ანტიერეტიკონი - მეფის გაღმერთების მწვალებლობა - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სწავლანი > ანტიერეტიკონი
მეფის გაღმერთების მწვალებლობა

ანუ

ძველი სამყაროს დეიზირებულ მმართველთა კულტის "რეინკარნაცია"
მონარქი
ავტორი: ევგენი ვლადიმირის ძე ნიკოლსკი - ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი, თანამედროვე ჰუმანიტერულ კვლევათა ინსტიტუტის სამეცნიერო-საექსპერტო საბჭოს სწავლული მდივანი (მოსკოვი, რუსეთი).

დღეისთვის რუსეთის მართლმადიდებელ მორწმუნეთა (და არა მარტო - "აპოკ". რედ.) შორის ფართოდ გავრცელდა ე. წ. მეფის გაღმერთების (ან მეფეღმერთობის) მწვალებლობა(ересь царебожия). სამწუხაროდ, მის ადეპტთა რიცხვშია ზოგიერთი მღვდელმსახურიც. მეფეღმერთობის მიმდევართა შორის ბევრია "ნეოფიტიც", ანუ ისეთი ადამიანი, რომელიც სულ ახლახან მოექცა მართლმადიდებლური სარწმუნოებისკენ.

მეფის გაღმერთება (რუს.: царебожие) - ეს არის მწვალებლობა, რომლის მიმდევრები მიიჩნევენ, რომ ეკლესიის მიერ ოფიციალურად კანონიზირებული მეფე-მოწამე იმპერატორი ნიკოლოზ II არის "გამომსყიდველი", ანუ "მაცხოვარი" (რუს.: искупитель). როდესაც მეფე ნიკოლოზ II-ს "გამომსყიდველს" უწოდებენ, მით მწვალებლები უფალ იესუ ქრისტეს გამომსყიდველ მსხვერპლს, რომელიც მან ჩვენი ცხონებისთვის გაიღო, საკმარისად არ მიიჩნევენ. თუ ვინმე ადამიანი ფიქრობს, რომ ქრისტეს გარდა შეიძლება კიდევ ვინმე იყოს გამომსყიდველი - ეს ადამიანი უკვე შეუძლებელია ჩაითვალოს ქრისტიანად. რადგან, თუ დავუშვებთ, რომ ქრისტეს გოლგოთისეული ვნებები არასაკმარისი იყო ადამიანთა ცხონებისთვის, და ღმერთს კიდევ ერთი "მსხვერპლი" დასჭირდა მეფე ნიკოლოზ II-ის სახით, გამოდის, რომ ადამიანი შეიძლება გამოსყიდულ იქნას და ცხონდეს ადამიანის, და არა ღმერთკაცის მიერ, და მაშინ არანაირი საჭიროება არ არის აღიარებულ იქნას ქრისტეს მაცხოვნებელი მსხვერპლი.
მონარქი
ეკლესიის სწავლების თანახმად, ქრისტემ კაცთა მოდგმის გამოსყიდვა აღასრულა არა მხოლოდ უდანაშაულო ვნების ძალით, არა საკუთარი თავის ჩანაცვლებითი მსხვერპლის ძალით, არამედ იმიტომ, რომ ის არის ღმერთკაცი. არც ერთ წმინდანს არ ძალუძს გახდეს ღმერთკაცი, რადგან ამისთვის ის უნდა იყოს ბუნებითი ღმერთი, ანუ შობილი მამა ღმერთის იპოსტასისგან (როგორც არის თვით იესუ ქრისტე, "მამისაგან შობილი უწინარეს ყოველთა საუკუნეთა" (მრწამსი)) და შემდეგ განკაცდეს (როგორც ქრისტე, რომელიც "ჩუენთვის, კაცთათვის და ჩუენისა ცხოვრებისათვის გარდამოხდა ზეცით, და ხორცნი შეისხნა სულისაგან წმიდისა და მარიამისაგან ქალწულისა, და განკაცნა"). შედეგად, არც ერთი წმინდანი (თვით ყოვლადწმიდა ღვთისმშობელიც კი და, მითუმეტეს, მეფე ნიკოლოზ II) შეუძლებელია იყოს ქრისტეს ხატი გამოსყიდვის თვალსაზრისით. გამოსყიდვაში არ არსებობს არანაირი მსგავსება.

გამომსყიდველი (მაცხოვარი) უნდა იყოს ბუნებითი ღმერთი, ხოლო თვით გამოსყიდვა უნდა აღესრულებოდეს ადამიანური ბუნების მეშვეობით ღმრთის იპოსტასში. ადამიანი, რომელიც გულწრფელად მიიჩნევს იმპერატორს "გამომსყიდველად", შეუძლებელია იყოს ქრისტიანი, რამეთუ ამგვარი რწმენით ის მიიჩნევს, რომ ქრისტეს მესიანური მისია წარუმატებლად დასრულდა და ამიტომაც ის საჭიროებს დამატებით გამომსყიდველს. კიდევ ამგვარი მწვალებლობიდან გამომდინარეობს ის, რომ ქრისტემ ვერ შეძლო ეცხოვნებინა რუსი ხალხი, და ღმერთს დასჭირდა კიდევ ერთი მსხვერპლი, რომელიც მან მიიღო მეფის სახით.

ამრიგად, მეფე ნიკოლოზ II-ის აღიარება "გამომსყიდველად" ფაქტობრივად ქრისტიანობისგან განდგომას წარმოადგენს. აქ, მღვდელ დანიელ სისოევის (1974 - 2009) დაკვირვებით, "ჩვენს წინაშეა მწვალებელთა მიერ გამოგონილი ახალი ღვთისმეტყველება. ვინ და სად ასწავლიდა იმას, თითქოსდა ქრისტე გეთსიმანიის ბაღში განიძარცვა ძალაუფლებისგან? რომელმა მსოფლიო კრებამ ასწავლა ამგვარი რამ? წმიდა მამათაგან ან ღვთისმეტყველთაგან ვინ იქადაგა მსგავსი ერესი? სად არის რაიმე ამდაგვარი ნათქვამი წმიდა წერილში? ჩვენ ხომ სწორედ ქრისტეს ვაღიარებთ გამომსყიდველად და მეფედ, რომელიც ჩვენთვის ჯვარს ეცვა და, რომელსაც ყოველივე თავის ხელთ უპყრია. ასეთი მწვალებლობა (იგულისხმება მეფის გაღმერთება - "აპოკ". რედ.) წააგავს ნესტორის მწვალებლობას, რომელიც უარყოფდა ქრისტეში ღვთაებრივ და კაცობრივ ბუნებათა იპოსტასურ შეერთებას, და ასევე ზოგიერთი გნოსტიკოსის ბოდვას, რომლებიც ასწავლიდნენ, თითქოსდა ჯვარზე ღვთაებამ დატოვა იესუს კაცობრივი ბუნება და ჰაერში განქარდა. საკითხის მხოლოდ ასეთი დაყენების შედეგად შეიძლება ლაპარაკი "ძალაუფლებისგან უფლის განძარცვაზე"" (Сысоев Даниил, свящ. Новая исповедь: декларация царебожия вместо раскаяния // Благодатный огонь. 2003. № 11).
მონარქი
"ცარებოჟნიკები", იგივე მეფის გამაღმერთებლები - სექტანტები რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში

კადნიერად ამახინჯებენ რა მართლმადიდებლური სარწმუნოების დოგმატს, მეფეღმერთობის მიმდევარნი არ წყვეტენ საკუთარი თავის შეცნობას ჭეშმარიტ მართლმადიდებლებად და მისთვის მებრძოლებად. თავიანთი ცრუ აზრის შემაგრებას ისინი ცდილობენ წმიდა წერილის დამოწმებითაც. თუმცა, უფრო ხშირად, თავიანთი ცრუსწავლების საფუძვლად ისინი იყენებენ გაურკვეველი წარმომავლობის წინასწარმეტყველებებს, ჭორებს, მომავლის მომასწავებელ სიზმრებს და სხვა.

ზოგჯერ ტერმინ "მეფეღმერთობის" გამოყენება ნეგატიურ რეაქციას იწვევს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ზოგიერთ ერისკაცშიც. საერო წრეებსა და ბლოგოსფეროში ამ მიმართულებამ მიიღო "რასტაფარანობის", ანუ "რუსული რასტაფარანობის" სახელწოდება.

აფროამერიკელი მეფეღმერთიანები (რასტაფარიანელები) გამომსყიდველად ეთიოპიელ იმპერატორ ჰაილე სელასიეს მიიჩნევენ და მის დეიზირებას ახდენენ, ხოლო რუსი მეფეღმერთიანები ("პოსტსაბჭოური რასტაფარიანელები") გამომსყიდველად ვნებულ-მეფე ნიკოლოზ II-ს აღიარებენ. არსებობს სხვა პარალელებიც ამ ორ მწვალებლურ სწავლებებს შორის. სიტყვა "მეფეღმერთობას" ისინი იმთავითვე აფასებენ ტერმინ "მონარქიზმის" სინონიმად. ხოლო ნებისმიერ მამხილებელ სიტყვას მეფის განმაღმრთობელთა წინააღმდეგ უტოლებენ მონარქიის კრიტიკას და მცდელობას ეჭვ ქვეშ დააყენონ ნიკოლოზ II-ის კანონიზაცია; არადა, ამ დროს, მეფეღმერთობა - სულაც არ არის მონარქიზმის სინონიმი, და არც მეფეღმერთობის კრიტიკოსები არიან ნიკოლოზ II-ის კანონიზაციისა და მონარქიის, როგორც ასეთის, მოწინააღმდეგეები.
მონარქი
მონარქი
მეფის გამაღმერთებლები (ზემოთ), ნატალია პოკლონსკაია - ნიკოლოზ მეორის ბიუსტის თაყვანისცემის მომენტში (ქვემოთ)

თანამედროვე მეფეღმერთობის საფუძვლები შეიძლება შევნიშნოთ რუსულ შინნაზარდ სექტანტიზმში. სექტანტობის პრობლემა რუსულ მართლმადიდებლობაში, ვაი რომ, ახალი როდია. პირველი ასეთი სექტა ჩამოყალიბდა ჯერ კიდევ რევოლუციამდე. ეს იყო იოანიტთა ცნობილი სექტა, (1) რომელიც აღმერთებდა მღვდელ იოანე კრონშტადტელს. საქმე იქამდეც კი მიდიოდა, რომ მისი მიმდევრები კბენდნენ მ. იოანეს, რათა "ზიარებულიყვნენ" მისი სისხლით.

__________________

(1) საინტერესოა აღინიშნოს, რომ იოანიტების (ანუ იოანე კრონშტადტელის) სექტის დამაარსებლად კათალიკოსი კირიონი (საძაგლიშვილი)(1855 - 1918) თვით იოანე კრონშტადტელს ასახელებს (კირიონ II. სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი. წერილები, სტატიები. თბილისი ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტი. გამოსცა ნატო ბუკიამ. თბილისი 2006 წ. გვ. 119) და წერს, "ამ სექტის დამაარსებელი (ანუ იოანე კრონშტადტელი - "აპოკ". რედ.) საკუთარ თავზე ამბობს, რომ "უფალმა გამიხსნა მე ადამიანთა გულები და მომანიჭა მწუხარების წიგნი"" ("Основатель этой секты говорит так: Господь открыл мне сердца людей и дал мне книгу скорби") (იქვე. გვ. 118. სქოლიო).

ხსენებული სექტის საქმიანობასა და მის დამაარსებელზე კათალიკოს კირიონის ზემოთ ხსენებულ წერილში შემდეგ ვკითხულობთ: "... გაბატონებული რელიგიის უარყოფის საფუძველზე აღმოცენებული ეს სექტა ჯერაც მცირედ არის შესწავლილი. ყველა ეს "ღვთისმშობლები", "წინასწარმეტყველები", "მთავარანგელოზები" დაფარულად ეწევიან თავიანთ პროპაგანდას. სანკტ-პეტერბურგში დარეგისტრირებულია 200 იოანიტი, რომლებიც სულ რამდენიმე ხნის წინათ გამოჩნდნენ,  მაგრამ არ გვაქვს საფუძველი, უარვყოთ, რომ უმეცართა ეს სექტა, რომელიც სარგებლობდა რელიგიური გონებააღრეულობითა და ახალი რელიგიური ჭეშმარიტებების ძიებით, ყოველწლიურად არ დაიწყებს თავის ეშმაკურად მოქსოვილ ბადეში ასობით და ათასობით ადეპტის გახვევას. გაზეთებში უკვე არაერთხელ გამოააშკარავეს იოანიტების საძრახისი საქციელის მამხილებელი ფატები: მათი გამომძალველობა, მიმნდობი გოგონებისა და მცირეწლოვნების შეცდენა, სადაც მხედველობაში გვაქვს ის მიმნდობლობა, რომლითაც ვრცელდებოდა რუსეთში ათასგვარი ცრურწმენები" (იქვე. გვ. 118).

კირიონ კათალიკოსს მოჰყავს ერთი საინტერესო ცნობა (მღვდელ მ. აფონსკისა და მოძღვარ ვასილი დობროდეევის მიმოწერა), საიდანაც აშკარავდება, რომ იოანე კრონშტადტელის ხრიკებში სხვებიც იყვნენ დაეჭვებულნი და მის "სასწაულთმოქმედებებს" როდი ენდობოდნენ. კათალიკოსი კირიონი, "იმისთვის, რათა სხვები დავიცვათ ამ სექტის ზეგავლენისგან", აქვეყნებს ერთ დოკუმენტს, რომელიც ნათლად ახასიათებს თვით იოანე კრონშტადტელის პიროვნებას და იმასაც, თუ როგორ ეწეოდა იგი საკუთარი თავის რეკლამას, რათასიწმიდის ორეოლით შეემოსა საკუთარი თავი და დაერწმუნებინა მარტივნი თავის უდიდეს სასწაულმოქმედებაში"  ("Для предохраниения других от увлечении этой сектой, помещаем здесь один документ, который ярко характеризует самую личность Иоанна Кронштадскаго и то, как он себе рекламирует, чтобы окружать себя ореолом святости и убедить простеца в своем великом даре чудотворения") (კირიონ II. სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი. წერილები, სტატიები. თბილისი ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტი. გამოსცა ნატო ბუკიამ. თბილისი 2006 წ. გვ. 118).   და ბოლოს, შესაბამისი ისტორიის გადმოცემის შემდეგ ასკვნის: "აი, როგორ ხერხებს მიმართავს საკუთარი თავის რეკლამირებისთვის ახალგამოჩეკილი საკვირველთმოქმედი, იოანიტების ორდენის დამფუძნებელი. ვფიქრობთ, რომ აქ კომენტარი ზედმეტია» ("Вот каким средствам прибегает для рекламы о себе новоявленный чудотворец, основатель ордена Иоаннитов. Думаем, что здесь комментарии излишни") (იქვე). მართლაც, კომენტარი ზედმეტია!

__________________

მაგრამ, მართლმადიდებლობის შიგნით ამგვარი სექტები უფრო უხვად აღმოცენდნენ რევოლუციის შემდეგ. ეს დაკავშირებული იყო ესქატოლოგიურ მოლოდინთან, რომელიც თავის მხრივ გამოიწვია ხელისუფლებაში ბოლშევიკების მოსვლამ და ეკლესიის არნახულმა დევნულებამ.

ადამიანის (არა მარტო მმართველის ან მონარქის) გაღმერთების ავადმყოფური ტენდენცია ყოველთვის ახასიათებდა მორწმუნეთა ნაწილს. მაგალითად, ხლისტების (2) სექტის სულიერ ლიდერს მიეწერებოდა თვისება, რომელიც მხოლოდ ქრისტესთვის არის დამახასიათებელი.
მონარქი
მონარქი
ხლისტები (18-ე ს.-ის სექტა)

__________________

ხლისტობა
- რუსეთის ერთ-ერთი ექსტატიური რელიგიური სექტა, რომელიც გაჩნდა 17-ე ს-ის მიწურულსა და 18-ე ს-ის დასაწყისს. ეს სექტა უარყოფდა მართლმადიდებელი ეკლესიის წეს-ჩვეულებებს და ნერგავთა თვითგვემას.
__________________

რევოლუციის შემდეგ რუსეთში იყო ხლის-ნიკოლაელთა მოძრაობაც, რომლებიც მეფე ნიკოლოზ II-ს მამა ღმერთის განხორციელებად მიიჩნევდნენ. მაშინ გაჩნდნენ ეკლესიის შიგნით ე. წ. "კატაკომბური" ჯგუფები, რომლებიც მეფე-მოწამე ნიკოლოზ II "ღმრთის თანასწორად" აღიარებდნენ, ანუ აღმერთებდნენ და მას ქრისტეს თანასწორ "მეფე-გამომსყიდველადაც" მიიჩნევდნენ.

თავიდან, განსაკუთრებით მიტროპოლიტ სერგის (სტრაგოროდსკი) 1927 წლის ცნობილი დეკლარაციის შემდეგ, ეკლესიის შიგნით დაბუდებული ეს სექტა საკმაოდ მრავალრიცხოვანი იყო. მაგრამ თანდათანობით (უპირველეს ყოვლისა, მეორე მსოფლიო ომის დროს ეკლესიის მიმართ სახელმწიფოს პოლიტიკის შეცვლის შემდეგ) ჯანსაღმა ძალებმა კვლავ იმარჯვეს. თუმცა, მაინც დარჩა შედარებით მცირე არაჯანსაღი გარემო, რომელიც ბოლომდე არ წყვეტდა ურთიერთობას "სერგიანულ" ეკლესიასთან და რის გამოც მათი იდეები მუდმივად ინტეგრირდებოდა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სამრევლო ეკლესიებში. ეს იდეები დღემდე დარჩა და მათგან ყველაზე გავრცელებული იდეა გახლავთ "ანტიქრისტეს ხელისუფლების" დოკუმენტების (თანამედროვე პასპორტები, ინდივიდუალური საგადასახადო ნომერი და სხვა) უარყოფა, იდეა უარი თქვა "ანტიქრისტესეული" ხელისუფლების სამსახურებში მუშაობაზე ("ანტიქრისტეს ხელისუფლებაზე მუშაობა - დიდი ცოდვაა" - ამბობენ ისინი). გარდა ამისა, გარემო, რომლის შესახებაც ჩვენ ვლაპარაკობთ, ყოველთვის რჩებოდა რადიკალურად მონარქიული.
მონარქი
მეფეღმერთობის მიმდევრები ამტკიცებენ, რომ 2000 წლის საიუბილეო სამღვდელმთავრო კრებაზე ნიკოლოზ II არასწორად იქნა განდიდებულ, მათთვის ხომ ის "მეფე გამომსყიდველია", და მისი ღვაწლი ტოლია ქრისტეს ღვაწლის. ანუ, საყდრის უარყოფა, ეს არის იუდას გამყიდველობის ტოლფასი ქმედება, იპატიევოს სახლი - კი გოლგოთის ანალოგი. მოკლული მონარქის მკვდრეთით აღდგომის არარსებობის ფაქტი მეფეღმერთიანებს არ ადარდებთ: ისინი მიიჩნევენ, რომ მეფე ნიკოლოზ II მოგვიანებით აღდგება მკვდრეთით, და ბოლო დროს, როდესაც რუსეთში გამოჩნდება, ანტიქრისტესაც დაამარცხებს.

მეფეღმერთობის მიმდევრების აზრით, ანტიქრისტე რუსეთში ვერ გაბატონდება, რაც წარმოადგენს მართლმადიდებლური სწავლების უხეშ დამახინჯებას, რომელიც ეწინააღმდეგება იოანე ღვთისმეტყველის აპოკალიფსისს, სადაც პირდაპირ ნათქვამია, რომ ანტიქრისტეს თაყვანს სცემს ყოველი ენა და ტომი.

მეფეღმერთობის მიმდევართა აზრით, რუსეთში გამეფდება "მართლმადიდებელი მეფე", რომელიც შეცვლის მთელ იერარქიას და სათავეში ჩაუდგება ეკლესიას, მაშინ როდესაც დანარჩენ მსოფლიოში იმეფებს ანტიქრისტე. მეფე შეებრძოლება მას და მოკლავს. თუმცა, ახალი აღთქმიდან ვიცით, რომ ანტიქრისტეს "თავის ბაგეთა სულით" მოკლავს ქრისტე (2 თესალონიკ. 2:8). მაგრამ, მეფეღმერთობის მიმდევართა აზრით ანტიქრისტეს ჰკლავს "მართლმადიდებელი მეფე". ამის შემდეგ გამარჯვებულ მეფეს გამოეცხადება ქრისტე, როგორც ჩანს, იმისთვის, რათა დააჯილდოვოს იგი. მეფე თავის გვირგვინს ქრისტეს გადასცემს და დაიწყება ღმერთის ათასწლოვანი მეუფება დედამიწაზე.

ყველა თავის მტრებს სექტანტები "ნაწილ-ნაწილ დაფლეთენ", მაგრამ ამგვარი "ნათელი მომავლის" დადგომას ხელს უშლის ის, რომ ეკლესიას არ სურს მოახდინოს "სტარეც" გრიშკა რასპუტინისა და "ღვთისმოშიში მეფის" ივანე მრისხანის კანონიზირება...

"მეფის გამომსყიდველობის" იდეის უკიდურესი გამოვლინებაა სწავლება "მეორე პირველშობილ ცოდვაზე", ანუ "მეფის მკვლელობის ცოდვაზე", რომელმაც განვითარება ვერ ჰპოვა. ის მემკვიდრეობით გადაეცემა რუს ადამიანებს, და შესაბამისად, ითხოვს მეორედ ნათლობას (ან სპეციალურ სინანულს), რათა "ერმა ჩამოირეცხოს ეს უმძიმესი დანაშაული". უნდა აღინიშნოს, რომ "მეფე-გამომსყიდველის" ჰაილე სელასიეს მკვლელობის სპეციალური სინანულის იდეამდე არ მისულან მეფეღმერთობის აფრიკელი რასტამანებიც კი (რასტამანები -რასტაფარიანელობის მიმდევრები - "აპოკ". რედ.).

რუსული მეფეღმერთობის (რასტაფარიანელობის) განმსაზღვრელი დოქტრინა მონარქის ზებუნებრივი ძალებით შემოსვას გულისხმობს. ისინი ჩვეულებისამებრ აცხადებენ, რომ ყველა მეფე წმიდაა უპირატესად: ა) თავისი წარმომავლობისა და ბ) მასზე აღსრულებული კორონაციის საიდუმლოს გამო. მაგრამ ეკლესია არასოდეს ურევდა ერთმანეთში სამეფო მსახურებასა და თვითმპყრობელის სულიერ მდგომარეობას. ჩვენს დროშიც კი ყოველი მღვდელმთავარი იწოდება "წმიდა მეუფედ", მაგრამ ეს ეხება მხოლოდ მის ხარისხს და სულაც არ ნიშნავს, რომ სიკვდილის შემდეგ ნებისმიერი მღვდელი ან ეპისკოპოსი ავტომატურად ხდება წმინდანი.

ასევე გვხვდება წარმართული მტკიცება (როგორც ამას ქვემოთ აღვნიშნავთ, ის "მეორდება" ძველ საუკუნეებში), რომ მეფე წმიდაა არა თავისი მსახურების გამო, ან იმიტომ, რომ მონაწილეობს ეკლესიის საიდუმლოებებში, არამედ მარტოდენ თავისი არსებობის ფაქტით. ანუ, მონარქი ოდენ თავისი არსებობით განწმენდს მსოფლიო კრებებსაც, იმპერიასაც და სამყაროსაც. ფაქტობრივად, შემოქმედი და მაცხოვარი იესუ ქრისტე კოორდინატების ასეთ სისტემაში არც კი არის გათვალისწინებული.
მონარქი
ქრისტეს ნაცვლად ჩნდება მიწიერ მმართველდა დეიზაცია: ისინი შემოსილნი არიან ზებუნებრივი თვისებებით. აქ ჩვენ ვხედავთ აშკარა დექრისტიანიზაციას, ქრისტე მაცხოვრის არსება გამოდევნილია სწავლებიდან. რელიგიათმცოდნეები და ღვთისმეტყველები დიდი ხანია ამჩნევენ, რომ თუ ირღვევა ღმრთის ჭეშმარიტი თაყვანისცემა, რომელიც, ამავდროულად აღიქმება, როგორც შემოქმედი და სამყაროს გამომსყიდველი, მორწმუნეთა მზერა მიეპყრობა "ღმერთებს". და ასეთი "ღმერთები" მართლაც მუდმივად ჩნდებიან და ქრებიან მასობრივ ინდივიდუალურ ცნობიერებაში. რადგან როდესაც იკარგება ჭეშმარიტი ღმრთისშემეცნების გამოცდილება "... ადამიანი (ერი, კაცობრიობა), ამახინჯებს შემოქმედის ხსოვნის იმ ხატსაც, რომელიც მის სულში იყო დაცული... მაგრამ რელიგიური ლტოლვა რჩება. დაკარგავს რა ღმერთს მხედველობიდან, ადამიანი იწყებს თავისი რელიგიური წყურვილის დაკმაყოფილებას რომელიმე მეტ-ნაკლებად ღმრთისმსგავსი წყაროს გაღმერთებით. დაკარგავს რა ღმერთს იმ სიმაღლეებში, საიდანაც დაეცა, ადამიანი იწყებს თავისი რელიგიური გრძნობების დაკავშირებას იმასთან, რაც უფრო ახლოსაა მის სულთან და უფრო ცნობილია მისთვის" (Кураев Андрей, диак. Сатанизм для интеллигенции. М., 1999. Т. 1). და მაშინ, ადამიანის მზერას წარუდგებიან ამქვეყნიური მმართველები, ძალაუფლების წარმომადგენლები, პრეზიდენტები და პოლიტიკური პარტიის ლიდერები (არცთუ იშვიათად სასულიერო მოღვაწეებიც - "აპოკ". რედ.), რომლებიც თითქმის მყისიერად "განიღმრთობიან".

ეს კანონზომიერიც არის, რამეთუ მეფეღმერთობის მიმდევართა ცნობიერებაში ჭეშმარიტი ღმრთის ხატის დეკონსტრუქციის შემდეგ ხდება წარმართული მსოფლმხედველობის აღორძინება. ცნობილია, რომ "... მწვალებლობა სულაც არ საჭიროებს მემკვიდრეობით ტრადიციას - ის შეიძლება პერიოდულად განახლდეს როგორც გონების მყარი ტიპოლოგიური წნული" (Вехи русской религиозной эстетики (Предисловие) // Философия русского религиозного искусства. Антология / Сост. Н.К. Гаврюшин. М., 1993). მაშინ ღებულობს სწორედ რუსეთისა და საბჭოთა კავშირის მმართველთადმი დამოკიდებულება კერპთაყვანისმცემლურ ხასიათს.

თანამედროვე რუსულ მეფეღმერთობაში ძალიან ბევრი მსგავსებაა უძველესი სამყაროს რელიგიურ წარმოდგენებთან, მათ შორის მმართველთა აღქმის მხრივაც. ძველ აღმოსავლეთში, კერძოდ, ეგვიპტეში ჩვეულებრივი საქმე იყო უმაღლესი ძალაუფლების მატარებელთა გაღმერთება.

მოდი, თანმიმდევრულად განვიხილოთ ზოგიერთი ისტორიული პრეცედენტი. დეკანოზ ალექსანდრე მენის დაკვირვებით: "მეხუთე დინასტიიდან მოყოლებული (დაახლ. 2007 წ. ქ. შ.-მდე) ფარაონები თავიანთ მფარველად ირჩევენ ღმერთ რა-ს, რომელიც უკვე გაიგივებული იყო ჰორუსთან, ახლა კი გაიგივებულია ჰელიოპოლელ ატუმთან. იქმნება ოფიციალური სამეფო რელიგია, რომელიც თავის დოგმატად აღიარებს მეფის ღვთაებრივ შობას. მრავალრიცხოვანი წარწერები და რელიეფები ადასტურებენ, რომ მეფე არის "მზის ძე", პირდაპირი და ბუკვალური აზრით. რა-ატუმის კულტის ცენტრი იყო ქალაქ ონუ-ში, ანუ ჰელიოპოლში. ჰელიოპოლელმა მოგვებმა მიიღეს მეფის გაღმერთების იდეა და ცდილობდნენ თეორიულად დაესაბუთებინათ იგი. ისინი, ამაოდ ცდილობდნენ სისტემატური სახე მიეცათ მრავალრიცხოვანი მითებისთვის, ღმერთებისა და კოსმოგონიისთვის, რომლებიც ქვეყნის სხვადასხვა ოლქებში ჩნდებოდა" (Мень Александр, прот. Магизм и единобожие. М., 2004).

"ეგვიპტეში ფარაონს აღმერთებდნენ ქვეყნის მთელი ისტორიის განმავლობაში, ის გავრცელდა ეგვიპტის ბერძენ-მაკედონიელ მეფეებზე - ლაგიდებზეც (პტოლემეოსები), უდავოდ დიდი გავლენა მოახდინა რომის იმპერატორებზე, რომელთა იმპერიაში ეგვიპტე შედიოდა პროვინციის სტატუსით. "ეგვიპტელების რწმენით ფარაონი თავის სიცოცხლეში მაგიურად იცავდა ქვეყნის საზღვრებს, მართავდა ქარებს და სხვა სტიქიონებს (წყალს, ცეცხლს). სიკვდილის შემდეგ ის კიდევ უფრო ძლევამოსილი ხდებოდა, ამიტომ გარდაცვლილი ფარაონის გვამი აუცილებლად უნდა შეენარჩუნებინათ ქალაქის ახლოს, რათა მის მფარველობას არ მოკლებულიყვნენ" (Мень Александр, прот. Магизм и единобожие. М., 2004.  с. 270).

"ამა ქვეყნის ძლიერთა" გაღმერთება ეგვიპტეში განსაკუთრებული მოვლენა გახლდათ. შეიძლებოდა მხოლოდ უმაღლესი ეგვიპტური ბიუროკრატიის წარმომადგენილს  გაღმერთება. მაგალითად, ასე გამოაცხადეს "ღმერთად" ვეზირი ისი (ძველი სამეფოს ეპოქის დასასრული). ჯერ კიდევ საშუალო მეფობის პერიოდში მის კულტს ედფუსთან ახლოს მისდევდნენ. სხვა ვეზირი, სახელად იმჰოტეპი, რომელიც ასევე ძველი სამეფოს პერიოდს განეკუთვნება და იყო მეფე ჯოსერის თანაშემწე, მშენებელი და ექიმი, მკურნალობის ღმერთად გამოაცხადეს (მისი სამარხი აღმოჩენილი არ არის). ბერძნები მას თავიანთ ასკლეპიოსთან აიგივებდნენ. მის კულტს მისდევდნენ საკარში. გაღმერთებული იყო ვინმე ამენჰოტეპიც, ჰაპუს ძე, რომელიც ცხოვრობდა XVIII დინასტიის პერიოდში, ფარაონ ამენჰოტეპ III-ის დროს. მის საპატივცემოდ სამარხიც ააშენეს. ეს საკმაოდ მყარი კულტები იყო; მათი ობიექტები იხსენიება სხვადასხვა ტექსტებში და  სალხური ცნობიერება მათ განსაკუთრებულ თვისებებს მიაკუთვნებს.
მონარქი
ზოგიერთი ფარაონიც მათი გარდაცვალების შემდეგ ამ ტიპის ღვთაებებს მიაკუთვნეს. მათ პატივს მიაგებდნენ როგორც კონკრეტული ადგილის ღმერთებს. ასეთები იყვნენ ამენეჰმატ III ფაიუმში და ამენჰოტეპ I თავის დედასთან, იაჰმოს ნეფრეტერესთან ერთად ფიბას ნეკროპოლში. გაღმერთება იყო შთაბეჭდილების შედეგი, რომელსაც ზემოთხსენებული პირები ახდენდნენ მოცემული ადგილის მცხოვრებლებზე ჯერ კიდევ მათი სიცოცხლის პერიდში, ან მომდინარეობდა იმ ტერიტორიებზე არსებული ლეგენდებიდან, რომლებიც ჩნდებოდა ამ მმართველთა სიკვდილის შემდეგ. გაღმერთების პროცესს ამარტივებდა მაღალი საზოგადოებრივი მდგომარეობა და ფარაონის "ღვთაებრივ" პირთან სიახლოვე.

ეგვიპტურ რელიგიურ ტექსტებში არაორაზროვნად არის ხაზგასმული ფარაონის ღვთაებრივი ბუნება. მას ჯერ კიდევ სიცოცხლეშივე მიაგებდნენ ღვთაებრივ პატივს, უშენებდნენ გრანდიოზულ სამარხებს - პირამიდებს, რომელთა მშენებლობაზე მოერეკებოდნენ ათობით და ასობით ათას მონას, იხარჯებოდა უზარმაზარი მატერიალური და ფულადი სახსრები.

ფარაონი, ცოცხალი ღმერთი, თავის ქვეშევრდომების მეშვეობით უზრუნველყოფდა სახელმწიფოს სიცოცხლისუნარიანობას. მისი წყალობით ხორციელდებოდა ნილოსის მიმოქცევები, რომლებიც მიწათმოქმედებს მოსავლის მოწევნას უადვილებდა, ის იყო საზოგადოებრივი წესრიგის გარანტი. ფარაონის უმთავრესი ღირსება მდგომარეობდა მის უნარში ზემოქმედება მოეხდინა ღმერთებზე და მათ შორის ყოფილიყო როგორც თავის ქვეშევრდომთა წარმომადგენელი. ეგვიპტელებს ადამიანებისა და ღმერთების ურთიერთობის საფუძვლად მსხვერპლშეწირვა მიაჩნდათ. ღმერთებისადმი შესაწირის მიტანა ფარაონების უმთავრესი პრივილეგია და მოვალეობა იყო. მოგვები ამ მსხვერპლს თავისთავად კი არ სწირავენ, არამედ როგორც ფარაონის წარმომადგენლები. ამგვარად, ძველი ეგვიპტის რელიგიურ-საკულტო სისტემაში ფარაონებს ცენტრალური როლი ენიჭებოდა.

როგორც სხვა ძველაღმოსავლურ სახელმწიფოებში, შუამდინარეთში ძალაუფლების მპყრობელნი რელიგიური თაყვანისცემის საგნები იყვნენ. შუმერი მონარქები ამავდროულად ღმერთების მოგვებს წარმოადგენდნენ. გაერთიანებული შუამდინარეთის მეფეები, სახელმწიფოს დამაარსებელ სარგონიდან მოყოლებული, პრეტენზიას ზეციურ ღმერთებთან განსაკუთრებულ სიახლოვეზე აცხადებდნენ: ისინი ღმერთების საყვარელ არსებებად, მათ მიერ ხელდასხმულ პირებად მიიჩნეოდნენ, და ამიტომაც მიწიერი მეფეები თავიანთ ქვეყნებს ღმერთების სახელით მართავდნენ.

ბარელიეფებში მეფეები ჩვეულებისამებრ გამოსახებიან პირისახით ღვთაებისკენ ან ატარებენ ღვთაებრივ ატრიბუტებს. ხამურაპის კანონთა კოდექსის სტელაზე მეფე დგას ღმერთ შამაშის წინ და კანონებს მისი ხელიდან იღებს.

ბაბილოვნელი და სხვა მოგვები მხარს უჭერდნენ მეფეთა კულტს, რადგან ეს კულტი უზრუნველყოფდა მათი პრივილეგირებული მდგომარეობის სიმტკიცეს. ეგვიპტელი მოგვებისგან განსხვავებით, ისინი არ ეჯიბრებოდნენ მეფეებს.

ელინიზმის ეპოქაში, ძლიერმა სამეფო ხელისუფლებამ, რომელიც მნიშვნელოვან მატერიალურ შესაძლებლობებსა და სამხედრო პოტენციალს ფლობდა, და რომელმაც თავისი გავლენა საკმაოდ ვრცელ ტერიტორიებზე გაავრცელა, აღმოსავლეთის ხმელთაშუა ზღვის სახელმწიფოთა ცხოვრებაში ასევე თავისებური ზეგავლენა იქონია. აქაც იყო მეფეთა და მმართველთა კულტი.

მეფეთა კულტის ჩამოყალიბების წინაპირობას ვხედავთ როგორც აღმოსავლეთში, ასევე ბერძნულ სამყაროში, რაც გამოწვეულია საზოგადოების პოლიტიკურ და სულიერ ცხოვრებაში მიმდინარე ხანგრძლივი ცვლილებებით. ამ კულტების ჩამოყალიბების სფუძველი, ერთის მხრივ, იყო ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში უმაღლესი ძალაუფლების მფლობელი პიროვნების გაღმერთების პრაქტიკა და დესპოტიზმის მყარად ფესვგადგმული ტრადიცია.

ამასთან, მეორე მხრივ, თვით საბერძნეთში ჩვ. წ.- მდე V-VI სს-ში სულ უფრო ხშირია ცალკეული თვალსაჩინო პიროვნებების - მხედარმთავრების, სახელმწიფო მოღვაწეებისა და ექიმების გაღმერთების მცდელობა Зелинский Ф.Ф. Религия эллинизма. СПб., 1922., с. 81-89). და თუმცა ცოცხალი ადამიანის გაღმერთების პრაქტიკამ ვერ მიიღო მასობრივი ხასიათი, თვით მისი გაჩენის ფაქტი მოწმობს ბერძენთა მსოფლმხედველობაში მომხდარ ცვლილებებზე.

ბერძნული სამყაროსთვის ამ პროცესის გარდამტეხი პუნქტი გახდა ალექსანდრე მაკედონელის რელიგიური პოლიტიკა, რომელიც გამოიხატა მეფის, როგორც ზევსის ძის საკულტო თაყვანისცემაში. ღმრთითრჩეულობაზე პრეტენზიებს აცხადებდნენ ჩვ. წ.-მდე I ს-ის მოღვაწეები. რომის მიერ აღმოსავლეთ შუამდინარეთის დაპყრობილი ხალხები, რომლებიც ოდითგანვე მიჩვეულნი იყვნენ მმართველთა გაღმერთების ტრადიციას, მათ აფუძნებდნენ კულტებსა და თამაშებს იმგვარ არც თუ ძლევამოსილ პიროვნებათა თაყვანსაცემად, როგორებიც იყვნენ მხედართმთავრები სულა, ლუკულუსი, მეტელუსი და სხვები. ესპანეთსა და გალიაში ოდითგანვე არსებობდა გარდაცვლილ ბელადთა და მეფეთა კულტი.

ძველ რომში უკვე ჩამოყალიბების სტადიაში იყო წარმოდგენა აპოთეოზზე დიადი დამსახურებებისთვის. იმპერატორის კულტს ასევე გააჩნდა რომაული წანამძღვრები. ის შეიძლება ვიპოვოთ მეფეთა (რომულუსის, სერვიუს ტულიუსის), ასევე გმირთა და წინაპართა კულტებში.

რომაელ იმპერატორთა გაღმერთების დასაწყისს ჩვენ ვხედავთ იულიუს კეისრის მოღვაწეობაში. ის აცხადებდა, რომ იყო ღვთება ვენერას შთამომავალი და ფლობდა მისთვის დამახასიათებელ მფარველობას. კეისარი უჩვეულოდ პოპულარული იყო მასებში, არმიაში, თავის გარემოცვაში. როგორც ჩანს, ჯერ კიდევ სიცოცხლეში მიაგებდნენ მას უდიდესი მხედართმთავრისა და პოლიტიკოსის პატივს, რომელმაც რომი კრიზისიდან გამოიყვანა და შექმნა ზესახელმწიფო. ამასთან ერთად ჩნდება ფორმალური გაღმერთებაც, რომელიც მოდის როგორც "ზემოდან", ასევე "ქვემოდან". აპიანე ახსენებს მის სახელზე ყველა ტაძარსა და სალოცავში შემოწირულ მსხვერპლს; სვეტონიუსი - კეისრისთვის ტაძრების, სამსხვერპლოებისა და ქანდაკებების აშენებას, სადაც კეისარი გამოსახულია ღმერთების გვერდით; დიონ კასიუსი წერს წარწერებზე იულიუსის ტაძრებზე. პლუტარქეს თანახმად, კეისარს მიუძღვნეს ტაძარი კლემენტია (Clementia). ბერძნულ პოლისებში მისი კულტი ეფუძნებოდა ძველ ელინისტურ ტრადიციებს. იულიუს კეისრის საპატივცემო წარწერებში, რომლებსაც ვხვდებით მცირე აზიისა ქალაქებსა და ეგეოსის ზღვის კუნძულებზე, ის "ელინთა ევერგეტად (კეთილისმყოფელად)", "ელინთა მხსნელად" და თვით "უძლეველ ღმერთადაც" კი იწოდება.

რომის სრულუფლებიანი იმპერატორის, ავგუსტუს ოქტავიანეს გარშემო იქმნება რელიგიური ორეოლი. ჯერ კიდევ ჩვ. წ.-მდე 30 წელს სენატმა დაადგინა, რომ ავგუსტუსისთვის ელოცათ როგორც სახელმწიფოს მხსნელისთვის, ხოლო ბანკეტებზე აღესრულებინათ მისი საპატივცემო შეწირვები. იმპერატორის კულტი ამავედრო იყო პოლიტიკური კულტი, რომელიც გავლენას ახდენდა ადამიანთა ცხოვრებაზე ისევე, როგორც ახდენენ მათზე გავლენას ბუნების ძალები. ამგვარი რწმენა უფრო მომდინარეობს ხალხთა მასებიდან, ვიდრე "ზემოდან", და როგორც მეცნიერთა უმეტესობა ფიქრობს, არ არის სწორი მისი წარმომავლობა დავუკავშიროთ აღმოსავლეთს. აქ, უფრო ტიპოლოგიურ განმეორებასთან გვაქვს საქმე.

იმპერატორის კულტში ერთდებოდა გმირისა და მმართველის, პიროვნებისა და ძალაუფლების კულტი, მაგრამ მაში იყო კიდევ რაღაც უფრო მეტი. კეისრის ჰერიოკული და მესიანური კულტი ავგუსტუსმა რომის ზესახელმწიფოს კულტად აქცია და იმპერიული იდეის განხორციელება გახდა. ჩვ. წ-
ის  II ს-მდე იდეოლოგიისა და რელიგიის ეს სინთეზი ოფიცალური ოლიმპიურ პანთეონთან ერთად თანაარსებობს.

ამრიგად, ძველი სამყაროს დეიზირებული მმართველების კულტში ჩვენ გამოვყოფთ მსგავს ნიშნებს: მიწიერ მონარქს ენიჭება ზებუნებრივი თვისებები, მას მიაწერენ ზესიბრძნეს, ასევე უკვდავების განსაკუთრებულ ფორმას, რომელსაც ის დაკავებული თანამდებობის პირობაზე იღებს.

ანალოგიური პროცესები შეიმჩნევა რევოლუციამდელ საფრანგეთსა და ჩრდილოეთ ამერიკაში. ჩნდება რევოლუციურ ბელადთა - მარატისა და რობესპიერის მრავალრიცხოვანი კულტები; მათი გამოსახვა ბიუსტების ან მინიატურების სახით საყოველთაოდ იყო გავრცელებული მთელი ათწლეულების განმავლობაში, სანამ ისინი არ შეავიწროვა ნაპოლეონ ბონაპარტის კულტმა.

ამერიკულ რევოლუციაში იკვეთება ჯორჯ ვაშინგტონის კულტი: ეს იყო ყველაზე რევოლუციური ლიდერის დახვეწილი კულტი იმათგან, რაც კი წინ უძღოდა ლენინურ კულტს. ლეგენდარული ვაშინგტონი, სახოტბო ჰიმნებისა და ოდების საგანი, სანიმუშო მაგალითი გახდა ამერიკელი ერის ახალგაზრდა მოქალაქეებისთვის. ვაშინგტონის თაყვანისცემამ ისეთი გავრცელება ჰპოვა, რომ 1815 წ. ერთი რუსი მოგზაური აღნიშნავდა, რომ ყოველი ამერიკელი თავის "უწმიდეს მოვალეობად" მიიჩნევს სახლში იმავე პატივით ჰქონდეს ვაშინგტონის პორტრეტი, როგორც რუსებს აქვთ თავიანთ სახლებში წმინდანთა ხატები.

მაგრამ მოდი, კვლავ რუსეთს დავუბრუნდეთ. თანამედროვე რუსული მეფეღმერთობის კულტის ანალიზისას ჩვენ მსგავს კონცეპტებს ვაკვირდებოდიით რუსი მმართველების მითოლოგიზირებულ სახეებში. აქ პირდაპირ სახეზეა (ტიპოლოგიური) განმეორება, რომლებსაც ჩვენ მეტაფორულად ძველი დეიზირებული მეფეების "რეინკარნაციას" ვუწოდებთ. მაგრამ, თუ თანამედროვე მეფეღმერთობის მიმდევრებთან ლაპარაკია სწორედ მონარქებზე (პეტრესა და ეკატერინე დიდზე, ასევე ნიკოლოზ მეორეზე), მათი გაღმერთების მიზეზი შეიძლება გახდეს მათი სამეფო წარმომავლობაც. ამისი ანალოგი გამოიყენეს იულიუს კეისარმა, რომელმაც თავისი მოდგმა დაუკავშირა ქალღმერთ ვენერას და სხვა მმართველებმაც (არ არიან გამონაკლისები -  თანამედროვე იაპონელი იმპერატორები, რომლებიც თავს ქალღმერთ ამიტერასუს "შთამომავლებად" აცხადებენ), რომლებიც მეტყველებენ თავიანთ "ღვთაებრივ" წინაპრებზე. გადაჭარბებული, კერპთაყვანისცმემლობაში გადასული რელიგიურობა, მეფის სისხლის წინაშე ქედის მოხრა მეფის თანამედროვე გამაღმერთებლებსაც ახასიათებთ. სანიმუშოდ გამოდგება თუნდაც ჟანა ბიჩევსკაიას შემოქმედება.
მონარქი
სხვა ასპექტია - კორონაციის (მეფედ კურთხევის) არასწორი (ოკულტურ-მაგიური) განმარტება. მეფედ კურთხევის მკაცრად საღვთისმეტყველო გაგება გადმოცემულია ისტორიკოს ა. ნ. საკატოვის (Закатов А.Н. Смысл коронации // Жизнь за Царя. М. 1996. № 5-6 (14-15) და ს. ვ. დუმინის მიერ (Думин С.В. История коронаций. М.: Слово, 2013) თავიანთ სტატიებსა და მონოგრაფიებში. ის ზებუნებრივი თვისებები, რომლებსაც მეფის გამაღმერთებლები მიაწერენ თავიანთ მონარქებს მათ მიერ განიმარტება როგორც კორონაციის საიდუმლოს შედეგი, რომელსაც თვითონაც არაქრისტიანულად აღიქვამენ. აქ ჩვენ ვხედავთ მაგიურ მიდგომას: რაღაც ცერემონია ადამიანს უხსნია გზას თუ ღმერთობისკენ არა, ზეადამიანობისკენ მაინც.

რელიგიური წეს-ჩვეულებების მსგავს განმარტებებს ჩვენ ვხვდებით ძველი აღმოსავლეთის რელიგიებშიც. მაგალითად, ე. წ. "მეორედ შობის" ცერემონია, რომელსაც ადამიანთა ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს, განეკუთვნება სამ უმაღლეს ვარნას - "ორჯერდაბადებულს". ინიციაცია ბრაჰმანებში ტარდება 5-16 წლის ასაკში, კშატრიებში 6-22 წლის ასაკში და ვაიშიავებში 8-24 წლის ასაკში. ამ დროს ხდება განდობილის მეორედ შობა, რამეთუ ის იძენს თავის მეორე მამას და მოძღვარს - გურუს, რომელიც მას მეორე (სულიერ) შობას ანიჭებს.

"კურთხეულ" ძაფს "ორჯერშობილი" მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში ატარებს. ეს "კურთხეულ" ძაფი იცვლება წელიწადში ერთხელ რაკშა-ბანხანის დღესასწაულზე. მეორე შობის რიტუალი უფლებას იძლევა პროფესიის შესწავლაზე და წინაპართა პროფესიებით დასაქმებაზე, რის შემდეგაც ყოველ შეუძლია გახდეს სახლიკაცი, ანუ თავისი ოჯახის მამა. ორჯერშობილები ჯერ მკვეთრად ეწინააღმდეგებოდნენ მეოთხე ვარნას, რომელიც ან არასრულუფლებიან არაარიელებისგან შედგებოდა, ან ყალიბდებოდა უპირველეს ყოვლისა აბორიგენული ტომებისადმი დაქვემდებარებული პირებისგან.

ძველი ინდოსტანის მცხოვრებთან წარმოდგენით ცერემონია ხელს უწყობს ზენა ძალების მოპოვებას. პარალელურად შევნიშნავთ, რომ ქრისტიანული საიდუმლოებანი, მათ შორის მღვდლობის ან მღვდელმთავრის ხელდასხმის საიდუმლო და სამეფო კორონაცია მირონცხებით ნიშნავს ადამიანის კურთხევას მის სოციალურ მსახურებაზე. ხოლო საიდუმლოს ნაყოფი, როგორც ცნობილია, დამოკიდებულია იმ ადამიანის რწმენასა და ნებაზე, რომელიც მას ღებულობს. და აქ ადგილი არა აქვს არანაირ მაგიზმს.

თუმცა, როდესაც ადამიანი განდუგება ჭეშმარიტ ღმერთშემეცნებას, ის აუცილებლად ადგება მცდარ გზას. ეს არის რელიგიური ცხოვრების საერთო კანონი. პაპ ბენედიქტე XVI-ის თქმით: "იქ, სადაც ადამიანი ღმერთს განუდგება, მას თავს ესხმიან ღმერთები (ანუ დემონები - "აპოკ". რედ.)" (Рацингер Й. Введение в христианство Брюссель, 1988). თუ შევადარებთ მეფის თანამედროვე გამაღმერთებლებს ძველი სამყაროს რელიგიურ პრაქტიკასთან, დავინახავთ მათ ტიპოლოგიურ მსგავსებას. ეს განპირობებულია წარმართული მსოფლმხედველობის საერთო მატრიცით.

ამ კონტექსტში გვსურდა რელიგიათმოცდნეობის პოზიციიდან გაგვეანალიზებინა მეფის გამაღმერთებელთა მოძრაობა. მასში, როგორც უკვე არაერთხელ აღვნიშნეთ, არსებობს დოქტრინები, რომლებიც მათ ადეპტებს აკავშირებს კლასიკური ქრისტიანობის მიღმა მდებარე სწავლებებთან და მსოფლმხედველობასთან; ეს არის ღმერთზე, როგორც შემოქმედზე და სამყაროს გამგებელზე, ასევე იესუ ქრსიტეზე, როგორც კაცობრიობის ერთადერთ გამომსყიდველზე (მაცხოვარზე) წარმოდგენის დეკონსტრუქცია. მათ წარმოდგენაში წმიდა სამება გაწეულია უკანა პლანზე, ზენა სფეროებში, რაც ტიპოლოგიურად იმეორებს ძველი ადამიანების განდგომას თავდაპირველი მონოთეიზმიდან მრავალგვაროვან პოლითეიზმში.
მონარქი
ღმერთის ადგილს იკავებენ მათ მიერ განდიდებული პიროვნებები, რომელთაც მიეწერებათ ღვთაებრივი თვისებები. ამგვარად, აქ ქრისტიანულ ატრიბუტიკასთან ერთად (ხატები, თეონიმები, კლასიკური საწესჩვეულებო ტრადიიციის ზოგიერთი ელემენტები), ვხედავთ წარმართულ მსოფლმხედველობას, როდესაც ღმერთის ნაცვლად იწყებენ ქმნილების თაყვანისცემას (ჩვენს შემთხვევაში, მიწიერი მმართველისას) (და კიდევ ზოგიერთ შემთხვევაში - სასულიერო მოღვაწეებისას - "აპოკ". რედ.). მათი შემდგომი განვითარების პროგნოზირებას თუ შევუდგებით, შეიძლება ვივარაუდოთ მათი შემდგომი დეგრადაცია და საბოლოო დექრისტიანიზაცია, სადაც არ გამოირიცხება ახალი სინკრეტული კულტების ფორმირებაც.

ვიმედოვნებთ, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრობა უახლოეს პერიოდში დაამტკიცებს სარწმუნოებრივი ხასიათის დოკუმენტებს, რომელიც შეეხება მეფის გაღმერთებას და საჯაროდ დაგმობს ამ ერესს.


წყარო: stavroskrest.ru
Назад к содержимому