აპოკალიფსისის განმარტება_II_2_12_17_pergamos - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოკალიფსისი > განმარტება

მიმართვა პერგამოსის ეკლესიას

(თ. 2:12-17)

მიმართვა პერგამოსის ეკლესიას

ძვ. ქართულით

12. და ანგელოზსა პერღამისა ეკლესიისასა მიუწერე: ამას იტყჳს, რომელსა-იგი აქუს მახჳლი ორპირი აღლესული: 13. ვიცნი საქმენი შენნი, და თუ სადა მკჳდრ ხარ, სადა-იგი არს საყდარი ეშმაკისაჲ, და გიპყრიეს სახელი ჩემი და არა უარ-ჰყავ სარწმუნოებაჲ ჩემი დღეთა მათ ანტიპაჲს, მოწამისა ჩემისა სარწმუნოჲსათა, რომელი-იგი მოიკლა თქუენ შორის, სადა-იგი ეშმაკი მკჳდრ არს. 14. არამედ მაქუს შენდა მომართ მცირედი, რამეთუ გყვანან ვინმე, რომელთა უპყრიეს სწავლაჲ იგი ბალამისი, რომელი ასწავა ბალაკს, რაჲთა დადვას დაბრკოლებაჲ წინაშე ძეთა ისრაჱლისათა, და ჭამად კერპთა ნაზორევისა და სიძვად. 15. ეგრეთვე შენცა გყვანან, რომელთა უპყრიეს სწავლაჲ იგი ნიკოლაელთაჲ. 16. შეინანე; უკუეთუ არა, მოვალ შენდა ადრე და ბრძოლა-ვყო მათ თანა მახჳილითა პირისა ჩემისაჲთა. 17. რომელსა ჰქონან ყურნი, ისმინენ, რასა ეტყჳს სული ეკლესიათა, ვითარმედ: რომელმან სძლოს, მივსცე მას მანანაჲსა მისგან დაფარულისა და მივსცე რიცხჳ სპეტაკი და რიცხუსა მას თანა სახელი ახალი დაწერილი, რომელი არავინ უწყის, გარნა რომელმან მიიღოს.

ახ. ქართულით

12. ხოლო პერგამონის ეკლესიის ანგელოზს მისწერე: ამას ამბობს ორლესული მახვილის მქონე: 13. ვიცი, რომ ცხოვრობ იქ, სადაც არის სატანის ტახტი, მაგრამ მტკიცედ გიპყრია ჩემი საბელი და არ უარყავ ჩემი რწმენა თვით იმ დღეებშიც, როცა თქვენს შორის, სადაც სატანა მკვიდრობს მოკლეს ანტიპა, სარწმუნო მოწამე ჩემი. 14. მაგრამ მაქვს შენს წინააღმდეგ მცირეოდენი, რადგანაც გყავს მანდ ზოგიერთნი, ბალაამის მოძღვრების მიმდევარნი, ბალაამისა, რომელმაც ასწავლა ბალაკს, საცდური დაედო ისრაელის ძეთა წინაშე, რათა ეჭამათ კერპთათვის შენაწირი და ემრუშათ. 15. ასევე, შენც გყავს ნიკოლაელთა მოძღვრების მიმდევარნი, რომელნიც მე მძულს. 16. მაშ, შეინანე, არა და, მალე მოვალ შენთან და შევერკინები მათ ბაგეთა ჩემთა მახვილით. 17. ვისაც ყური აქვს, ისმინოს, რას ეუბნება სული ეკლესიებს: მძლეველს მივცემ საჭმელად დაფარულ მანანას, მივცემ მას თეთრ ქვასაც და ქვაზე დაწერილ ახალ სახელს, რომელიც არავინ იცის, მიმღების გარდა.

შინაარსი

II

მიმართვა პერგამოსის ეკლესიას (თ. 2:12-17)


პერგამოსის ეკლესიისდამი მიცემული გამოცხადებაში ლაპარაკია შეიცავს (2:13-16): 1) პეგამოსის ეკლესიის ღირსებაზე (2:13), 2) მის ნაკლოვანებებზე (2:14-15) და 3) მოწოდებაზე სინანულისკენ, რომელსაც სასჯელის მუქარა ემატება თუ პერგამოსი თავის ნაკლოვანებებს არ შეინანებს (2:16-17).

12. ხოლო პერგამოსის ეკლესიის ანგელოზს მისწერე: ამას ამბობს ორლესული მახვილის მქონე:

ამას ამბობს "ორლესული მახვილის მქონე" ამ ეკლესიის ეპისკოპოსს და უბრალო მორწმუნეებს უფალი მიმართავს უკვე ცნობილი ეპითეტით: "ორლესული მახვილის მქონე" (შეად. გამოცხ. 1:16), რომელიც წმ. ანდრია კესარიელის თქმით ნიშნავს სახარებისეულ სწავლებას, რომელიც ადამიანთა გულებს შეაგონებს, ან კიდევ იმ რისხვისათვის იტყვის, რომელიც ერეტიკოსებზე მოიწევა და ეკლესიისდან განკვეთს. ცხადია, რომ ამ გამოთქმით უფალი პერგამოსელ ქრისტეანთაგან ითხოვს განსაკუთრებული ყურადღება მიაპყრონ ღმრთის სიყტვის იმ თვისებას, რომელიც გამოიხატება შეგონებაში, გაფრთხილებაში და ადამიანის მოწოდებაში სინანულისა და გამოსწორებისკენ.

სიტყვებში: "ამას ამბობს ორლესული მახვილის მქონე", - მოცემულია ღმრთის კიდევ ერთი გამოცხადება. ეფესოს ეკლესიისადმი მიმართვაში ლაპარაკია უცვალებელ ღმერთზე, სმირნის პერიოდში "ერთ ჭეშმარიტ ღმერთზე, რომლის გარდა სხვა ღმერთი არ არის". პერგამოსის ეკლესიისადმი მიმართვაში, უფალი ლაპარაკობს, როგორც "ორლესული მახვილის მქონე", რომელიც არის სიტყვა ღმრთისა: "რადგანაც ღვთის სიტყვა ცოცხალია, ქმედითი და ყოველგვარ ორლესულ მახვილზე უფრო ბასრი, ასე რომ, თვით სამშვინველისა და სულის, სახსართა და ძვლის ტვინის გაყოფამდე აღწევს, და განიკითხავს გულის ზრახვებსა თუ აზრებს. არ არსებობს ქმნილება, დაფარული რომ იყოს მისთვის. არამედ ყველაფერი გაშიშვლებული და გაცხადებულია მის თვალთა წინაშე, ვისაც ვაბარებთ ანგარიშს" (ებრ. 4:12). ან კიდევ: "აიღეთ ხსნის ჩაჩქანი და სულის მახვილი, რომელიც არის ღვთის სიტყვა" (ეფეს. 6:17); და კვლავაც: "ისხლით ნაღები სამოსით იყო მოსილი, და სახელი მისი - ღვთისა სიტყვა... მისი პირიდან გამოდიოდა ბასრი მახვილი, რათა მოესრა წარმართნი, რკინის კვერთხით ემწყემსა ისინი და დაეწურა ყოვლისმპყრობელი ღვთის რისხვის მძვინვარე ღვინის საწნახელი" (გამოცხ. 19:13, 15). იოანე ღვთისმეტყველი თავის სახარებას სწორედ იმის გამოცხადებით იწყებს, რომ "დასაბამიდან იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღმერთთან და ღმერთი იყო სიტყვა. ის იყო დასაბამიდან ღმერთთან. ყველაფერი მის მიერ შეიქმნა, და უმისოდ არაფერი შექმნილა, რაც კი შეიქმნა" (ინ. 1:1). "სამნი მოწმობენ ზეცად: მამა, სიტყვა და სული წმიდა, ხოლო ეს სამი ერთია" (1 ინ. 5:7). ამრიგად, ჩვენ ვხედავთ რომ ის არის სიტყვა. მისი სახელია - სიტყვა.

13. ვიცი, რომ ცხოვრობ იქ, სადაც არის სატანის ტახტი, მაგრამ მტკიცედ გიპყრია ჩემი სახელი და არ უარყავ ჩემი რწმენა თვით იმ დღეებშიც, როცა თქვენს შორის, სადაც სატანა მკვიდრობს მოკლეს ანტიპა, სარწმუნო მოწამე ჩემი.

უფალი ამბობს, რომ ის ხედავს პერგამოსელთა ცხოვრებას და აფასებს იმას, რომ ცხოვრობენ და იცავენ უფლის სახელს იქ, სადაც არის "სატანის ტახტი" (გამოცხ. 13:2). სიტყვები: "ცხოვრობ იქ, სადაც არის სატანის ტახტი", - უთითებს იმ განსაკუთრებულ პირობებზე, რომელშიც უწევდა ცხოვრება პერგამოსისი ეკლესიას. რას ნიშნავს ეს სიტყვები და როგორ უნდა გავიგოთ, რომ ამ ეკლესიის ადგილმდებარეობა იყო იქ, სადაც მდებარეობდა სატანის ტახტი.

წმ. გრიგოლ დეოლოღოსი ბრძანებს: "საყვარელნო ძმანო, გახსოვდეთ განვლილი დრონი, განმტკიცდით და დაითმინეთ ბოროტნი და, თუკი ძენი ვართ რჩეულთანი, მაშინ ვალდებულნი ვართ, მივბაძოთ მათ მაგალითს რამეთუ, ვინც ბოროტს არ ითმენს, ის კეთილი არ არის. ამიტომაც ამბობდა იობი საკუთარ თავზე: "ურჩხულებს ძმად ვექმენ და ჩიტებს მეგობრად" (იობი 30:29). სოლომონიც ამიტომ ბრძანებს სიძის პირით წმიდა ეკლესიის შესახებ: "როგორც შროშანი ეკალთა შორის, ასეა სატრფო ჩემი ასულთა შორის" (ქებათა ქება 2:2). ეზეკიელის მეშვეობითაც იტყვის უფალი: "ძეო კაცისაო, ნუ გეშინია მათი (მწვალებლებისა) და ნუ განჰკრთები პირისაგან მათისა, რამეთუ განმძვინვარდებიან და გარშემოგერტყმიან შენ, მორიელთა შორის იქნები" (ეზეკ. 2:6).

განა ამის გამო არ აქებდა პეტრე ლოტის ცხოვრებას, როცა ამბობდა: "ხოლო მართალი ლოტი, უსჯულოთაგან გაწამებული, სიბილწით მცხოვრებთაგან იხსნა", ვინაიდან მათ შორის მცხოვრები ეს მართალი ყოველდღე იტანჯებოდა თავისი (მართალი) სულით, როცა ხედავდა და ისმენდა მათ ბილწ საქმეებს (2 პეტრე 2:7, 8). ამიტომაც აქებს პავლეც და განამტკიცებს მოწაფეებს: "იყავით უბრალო და უმანკონი, ღმერთის უმწიკვლო შვილნი უკუღმართ და გახრწნილ მოდგმაში, რომელშიც ნათობთ, როგორც მნათობნი სამყაროში, სიცოცხლის სიტყვის მფლობელნი" (ფილიპ. 2:15, 16). ამის გამოა რომ იოანეც მოწმობს პერღამოსის ეკლესიის შესახებ და ამბობს: "ვიცი საქმენი შენნი, და რომ იქ მკვიდრობ სადაც არის სატანის ტახტი, და იმარხავ ჩემს სახელს" (აპოკ. 2:13). აი, საყვარელნო, ყოველივე ამის ჩამოთვლით ვცნობთ, არასდროს ისე არ უცხოვრია მართალს, რომ ბოროტეულთა მიერ არ ყოფილიყო გამოცდილი. რამეთუ, ასე ვიტყვი, ორპირ აღლესულ მახვილად ვერ შეიქნება ჩვენი სული, თუ არ აილესა უცხოთა უკეთურების ბირდაბირით".

როგორ უნდა გავიგოთ სიტყვები, რომ პერგამოსში იყო "სატანის ტახტი"? ამ ადგილის მრავალგვარი განმარტება არსებობს, რომელთაგან ყველაზე სავარაუდო არის ის შეხედულება, რომლის მიხედვითაც აქ იგულისხმება პერგამოსის განსაკუთრებული მდგომარეობა წარმართული რელიგიის გავრცელებაში.

პერგამოსი ძველად მიდიის უმთავრესი და პერგამოსის დამოუკიდებელი სამეფოს დედაქალაქიც კი იყო. ის გამოირჩეოდა სიმდიდრით, ფუფუნებითა და სამედიცინო ხელოვნების ღმერთ ესკულაპეს სახელობის სახელგანთქმული ტაძრით. ამიტომაც, ესკულაპეს პერგამულ ღმერთსაც (Pergameus deus) უწოდებდნენ და როგორც ჩანს, სწორედ მას ეთაყვანებოდნენ პერგამელები ცოცხალი გველის სახით (სიბრძნისა და მზაკვარების სიმბოლო), რომელიც ტაძარში ჰყავდათ. ესკულაპე მიიჩნეოდა ექიმებისა და მკურნალობის მფარველად, ამიტომაც, მიიღო მან სახელწოდებად σωτήρ, θεός σωτήρ; ის გამოისახებოდა ტახტზე მჯდომარე გველშემოხვეული კვერთხით ხელში, რომელიც არის ჯადოქრული და საიდუმლო სამკურნალო ძალის გამოხატულება (სამედიცინო ემბლემა დღემდე ატარებს ამ სიმბოლოს). ის პერგამულ მონეტებზეც იყო ამოტვიფრული; ზოგჯერ მას გამოსახავდნენ ერთი გველის ან გველეშაპის სახით, რომელიც ამავე დრო არის თვით ესკულაპეს სიმბოლო. ესკულაპესთან ერთად პერგამოსში თაყვანს სცემდნენ ჰიგიასაც, რომელიც იყო ჯანმრთელობის ღმერთი.

რადგან, სატანა მთელს წმიდა წერილში და ცხადია, აპოკალიფსისშიც, გამოსახულია ძველი გველის ან დიდი გველის სახით (12:3, 9), შეგვიძლია ვამტკიცოთ, რომ სიტყვებში, სადაც პერგამოსი მიჩნეულია სატანის სამკვიდროდ ("ცხოვრობ იქ, სადაც არის სატანის ტახტი" (გამოცხ. 2:13)), აპოკალიფსისი გველის გაღმერთებაზე უთითებს, რომელიც ცხოვრობდა ესკულაპეს ტაძარში.

"მკურნალი-ღმერთი" (ესკულაპე. იხ. სურ. 1) თაყვანისმცემლებს და სნეულებს იზიდავდა არა მარტო მცირე აზიიდან, არამედ რომის იმპერიის შორეული პროვინციებიდანაც. პერგამოსს მიმართავდა იმპერატორი კარაკალა (Septimius Bassianus Caracalla (186—217)) თავისი სნეულებისგან განსაკურნავად. ამავე ქალაქში იჭრებოდა მონეტა, რომელზეც ესკულაპე გამოსახული იყო გველშემოხვეული კვერთხით. აქედან იღებს სათავეს გველისა და თასის ცნობილი სამედიცინო სიმბოლოც (იხ. ქვემოთ სურ. 2) და ვფიქრობთ, თანამედროვე
მღვდელმთავართა სამწყემსთავრო კვერთხის კადუცეური ფორმაც (იხ. სურ. 3), რომელზეც ორი გველია აღმართული. პერგამულ კულტთან კავშირი აქაც აშკარაა.






სურ. 2. სხვადასხვა სამედიცინო სიმბოლიკა ესკულაპეს ნიშნით (გველით)



სურ. 3. საქართველოს და რუსეთის ოფიციალური ეკლესიის პატრიარქები ილია II და ალექსი II კადუცეებით ხელში

შუაში: კვერთხი-კადუცეა.


ცნობილია, რომ გველი, რომელიც იყო პერგამული "ღმერთის" უწმინდესი სიმბოლო და ცოცხლად ბინადრობდა ესკულაპეს ტაძარში, საძულველი იყო ქრიტეანთათვის, რადგან გველი არის ბნელეთის თავადისა და წარმართობის მიზეზის, - სატანის სიმბოლო. ამდენად, თვით ქალაქი პერგამოსი, სადაც განსაკუთრებულად იყო განვითარებული წარმართული ცრურწმენები და ფანატიზმი, სადაც კონცენტრირებული იყო წარმართობის რელიგიურ-პოლიტიკური ძალები, შეიძლება წოდებულ იქნას ქალაქად, სადაც იყო სატანის, ანუ ეშმაკის ტახტი.

ცნობილი გალენის დროიდან, ესკულაპეს ტაძარში ყალიბდება ვრცელი სამედიცინო-რელიგიური დაწესებულება, რომელიც წააგავდა დღევანდელ პოლიკლინიკებს, სადაც სნეულთა მკურნალობის მხოლოდ ესკულაპეს მოგვთა პრეროგატივა იყო. დღე და ღამე აკმევდნენ საკმეველს ამ სამ ტაძარში და ესკულაპეს მსხვერპლს სწირავდნენ. ყველგან, ქალაქში აღმართული იყო საკერპე სატრაპეზოები, სადაც აღვირახსნილი წარმართული ღრეობები იმართებოდა. ყოველივე ამასთან ერთად, გახელებული ადამიანები ეძლეოდნენ ყოველგვარ გარყვნილებას.

ესკულაპეს ტაძარში ყოველთვის იყვნენ ავადმყოფნი, რომლებიც ლოცვასა და მღვიძარებაში ეძიებდნენ დაავადებათაგან კურნებას. სნეულთ შემწეობა ევლინებოდათ სიზმრისეულ ხილვებში მოგვების მეშვეობით, რომლებიც მათ აძლევდნენ წამლებს, რომლებიც თითქოსდა მკურნალობის ღმერთის მიერ იყო ნაკარნახევი. ავგუსტუსის შემდეგ პერგამოსი მთელი მცირე აზიისთვის გახდა კეისართა ამაზრზენი და ყალბი კულტის ცენტრიც, რომელიც აერთიანებდა წარმართობის მთელ არსს და არ ჰოფდა ზღვარს სახელმწიფოსა და რელიგიას შორის.

ამგვარად, ამ ქალაქში იყო თავმოყრილი წარმართობის მთელი რელიგიურ-პოლიტიკური ძალაუფლება და ამ კუთხით, პერგამოსი მთელი აზიის პოლოტიკური მიტროპოლიის სახელგანთქმულ ქალაქ ეფესოზე მაღლა უნდა დავაყენოთ. ამიტომაც, სრულიად ბუნებრივია, რომ სწორედ პერგამოსს მიიჩნევს ქრისტე სატანის ტახტის მემკვიდრედ. შესაძლოა რომ, რომის იმპერიის მთელს სივრცეში არ ყოფილიყო სხვა რომელიმე ქალაქი, რომელშიც იქნებოდა ისეთი ცრუმორწმუნე და ფანატიკოსი მოსახლეობა, როგორიც პერგამოსში.

საყურადღებოა ისიც, რომ ესკულაპეს ტაძარი მისი დაწესებულებებითურთ "კათედრად" (καθέδρα) იწოდებოდა. ანუ ეს იყო ესკულაპეს ანუ ურჩხულის "კათედრა", რომლის სიმბოლოთიც გამოისახებოდა თვით ესკულაპე. შესაძლოა ამ მიმართებითაც განიხილება ის როგორც "სატანის ტახტი" (შეად. გამოცხ. 12:9 სადაც ეშმაკი, ანუ სატანა, "დიდ ურჩხულად" და "დასაბამიერ გველად" იწოდება; იხ. ასევე 1 კორ. თ. 10). ესკულაპეს კათედრად შეიძლება წოდებულიყო თვით ქალაქი პერგამოსიც.

ასეთი ცრუმორწმუნეობითა და წარმართობით იყო გარემოცული პერგამოსის (დღევანდელი ბერგამო) ქრისტეანული ეკლესია. მიუხედავად ამისა, მას "მტკიცედ ეპყრა უფლის სახელი" (გამოცხ. 2:13).

"მაგრამ მტკიცედ გიპყრია ჩემი სახელი და არ უარყავ ჩემი რწმენა თვით იმ დღეებშიც, როცა თქვენს შორის, სადაც სატანა მკვიდრობს მოკლეს ანტიპა, სარწმუნო მოწამე ჩემი".

უფალი აქებს პერგამელ ქრისტეანებს იმისთვის, რომ ისინი, მიუხედავად იმისა, ასეთ არახელსაყრელ პირობებში, ყველაზე უხეში და ფანატიკოსი წარმართების გარემოცვაში ცხოვრობდნენ, მაინც ჭეშმარიტ ქრისტეანებად რჩებოდნენ და წმიდად იცავდნენ ქრისტეანულ რწმენას. ცალკეულ ისტორიულ ფაქტზე მითითება, რომლის თანახმადაც პერგამოსში მოკლეს "ღმრთის სარწმუნო მოწმე, ანტიპა", ერთდროულად პერგამოსელი ქრისტეანების მტკიცე რწმენის ნათელი დადასტურებაც არის და მოწოდებაც, მომავალშიც შეინარჩუნონ ასეთი შემართება.

ანტიპაში კი უნდა ვიგულისხმოთ არა სიმბოლური, არამედ ნამდვილი, ისტორიულად არსებული პიროვნება, მიუხედავად იმისა, რომ მის შესახებ არაფერს ამბობს ისტორიკოსი ევსები (ალბათ ამ მოწამის შესახებ არსებული ცნობების არცოდნის გამო).

წმ. მოწამე ანტიპას არსებობის სინამდვილეს ადასტურებენ არა მარტო მოწამეთა აქტები, არამედ წმ. ანდრია კესარიელიც, რომელიც აღნიშნავს, რომ "ანტიპა იყო თავდადებული მოწამე პერგამოსში, რომლის წამება წამიკითხავს. ის მახარობელმა ახსენა ქრისტეანთა მოთმინებისა და შეცთომილთა სისასტიკის აღსანიშნად". სავარაუდოდ, ანტიპა, რომელიც იყო პერგამოსის ეპისკოპოსი, აწამეს დაახლ. 93 წ. ცნობილია, რომ ის შეაგდეს თუჯისგან ჩამოსხმული და გავარვარებული ხარის მუცელში და ცოცხლად დაწვეს. მისი სიკვდილის შემდეგ, ქრისტეანები დიდი ხნის განმავლობაში იკრიბებოდნენ მის საფლავთან და ევედრებოდნენ უფალს. მის ხსენებას მართლმადიდებლური ეკლესია აღასრულებს 11 აპრილს.

პერგამოსის ეკლესიისთვის, ანუ "მესამე ეპოქისთვის", უპირველეს ყოვლისა დამახასიათებელია ის, რომ ამ პერიოდში ეკლესია ცხოვრობს იქ, სადაც არის "სატანის ტახტი" და ეს მას ეთვლება მიმტევებელ გარემოებად. რას ნიშნავს ეს?

პერგამოსის ეპოქაში, მოხდა ეკლესიის პირობების სერიოზული ცვლილება, რომელმაც იმდენად გააძნელა ეკლესიის მდგომარეობა, რომ ქრისტე მას ამას განსაკუთრებულ დამსახურებაში უთვლის, რომ ის, მიუხედავად ამისა, მაინც მტკიცედ პყრობს ქრისტეს სახელს და არ უარყოფს ღმრთისადმი რწმენას.

არსებობს აზრი, რომ პერგამოსის ეკლესიის პერიოდი ეს არის ანტიქრისტეანულ, სატანურ ძალთა განსაკუთრებული აქტიურობის და მმართველობის პერიოდი. ესქატოლოგიურ კონტექსტში, ეს არის რევოლუციებისა და გლობალიზაციის პერიოდი.

პირდაპირი მნიშვნელობით, პერგამოსის სატანის ტახტთან დაკავშირებულია ორი მომენტი: ზოგიერთი ღვთისმეტყველი ისტორიულ ჩარჩოებში (ანუ კონკრეტულ ისტორიულ საუკუნეებში) მოიაზრებს შვიდი ეკლესიისადმი მიმართვას, რაც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, არ არის ზუსტი. ჩვენ უფრო ვემხრობით იმ აზრს, რომ ყველა ეპოქა, რომელმაც ისტორიის გარკვეულ ეტაპზე მიიღო თავისი დასაბამი გაგრძელდება მეორედ მოსვლამდე. ამ მხრივ, გამონაკლისი არც პერგამოსის პერიოდია. როგორც ჩანს მისი ეპოქა, დაიწყო გლობალური რევოლუციების ჟამს, როდესაც დაიდგა და გაძლიერდა "სატანის ტახტი". როგორც ყველა პერიოდი, ისიც უფლის მეორედ მოსვლის ჟამს დასრულდება.

ცნობილია, რომ ევროპაში, კერძოდ, ბერლნში პერგამოსის საკურთხეველი სპეციალურად ჩაიტანეს (იხ. სურ. 4.). ასე, რომ პირდაპირი მნიშვნელობით, დღეს "სატანის ტახტი" ევროპაში მდებარეობს. გარდა ამისა, ამ საკურთხევლის ზუსტი ასლის მიხედვით არის აშენებული ლენინის მავზოლეუმი მოსკოვში, რომლის ავტორი გახლავთ არქ. შჩუსცევი. საბჭოთა იმპერიის მისტიკური-კაბალისტური და ანტიქრისტეანული არსი კიდევ უფრო ააშკარავებს სიონისტების გეგმებს მსოფლიოს გასაერთიანებლად და ანტიქრისტეს გასამეფებლად. წარმართულ-კაბალისტური სიმბოლიკა ნათლად წარმოაჩენს აშშ-ს, ევროპკავშირისა და რუსეთის ერთობლივ შეთქმულებას გლობალური გაერთიანებისკენ, რომელსაც გარეგნულად ურთიერთწინააღმდეგობრივი სახე აქვს, მაგრამ, სინამდვილეში ერთ მიზანს, მსოფლიო გაერთიანებას და ანტიქრისტესთვის ტახტის მომზადებას ემსახურება.



სურ. 4. პერგამოსის სახკურთხეველი (ბერლინი, პერგამოსის მუზეუმი).


საგულისხმოა, რომ ლენინის მავზოლეუმიც დღემდე არსებობს; დღემდე არ დაუკრძალავთ "პროლეტარიატის ბელადი", ვლადიმერ ლენინი, რამაც საფუძველი მისცა შეხედულებას, თითქოდა ანტიქრისტე იყოს თვით ლენინი, რომელიც უცნაურად, ეშმაკის მანქანებით, მკვდრეთით უნდა აღსდგეს, რათა გაუკვირდეს მთელს მსოფლიოს, როგორც ეს წერია აპოკალიფსისში. მართალია, ეს კერძო შეხედულებაა, მაგრამ როგორც ყველა მოსაზრებას, მასაც აქვს არსებობის უფლება. ჩვენ მხოლოდ ფაქტებს ვაფიქსირებთ. ერთის მხრივ, რუსეთში ლენინის მავზოლეუმისა და ლუციფერიანული სიმბოლოკის დღემდე არსებობა, ხოლო მეორეს მხრივ, ევროპაში სატანის საკურთხევლის ჩამოტანა და აღდგენა, გვაძლევს იმის საბაბს ვივარაუდოდთ, რომ "პერგამოსის პერიოდი" დღემდე მოქმედებს და იმოქმედებს მანამ, სანამ ანტიქრისტეს თავისი მოსვლით არ მოსპობს ქრისტე მაცხოვარი.




სურ. 5. სატანის მეორე საკურთხეველი (პირველის ზუსტი ასლი) - ლენინის მავზოლეუმი მოსკოვში, წითელ მოედანზე


ამრიგად, "პერგამოსის" პერიოდში სატანა განსაკუთრებულად აძლიერებს თავის ტახტს. გასაგებია, რომ ქრისტესადმი ერთგულების შენარჩუნება მაშინ, როდესაც ქვეყნიერებაზე მოჭერილია სატანის არტახები და გაძლიერებულია "უსჯულოების ძეთა" მმართველობა, უფრო მეტ დამსახურებას წარმოადგენს, ვიდრე ადრინდელ პერიოდებში. ამიტომაც, აქებს უფალი ამ დროინდელ ეკლესიას და აფრთხილებს იმ საცთურებზე (გარყვნილებაზე, ბალაამისა და ნიკოლაელთა საცთურებზე), რომელიც ამ დროისთვის არის დამახასიათებელი. ამის შესახებ ვკითხულობთ შემდეგ მუხლებში:

"მაგრამ მაქვს შენს წინააღმდეგ მცირეოდენი, რადგანაც გყავს მანდ ზოგიერთნი, ბალაამის მოძღვრების მიმდევარნი, ბალაამისა, რომელმაც ასწავლა ბალაკს, საცდური დაედო ისრაელის ძეთა წინაშე, რათა ეჭამათ კერპთათვის შენაწირი და ემრუშათ. ასევე, შენც გყავს ნიკოლაელთა მოძღვრების მიმდევარნი, რომელნიც მე მძულს. მაშ, შეინანე, არა და, მალე მოვალ შენთან და შევერკინები მათ ბაგეთა ჩემთა მახვილით" (გამოცხ. 2:14).

როგორც წინა მიმართვებში, ისევე აქაც, სათნოებათა გამო შექების შემდეგ, უფალი, საყვედურობს პერგამოსის ეკლესიას, ცხადია, იმისთვის, რომ აღძრას სინანულად და უმეტესი სრულყოფილებისკენ წააქეზოს.

"ბალაამმა, რომელსაც ღმრთის ერის შეცდენა სურდა, ურჩია ბალაკს (მოაბელთა მეფეს, ციფორის ძეს (რიცხვ. 22:2, 4, 10, 14-16, 18, 36-41; 23:1-3, 5, 7, 11, 13, 15-18, 25-30; 24:10, 12-13, 25; იესუ ნავე 24:9; მსაჯ. 11:25; მიქა 6:5;) მახე დაეგო ისრაელის ძეთათვის სწორედ იმ მხრიდან, რა მხრივაც ავლენდა ის სისუსტეს. იგი დარწმუნებული იყო, რომ, თუკი მეძავ ქალებს შესთავაზებდა, დაუყოვნებლივ იმრუშებდნენ მათთან" (რიცხვ. 25:1-3; 31:16) (ღირ. იოანე კასიანე რომაელი). "ხედავ უსამართლობას და ბოროტის მზაკვარებას? მან ყველას სასიკვდილო ორმო გაუთხარა! თუ სმენია რომელიმე თქვენგანს ამგვარი უმსგავსება - ოპირმახვილაღლესული სიძვა? რამეთუ საშინელი, ორმაგი სიკვდილით ჰკლავდნენ დედაკაცნი მათთან დაცემულთ, როდესაც კერპთაყვანისცემისა და მათთან სამარცხვინო კავშირისკენ აღძრავდნენ მათ. სწორედ ამ ხერხს გამოიყენებს ანტიქრისტეც, როდესაც დრო-ჟამის აღსასრულს ცრუ ნიშებითა და სასწაულებით გამოჩნდება..." (ღირ. ეფრემ ასურელი).

"ამიტომაც ახსენებს ბალაამს, "რომელიც ასწავლიდა" ბალაკს, რითაც ეშმაკზე მიანიშნებს, რომელმაც ოდესღაც (გრძნობისმიერი) სიძვითა და კერპთაყვანისცემით ისრაელის ცდუნება ასწავლა ბალაკს (იესუ ნავე 24:9), რამეთუ ისინი, სიძვასა და კერპთმსახურებაში შთაცვენილნი, იმდენად დაეცნენ, რომ მსხვერპლი შესწირეს ბელფეგორს" (ანდრია კესარიელი).

ამ კიცხევაში პერგამოსელი ქრისტეანების თემს უფალი საყვედურობს იმას, რომ შემწყნარებლურად ეკიდებიან ნიკოლაელთ, რომელიც შედარებულია ბალაამს (რიცხვ. 31:16), "რომელმაც ასწავლა ბალაკს, საცდური დაედო ისრაელის ძეთა წინაშე, რათა ეჭამათ კერპთათვის შენაწირი და ემრუშათ". მწვალებელი ნიკოლაიტებიც ეძლეოდნენ გარყვნილებას და სხვასაც ასწავლიდნენ ასე ექნათ.

ნიკოლაიტთა საზოგადოება არ მიეკუთვნებოდა პერგამოსის ქრისტეანულ თემს, არამედ განკვეთილნი იყვნენ მისგან, თუმცა ცხოვრობდნენ იმავე ქალაქში. შედეგად, პერგამოსელ ქრისტეანთადმი გამოთქმულ საყვედურში უნდა დავინახოთ არასაკმარისი მოშურნეობა ღმრთის სიტყვის ქადაგებაში, ქრისტეანული სწავლების განდიდების საქმეში.

პერგამოსელ ქრისტეანთათვის ჭკუის სასწავლებელია ნიკოლაელთა მწვალებლობის შედარება ბალაამის რჩევასთან, რომელიც მისცა მან ბალაკს. როგორც მაშინ, ისრაელის ძენი, საცურით გატაცებულნი, ჭამდნენ კერპშენაწირს და მრუშობდნენ მოაბელ დიაცებთან, ასევე აქაც, ნიკოლაიტები ჭამდნენ კერპშენაწირს და ეძლეოდნენ ყოველგვარ გარყვნილებას. და როგორც მაშინ აღიძრა უფლის რისხვა ისრაელზე და 24 ათასი კაცი ამოწყვიტა (რიცხვ. 25:9). "პერგამელებსაც" იგივე ემუქრება, რადგან ღმერთი უცვალებელია თავის მართლმსაჯულებაში. ამიტომაც ითქვა: "შეინანე".

ეს არის ქრისტეანთა გაფრთხილება, მოწოდება, მკაცრი დამოკიდებულება იქონიონ ნიკოლაელთა მწვალებლობასთან. ხოლო თვით ნიკოლაელ მწვალებლებთან და მათ მიმდევრებთან მიმართებაში გამოთქმულია უფრო მკაცრი მუქარა. თუ ისინი არ შეინანებენ, უფალი ეწვევა პერგამოსს თავისი დამსჯელი მარჯვენით და "თავის ბაგეთა მახვილით შეერკინება მათ". ხოლო ამ "მახვილში", როგორც ზოგიერთი ეგზეგეტი შენიშნავს, უნდა ვიგულისხმოთ, ღმრთის განგებულების განსაკუთრებული მოქმედება, რომელიც უკეთურებს ანადგურებს მისი ყოვლისშემძლე სიტყვის მეშვეობით.

17. ვისაც ყური აქვს, ისმინოს, რას ეუბნება სული ეკლესიებს: მძლეველს მივცემ საჭმელად დაფარულ მანანას, მივცემ მას თეთრ ქვასაც და ქვაზე დაწერილ ახალ სახელს, რომელიც არავინ იცის, მიმღების გარდა.


გაფრთხილებებსა და მუქარას, ასევე ყურადღებისკენ მოწოდებას მოსდევს აღთქმა: "მძლეველს მივცემ საჭმელად დაფარულ მანანას, მივცემ მას თეთრ ქვასაც და ქვაზე დაწერილ ახალ სახელს, რომელიც არავინ იცის, მიმღების გარდა" (გამოცხ. 2:17).

ამრიგად, მანანის სიმბოლო აღებულია ძველი აღთქმიდან, რომელიც იყო "ზეციური პურის, ქრისტეს" წინასახე. ამ მანანის ქვეშ უნდა ვიგულისხმოთ მომავალი ნეტარი ცხოვრება უფალთან ერთად. მანანით ებრაელები იკვებებოდნენ უდაბნოში, ეგვიპტიდან გამოსვლის შემდეგ. ის ცვიოდა ციდან (გამ. 16:35) უდაბნოში ებრაელთა მთელი მოგზაურობის განმავლობაში. ამგვარად, ეს იყო პური, რომლითაც ზრდიდა უფალი თავის ერს ძველ აღთქმაში. ახალ აღთქმაში, ახალი ისრაელს მიეცა ახალი მანანა, ახალი პური. მის შესახებ მაცხოვარი ამბობს: "მე ვარ პური, რომელიც ჩამოველ ზეცით" (იოანე 6:41, 48, 51).

ამიტომ, აქაც, აპოკალიფსისში, "ფარულ მანანაში" უნდა ვიგულისხმოთ ხორცი და სისხლი იესუ ქრისტესი, რომელსაც მორწმუნეები სჭამენ ევქარისტიის საიდუმლოში. ეს საზრდელი, რომელიც ხელმისაწვდომია ნებისმიერი ქრისტეანისთვის, სხვადასხვაგვარად მოქმედებს: ზოგიერთთათვის ის არის ცეცხლი და განსჯა, სხვათათვის კი - მომავალი ნეტარი ცხოვრების საწინდარი. ასე რომ, ჯილდო, რომელიც აღეთქვა პერგამელ ქრისტეანებს, მარტო მომავალ ცხოვრებას კი არ ეხება, არამედ აწმყოსაც და მდგომარეობს საღმრთო მადლის მინიჭებაში, რომელიც თანდათან ღირს გახდის ქრისტეანს მომავალი, დაუსრულებელი ნეტარებისა, რომელიც ჯერ კიდევ აქ, დედამიწაზე, სათნო ცხოვრებისეულ ღვაწლში იღებს თავის დასაბამს.

რაღაც ამდაგვარს ნიშნავს მეორე ჯილდოს სიმბოლოც, ანუ "თეთრი ქვაც". ამ ქვაში არ შეიძლება ვიგულისხმოთ "ფირფიტა, რომელზეც ამოტვიფრული იყო "სიწმიდე უფლისა"" (გამ. 28:36), არ შეიძლება მასში ვიგულისხმოთ "ბრწყინვალე და ძვირფასი ქვა". ეს თეთრი ქვა წარწერით აპოკალიფსისის მკითხველს უნდა შეახსენებდეს იმ ქვას, რომელსაც სასამართლოზე იძლეოდნენ გამართლების ან გამტყუნების ნიშნად, ასევე სპორტულ შეჯიბრებებში, როგორც გამარჯვების გამოხატულებას.

ძველ დროში საზოგადო თამაშობებსა და შერკინებებში გამარჯვებულთ ანიჭებდნენ თეთრი ქვისგან გამოკვეთილ ფირფიტებს, რომელთაც გამარჯვებულნი შემდგომ წარადგენდნენ მოგებული ჯილდოს მისაღებად.

რომაელ მსაჯულებს კი ჩვეულებად ჰქონდათ შავი და თეთრი ქვებით შეეკრიბათ ხმები. თეთრი ქვა ნიშნავდა მოწონებას, შავი კი - დაძრახვას. იდუმალთმხილველთან თეთრი ქვა სიმბოლურად ნიშნავს ქრისტეანთა უბიწოებასა და სიწმინდეს, რომლისთვისაც ისინი დაჯილდოვდებიან მომავალ საუკუნეში.

ახალი სახელი მინიჭება სამეფოს წევრებისთვის დამახასიათებელი იყო მეფეებისა და ბატონებისთვის. ზეციური მეფეც თავისი სასუფევლის შვილებს მიანიჭებს ახალ სახელებს, რომლებიც მიანიშნებენ მათ მფლობელთა შინაგან თვისებებზე და მათ დანიშნულებასა და მსახურებაზე დიდების სამეფოში. მაგრამ, რადგან ყოველი ჩვენგანის სულმა იცის რა არის ჩვენში (შეად. 1 კორ. 2:11), ახალი სახელიც, რომელსაც ყოვლისმცოდნე მეუფე მიანიჭებს ქრისტეანებს, ცნობილი იქნება ამ სახელის მიმღებისთვის.

სიმბოლურად კი ამ ქვაში გამოიხატება ღმრთის სამართლიანი მსჯავრი ყოველ ქრისტეანზე, რომლის მიხედვითაც ან გასამართლდებიან ან დაჯილდოვდებიან ისინი, თანაც იმ ზომით, რა ზომითაც დაიმსახურა თითოეულმა. როგორც აქ, დედამიწაზე, ასევე იქ, ზეცაში, - ეს მისაგებელი თითოეული ადამიანისთვის განსაკუთრებულია და განსხვავებულია, "რომელიც არავინ იცის მიმღების გარდა", ისევე, როგორც არავინ იცის გამართლებული ადამიანის შინაგანი ნეტარება (შეად. ლკ. 17:21).

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню