიქმნა. ის არის დასაბამი სიცოცხლისა. ლაოდიკიის ეკლესიასაც ის აცოცხლებს. და შეუძლია მიანიჭოს სიცოცხლე ყველას, ვინც კი მოისურვებს!

ცოდვილ ლაოდიკიას უფალი იმავე სიტყვებით მიმართავს, როგორც ადრე ფილადელფიის მართალ ეკლესიას მიმართა, "ვიცი შენი საქმენი" (გამოცხ. 3:15), - მაგრამ აქ ეს სიტყვები კიცხევას გამოხატავს და არა ქებას, ფილადელფიის ეკლესიის მიმართვისგან განსხვავებით.

"არც ცივი ხარ და არც ცხელი: ოჰ, ნეტა ცივი მაინც იყო, ან ცხელი. მაგრამ რაკი ნელ-თბილი ხარ, არც ცივი ხარ და არც ცხელი, ამიტომ გადმოგაფურთხებ ჩემს ბაგეთაგან. რადგანაც ამბობ: მდიდარი ვარო, გავმდიდრდი და აღარაფერი მჭირდებაო, და ის კი არ იცი, რომ უბადრუკი ხარ და საწყალობელი, გლახაკი, ბრმა და შიშველი. გირჩევ იყიდო ჩემგან ცეცხლით გაწმენდილი ოქრო, რათა გამდიდრდე, და სპეტაკი სამოსი, რათა შეიმოსო და აღარ გამოჩნდეს შენი სიშიშვლის სირცხვილი, და საოლავი იცხო თვალზე, რათა იხილო" (გამოცხ. 3:16-18).

სარდეს სულიერად მკვდარ ეკლესიაშიც კი იპოვა უფალმა რაღაც ღირსეული: "თუმცა გყავს სარდეში რამდენიმე კაცი, რომელთაც არ შეუბილწავთ თავიანთი სამოსი". ლაოდიკიაში კი უფალი ვერაფერს პოულობს. ის ერთი სიტყვითაც კი არ გამოხატავს რაიმე მოწონებას მისდამი.

დღესაც უფალი არავის არ განაკუთვნებს თავის ეკლესიას, თუ ის ჭეშმარიტად არ იშვება წყლისაგან და სულისა და არ აღორძინდება სულიერი სიცოცხლით. ქრისტეს ეკლესიას ეკუთვნი შენ თუ ფორმალურად ხარ ქრისტეანი? ეს უკანასკნელნი (ფორმალური ქრისტეანები) ჯოჯოხეთისკენ მიექანებიან.

ლაოდიკიის ისტორიული ეკლესიის მოძღვრებს კარგი დასაწყისი ჰქონდათ, და ისინი ცხოვნდებოდნენ. მოციქულმა პავლემ მათ თავის დროზე ეპისტოლეც კი მისწერა. მას სურდა, რომ კოლოსელთადმი მიწერილი ეპისტოლე წაეკითხათ ლაოდიკიაშიც (კოლ. 4:16). მაგრამ, თანდათანობით, როგორც ჩანს, ლაოდიკიის ეკლესია ჭეშმარიტებისგან გადაიხარა. თავის მედიდურობასა და მწვალებლობათადმი ნელთბილობაში ლაოდიკიის პერიოდის ეკლესია იმდენად დაბრმავდა და იმდენად შორს შესტოპა წუთისოფლის ჭაობში, რომ უკვე ვეღარც გრძნობს და ვეღარც ხედავს თავის უბედურ მდგომარეობას. მეტიც, იმასაც კი ამტკიცებს, რომ "მდიდარია და არაფერი სჭირდება" (გამოცხ. 3:17). მაგრამ ის მდიდარია მხოლოდ ამ წუთისოფლის თვალსაზრისით, სულიერად კი ის არის "უბადრუკი, საწყალობელი, გლახაკი, ბრმა და შიშველი" (გამოცხ. 3:17).

ბიბლიის თანამედროვე კომენტატორების აზრით ლაოდიკიის ეკლესიისადმი მიმართული უფლის სიტყვა, ყველაზე ბოლო ჟამს ეხება, როდესაც მსოფლიოში საბოლოოდ აღესრულება სამოციქულო გადმოცემისგან გადახრა და ის დასავლეთისა (პროტესტანტიზმსა და კათოლიციზმს) და აღმოსავლეთის (ოფიციალური "მართლმადიდებლობა") ქვეყნების ეკლესიებს მოიცავს, რომელთა საქმიანობა, ღვთისმსახურება გარეგნულად ქრისტეანულს წააგავს, მაგრამ არ არის სათნო ღმრთისთვის. მსგავს მდგომარეობას ვხვდებით ღმრთის ერში, ძველაღთქმისეულ ისრაელშიც. ისაია წინასწარმეტყველის წიგნში უფალი ამხელს თავისი რჩეულ ერს და მიუხედავად მისდამი შეწირული მსხვერპლისა ბრძანებს: "რას ვაქნევ თქვენს უზომო საკლავებს, ამბობს უფალი. გამძღარი ვარ თქვენი აღსავლენი ვერძებით და კურატების ქონით. აღარ მსურს მოზვრების, კრავებისა და ვაცების სისხლი! რომ მოდიხართ და პირისპირ მეცხადებით, ვინ დაგავალათ ჩემი ეზოების თელვა? ნუღა მომიტანთ მაგ ფუჭ შესაწირავს, საძაგელია ჩემთვის საკმეველი, ახალმთვარობები და შაბათები ჯარობები ვეღარ ამიტანია! უკეთურება და დღესასწაული? თქვენი ახალმთვარობები და ზეიმები შეიძულა ჩემმა სულმა, ტვირთად დამაწვა, დავიღალე მათი ზიდვით. ხელებს რომ აღაპყრობთ, თვალს გარიდებთ; ლოცვებსაც რომ მიმრავლებთ, არ ვისმენ; ხელები სისხლითა გაქვთ სავსე!" (ესაია 1:11, 15).

ამოსის წინასწარმეტყველებაშიც იგივეს ვხედავთ, რადგან უფალი ამბობს: "მძულს, მეზიზღება თქვენი დღესასწაულები და ვეღარ ვისუნთქავ თქვენს ზეიმებში! აღარ ვიღებ თქვენს აღსავლენებს და ძღვენებს, ზედაც არ ვუყურებ ნასუქალ ხარებს, სამადლობელ მსხვერპლად რომ მწირავთ. განმარიდეთ თქვენი სიმღერების ხმაურს, თქვენი ქნარის ხმის მოსმენა აღარ მსურს" (ამოს. 5:21-23).

ჩვენს დროში უკვე შეგვიძლია დავაკვირდეთ ლაოდიკიური ქრისტეანობის მოღვაწეობას. ვერავინ იტყვის, რომ ქრისტეანები არ ავლენენ აქტიურობას. პირიქით, ყველგან შეინიშნება ფუსფუსი და მოძრაობა. არსებობდა კი ადრე ამდენი ბიბლიური სკოლა და მისიონერული მოღვაწეობა? ადამიანები ათასობით იკრიბებიან ყოველგვარ კონფერენციებზე და ე. წ. ქრისტეანულ შეკრებებზე. ატარებენ "ქრისტეანულ" როკ-კონცერტებსაც კი. სასულიერო პირები თვითონაც დაიარებიან კონცერტებზე და სპორტულ სანახაობებზე, აკურთხებენ სპორტულ სარბიელებს და თვით სპორტსმენებსა და მსახიობებსაც კი. და ეს არის სწორედ ყველაზე დამაფიქრებელი.

მსახიობები და სპორტსმენები სულაც არ გამოიყურებიან ქრისტეანებივით. დაიკარგა განსხვავება ნათლის შვილებსა და ბნელეთის შვილებს შორის. მამაკაცები წვერს იპარსავენ და დედაკაცებივით გრძელ თმებსა და თავსაფრებს ატარებენ. საერო, შარვლიან-დეზებიანი დედაკაცები, მოთხუპნულნი ათასგვარი კოსმეტიკით, შედიან ეკლესიაში მრავალთა საცთუნებლად და ვაჭრობენ ეკლესიის შიგნით მოწყობილ "საეკლესიო მაღაზიებში". შეკითხვაზე, რატომ ვაჭრობენ ტაძარში, მაშინ როდესაც ეს აკრძალულია, გვპასუხობენ: "ეს ტაძარი კი არა სტოაა, აქ შეიძლება". საინტერესოა, ხომ არ უთქვამს ვინმეს მაცხოვრისთვის მის მიერ ტაძრიდან გაგდებულ მოვაჭრეთაგან (იოანე 2:14-16) რაიმე მსგავსი?...და ეს ყოველივე "ქრისტეანთ" შორის...

ყველა საგანს ოფიციალურ, "ლაოდიკიურ ქრისტეანობაში" თავისი ფასი გააჩნია: გინდათ "აკურთხოთ" ბიზნესი? – კი ბატონო, შეუკვეთეთ პარაკლისი; გსურთ მოუწოდოთ ღმრთის ძალას დუქანში, მაღაზიაში, მემორიალზე ჯოჯოხეთის მარადიული ცეცხლით, რომელიც პენტაგრამიდან იფრქვევა? – გადაიხადეთ და "ნაკურთხი" იქნება.

"აკურთხებენ" ამქვეყნიურ, არაქრისტეანულ ხელისუფლებას, რომელიც აწარმოებს ხალხის გენოციდს, ძარცვავს ნაციონალურ რესურსებს, რყვნის ერს. ხელისუფლებას, რომლისთვისაც ნორმაა აბორტარიუმი, კაზინო, ინტიმ-სააგენტო, "ოჯახის დაგეგმარება", ტელეზომბირება. მოციქულები მართალია ნებისმიერი მთავრობისადმი მორჩილებას გვიბრძანებდნენ (1 პეტრე. 2:13-17), მაგრამ მათ საქმეებში თანამონაწილეობისკენ არასდროს მოგვიწოდებდნენ" (ეფეს. 5:11-13). ჭეშმარიტი ქრისტეანები ემორჩილებოდნენ ხელისუფალთ, მაგრამ ქრისტეანული მორალისა და სწავლების დასაცავად ჯვარზე, ათასგვარ წამებასა და ცეცხლზე მიდიოდნენ... ამ დროს კი ოფიციალური ეკლესიის "პატრიარქი" და "მღვდლები" თვითონ არიან მკრეხელობისა და უზნეობის მაგალითნი...

ოფიციალური ეკლესიების "ღვთისმსახურთა" მნიშვნელოვანი წილი (რომელთაც, აგრეთვე უპყრიათ მნიშვნელოვანი ხარისხები და თანამდებობები) არიან პედერასტები(განსაკუთრებით რუსეთში, თუმც მას არც ბერძნები და ქართველები ჩამოუვარდებიან, რისი დასტურიცაა მიტრ. შიო ავალიშვილის წერილები პატრ. ილია II-სადმი და "კვირის ქრონიკაში" გამოქვეყნებული შემაძრწუნებელი მასალები) (აქ გამოვაქვეყნოთ დასკანირებული სათაურები). არადა ეს სისაძაგლეა არა მარტო უფლის, არამედ თვით ურწმუნოთა და არაქრისტეანთა თვალშიც. მიუხედავად ამისა ისინი გვარწმუნებენ: "სნეული ცხვარი არ აფუჭებს ფარას". ჯერ ერთი: აფუჭებს! მთელი ფარა სნეულდება. მეორეც, ეს შემთხვევითი არაა. ბაყაყები მხოლოდ ბინძურ ჭაობში ბინადრობენ, მაგრამ ჭაობიდან ბაყაყები რომ ამოვიყვანოთ ის უცებ არტეზიულ ჭად როდი გადაიქცევა.შემწყნარებლობა ცოდვისადმი - აი, ლაოდიკიის ეკლესიის დამახასიათებელი ნიშანი.

ადამიანები შემწყნარებლურად ეკიდებიან მღვდელმსახურთა ცოდვებს, ცოდვის დამკვიდრებას ეკლესიაში, საეკლესიო დარღვევებს და მრავალგვარ არასწორ შეხედულებებსა და უსჯულოებას. ლაპარაკობენ "სინანულზე", "აღორძინებაზე", ნათლობაზე, მაგრამ ყოველივე ამას გააჩნია მხოლოდ კამპანიური ხასიათი, ცხოვრება ისეთივე რჩება... ეს ადამიანები ამსოფლიდან მოვიდნენ ქრისტეანობაში, მაგრამ ისევ ამსოფლიურნი დარჩნენ, ოღონდ ამჯერად, ვითომც "გაეკლესიურებულნი" თავს უფრო კომფორტულად გრძნობენ, რადგან აქ გაბატონებულია "ლაოდიკია" - საერო ცხოვრების წესი!

აფუძნებენ რადიოსა და ტელევიზიას, რომლიდანაც დილიდან საღამომდე ტაშ-ფანდური ისმის; ზოგადად აგიტაციას უწევენ კინოხელოვნებას, კონკრეტულად კი საბჭოური პერიოდის კინოპროდუქციას, რითაც ერში საბჭოური "ბედნიერი" დროებისადმი ნოსტალგიური გრძნობების გაღვივებას ცდილობენ; ამაოდ როდი ეწევა ზოგიერთი მათი მღვდელმსახური სტალინის რეაბილიტაციას (მაგ. არჩილ მინდიაშვილი); საკუთარი ტელევიზიით პოპულარიზაციას უწევენ ესტრადას და ოპერასაც კი (ამაოდ როდი აირჩია იგი ბ-მა "პატრიარქმა", ილია II საკუთარი დაბადების დღის აღსანიშნავად); სპორტსმენებს ოლიმპიადაზე სანთლებითა და "ნაკურთხი" წყლით აცილებენ, ვინძლო უკეთ იასპარეზონ და "ღვთის მადლით" იმარჯვონ კიდეც.

მთელს ჩვენს ქვეყანაში სუფევს სეკულარიზაციის, ეკუმენიზმის, გარყვნილების, მართლმადიდებლობის დამცირებისა და აბუჩად აგდების უღვთო სული და ყოველივე ეს ხდება "პატრიარქ" ილია II-ს ნებითა და მართლმადიდებლური სარწმუნოებისადმი ოფიციალური "სამღვდელოების" გულგრილი დამოკიდებულებით.

არც ის არის შემთხვევითი, განახევრებული, განადგურებული, დამშეული და დევნილი ქვეყნის მოსახლეობას, სპორტის სასახლეში თუ რომელიღაც თეატრში გასართობ სანახაობაზე მისული ეს ვაი-"პატრიარქი", სახეგაბრწყინებული და გაბადრული, დიდი პათოსით, "ჩვენთან არს ღმერთი!"-ო რომ შესძახებს ხოლმე. კითხულობს კი ვინმე არის თუ არა ღმერთი იმგვარ ადგილებში, სადაც ოფიციალური ეკლესიის ეს "მწყემსმთავარი" დაიარება და ეძლევათ კი იმ არტისტებს, სპორტსმენებს, მომღერლებსა და ათასი ჯურის სანახაობათა ორგანიზატორებს ღმრთის წყალობა, რომლებზეც "პატრიარქი" ილია II "კურთხევებს" უშურველად აფრქვევს?! - ცხადია, არა!

წმ. იოანე ოქროპირის სიტყვებით რომ ვთქვათ: "მრავალი ურჩი და უწესრიგო ამ სანახაობათა გამოზრდილია". თუკი ჩვენ კაცის სულს ეკლესიაში აღვაშენებთ, იქ, სანახაობებზე, სულს ანგრევენ და "მრავალი სხვა არწმინდებითაც ავსებენ" (წმ. იოანე ოქროპირი. "საუბრები". თბილისი 2010 წ. გვ. 221, 222).

სახარებას დღეს ქადაგებენ კინოხელოვნებით, თეატრით, სპორტითა და ცეკვებითაც კი. და ეს იმ დროს, როდესაც მსახიობობა და გართობა სისაძაგლე იყო ძველი ეკლესიისა და წმიდა მამებისთვის. ადამიანების სულიერება იქამდე დაეცა, რომ მათს შინაგან სამყაროზე უკვე სახარება და წმიდა მამათა ცხოვრება კი არ მოქმედებს, არამედ ოსტატურად გადაღებული ფილმები, მაგალითად, "იესუ" ან "კუნძული", სადაც შთამბეჭდავად არის გათამაშებული მაცხოვარი, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი და წმინდანები... თანაც ამტკიცებენ, რომ ყოველივე ამას სჩადიან ქრისტეს და ქრისტეანობის გულისთვის... მაგრამ რომელი ქრისტეს გულისთვის აკეთებენ ამას? ანტიქრისტესთვის ხომ არა, მალე რომ უნდა მოევლინოს ამ ცოდვილ სამყაროს?

დავაკვირდეთ დღევანდელი, ოფიციალური "მართლმადიდებლობის" მდგომარეობას (სხვა კონფესიებზე რომ არაფერი ვთქვათ). რა ხდება დღეს მათ ეკლესიებში?

იმ დროს, როდესაც წმიდა მამის თქმით, კეთილნი მწყემსნი "მუნიან ცხვრებს ჯანმრთელებისგან აცალკევებენ, რათა ისინი, განიკურნებიან რა ავთვისებიანი დაავადებისგან, უსაფრთხოდ დააბრუნონ უკან ჯანმრთელებთან და რათა დაავადებულებმა მთელ ფარას არ გადასდონ იგივე სნეულება" (იქვე. გვ. 224, 225), ვაი-"პატრიარქი" და მისი ამფსონები თვითონ მიდიან ამ "მუნიან ცხვრებთან", ანუ გართობის მოყვარულ ახალგაზრდებთან, მსახიობებთან და ხელოვნებას უქებენ მათ. გვახსოვს, "პატრიარქ" ილია II-ის საიუბილეო დღეებში როგორი აღფრთოვანებით ლაპარაკობდა ტელეეკრანიდან ოპერის ახალგაზრდა მომღერალი ქალი, რომ უსაზღვროდ ბედნიერია, რადგან პატრიარქს "დიდი მომავალი" (!) უწინასწარმეტყველებია მისთვის.

ისეთი რა ადგილია ოპერა და თეატრი, რომ იქ მისულმა "პატრიარქმა" პროფესია შეუქოს და თავის "დიდ" და "ბედნიერ" მომავალში დაარწმუნოს მსახიობი? წმ. იოანე ოქროპირის თქმით ხომ ეს ის ადგილია, "სადაც არის გარყვნილი საუბრები, სამეძაო სიმღერები, ვნებიანი ხმები, შეღებილი ყვრიმალები, დახატული თვალები, განსაკუთრებული ხელოვნებით შერჩეული სამოსელი, სიარულის მომაჯადოებელი მანერა (ყურად იღეთ პოდიუმზე მოსიარულენო! - ადმ.), და წინასწარშემზადებული მრავალი სხვა მისატყუარი და გასართობი მაყურებელთათვის; სადაც მნახველთა სული უზრუნველობასა და დიდ გაბნეულობაშია, სადაც თავად ადგილიც კი აღვივებს ვნებებს; სადაც მელოდია მრავალფერი სიმღერისა, საყვირზე, სალამურზე თუ მსგავს ინსტრუმენტებზე რომ ამღერებენ, აჯადოებენ და გონების ძალას ასუსტებენ, იქ მყოფთა საცთუნებლად ამზადებენ და მათგან ადვილად მოსანადირებელს ხდიან... მაშ, ბოროტ გულისთქმაზე უფრო მაღლა როგორ დადგებიან ისინი, რომელნიც თეატრში სხედან და არაფერს ჯანსაღს არ ხედავენ და არ ისმენენ, პირიქით, აღვსებულნი არიან სისაძაგლითა და გარყვნილებით და ყველა გრძნობით დამარცხებულნი არიან, ყურითაც და თვალითაც?... მითხარ, ღმერთი როგორ მოითმენს ამას?" (იქვე. გვ. 227-230); ან როგორ მოითმენს იმგვარ მკრეხელობას, როდესაც "პატრიარქად" წოდებული ადამიანი, თვითონ აძლევს სამწყსოს თეატრში სიარულის მაგალითს და იმასაც კი უქადაგებს, რომ "ღმერთი მათთანაა"? როგორ შეიძლება ამგვარ ადამიანებთან იყოს ღმერთი? პირიქით, ამგვარი უკეთურებისა და მკრეხელობის მოქმედ "პატრიარქთან" და "სამღვდელოებასთან" არის ეშმაკი და არა ღმერთი! და ეს შეგვიძლია განვაცხადოთ სრულიად თამამად!

ერთი ძველმართლმადიდებელი ქრისტეანი წერდა: "არსებობსო კონტრაფაქტული საქონელი. იყიდი, მაგალითად, ბატარეას, რომელსაც აწერია "Panasonic". ფასი შესატყვისია. ჩადებ ელექტრომოწყობილობაში და ის არა თუ არ ფუნქციონირებს როგორც საჭიროა, სითხესაც აპარებს და მთელ ტექნიკას აფუჭებს; ანუ, ამგვარი საქონლის ყიდვა და გამოყენება არის ძალის, დროის, ყურადღებისა და სახსრების ფუჭი ფლანგვა.

არსებობს კონრაფაქტული ეკლესიაც და მას, როგორც საქონლის შესაფუთ ცელოფანს, აწერია "მართლმადიდებლური". მასში არსებობენ წვერებიანი სუბიექტები მღვდლის ტანისამოსით, შესაბამისი მანერებითა და მიხვრა-მოხვრით. ასრულებენ რაღაც რიტუალებს, რომელიც შორიდან მართლმადიდებლურ ღვთისმსახურებას მოგვაგონებს. წმ. წერილისა და წმ. გადმოცემის სახელით ეწევიან პოლიტიკურ პროპაგანდას და ებრძვიან "ანტიპატრიოტულად" განწყობილ მასებს. ეს არის ოფიციალური, "მართლმადიდებელი" ეკლესია მთელი თავისი მრავალსახოვნებითა და განშტოებებით.

ადამიანები, რომლებიც ეძიებენ ნუგეშს და სულის ცხოვნებას, ეშურებიან ამ ეკლესიებს, მაგრამ პოულობენ იქ მხოლოდ სახელწოდებას, შირმას რომელსაც ამოფარებულია "პირატული" საქონელი. სამწუხაროდ, მრავალი იმშვიდებს თავს ამით, რადგან არსებული შირმის მიღმა გადახედვის ან უნარი არა აქვს ან სურვილი. არადა მის მიღმა უნდა არსებობდეს მთავარი – უწყვეტი სამოციქულო მემკვიდრეობა, იესუ ქრისტეში ცხოვრების ტრადიცია, ცოცხალი რწმენა და სულიწმიდის მადლი. არის კი ეს ყოველივე სხვადასხვა მიმართულების (განსაკუთრებით კი გაბატონებულ, ოფიციალურ) ახალმოწესეობრივ, ე. წ. "მართლმადიდებელ" ეკლესიებში?

მართლმადიდებლური ტრადიციონალიზმის საფარველს ამოფარებულებმა თავიანთ ეკლესიებში ისეთი უსჯულოება დაამკვიდრეს, რომ ათეისტებსაც კი უკვირთ. მათი ტაძრები – სავაჭრო დუქნებია. სრულიად საერო ადამიანები, სიხარბით ანთებული თვალებით ხელს უსვამენ და არჩევენ ჯვრებსა და ძეწკვებს, გამოფენილი აქვთ ხატები და პალესტინური საკმეველი, იორდანის ნაპირებზე მოგროვილი ხრეში და საეჭვო სიწმიდის მამათა და დედათა საფლავებზე "ნაკურთხი" ორცხობილები თუ ნეოწარმართობის სხვა მრავალფეროვანი ფეტიშები.

მაშ, რას ეუბნება მაცხოვარი ამგვარ გადაგვარებულ ქრისტეანობას?

"ამბობ გავმდიდრდი და აღარაფერი მჭირდებაო", მაგრამ "არ იცი", რომ ხარ "უბადრუკი, საწყალობელი, გლახაკი, ბრმა და შიშველი" (მ. 17).

წმ. იოანე კასიანე რომაელი ამბობს: "როდესაც ჩვენს ნებას მედიდურობა და ამქვეყნიური სიბრძნის სიყვარული შეიპყრობს, მაშინ ის ყოველგვარი კიცხევის ღირს შუალედს დაიკავებს ორგვარ მისწრაფებას შორის და განეწყობა სწორედ ისე დაითმინოს ხორციელი ვნებები, რომ ამისგან არ განიცადოს რაიმე იწროება, რაც თან სდევს სულის მოთხოვნილებებს. კერძოდ, ხორცის უტანჯველად მიაღწიოს სხეულებრივ უბიწოებას, მღვიძარების გარეშე მოიპოვოს გულის სიწმიდე, ხორცის განსვენებით მოიხვეჭოს სულიერ სათნოებათა სიუხვე, გააფთრებულ ბოროტსიტყვაობათა დაუთმენლად მიიღოს მოთმინების მადლი, ქრისტესადმი მორჩილების გარეშე - ამქვეყნიური პატივი, ღვთისმოსაობის უბრალოებას მისდევდეს ქედმაღლობით, თქვას სიმართლე ისე, რომ ამისთვის უმცირესი შეურაცხყოფაც კი არ შეხვდეს - და, საერთოდ, მიაღწიოს მომავალ ნეტარებას წუთისოფლის სიამეთა დათმობის გარეშე. ასეთ ნებას არავინ მიჰყავს ჭეშმარიტ სრულყოფამდე. იგი სულებს გულისამრევ ნელთბილობაში ამყოფებს და იმგვარად აქცევს მათ, როგორებიც არიან ისინი, ვისაც უფალი აპოკალიფსისში ამუნათებს: "ვიცი შენი საქმენი: არც ცივი ხარ და არც ცხელი: ოჰ, ნეტა ცივი მაინც იყო, ან ცხელი. მაგრამ რაკი ნელ-თბილი ხარ, არც ცივი ხარ და არც ცხელი..."" (ღირ. იოანე კასიანე რომაელი).

და რა ელით ასეთ "ნელ-თბილ" და გულისამრევ "ქრისტეანებს"?

მოდი, ისევ წმ. იოანე კასიანეს მოვუსმინოთ: "თუკი დავრჩებით ამგვარ ნელ-თბილ (ანუ გულგრილ) მდგომარეობაში, აღმოგვანთხევს უფალი თავისი პირიდან, როგორც ბრძანებს: "ნელ-თბილი ხარ, არც ცივი ხარ და არც ცხელი, ამიტომ გადმოგაფურთხებ ჩემს ბაგეთაგან". ხოლო იმათზე, რომლებიც უფალმა მიიღო თავისი სიყვარულის წიაღში და შემდეგ სარწმუნოებაზე ყული აიყარეს, უფალი სამართლიანად ბრძანებს, რომ ერთგვარი ზიზღით აღმოანთხევს; რამეთუ ბიწიერად მცხოვრები ან წარმართი უფრო ადვილად მოექცევა ცხოვნებად და მიაღწევს სულიერი სრულყოფილების სიმაღლეს, ვიდრე ის, ვინცაც დაიდგა რა უღელი ქრისტესი, არ შეუდგა სრულყოფილების გზას და ჩააქრო სულიერი მოშურნეობის ცეცხლი" (ღირ. იოანე კასიანე რომაელი).

"უფალი განუწყვეტლივ აკაკუნებს ჩვენი გულის კარებზე, რათა გავუღოთ, შემოვიპატიჟოთ და ჩვენს სულებში დაივანოს. გრიგოლ ღვთისმეტყველი ბრძანებს, ჯერ არს, გარკვეული ზომით იწვოდე და, ასევე, ცივიც იყო. ჭეშმარიტად, ცივს, ანუ მხურვალე სარწმუნოებაში უმწიფარს ყოველთვის აქვს იმედი, მიიღოს იგი, ხოლო ნათლისღებით განხურვებული, მაგრამ შემდეგ უდებებით განგრილებული ადრე არჩეული სარწმუნოების უარყოფით კარგავს ცხოვრების სასოებას. რაიმე საქმეში შუალედურობის უარყოფა არ შეიძლება, ამიტომაც ქორწინება, რომელიც შუალედურია უბიწოებასა და სიძვას შორის, მიიღება, მაგრამ სარწმუნოებაში ამას (შუალედურობას) ფასი არა აქვს. როგორც ნელ-თბილი წყალი არის გულის ამრევი, ასევე მძულხარო შენ, რამეთუ ამსოფლიური სიმდიდრის ეკალ-ბარდებით მოაშთვეო საღმრთო სიტყვის თესლი" (შეად. ლუკა 8:7). არ უწყი შენი სულიერი სიგლახაკე და შინაგანი (სულიერ) თვალთა სიბრმავე და კეთილ საქმეთაგან განშიშვლება" (ანდრია კესარიელი).

"ძლიერ სცდები, თუკი მდიდრად მიიჩნევ საკუთარ თავს ამ წუთისოფელში. ისმინე, რას ბრძანებს შენი უფალი აპოკალიფსისში: "ამბობ: მდიდარი ვარო, გავმდიდრდი და აღარაფერი მჭირდებაო, და ის კი არ იცი, რომ უბადრუკი ხარ და საწყალობელი, გლახაკი, ბრმა და შიშველი. გირჩევ იყიდო ჩემგან ცეცხლით გაწმენდილი ოქრო, რათა გამდიდრდე, და სპეტაკი სამოსი, რათა შეიმოსო და აღარ გამოჩნდეს შენი სიშიშვლის სირცხვილი, და საოლავი იცხო თვალზე, რათა იხილო" (გამოცხ. 3:17-18). მაშ ასე, თუ ბევრი გაქვს და მდიდარი ხარ, გირჩევ, ქრისტესგან იყიდო ოქრო, ცეცხლით განწმენდილი, რათა მისი ცეცხლით აღმოშანთო შენი უკეთურობანი და წარდგე მის წინაშე, როგორც ოქრო - საკუთარ მოწყალებათა და სიმართლის საქმეებით განწმენდილი. იყიდე "სპეტაკი სამოსი" რათა ადამის შეცოდებით განშიშვლებული და დღემდე საკუთარი უგვანობით შეძრწუნებული შეგმოსონ ქრისტეს ნათელი სამოსით. და შენ, ქრისტეს ეკლესიაში მყოფო მდიდარო და წარჩინებულო, იცხე თვალზე, მაგრამ ეშმაკის "საგრემილველი" (სურმა) კი არა, "საოლავი" ქრისტესი, რათა შეძლო იხილო ღმერთი და სათნოეყო უფალს შენი კეთილის საქმეებითა და მოწყალებით" (წმ. კვიპრიანე კართაგენელი).

"თუ გამდიდრება გნებავთ, გირჩევთ მოიპოვოთ ჩემგან სარწმუნოება, რომელიც არის "ოქრო გამოხურვებული ცეცხლით", ანუ სარწმუნოება განსაცდელით განწმენდილი. რათა ასე შეიძინოთ თქვენს გულებში მოუტაცებელი საგანძური, შეიმოსოთ სათნოებათა ბრწყინვალე სამოსელით და დაფაროთ ცოდვათა სიშიშვლე. ხოლო "საოლავი" უპოვარება არის, რამეთუ, თუკი ძღვენი თვალს უბნელებს მაცქერალს, მისდამი გულგრილობა ჭეშმარიტად განანათლებს მას" (წმ. ანდრია კესარიელი).

რას ვერ ამჩნევენ ლაოდიკიის ეკლესიაში? იმას, რომ ის არის "უბადრუკი, საწყალობელი, გლახაკი, ბრმა და შიშველი". ანუ, ღმრთის მადლისგან სრულიად განძარცული და არაფრის მქონე. კი ფიქრობს და ჰგონია რომ "მდიდარია", მაგრამ "ბრმაა და შიშველი"...

"ვინც მიყვარს, მას ვამხილებ და ვწვრთნი. მაშ, ეშურე და შეინანე" (მ. 19). "აი, კაცთმოყვარება ღმრთისა! იხილე, საღმრთო მხილება წყალობასთან როგორ არის შეზავებული" (ანდრია კესარიელი).

ლაოდიკიის ეკლესიამ, დღევანდელმა ქრისტეანობამ დაკარგა თავისი მისიონერული ძალა, რადგან მისი წევრები წუთისოფლის მოთხოვნილებებს შეეხმატკბილნენ.

"აჰა, კართან ვდგავარ და ვაკაკუნებ. თუ ვინმე გაიგებს ჩემს ხმას და კარს გამიღებს, შევალ და მასთან ვივახშმებ, ხოლო ის - ჩემთან" (მ. 20).

"აჰა, კართან ვდგავარ და ვაკაკუნებ", ძალდატანებით კი არ შემოვდივარ თქვენთან, არამედ "კაცის გულზე ვაკაკუნებ"-ო და ვინც გამიღებს, "შევალ და მასთან ვივახშმებ", მასთან ვიხარებ მისი ცხოვრებით, და ეს ცხოვრება მიჩნს "ჭამად და ვახშმობად", რამეთუ მით ვიკვებები, რითაც ისინი და განიოტებენ საცთურის ბნელს და "უფლის სიტყვების მოსმენის შიმშილს" (ამოს. 8:11) (ანდრია კესარიელი).

"უფალი განუწყვეტლივ აკაკუნებს ჩვენ გულთა კარებზე, რათა გავუღოთ, შემოვიპატიჟოთ და დაივანოს ჩვენს სულებში, სამკვიდრებელი ჰყოს ჩვენში, რამეთუ ბრძანებს: "აჰა, კართან ვდგავარ და ვაკაკუნებ. თუ ვინმე გაიგებს ჩემს ხმას და კარს გამიღებს, შევალ". იმიტომაც ინება მან ვნება, - ხორციელი სიკვდილი და ჩვენი გამოსყიდვა ცოდვის მონობისგან, - რათა ჩვენს სულებში დავანება შესძლებოდა და ჩვენთან მოახლოვებულს, რამეთუ საჭმელი და სასმელი, სამოსელი და სამკვიდრებელი, და სავანე მისი არის ჩვენს სულებში. ამიტომაც, ჩვენი გულის კარებზე განუწყვეტლივ აკაკუნებს რომ შემობრძანდეს ჩვენში. მაშ, მივიღოთ იგი და შემოვიყვანოთ ჩვენი სულების წიაღში, რამეთუ ჩვენთვისაც ის არის საჭმელი და სასმელი (შეად. იოანე 6:55) და ცხოვრება საუკუნო. ყოველი სული, რომელმაც არ მიიღო იგი და არ დაავანა საკუთარ თავში, ან უმჯობესი იქნება ვთქვათ, თვით არ დამკვიდრდა მათში, - ცათა სასუფეველს ვერ მოიპოვებენ და არ ექნებათ წმინდანებთან თანაზიარობა მარადიულ ცხოვრებაში. ვერ შევლენ ისინი ზეციურ ქალაქში" (წმ. მაკარი დიდი).

"მძლეველს გვერდით მოვისვამ ჩემს ტახტზე, როგორც თავად ვძლიე და ჩემს მამასთან დავჯექი მის ტახტზე. ვისაც ყური აქვს, ისმინოს, რას ეუბნება სული ეკლესიებს" (მმ. 20-22).

"ტახტი" მომავალი საუკუნის ნეტარებასა და სუფევას მოასწავებს; ამიტომაც ამბობს, რომ ეშმაკთა მძლეველი განიდიდება და დაიმკვიდრებს ქრისტესთან სუფევას. "როგორც თავად ვძლიე" - ამას კაცობრივად ამბობს, რამეთუ ის იქმნა სრული კაცი.

სიტყვა ღმერთმა რაიმე ნიჭად ან სათნოების სანაცვლოდ კი არ მიიღო სუფევა და მეუფება, არამედ დაუსაბამოდ აქვს ბუნებით. ასე რომ არ ყოფილიყო, ვერც სხვათათვის მიცემას შესძლებდა; ღმრთისმეტყველი და "ძე ქუხილისა" იტყვის: "მისი სავსებისგან ყველამ მივიღეთ მადლი მადლისა წილ" (იოანე 1:16). იგივე მიზეზის გამო უთხრა მოციქულთაც: "დასხდებით თორმეტ ტახტზე ისრაელის თორმეტი ტომის განსჯად" (მათე 19:28; 1 კორინთ. 6:2). რადგან ის, ღმერთი და დაუსაბამო მეუფე, ჩვენთვის განკაცდა და მიიღო ყოველივე, ცოდვის გარდა, რაც ადამიანური ბუნებისთვის არის დამახასიათებელი; ამიტომაც მიანიჭა ეშმაკის მძლეველთ თავისივე ძალა და მადლი... იმ ზომით, რა ზომითაც შეეძლოთ მათ ამის დატევნა.

ჩვენ იგი, რომელიც ზეცად ამყვანებელი ეტლის მსგავსად ღრუბლით ამაღლდა, "ჩვენც, ცოცხლად შთენილთაც, აგვიტაცებს ღრუბლებს ზემოთ, რათა ჰაერში შევეგებოთ უფალს..." (1 თესალონიკ. 4:17). მართლმსაჯულად მომავალი, როგორც ქმნილების მეუფე და შემოქმედი, წმინდანებს მისცემს ღვთაებრივ და ჭეშმარიტად უნეტარესი მონობის უარმყოფელთა განსჯის ძალმოსილებას. "არა უწყითა, რამეთუ ანგელოზნი (იგულისხმებიან ბნელეთის მთავარნი - რედ.) განვიკითხნეთ", - ბრძანებს მოციქული.

მაშ, რადგან ესოდენ კაცთმოყვარე მსაჯული გვყავს, შევეცადოთ მისი წყალობის მიღებას, ამისთვის კი უნდა აღვასრულოთ ღმრთივშთაგონებული სოლომონის შეგონება: "მუდამ სპეტაკნი ქონდეს სამოსელი" (ეკლ. 9:8), ანუ მზაკვარ საქმეთაგან შეურყვნელი. ამიტომაც, თუკი საქორწინედ განმზადებული პატარძალივით განვამშვენებთ ჩვენს სულებს, ღირს-ვიქნებით უკვდავ სიძესთან და მეუფესთან სამარადისო შეერთებისა და მაშინ, მასთან სათნოებებით შეერთებულნი, მივეწიფებით ზეციურ წყალობას, ყოველგვარ სიკეთეთა მომნიჭებელი ქრისტესგან, რომელსაც შვენის დიდება, პატივი და თაყვანისცემა თანა მამით და სულიწმიდითურთ, აწ და მარადის, და საუკუნითგან მიუკუნისამდე. ამენ" (ანდრია კესარიელი).

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню