აპოკალიფსისის განმარტება_II_2_8_11_smirna - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოკალიფსისი > განმარტება

მიმართვა სმირნის ეკლესიას

(თ. 2:8-11)

მიმართვა სმირნის ეკლესიას

ძვ. ქართულით

8. და ანგელოზსა ზმირნისა ეკლესიისასა მიუწერე: ამას იტყჳს პირველი და უკუანაჲსკნელი იგი, რომელი იქმნა მკუდარ და ცხონდა: 9. ვიცნი საქმენი შენნი და ჭირი და სიგლახაკე, არამედ მდიდარ ხარ. და გმობაჲ იგი მათი, რომელნი იტყჳან თავთა თჳსთა ჰურიად, და არა არიან, არამედ შესაკრებელი ეშმაკისაჲ. 10. ნუ გეშინის საქმეთაგან, რომელთა ეგულების მოწევნად შენ ზედა, რამეთუ აჰა ესერა ეგულების ეშმაკსა თქუენგანთა შთაგდებად საპყრობილესა, რაჲთა გამოიცადნეთ ათ დღე. იქმენ მორწმუნე ვიდრე სიკუდილადმდე, და მოგცე შენ გჳრგჳნი იგი ცხორებისაჲ. 11. რომელსა ჰქონან ყურნი, ისმინენ, რასა ეტყჳს სული ეკლესიათა: რომელმან სძლოს, არაჲ ევნოს მას სიკუდილისა მისგან მეორისა.

ახ. ქართულით

8. ხოლო სმირნის ეკლესიის ანგელოზს მისწერე: ამას ამბობს პირველი და უკანასკნელი, რომელიც მკვდარი იყო და გაცოცხლდა: 9. ვიცი შენი გასაჭირი და სიღატაკე, - თუმცაღა მდიდარი ხარ, - და გმობა მათგან, რომელნიც ამბობენ, იუდეველნი ვართო, და არ კი არიან, არამედ საკრებულო სატანისა. 10. ნუ გეშინია ნურაფრისა, რისი დათმენაც მოგიწევს. აჰა, ეშმაკი აპირებს ზოგი თქვენგანი გამოსაცდელად ჩააგდოს საპყრობილეში; და გექნებათ ურვა ათი დღე. სიკვდილამდე ერთგული იყავი და მოგცემ შენ სიცოცხლის გვირგვინს. 11. ვისაც ყური აქვს ისმინოს, რას ეუბნება სული ეკლესიებს: მძლეველი არ ევნება მეორე სიკვდილისაგან.

შინაარსი

II

მიმართვა სმირნის ეკლესიას (თ. 2:8-11)


ქალაქი სმირნა, ისევე როგორც ეფესო, არის მცირე აზიის უძველესი ქალაქი, რომელიც განლაგებულია ეგეოსის ზღვის ნაპირას და ცნობილი იყო თავისი სავაჭრო მიმოქცევით. დღეს ქალაქის ნანგრევები მოქცეულია თურქეთის, კერძოდ, ქალაქ იზმირის ტერიტორიაზე. წარმართულ ეპოქაში განსწავლულობითა და ბრწყინვალებით ცნობილი სმირნა, არანაკლებ ქებულია ქრისტეანობის პირველი პერიოდისთვისაც, როგორც ქალაქი, რომელიც საკმაოდ ადრე განათლდა სახარების ნათლით და მრავალრიცხოვანი დევნულებისა და ჭირვების მიუხედავად, მძიმე ღვაწლსა და მოთმინებაში შეინარჩუნა სარწმუნოებისა და ღვთისმოსაობის საფუძვლები.

სხვადასხვა უბედურებების: მიწისძვრების, ხანძრების, შავი ჭირის, ომებისა და ლიდიელთა შემოსევის შემდეგ, რაც გადაიტანა სმირნამ, ის კვლავ ალექსანდრე მაკედონელმა განაახლა. 70-ე წელს, იოანე ღვთისმეტყელმა აქ დააფუძნა ქრისტეანული ეკლესია, რომელშიც თავისი საყვარელი მოწაფე პოლიკარპე დაადგინა. ამის საფუძველს პოლიკარპეს მიერ ფილიპიელთადმი მიწერილი ეპისტოლე გვაძლევს. მოციქულთა პერიოდის შემდეგ სმირნას წინაშე ქრისტეანობის სვეტად და ნიმუშად, თავისი ქრისტეანული და მოწამეობრივი ღვაწლით, სწორედ წმ. პოლიკარპე გამობრწყინდა.

ამ ეკლესიის ეპისკოპოსს, შესაძლოა თვით წმ. პოლიკარპეს, მიმართავს ღმერთი თავისი გამოცხადებით და ბრძანებს: "და ანგელოზსა ზმირნისა ეკლესიისასა მიუწერე: ამას იტყჳს პირველი და უკუანაჲსკნელი იგი, რომელი იქმნა მკუდარ და ცხონდა" (გამოცხ. 2:8). აქ ნაგულისხმევია ნაგულისხმევია უფალი იესუ ქრისტე, როგორც ყოვლისმპყრობელი ღმერთი, რომელმაც შექმნა ყოველივე და ყოფიერების აზრსა და მიზანს საკუთარ თავშივე მიუთითებს. კაცობრიობისადმი მისი სიყვარულში გვარწმუნებს კაცთა მოდგმის ცოდვის წყევისგან გამოსყიდვის მიზნით, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისგან მისი განკაცება, ჯვარცმა, ვნება და სიკვდილი. ხოლო მკვდრეთით აღდგომა იესუ ქრისტესი, ის, რომ ის კვლავაც ცოცხალია ("რომელი იქმნა მკუდარ და ცხონდა"), ქრისტეანთ საყოველთაო აღდგომისა და საუკუნო სამსჯავროს შემდეგ მარადიული ნეტარების დამკვიდრების შესაძლებლობაში გვარწმუნებს (1 კორინთ. 15:17-22).

სიტყვებით: "ვიცნი საქმენი შენნი და ჭირი და სიგლახაკე, არამედ მდიდარ ხარ. და გმობაჲ იგი მათი, რომელნი იტყჳან თავთა თჳსთა ჰურიად, და არა არიან, არამედ შესაკრებელი ეშმაკისაჲ" (გამოცხ. 2:9), უფალი სმირნელებს მიანიშნებს თავის განგებულებით ყოვლისმცოდნეობასა და ყოვლისშემძლეობაზე, რომელიც ვრცელდება ადამიანის ცხოველმოქმედების ნებისმიერ, როგორც შინაგან, ასევე გარეგან გამოვლინებაზე.

როგორც ყოვლისმხედველი ის ხედავს ადამიანთა მწუხარებას, რომელიც სმირნელებს თავს დაატყდათ იუდეველთა და წარმართთა მხრიდან სასტიკი დევნულებით. ხედავს უფალი მატერიალურ სიდუხჭირესაც, რომელიც განსაკუთრებით დამახასიათებელი იყო პირველქრისტეანთათვის და რომელიც ნაწილობრივ დამოკიდებული იყო მათ დაუცველობაზე (იაკობ. 2:5).

მაგრამ უფალი აფასებს იმ სულიერ მდგომარეობას, რომლითაც იტანენ ქრისტეანები ამ სიდუხჭირესაც და დევნულების სისასტიკესაც. სწორედ ეს ქრისტეანული ჭირთათმენა და უფლისადმი სასოება იწოდება აქ "სიმდიდრედ" ("თუმცაღა მდიდარი ხარ (გამოცხ. 2:9))".

ამ სასოებისა და ღმრთისადმი ერთგულების ფონზე, სმირნელ ქრისტეანებს არ უნდა აშფოთებდეთ ის ბოროტსიტყვაობანი და დამცირებანი, რომელთა გადატანა უხდებოდათ მათ იუდეველთაგან, რომელთაც აპოკალიფსისი "სატანის საკრებულოს" უწოდებს, რითაც მიანიშნებს, რომ მას მხედველობაში აქვს ის იუდეველნი, რომლებიც პრინციპულად და გადაჭრით დადგნენ ქრისტეანთა მტრების მხარეს.

ანდრია კესარიელი, განმარტავს რა ზემოთმოტანილ მუხლს, ბრძანებს: "ვიცნი შენი ხორციელი ჭირნი და სიგლახაკე, რომელთაც ურწმუნოთაგან მოწყლული ჩემს გამო ითმენ, მაგრამ სულით ხარ მდიდარი, რამეთუ გაქვს გულში დაუნჯებული საგანძური. სატანურ საკრებულოთა მგმობელობაც ცნობილია და მათ შესახებაც ვუწყი, ვინც ამ სახელით სამართლიანად იწოდებიან. "რადგან იუდეველი ის კი არ არის, ვინც გარეგნულად იუდეველობს; არამედ ის, ვინც შინაგანადაა იუდეველი" (რომ. 2:28-29). ხოლო "ჰურია ("იუდეველი") აღსარებასა და სინანულს ნიშნავს".

ქრისტეანთა მიმართ გაგულისებული და გააფთრებული იუდეველები, რომელთაც, ჩვენი წელთაღრიცხვით 70-ე წელს, ანუ იერუსალემის დანგრევის შემდეგ, აღარ ჰქონდათ ქრისტეანთა უშუალოდ დევნის შესაძლებლობა, მთელს თავიანთ ბოროტებას ქრისტეანთა და ქრისტეანული რელიგიის წინააღმდეგ შეთითხნილი ცრუ ბრალდებებში ანთხევდნენ, რითაც ისინი ყველგან და ყოველთვის ცდილობდნენ აემხედრებინათ წარმართები მათ წინააღმდეგ (საქმე: 13: 46; 17:5; 18:6; 19:6). ხოლო მათი სინაგოგალური მმართველობა კიდევ უფრო აძლიერებდა და ასასტიკებდა მათ ასეთ შემთხვევებში (იაკობი 2:6-7).

10. ნუ გეშინის საქმეთაგან, რომელთა ეგულების მოწევნად შენ ზედა, რამეთუ აჰა ესერა ეგულების ეშმაკსა თქუენგანთა შთაგდებად საპყრობილესა, რაჲთა გამოიცადნეთ ათ დღე. იქმენ მორწმუნე ვიდრე სიკუდილადმდე, და მოგცე შენ გჳრგჳნი იგი ცხორებისაჲ.

იმის შემდეგ, რაც უფალმა წინამორბედ მუხლებში სმირნელებს ამცნო თავის ყოვლისმწვდომელ განგებულებასა და ყოვლისმცოდნეობაზე, სიტყვებით: "ნუ გეშინია ნურაფრისა, რისი დათმენაც მოგიწევს" (გამოცხ. 2:10), - განსაკუთრებულად ანუგეშა და გაამხნევა ისინი. არცთუ შორეულ მომავალში სმირნელებს მოუწევდათ დიდი განსაცდელი, განსაკუთრებული უბედურებები და დევნულებანი.

"ამ მფარველობასა და უსაფრთხოებას გვპირდება ის, ვინც წინასწარმეტყველ ესაიას პირით ბრძანებს: "ნუ გეშინინ, რამეთუ გამოგიხსენ შენ და გიწოდე სახელი შენი: ჩემი ხარი შენ. და უკეთუ განხვიდე შორის წყლისა, შენ თანა ვარ და მდინარენი არა წარგღუნიან შენ და უკეთუ განხვიდე შორის ცეცხლისა, არა დაიწუე, ალმან არა შეგწუას შენ, რამეთუ მე, უფალი ღმერთი შენი, წმიდაი ისრაელისა, მაცხოვნებელი შენი" (ესაია 43:1-3) (წმ. კვიპრიანე კართაგენელი).

"ნუ გეშინია ჭირთა, რომელნიც უსჯულოთაგან მოიწევიან, გაყენებენ ჭრილობებს და გდევნიან, რამეთუ ხანმოკლენი იქნებიან ჭირნი, ამიტომაც ითქვა "ათ დღე". ასე, რომ მომთმენნი იქმენით და თავს იდევით სიკვდილი, რათა მიიღოთ საუკუნო სიცოცხლე" (ანდრია კესარიელი).

ნუგეში და თანადგომა აქ მარტო მათი უბედურებების წინასწარმეტყველებაში კი არ გამოიხატება, არამედ იმაშიც, რომ მითითებული მათი ტანჯვის უმთავრესი დამნაშავე და დევნულებათა ხანგრძლივობა. სმირნელ ქრისტეანებს უფალი შეახსენებს, რომ ყოვლიმსპყრობელი ღმერთი ხედავს მათ თავისი ყოვლისმხედველი თვალით და წინასწარ ამცნობს განსაკუთრებულად მძიმე განსაცდელზე.

მაგრამ ეშმაკი ადამიანებსა და მსოფლიო მოვლენებზე მაღლა როდი დგას თავისი ძლიერებით. მასზე მაღლა იმყოფება ღმერთი, რომელიც მხოლოდ დაუშვებს ეშმაკის მოქმედებებს და მათ ქრისტეანთა სასარგებლოდ წარმართავს. მოცემულ შემთხვევაშიც, ღმერთმა, რომელმაც დაუშვა, რომ ეშმაკს გამოეცადა და აღეძრა დევნულება სმირნელი ქრისტეანების წინააღმდეგ, შეზღუდა მისი მოქმედება, რადგან ასე ამცნო სმირნელებს: "აჰა, ეშმაკი აპირებს ზოგი თქვენგანი გამოსაცდელად ჩააგდოს საპყრობილეში; და გექნებათ ურვა ათი დღე" (გამოცხ. 2:10; შეად. დაბ. 24:55; დან. 1:12). და რადგან ქრისტეს ნებისმიერ მხედარს ელოდება ქრისტეს მიერ დაწნული გვირგვინი; უფლის ყოველ ერთგულ მიმდევარს - ქრისტესთან ერთად სიცოცხლე მის ზეციურ სასუფეველში, - ქრისტეანთათვის თვით სიკვდილიც კი აღარ უნდა იყოს საშიში, რომელიც ალბათ ეწვევა მრავალ მათგანს მოსალოდნელ საშინელ დევნულებაში.

ბიბლიის კომენტატორები სმირნის ეკლესიისადმი მიწერილ ამ სიტყვებს რომის იმპერიის დროინდელ დევნულებებს განაკუთვნებს: 1) პირველი დევნულება იყო ნერონის დროს 64 წელს; 2) დომიციანეს დროს 91 წელს; 3) ტრაიანეს დროს 98 წ., 4) მარკუს ავრელიუსის დროინდელი დევნულება 177 წ., 5) სეპტიმუს სევერის დროს 202 წ., 6) დეციუსის დროს 250 წ., 7) ვალერიანეს დროს 257 წ., 8) ავრელიანეს პერიოდში 275 წ., 9) დიოკლეტიანეს დევნულება 303 წ., და 10) მაქსიმიანეს დროს 311 წ. ამდენად, მიაჩნიათ, რომ იყო სულ 10 დევნულება.

იდევნებოდა სმირნის ეკლესიაც. დევნულება განსაკუთრებით ძლიერი და სასტიკი იყო მარკუს ავრელიუსის დროს, 167 წელს, როდესაც ცეცხლზე დაწვეს წმ. პოლიკარპე. 177 წელს ქალაქი გაანადგურა მიწისძვრამ, ხოლო მარკუს ავრელიუსმა ის კვლავ აღადგინა და კიდევ უფრო გაამშვენა. სმირნის ეკლესიის ძველ პერიოდთან დაკავშირებული ისტორიული ცნობების სიმწირის გამო ძნელი სათქმელია კერძოდ რომელი დევნულება იწინასწარმეტყველა იოანე ღვთისმეტყველმა თავისი გამოცხადებით. ზოგიერთი "ათდღიან ურვაში" მოიაზრებს იმ დევნულებას, რომლის დროსაც ევნო წმ. პოლიკარპე, მაგრამ წამებულ ქრისტეანთა რაოდენობის მიხედვით, ძნელი სათქმელია დევნულებათა ხანგრძლივობა; თანაც დევნულებანი სმირნელებზე აღძრულა მარკუს ავრელიუსზე უადრესაც, როგორც ეს ჩანს პიონიუსის მოწამეობრივი აქტებიდან.

ამიტომაც, როგორც ჩანს, გამოთქმა "გექნებათ ურვა ათი დღე" სმირნის ეკლესიისადმი მიწერილ მიმართვაში უნდა გავიგოთ სიმბოლურად, როგორც რომის იმპერიაში ქრისტეანების წინააღმდეგ აღმართულ დევნულებათა საერთო რაოდენობა, ხოლო სმირნის ეკლესიისადმი მიწერილი მიმართვა უნდა განვიხილოთ, როგორც ეკლესიის ისტორიის სმირნისეული პერიოდი.

"სიკვდილამდე ერთგული იყავი" (გამოცხ. 2:10) ეს სიკვდილი იქნება გადასვლა ახალ, ნეტარ და მარადიულ სიცოცხლეში: "და მოგცემ შენ სიცოცხლის გვირგვინს" (იქვე; შეად. 4:4; 6:2; 9:7; 14:14). "გვირგვინი" კი არის მარადიული დიდებისა და ჯილდოს სიმბოლო (2 ტიმ. 4:8; 1 პეტრე 5:4).

"წერილში ნათქვამია: "ყოველმან, რომელმან აღიაროს ჩემდამო წინაშე კაცთა, მეცა აღვიარო იგი წინაშე მამისა ჩემისა ზეცათაისა" (მათე 10:32) და ისინი (წმინდანნი) აღიარებდნენ. უფალი ბრძანებს: "რომელმან დაითმინოს სრულიად, დაიმსახურეს სრულყოფილი და წაურთმეველი ჯილდო თავიანთ სათნოებათათვის. და სხვაგანაც ნათქვამია: "იქმენ მორწმუნე სიკუდილამდე, და მოგცე შენ გვირგვინი იგი ცხოვრებისაი" (გამოცხ. 2:10). და კვლავაც, სიკვდილამდე ერთგულნი მტკიცენი და ურყევნი იყვნენ სარწმუნოებაში. როდესაც საპყრობილეებში დამწყვდევას და შებორკვას ემატება სიკვდილიც, მაშინ აღსრულდება მოწამის დიდებაც" (წმ. კვიპრიანე კართაგენელი).

ყურადღებისკენ ჩვეულებრივი მოწოდების შემდეგ ("რომელსა ჰქონან ყურნი, ისმინენ, რასა ეტყჳს სული ეკლესიათა" (გამოცხ. 2:11)), ქრისტეანებს ეძლევათ შეპირებული ჯილდო: "რომელმან სძლოს, არაჲ ევნოს მას სიკუდილისა მისგან მეორისა" (გამოცხ. 2:11). უნდა ვიცოდეთ, რომ არსებობს ორი სიკვდილი (გამოცხ. 20:14; 21:8; 22:5, 6, 14) - პირველი და მეორე. "ვინც სულიერად ისმენს და სძლევს ეშმაკის მანქანებას, - ბრძანებს წმ. ანდრია კესარიელი, - ხორციელად რომც მოკვდეს, როგორც კაცი, მეორე, სულიერი სიკვდილით არ მოკვდება და გეჰენიისგან არ ევნება".

პირველი სიკვდილი არის გარდაუვალი და საზოგადოა ყველა ადამიანისთვის (მათე 10:28); მასზე ლაპარაკობს წმ. მოციქული პავლეც, როდესაც შენიშნავს, რომ აღსასრულის ჟამს, როდესაც დადგება ღმრთის მარადიული სასუფეველი "განქარდება უკანასკნელი მტერი - სიკვდილი" (1 კორინთ. 15:26). მაგრამ, არსებობს მეორე სიკვდილი, - ცეცხლის გეჰენა (მათე 5:29, 30; ლუკა 12:5). ის არის მეორე და განსაკუთრებული სახის სიკვდილი. განსაკუთრებულია ის იმიტომ, მისი არსი სულისა და ხორცის გაყრაში კი არ მდგომარეობს, როგორც ეს არის პირველი, ყველასათვის საზოგადო სიკვდილის დროს, არამედ იმაში, რომ ის სამუდამოდ წაართმევს ადამიანს ღმრთის მადლს, რომელიც იყო მისი სულის მაცოცხლებელი, მსგავსად იმისა, როგორც სულია სხეულის მაცოცხლებელი (მათე 10:28). თუმცა, ღმრთის მადლის ეს საბოლოო წართმევა ადამიანს ემუქრება მხოლოდ საიქიო ცხოვრებაში, საშინელი სამსჯავროს შემდეგ (გამოცხ. 22:14); მხოლოდ მაშინ იქნება შეუძლებელი დაიბრუნო ღმრთის მადლი და წყალობა. სწორედ ამ მარადიული სიკვდილისგან, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მარადიული სატანჯველისგან გათავისუფლება აღუთქვა უფალმა სმირნელ ქრისტეანებს, რომლებიც დევნულნი იყვნენ თავიანთი სარწმუნოებისთვის.

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню