ანტიერეტიკონი - ვისი მოწმეები არიან იეღოველები - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

სწავლანი > ანტიერეტიკონი

ეწოდება თუ არა ღმერთს "იეჰოვა",

ანუ

ვისი მოწმეები არიან "იეჰოველები"?!

იეღოვას მოწმეები

ამ ბოლო დროს ჩვენს საიტზე გამოქვეყნებული რამოდენიმე პუბლიკაცია, რომლებშიც ვამხელდით რასელისტთა, ანუ "იეჰოვას მოწმეთა" სახელით ცნობილი სექტის სწავლებებს, ზოგიერთი მკითხველის კრიტიკის საგანი გახდა. გვაკრიტიკებენ იმის გამო, რომ მათ "იეჰოვას მოწმეებს" ვუწოდებთ და "გვასწავლიან", რომ ამ სექტას რასელისტთა სექტა ეწოდება და არა "იეჰოვას მოწმეებისა", რადგან ნამდვილი "იეჰოვას მოწმეები" თურმე ჩვენ, ანუ მართლმადიდებლები ვართ; ზოგიერთი გვწერს, რომ ამ სექტის სწავლებაში ანტიქრისტიანულს ვერაფერს პოულობ, რითაც დადებით წარმოდგენას ქმნიან მათზე და ჩვენს ვითომცდა არაობიექტურობაზე მიანიშნებენ. "იეჰოვას მოწმეთა" ორგანიზაციაზე ზღვა მასალა არსებობს, რომლის მიხედვითაც ნათლად ჩანს ამ სექტის ტოტალიტარული და დესტრუქციული ხასიათი. მეტიც, ამ სექტის დამფუძნებელი ჩარლზ ტეიზ რასელი მასონობისადმი საკუთარ კუთვნილებას არც უარყოფდა (იხ. სტატია: ""მე ვარ თავისუფალი მასონი", ანუ ჩარლზე ტეიზ რასელის ჭეშმარიტი სახე") ასევე მისი იუდეო-ქრისტეანული მიმართულება. იეჰოველთა სექტა უარყოფს წმიდა სამების დოგმატს, უარყოფს იესუ ქრისტესა და სულიწმიდის ღვთაებრიობას და ღმერთად მხოლოდ მამას აღიარებს; უარყოფს საეკლესიო იერარქიას, რაც არა მარტო ძველ, არამედ ახალაღთქმისეულ ეკლესიაშიც არსებობდა (და დღემდე არსებობს). იერარქიის უარყოფის გარდა, "იეჰოვას მოწმეები" უარყოფენ საეკლესიო საიდუმლოებებს, ჯვარსა და ხატებს, და მრავალი სხვა. თითქოსდა ეს ყოველივე საკმარისი უნდა ყოფილიყო იმის ნათელსაყოფად, რომ "იეჰოვას მოწმეთა" სწავლება სრულიად შეუსაბამოა როგორც პირვანდელ, ასევე გვიანდელ ქრისტიანობასთან, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მავანი მაინც აცხადებ, რომ იეჰოვას მოწმეთა სწავლებებში ცუდს ვერაფერს ხედავ. აქედან გამომდინარე, როგორც ადრევე ვპირდებოდით ჩვენს მკითხველს, ვიწყებთ რასელისტების, ანუ "იეჰოვას მოწმეებისა" და ასევე სხვა მწვალებლურ სექტათა მამხილებელი პუბლიკაციების სერიას. იმედს ვიტოვებთ, რომ ეს პუბლიკაციები თვალს აუხელს დაბნეულთ და ნათელ წარმოდგენას შეუქმნის სხვადასხვა სექტანტურ მიმდინარეობებზე, მათ ერეტიკულ სწავლებებზე. ამ სერიის ჩვენი პირველი პუბლიკაცია შეეხება რასელისტების, იგივე "იეჰოვას მოწმეთა" სწავლებას უფლის სახელისა და მისი დაწერილობის შესახებ.

ავტორი: "მაქსიმე" (Maximus) - საიტ "აპოკალიფსისის" ადმინისტრატორი.

ღმერთის სახელზე მსჯელობა ღმერთის შემეცნებას, ანუ, უფრო ზუსტად, ღმერთის შემეცნების საზღვრების დადგენას გულისხმობს. შევიმეცნოთ რაიმე საგნის (ან არსების) სახელი, ნიშნავს, გავიგოთ მისი ვინაობა ან გავარკვიოთ მისი რაობა. როდესაც ღმერთზე ვმსჯელობთ, ამ ორიდან უცილობლივ ერთს უნდა მივანიჭოთ უპირატესობა (თუ რატომ - ეს ქვემოთ გამოჩნდება). კონკრეტულად საკითხი ასე დგება: რომელი თვალსაზრისით უნდა აღვიქვათ ღმერთის სახელი, ეს მისი კერძო სახელია თუ მისი არსების ან თვისების გამომხატველი ზედწოდება?

წმიდა მართლმადიდებლური ეკლესია უარყოფს ღმრთის კერძო სახელდებას (როგორც ეს ხდება მის ქმნილებებში. ვთქვათ, ადამიანებში, როცა ყველას თავისი საკუთარი სახელი აქვს) და გვასწავლის, რომ სახელი (როდესაც ღმერთზეა ლაპარაკი) შესაბამისობას უნდა ამჟღავნებდეს უფლის ბუნებასთან ან თვისებებთან. სხვაგვარად საღმრთო სახელს არავითარი აზრი არ ექნება. მაგრამ, ასე არ ფიქრობენ მწვალებლები (ჩვენს შემთხვევაში, ე. წ. "იეჰოვას მოწმეები"), რამეთუ ისინი, მართლმადიდებლური ეკლესიის საწინააღმდეგოდ, ღმერთის სახელს კერძო მნიშვნელობას ანიჭებენ.

"ეჭვგარეშეა, რომ ვისაც კი შენ იცნობ, ყველას სახელი აქვს, - წერენ ისინი, - საკუთარი სახელი აქვს ღმერთსაც - მისი პიროვნების სხვებისგან განსასხვავებლად" (ხაზგასმა ყველგან ჩვენია - ადმ.) (ციტ. წიგნიდან: "შენ შეგიძლია იცხოვრო დედამიწაზე მარადიულ სამოთხეში", 1989 წ. ციტ. "ვინ არიან იეღოვას მოწმეები", თბილისი 1994 წ. გვ. 14).

საღმრთო "სახელის" მნიშვნელობის ასეთი კერძო აღთქმა ყოვლად მიუღებელია. ერთი ძველი ქრისტეანი აპოლოგეტის სიტყვებით რომ ვთქვათ, "ასეთი რამ (ე. ი. ღმერთისთვის კერძო სახელის მიკუთვნება არქიეპ. პ.) მაშინ იქნებოდა საჭირო, მრავალი ღმერთი სათითაოდ რომ იყოს გასარჩევი" (მინუციუს ფელიქსი, "ოქტავიუსი", § 18).

მართლაცდა, ყველა ადამიანს თავისი საკუთარი სახელი აქვს, რათა მათი ერთმანეთისგან გარჩევა შევძლოთ. მაგრამ, ბიბლიაში მოხსენებული ესა თუ ის საღმრთო სახელი განა იმისთვის არის საჭირო, რომ ის "სხვა ღმერთებისგან" გავარჩიოთ. სამყაროში მხოლოდ ერთი ღმერთია და "არავინ არს სხუაი მისა გარეშე" (მარკოზ. 12:32; რჯლ. 4:35, 39)! ესეც ვიკითხოთ, ყოველთვის ჰქონდა ღმერთს ეს სახელი თუ ქვეყნიერების შექმნის შემდეგ "შეირქვა"? თუ ქვეყნიერების შექმნამდე შეირქვა, როდესაც ღმერთის გარდა არავინ და არაფერი არსებობდა, ამ სახელით მისი ამომცნობი ვინ უნდა ყოფილიყო? ხოლო, თუ იმ მიზეზით შეირქვა, რომ მომავალ ქმნილებას გაერჩია, მაშინ ვიკითხოთ - ვისგან? განა ღმერთი ერთი არ არის მთელ სამყაროში?

ხომ ბრძანებს წმ. ანტონი დიდი: "დარქმეული სახელი არის აღნიშვნა და გამოყოფა ერთისა მრავალთა შორის, ამიტომაც უდიდესი უგუნურებაა ფიქრი, რომ ღმერთს, რომელიც ერთადერთია, თავისი თანამოაზრე ჰყავდეს, რადგან თვით ღმერთი აღნიშნავს "დაუსაბამოს", ყოველივე რომ ადამიანისთვის შეუქმნია" ("სწავლანი", კრებულიდან "სათნოთმოყვარება", გვ. 250, § 162. იხ. აგრეთვე, საეკლესიო კალენდარი, 1991 წ. გვ. 250, §162).

ჭეშმარიტებას ბრძანებს ღვთისმეტყველი, როცა ამბობს: "ხიბლი და ცთუნებაა ცნობისწადილით ეშურებოდე გამოუკვლეველი ბუნების სახელდებას და ღმერთის კერძო სახელს ეძიებდე". "სახელი შენი დაღვრილი ნელსაცხებელია" (ქება 1:3) - ბრძანებს ბრძენი სოლომონი. ღვთიური ნელსაცხებლის სახელი ყოველგვარ სახელდებაზე აღმატებულია" (გ. ფლოროვსკი); თუ კვლავ აპოლოგეტს დავესესხებით "ნუ ეძებ ღმერთის სახელს. ღმერთია მისი სახელი" (მინუციუს ფელიქსი. "ოქტავიუსი", 3:18).

წმიდა, მართლმადიდებელ მამათა სწავლებით "ღვთაებრივ ბუნებასთან დაკავშირებულ მცნებებს, რომლებიც ჩვენს ცნობიერებაში იბადება, სახელდებითი ფორმით გამოვხატავთ, ასე რომ არავითარი სახელწოდება არ მიეკუთვნება საღმრთო ბუნებას რაიმე განსაკუთრებული შინაარსის გარეშე" (წმ. გრიგოლ ნოსელი. ციტ. გ. ფლოროვსკი. Г. Флоровский. Восточные отцы IV века. Париж, YMCA - PRESS, Paris, 1931, репринт., стр. 137).

გამოსვლათა წიგნის მე-3 თავში მოსე ეკითხება უფალს: "უთხრა მოსემ ღმერთს: კარგი, მივედი ისრაელიანებთან და ვუთხარი, თქვენი მამა-პაპის ღმერთმა გამომგზავნა-მეთქი. თუ მკითხეს მისი სახელი, რა ვუპასუხო? უთხრა ღმერთმა მოსეს: მე ვარ, რომელიც ვარ. კვლავ უთხრა: ასე უპასუხე ისრაელიანებს: რომელიც ვარ მგზავნის თქვენთან... კვლავ უთხრა ღმერთმა მოსეს: ასე უთხარი ისრაელიანებს: უფალმა, თქვენი მამა-პაპის ღმერთმა აბრაამის ღმერთმა, ისაკის ღმერთმა, იაკობის ღმერთმა გამომგზავნა თქვენთან. ეს არის ჩემი სახელი უკუნითი უკუნისამდე, ეს არის ჩემი სახსენებელი თაობიდან თაობამდე" (გამოსვლა 3:13, 15).

აქ გაუხსნა ღმერთმა მოსეს თავისი სახელი ("რომელი იგი არს"). მაგრამ რას ნიშნავს ეს და როგორ გავიგოთ, რომ ღმერთს "სახელი" აქვს? ეგზეგეტთა განმარტებით, სიტყვა ტეტრაგრამატონი YHWH, რომელსაც "იაჰვედ" კითხულობენ (თანაც ეს არ არის ტეტრაგრამატონის ერთადერთი წარმოთქმა) ნაწარმოებია ზმნა "ჰაია"-ს (ყოფნა, მყოფობა, არსებობა) არქაული ფორმიდან. ეს ღმერთის რაობის განსაზღვრება კი არ არის, არამედ ერთგვარი მითითება, რომელიც მომავალს ეხება. ღმერთი თითქოსდა ასე ეუბნება მოსეს: "მე ვარ მყოფი თქვენს სამყოფელში", ან კიდევ: "სდაც თქვენ იქნებით, "მე იქ ვარ" (შეადარეთ ქრისტეს სახელს "ემმანუელ", რაც ნიშნავს "ჩვენთან არს ღმერთი", ესაია 7:14; 8:8, მათე 1:23).



ეს არის მოწოდება ღმრთისა, რომელიც რჩეული ერის ისტორიაში შედის და რომელიც თავის ერში აპირებს დამკვიდრებას. ანუ ის იქნება მყოფი ჩვენ შორის, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ: მოსე გამოცდილებით შეიმეცნებს ადამიანთა შორის ღმერთის ჭეშმარიტ მყოფობას და ცდილობს თავის ერს ეს ღმრთისმყოფობა განაცდევინოს. მაგრამ, ამ თვალსაზრისით ღმერთი, თავის მყოფობას უცხადებს რჩეულ კაცობრიობას - თავის ეკლესიას, ჭეშმარიტ ისრაელს, რომლის წინასახე ხორციელი ისრაელია.

ამიტომაც ესიტყვება ასე მკაცრად ქრისტე იუდეველთ, რომლებიც ქრისტეში ცხოველსმყოფელ უფალს, ჭეშმარიტ მესიას - იაჰვეს უარყოფენ. რამეთუ ამას ნიშნავს თვით სახელი იესუ (ებრაული "იეშუა"-ს ბერძნული ფორმა. "იეშუა" ნიშნავს "უფლის შეწევნას", "მაცხოვარს" (Библейская энциклопедия, т 1. NB PRESS, Центурион, АПС, Москва, 1991 г., стр. 336).

მაცხოვარი ეუბნება იუდეველთ: "ამიტომაც გითხარით, თქვენს ცოდვებში მოკვდებით-მეთქი. რადგანაც თუ არ იწამებთ, რომ მე ვარ, თქვენსავე ცოდვებში მოკვდებით" (იოანე 8:24). ძველაღთქმისეულ ტერმინოლოგიაში სიტყვა "მე ვარ" (ებრ. "ანი ჰუ") - სიტყვა "მყოფი"-ს, იგივე "ღმერთის" ეკვივალენტურია. ეს ის სახელია, რომელიც ეუწყა მოსეს (გამოსვლა 3:14; შეად. ესაია 43:10; 48:12), ხოლო როდესაც ქრისტე საკუთარ თავთან მიმართებაში იყენებს ამ გამონათქვამს, მიანიშნებს, რომ ის არის ღმერთი და მაცხოვარი, "მყოფი" ჩვენს შორის, "ემმანუელ" - ჭეშმარიტი მესია და სასოება ისრაელისა.

ამ მიმართებით მეტად საყურადღებოა ნეტარი თეოფილაქტეს განმარტება: "საღმრთო წერილი სახელებს აძლევს საქმის მიხედვით, როგორც მაგალითად, "უწოდე სახელი მისი! ძალად წარმოტყუენე, მსწრაფლ იავარჰყავ" (ესაია 8:3), მაგრამ სად და ვინ იწოდა ამ სახელით?" სრულიად ცხადია, რომ აქ "სახელის" ცნება საქმეების მიხედვით ენიჭება უფალს, "რადგან მეუფეის (ანუ ქრისტეს - ადმ.) შობასთან ერთად მოტაცებულ და დატყვევებულ იქნა, - შეწყდა გზააბნეულობა (კერპთაყვანისცემა): ამიტომაც ითქმება, რომ ის ასე იწოდა, სახელი თავისი საქმისგან მიიღო" (მათეს სახარების განმარტება. 1:23). ასევე, როდესაც ქრისტეს ეწოდა "ემმანუელი" (რაც ნიშნავს "ჩვენთან არს ღმერთი" - ადმ.), წმ. წერილმა თვით საქმეებით მიგვანიშნა, რომ ეს არის ღმერთი, ჩვენთან მყოფი.

როგორც ძველ ისრაელს უნდა გაეთავისებინა ის აზრი, რომ ღმერთი მათთან მყოფია, ასევე ახალი, ჭეშმარიტი ისრაელი, - ქრისტეს ეკლესია, რომელიც ქრისტეს მისტიკური სხეულია, ითავისებს იმ რწმენას, რომ ქრისტე "ემმანუელია", მასთან მყოფია (შეად. მათე 28:20).

მაგრამ აქვე უნდა აღინიშნოს ის, რომ ამ უსაიდუმლოეს სახელით, როდესაც ღმერთმა თავის თავს "მყოფი" უწოდა, წმ. გრიგოლ ნოსელის განმარტებით, გვამცნო, რომ მხოლოდ ის ერთია ჭეშმარიტად არსებული, ანუ მხოლოდ მასში არსებობს ჭეშმარიტი ყოფიერება, ხოლო თავად ყოველგვარ ქმნილ ყოფიერებაზე უსაზღვროდ აღმატებულია. ამიტომაც, ყოველივე ღმერთის გარდა, როგორც მოჩვენებითი ყოფიერება თითქოსდა "არც კი არსებობს" (Архимандрит Алипий, Архимандрит Исаия, "Догматическое богословие". Курс лекций. Св. Тройце-Сергиева Лавра, 1997 г., стр. 78, 79).

ამრიგად, "წმ. მამათა სწავლებით, ღმერთის არსის გამოთქმა ცნებებითა და სიტყვებით ყოვლად შეუძლებელია. ნებისმიერი სიტყვა თუ ცნება საღმრთო ყოფიერებასთან შეუდარებელია, რამეთუ ის გონიერი ქმნილების ცნობიერებაზე აღმატებულია. ღმერთი ყოველგვარ სახელწოდებაზე აღმატებულია. ღმერთს არა აქვს კერძო სახელი, რადგან შეუძლებელია განუსაზღვრელ ბუნებას "სახელის" მნიშვნელობის მქონე სიტყვა მოიცავდეს. -  ბრძანებს წმ. გრიგოლ ნოსელი. რამეთუ ყოველი სახელი ან ყოველი მცნება თავისთავად განსაზღვრულობასა და შეზღუდულობას გულისხმობს, მაშინ, როდესაც საღმრთო ყოფიერება უსასრულოა, უსამანოა და ამიტომაც განუსაზღვრელია" (გ. ფლოროვსკის დასახ. ნაშრ. გვ. 139, 140).

წმ. იოანე დამასკელის განმარტებით, "ყოველი სახელის დანიშნულებაა აღსანიშნი საგნის არსს გამოხატავდეს. ხოლო ღმერთი, რაკიღა ის მიუწვდომელია, უსათუოდ უსახელოც უნდა იყოს, რადგან არ ვიცით მისი ჭეშმარიტი არსება, ამიტომაც ნურც ამ სახელის ძიებას დავიწყებთ... ამასთან, თუკი ცოდნა, ზოგადად, ყოველივე იმას განეკუთვნება, რაც არსებობს, მაშინ როგორღა იქნება შესაძლებელი შემეცნება და ცოდნა იმისა, ვინც ყოველივე არსებულზე აღმატებულია?!... რადგანაც ღმერთი მიუწვდომელია (ადამიანის გონებისთვის), ამდენად ის უსახელოცაა" (წმ. იოანე დამასკელი. "მართლმადიდებლური სარწმუნოების ზუსტი გადმოცემა", წიგნი I, თ. მე-12).

გამონაკლისს არც საიდუმლო და ღვთითგამოცხადებული სახელი "მყოფი" ("იაჰვე") წარმოადგენს. მეტიც, სწორედ ეს სახელი მიანიშნებს ღმერთის უსახელობას, რამეთუ ის არის უთვისებო და არაფრის გამომხატველი პრედიკატი. "სხვაა ცნება ყოფიერებისა და სხვა - სახე ყოფიერებისა. პირველი დღემდე გამოუთქმელია და განუმარტავია. ღმერთის შესახებ შეუძლებელია რაიმეს ცოდნა, გარდა იმისა, რომ ის არსებულია, რამეთუ ამას მიანიშნებს სიტყვა: "მე ვარ მყოფი..."" (წმ. გრიგოლ ნოსელი. ციტ. გ. ფლოროვსკი, დასახ. ნაშრ. გვ. 140).

ამრიგად, როგორც ბრძანებს წმიდა და დიდი დიონისე არეოპაგელი, "ღმრთაება ნებისმიერ სიტყვაზე და შემეცნებაზე აღმატებულია; ის საერთოდ ყოფიერებისა და აზროვნების მიღმა მდებარეა ისე, რომ მისი გრძნობა, წარმოსახვა, სახელი, გონება, შეხება და აზროვნება ჩვენთვის სრულიად მიუწვდომელია... გულისხმაჰყვეს რა ეს ყოველივე, ღმრთისმეტყველნი ადიდებენ მას იმ მიზეზით, რომ ღმერთის გამოცხადების ერთ-ერთ საიდუმლო და სიმბოლურ გამოცხადებაში, როდესაც მას იაკობმა ჰკითხა: " მითხარი შენი სახელი" (დაბ. 32:23), თითქოსდა ღმრთის სახელდებულ შემეცნებას განეშორებაო, ღმერთმა ასე უპასუხა: "რისთვის მეკითხები სახელს? ის საკვირველია" (დაბ. 32:29-32)".  და, მართლაც, განა საკვირველი არაა სახელი, რომელიც ყოველგვარ სახელდებაზე აღმატებულია, უსახელოა და "ყველა იმ სახელზე მაღალია, სახელად რომ ითქმის არა მარტო ამ საწუთროში, არამედ მომავალშიც" (ეფეს. 1:21) (Божественные имена. Мистическое богословие, изд. "Путь к истине", Киев, 1991 г., стр. 20).

ახლა ისიც გავარკვიოთ, მხოლოდ მამას ეკუთვნის ეს სახელი თუ მთლიანად ყოვლადწმიდა სამებას. აი, რას ბრძანებს წმ. დიონისე არეოპაგელი: "წმიდა წერილში ნებისმიერი საღმრთო სახელი ყოველთვის კერძოობითი კი არ არის, არამედ მთლიანი მნიშვნელობითაც ადიდებს მთელ ღვთაებას თავის სისრულეში. ისინი (საღმრთო სახელნი - ადმ.) განუყოფლად, განუცალკევებლად, განუწვალებლაედ და მთლიანად განეკუთვნებიან ყოველივეში სრულიად და სრულყოფილი ღვთაების მთელ სისრულეს" და მართლაც... თუ ვინმე დაიწყებდა იმის მტკიცებას, რომ ეს სახელები არ განეკუთვნებიან მთელს ღვთაებას (ანუ წმ. სამებას - ადმ.), დიდ მკრეხელობას ჩაიდენდა, რამეთუ, უსჯულო კადნიერებით განუყოფელი ერთობის განყოფას დაუშვებდა.

ამგვარად, დამტკიცებულია, რომ ისინი ღმრთაების მთელ სისავსეს განეკუთვნებიან; და მართლაც, არა მხოლოდ ღვთივშობილმა ძემ ბრძანა: "მე სახიერ ვარ" (მათე 10:15), არამედ ერთმა "ღვთითშთაგონებულმა წინასწარმეტყველმა" სულიწმიდის სახიერებასაც (ე. ი. სიკეთესაც - ადმ.) უგალობა (ფსალმ. 142:10). კვლავაც, "მე ვარ მყოფი" (გამოსვლა 3:14) ღმრთაების მთელი სისავსის სადიდებლად თუ არ არის ნათქვამი, მაშინ როგორღა უნდა გავიგოთ შემდეგი: "ამას ბრძანებს ყოვლისმპყრობელი, "რომელი არს და რომელი იყო, და რომელი მომავალ არს" (გამოცხ. 1:4); ან კიდევ, "ხოლო შენ თავად იგივე ხარ" (ფსალმ. 101:28)...

ასე, რომ განუყოფელი ღვთაება ყოფიერების მთელ სისრულეზე მეუფებს, რაც შეეხება ღმერთმამობასა და ღმერთძეობას, ვფიქრობ, იმისი დათვლაც კი შეუძლებელია, თუ რამდენგზის უწოდებს წმინდა წერილი მამას და ძესაც უფალს" (Божественные имена... იქვე, გვ. 22, 23).

ამრიგად, უფლის სახელი "მყოფი" თანაბრად განეკუთვნება როგორც მამას, ასევე ძეს და სულიწმიდას, რამეთუ შეუძლებელია ითქვას, რომ "მყოფია" მხოლოდ მამა და არა ძე ან სულიწმიდა. წმ. დიონისე ერთი და განუყოფელი ღმრთაების განყოფად და განწვალებად მიიჩნევს ამგვარ მტკიცებას; თუ მხოლოდ მამაა "მყოფი", მაშინ ძე და სულიწმიდაც "ქმნილებები" ყოფილან (სწორედ ამიტომ არ აღიარებენ მათ საღმრთო იპოსტასებად "იეჰოვას მოწმეები", რამეთუ მათი აზრით ძესა და სულიწმიდას მყოფობა, ქმნილების მსგავსად, მამისგან მისცემიათ. ამას ამტკიცებდა არიოზი და ამავე აზრს ადგანან მისი სულიერი შთამომავლები - "იეჰოვას მოწმეები". შორს ჩვენგან ასეთი მწვალებლობა!



ხატი "შეუწველი მაყვლოვანი"



***


ღმერთის სახელთა თეოლოგიური ასპექტი ზემოთ უკვე განვიხილეთ, ახლა ვნახოთ მისი ლინგვისტური ასპექტი.

რასელისტთა სექტის წარმომადგენლები, რომლებიც უფრო "იეჰოვას მოწმეთა" სახელით არიან ცნობილნი, ხშირად გვიყენებენ "კონტრარგუმენტს", რომელიც დაახლოებით ასე ჟღერს: "დირექტორი" - ეს სახელია თუ თანამდებობა? ან "ბატონი" - ეს ტიტულია თუ სახელი? მაშ, როგორ ამბობთ, რომ სიტყვები "ღმერთი" და "უფალი" სახელია? ღმერთს აქვს თავისი სახელი, და თქვენც იმოწმებთ ტეტრაგრამატონს YHWH (ან JHWH), რომელიც ბიბლიაში 7000-ჯერ გვხვდება. მთელს მსოფლიოში მას კითხულობენ როგორც "იეჰოვას", თქვენ კი არ შიფრავთ მას და არ იმოწმებთ გამოსვლათა წიგნის 3-ე თავის 15-ე მუხლს. მაშ, მოდი, პატიოსნად ჩავსვათ ბიბილიაში ეს ტეტრაგრამატონი ისე, როგორც ორიგინალურ ტექსტებში გვაქვს".

ჩვენი პასუხი ასეთია: ძველაღთქმისეულ ბიბლიურ ტრადიციაში ცნობილია უფლის ათამდე სახელი: იაჰვე, ელოჰიმ, ელ, შადდაი, ელიონ, ადონაი, ცაბაოთ და სხვა (იხ. ქვემოთ).
თითოეული მათგანი შეიცავს საკუთარ ინფორმაციას და ღმრთის ამა თუ იმ თვისებაზე მიანიშნებს. დამასკოში მიმავალი სავლე, რომელიც ქრისტეანებს დევნიდა, გზაში გამოცხადებულ ნათელს ეკითხება: "ვინა ხარ შენ, უფალო?", მას აინტერესებს რა სახელით გამოეცხადა ღმერთი დამასკოს გზაზე და ესმის: "მე ვარ იესუ, როემელსაც შენ სდევნი. გაგიჭირდება წიხლვა დეზისა" (საქმე 9:5). ამ მომენტიდან აღიჭურვება სავლე-პავლე უფლის ამ სახელით, მისი ქადაგებით გამოდის "ცოდვის ეგვიპტიდან" და გაურბის "სულიერ ფარაონს" (ეშმაკს). ძველი ეკლესიის რწმენა უფლის ამ სახელის ცხოველმყოფელი ძლიერებისდმი გამოიხატებოდა და დღემდე გამოიხატება სიტყვებით: "არც კაცთათვის მოცემული სხვა სახელი არის ცის ქვეშ, ვის მიერაც ვიხსნიდით თავს" (საქმე 4:12).



ღვთის სახელების საკითხი გადაწყვეტილია როგორც ძველ, ასევე გვიანდელ პატრისტიკაში, ასევე ბიბლიურ მეცნიერებაშიც. როგორც წმიდა მამებისეული ღვთისმეტყველების წარმომადგენლები, ასევე ბიბლიური მეცნიერების სფეროს წარმომადგენელი მეცნიერები, ერთხმად აღიარებენ, რომ წმიდა წერილი გვიხსნის რამოდენიმე საღმრთო სახელს, რასაც მხოლოდ ზოგიერთი სექტის წარმომადგენელი ხდის სადავოდ. ამ მიმართულებით განსაკუთრებულ აქტიურობას იჩენენ ე. წ. "იეჰოვას მოწმეები". ისინი ირწმუნებიან, რომ არსებობს ღმრთის მხოლოდ ერთი დაფარული სახელი (იეჰოვა), რომელსაც ისინი მიაგებენ პატივს, ხოლო ყველა დანარჩენი, თითქოსდა, ტიტულებია. ეს მტკიცებულება წმიდა წერილის საწინააღმდეგოა.

წმიდა მწერლები იყენებენ სიტყვას "ხაშემ" (სახელი). ის გამოიყენება არა მარტო ღმრთის, არამედ ადამიანების მიმართაც. დამოწმებულია ის გამოსვლათა წიგნშიც (3:13-15). წინასწარმეტყველი მოსე კითხულობს: "უთხრა მოსემ ღმერთს: კარგი, მივედი ისრაელიანებთან და ვუთხარი, თქვენი მამა-პაპის ღმერთმა გამომგზავნა-მეთქი. თუ მკითხეს მისი სახელი, რა ვუპასუხო? უთხრა ღმერთმა მოსეს: მე ვარ, რომელიც ვარ" (გამ. 3:13-15). ებრაულ ტექსტში მოცემულია ოთხი ასოსგან შემდგარი სიტყვა. ეს ასოებია: იოდი (ჰ), ვავ, (ჰ) (YHWH). ამ სიტყვამ მიიღო ტეტრაგრამატონის სახელწოდება (tetra - ოთხი ; gramma - ასო). ებრაელები გარკვეული დროიდან ამ სახელს არ წარმოთქვამდნენ. ერთ-ერთი იუდაური გადმოცემა ამ აკრძალვას სიმეონ მართლის დროებას (III ს. ქრ. შ.-მდე) განაკუთვნებს, რომლის სიკვდილის შემდეგ მღვდლებმა ტეტრაგრამატონის გამოყენება ღვთისმსახურებაშიც კი შეწყვიტეს. ამიტომაც, ტეტრაგრამის გვერდით სვამდნენ სხვა სახელს, რომელიც ასევე ოთხი ასოსგან შედგებოდა: ალეფ, დალეტ, ნუნ და იოდი - ადონაი. სწორედ მას წარმოთქვამდნენ ისინი ტეტრაგრამის ნაცვლად, ანუ - ადონაი. სამეფო ტიტულ "ადონი"-სგან (ბატონი, მბრძანებელი) განსხვავებით "ადონაი" (ჩემი უფალი) ბიბლიაში მხოლოდ ღმერთს განეკუთვნება. მთელ რიგ ადგილებში ეს სახელი მიმართვის ფორმით უკვე ბიბლიის ძველ ტექსტებშიც გვხვდება: დაბ. 15:2,8; გამ. 4:10,13; მეორე სჯ. 9:26; ნავ. 7:7 და სხვა.

ტეტრაგრამატონი - ოთხი ასოსგან შემდგარი უფლის სახელი ბიბლიის ევროპულ ტექსტში გვხვდება 6823-ჯერ. ამ სახელი წკითხვა ლათინურ-კათოლიკური ტრანსკრიპციით - "იეჰოვა" - ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს. ამ საკითხთან დაკავშირებით "ევროპულ ენციკლოპედიაში" ვკითხულობთ: "... ბიბლიის უახლეს თარგმანებში უფლი სახელი (იაჰვე - JHWH), წარმოდგენილია ფორმით "იეჰოვა", რომელიც ფილოლოგიური თვალსაზრისით დაუშვებელია. ხსენებული ფორმა წარმოიშვა სახელ JHWH-ს გახმოვანების სურვილით. ამ თვალსაზრისით სახელი "იეჰოვა" არც ერთხელ არ გვხვდება წმ. წერილის ებრაულ ტექსტში. მას ვხვდებით მხოლოდ წმ. წერილის რუსულ, სინოდალურ თარგმანებში (იხ. დაბ. 22:14; გამ. 3:14; 15:3; 17:5; 33:19; 34:5ლ ნსაჰ, 6:24; ოსია 2:5 და სხვა), რაც ლათინურ-პაპისტური ტრადიციის სქოლასტიკური ზეგავლენის გამოხატულებაა, რომელიც რუსეთის ეკლესიის ისტორიაში დომინირებდა XVII-XIX საუკუნეების სკოლარულ ღვთისმეტყველებაში.

მოციქულთა სწორ და სლავთა განმანათლებელ წმმ. კირილესა და მეთოდეს (IX ს.) მიერ ნათარგმნ სლავურ ბიბლიაში სიტყვა "იეჰოვა" არსად გვხვდებ. არ არის ის არც ბიბლიის გენადისეულ სიაშიც (1499 წ.). პირველნაბეჭდი "ოსტროგის" სლავური ბიბლია (1581 წ.) ასევე არ იცნობს ამ სახელს. არ გვხვდება ის ბიბლიის ძველქართულ თარგმანებშიც. "დაბადების" წიგნისა (22:14) და "გამოსვლათა" წიგნის (3:14) ცნობილი ადგილები იკითხება ასე: "და უწოდა აბრაამ სახელი ადგილისა მის "უფალმან იხილა", "მე ვარ რომელი ვარ". სახელ "იაჰვეს" ძველებრაულ გაგებას შეესაბამება სწორედ ეს გამონათქვამი: "მე ვარ, რომელი ვარ" (სხვა ვერსიით "მე ვარ მყოფი"). ასეა სლავურშიც: "Аз есмь еже есмь" (Я есмь тот, кто я есмь"). წმ. წერილის ბერძნული თარგმანი "სეპტუაგინტა" (III ს. ქრ. შ.-მდე) ასევე არ იცნობს სახელს "იეჰოვა"ს.

ებრაული ალფავიტი შედგება მხოლოდ 22 თანხმოვნისგან. ქრისტეს შობიდან დაახლოებით VI საუკუნეში გაჩნდა გახმოვანების სისტემა (ნექუდოტი), მასორეტებმა (ებრ. "მასარა" - გადმოცემა), ანუ გადმოცემის დამცველებმა, ეს ხმოვანი ასოები სახელიდან "ადონაი"  შეგნებულად გადაიტანეს ტეტრაგრამაზე.

შუასაკუნეების ევროპელმა მეცნიერებმა ვერ შეამჩნიეს ეს პირობითობა და ეს გახმოვანება ტეტრაგრამის საკუთარ ხმოვან ასოებათ მიიჩნიეს. ამიტომაც რამოდენიმე საუკუნის განმავლობაში ტეტრაგრამას კითხულობდნენ არსწორად, ანუ როგორც "იეჰოვას". XVI-XVII საუკუნეებში მრავალი მეცნიერ-ებრაისტი (ბუკსტროფი, დრუზი, კაპელი, ალტინჰი) ამგვარი წაკითხვის წინააღმდეგი გამოვიდა. მაგრამ, რადგან სანაცვლოდ არავის შემოუთავაზებია ზუსტი წარმოთქმა (ეს შეუძლებელიც იყო, რადგან ტეტრაგრამატონის ზუსტი წარმოთქმა არავინ იცის), ადრინდელი წარმოთქმა "იეჰოვა" დარჩა. XIX ს.-ის პირველ ნახევარში გერმანელმა მეცნიერმა ევალდმა ტეტრაგრამატონის სხვაგვარი წაკითხვა ივარაუდა - Jahvah (იაჰვა). ეს წინადადება უცებ როდი მიიღეს, არამედ მხოლოდ იმგვარი მკვლევარების მხარდაჭერის შემდეგ, როგორებიც იყვნენ გენსტენბერგი და რეინკე. ევალდის მიერ შემოთავაზებული წაკითხვა, არ წარმოადგენს ნამდვილი სახელის გახსნას. ის მიღებულია ფილოლოგიური მეთოდით. ამიტომაც შესაძლოა ორი ვარიანტი: Jahvah და Jahveh. გამოჩენილი რუსი მკვლევარი არქიეპისკოპოსი თეოფანე (ბისტროვი) ისტორიულ მონაცემებზე დაყრდნობით სინამდვილესთან უფრო შესაბამის გამონათქვამად მიიჩნევდა წარმოთქმას Jahveh (იაჰვე).

აღსანიშნანვია, რომ ძველბერძენი მწერლები, რომლებიც აღწერდნენ იუდეველთა წეს-ჩვეულებებს და ეს სიტყვა მათგან სმენოდათ, გვაძლევენ ამ სახელის წარმოთქმას (ბერძნულში არის არა მარტო ხმოვნები, არამედ მახვილიც). დიოდორ სიცილიელი (90-30 წწ. ქრ. შ.-მდე) წერს: "ხოლო იუდეველებთან მოსეს ღმერთი, რომელსაც იაო (
α) ეწოდება" (Диодор Сицилийский. Историческая библиотека (Ιστορική Βιβλιοθήκη) Ч.1; 94). ირინეოს ლიონელი (II ს.) ამ სახელს ასევე "იაო"-დ წარმოთქვამს ((α) Patrologia Graeca 7 (1) col. 481). კლიმენტ ალექსანდრიელი (II ს.) წერს: "ტეტრაგრამა, ანუ იაოუ (αού) რომელიც ნიშნავს "არსებულს და მომავალს" (Климент Александрийский Строматы книга 5 VI (4) // Patrologia Graeca 9 col. 60). ორიგენე (III ს.) გვაძლევს სახელს როგორც "იაო" და როგორც "ია" ( Patrologia Graeca 11 col. 1345 // π δ τν βραϊκν γραφν τν α Ἰὰ παρ' βραίοις νομαζόμενον κα τν Σαβαθ κα τν δωναον κα τν λωαον. Τ δ π τν γραφν ληφθέντα νόματα πώνυμά στι το ατο κα νς θεο· περ μ συνέντες ο χθρο θε, ς κα ατο μολογοσιν, ήθησαν λλον μν εναι τν α τερον δ τν Σαβαθ κα τρίτον παρ τοτον τν δωναον, ν λέγουσιν α γραφα δωναΐ, κα λλον τν λωαον, ν ο προφται νομάζουσιν βραϊστ λωαΐ).

ამ სახელისა და ღმრთის სხვა სახელების მნიშვნელობა IV საუკუნეში განმარტა ეპიფანე კვიპროსელმა წიგნში "პანარიონი": "იავე (
αβέ) - ის, ვინც არის და იყო, და ყოველთვის არსებობდა, როგორც მოსე განმარტავს: "ასე უპასუხე ისრაელიანებს: რომელიც ვარ მგზავნის თქვენთან" (ძვ. ქართ.: "რომელ-იგი არს, მან მომავლინა მე თქუენდა") (გამოსვლა 3:14) (Творения святого Епифания Кипрского. Ч. 2 стр. 117 Москва. Издательство Готье 1864 год. // Patrologia Graeca 41 col. 685). თეოდორიტე კვირელი (V ს.) წერს: "სამარიტელნი ასე წარმოთქვამენ: იავე (αβέ), ხოლო იუდეველნი ამბობენ აია (Ἀῐά) (Творения блаженного Феодорита, епископа Киррского часть 1 1905. С. 99 // Patrologia Graeca 80 col. 244).

IV ს.-ის ქრისტეანი მეცნიერ-მკვლევარები და თეოლოგები წმ. ეპიფანე კვიპროსელი (იხ.Творения святого Епифания Кипрского. Ч. 2 стр. 117. Москва, издательство Готье 1864 год) და ნეტ. იერონიმე სტრიდონელი (Творения блаженного Иеронима Стридонского том 1 стр. 153), რომლებმაც კარგად შეისწავლეს იუდეველთა წესები და ჩვეულებები, და თვითონაც კარგად მეტყველებდნენ ებრაულ ენაზე, წერენ, რომ ეს სახელი ღმრთის ერთადერთი სახელი როდია იუდეველებში, არამედ მრავლიდან ერთ-ერთი; ის იუდეველებში გამოიყენება ისეთი სახელების გვერდით, როგორიცაა ელ, რაც ღმერთს ნიშნავს, ელოჰიმ - მარადიული ღმერთი, ელი - ღმერთი ჩემი, შადდაი - მზრდელი, რაბუნი - უფალი, ადონაი - უფალი არსებული და სხვა. იერონიმემ ღმრთის 10-მდე სახელი ჩამოთვალა, რომლებიც იუდეველებში გამოიყენებოდა. ხოლო ქრისტეანები ქრისტედან მოყოლებული ვიდრე XVI ს.-მდე ტერმინს "იეჰოვა" ან ფონეტიკურად მის მსგავს რომელიმე გამოთქმას ღვთის სახელად აბსოლუტურად არ იყენებდნენ.

ბიბლიური მეცნიერების ზუსტი მონაცემების მიუხედავად, "იეჰოვას მოწმეთა" სექტის წარმომადგენლები ტეტრაგრამის შეცდომით წაკითხვის საფუძველზე აგებენ თავიანთ "დოგმატიკას". მათი პათოსი ასეთია: "მთელს მსოფლიოში ღმრთის სახელი გადმოიცემა როგორც "იეჰოვა" ან "იაჰვე"...". უპირველეს ყოვლისა უნდა ვიკითხოთ: მაინც რომელი სახელი? იეჰოვა თუ იაჰვე? ეს ხომ ორი სრულიად განსხვავებული სახელია? მეორეც, მართლაც მთელს მსოფლიოში გადმოიცემა უფლის სახელი "იეჰოვად", თუ ამგვარ წაკითხვას მხოლოდ ხსენებული სექტის წარმომადგენლები უჭერენ მხარს? აი რას ბრძანებს ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი, ჰებრაისტი ტომას ო. ლამბდინი ტეტრაგრამატონში მოცემული სახელის შესახებ: "თავდაპირველად ის სავარაუდოდ წარმოითქმებოდა როგორც Yahwe (იაჰვე). შემდეგ, ღვთისმოშიშებითი მოსაზრებით, მისი წარმოთქმა შეწყვიტეს, და ხმამაღლა Adonay-ის (უფალი) წარმოთქმა დაამკვიდრეს. ეს ჩვეულება, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე რამოდენიმე საუკუნით ადრე აღმოცენდა და თავიანთ პუნქტუაციაში ასახეს მასორეტებმა, რომლებმაც Adonay-ის გახმოვანება გადაიტანეს ბიბლიაში დასმულ ასოებზე (ტექსტის ავტორთან ტეტრაგრამა მოცემულია ებრაული შრიფტით - იოდი, ჰე, ვავ და ჰე. ასე იშვა "ჰიბრიდული" დაწერილობა (იეჰოვა), რომელიც არანაირ რეალურ წარმოთქმას არ ასახავს.

მოგვიანებით პირობითი მასორეტული დაწერილობა ევროპელმა მეცნიერებმა ბუკვალურად წაიკითხეს - აქედან მივიღეთ არასწორი, ძველ და გვიანდელ ტრადიციასთან შეუსაბამო ფორმა - "იეჰოვა" (Томас О.Ламбдин. Учебник древнееврейского языка, пер. с англ., М., 1998, с. 117).  რაც შეეხება წარმოთქმას "იაჰვე", მეცნიერ-ჰებრაისტი მხოლოდ ვარაუდობს, რომ "ეს სახელი სავარაუდოდ გამოითქმებოდა როგორც Yahwe".

დღეისთვის მრავალი თანამედროვე მეცნიერი (იხ. მაგალითად: " თომას ო. ლამბდინი. Учебник древнееврейского языка. - Москва: Российское библейское общество, 1998. - С. 117. - "YHWH - собственное имя Бога. Первоначально оно произносилось скорее всего как yahwe"), ღვთისმეტყველი (მაგალითად: Аким Олесницкий О древнем имени Божием // Христианское чтение. - 1887. - № Май. - С. 36. - "четырёх-буквенное имя Божие должно быть правильно произносимо так: Jaue или Jave") და საცნობარო გამოცემების შემდგენელი მიიჩნევს, რომ "იეჰოვა" წარმოადგენს ტეტრაგრამატონის არასწორ, ცთომილ წაკითხვას. კერძოდ, "ებრაული ელექტრონული ბიბლიოთეკა" წარმოთქმა "იაჰვეს" უფრო კორექტულად მიიჩნევს (Тетраграмматон - статья из Электронной еврейской энциклопедии).

თანამედროვე დასავლურ საღვთისმეტყველო ლიტერატურაში "იაჰვე" საკმაოდ ხშირად გვხვდება, მაგრამ შეიძლება თუ არა ლოცვითად მოვუწოდოთ სახელს, თუკი ის ჩვენ არ გამოგვცხადებია, არამედ მიღებულია ლინგვისტური ძიებების შედეგად? შეიძლება თუ არა ის ჩავრთოთ ლოცვებში, თუკი თვით მეცნიერებიც ბოლომდე ვერ გარკვეულან ზუსტია თუ არა ეს წარმოთქმა?



როგორ წარმოთქვამენ მართლმადიდებელი ქრისტეანები ტეტრაგრამის გამოსახულებას? ძველაღთქმისეულ ტრადიციასთან სრული შესაბამისობით. რადგან ტაძარში იკითხებოდა "ადონაი" (უფალი), ქრისტეს შობამდე III ს.-ში, ბერძნულ ენაზე წმიდა წერილის გადათარგმნის დროს 72-მა იუდეველმა მთარგმნელმა ტეტრაგრამის ნაცვლად ტექსტებში ჩასვა "კიურიოს" (უფალი). წმიდა მოციქულები იყენებდნენ ბიბლიის ბერძნულ ტექსტს. ეს დამტკიცებულია სახარების ტექსტის ანალიზით. მათი მიბაძვით ჩვენც წარმოვთქვამთ - უფალს (ბერძნ. კიურიოს), და არა იაჰვეს.

ახლა განვიხილოთ სხვა პრინციპული თემა: ღმერთს ერთი სახელი აქვს თუ მრავალი?

მივმართოთ წმიდა წერილს:

1. იგივე სიტყვა "ხაშემ" (სახელი), ისევე როგორც გამოსვლაში (3:13-15), გამოყენებულია იმ ადგილებშიც, სადაც ტეტრაგრამა არ გვხვდება: "რადგან არ უნდა სცემდეთ თაყვანს უცხო ღმერთს, ვინაიდან ეჭვიანია (მოშურნეა) უფლის სახელი, ეჭვიანი (მოშურნე) ღმერთია იგი" (გამ. 34:14). ებრაულ ბიბლიაში აქ გამოყენებულია სიტყვა: "შემო ელ-კანა" (სახელი ღმერთი მოშურნე).

2. ესაიას წიგნში ვკითხულობთ: "ჩვენი მხსნელი - ცაბაოთ უფალია მისი სახელი - ისრაელის წმიდაა" (ესაია 47:4). ებრ. ტექსტში: "შემო კედოშ ისრაელ". მაშ, რას ვენდოთ ზოგიერთი მკვლევარის აკვიატებულ შეხედულებებს თუ წინასწარმეტყველ ესაიას? მის წიგნში ღმრთის სახელი "ისრაელის წმიდა" გვხვდება 25-ჯერ (1:4; 5:19, 24; 10:20; 12:6; 17:7; 29:19; 30:11-12, 15; 31:1; 37:23; 41:14, 16, 20; 43:3, 14; 45:11; 47:4; 48:17; 49:7; 54:5; 60:9, 14). კონტექსტიდან სრულიად ცხადია, რომ "ისრაელის წმიდა" გამოიყენება როგორც ღმრთის სახელი. საკმარისია ავიღოთ ის ადგილები, სადაც ის სრულიად ტეტრაგრამის სინონიმურია. მაგალითად, "უფალს, ისრაელის წმიდას, დაენდობა დარწმუნებით" (ძვ. ქართ.: "იყვნენ მოსავ ღმრთისა მიმართ წმიდისა ისრაილისასა ჭეშმარიტებითა") (ესაია 10:20).  ამ მუხლის პირველ ნაწილში დგას ტეტრაგრამა.

3. "შენა ხარ ჩვენი მამა, რადგან აბრაამმა არ უწყის ჩვენი თავი და ისრაელი არა გვცნობს ჩვენ; შენ, უფალი, ხარ ჩვენი მამა. "ჩვენი გამომსყიდველია" შენი სახელი უკუნითიდან" (ესაია 63:16). ებრაულ ტექსტში კვლავ ის სიტყვაა გამოყენებული, რაც გამოსვლათა წიგნში (გამ. 3:3-15) - "შემო" (სახელი). სიტყვა "გოელ" (გამომსყიდველი), როგორც ღვთის სახელი გვხვდება წმიდა წერილის სხვა ადგილებშიც.

4.
"რადგან წმიდა ქალაქის სახელით იწოდებიან და ისრაელის ღმერთს ემყარებიან - ცაბაოთ უფალია მისი სახელი" (ესაია 48:2). აქ მითითებულია კიდევ ერთი სახელი - ცაბაოთი (ებრ. ცებაოთ; არსებითი სახელიდან "ცაბა" - მხედრობა). ამის შესახებ მოწმობებს ვხვდებით სხვა წინასწარმეტყველებთანაც. "უფალი, ცაბაოთ ღმერთია მისი სახელი!" (ამოსი 4:13). "რადგან შენი სახელით ვიწოდები, უფალო, ცაბაოთ ღმერთო" (იერემია 15:16).

5. გამოიყენებოდა სხვა სახელებიც: ელ (ძლიერი, მტკიცე), ელოჰიმ (ბრძნ. ბიბლ. - თეოს; სლავ. და რუს. - Бог; ქართ. ღმერთი), ელ-შადაი (ბერძნ. ბიბლ. - პანტოკრატორი; სლავ. და რუს. ბიბლ. - Вседержитель; ქართ.: ყოვლისმპყრობელი) და სხვა. ამ სახელთაგან ნებისმიერის მოხსენიება ლოცვაში ნიშნავდა უფლის სახელის მოწოდებას.

აზრი, რომ ძველ აღთქმაში ღმრთის რამოდენიმე სახელია და არა ერთი, მხოლოდ მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების აზრს არ წარმოადგენს, როგორც ამას იეჰოვას მოწმეები ირწმუნებიან. კვლავ მოვიტანთ არამართლმადიდებელი ჰებრაისტის მტკიცებულებას. თომას ო. ლამბდინი თავის ძველებრაული ენის სახელმძღვანელოში გამოყოფს პარაგრაფს "ექსკურსი: ღმრთის სახელები ძველ აღთქმაში": "ყველაზე ხშირად ძველ აღთქმაში ღმერთი იწოდება სახელებით Elohim  და YHWH... სახელებზე Elohim და Adonay წინდებულების be, lе და kе-ს დამატებას ერთი თავისებურება გააჩნია: დასაწყისი ასო "ალეფი" არ წარმოითქმება, თუ ის სხვა ხმოვნის წინ დგას" (გვ. 117-118).

ამრიგად, არც ბერძნულ, არც ლათინურ, არც სლავურ, არც ქართულ და ბოლოს თვით ებრაულ ტრადიციაშიც კი უფლის სახელი არ იწერება და არ გამოითქმის ისე, როგორც ამას "იეჰოვას მოწმეები" აკეთებენ. მაშ, თუკი უფალს ამ სახელს ("იეჰოვას) არ უწოდებს ძველი ქრისტიანი ხალხებიდან არც ერთი და თვით ებრაელებიც კი, შესაბამისად, "იეჰოვა" არ არის უფლის სახელი, და გამომდინარე აქედან იბადება კითხვაც, - ვისი "მოწმეები" არიან იეჰოველები?!

დასასრულ ვიტყვით, რომ ჩვენს მსჯელობას, რომელიც არ წარმოადგენს აკადემიურ საღვთისმეტყველო დავას, პრინციპული მნიშვნელობა გააჩნია.  რასელისტთა პოზიცია მიმართულია წმიდა სამების შესახებ არსებული სწავლების წინააღმდეგ. ამ მიზნით ისინი უარყოფენ იესუ ქრისტეს და სულიწმიდის ღვთაებრივობას. საშიში შეცდომებისა და ცთომილებების თავიდან ასაცილებლად უნდა გავთავისუფლდეთ ვიწრო, გონებისა და სულიერი თვალსაწიერის შემზღუდველ წარმოდგენათაგან. გამოცხადება წმიდა სამების შესახებ მოცემულია ახალ აღთქმაში. მათე სახარებაში უფალი ჩვენი იესუ ქრისტე, აგზავნის რა თავის მოწაფეებს წარმართთა მოსაქცევად, ამბობს: "წადით, დაიმოწაფეთ ყველა ხალხი და ნათელი ეცით მათ მამის და ძის და სული წმიდის სახელით" (მათე 28:19). შუძლებელია მამის შეცნობა, თუ არ გწამს ძის ღვთაებრიობა: "ისიც ვიცით, რომ მოვიდა ძე ღვთისა და მოგვცა გონება, რათა შევიცნოთ ჭეშმარიტება და ვიყოთ ჭეშმარიტში, რომელიც არის ძე ღვთისა იესო ქრისტე: ჭეშმარიტი ღმერთი და საუკუნო სიცოცხლე" (1 იოაე 5:20).  


"


გამოყენებული წყაროები:
http://www.pravoslavie.ru/6589.html

ასევე: გაზეთი "მართლმადიდებელი". "ვისი მოწმეები არიან იეღოველები"?! (№ 5 (26). 2001 წ.).

იხ. აგრეთვე:


Википедия: Иегова.


Википедия: Имена и эпитеты Бога в иудаизме


სხვა ლიტერატურა მითითებულია თვით პუბლიკაციაში.

"იეჰოვას მოწმეების" მამხილებელი სხვა პუბლიკაციები იხილეთ განყოფილებაში "ანტიერეტიკონი".

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню