ანტიერეტიკონი ეკლესიის გარეთ არ არსებობს ცხონება 7 - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

სწავლანი > ანტიერეტიკონი

მღვდელი გეორგი მაქსიმოვი

ეკლესიის გარეთ არ არსებობს ცხონება

კორნელიუსი

შინაარსი



7. წმ. წერილის მოწმობათა გარჩევა,

რომელსაც ხსენებული ცრუსწავლების სასარგებლოდ იყენებენ


მომხრეებმა იმ ცრუსწავლებისა, რომლის თანახმადაც თითქოსდა შესაძლებელია სხვაგვარად მორწმუნეთა, მწვალებელთა და სქიზმატიკოსთა ცხონებაც, კარგად იციან, რომ ამ სიცრუეს ვერ დანერგავენ ეკლესიაში, თუ წმიდა წერილისა და წმიდა გადმოცემის ავტორიტეტს არ ამოეფარებიან, რადგან ესენი (წმ. წერილი და წმ. გადმოცემა) საღმრთო გამოცხადების ის ორი წყაროა, რომელსაც უპირველესი მნიშვნელობა აქვს ყოველი ღვთისმოსავი მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის.

ამიტომაც თავიანთი მრავალწლიანი საქმიანობის განმავლობაში მათ მოიფიქრეს მთელი რიგი არგუმენტები, რომლებიც "შეამაგრეს" ციტატებით ბიბლიიდან და წმიდა მამათა თხზულებებიდან. ქვემოთ ჩვენ განვიხილავთ მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანს, და მკითხველს მივცემთ შესაძლებლობას თვითონ გააკეთოს დასკვნები მათ საფუძვლიანობაზე.

ცნობილია, რომ სატანა უდაბნოში გასული ქრისტეს ცთუნებას წმიდა წერილიდან მოტანილი სიტყვებით ცდილობდა. განმარტავს რა ამ სახარებისეულ ეპიზოდს, ღირ. ეფრემ ასურელი წერს: "მან (სატანამ) რაც სჭირდებოდა ის აიღო წერილიდან, ხოლო რაც მას ეწინააღმდეგებოდა, გამოტოვა. ასე არიან მწვალებლებიც, ისინი წმიდა წერილიდან იღებენ იმას, რაც მათ თავიანთი მაცთური სწავლებების გასამართლებლად სჭირდებათ და ტოვებენ იმას, რაც მათ ცთომილებას ეწინააღმდეგება..." (прп. Ефрем Сирин. Толкование на Четвероевангелие, 4).

მოდერნისტები უმეტესწილად უგულებელჰყოფენ ბიბლიის მათ მიერ ციტირებული ადგილების წმიდა მამებისეულ გაგებას, თუმცა VI მსოფლიო კრების 19-ე კანონი განგვიწესებს: "ეკლესიების წინამძღვრებმა ყოველდღე, უფრო კი კვირა დღეებში, დამოძღვრონ მთელი საეკლესიო დასი და მრევლი ღვთისმოსავი სიტყვებით, ამოკრიბონ საღვთო წერილიდან ჭეშმარიტების შესაგონებელი და შესამეცნებელი ადგილები და, ამასთან, არ გადავიდნენ ღმერთშემოსილი მამების გადმოცემებსა და მათ მიერ დადებულ ზღვარს. როცა წმიდა წერილის სიტყვას გამოიკვლევენ, სხვაგვარად არ განმარტონ იგი, არამედ როგორც ეს თავიანთ ეპისტოლეებში ჩამოაყალიბეს ეკლესიის მნათობებმა და მოძღვრებმა და, წინამძღვრები ამით უფრო დაკმაყოფილდნენ, ვიდრე საკუთარი სიტყვების შედგენით, რათა წმიდა წერილის არასაკმარისი ცოდნა არ გახდეს ჭეშმარიტებისაგან გადახრის მიზეზი. სწორედ ზემოხსენებულ მამათა სწავლებებით უნდა შეიმეცნოს მრევლმა, რა არის სასარგებლო და არა - უსარგებლო, რა არის ასარჩევი და რა - დასაგმობი და, ცხოვრების გამოსწორება დაიწყოს, რათა აღარ იტანჯებოდეს უმეცრების სენით, არამედ სწავლას ყურ-მიპყრობილი თავს აიძულებდეს ბოროტებისაგან განრიდებას და, სასჯელის მოწევის შიშით, საკუთარ ცხონებას აღაშენებდეს".

ამიტომაც ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი) ამბობდა: "ნუ გაბედავ სახარებისა და წმიდა წერილის სხვა წიგნების თვითნებურ განმარტებას. წერილი წარმოთქმულია წმიდა წინასწარმეტყველთა და მოციქულთა მიერ, წარმოთქმულია არა თვითნებურად, არამედ სულიწმიდის შთაგონებით. მაშ, რაოდენ უგუნურება იქნება მისი თვითნებური განმარტება? სულიწმიდა, რომელმაც წინასწარმეტყველთა და მოციქულთა მიერ გამოთქვა ღმრთის სიტყვა, შემდეგ იგივე სიტყვა წმიდა მამათა მიერ განმარტა. და ღმრთის სიტყვა და მისი განმარტება - სულიწმიდის ნიჭია. მხოლოდ ამ ერთ განმარტებას იღებს წმიდა მართლმადიდებლური ეკლესია!" (Цит. по: 300 слов мудрости. М., 2011). ამიტომაც ოპონენტების მიერ დამოწმებულ ბიბლიურ ციტატებს ჩვენც წმიდა მამებისეული განმარტებების შუქზე განვიხილავთ.


7. 1. მოციქულთა საქმენი 10:35.

იმ აზრის მომხრენი, თითქოსდა ქრისტეს რწმენისა და მიღების გარეშე შესაძლებელია ცხონება, - მთავარია კაცი კეთილ საქმეებს იქმოდეს, და არა აქვს მნიშვნელობა როგორ ირწმუნებს, - იმოწმებენ წმიდა მოციქულ პეტრეს სიტყვებს იმის შესახებ, რომ "ყველა ხალხში მისი მოშიში და სიმართლის მოქმედი სათნოა მისთვის" (საქმე 10:35).

ჩვენ შემთხვევით როდი დავიმოწმეთ ღირ. ეფრემის სიტყვები. იმის შესწავლისას, თუ როგორ იყენებენ მოცემულ ციტატას განსახილველი ცთომილების მომხრეები, ჩნდება შეგრძნება, რომ მათ აუდიტორიას წარმოადგენენ მხოლოდ წმიდა წერილში განუსწავლელი ადამიანები. ამიტომაც შეუძლებელია არ შევნიშნოთ, რომ წმიდა წერილის ხსენებული ადგილის მოდერნისტების მიერ შემოთავაზებული გაგება რადიკალურად ეწინააღმდგება იმავე მოციქულის სხვა სიტყვებს, რომლებიც სრულიად მკაფიოდ არის გამოთქმული ცხონებასთან დაკავშირებით.

ცდილობენ დაგვარწმუნონ, რომ მოციქული პავლე, რომელიც წერდა, თვით ღმრთითბოძებული ძველი სჯულის აღმასრულებელნიც კი ვერ მიაღწევენო ცხონებას (იხ. გალატ. 2:21), თითქოსდა ასწავლიდეს, რომ ცხონდებოდნენ ისინიც, ვინც კერპებს სცემდა თაყვანს, და საღმრთო გამოცხადება სიზმრადაც არც დასიზმრებია; რომ მოციქული, რომელიც ამბობდა: "მსხვერპლს, რომელსაც სწირავენ ისინი
(წარმართები - "აპოკ". რედ.), დემონებს სწირავენ და არა ღმერთს, მე კი არ მინდა, რომ დემონთა ზიარნი იყოთ" (1 კორინთ. 10:20), და რომელიც ღაღადებდა: "რამ შეათანხმოს ქრისტე და ბელიარი? ან რა ხელი აქვს მორწმუნეს ურწმუნოსთან?" (2 კორინთ. 6:15), თითქოსდა მიიჩნევდა, რომ ღმრთის სასუფევლის მონაწილე გახდება ის, ვინც მსხვერპლს სწირავდა არა ღმერთს, არამედ დემონებს, და თაყვანს სცემდა ბელიარს.

მსგავსი აზრის აბსურდულობა ცხადზე უცხადესია. ბუნებრივია, რომ მოციქულის სიტყვების მოდერნისტების მიერ შემოთავაზებული განმარტება არა მარტო ეწინააღმდეგება წმიდა მამებისეულ განმარტებებს, არამედ პირდაპირ იმხილება წმიდა მამების მიერ, კერძოდ, იოსებ ვოლოკოლამელი (XV ს.) ბრძანებს: "თუკი "ყველა ხალხში მისი მოშიში და სიმართლის მოქმედი სათნოა მისთვის" (საქმე 10:35), რატომ ჩატოვა პეტრემ კორნელიუსი და მისი ახლობლები ადრინდელ რწმენაში, თუმცა ისინი ღვთისმოშიშები იყვნენ და კეთილ საქმეებს სხვებზე მეტადაც იქმოდნენ, - არამედ მოუწოდა მათ მონათლულიყვნენ ქრისტეს სახელით? თუკი ყველა ხალხში ღმრთის მოშიში და სიმართლის მოქმედი სათნოა ღმრთისთვის, რატომ უთხრა უფალმა ჩვენმა იესუ ქრისტემ თავის მოწაფეებს: "წადით, დაიმოწაფეთ ყველა ხალხი და ნათელი ეცით მათ მამის და ძის და სული წმიდის სახელით; ასწავლეთ მათ დაიცვან ყველაფერი, რაც გამცნეთ; და, აჰა, მე თქვენთანა ვარ დღემუდამ ვიღრე ქვეყნის დასასრულამდე" (მათე 28:19-20)? და კიდევ უფალმა იესუ ქრისტემ თქვა: "ვინც იწამებს და ნათელს იღებს, ცხონდება, ვინც არა და, განიკითხება" (მარკოზი. 16:16). ... დიდმა მოციქულმა სიტყვები: "ყველა ხალხში მისი მოშიში და სიმართლის მოქმედი სათნოა მისთვის" (საქმე 10:35) ქრისტეს განკაცებამდე, ჯვარცმამდე და აღდგომამდე მცხოვრებ მართლებზე ბრძანა, იმ ადამიანებზე, რომლებიც ცხოვრობდნენ იუდეველთა და სხვა ხალხებს შორის, იყვნენ ღვთისმოშიშნი და იქცეოდნენ სიმართლის მიხედვით, ვინც თაყვანს სცემდა არა კერპებს, არამედ ჭეშმარიტ ღმერთს, როგორც კორნელიუსი და მისი სახლეულობა. მაგრამ ქრისტეს განკაცების, მისი ჯვარცმისა და აღდგომის შემდეგ "სხვის მიერ არვისგანაა ხსნა და არც კაცთათვის მიცემული სხვა სახელია ცის ქვეშ, ვისი წყალობითაც ვიხსნიდით თავს" (საქმე 4:12).

უფალი ამბობს თავის წმიდა სახარებაში, რომ ის, ვინც არ იშვება წყლისაგანდა სულისა სახელითა მამისათა, ძისათა და სულისა წმიდისათა, ვერ ცხონდება, თუნდაც დედამიწაზე მცხოვრებ ყველა ადამიანზე უპატიოსნესი იყოს. ამას ადასტურებს მოციქული პეტრეც, რომელმაც მონათლა მართალი კორნელიუსი, რომლის შესახებაც მოციქულს თვით ღმერთმა გამოუცხადა... ახლა ღმერთს ყველა ადამიანი ესათნოება მათი ნათლისღებისა და კეთილ საქმეთადმი მისწრაფების გამო, ქრისტეს განკაცებამდე კი ღმრთისთვის სათნო იყვნენ მართალნი მათი ღვთისმოშიშებისა და მართალი ცხოვრების გამო... ცხადია, რომ ეს სიტყვები მოციქულმა თქვა ქრისტეს განკაცებამდე მცხოვრებ მართალთათვის, მათთვის, ვისაც ღვთისმოშიშება ჰქონდა და სამართლიანად იქცეოდა, თაყვანს არ სცემდა კერპებს. მათზე წმიდა მოციქულმა პეტრემ კიდევ ბრძანა: "ვინაიდან როცა რჯულის არმქონე წარმართნი ბუნებრივად ასრულებენ რჯულს, მაშინ რჯულის არმქონენი თვითონვე არიან თავიანთი თავის რჯული. ისინი გვიჩვენებენ, რომ რჯულის საქმე გულის ფიცარზე უწერიათ, რასაც მოწმობენ მათი სინდისი და მათი აზრები, როძლებიც ხან ბრალს სდებენ, ხან კი ამართლებენ ერთმანეთს" (რომ. 2:14-15)" (Прп. Иосиф Волоцкий. Просветитель, 5).




7.2. რომ. 2:14 და 1 კორინთ. 5:13

სხვა ტექსტები, რომელთაც ხშირად იმოწმებენ განსახილველი ცრუსწავლების მომხრეები, ამოღებულია წმიდა მოციქულ პავლეს ეპისტოლეებიდან. კერძოდ: "ვინაიდან როცა რჯულის არმქონე წარმართნი ბუნებრივად ასრულებენ რჯულს, მაშინ რჯულის არმქონენი თვითონვე არიან თავიანთი თავის რჯული. ისინი გვიჩვენებენ, რომ რჯულის საქმე გულის ფიცარზე უწერიათ, რასაც მოწმობენ მათი სინდისი და მათი აზრები, როძლებიც ხან ბრალს სდებენ, ხან კი ამართლებენ ერთმანეთს" (რომ. 2:14-15), და სხვა მისი სიტყვები: "გარეშენი კი ღვთის მიერ განიკითხებიან" (1 კორინთ. 5:13).

მოციქულის სიტყვებიდან იმის შესახებ, რომ წარმართები, ვინც არ უწყოდა გამოცხადება დაისჯებიან თავიანთი საქმეებისა და კიდევ იმის მიხედვით, "რასაც მოწმობენ მათი სინდისი და მათი აზრები", ხსენებული ცთომილების მომხრეებს სურთ გამოიტანონ დასკვნა იმათი ცხონების შესახებ, ვისაც არ სწამდა ქრისტე და არ შეერთებია მას ნათლისღების საიდუმლოში.

ისინი გვთავაზობენ უცნაურ ლოგიკას: "განიკითხებიან" - ე. ი. "გამართლდებიან". მაგრამ საიდან არის აღებული ასეთი მნიშვნელობა? ნებისმიერი, მართლაც სინდის-ნამუსიანი კაცისთვის სიტყვები: "შენ განიკითხები შენი საქმეების მიხედვით და სამართლიანად მიიღებ მათთვის იმას, რაც გეკუთვნის", სულაც არ არის "სასიხარულო ცნობა". ეს არის საშინელი განაჩენი, რადგან სინდისი შეგვახსენებს ყველა იმ ცოდვის შესახებ, რომლებიც იმსახურებენ არა ჯილდოს, არამედ დასჯას.

"განიკითხებიან" - ე. ი. დაისჯებიან აღსრულებული ცოდვების მიხედვით, როგორც პირდაპირ წერს ამის შესახებ მოციქული იმავე ტექსტში: "ვინც ურჯულოდ შესცოდა, ურჯულოდვე წარწყმდება, ხოლო ვინც რჯულით სცოდა, რჯულითვე განიკითხება. ... საიმდღისოდ, როცა, ჩემი სახარებისამებრ, ღმერთი განსჯის კაცთა ფარულ საქმეებს იესუ ქრისტეს მიერ" (რომ. 2:12, 16).

მოციქულის სიტყვები ურწმუნოთა მიმართ გამოტანილ ღმრთის სამსჯავროზე წმ. იოანე ოქროპირს ესმოდა არა როგორც "სასიხარულო ცნობა" შესაძლო გამართლების შესახებ, არამედ, პირიქით, როგორც მრისხანე გაფრთხილება საუკუნო სასჯელზე: "მისი ამ სიტყვებიდან: "რად განვიკითხო გარეშენი?" - ვინმეს რომ არ დაესკვნა, წარმართები დაუსჯელები დარჩებიანო, იგი მათ სხვა სასამართლოზე მიუთითებს - საშინელ სამსჯავროზე. ამას წარმართების დასაშინებლად და თან თავისიანების სანუგეშოდ ამბობს, აგრეთვე იმის საჩვენებლად, რომ ეს დროებითი სასჯელი მარადიული და უსასრულო სასჯელისგან ათავისუფლებს..." (წმ. იოანე მღვდელმთავარი. შრომები. XIV ტომი. კორინთელთა მიმართ პირველი ეპისტოლეს განმარტება. მეთექვსმეტე ჰომილია (1 კორ. 5:9-11). თბილისი 2017. გვ. 189) (სტატიის ავტორის მიერ მითითებულია რუს. გამოცემა: (Свт. Иоанн Златоуст. Беседы на 1 послание Коринфянам, 16.1 // Священное Писание в толкованиях святителя Иоанна Златоуста . Т. VIII. М., 2006. С. 175).

ადამიანი სინდისის საფუძველზე გამართლდებოდა მხოლოდ მაშინ, თუკი უცოდველად იცხოვრებდა. მაგრამ ღმერთი გვეუბნება, "არ იპოვება ქვეყნად მართალი კაცი, რომელიც იქმოდეს კეთილ საქმეს და არ სცოდავდეს" (ეკლ. 7:20), "არ არსებობს უცოდველი კაცი" (2 ნეშტთა 6:36), "რაკიღა ყველამ სცოდა და მოაკლდა ღვთის დიდებას" (რომ. 3:23). წმიდა ბედა პატივდებულის მოწმობით, "ყველა ადამიანი ვნების უკუნში იბადება და ბნელში იმყოფება, სანამ არ განანათლებს მას ქრისტეს ნათლისღების მადლი" (Цит. по: Библейские комментарии отцов Церкви и других авторов I-VIII веков. Новый Завет . Т. IX. Тверь, 2008. С. 207). ის, ვინც არ მიმართავს ნათლისღების მადლს და არ ისარგებლებს ცხონების გზით, რომელიც ქრისტემ ყველასთვის გახსნა, თავისი ცოდვების ბნელში რჩება.

სინდისის ქონა ზუსტად იმას ნიშნავს, რომ ვერავინ გაექცევა ღვთის მსჯავრს. რომ არ ყოფილიყო ღმრთის ეს ხმა ყოველ ადამიანში, მაშინ არც ვინმე იქნებოდა დასასჯელი მათგან, ვინც ვერ მიიღო ცნობა ღმრთის ნების შესახებ გარეშე წყაროთაგან. მაგრამ, როგორც ნეტ. თეოფილაქტე განმარტავს, "მოციქული ლაპარაკობს იმაზე, თუ როგორ განიკითხებიან საერთოდ ადამიანები. განკითხვის დღეს წარსდგებიან ჩვენი აზრები, რომლებიც ხან გაგვკიცხავენ, ხან კიდევ გაგვამართლებენ, და ადამიანს იმ სამსჯავროზე არ დასჭირდება სხვა ბრალმდებელი ან სხვა დამცველი საკუთარი სინდისის გარდა" (Блж. Феофилакт Болгарский . Толкование на послание к Римлянам, 2). და მაშინ, ნეტ. თეოდორიტეს თქმით, ისინი, ვინც არ იცოდა საღმრთო სჯული, ზეციერი მსაჯული დასჯის მათ სჯულიერად, "მათთვის დაბადებიდან ბოძებული უნარის მიხედვით გაერჩიათ კეთილი ბოროტისგან... სჯულს გარეთ მცხოვრებთა სინდისი ხან უცოდინრობით დაიწყებს თავის მართლებას, ხან კიდევ მიიღებს  ბრალდებას და აღიარებს მასზე გამოთქმული მსჯავრის სამართლიანობას" (Блж. Феодорит Кирский . Творения. М., 2003. Сс. 110-111).


7.3. 1. ტიმ. 4:10

განსახილველი ცრუსწავლების სხვა არგუმენტს წარმოადგენს ეკლესიის წერილისა და გადმოცემის სიტყვები, რომლებშიც ლაპარაკია იმაზე, რომ ქრისტე მოვიდა ყველა ადამიანის საცხონებლად. კერძოდ, ძალიან უყვართ წმიდა მოციქულ პავლეს სიტყვების დამოწმება ტიმოთეს მიმართ მიწერილი პირველი ეპისტოლედან: "ვინაიდან იმისთვის ვშრომობთ და ვიღვწით, რომ ვესავთ ცოცხალ ღმერთს, რომელიც არის ყოველი კაცისა და, მით უმეტეს, მორწმუნეთა მხსნელი" (1 ტიმ. 4:10). ამ სიტყვებიდან და წმიდა მამათა მსგავსი გამონათქვამებიდან გამომდინარე, რომ ქრისტე მოვიდა ყველა ადამიანის საცხონებლად, მოდერნისტები აკეთებენ დასკვნას, თითქოსდა შესაძლებელია ლაპარაკი არა მარტო ქრისტიანთა, არამედ მუსლიმთა, ბუდისტთა, კერპთაყვანისმცემელთა და ა. შ. ცხონებაზე.

მაგრამ, ასეთი დასკვნა უსაფუძვლოა. დავუშვათ, არის ვინმე ადამიანი, რომელიც ტაძარში მიდის. გზად შეივლის სახლში, სადაც მისი მეგობრები იმყოფებიან და მოუწოდებს შეუერთდნენ მას და წავიდნენ ტაძრისკენ. მეგობართაგან ზოგიერთი გაჰყვება, ზოგიერთი კი უარს იტყვის და სახლშივე დარჩება. დამპატიჟებელი სახლში ყველას გამო შევიდა, მაგრამ მისი მისვლით ისარგებლეს მხოლოდ იმათ, ვინც მას დაუჯერა და ტაძრისკენ გაჰყვა.

სწორედ ასე განმარტავს მოციქულის ამ სიტყვებს ეპისკოპოსი თეოფანე: "ღმერთი ყველა ადამიანის მაცხოვარია, - რადგან ნებავს, რომ ყველა კაცი გადარჩეს და ეზიაროს ჭეშმარიტების შემეცნებას (1 ტიმ. 2:4) - და არა მარტო სურს ყველას ცხონება, არამედ მოაწყო ცხონების საოცარი სახე, ყველასთვის ღია და ყოველის ცხონების შემძლე, ვინც კი მისით ისარგებლებს. მაგრამ რატომ არის ის უმეტესწილად მართალთა მაცხოვარი? იმიტომ, რომ ღმრთის მაცხოვნებელი ნება და მაცხოვნებელი საღრთო განგება ყველაზე ვრცელდება და ყველას ცხონებისთვის საკმარისია; მაგრამ სინამდვილეში ცხონების მოსურნენი არიან მხოლოდ მართალნი, ანუ ისინი, ვინც ირწმუნა სახარებისა და მადლის მიღების შემდეგ რწმენის სულისკვეთებით იცხოვრა. ასე რომ, ღმერთი, რომელსაც მუდამ სურს და მუდამ შემძლეა ყოველი ადამიანის ცხონებისა, სინამდვილეში მხოლოდ მართალთა მაცხოვარია" (Свт. Феофан Затворник . На первое послание святого апостола Павла к святому Тимофею).

ეპისკოპოსი ტიხონ ზადონელი პირდაპირ უარყოფს მოდერნისტების მიდგომას და ბრძანებს: "შენს კითხვაზე: "ნუთუ ყველანი ცხონდებიან, თუკი ქრისტეს ყოველთა გამო მოვიდა ქვეყანაზე?" - მოკლედ გიპასუხებ. ღმრთის ნებას ყოველთა ცხონება ნებავს, და, როგორც უკვე გწერდი, ქრისტე მართლაც ყველას გადასარჩენად მოვიდა, მაგრამ ყველანი როდი ცხონდებიან. მკვდრეთით აღდგომის შემდეგ უფალმა ქრისტემ თავის მოციქულებს უთხრა: "წადით, მოიარეთ მთელი ქვეყანა და უქადაგეთ სახარება ყველა ქმნილებას. ვინც იწამებს და ნათელს იღებს, ცხონდება, ვინც არა და, განიკითხება" (მარკოზი 16:15-16). რადგან, ვინც რწმენით მიიღებს მას და მოინათლება "სახელითა მამისათა, და ძისათა, და წმიდისა სულისათა", ის ცხონდება, ხოლო ვინც მას არ მიიღებს, წარწყმდება. ასე არ მიიღეს ის იუდეველებმა, თუმცა მისი ხალხი იყვნენ, როგორც ნათქვამია: "თავისიანებთან მოვიდა და თავისიანებმა არ შეიწყნარეს" (იოანე 1:11). ასე არ შეიწყნარებენ მას მაჰმადიანები და სხვა ხალხები, ასევე კერპთაყვანისმცემლები, და ცრუქრისტიანები, რომლებსაც რწმენა მარტო პირზე აკერიათ, გულში კი უღვთოებენ, და რომელთა შესახებაც მოციქული წერდა: "სიტყვით აღიარებენ, საქმით კი უარყოფენ ღმერთს, უკეთურნი, ურჩნი და ყოველი კეთილი საქმისათვის ურგებნი"" (ტიტ. 1:16) (Свт. Тихон Задонский. Келейные письма, 9).


7.4. მათე 12:31-32

განსახილველი ცთომილების მომხრეები კიდევ ერთ აგუმენტზე აგებენ თავიანთ შეხედულებას, კერძოდ, უფლის სიტყვებზე: "ყოველი ცოდვა და გმობა მიეტევება ადამიანებს, მაგრამ სულის გმობა არ მიეტევება მათ. ვინც იტყვის სიტყვას კაცის ძის წინააღმდეგ, მიეტევება მას; მაგრამ ვინც იტყვის სიტყვას სული წმიდის წინააღმდეგ, არ მიეტევება მას, არც ამ წუთისოფლად და არც საუკუნო სოფლად" (მათე 12:31-32). ისინი ცდილობენ ეს სიტყვები განაკუთვნონ მხოლოდ მათ, ვინც, იცის ჭეშმარიტება და შეგნებულად ეწინააღმდეგება მას. ამიტომაც, თითქოსდა მწვალებლები და სხვაგვარად მორწმუნენი, რომლებიც უმეცრების გამო ვერ ჩაითვლებიან მართლმადიდებლობის ჭეშმარიტების მოწინააღმდეგეებად, მიტევებულ და ცხონებულ იქნებიან, თუნდაც ქრისტეს მგმობელები იყვნენ. მოდერნისტები თავიანთი სიტყვების დასტურად იმოწმებენ ასევე წმ. იოანე ოქროპირს და ეპისკოპოს თეოფანე დაყუდებულს, რომლებიც ლაპარაკობდნენ იმაზე, რომ აშკარა ჭეშმარიტებისადმი წინააღმდეგობა არის სულიწმიდის გმობა.

უდავოდ, არავინ დაიწყებს დავას იმაზე, რომ ჭეშმარიტების წინააღმდეგ შეგნებული, გააფთრებული წინააღმდეგობა, არც ამქვეყნად მიეტევება ვინმეს და არც იმქვეყნად. მაგრამ მამებს, რომელთაც მოდერნისტები იმოწმებენ, არ უთქვამთ სულიწმიდის გმობა მხოლოდ ეს არისო. წმიდა მამები თავიანთი განმარტებებით ავსებენ ერთურთს. ამიტომაც წმიდა მამებისეული განმარტებების სრული წარმოდგენისთვის და მართებული გაგებისთვის, თუ რა არის სულიწმიდის გმობის მიუტევებელი ცოდვა ყურადღება უნდა მივაპყროთ ღირ. ეფრემ ასურელის სიტყვებს: "რომელი ცოდვაა მიუტევებელი? ცოდვა სულიწმიდის წინააღმდეგ. ეს არის ყოველი მწვალებელის ცოდვა, რადგან ერეტიკოსები გმობდნენ და ახლაც გმობენ სულიწმიდას. მათ არავინ მიუტევებს ამ ცოდვას არც წუთისოფლად, არც საუკუნო ცხოვრებაში, უფლის სიტყვისამებრ, რადგან ეწინააღმდეგებოდნენ თვით ღმერთს, რომლისგანაც არის ცხონება; და ვინღა შეეწევა მათ?" (Прп. Ефрем Сирин . Творения. Т. 3. Сергиев Посад, 1912. С. 111).

იმგვარ გაგებაზე, რომელსაც გვთავაზობენ მოდერნისტები, პირდაპირ გვაფრთხილებდა წმიდა ათანასე დიდი: "მითხარი, - ნუთუ სულიწმიდის გმობა მიეტევება არიანელთ, სიმონიანელთ, საბელიანოზთ, ფოტინელთ და ყველა მტერს, ვინც ძის განაკცებას კიცხავს? შორს ჩვენგან ასეთი უგუნურება! ... სულიწმიდის გმობა არის ურწმუნოება და არ არსებობს პატიების მიღების სხვა შესაძლებლობა, თუ არა მართლმადიდებლობის გზაზე შედგომა; და უღმრთოებისა და ურწმუნოების ცოდვა არავის მიეტევება არც აქ, და არც მომავალ საუკუნეში" (Свт. Афанасий Великий . Творения. Т. IV. М., 1994. С. 441).

ჯეროვანია გავიხსენოთ ისიც, რომ წმ. მარკოზ ეფესელი, ფლორენციის კრებასთან დაკავშირებით დაწერილ თავის მრგვლივმოსავლელ ეპისტოლეში სულიწმიდის გმობის ცოდვას განაკუთვნებს სწავლებასაც სულიწმიდის ძისგან გამომავლობის (filioque) შესახებ, რომელსაც, როგორც ცნობილია, აღიარებენ ლათინები და პროტესტანტები. იმავე აზრზეა ბერი პაისი ველიჩკოვსკიც, რომელმაც თქვა: "გიჯობს იცხოვრო სიღატაკეში, ვიდრე რომაელებივით გმობდე სულიწმიდას" (Письмо к униатскому священнику Иоанну. Цит. по: прот. Сергий Четвериков . Молдавский старец Паисий (Величковский) , его жизнь, учение и влияние на православное монашество. Париж, 1976. С. 217).




7.5 კეთილგონიერი ავაზაკი

დასასრულ, განსახილველი ცთომილების მომხრეებს ძალიან უყვართ კეთილგონიერი ავაზაკის მაგალითის დამოწმება - აი, ხედავთო, - ამბობენ ისინი, - ავაზაკი მონათლულიც კი არ ყოფილა და ცხონდა, მაშ, აღიარეთ, რომ წარმართები და ქრისტესადმი ყოველნი ურწმუნონი ცხონდებიან ნათლისღების გარეშეც.

ეს არის ძალიან უცნაური არგუმენტი. ჯერ-ერთი, კეთილგონიერი ავაზაკი არ იყო წარმართი, ის ებრაელი გახლდატ, ანუ, თავისი წინადაცვეთის ფაქტით ის ღმერთთან იმყოფებოდა ძველაღთქმისეულ კავშირში, უკიდურეს შემთხვევაში, მან იცოდა ძველაღთქმისეული სჯულის ღვთითგამოცხადებული ჭეშმარიტებანი, თუმცა არ მისდევდა მათ. მეორეც, ლუკა მახარობლის თანახმად, მას სწამდა ჯვარცმული ქრისტესი, უწოდა მას უფალი და მას მიმართავდა ლოცვით ცხონებისთვის. მაშ, როგორ არის შესაძლებელი მისი მაგალითი გამოყენებულ იქნას იმ აზის გასამართლებლად, თითქოსდა ცხონება შეუძლიათ იმათაც, ვინც იყო ძველაღთქმისეული სჯულის გარეთ და არ სწამდა ქრისტესი?

წმ. კირილე იერუსალიმელი წერს: "თუ ვინმე არ მიიღებს ნათლისღებას, ვერ ცხონდები, გარდა მხოლოდ მოწამეებისა, რომლენიც წყლის გარეშეც იღებენ ნათლობას. მაცხოვარმა, რომელმაც ჯვრის მიერ სამყარო გამოისყიდა, გვერდის განგმერისას გამოადინა სისხლი და წყალი, რომ ერთნი, მშვიდობიანობის დროს, წყლით მოინათლონ, ხოლო სვებმა, დევნილობის ჟამს, საკუთარი სისხლით ნათელიღონ. მარტვილობას კი, ნახე, თავად მაცხოვარი უწოდებს ნათლისღებას, რომელიც ამბობს: "ძალგიძს შესვათ სასმისი, რომელსაც მე შევსვამ, და ნათლისღებით, რომლითაც მე მოვინათლები, მოინათლოთ?" (მარკ. 10.33). მარტვილებიც აღიარებენ, რომლებიც სახილველნი გახდნენ სოფლისა, ანგელოზებისა და ადამიანებისა (I კორ. 4.9)" (წმიდა კირილე იერუსალიმელი - მესამე ქადაგება ნათელღებულთადმი).

ეკლესიაში ცნობილია უძველესი ტრადიცია, რომელიც კეთილგონიერ ავაზაკზე მსჯელობს როგორც მოწამეზე. კერძოდ, ნეტ. იერონიმე ბრძანებს: "ქრისტემ ჯვრიდან შეიყვანა ავაზაკი სამოთხეში; და - ვინმემ მისი მიმართვა დაგვიანებულად რომ არ ჩათვალოს, - სასჯელი მკვლელობისთვის მოწამეობად გარდააქცია" (Блж. Иероним Стридонский. Письмо 16 // Творения. Ч. 1. Киев, 1893. С. 46). მღვდელმოწამე კვიპრიანე კართაგენელი, რომელიც ბრძანებს, რომ მოწამენი "ნათელღებულ არიან დიადი და ქებული სისხლისმიერი ნათლისღებით", აგრძელებს: "ხოლო იმას, რომ საკუთარი სისხლით მონათლული და ტანჯვით განათლებული აღწევენ სრულყოფას და იღებენ საღმრთო აღთქმის მადლს, აჩვენებს იგივე უფალი სახარებაში, როდესაც ჯვარცმულ ავაზაკს, მორწმუნეს და თვით ტანჯვისას მის აღმსარებელს ეუბნება, რომ დღესვე იქნება მასთან ერთად სამოთხეში" (Св. Киприан Карфагенский. Письмо 60, к Юбаяну).

არა მარტო წმ. კვიპრიანე, არამედ სხვა წმიდა მამებიც განსაზღვრულად ასწავლიან, რომ ავაზაკმა ნათლობა ჯვარზევე მიიღო. ღირ. ეფრემ ასურელი ამბობს: "ავაზაკმა მიიღო ცოდვათა მიტევება სისხლისა და წყლის მიპკურებით, რომლებიც ქრისტეს გვერდიდან გადმოდინდა" (Прп. Ефрем Сирин. Толкование на Четвероевангелие, 20). წმ. იოანე ოქროპირი ამბობს, რომ "ქრისტემ ავაზაკი თავისი ჭრილობიდან გადმოღვრილი სისხლით მონათლა, და მასაც იმწამსვე განეღო სამოთხის კარი" (Свт. Иоанн Златоуст. Слово о возвращении из Азии в Константинополь // Творения. Т. 3. Кн. 2). სხვა ადგილას ამ საკითხს ის კიდევ უფრო დეტალურად განიხილავს: "ავაზაკს მაცხოვარმა ცხონება შეჰპირდა; ამასთან ავაზაკს არ ჰქონდა დრო და არ შეეძლო განეხორციელებინა თავისი რწმენა და მიეღო ნათლისღებისმიერი განათლება, არადა ნათქვამია: "ვინც არ დაიბადება წყლისა და სულისაგან, ვერ შევა ღმრთის სასუფეველში" (იოანე 3:5). ავაზაკს არ ჰქონდა ნათლისღების მიღების არც შემთხვევა, არც შესაძლებლობა, არც დრო, რადგან მაშინ ის ჯვარზე ეკიდა. მაგრამ მაცოხვარმა მაინც იპოვა გამოსავალი ამ გამოუვალი მდგომარეობიდან... ქრისტემ ისე მოაწყო, რომ ტანჯვის შემდეგ ერთმა ჯარისკაცმა მას ფერდში ლახვარი უგმირა საიდანაც გადმოსჩქება სისხლმა და წყალმა (იოანე 19:34)... - არა უბრალოდ გადმოსჩქება, არამედ ხმაურით და ისე, რომ მიესხურა ავაზაკის სხეულს; რადგან, როდესაც წყალი ხმაურით გამოდის, ის შხეფებს ისვრის, ხოლო როცა ნელა გადმოდის, მაშინ ნელა და მშვიდად მოედინება. მაგრამ უფლის გვერდიდან სისხლმა და წყალმა ხმაურით გამოსშხება ისე, რომ ავაზაკსაც მიესხურა და ამ მისხურებით მოინათლა" (Свт. Иоанн Златоуст. О ревности и благочестии, и о слепорожденном // Творения. Т. 8, Ч. 2).


7.6. წმ. ირინეოს ლიონელი და წმ. იოანე ოქროპირი

ხშირად ციტატებს შორის, რომლებიც თითქოსდა ადასტურებენ ცრუსწავლებას კერპთაყვანისმცემელთა და საერთოდ არაქრისტიანთა ცხონების შესაძლებლობაზე, იმოწმებენ წმ. ირინეოს ლიონელს, თანაც შემდეგი სახით: "ქრისტე არა მარტო მათთვის მოვიდა, ვინც მისი ირწმუნა, არამედ, საერთოდ, ყველა ადამიანისთვის, რომლებსაც... სურდათ ქრისტეს დანახვა და მისი ხმის მოსმენა. ამიტომაც ყველა ამდაგვარს ის ჯერ თავისი მეორედ მოსვლის დროს აღადგენს... გააცოცხლებს და თავის სასუფეველში აიყვანს" (Свт. Ириней Лионский. Творения. Кн.4. СПб., 1900. С. 381).

ამგვარად დაიმოწმა ციტატა ხსენებული ცრუსწავლების ერთ-ერთმა ცნობილმა მქადაგებელმა, და მისი მრავალი თანამოაზრენიც უბრალოდ აკოპირებენ ამ აზრს. არადა, წმიდა ირინეოსის ტექსტს მთლიანობაში თუ გავეცნობით, სულაც ვერ ვპოვებთ მასში აზრსაც კი, თითქოსდა შესაძლებელი იყოს კერპთაყვანისმცემელთა და მწვალებელთა ცხონება. წმინდანი ლაპარაკობს ჯოჯოხეთში ქრისტეს შთასვლისა და მათთვის ქადაგების შესახებ, ვისზეც მოწაფეებს ეუბნებოდა: "მრავალ წინასწარმეტყველსა და მართალს სურდათ ეხილათ ის, რასაც ხედავთ, და ვერ იხილეს; და ესმინათ ის, რასაც ისმენთ, და ვერ ისმინეს" (მათე 13:17). რადგან ქრისტე არა მარტო მათთვის მოვიდა, ვინც მისი კეისარ ტიბერიუსის დროს ირწმუნა, და მამამ თავისი განგებულება გამოავლინა არა მარტო დღეს მცხოვრებ ადამიანთა, არამედ საერთოდ ყველა ადამიანთა მიმართ, რომლებსაც თავიანთ თაობაში მათი ძალისაებრ დასაბამიდანვე ღვთისმოშიშები იყვნენ და უყვარდათ ღმერთი, რის გამოც მართალ გზას ადგნენ და ღვთივსათნოდ იქცეოდნენ მოყვასთა მიმართ და სურდათ ქრისტეს დანახვა და მისი ხმის მოსმენა. ამიტომაც, ყველა ამდაგვარს, თავისი მეორედ მოსვლის დროს უფალი უპირველეს ყოვლისა აღადგენს ძილისგან და როგორც მათ, ასევე სხვებსაც, ვინც განკითხულ უნდა იქნან, გააცოხლებს და თავის სასუფეველში დააყენებს. რადგან ერთია ღმერთი, ვინც წარმართავდა პატრიარქთ თავისი განკარგულებებისამებრ და ამართლებდა რწმენით დაწინდულებსა და დაუწინდველებსაც".

ჩვენ ციტატა მოვიტანეთ სრულიად, კუპიურების გარეშე და დავამუქეთ ის ნაწილი, რომლებიც მოდერნისტებმა შეამოკლეს. ძნელი არ არის შევნიშნოთ, რომ ამ ტექსტში წმ. ირინეოსი ლაპარაკობს ძველაღთქმისეული პატრიარქების, წინასწარმეტყველებისა და მართლების ცხონებაზე, რომლებსაც სწამდათ ჭეშმარიტი ღმრთისა და უყვარდათ იგი, რის გამოც ეწეოდნენ ღვთისმოშიშ ცხოვრებას, სწამდათ ქრისტეს მოსვლისა და ელოდნენ მას.

როგორც ვხედავთ ცრუსწავლების მიმდევრებს "მაკრატლით დიდი მუშაობა" დასჭირდათ, რათა წინამდებარე ტექსტი გადაექციათ იმ ადამიანთა ცხონების მტკიცებულებად, ვისაც არა სწამს ჭეშმარიტი ღმერთის და კერპებს სცემს თაყვანს.

როდესაც ხედავ ასეთ მეთოდებს, გახსენდება VI მსოფლიო კრების მამათა სიტყვები, რომლებიც მიმართულია ოპონენტებისადმი: "აჰა, შენ წმიდა მამის ეს მოწმობაც ქვეტექსტიდან ამოაგდე; არ შეჰფერის მართლმადიდებელთ წმიდა მამათა სწავლების დამახინჯება და მათი ქვეტექსტიდან ამოგლეჯა; ეს უფრო მწვალებელთა საქმეა" (Деяния Вселенских Соборов. T. IV. СПб., 1996. С. 94).

წმ. ირინეოსის სწავლება მწვალებელთა და კერპთაყვანისმცემელთა ხვედრის შესახებ სრულ თანხმობაშია ამავე საგანზე სხვა წმიდა მამათა სწავლებასთან: "ყველა მწვალებლობა, რამდენიც გინდ იყოს იგი, აღიარებს, რომ ღმერთი ერთია, მაგრამ თავისი ბოროტი სწავლებით ამახინჯებს ამ ჭეშმარიტებას და კერპთაყვანისცმემელთა მსგავსად, უმადურობას ავლენს შემოქმედისადმი. მწვალებლებს სძულთ ღმრთის ქმნილება, ლაპარაკობენ თავიანთი ცხონების საწინააღმდეგოდ, და საკუთარი თავის ყველაზე სასტიკი მამხილებლები და ცრუმოწმეები არიან... ისინი თავიანთი ურწმუნოების გამო მართლებთან ერთად ვერ ჩაეწერებიან" (Св. Ириней Лионский. Против ересей. I.22.1). მწვალებლებს, რომლებსაც ღმრთის საკურთხეველთან უცხო ცეცხლი, ანუ უცხო სწავლებები მიაქვთ, ნადაბისა და აბიჰუდის მსგავსად ზეციური ცეცხლი დასწვავს" (Св. Ириней Лионский. Против ересей. V.26.3).

წმ. ირინეოსი ერთადერთი წმიდა მამა როდია, რომელმაც ივნო ისეთი ადამიანებისგან, ვისაც ნებისმიერი ხრიკის ფასად სურდა ეკლესიაში უცხოთა და მწვალებელთა ცხონების შესაძლებლობის აზრი დაემკვიდრებინათ. რაც უნდა უცნაური იყოს, თავიანთი მომხრეების რიგში ისინი
წმ. იოანე ოქროპირსაც მიითვლიან, რომელიც სრულიად მკაფიოდ და განსაზღვრულად საწინააღმდეგოს ასწავლის. მისი სიტყვები იმის შესახებ, რომ "მწვალებლებს ჩვენ ცხონების სასოებასაც კი არ ვუტოვებთ" უკვე დავიმოწმეთ. მოვიტანთ კიდევ ერთ ფრაზას: "წარმართი, რომელმაც არ უწყის ღმერთი, უნდა ტიროდეს; რადგან ის, როგორც კი მოკვდება, - პირდაპირ ჯოჯოხეთში წავა. უნდა გლოვობდნენ იუდეველნიც, რომლებმაც ქრისტესადმი ურწმუნოებით თავიანთი სულები წარსაწყმედად გაწირეს. ვგლოვობთ ჩვენს კათაკმევლებსაც, თუკი ისინი თავიანთი ურწმუნოებით, თუ მოყვასთა დაუდევრობით მაცხოვნებელი ნათლისღების გარეშე გარდაიცვლებიან" (Свт. Иоанн Злутоуст. Творения. Т. II. СПб., 1899. С. 641).

მაშ, რის საფუძველზე ბედავენ მოდერნისტები წმ. იოანე ოქროპირის ჩაწერას თავიანთ რიგებში?

მათ კიდევ მოჰყავთ სიტყვები იმის შესახებ, რომ ეკლესიის ერთიან სხეულს შეადგენენ "ყოველნი მორწმუნენი, ვინც კი დედამიწაზე არსებობს, არსებობდა და მომავალში იარსებებს. ასვე ისინიც, ვინც ქრისტეს მოსვლამდე ესათნოვა უფალს. რატომ? იმიტომ, რომ მათ იცოდნენ ქრისტე" (Священное Писание в толкованиях святителя Иоанна Златоуста. М., 2006. Т. IX. С. 110). მაგრამ სად არის აქ ნათქვამი, რომ ცხონდებიან ისინი, ვინც არ იცოდა ქრისტე? წმიდა მამა ლაპარაკობს იმ ძველაღთქმისეულ მართლებზე, ვინც ღმრთისმოშიშებით ცხოვრობდა და სულის გამოცხადებით უწყოდა მისი მოსვლის (განკაცების) შესახებ, ასევე ქრისტიანებზე, რომლებმაც იცნეს ქრისტე და ესათნოვნენ უფალს მისი მოსვლის შემდეგ. საკვირველია, იმის შემდეგ რაც ითქვა, რომ ეკლესიას შეადგენენ ისინი, ვინაც თავისი ცხოვრებით ესათნოება უფალს და იცის ქრისტე, კიდევ ცდილობენ წარმოადგინონ ამისი საწინააღმდეგო შეხედულება - თითქოსდა შეუძლიათ რაღაც სახით შეიპარონ ეკლესიის შემადგენლობაში და ცხონდნენ ქრისტეს მიმართ ურწმუნონი და მწვალებელნი, რომლებიც თავიანთი მწვალებლობებითა და კერპთაყვანისცემით ემსახურებიან ეშმაკთ.

ხსენებული ცრუსწავლების მომხრეები ზოგჯერ იმოწმებენ წმიდა წმ. იოანე ოქროპირის სხვა გამონათქვამსაც: "არც იუდეველთათვის, არც საერთოდ ადამიანებისთვის უბედურებები არ იყო უსამართლო, რადგან ისინიც, და სხვებიც სასჯელს იხდიდნენ ჩადენილი ცოდვების გამო. თუმცა, როგორც პირველთ, ასევე მეორეთ, რომლებიც ჩაძირულნი იყვნენ ესოდენ ბოროტებაში, უფალმა მისცა ცხონების შესაძლებლობა. მრავალი ბოროტებით მოცულ იუდეველთ საზრდელის მიღებაც კი არ შეეძლოთ... ხოლო წარმართთ არ სურდათ საკუთარ ფილოსოფოსთა დარიგებების მოსმენა, რის გამოც ზოგმა სიკვდილით დასაჯა სოკრატე, სხვებმა გაუგონარ სასჯელს დაუქვემდებარეს ანაკსარხი და იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც შეურაცხყვეს რა პითაგორას მიმდევრები, ისინი უდროო სიკვდილს დაუქვემდებარეს. მაგრამ მათაც კი მოუწოდა ღმერთმა უკვდავი ტრაპეზის მისაღებად, აღძრა ისინი ჭეშმარიტების მისაღებად და განათავისუფლა სიკვდილის კლანჭებისგან" (Свт. Иоанн Златоуст . Собеседование на Пс.106:23 // Творения. Т. V. СПб., 1889. С. 773).

მოდერნისტები ცდილობენ ეს სიტყვები ისე განმარტონ, თითქოსდა ის ეხებოდეს სოკრატეს, ანაქსარხესა და პითაგორას ცხონებას, მაშინ როდესაც წმიდა მამა აქ ლაპარაკობს იმ წარმართთა ცხონებაზე, ვინც ირწმუნა მოციქულთა მიერ ნაქადაგები სახარება. წმიდა იოანე, ისევე როგორც სხვა წმიდა მამები, მოწონებით ეკიდებოდნენ იმას, რომ ზოგიერთი ძველბერძენი ფილოსოფოსი აკრიტიკებდა ტრადიციულ პოლითეიზმს, მაგრამ ის შორს იყო მათი სწავლებების მოწონებისგან და მითუმეტეს აზრისგან, თითქოსდა ამ აზრების გამო მათ ცხონება მიენიჭათ.

მთლიანობაში წმიდა იოანე ოქროპირის დამოკიდებულება წარმართ ფილოსოფოსთადმი საკმაოდ მძაფრი იყო: "სოკრატე... ყველაფერს პატივმოყვარეობიდან გამომდინარე აკეთებდა. თქვენ მის სწავლებებს რომ იცნობდნენ, მაშინ გიჩვენებდით... რაოდენ ბევრია მასში პირმოთნეობა, და როგორც თვით სოკრატესთან... მთელი მისი სწავლება გამსჭვალულია პატივმოყვარეობით" (Свт. Иоанн Златоуст. Беседы на книгу Деяний, 36.2). პითაგორას შესახებ კი წმიდა მამა ამბობს, რომ "მას კაცობრიობისთვის არანაირი სარგებლობა არ მოჰქონდა, არამედ კიდევ უფრო მეტ ზიანს აყენებდა მას" და მის სწავლებას "სატანურ კადნიერებასა და წარწყმედას" უწოდებდა (Свт. Иоанн Златоуст. Беседы на Евангелие от Иоанна, 2.2-3).





7.7. წმ. იუსტინე მოწამის აზრი ძველბერძენ ფილოსოფოსებზე

ერთადერთი, ვინც მართლაც ფიქრობდა, რომ ძველბერძენი ფილოსოფოსები შეიძლებოდა ყოფილიყვნენ ცხონებულთა შორის, იყო ძველი აპოლოგეტი წმ. იუსტინე მოწამე. განსახილველი ცთომილების მომხრეებს ძალიან უყვართ მისი სიტყვების დამოწმება იმის შესახებ, რომ ქრისტე "არის სიტყვა, რომელსაც თანაეზიარა კაცთა მთელი მოდგმა. ისინი, ვინც მისი სიტყვის შესაბამისად ცხოვრობდნენ, ქრისტიანები არიან, თუმცა უღმერთოებად მიიჩნეოდნენ: ელინთა შორის ასეთები არიან - სოკრატე, ჰერაკლიტე და მათნი მსგავსნი" (Св. Иустин Философ. Творения. М., 1995. Сс. 7677). ამასთან ციტირებულ სიტყვებს უცილობლივ გვთავაზობენ როგორც ტიპიურ ფრაზას, რომელიც თითქოსდა მოცემული თემისადმი წმიდა მამათა საზოგადო დამოკიდებულებას ახასიათებს.

ამ ფრაზის შესახებ უპირველეს ყოვლისა უნდა ითქვას, რომ არაკორექტულია საკუთრივ წარმართობისადმი მისი მიკუთვნება და დადასტურებულად მივიჩნიოთ კერპთაყვანისმცემელთა ცხონება, რადგან წმ. იუსტინესთვის ეს ფილოსოფოსები მნიშვნელოვანნი იყვნენ როგორც მაგალითნი მათთვის, ვინც ცხოვრობდა რა წარმართულ გარემოში, უარყოფდა წარმართულ ღმერთთა თაყვანისცემას (ამიტომაც ამბობს "უღმერთოებად მიიჩნეოდნენო").  "სოკრატემ ... ხელმძღვანელობდა რა ჭეშმარიტი გონებითა და კვლევით, გაბედა ადამიანები ჩამოეშორებინა დემონებისთვის" (იქვე. გვ. 35), ასევე კიდევ იმიტომ, რომ წმ. იუსტინეს სჯეროდა, რომ ამ ფილოსოფოსებმა იცოდნენ ძველი აღთქმა: "ყოველივეში, რასაც ფილოსოფოსები... ლაპარაკობდნენ სულის უკვდავების, სიკვდილის შემდგომი სასჯელის, ზეციურის ჭვრეტის და მსგავსი საგნების შესახებ, ნასესხები აქვთ წინასწარმეტყველთაგან, - სწორედ მათგან შეეძლოთ მათი შემეცნება და გადმოცემა" (იქვე. გვ. 74).

რაც შეეხება საკუთრივ წარმართებსა და წარმართობას, წმ. იუსტინე პირდაპირ ბრძანებს, რომ წარმართობა დემონებმა წარმოშვეს: "ჯერ კიდევ ოდითგან ბოროტი დემონები ცხადდებოდნენ რა დაუფარავად, ბილწავდნენ ქალებსა და ყრმებს და ადამიანებს შიშის ზარს ჰგვრიდნენ, ასე რომ ისინი, ვინც ვერ გულისხმაყოფდა მათ მზაკვარებას, შიშით მოცულნი და უმეცარნი იმისა, რომ ესენი ბოროტი დემონები იყვნენ, მათ ღმერთებად აღიარებდნენ" (იქვე. გვ. 35); "დემონები მხოლოდ იმას ცდილობენ, როგორმე განდრიკონ ადამიანი შემოქმედი ღმრთისგან და მისი მხოლოდშობილი ძისგან ქრისტე ღმერთისგან" (იქვე. გვ. 89). აპოლოგეტი გვაფრთხილებს იმათ აღსასრულზეც, ვინც მათ ენდობა: "უკეთურთა გვამები, რომლებსაც მარადიული შეგრძნება შეეძლებათ, ღმერთი ბოროტ დემონებთან ერთად მარადიულ ცეცხლში განმწესებს" (იქვე. გვ. 82).

სხვა წმიდა მამების მსგავსად, წმ. იუსტინე მოწამეც ასწავლის, რომ ნათლისღება ერთადერთი გზაა ცხონებისკენ. ნათლისღების აღწერისას მას მოჰყავს ქრისტეს სიტყვები: "თუ კვლავ არ იშვებით, ვერ შეხვალთ ცათა სასუფველში" (1 Апология, 61), ხოლო სხვა თხზულებაში წერს: "მხოლოდ ნათლისღებას შეუძლია მონანულის განწმენდა, და ის არის წყალი სიცოცხლისა" (Разговор с Трифоном, 14), ხოლო იმისთვის, რათა "მიიღოთ ცოდვათა მიტევება და გქონდეთ აღთქმულ სიკეთეთა მიღების სასოება, არ არსებობს სხვა გზა გარდა იმისა, რათა შეიმეცნოთ ქრისტე და განიბანოთ ნათლისღებით მისატევებლად ცოდვათა, რათა იცხოვროთ შემდეგ გარეშე ცოდვისა, რომლის შესახებაც გვამცნობდა ისაია, " (Разговор с Трифоном, 44). და კვლავ ვხედავთ იმავე სურათს: წმინდანი, რომელიც ასწავლიდა, რომ ნათლისღების გარდა "არ არსებობს სხვა გზა", მოდერნისტები წმ. იუსტინეს წარმოგვიჩენენ მქადაგებლად სწავლებისა: "არსებობს სხვა გზაც"!

ეკლესიის ოდითგანდელი რწმენის თანახმად, წმ. იუსტინეც მიიჩნევდა, რომ ისინი, ვინც ქრისტეს მოსვლამდე ჭეშმარიტ სარწმუნოებაში აღესრულნენ, ქრისტემ ჯოჯოხეთიდან აღმოიყვანა. წმიდა აპოლოგეტი არც ამ თავისი სწავლებით, არც სწავლებით ნათლისღების მიერ ცხონების მოპოვების შესახებ და არც იმისგან, რომ წარმართობა წარმწყმედელია, სხვა წმიდა მამებისგან არ განსხვავდებოდა. მისი თავისებურება იყო მხოლოდ ის, რომ მისი აზრით ფილოსოფოსებს სწამდათ ერთი ღმრთისა და ებრძოდნენ დემონთთაყვანისცემას, ცხოვრობდნენ ღმრთის ნების შესაბამისად და იცოდნენ მისი გამოცხადებაც კი, რომლებიც წინასწარმეტყველთა მიერ მოგვეცა.

სოკრატესა და ჰერაკლიტეს შესახებ აზრი, რომ ისინი "ქრისტემდე მცხოვრები ქრისტიანები" იყვნენ და ამ შეხედულების წმიდა მამათა საზოგადო აზრად გამოცხადება არაკორექტულია, რადგან წმ. იუსტინე ფილოსოფოსი ეკლესიის მიერ ერთადერთი კანონიზირებული წმინდანი იყო, ვინც ეს აზრი გამოთქვა.

ილუსტრაციად იმისა, რომ ის სულაც არ იყო საზოგადოდ მიღებული, გამოდგება კონსტანტინოპოლის 1084 წლის კრების წლის დადგენილებათა მეხუთე ანათემატიზმა: "მათ, ვინც ამტკიცებს, თითქოსდა ბერძენი ბრძენკაცები... აქაც იყვნენ და მომავალ სამსჯავროზეც წარდგებიან იმათზე უფრო სათნო ადამიანებად, ვინც მართლმადიდებელნი და ღვთისმოსავნი იყვნენ, მაგრამ ადამიანური უძლურებისა და უმეცრების გამო სცოდეს, ანათემა". რა თქმა უნდა, წმ. იუსტინეს არ უთქვამს, რომ სოკრატე და ჰერაკლიტე სათნოებებით აღსავსე ქრისტიანები იყვნენო, რომლებმაც შესცოდეს, მაგრამ დადგენილების მითითებული სიტყვები ადგილსაც კი არ უტოვებს იდეას, რომლის მიხედვითაც ფილოსოფოსები თითქოსდა "ქრისტემდე მცხოვრები ქრისტიანები" იყვნენ.

ზემოთ უკვე დავიმოწმეთ წმ. იოანე ოქროპირის გამონათქვამები სოკრატესა და პითაგორაზე. შეიძლება დავიმოწმოთ წმ. კვიპრიანე კართაგენელის სიტყვებიც: "არიან უწმიდური მემრუშე სულები, რომლებიც შთაეფლნენ რა წუთისოფლის ვნებებში, მიწიერისადმი მიდრეკილებით გამოეყვნენ ზეციურ ძალას, და - თვით წარწყმედილნი და თვით გარყვნილნი, - განუწყვეტლივ აგრძელებენ სხვათა გარყვნასა და წარწყმედას. პოეტები მათ დემონთა სახელწოდებით იცნობენ; სოკრატე ჰყვებოდა, რომ ის დემონისგან იღებდა დარიგებებს და მისივე ნებით იმართებოდა... ასე რომ, ქანდაკებებსა და გამოსახულებებში ეს გაღმერთებული სულები ბუდობენ... მათი მთავარი საზრუნავი - ადამიანთა განდრეკაა ღმრთისგან, კაცთა გადაცდომაა ჭეშმარიტი რელიგიის შემეცნებიდან ცრურწმენებისკენ, საკუთარი თავის თაყვანისცემისკენ, რადგან თავად განკითხულნი დასასჯელად, სასჯელში მონაწილეობად ეძიებენ მათ, ვის მოტყუებით მიდრეკასაც შეძლებენ თავიანთი დანაშაულისკენ" (Св. Киприан Карфагенский. Творения. Киев, 1891. Ч. 3. Сс. 4-5).

ძნელი არ არის შევნიშნოთ, რომ წარმართობისადმი დამოკიდებულება წმიდა კვიპრიანესა და იუსტინეს ერთნაირი აქვთ, ისევე როგორც სწავლება ნათლისღების შესახებ. ამ საკითხებში იუსტინეს სწავლება არ განსხვავდებოდა სხვა მამათა სწავლებისგან, და ის არ ამკვიდრებდა იმ აზრებს, რომლის გამართლებასაც ცდილობენ მისი სახელით თანამედროვე მოდერნისტები. ის ცდებოდა არა დოგმატიკასთან დაკავშირებით, არამედ კონკრეტულ ადამიანებთან - რამოდენიმე ძველბერძენ ფილოსოფოსთან მიმართებაში, რომელთაც გაუმართლებლად განაკუთვნებდა ძველაღთქმისეულ ღმრთიმოსყვარეთა დასს.

გაგრძელება იქნება.

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню