აპოკალიფსისის განმარტება_II_2_1_7_efes - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოკალიფსისი > განმარტება

მიმართვა ეფესოს ეკლესიას

(გამოცხ. თ. 2:1-7)

მიმართვა ეფესოს ეკლესიას

ძვ. ქართულით

1. ანგელოზსა ეფესოჲსა ეკლესიისასა არქუ, ვითარმედ: ამას იტყჳს, რომელსა უპყრიან შჳდნი იგი ვარსკულავნი მარჯუენესა მისსა, რომელი-იგი ვალს შჳდთა მათ სასანთლეთა შორის ოქროჲსათა: 2. ვიცნი საქმენი შენნი და შრომაჲ შენი და მოთმინებაჲ შენი და ვითარმედ ვერ ძალ-გიც ტჳრთვად უკეთურთა მათ და გამოსცადენ იგინი, რომელნი იტყჳან თავთა თჳსთა მოციქულად, და არა არიან, და ჰპოვენ იგინი მტყუვარ. 3. და მოთმინებაჲ გაქუს და იტჳრთე სახელისა ჩემისათჳს და არა დაშუერ. 4. არამედ მაქუს შენდა მომართ, რამეთუ სიყუარული იგი შენი პირველი დაუტევე. 5. მოიჴსენებდ, უკუეთუ სადაჲთ დაეცი, და შეინანე და პირველნივე საქმენი ქმნენ; უკუეთუ არა, მოვალ ადრე და აღვძრა სასანთლე შენი ადგილისაგან თჳსისა, უკუეთუ არა შეინანო. 6. არამედ ესე გაქუს, რამეთუ გძულან საქმენი იგი ნიკოლაელთანი, რომელნი-იგი მე მძულან. 7. რომელსა ჰქონან ყურნი, ისმინენ, რასა ეტყჳს სული ეკლესიათა: რომელმან სძლოს, მივსცე მას ჭამად ძელისა მისგან ცხორებისა, რომელი არს შორის სამოთხესა ღმრთისა ჩემისასა.

ახ. ქართულით

1. ეფესოს ეკლესიის ანგელოზს მისწერე: ამას ამბობს, ვისაც უპყრია მარჯვენაში შვიდი ვარსკვლავი და იარება ოქროს შვიდ სასანთლეს შორის. 2. ვიცი შენი საქმენი, შრომა თუ მოთმინება შენი, და ისიც, რომ არ შეგიძლია აიტანო უკეთურნი, და გამოსცადე ისინი, მოციქულებად რომ მოაქვთ თავი, მაგრამ მოციქულები კი არ არიან, და ჰპოვე ისინი მტყუარნი. 3. მომთმენი ხარ და ბევრი რამ იტვირთე ჩემი სახელის გულისთვის, მაგრამ არ დაქანცულხარ. 4. თუმცა შენს წინააღმდეგ მაქვს ის, რომ დაუტევე შენი პირველი სიყვარული. 5. მაშ, გაიხსენე, საიდან დაეცი, მოინანიე და უწინდელ საქმეებს მიჰყავი ხელი. არადა, მალე მოვალ შენთან და ადგილიდან დავძრავ შენს სასანთლეს, თუკი არ მოინანიებ. 6. მაგრამ ეს კი გაქვს, რომ გძულს ნიკოლაელთა საქმენი, რომელნიც მეცა მძულს. 7. ვისაც ყური აქვს, ისმინოს, რას ეუბნება სული ეკლესიებს: მძლეველს ვაგემებინებ სიცოცხლის ხისაგან, რომელიც არის ღვთის სამოთხეში.

შინაარსი

II

მიმართვა ეფესოს ეკლესიას (თ. 2:1-7)

მეორე თავიდან იწყება იმ მიმართვათა გადმოცემა, რომელიც იოანეს უნდა მიეწერა და გაეგზავნა მცირე აზიის შვიდი ეკლესიისთვის ცალ-ცალკე. ყველა მიმართვა თავისი ფორმით ერთმანეთს ჰგავს. ყველა მათგანი შეიცავს სათაურს, შესავალს, მთავარ ნაწილს, მოწოდებას, როგორც ქებას ქრისტეანული ცხოვრებისთვისა და სარწმუნოებისთვის, ასევე კიცხევას ნაკლოვანებათათვის; ასევე, დარიგებებსა და ჯილდოს.

სათაურში მოცემულია ეკლესიის სახელწოდება, რომელსაც ეგზავნება მიმართვა; შესავალში ვხედავთ უფალს, რომელიც იოანეს ეცხადება მოცემული ეკლესიის მდგომარეობისთვის შესაბამის ატრიბუტში; მთავარ ნაწილში ლაპარაკია ეკლესიის ღირსებებსა და ნაკლოვანებებზე; მოწოდებაში კი - მოწოდება სრულყოფილი ცხოვრებისკენ, რომლისთვისაც აღთქმულია ჯილდო.

ამ გამოცხადებათა და დარიგებათა შინაარსს ახლო კავშირი აქვს პირველი საუკუნის მცირე ასიის ეკლესიათა სულიერ მდგომარეობასთან, მაგრამ ამავდროულად ის ეხება მთელს ეკლესიას, დედამიწაზე მისი არსებობის მთელ სისრულეს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ზოგიერთები ამ მითითებებში ხედავენ ქრისტეს ეკლესიის ცხოვრების შვიდ პერიოდს მოციქულთა დროიდან ქრისტეს მეორედ მოსვლამდე.

უეჭველია, რომ ეს მიმართვები, თავისი სულიერ-ზნეობრივი შინაარსით, ძირითადად განეკუთვნება მთელს ეკლესიას დედამიწაზე მისი არსებობის მთელს პერიოდში, წინასწარმეტყველურად კი - ბოლო ჯამისას.

ზოგიერთი ღვთისმეტყველის აზრით, არასწორია შეხედულება, რომლის მიხედვითაც მიწიერი ეკლესიის მთელი ცხოვრება ქრისტეს მეორედ მოსვლამდე იყოფა ისეთ შვიდ პერიოდად, რომლებიც მკაცრი დროითი ჩარჩოებით არიან განსაზღვრულნი და ცვლიან ერთიმეორეს.

აპოკალიფსისის ცნობილი კომენტატორის ლევ ტიხომიროვის მიგნება, რომ ეკლესიისთვის მიცემული ამქვეყნიური დრო უნდა დავყოთ შვიდ ნაწილად, რომელსაც აპოკალიფსისი უწოდებს "ასიის შვიდ ეკლესიას", მისაღებად მიაჩნიათ მხოლოდ იმ ნაწილში, რომ ნამდვილად ასიის ეკლესიათა სახელწოდებები და დახასიათებანი მიესადაგება ტიპიურ ეკლესიურ მდგომარეობას ან მის გამოვლინებებს ეკლესიის ცხოვრებაში.

აზრობრივი და შინაარსობრივი თვალსაზრისით, ასიის შვიდი ეკლესიის მნიშვნელობა არის ასეთი:

ეფესო - სასურველი, სანეტარო;

სმირნა - სამგლოვიარო;

პერღამოსი - წიგნიერი, ფილოსოფიური;

თიატირი - (ზუსტი მნიშვნელობა უცნობია);

სარდე - ყოვლისშემძლე, ძლიერი, მდიდარი;

ფილადელფია - ძმისადმი სიყვარული;

ლაოდიკია - სახალხო, ხალხური.

უნდა აღინიშნოს, რომ აქ კვლავ მოქმედებს სულიერი კანონი დასაწყისისა და დასასრულის შესახებ. ის, რომ რაც ამ კონკრეტულ ეკლესიებში ხდებოდა ეკლესიის ისტორიის დასაწყისში, ერთგვარი სახით განმეორდება (და უკვე მეორდება) მისი ისტორიის მიწურულს. წმ. წერილში ხშირად შევხვდებით ადგილებს, სადაც ღმრთის წმინდანების ცხოვრება, ისეთებისა, როგორებიც იყვნენ მაგალითად, აბრაამი, ისააკი, იაკობი, იოსები, წინასწარმეტყველი იონა, მოციქული პეტრე და მრავალი სხვა, წარმოადგენდნენ შორეული მომავლის წინასწარმეტყველურ მითითებებს. ზუსტად ასევე, უფლის მიერ სათითაოდ ჩამოთვლილ ასიის ეკლესიათა მდგომარეობასა და ხარისხს გააჩნიათ წინასწარმეტყველური, წინასახეობრივი მნიშვნელობა მომავალი და ბოლო ჟამის ეკლესიისთვის.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ როგორც არ შეიძლება მკაცრი, დროითი ჩარჩოებით შემოვსაზღვროთ თითოეული ეკლესიის სიმბოლური მნიშვნელობა მთელი ეკლესიისთვის, და ვამტკიცოთ, რომ ერთ ეპოქას ამა და ამ დროიდან ცვლის მეორე ეპოქა (მაგალითად, ეფესოს პერიოდს, სმირნის პერიოდი, სმირნისას პერღამოსის და ა. შ.), ასევე დაუშვებელია ერთი რომელიმე კონკრეტული ეკლესიისადმი (ანუ ეპოქისადმი) გამოთქმული განსაზღვრებანი განვავრცოთ მთელს ეკლესიაზე. ეს ყოველთვის როდია მიზანშეწონილი. აი, რატომ არის აუცილებელი მითითება იმისა, თუ რა განეკუთვნება მხოლოდ ამა თუ იმ კონკრეტულ ეკლესიას უფლის მიმართვებიდან და რა მთელს. ასევე მთელ ეკლესიასთან მიმართებაში საჭიროა განვასხვაოთ, რა განეკუთვნება მის გარკვეულ პერიოდს, და დედამიწაზე მისი არსებობის მთელს დროებას. ხომ არ შეიძლება, მაგალითად, სიტყვები, რომლითაც უფალმა მიმართა ეფესოს ეკლესიას: "მალე მოვალ შენთან და ადგილიდან დავძრავ შენს სასანთლეს, თუკი არ მოინანიებ" (გამოცხ. 2:5) ბუკვალურად გავიგოთ მთელ ეკლესიასთან მიმართებაში, რომელსაც უფალმა აღუთქვა, რომ "ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ შემუსრავდნენ მას".

ამრიგად, ვაღიარებთ რა ასიის შვიდ ეკლესიას, ვითარც ეკლესიის ისტორიის შვიდ გარკვეულ პერიოდს, მდგომარეობას, ამავე დროს დაუშვებლად მიგვაჩნია ამ პერიოდების ქრონოლოგიური მიბმა ერთმანეთისთვის, ისე რომ, გამოვიდეს 7 ეკლესია-ეპოქა, კონკრეტული დროითი ჩარჩოებითა და მოვლენებით. ეს თავიდან აგვაცილებს მოვლენების ხელოვნურად მიყენებას ამა თუ იმ პერიოდისთვის.

"იოვანე, შჳდთა ეკლესიათა ასიაჲსათა" (გამოცხ. 1:4). როგორც უკვე ვთქვით, აქ მოხსენიებული იოანე არის იოანე ღვთისმეტყველი. მიაქციეთ ყურადღება იმ გარემოებას, რომ შვიდ ეკლესიას მიმართავს სწორედ იოანე და არა უფალი, თუმცა თვით უფლის დავალებით. არსებობს მოსაზრება, რომ ამ გარემოებით მინიშნებულია იოანე ღვთისმეტყველის განსაკუთრებული მისია ბოლო ჟამს. ამ თვალსაზრისით შვიდი ეკლესიისადმი მისი მიმართვა იყო მხოლოდ წინასახე ბოლო ჟამის ეკლესიის იოანესეული ხელმძღვანელობისა.

რადგან ახალი აღთქმის დასაწყისში ღმერთმა გამოაგზავნა კაცი სახელად იოანე იმისთვის, რათა მოემზადებინა გზა მაცხოვრის პირველი, ხორციელად მოსვლისთვის და მოვიდა იგი (ანუ იოანე) ილია წინასწარმეტყველის სულითა და ძლიერებით, როგორც ამას ადასტურებს თვით წმიდა წერილი; ღვთისმეტყველები ვარაუდობენ, რომ ახალი აღთქმის ბოლოს, მეორედ მოსვლის წინ გამოჩნდება თვით იოანე ღვთისმეტყველი, კიდევ უფრო დიდი ძალითა და სულიერებით (რაც შეესაბამებამ ადამიანთა რაოდენობას დედამიწაზე და იმდროინდელ პირობებსა და თავისებურებებს), რათა მოამზადოს კაცობრიობა ქრისტეს მეორედ მოსვლისათვის!

ასევე ფიქრობენ, რომ მახარობელის სიტყვები უფლის წინამორბედსა და ნათლისმცემელ იოანეზე, დაფარულად შეიცავს მითითებას იოანე ღვთისმეტყველზეც, რომელმაც იოანე წინამორბედივით უნდა აღასრულოს თავისი დავალება კაცობრიობის წინაშე, უფლის მეორედ მოსვლასთან დაკავშირებით.

იოანეს სახარებაში ვკითხულობთ: "იყო კაცი, მოვლინებული ღმერთის მიერ, და სახელი მისი იოანე" (იოანე 1:6) (მიაქციეთ ყურადღება, რომ აქ სახელ "იოანეს" შემდეგ არ არის მიმატებული "წინამორბედი" ან "ნათლისმცემელი", ან კიდევ "წინასწარმეტყველი"; ასევე უფლის სიტყვები იმის შესახებ, რომ დედაკაცის ნაშობთა შორის არავინ ყოფილა ამ იოანეს მსგავსი, ეხება ორივე იოანეს: წინამორბედსაც და ღვთისმეტყველსაც).

"ის მოვიდა სამოწმებლად (შეადარეთ საკვანძო სიტყვის "მოწმობის" თვალსაზრისით: "მე, იოანე, თქვენი ძმა და იესო ქრისტეს ურვის, სუფევისა და მოთმინების თანაზიარი, ვიყავი კუნძულზე, რომელსაც ჰქვია პატმოსი, ღვთის სიტყვისა და იესო ქრისტეს მოწმობისათვის" (გამოცხ. 1:9), რათა ემოწმებინა ნათლისათვის და, ამრიგად, ყველას ერწმუნა მისგან" (იოანე 1:7) (შეად.: "ღამე აღარ იქნება იქ, ასე რომ, აღარც სანთელი დასჭირდებათ და არც მზის ნათელი, რადგანაც ღმერთი გაანათლებს მათ, და იმეფებენ უკუნითი უკუნისამდე" (გამოცხ. 22:5. როგორი საოცარი მოწმობაა ნათლის შესახებ!).

რაც შეეხება წმ. ილია თეზბიტელს (წინასწარმეტყველს), წინასწარმეტყველების მიხედვით, ისიც მოვა ქრისტეს მეორედ მოსვლის უწინარეს. იოანე წინამორბედი იყო ვითარც ილია (ანუ მისი წინასახე, მოცემულ შემთხვევაში, მისთვის მიცემული მსახურების მიხედვით, ოღონდ ებრაელთათვის), რადგან მასზე ბრძანა თვით უფალმა, რომ ის მოვიდა ილიას სულიერებითა და ძლიერებით: "და თუ გნებავთ გაიგოთ, ეს არის ელია, რომელიც უნდა მოვიდეს" (მათე 11:14). ამრიგად, ილია მოვა ებრაელი ხალხისთვის, როგორც ეს უფალმა აღუთქვა ისრაელის მამათმთავრებს, ხოლო იოანე ღვთისმეტყველი - ახალაღთქმისეული ეკლესიის განსამტკიცებლად უნდა გამოჩნდეს.

როგორც უკვე ვთქვით, აპოკალიფსისი იწყება შვიდი ეკლესიისადმი მიმართვით, ესენია: ეფესოს, სმირნას, პერგამოსის, თიატირის, სარდეს, ფილადელფიის და ლაოდიკიის ეკლესიები. ეს ქალაქები განლაგებულნი იყვნენ მცირე აზიაში, თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე, ეგეოსის ზღვის სანაპიროზე. უნდა აღინიშნოს, რომ წმიდა მამათა სწავლებით წმიდა წერილის გაგების რამდენიმე დონე არსებობს (ძირითადად რვა დონე). ბოლო, მერვე დონეზე იმყოფებოდნენ ყველაზე სულიერი წმიდა მამები. ამიტომაც, წმიდა წერილის ერთი და იგივე ადგილი შესაძლებელია განიმარტოს სხვადასხვაგვარად და ყველა განმარტება, თავის დონესთან შესაბამისად იყოს მართალი. ანუ, წმიდა წერილის ერთი და იგივე ადგილი შესაძლოა განიმარტოს სხვადასხვა მიმართულებით ისე, რომ ერთი განმარტება არ იყოს მეორეს გამომრიცხავი და საწინააღმდეგო. ამაშია წმიდა წერილის უნიკალურობა, რომელსაც თავის ეგზეგეტიკურ განმარტებებში აღნიშნავდა კიდევაც XIII საუკუნის ბიზანტიელი ბერი და ეგზეგეტი ექვთიმე ზიგაბენი.

მიმართვას შვიდი ეკლესიის მიმართ ძირითადად განიხილავენ ორი მიმართულებით, ერთნი მასში ხედავენ ალეგორიას, ხოლო სხვებს იგი წინასწარმეტყველური მნიშვნელობით ესმით.

ანდრია კესარიელი მათ განიხილავდა მხოლოდ წინასწარმეტყველურ პლანში: "განსაცდელს იოანე ღვთისმეტყველმა ან იმდროინდელ უკეთურ რომაელ იმპერატორთა მიერ ქრისტეანთა დევნას ან კიდევ სამყაროს აღსასრულის წინ, ანტიქრისტეს მხრიდან მართლმორწმუნეთა დევნას უწოდა" (სიტყვა 3. თ. 8).

ღვთისმეტყველთგან ზოგიერთის აზრით შვიდი ეკლესიისადმი მიმართვა არ შეიცავს რაიმე ესქატოლოგიურს, არამედ ყველაფერი აწმყო დროითა და ახლო მომავლით შემოიფარგლება. სხვები კი ფიქრობენ, რომ გამოცხადების მიერ მოცემული შვიდი ეკლესიის დახასიათება არის საყოველთაო ეკლესიის დედამიწაზე არსებობის შვიდი პერიოდი, მისი მომავალი არსებობის მოკლე ჟამთაღწერა".

უპირველეს ყოვლისა უფალი მიმართავს ეფესოს ანგელოზს. ეფესოს ეკლესიას აქებენ თავისი პირველი საქმეებისთვის - "შრომისა და მოთმინებისთვის", ასევე იმისთვისაც, რომ არ შეუძლია აიტანოს უკეთურნი, "მოციქულებად რომ მოაქვთ თავი, მაგრამ მოციქულები არ არიან" (2:2). მაგრამ, ამავე დროს უფალი კიცხავს ეფესოს იმისთვის, რომ დაუტევა თავისი "პირველი სიყვარული" (2:4) და ემუქრება მას, რომ თუ არ შეინანებს და უწინდელ საქმეებს არ მიჰყოფს ხელს, მალე მოვა მასთან და დაძრავს მის სასანთლეს, თუკი არ შეინანებს (2:5). თუმცა, ეფესელებში კარგია ის, რომ მას სძულს "ნიკოლაელთა საქმენი" (2:6). საცთურთა მძლეველთ კი უფალი ჰპირდება, რომ "აგემებინებს სიცოცხლის ხისგან, რომელიც არის ღვთის სამოთხეში" (2:7).

ეფესო - უძველესი სავაჭრო ქალაქი იყო ეგეოსის ზღვის სანაპიროზე, განთქმული თავისი სიმდიდრითა და უზარმაზარი მოსახლეობით. ამ ქალაქში ორ წელიწადზე მეტ ხანს ქადაგებდა წმიდა პავლე მოციქული, აქვე საკმაოდ დიდხანს ცხოვრობდა და გარდაიცვალა წმიდა მოციქული იოანე ღვთისმეტყველი. შემდგომში აქ გაიმართა მესამე მსოფლიო კრება, რომელმაც ყოვლადწმიდა ქალწული მარიამი აღიარა ღვთისმშობლად.

მუქარა იმის შესახებ, რომ უფალი შეარყევდა ეფესოს სასანთლეს აღსრულდა. უზარმაზარი მსოფლიო ცენტრისგან ეფესო მალე არაფრად გარდაიქცა: ადრინდელი სიდიადისგან ქალაქს მხოლოდ ქვის ნანგრევებიღა და მუსლიმური სოფელი შერჩა. პირველდაწყებითი ქრისტეანობის უზარმაზარი მნათობი სრულიად ჩაქრა.

აქ მოხსენიებული ნიკოლაელნი იყვნენ მწვალებლები, რომლებიც წარმოადგენდნენ გნოსტიკოსთა სექტის ნაირსახეობას და გამოირჩეოდნენ გარყვნილებით. მათ თავიანთ საყოველთაო ეპისტოლეებში ამხელდნენ წმ. მოციქული პეტრე და იუდა (2 პეტ. 2:1; იუდ. 4). ამ მწვალებლობას დასაბამი მისცა ანტიოქიელმა პროზელიტმა ნიკოლაოსმა, რომელიც თავიდან იერუსალემის შვიდ დიაკვანს შორის იყო (საქმე 6:5), მაგრამ შემდგომ განიდრიკა ჭეშმარიტი სარწმუნოებისგან.

ვნებათა ძლევის ჯილდოდ უფალი ეფესელ ქრისტეანებს ჰპირდება სიცოცხლის ხის ნაყოფის მირთმევას, რომელიც ხარობს სამოთხეში. ამაში უნდა ვიგულისხმოთ მომავალი ცხოვრების ყველა სიკეთე და მართალთა ნეტარება, რომელთა წინასახეც იყო სიცოცხლის ხე პირველდაწყებით სამოთხეში, სადაც ცხოვრობდნენ ჩვენი პირველწინაპრები - ადამი და ევა".

იმისათვის, რათა გულისხმავყოთ თუ რა განეკუთვნება ამ მიმართვიდან უშუალოდ ეფესოს ეკლესიას, რა მთელს სამოციქულოსა და საყოველთაო-მებრძოლი ეკლესიის მთელს სისრულეს, უნდა გულისხმავყოთ სახელწოდებათა მნიშვნელობა და ასიის შვიდი ეკლესიისადმი მიმართვის თანამიმდევრობა.


მიმართვა ეფესოს ეკლესიას


1. ანგელოზსა ეფესოჲსა ეკლესიისასა არქუ, ვითარმედ: ამას იტყჳს, რომელსა უპყრიან შჳდნი იგი ვარსკულავნი მარჯუენესა მისსა, რომელი-იგი ვალს შჳდთა მათ სასანთლეთა შორის ოქროჲსათა:


შვიდ ეკლესიას შორის ეფესოს ეკლესია დაყენებულია პირველ ადგილზე.

სავარაუდოდ, ეფესო სხვა ქალაქებს შორის პირველად იმიტომ არის მოხსენიებული, რომ გეოგრაფიულად ის უფრო ახლოს არის პატმოსის კუნძულთან, სადაც გადასახლებული იყო იოანე (საქმე 18:2 და სხვა). ძველი და სახელოვანი ქალაქი იკარიის (ეგეოსის) ზღვის სანაპიროზე, სმირნასა და მილეთს შორის, განთქმული იყო წარმართული ღვთაების, არტემიდას, ანუ დიანას სახელზე აგებული ბრწყინვალე ტაძრით (საქმე 19:20). ამის გამო ეფესოში იკრიბებოდნენ ჯადოქრები და შარლატანები, ამიტომაც, წმ. მოციქულ პავლესა და წმ. მოციქულ იოანეს მიერ აქ დაფუძნებულ ეკლესიას უწევდა გამუდმებული ბრძოლა წარმართობასთან, რომლის ძალა მდგომარეობდა ამა სოფლის ამაოების ხიბლში, ფილოსოფიასა და ცრუსასწაულებში.
ამ ეკლესიის წინამძღვარს (ანგელოზს) უფალი მიმართავს თავისი ატრიბუტების მინიშნებით: შვიდი სასანთლე და შვიდი ვარსკვლავი: "ამას იტყჳს, რომელსა უპყრიან შჳდნი იგი ვარსკულავნი მარჯუენესა მისსა, რომელი-იგი ვალს შჳდთა მათ სასანთლეთა შორის ოქროჲსათა". ამ ატრიბუტებზე მითითების მიზანია შეახსენოს მას უფლის განგებულება და ყოვლისმცოდნეობა.

როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, მაცხოვარმა თვით განმარტა შვიდი სასანთლის მნიშვნელობა, როდესაც ბრძანა: " საიდუმლოჲ შჳდთა ამათ ვარსკულავთაჲ, რომელნი იხილენ მარჯუენესა ზედა ჩემსა, და შჳდნი ესე სასანთლენი ოქროჲსანი. შჳდნი ესე ვარსკულავნი ანგელოზნი შჳდთა ეკლესიათანი არიან, და შჳდნი ესე სასანთლენი შჳდნი ეკლესიანი არიან" (გამოცხ. 1:20).

ღმრთის ანგელოზები სულიერ ცაში მკვიდრობენ და იქიდან წარმოიგზავნებიან ღმრთისგან დედამიწაზე რათა ემსახურონ ადამიანებს, განსაკუთრებით კი ღმრთის ეკლესიას. ანგელოზები არიან ადამიანთა წინამძღვარნი და მფარველნი. როგორც მეზღვაურნი და მოგზაურნი გზას ხილულ ცაზე განლაგებულ ვარსკვლავთა მეშვეობით იკვლევენ, ანგელოზებიც სულიერ შემწეებსა და გზათამკვლევს წარმოადგენენ კაცთათვის. ამიტომაც არის აღებული ვარსკვლავი ანგელოზის სიმბოლოდ.

ხოლო სასანთლე საჭიროა დედამიწაზე, რათა მისი ნათელი უნათებდეს ადამიანებს, რის გამოც სასანთლე ეკლესიის სიმბოლოდ არის აღებული, რადგან ეკლესია ერთადერთი მაცხოვნებელი სასანთლეა დედამიწაზე. ყოველ ეკლესიას აქ ჰყავს ღმრთისგან მიჩენილი მფარველი ანგელოზი ანგელოზთა იერარქიიდან, რომლის მიწიერ ხატს წარმოადგენს მოცემული ეკლესიის ეპისკოპოსი. აი, რატომა აქვს სახელწოდებას "ანგელოზი" ორმაგი მნიშვნელობა და განეკუთვნება ეპისკოპოსებსაც, ხოლო ეპისკოპოსები ეკლესიისა ასევე ხშირად იწოდებიან ანგელოზებად.

ის, რომ უფალს თავის მარჯვენაში უპყრია შვიდი ვარსკვლავი მიანიშნებს იმაზე, რომ ის უშუალოდ მართავს არა მარტო ეკლესიის მფარველ ანგელოზებს, არამედ ამ ეკლესიათა ეპისკოპოსებსაც განაგებს. მარჯვენა ხელში ვარსკვლავთპყრობა ასევე მიანიშნებს იმაზე, რომ უფალი მხოლოდ დელეგირებს თავის სამღვდელმთავრო და ეპისკოპოსთადმი მიცემული მის ძალაუფლებას. ის თავის თავს ავლენს ყოველ მართლმადიდებელ ეპისკოპოსში (თუმცა, იმათში არა, რომელთაც მიუტაცნიათ ეს ღირსება ან უკეთურად იყენებენ, კაცთა ნებისაებრ; ასეთ შემთხვევაში უნდა გვახსოვდეს წმ. ბასილი დიდის სიტყვები: "უკეთესია საერთოდ არ გყავდეს ეპისკოპოსი, ვიდრე გყავდეს და იყოს უკეთური").

შვიდ სასანთლეს (ანუ ეკლესისებს) შორის უფლის მიმოსვლა აღნიშნავს მის დაუღალავ მზრუნველობას და განგებულებას მიწიერ ეკლესიაზე, მასში მის პირად მყოფობაზე, როგორც აღუთქვა ეს მოციქულებს: "და, აჰა, მე თქვენთანა ვარ დღემუდამ ვიღრე ქვეყნის დასასრულამდე. ამინ" (მათე 28:20).

როგორ უნდა გავიგოთ, რომ ეკლესია არის ერთი ("მრწამს ერთი, წმიდა, საყოველთაო და სამოციქულო ეკლესია") და ამავე დროს არის შვიდი?

ეკლესია, როგორც ქრისტეს სულიერ-მისტიკური სხეული და მისი უბიწო პატარძალი, ერთია, როგორც ამას სარწმუნოების სიმბოლოში ვაღიარებთ, მაგრამ დედამიწაზე, თავის ისტორიულ მოგზაურობაში, ის ღვთიურ, შვიდეულ სიმბოლოში გამოვლინდება საღმრთო სჯულის მიერ. უკეთ რომ გავიგოთ ნათქვამის არსი, მაგალითისთვის ავიღოთ თეთრი ფერის შვიდი სპექტრი. ფერი ერთია, - თეთრი, მაგრამ შედგება ცისარტყელას შვიდი სპექტრისგან. თავის მხრივ, ეს ძირითადი ფერები, თეთრ ფერთან და ერთმანეთთან შერევით გვაძლევენ ფერებისა და გამების მრავალფეროვნობას. ამდენად, ეკლესია ერთია, ხოლო შვიდეულობა არის მისი სიმბოლური ნიშანი.

2. ვიცნი საქმენი შენნი და შრომაჲ შენი და მოთმინებაჲ შენი და ვითარმედ ვერ ძალ-გიც ტჳრთვად უკეთურთა მათ და გამოსცადენ იგინი, რომელნი იტყჳან თავთა თჳსთა მოციქულად, და არა არიან, და ჰპოვენ იგინი მტყუვარ.

როგორც ყოვლისმცოდნე და ყოვლისგამგებელი, უფალი ბრძანებს: "ვიცნი საქმენი შენნი", - შენი სულის გამოხატულება; ვიცი და ვაფასებო იმ ძალისხმევას, რომელიც ეფესოს წარმართულ საზოგადოებაში მყოფს გჭირდება ზნეობრივი სრულყოფის მისაღწევად; ვიციო "შენი მოთმინებაც", რომლითაც წარმართთა მხრიდან თავსდატეხილ დევნასა და შევიწროვებას იტან და ოდენ ღმრთისგან ელი შემწეობასა და დახმარებას.

ეფესელებს უფალი აქებს უკეთურთა და გარყვნილთა მიმართ დამოკიდებულებისთვის: "ვერ ძალ-გიც ტჳრთვად უკეთურთა მათ" ("არ შეგიძლია აიტანო უკეთურნი"). ანუ არ თანაეზიარები მათ ბინძურ საქმეებს და ბინძურ ზნეობას.

ასევე "გამოსცადენ იგინი, რომელნი იტყჳან თავთა თჳსთა მოციქულად, და არა არიან, და ჰპოვენ იგინი მტყუვარ" ("გამოსცადე ისინი, მოციქულებად რომ მოაქვთ თავი, მაგრამ მოციქულები კი არ არიან, და ჰპოვე ისინი მტყუარნი"). როგორც ჩანს აქ ლაპარაკია ბოროტ, ვერცხლისმოყვარე და თვითმარქვია მოძღვრებზე, რომლებიც გამოჩნდნენ ჭეშმარიტი მოციქულების შემდეგ და რომელსაც წმ. მოციქულმა პავლემ ჯერ კიდევ მის პერიოდში "ცრუმოციქულნი და ზაკვის მოქმედნი" უწოდა (2 კორინთ. 11:13).

ეს სიტყვები შეგვიძლია განვაკუთვნოთ არა მარტო ეფესოს, არამედ მთელს სამოციქულო ეკლესიას. ამიტომაც, არ არის გასაკვირი, რომ ზოგიერთი ეგზეგეტი ეფესოს ეკლესიისადმი მიწერილ მიმართვაში ხედავს ეკლესიის ისტორიის სამოციქულო პერიოდს, ანუ მაცხოვრის დროიდან რომაელ იმპერატორთა დევნულებების ჩათვლით.

3. და მოთმინებაჲ გაქუს და იტჳრთე სახელისა ჩემისათჳს და არა დაშუერ.


ეფესელებს, ჯერ კიდევ არც ისე ცხადად ჩამოყალიბებული დოგმატური სწავლების პირობებში, სჭირდებოდათ დიდი სიყვარული და ერთგულება წმ. მოციქულთა პავლესა და იოანესადმი, რათა განმტკიცებულიყვნენ თავიანთ პირვანდელ ქრისტეანულ სწავლებაში და არ უარეყოთ ის, რაც მიეღოთ მათგან სიტყვით თუ წერილით (2 თესალონიკ. 2:15).
ესქატოლოგიურ პრიზმაში, ეფესოს ეკლესია, მთლი მისი ღირსებებითურთ, წარმოგვიჩენს იმ მრავალგვაროვან ჭირსა და უბედურებას, როლებიც უხვად დაატყდება თავს ჭეშმარიტ ეკლესიას და მის ყოველ ერთგულ წევრს მომავალ, განსაკუთრებით კი ჩვენს აპოსტასიურ ეპოქაში, როდესაც ანტიქრისტეს მოსვლა ასე ახლოვდება. ამიტომაც, ეფესოს ეკლესიის მაგალითიდან უნდა გულისხმავყოთ თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ამ განსაკუთრებულ და წარმართთაგან დახვეწილ ჭირვებათა და დევნულებათა დროს მტკიცედ დგომასა და უფლის ერთგულებას, თითოეული ქრისტეანის ლოცვით-სინანულისებრ მოღვაწებას, მარხვასა და მრავალმხრივ მოწყალებას, რადგან სწორედ ეს გახლავთ ყოველი ქრისტეანის სულის ცხოვნების უმთავრესი პირობა.

განა ჩვენს დროშიც არ ვხვდებით გარყვნილებს, ცრუ მოციქულებსა და ცრუ სასწაულებს, რომელთაც უხვად წარმოგვიდგენს წარმართული და ანტიქრისტეანული სამყარო? განა ჩვენს დროში არ მიეცა წარმოუდგენელი და ფანტასტიური განვითარება გარყვნილებას მის ყოველგვარ გამოვლინებაში, რომლითაც ჩვენმა დროებამ ბევრად გაასწრო თვით სოდომელებსა და გომორელებს? და აჰა, უფალი გვაფრთხილებს ეფესელთა ეკლესიის მიმართ მიწერილი სიტყვებით, რადგან "როგორც ლოტის დროს: ჭამდნენ, სვამდნენ, ყიდულობდნენ, ყიდიდნენ, რგავდნენ, აგებდნენ; მაგრამ იმ დღეს, როცა ლოტი გამოვიდა სოდომიდან, ცეცხლმა და გოგირდმა იწვიმა ზეცით და მუსრი გაავლო ყველას. ასე იქნება იმ დღესაც, როცა გამოჩნდება ძე კაცისა" (ლუკა 17:28-30).

ასე, რომ ჩვენ, რომლებიც უსასტიკეს და უგარყვნილეს გარემოში ვცხოვრობთ ვიდრე ეფესელები თავის დროზე; სადაც გარყვნილებაცა და სისასტიკეც ცხოვრების ნორმად არის გადაქცეული, გვმართებს მოვიძულოთ და ზურგი შევაქციოთ ცხოვრების ამგვარ წესს, რაც ნებავს უფალს და რისთვისაც დაგვიცავს ღმერთი საკუთარი ვნებების ცეცხლის სიმხურვალისგან და ქვეყნიერებაზე მოწევნადი უბედურებებისგან. რადგან უფლის შეწევნის გარეშე ანტიქრისტეს წინამორბედებსა და თვით ანტიქრისტეს ვერავინ გაუძლებს.

4. არამედ მაქუს შენდა მომართ, რამეთუ სიყუარული იგი შენი პირველი დაუტევე.

ზემოთხსენებულ ღირსებათა მიუხედავად, ეფესელები ყოველივეში როდი აღმოჩნდნენ ქრისტეანული მოწოდების სიმაღლეზე. წმიდა ანდრია კესარიელი ბრძანებს: "მტკიცე სარწმუნოებისთვის, შრომისმოყვარებისა და უკეთურთაგან გაუცხოების გამო აქო, რამეთუ "ყოველ სულს არ ენდობოდნენ", გამოსცდიდნენ ცრუ მოციქულთ და ტყუილს გამოააშკარავებისთანავე უარყოფდნენ. აქებს იმისთვისაც, რომ ნიკოლაელთა ბილწი საქმეები მოიძულეს, მაგრამ კიცხავს, რადგან ძმათა მიმართ სიყვარული და ქველმოქმედებანი შეამცირეს, რის გამოც მოუწოდებს:

5. მოიჴსენებდ, უკუეთუ სადაჲთ დაეცი, და შეინანე და პირველნივე საქმენი ქმნენ; უკუეთუ არა, მოვალ ადრე და აღვძრა სასანთლე შენი ადგილისაგან თჳსისა, უკუეთუ არა შეინანო.

"სასანთლის (ანუ ეკლესიის) აღძვრა" ბოროტების სულთა, ბოროტ კაცთა და მათ შემწეთა მანქანებით საღმრთო მადლის მფარველობისგან ეკლესიის განშიშვლებას მოასწავებს, ხოლო ზოგიერთნი ამაში სამღვდელმთავრო საყდრის ეფესოდან კონსტანტინოპოლში გადატანას გულისხმობე" (წმ. ანდრია კესარიელი).

"გაიხსენე საიდან დაეცი და შეინანე". მაგრამ ინანიებს ის, ვისაც ახსოვს საღმრთო მცნება, თავმდაბალი, მომთმენი და მორჩილია ღმრთისმსახურთა მიმართ. ამდაგვარი მორჩილებითა და კეთილი საქმეებით სათნოექმნება უფალს" (წმ. კვიპრიანე კართაგენელი).

როგორც ჩანს, ეფესელთა სიყვარული, რომელიც ადრე მოწყალების საქმეებში, მშვიდობასა და ურთიერთშეწევნაში ვლინდებოდა, შეუდარებლად ძლიერი იყო, ვიდრე ამჯერად. ხოლო რადგან სიყვარულს ვერაფერი შეცვლის (1 კორინთ. 13:2), ეფესელებს ურჩევენ დაუტევონ თავიანთი ქრისტეანული შემეცნებისა და მოსაგრეობის სიამაყე, შეინანონ ამჟამინდელი გულგრილობა და დაუბრუნდნენ სიყვარულის პირვანდელ საქმეებს.

უფალი ეფესელებს ემუქრება თავისი სასჯელებით თუ ისინი არ დაუბრუნდებიან სიყვარულის პირვანდელ საქმეებს. და მოვა ის ეფესელებთან არა სიყვარულით (იოანე 14:23) და ყოვლისმიმტევებლობით, არამედ მრისხანებითა და სასჯელებით (ეფეს. 5:6). "მოვალ ადრე და აღვძრა სასანთლე შენი ადგილისაგან თჳსისა, უკუეთუ არა შეინანო". უფალი არ იმუქრება ეკლესიის სრული განადგურებით, არც გარეგნული უბედურებებით, არამედ თავისი მაცხოვნებელი მადლის აღებით იმუქრება. "სასანთლე", რომელზეც არის აქ ლაპარაკი, არის ეკლესია მისი მღვდელმთვარებითა და მადლმოსილი ნიჭებით, მისი ქადაგებებით. ყოველივე ამას წაგართმევო, ეუბნება უფალი ეფესელებს და გადავიტანო მას სხვა ადგილზე.

ისტორიულ პლანში თუ განვიხილავთ ამ ადგილს, ეფესელებმა არ შეიგნეს უფლის გაფრთხილება და თავიანთ პირველმოძღვართა - წმ. მოციქულთა პავლესა და იოანეს უღირსი მოწაფეები აღმოჩნდნენ. და მაშინ მოვიდა ღვთის რისხვა ეფესოზე. ეფესო სადღეისოდ წარმოადგენს სრული გაპარტახების სევდიან სურათს. მარმარილოს მხოლოდ რამდენიმე სვეტი თუ მოგვაგონებს მის ადრინდელ დიდებასა და ბრწყინვალებაზე... ახლა ეფესოს ბრწყინვალე ქალაქის ადგილას მდებარეობს პატარა სოფელი აია-სოლუკი; აქ გაყვანილია წყლის არხები და გაშენებულია მეჩეთი, რომელიც იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ადრინდელი ტაძრის ქვებისგან ააგეს. აი ასე გადააადგილა ღმერთმა პირველდაწყებითი ქრისტეანობის ეს ნათელი სვეტი.

მიუხედავად ამისა, უფალი არასოდეს ტოვებს თავის მორწმუნეებს ნუგეშის გარეშე. აქაც, აპოკალიფსისის ამ ადგილას, საყვედურისა და კიცხევის შემდეგ, უფალი ანუგეშებს რა ეფესელთ, აქებს მათ იმისთვის, რომ მოიძულეს ნიკოლაელთა მწვალებლობანი. ეფესოში ისინი სძულდათ და განდევნეს კიდეც.

6. არამედ ესე გაქუს, რამეთუ გძულან საქმენი იგი ნიკოლაელთანი, რომელნი-იგი მე მძულან.


"ნიკოლაიტები" მოციქულთა მიერ დამტკიცებული შვიდი დიაკვნიდან ერთ-ერთის - ნიკოლოზის მოწაფეები იყვნენ. ისინი გარყვნილ ცხოვრებას ეწეოდნენ, ხოლო ბიწიერებასა და კერპშენაწირის ჭამას არარჯულსაწინააღმდეგო ქმედებად მიიჩნევდნენ. ამიტომაც ითქვა მათზე: "შენში კარგია ის, რომ გძულს ნიკოლაელთა საქმეები, რომლებიც მეც მძულს" (წმ. ირინეოს ლიონელი).

"მოციქულებმა დაამტკიცეს შვიდი დიაკვანი (საქმე 6:5); ექვსი მათგანი მართალ სარწმუნოებაში იმყოფებოდა, ხოლო მეშვიდე საცთურის გამომგონებელი აღმოჩნდა" (წმ. გრიგოლ დეოლოღოსი).

ეს მწვალებლები, როგორც ამას წმიდა მამები: ირინეოსი, ავგუსტინე, ასევე ქრისტეანი მწერალი და აპოლოგეტი ტერტულიანე გვამცნებენ, ყოველივე მატერიალურს, მათ შორის საკუთარ სხეულს, უყურებდნენ როგორც ბოროტებას, როგორც წინაღობას ცხოვნებისკენ. მათი აზრით საჭირო იყო გამუდმებული ბრძოლა საკუთარ სხეულთან, მისი ყოველგვარი დაუძლურებითა და მისი სიცოცხლის შემოკლებით. ამის მისაღწევად მათ თავიანთ საზოგადოებაში დაამკვიდრეს გარყვნილება და სხვა ბილწი ვნებები, რომლითაც ცდილობდნენ საკუთარი თავის გათანგვასა და ხორცის დაუძლურებას.
ცხადია, ასეთი არაბუნებრივი და ზნეობის საწინააღმდეგო სწავლება იმსახურებდა ყველაზე უმკაცრეს გმობასა და კიცხევას, ამიტომაც ამბობს უფალი აპოკალიფსისში, რომ მას სძულს ნიკოლაელთა საქმენი (არა თვით ნიკოლაელნი, არამედ მხოლოდ საქმენი მათნი).

7. რომელსა ჰქონან ყურნი, ისმინენ, რასა ეტყჳს სული ეკლესიათა: რომელმან სძლოს, მივსცე მას ჭამად ძელისა მისგან ცხორებისა, რომელი არს შორის სამოთხესა ღმრთისა ჩემისასა.


ამ მუხლთან დაკავშირებით წმიდა ანდრია კესარიელი განმარტავს: "ხორციელი ყურნი ყოველ კაცსა აქვს, ხოლო სულიერ სმენას, როგორიც ჰქონდა, მაგალითად, წინასწარმეტყველ ესაიას (8:5), მხოლოდ სულიერი კაცი მოიპოვებს; ეშმაკთა საცთურის მძლეველ ადამიანს ღმერთი სიცოცხლის ხის იმ ნაყოფის ბოძებას, ანუ სამარადისო ცხოვრებას აღუთქვამს. "სიცოცხლის ხეში" სიმბოლურად იგულისხმება მარადიული ცხოვრება, რომელიც არის ქრისტე, როგორც ბრძანებენ ბრძენი სოლომონი და თვით იოანე ღვთისმეტყველი სხვა ადგილს. სიბრძნის შესახებ სოლომონი ამბობს, რომ ის არის "ხე ცხოვრებისა" (იგავთა 3:18), ხოლო ქრისტეს მოციქული ბრძანებს, რომ "ესე არს ჭეშმარიტი ღმერთი და ცხოვრებაი საუკუნოი" (1 იოანე 5:20); ამიტომაც, თუ გვსურს მისი დამკვიდრება, გემუდარებით, განვჰმართოთ ჩვენი ცხოვრება და ვძლიოთ ვნებებს, რამეთუ ღვაწლს მადლისმიერი ჯილდო მოსდევს უფლის ჩვენის იესუ ქრისტეს უსაზღვრო კაცთმოყვარებით, რომლისაც არს დიდება თანა მამით და სული წმიდითურთ, აწ და, მარადის და საუკუნეთა საუკუნეთასა. ამინ" (წმ. ანდრია კესარიელი).

მართალია, აქ წმ. ანდრია "სიცოცხლის ხეში" მოიაზრებს "მარადიულ ცხოვრებას, რომელიც არის თვით ქრისტე", მაგრამ ასეთი განსაზღვრება საკმაოდ ზოგადია (თუმც ჭეშმარიტი). უფრო კონკრეტულად (თუმას გამოცხადების 22:2 მუხლს შევადარებთ) ის შეგვიძლია მივიღოთ იმ ნეტარ ხედ, რომელიც მომავალ ცხოვრებაში, ახალ იერუსალიმში იქნება ნეტარების ერთ ერთი წყარო, მსგავსად პირველი სამოთხისა, სადაც ასეთივე ნეტარების წყაროს სიცოცხლის ხე წარმოადგენდა (იხ. დაბ. 2:11).

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню