აპოკალიფსისის განმარტება_II_2_18_29_thiatira - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოკალიფსისი > განმარტება

მიმართვა თიატირის ეკლესიას

(თ. 2:18-29)

მიმართვა თიატირის ეკლესიას

ძვ. ქართულით

18. და ანგელოზსა თჳატირისა ეკლესიისასა მიუწერე, ვითარმედ: ამას იტყჳს ძე ღმრთისაჲ: რომლისა თუალნი არიან, ვითარცა ალი ცეცხლისაჲ, და ფერჴნი მისნი მსგავს არიან რვალსა გუნდრუკსა. 19. ვიცნი საქმენი შენნი და სიყუარული შენი, და სარწმუნოებაჲ და მსახურებაჲ და მოთმინებაჲ და საქმენი შენნი უკუანაჲსკნელნი უმრავლეს პირველისა. 20. არამედ მაქუს შენდა მომართ, რამეთუ უტევე ცოლი შენი იეზაბელ, რომელი იტყჳს თავსა თჳსსა წინაწარმეტყუელად და ასწავლის და აცთუნებს ჩემთა მონათა სიძვად და ჭამად კერპთა ნაზორევისა. 21. და მივეც მას ჟამი, რაჲთა შეინანოს, და არა ჰნებავს სინანულად სიძვისაგან მისისა. 22. აჰა ესერა დავამჴუა იგი სარეცელსა ზედა, და რომელნი იმრუშებდეს მის თანა, შთავყარნე ჭირსა დიდსა, უკუეთუ არა შეინანონ საქმეთაგან მათთა. 23. და შვილნი მისნი მოვსწყჳდნე სიკუდილითა, და ცნან ყოველთა ეკლესიათა, ვითარმედ მე ვარ, რომელი განვიკითხავ გულსა და თირკუმელთა; და მიგცე თქუენ თითოეულსა საქმეთა თქუენთაებრ. 24. ხოლო თქუენ გეტყჳ, სხუათა მაგათ, რომელნი ხართ თჳატირას შინა, რომელთა არა გაქუს სწავლაჲ ესე, რომელთა არა გიცნობიან სიღრმენი ეშმაკისანი, ვითარ იტყჳან, არღარა მოვაწიო თქუენ ზედა სხუაჲ სიმძიმე. 25. არამედ რომელი-ეგე გაქუს, დაიმჭირეთ, ვიდრემდის მოვიდე. 26. და რომელმან სძლოს და დაიმარხნეს ვიდრე აღსასრულადმდე საქმენი ჩემნი, მივსცე ჴელმწიფებაჲ წარმართთა ზედა, 27. და ჰმწყსიდეს მათ კუერთხითა რკინისაჲთა; ვითარცა ჭურნი იგი მეკეცეთანი შეიმუსრნიან, ვითარცა მე მოვიღე მამისაგან. 28. და მივსცე მას ვარსკულავი იგი განთიადისაჲ. 29. რომელსა ჰქონან ყურნი, ისმინენ, რასა ეტყჳს სული ეკლესიათა.


ახ. ქართულით

18. ხოლო თიატირის ეკლესიის ანგელოზს მისწერე: ამას ამბობს ძე ღვთისა, ვისაც აქვს თვალნი, როგორც ცეცხლის ალი, ფეხები კი მიუგავს ელვარე რვალს: 19. ვიცი შენი საქმენი, სიყვარული და რწმენა, მსახურება და მოთმინება შენი, და რომ შენი უკანასკნელი საქმენი უმეტესნი არიან, ვიდრე პირველნი. 20. მაგრამ მაქვს შენს წინააღმდეგ ის, რომ ნებას რთავ დიაც იეზაბელს, წინასწარმეტყველად რომ მოაქვს თავი, ასწავლოს და აცთუნოს ჩემი მონები, რათა მრუშობდნენ და კერპთათვის შენაწირს ჭამდნენ. 21. მივეცი დრო, რომ მოენანიებინა თავისი სიძვა, მაგრამ არ ინება სინანული. 22. აჰა, დავამხობ მას სარეცელზე და მასთან ერთად მსიძავთაც შავ დღეს დავაყრი, თუკი არ მოინანიებენ თავიანთ საქმეს. 23. სიკვდილით მოვკლავ მის შვილებს და სცნობს ყოველი ეკლესია, რომ მე ვარ დაფარულ აზრთა და გულთა მხილველი, და მისი საქმისამებრ მივაგებ თვითეულ თქვენგანს. 24. ხოლო თქვენ და დანარჩენთაც, ვინც კია თიატირაში, მაგრამ არ აღიარებენ ამ მოძღვრებას და, როგორც თვითონ ამბობენ, ვერ უცვნიათ სატანის სიღრმე, - გეტყვით, რომ აღარ დაგაკისრებთ სხვა ტვირთს, 25. მხოლოდ რაცა გაქვთ, ეგ იტვირთეთ ჩემს მოსვლამდე. 26. ვინც გაიმარჯვებს და ბოლომდე დაიცავს ჩემს საქმეს, მივცემ მას ხელმწიფებას წარმართებზე მბრძანებლობისას; 27. რკინის კვერთხით დამწყემსავს მათ და თიხის ჭურჭელივით დაიმსხვრევიან, როგორც მე მივიღე ხელმწიფება მამაჩემისგან. 28. და მივცემ მას ცისკრის ვარსკვლავს. 29. ვისაც ყური აქვს, ისმინოს, რას ეუბნება სული ეკლესიებს.

შინაარსი

II

მიმართვა თიატირის ეკლესიას (თ. 2:18-29)


თიატირა - პატარა მცირეაზიური ქალაქია, რომელიც მდებარეობდა პერგამოსთან ახლოს. ეს იყო მცირე, იზოლირებული თემი, რომელსაც არ გააჩნდა მხარდაჭერა სხვა ქრისტეანთა მხრიდან, რის გამოც, ადვილად შეიძლებოდა მოქცეულიყო ცრუმოძღვართა, შარლატანთა და ცრუწინასწარმეტყველთა ზეგავლენის ქვეშ, რომლებიც იმ დროს მრავლად დაეხეტებოდნენ მცირე აზიის გზებზე. და მართლაც, გამოჩნდა ვინმე დედაკაცი, რომელსაც თავი წინასწარმეტყველად მოჰქონდა. მოციქული მას იეზაბელს უწოდებს; გავიხსენოთ, რომ ასე ეწოდებოდა ფინიკიელ დედოფალს, რომელიც ისრაელის მეფე აქაბს მისთხოვდა (IX ს. ქრ. შობამდე) და ცდილობდა ისრაელში კერპთაყვანისცემის დამკვიდრებას.

უნდა ითქვას, რომ მცირე აზიაში, განსაკუთრებით კი ფრიგიაში, მრავალი საკერპე იყო, სადაც ქადაგებდნენ წინასწარმეტყველი დედაკაცები. ეს ქვეყანა ფრიგიელი ქალ-ღმერთ ციბელას და არტემიდა ეფესელის სამშობლო იყო. მოგვი დედაკცები, რომლებიც მათ ემსახურებოდნენ, ვარდებოდნენ ტრანსში, ცეკვავდნენ და ბაკხანალიებს აწყობდნენ... და აი, როგორც ჩანს, ეს დედაკაცი, რომელიც თავს წინასწარმეტყველს უწოდებდა, სხვა მოგვთა მსგავსად, მოექცა ქრისტეანობისკენ, მაგრამ ეკლესიაში შეიტანა ყალბი სწავლებები, ის რაც არ სჭირდებოდა ეკლესიას, რაც საშიში იყო მისთვის, ამიტომაც, მოციქული მკაცრად აფრთხილებს თიატირას ამის გამო.

რაც შეეხება "სატანის სიღრმეს", რომელსაც მოციქული ახსენებს თიატირელთადმი მიმართვაში, როგორც ჩანს, გულისხმობს გნოსტიციზმს. იმ დროს ოკულტური და თეოსოფიური სისტემები შეიცავდნენ ვრცელ გენეალოგიებს, რომლებიც აჩვენებდნენ სულების, ღმერთებისა და დემონების წარმომავლობას. ეს გენეალოგიები მთელს წიგნებს მოიცავდნენ და აბრკოლებდნენ ქრისტეანულ ცნობიერებას. ადამიანებმა დაიკიდეს ამულეტები ქრისტეს გამოსახულებითაც კი, ასევე რომელიღაც გველის მსგავსი და ფრთოვანი არსებებისა - აქ აღრეული იყო ყველაფერი: ასტროლოგია და საიდუმლო მეცნიერებები. ქრისტეანობის წმიდა წყაროს ამღვრევის საშიშროება დაემუქრა, ამიტომაც ითქვა ასე მკაცრად: "სატანის სიღრმე" უარყოფილ უნდა იქნას.

2:18. ხოლო თიატირის ეკლესიის ანგელოზს მისწერე: ამას ამბობს ძე ღვთისა, ვისაც აქვს თვალნი, როგორც ცეცხლის ალი, ფეხები კი მიუგავს ელვარე რვალს.


"ცეცხლოვანი თვალები" მართალთა განათლებასა და ცოდვილთა დაწვაზე მიანიშნებს. ხოლო "ელვარე რვალის" მსგავსი "ფეხები", ქრისტეს სწავლების კეთილსურნელებასა და ქრისტეში ღვთაებრივი და კაცობრივი ბუნების შეურევნელ და განუყოფელ ერთობას წარმოაჩენს, რაც ადამიანური ცნობიერებისთვის მიუწვდომელია" (წმ. ანდრია კესარიელი).

2:19-20. ვიცი შენი საქმენი, სიყვარული და რწმენა, მსახურება და მოთმინება შენი, და რომ შენი უკანასკნელი საქმენი უმეტესნი არიან, ვიდრე პირველნი. 19 ვიცნი საქმენი შენნი და სიყუარული შენი, და სარწმუნოებაჲ და მსახურებაჲ და მოთმინებაჲ და საქმენი შენნი უკუანაჲსკნელნი უმრავლეს პირველისა. მაგრამ მაქვს შენს წინააღმდეგ ის, რომ ნებას რთავ დიაც იეზაბელს, წინასწარმეტყველად რომ მოაქვს თავი, ასწავლოს და აცთუნოს ჩემი მონები, რათა მრუშობდნენ და კერპთათვის შენაწირს ჭამდნენ.

მთავარი საყვედური, რომელსაც იესუ გამოთქვამს თიატირის ეკლესიის მიმართ არის ის, რომ ამ ეკლესიაში შეიპარა დედაკაცი იეზაბელი, რომელსაც "წინასწარმეტყველად მოაქვს თავი", მაგრამ არსებითად იყო იმ ცრუწინასწარმეტყველთაგანი, რომლებიც მოდიან "ცხვრის სამოსით, ხოლო შიგნით არიან მტაცებელი მგლები" (მათე 7:15) და რომელთაც ეკლესიაში შემოაქვთ და ამკვიდრებენ "სატანის სიღრმეს".

და კიდევ ქრისტე თიატირის ეკლესიას საყვედურობს იმას, რომ ამ ეკლესიაში იყვნენ ადამიანები, რომლებმაც დაუშვეს, ანუ ნება დართეს ამ "დიაც იეზაბელს, წინასწარმეტყველად რომ მოაქვს თავი, ასწავლოს და აცთუნოს ჩემი მონები, რათა მრუშობდნენ და კერპთათვის შენაწირს ჭამდნენ" (გამოცხ. 2:20).

თიატირის ეკლესია ხელს აფარებდა ერთ დედაკაცს, რომელიც თავს წინასწასრმეტყველად აცხადებდა და არასახარბიელო საქმიანობას ეწეოდა: მას მორწმუნეები შეჰყავდა ცდომილებაში. არ არის გამორიცხული ის ყოფილიყო მისანი, მედიუმი, რომელიც იმოფებოდა მედიუმთა ტაძრის ახლოს და სახელი "იეზაბელი" მისი მხოლოდ ზედწოდებაა (სახელი "იეზაბელი" ხელუხლებელს, ქალწულს ნიშნავს). ეს "ხელუხლებელი" იეზაბელი მორწმუნეებს კერპშენაწირის ჭამასა და მეძავობას ასწავლიდა. როგორი საშინელი ცდომილებაა: სარწმუნოება შერწყმულია წარმართულ კერპთაყვანისცემასა და სიძვას.

თიატირის ეკლესიის ეს უბადრუკი მაცდური დადგა კათედრაზე და დაიწყო სხვათა სწავლება. აქ უნდა ითქვას, რომ წმიდა წერილი არ აძლევს უფლებას დედაკაცმა დაიკავოს მოძღვრის თანამდებობა. ტიმოთესადმი მიწერილ პირველ ეპისტოლეში ნათქვამია: "მე არა ვრთავ ქალს სწავლების ნებას... არამედ იყოს მდუმარედ" (1 ტიმ. 2:12).

თიატირაში ჩვენ ვხედავთ ეკლესიის სეკულარიზაციის (გაამსოფლიურების, ერში ათქვეფვისა და ცოდვაში დანთქმის) სიმბოლოს. თიატირის ეკლესია მონაწილეობს ორ ტრაპეზში: პირველი უფლის ტრაპეზია, მეორე კი - დემონისა, რაც დანაშაულია! უკანასკნელ შემთხვევაში ყველაფერი გაუფასურებულია: საქმეები, მოშურნეობა, სიყვარული, მოთმინება... უფალი ამგვარ მორწმუნეებს ართმევს თავის ტრაპეზს. წყდება გულითადი კავშირი მორწმუნეებსა და მაცხოვარს შორის. ეკლესიის მსახური და წინამძღვარი გზას უხნის ამ ბოროტ საქმეს. ის იეზაბელს სიტყვის თქმის უფლებას აძლევს და არ ეწინააღმდეგება მას. რა შედეგამდე მივყევართ ამას?

2:21-22. მივეცი დრო, რომ მოენანიებინა თავისი სიძვა, მაგრამ არ ინება სინანული. და მივეც მას ჟამი, რაჲთა შეინანოს, და არა ჰნებავს სინანულად სიძვისაგან მისისა. აჰა, დავამხობ მას სარეცელზე და მასთან ერთად მსიძავთაც შავ დღეს დავაყრი, თუკი არ მოინანიებენ თავიანთ საქმეს.


ქრისტე ამბობს, რომ მან ამ დედაკაცს მისცა სინანულის დრო "რომ მოენანიებინა თავისი სიძვა, მაგრამ არ ინება სინანული". და აი, ბრძანებს უფალი: "აჰა, დავამხობ მას სარეცელზე და მასთან ერთად მსიძავთაც შავ დღეს დავაყრი, თუკი არ მოინანიებენ თავიანთ საქმეს. სიკვდილით მოვკლავ მის შვილებს და სცნობს ყოველი ეკლესია, რომ მე ვარ დაფარულ აზრთა და გულთა მხილველი, და მისი საქმისამებრ მივაგებ თვითეულ თქვენგანს" (გამოცხ. 2:22-23).

"მივეც მას ჟამი" - მათ ბოროტ მწვალებლობას მივეცი ჟამი სინანულად, მაგრამ არ მოიქცნენ. აჰა, ესერა "დავამხობ მას სარეცელზე და მასთან ერთად მსიძავთაც შავ დღეს დავაყრი". აგრძელებს რა სიმბოლურ მეტყველებას, მწვალებელთა მზაკვარებასა და საცთურს მეძაობას ადარებს და ყველას, ვინც ღმრთის წინაშე მასთან მეძაობით შეიბილწეს თავი, თუ არ მოექცევიან, ჭირითა და სიკვდილით ემუქრება" (წმ. ანდრია კესარიელი).

რათა უკეთ გავიგოთ, რას გულისხმობს და რის შესახებ აფრთხილებს თავის ეკლესიას ქრისტე, აუცილებელია დავბრუნდეთ ძველ აღთქმაში და გავიხსენოთ იეზებელი, რომელიც იყო ისრაელის მეფის აქაბის დროს, რადგან ყოველივე ის, რაც აღწერილია ძველ აღთქმაში: "ნიმუშად დაიდო მათთვის და დაიწერა ჩვენს შესაგონებლად, რომელთაც მივაღწიეთ ჟამთა დასასრულს" (1 კორინთ. 10:11).

იეზაბელი სიდონის წარმართი მეფის ეფთალას ქალიშვილი, რომელიც ისრაელის უკეთურ მეფე აქაბს მისთხოვდა. მან ძალდატანებით დაამკვიდრა კერპთაყვანისცემა ძველაღთქმისეულ ღმრთის ერში, დაანგრია უფლის სამსხვერპლოები. ღმრთის წინასწარმეტყველები სძულდა და მათ ცეცხლითა და მახვილით უსწორდებოდა (3 მეფ. 18:4; 19:2; 19:10, 14). ისრაელში მან ასევე დაამკვიდრა "სატანის სიღრმე", ანუ უფლის სამხსხვერპლოები დემონთ თაყვანისცემით შეცვალა. ზუსტად ასევე, "სიცრუეზე გაცვალა ღვთის ჭეშმარიტება" (რომ. 1:15) ახალაღთქმისეულმა იეზაბელმა. ანუ ემსახურებოდნენ საკუთარ, დაცემულ, ცოდვილს ხორცს, და ამას მიიჩნევდნენ ღვთისმსახურებად. ის ატყუებდა ღმრთის ერს ისევე, როგორც დღევანდელი იეზაბელი "წინასწარმეტყველად რომ მოაქვს თავი", რათა "აცთუნოს ჩემი მონები". ის მრუშობდა ბაალთან და დემონებს ემსახურებოდა ისევე, როგორც დღეს მრუშობს იეზაბელი და ეკლესიას წუთისოფლის ინტერესებს ამსახურებს, ძალდატანებით ამკვიდრებს ეკლესიაში ლიბერალურ ღვთისმეტყველებას, მოდერნიზმს, მოჩვენებით ქარიზმატიზმსა და ეკუმენიზმს.

მას წინასწარმეტყველად მოაქვს თავი იმ დროს, როცა ღმერთი ამბობს: "მითხრა უფალმა: სიცრუეა, რასაც წინასწარმეტყველნი ჩემი სახელით ქადაგებენ. მე არ გამომიგზავნია, არ დამირიგებია ისინი, არ მილაპარაკნია მათთან. ცრუ ხილვებს, მისნობას, სიყალბეს და თავიანთი გულის გამონაგონს გიქადაგებენ ისინი" (იერ. 14:14). "მე არ გამომიგზავნია წინასწარმეტყველნი, თავად გამოიქცნენ; არაფერი მითქვამს მათთვის, თავისით წინასწარმეტყველებენ" (იერ. 23:21). იეზაბელმა შემოიკრიბა "ბაალის წინასწარმეტყველნი ოთხასორმოცდაათი კაცი, და აშერას წინასწარმეტყველნი ოთხასი კაცი, იზებელის სუფრას რომ უსხედან" (3 მეფ. 18:19). რომლებიც ქვეშ ეგებოდნენ მას თავისი მდგომარეობისათვის, ემლიქვნელებოდნენ მას გამორჩენისთვის. "ბაალის სახელით ქადაგებდნენ და აცთუნებდნენ ისრაელს" (იერ. 23:13). დღეს, ამბობს უფალი, არიან ისეთებიც, რომლებიც მრუშობენ ამ იეზაბელთან "გარყვნილებას მისდევენ და ცრუობენ, უკეთურთა მხარი უჭირავთ" (იერ. 23:14), რომლებიც "არ გამოუგზავნია" უფალს.

უფალმა ილია წინასწარმეტყველის ხელით მოსწყვიტა ბაალის წინასწარმეტყველნი. ხოლო იეზაბელი სარკმლიდან გადმოაგდო: "და მიესხა მისი სისხლი კედელს და ცხენებს, და გადათელეს იგი. მივიდა, იეჰუ ჭამა და სვა, თქვა: მოძებნეთ ის შეჩვენებული და დამარხეთ, რადგან მეფის ასულია. წავიდნენ მის დასამარხავად, მაგრამ ვერაფერი ნახეს მისგან, თავისქალისა და ხელ-ფეხის მეტი. დაბრუნდნენ და მოახსენეს. თქვა იეჰუმ: ასეთი იყო უფლის სიტყვა, რომელიც გამოაცხადა მან თავისი მორჩილის, ელია თიშბელის (თეზბიტელის) პირით: იზრეყელის ველზე შეჭამენო ძაღლები იზებელს. იქნება იზებელის გვამი, როგორც ნეხვი ყანაში, იზრეყელის ველზე, რომ ვერავინ თქვასო: აი, ეს არის იზებელი" (4 მეფ. 9:33).

აი, იეზაბელის აღსასრული. ასეთივე იქნება ქრისტეს ეკლესიის წინააღმდეგ ამხედრებული იეზაბელისა და მასთან ერთად მემრუშე ყველა უკეთურის აღსასრულიც. იხილეთ, რას ბრძანებს უფალი:

"მივეცი დრო, რომ მოენანიებინა თავისი სიძვა, მაგრამ არ ინება სინანული. აჰა, დავამხობ მას სარეცელზე და მასთან ერთად მსიძავთაც შავ დღეს დავაყრი, თუკი არ მოინანიებენ თავიანთ საქმეს. სიკვდილით მოვკლავ მის შვილებს და სცნობს ყოველი ეკლესია, რომ მე ვარ დაფარულ აზრთა და გულთა მხილველი, და მისი საქმისამებრ მივაგებ თვითეულ თქვენგანს"
(გამოცხ. 2:21-23).

"უფალი არის "დაფარულ აზრთა და გულთა მხილველი", ანუ ჰხედავს დაფარულს და ჭვრეტს იდუმალს" (წმ. კვიპრიანე კართაგენელი). "დიდი იქნება შიში და ძრწოლა იმ დღეს, ძმანო, როდესაც თავის მიუკერძოებელ სამსჯავროზე შეგვკრებს ყველას, განიხვნებიან საშინელნი წიგნები, რომლებშიც ჩაწერილია ყველა ჩვენი საქმე, სიტყვა და ყოველივე, რაც გვიქნია ან გვითქვამს ამ ქვეყნად და ისიც, უფლისაგან რისი დამალვაც განგვიზრახავს, რამეთუ ის არის, რომელიც "ჰხედავს დაფარულს და ჭვრეტს იდუმალს" (ღირ. ეფრემ ასურელი).

"და მოვკლავ მის შვილებს" (23) - ამას მწვალებელთა და მაცთურთათვის ამბობს, უმანკოებს კი ეტყვის":

2:24. ხოლო თქვენ და დანარჩენთაც, ვინც კია თიატირაში, მაგრამ არ აღიარებენ ამ მოძღვრებას და, როგორც თვითონ ამბობენ, ვერ უცვნიათ სატანის სიღრმე, - გეტყვით, რომ აღარ დაგაკისრებთ სხვა ტვირთს.

ანუ, "რადგანაც თქვენი ზნეობრივი უბრალოების გამო ვერ ძალგიძთ წინ აღუდგეთ მზაკვართ, რომლებიც უფრო გამჭრიახნი არიან სიტყვით, და როგორც ამბობს, სატანის სიღრმე ვერ გიცვნიათ - თქვენგან მათ მიმართ სიტყვიერ წინააღმდეგობას არ მოვითხოვ, არამედ სწავლა, რომელიც მიგიღიათ, მტკიცედ დაიცავით ჩემს მოსვლამდე, სანამ აგიყვანდეთ" (ანდრია კესარიელი).

ამავე თიატირის ეკლესიაში იყვნენ ისეთებიც, რომლებიც "არ აღიარებენ ამ მოძღვრებას და, როგორც თვითონ ამბობენ, ვერ უცვნიათ სატანის სიღრმე" (გამოცხ. 2:24). თიატირაში აღმოჩნდა ნატამალი, რომელმაც თავი შეიკავა ცრუ მოძღვრებებისგან და ცთომილი აზროვნებისგან. ღმერთს, ყოველთვის, ყველა დროებაში, მისი უდიდესი მადლითა და წყალობით, ჰყავდა ის "შვიდი ათასი კაცი, რომელიც არ მოდრეკილა ბაალის წინაშე და არ უკოცნია მისთვის" (3 მეფ. 19:18). ეს არის ის მცირე სამწყსო, რომელაც ანუგეშებდა ქრისტე: "ნუ გეშინია, პატარა სამწყსოვ, ვინაიდან მამამ თქვენმა კეთილინება, რომ მოგეცეთ სასუფეველი" (ლუკა 12:32).

ყველას, ვისაც კი არ უმრუშია ბილწ იეზაბელთან (ამ წუთისოფლის ცრუ-წინასწარმეტყველებთან და ცრუ-მოძღვრებთან), ქრისტე ეუბნება: "აღარ დაგაკისრებთ სხვა ტვირთს. მხოლოდ რაცა გაქვთ, ეგ იტვირთეთ ჩემს მოსვლამდე" (გამოცხ. 2:25).

უფალი მათგან არ ითხოვს დიდ ღვაწლს, არამედ მხოლოდ იმას, რათა იპყრან ის, რაც გააჩნიათ, კერძოდ: ღმრთის წმიდა და დაუზიანებელი ჭეშმარიტება, რომელსაც იეზაბელის არანაირი ცრუმოძღვრება არ შერევია. რადგან, ბოლო ჟამის ყველაზე უმთავრესი ნიშანი არის ტოტალური საცთურები და ტყუილი. როდესაც მოწაფეებმა ჰკითხეს იესუს: "გვითხარი, როდის მოხდება ეს? ან რა იქნება ნიშანი შენი მოსვლისა და საუკუნის დასასრულისა?" (მათე 24:3). ქრისტემ უპასუხა, რომ მისი მოსვლის უმთავრესი ნიშანი იქნებოდა გლობალური საცთური, რომელიც უპირველეს ყოვლისა მიმართული იქნება ეკლესიის წინააღმდეგ, რათა დაამხოს იგი და არ დაუშვას მისი აღტაცება ზეცად (მათე 24:4; 24:24; მარკოზი 13:22; გამოცხ. 12:4). "რადგან აღდგებიან ცრუქრისტენი და ცრუწინასწარმეტყველნი, და მოახდენენ დიდ სასწაულებსა და ნიშებს, რათა, აცდუნონ, თუკი შესძლეს, თვითონ რჩეულნიც" (მათე 24:24).

სწორედ ამაში მდგომარეობს ბოლო ჟამს ეკლესიის თავზე დამოკიდული უმთავრესი საფრთხე. ამიტომაც "ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, არ შეისმინოთ წინასწარმეტყველთა სიტყვები, რასაც გიწინასწარმეტყველებენ, გაცთუნებენ ისინი, მოგონილ ხილვებს გიქადაგებენ, არა უფლისმიერს" (იერ. 23:16). მოციქული პეტრე ბრძანებს: "იყვნენ ცრუ წინასწარმეტყველნიც ხალხში, ისევე, როგორც თქვენში იქნებიან ცრუმოძღვარნი, რომელნიც შემოიღებენ წარმწყმედ მწვალებლობას, უარყოფენ მათ გამომსყიდველ უფალს და მალე თვითონვე წარიწყმედენ თავს" (2 პეტრე 2:1). ამიტომაც, იესუ ქრისტე ასე აფრთხილებს თავის ეკლესიას: "ფხიზლად იყავით, რათა არავინ გაცდუნოთ" (მათე 24:4). ცრუწინასწარმეტყველნი შეიპარნენ ეკლესიაში მორწმუნეთა საცთუნებლად "მშვიდობას ქადაგებენ" (მიქა 3:5) და მშვიდობას იუწებიან, "როცა არ არის მშვიდობა" (ეზეკ. 13:16). "რა მშვიდობა უნდა იყოს იზებელის გარყვნილებისა და მისი ამდენი ჯადოქრობის მერე?" (4 მეფ. 9:22), - ბრძანებს უფალი იეჰუს პირით. შეუძლებელია იყოს მშვიდობა. ეს კი ომს გულისხმობს. ომში კი ყოველთვის არიან გამარჯვებულნი და დამარცხებულნი. და მათ,

2:26-28. ვინც გაიმარჯვებს (ამ ომში) და ბოლომდე დაიცავს ჩემს საქმეს (ამბობსს უფალი), მივცემ მას ხელმწიფებას წარმართებზე მბრძანებლობისას; რკინის კვერთხით დამწყემსავს მათ და თიხის ჭურჭელივით დაიმსხვრევიან, როგორც მე მივიღე ხელმწიფება მამაჩემისგან. და მივცემ მას ცისკრის ვარსკვლავს.

როგორც მაშინ, როდესაც ღმრთის ერის საცთუნებლად აგზავნიდა ეშმაკი თავის ცრუწინასწარმეტყველებს და იეზაბელს ისრაელში, რადგან უწყოდა, სწორედ ამ ხალხში უნდა შობილიყო ქვეყნიერების მაცხოვარი იესუ ქრისტე; და ყოველ ღონეს მიმართავდა იმისთვის, რომ ცოდვაში შთაეგდო ისრაელი, განეშორებინა იგი ღმრთიგან და სრულიად მოესრა ეს ერი, რათა არ აღსრულებულიყო ღმრთის აღთქმა; ამჟამადაც, გოლგოთის ჯვარზე, იესუს მიერ თავგაჭყლეტილი გველი "გააფთრებული" აგზავნის თავის მაცთურთა და ჯოჯოხეთის ძალთ ეკლესიის წინააღმდეგ, რომელიც არის კრავის პატარძალი, რათა საბოლოოდ დაამხოს ღმრთის წმინდანები, რადგან უწყის "ცოტაღა დარჩა ხანი" (გამოცხ. 12:12).

მაგრამ ქრისტე ამბობს, რომ "ბჭენი ჯოჯოხეთისანი მას (ეკლესიას) ვერ მოერევიან" (მათე 16:18). დღესაც ეძიებს უფალი ჭეშმარიტ თაყვანისმცემლებს, ვისაც შეუძლია წინ აღუდგეს ეშმაკის ყოველგვარ ხრიკს და მცდელობას დაანგრიოს ქრისტეს წმიდა ეკლესია. "ვეძებდი კაცს, ზღუდის მშენებელს, რომ დამდგარიყო ნანგრევთან ჩემს წინაშე და ეხსნა ქვეყანა დაღუპვისგან, მაგრამ ვერ მოვნახე" (ეზეკ. 22:30). გავიდა ორი ათას ნახევარ წელიწადზე მეტი ეზეკიელის წინასწარმეტყველებიდან და უფალი დღემდე ეძიებს მათ, ვინც "დადგებოდა ნანგრევთან ჩემს წინაშე" ეკლესიისა და ღმრთის ერისთვის. უფალი ყოველთვის პოულობდა მათ, ვინც დადგებოდა კედლის ნანგრევში. მან ჰპოვა მოსე და ილია, ისაია და დანიელი, მან ჰპოვა ეზეკიელი და მოციქული პავლე. მანვე ჰპოვა სხვა მრავალი მართალი, რომელთა სახელები ჩაწერილია წმიდა წერილში, ის ერთგული მსახურნი, რომლებიც მხოლოდ ერთმა ღმერთმა უწყის და რომელთა სახელები მხოლოდ მარადიული ცხოვრების დაწყების შემდეგ გახდებიან ცნობილნი.

მას დღესაც სურს ჰპოვოს ისინი, ვინც შესაძლოა ფიქრობს (როგორც ფიქრობდნენ ილია და მიქა), რომ მარტო დარჩა ბოროტებისა და საშინელ საცთურთა მუქ ღრუბლებს შორის. მაგრამ, მას სურს რათა ჩვენ ჩავდგეთ კედლის ნაპრალში და "კრავის სისხლით და მათი მოწმობის სიტყვით", რომლებმაც, "არ შეიყვარეს მათი სული, თვით სიკვდილამდე" ვსძლოთ ეშმაკი. ამიტომაც, ყველა მძლეველს ქრისტე ჰპირდება: "მძლეველს გვერდით მოვისვამ ჩემს ტახტზე, როგორც თავად ვძლიე და ჩემს მამასთან დავჯექი მის ტახტზე" (გამოცხ. 3:21).

"ცისკრის ვარსკვლავად" ან მას უწოდებს, ვისთვისაც თქვა ესაია წინასწარმეტყველმა "როგორ ჩამოემხე ციდან მთიებო აღმომავალო განთიადისა" (ესაია 14:12) და წმინდანებს აღუთქვამს, რომ შემუსრავს ეშმაკს და მათ ფერხთა ქვეშ დაამხობს (ლუკა 10:18-19; ფსალმ. 10), ან კიდევ ვარსკვლავს, რომლისთვისაც მეტყველბს ნეტარი პეტრე და რომელიც მორწმუნეთა გულებში აღმოიბრწყინვებს (2 პეტრე 1:19), რაც ქრისტესმიერ განათლებას ნიშნავს.

"ცისკრის ვარსკვლავებად" იწოდებიან, აგრეთვე, იოანე ნათლისმცემელი და ილია თეზბიტელი, რომელთაგან ერთი სიმართლის მზის აღმობრწყინების წინამორბედია, მეორე კი მისი მეორედ მოსვლის წინამსწრობელი; გვრწამს, რომ ეშმაკის დამთრგუნველნი სასუფეველში სწორედ იოანეს და ილიას თანამოწილადენი იქნებიან.

არ არის გასაკვირი, ესოდენ ურთიერთ საწინააღმდეგოს ერთსა და იმავე სახელს ("ცისკრის ვარსკვლავს") რომ უწოდებს. წმ. წერილიდან ვიცით, რომ მაგალითად, "ლომში" ქრისტეც იგულისხმება ("ლომი თესლისაგან იუდაისა" (გამოცხ. 5:5) და ეშმაკიც ("ლომი ბასანისგან"); ასევე, "აღმოსავლეთში" შეიძლება ვიგულისხმოთ მომავალი დღის დასაწყისი, რომლის დადგომასთან ერთად განქარდება ამ წუთისოფლის ბნელი და ამ დღის მახარობელი ანგელოზიც, როგორც მახარობელი ამ დღისა, რამეთუ ის წინამსწრობელია ქრისტესი, რომელიც არის მზე სიმართლისა და განმანათლებელი მართალთა, წუთისოფლის ბნელის განმქარწყლებელი" (წმ. ანდრია კესარიელი).

ამიტომ, ნუ მივეცემით უსასოობას, არამედ ვიხარებდეთ და ვიშვებდეთ, რადგან დიდია ჩვენი სასყიდელი ცათა სასუფეველში (მათე 5:12). ჯილდო ყველასთვის, ვინც დღეს იმარჯვებს. ვიხარებდეთ, რადგან ღმერთმა როდი მიგვატოვა და "ის, ვინც თქვენშია, მეტია იმაზე, ვინც არის ქვეყნად" (1 იოანე 4:4). ვიხარებდეთ და "გავსალკლდევდეთ უფლის მეოხებითა და მისი ძალის სიმტკიცით" (ეფეს. 6:10). "ყოველივე ამას ვძლევთ მისი წყალობით, ვინც შეგვიყვარა" (რომ. 8:37). "ხოლო როცა დაიწყება ყოველივე ამის ახდენა, აღიმართეთ და მაღლა ასწიეთ თავი, ვინაიდან ახლოვდება თქვენი გამოხსნა" (ლუკა 21:28) - მოვალს მეუფე და მაცხოვარი ჩვენი უფალი ქრისტე იესუ.

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню