ანტიერეტიკონი ეკლესიის გარეთ არ არსებობს ცხონება 6 - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

სწავლანი > ანტიერეტიკონი

მღვდელი გეორგი მაქსიმოვი

ეკლესიის გარეთ არ არსებობს ცხონება

საუკუნო სამსჯავრო

შინაარსი



6. რა მოხდება თუკი სხვაგვარადმორწმუნენი ან მწვალებლები რაღაც მისტიკური სახით ეკლესიაში მოხვდებიან?

უფალმა ჩვენმა იესუ ქრისტემ, რომელმაც თქვა: "მე ვარ კარი; ვინც ჩემით შევა, ცხონდება: შევა და გამოვა, და ჰპოვებს საძოვარს" (იოანე 10:9), ასევე თქვა: "ვინც კარით არ შედის ფარეხში, არამედ სხვა გზით მიძვრება, ქურდია და ყაჩაღი" (იოანე 10:1). განსახილველი ცთომილების მომხრეები ბევრს ირჯებიან და ცდილობენ გამოიგონონ ათასგვარი სქემები ეზოში "სხვა გზით გასაძრომად" მათთვის, ვინაც თავისი ამქვეყნიური ცხოვრების განმავლობაში, ამ ეზოში ქრისტეთი შესვლა არ ისურვა.

ბევრი მათგანი ამბობს: რა თქმა უნდა, ცხონება მხოლოდ ქრისტეშია, მაგრამ აქვე ქრისტიანთა რიცხვს მიაკუთვნებენ "ყველა რელიგიის ყველა კეთილ ადამიანს", რომლებიც თითქოსდა ალაჰის, ბუდას და თვით კერპების სახით პატივს მიაგებდნენ ქრისტეს, ოღონდ ამის შესახებ თვითონაც არ უწყიან.

მრავალი ამბობს: დიახ, მართლმადიდებლური ეკლესიის გარეშე არ არსებობს ცხონება, მაგრამ იქვე ამატებენ, თითქოსდა ჩვენ, არ შეგვიძლია ვიცოდეთ, სად მთავრდება ეკლესიის საზღვრები, და ამიტომაც ეკლესიის შემადგენლობაში შემოჰყავთ მსოფლიოს ლამის მთელი მოსახლეობა.

წინამდებარე სტროფების ავტორს მოუსმენია ასეთი "არგუმენტიც": რადგან ეკლესიაში ყოფილა ქვიშით ნათლობის განსაკუთრებული შემთხვევა (წყლის არარსებობის შემთხვევაში), რატომ არ შეიძლება დავუშვათ "ჰაერით ნათლობა", რომელიც "ყველა კეთილ ადამიანზე" მათთვის უჩინრად და მათი კეთილი საქმეების გამო აღესრულება? ამაზე პასუხი ნათელია: ღმერთმა ადამიანს განსჯის უნარი და თავისუფლება მიანიჭა არა იმიტომ, რომ უგულებელეყო იგი. ქვიშით ნათლობის შემთხვევაშიც ისე მოხდა, რაც ნათლობის დროს ხდება, ოღონდ წყლის გარეშე. იყო რწმენა ქრისტე მაცხოვარისადმი, იყო მოსანათლავის შეგნებული სურვილი გამხდარიყო ქრისტიანი, იყო განსაკუთრებული წეს-განგება, რომელიც სანდო პიროვნებამ გარკვეული თანმიმდევრობით და უფლის მითითების მიხედვით აღასრულა (იხ. მათე 28:18). ხოლო "ჰაერით ნათლობა" - "მოსანათლავის" პირადი რწმენისა და შეგნებული არჩევანის გარეშე, ქრისტესადმი რწმენისა და ღმრთის მიერ დაწესებული ნათლისღების საიდუმლოს ფორმის შესრულების გარეშე, - სხვა არაფერია თუ არა ფუჭი ფანტაზია და თვით საიდუმლოს პროფანაცია.


6.1. "განშტოებათა თეორია" და თეორია "უხილავი ეკლესიის" შესახებ

ყველაზე მეტად გავრცელებულია სქემა, რომელიც გულისხმობს ეკლესიის საზღვრების გაფართოებას მისი ყველა წევრისა და თითქმის ყველა იმ საზოგადოების ჩათვლით, რომლებიც თავს "ქრისტიანულ ეკლესიებს" უწოდებენ. მისი ყველა ვარიანტი ნასესხებია პროტესტანტული აზრიდან, იწყება ე. წ. "განშტოებათა თეორიიდან" რომლის მიხედვითაც "მიწიერი საზღვრები ვერ აღწევენ ზეცამდე" და ქრისტეს ეკლესია მოიცავს ყველა იმ საზოგადოებას, რომელიც საკუთარ თავს ეკლესიის წევრებად და ერთი ხის ტოტებად მიიჩნევენ,  და მთავრდება "უხილავი ეკლესიის" თეორიით, რომელსაც თითქოსდა შეუძლია გააერთიანოს არა თვით დენომინაციები, არამედ ცალკეული, თავისი თვისებებით გამორჩეული ადამიანები სხვადასხვა კონფესიებიდან და დენომინაციებიდან ისე, რომ თვით ამ ადამიანებმა არაფერი უწყიან "მისტიკურად" მართლმადიდებლური ეკლესიის წევრები რომ ყოფილან.

ამგვარი იდეების გაჩენა პროტესტანტული გარემოსთვის გასაკვირი არ არის, რადგან აქ ეკლესიის შესახებ სწავლება მთლიანად დანგრეულია, მაგრამ უცნაურია მისი მოსმენა იმ ადამიანებისგან, ვინც თავს მართლმადიდებლად მიიჩნევს, რადგან წმიდა მამებისეული ეკლესიოლოგია არავის უტოვებს შანსს ამგვარი ფუჭი ოცნებების გასავითარებლად.




სარწმუნოების სიმბოლოში ჩვენ ვაღიარებთ "ერთ ეკლესიას". კონკრეტულად რას გულისხმობს ქრისტეს ეკლესიის ერთობა? ის გულისხმობს ჭეშმარიტების ერთადერთობას, სიყვარულისა და საიდუმლოთა ერთობას, რომელთაგან უმთავრესი - ევქარისტიაა. როდესაც ქრისტეს ერთ ხორცსა და სისხლს ეზიარებიან, ქრისტიანები მისტიკურად უერთდებიან ქრისტესაც და ერთმანეთსაც, ხდებიან ქრისტეს ერთი სხეულის ნაწილები, "რომელიც არის ეკლესია" (კოლას. 1:24). "ასევე ჩვენც, მრავალნი, ერთი სხეული ვართ ქრისტეში, ხოლო ცალ-ცალკე ერთმანეთის ასოები ვართ" (რომ. 12:5).

ღირ. იუსტინე ამას "სრულიადჭეშმარიტებას" უწოდებს: "წმიდა ევქარისტია - ეს არის ეკლესიის სრულიად სისავსე; ის არის ცოცხალი და სრულიად სრულყოფილი ღმერთკაცი იესუ ქრისტე, რომელიც თავის ღმერთკაცობრივ სრულიადსისავსეში მთლიანად და მარადიულად მყოფობს ეკლესიაში... ის ყოველთვის არის ისეთი, როგორიც არის წმიდა ევქარისტიაში; ყოველთვის ასეთია თითოეული ზიარებულისთვის და ყოველ ზიარებულში... და ამის მიერ ის (ქრისტე) - არის ჩვენი განწმენდა, ჩვენი ფერიცვალება, ჩვენი ცხონება... და ეს ყველაფერი არსებობს ეკლესიის ღმერთკაცობრივ სხეულში ქრისტეს ხორცისა და სისხლის წმიდა ევქარისტულ სხეულთან ზიარებით. როგორც ქრისტეს სხეული - ევქარისტია არის კიდევაც ეკლესია, ასევე ეკლესია არის ევქარისტია, რამეთუ მისით და მასში ვიმყოფებით ჩვენ საყოველთაო სრულიადერთობაში ყველა წმინდანებთან ერთად" Собрание творений прп. Иустина (Поповича) . Т. 3. М., 2006. С. 519).

იგივეს ამბობს მღვდელმოწამე ილარიონი (ტროიცკი): "ზიარების საიდუმლოს აზრი - მის ეკლესიურობაშია. საეკლესიო ერთობის გარეთ არ არის ზიარებაც. საკმაოდ საგულისხმოა, რომ წმიდა მამებისეულ წერილობით მემკვიდრეობაში საეკლესიო ერთობა განუყრელ კავშირშია ქრისტეს ხორცისა და სისხლის საიდუმლოსთან" (Свщмч. Иларион (Троицкий). Христианства нет без Церкви).

ზემოთ ჩვენ ვწერდით იმის შესახებ, რომ ზოგიერთი წმიდა მამა დასაშვებად მიიჩნევდა საიდუმლოთა არსებობას მწვალებლებს შორის, მაგრამ ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ ამასთან ლაპარაკი იყო ნათლობაზე ან მღვდლობაზე. არასოდეს, არცერთ წმიდა მამას არ დაუშვია აზრი თითქოსდა ევქარისტიის საიდუმლო ყოფილიყოს მწვალებელთა შორისაც. ევქარისტია მხოლოდ ერთია და ის მხოლოდ ეკლესიაშია.

_____________

ზოგიერთები მიიჩნევენ, რომ მწვალებლებში მღვდლობის საიდუმლოს არსებობა უცილობლივ უნდა ნიშნავდეს ევქარისტიის არსებობასაც. შეუძლებელია დავეთანხმოთ ამგვარ ლოგიკას, რადგან უცილობელი ავტომატური კავშირი მღვდლობისა და ევქარისტიის საიდუმლოებებს შორის არ არსებობს. "სასწავლო უწყება" ("Учительное известие") უთითებს მთელ რიგ პირობებზე, რომლის დროსაც თვით ევქარისტიაც, რომელიც შესრულებულია მართლმადიდებლური ეკლესიის მღვდელმსახურის მიერ შეიძლება უმოქმედო აღმოჩნდეს (მაგალითად, თუკი მსახურება აღესრულება არა ღვინოზე და სხვა). მწვალებლობა ასევე წარმოადგენს ისეთ პირობას, რომლის დროსაც ევქარისტია არ სრულდება, რაზეც, კერძოდ, წერს ღირ. თევდორე სტოდიელი - "მწვალებელთა მიერ შებულწული ტაძარი, არ გახლავთ ღმრთის წმიდა ტაძარი, არამედ, როგორც ბასილი დიდი ამბობს, ჩვეულებრივი სახლია... ამიტომაც მასში აღსრულებულ მსხვერპლშეწირვას ღმერთი არ შეიწირავს" (Прп. Феодор Студит. Письмо 80 (139) // Послания. Кн. 1. М., 2003. С.379).

_____________

ამავე დასკვნამდე მიდის პატრიარქი სერგიც (სტრაგოროდსკი): "დაე სხვაგვარადმორწმუნეებს ჰქონდეთ ზოგიერთი საიდუმლო... მაგრამ საეკლესიო ევქარისტიაში ისინი არ მონაწილეობენ. უფალმა კი ბრძანა: "ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუკი არ შეჭამთ კაცის ძის ხორცს და არ შესვამთ მის სისხლს, არ გექნებათ სიცოცხლე თქვენში" (იოანე 6:53). მართალია, მწვალებლებიც ასრულებენ თავიანთ საზოგადოებებში ევქარისტიას. მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია მონაწილეობა მივიღოთ მათ ევქარისტიაში, ხოლო მათ ჩვენსაში. ევქარისტია კი არის სწორედ ზიარებულთა ერთობა ქრისტესთან და ქრისტეს მიერ ერთმანეთთანაც. მაშასადამე, თუკი ჩვენ ევქარისტულად გაყოფილნი ვართ მწვალებლებთან, რომელიღაც მხარე ასრულებს არაჭეშმარიტ ევქარისტიას. არ არსებობს ორი ერთმანეთთან გაყოფილი ევქარისტია, ერთნაირად ქრისტესი და ერთნაირად ჭეშმარიტი, როგორც შეუძლებელია იყოს ორი ქრისტე და ორი ეკლესია" (Патр. Сергий (Страгородский). Отношение Церкви Христовой к отделившимся от нее обществам // ЖМП № 5 1994).

ამიტომაც საეკლესიო კანონები მკაცრად გვიკრძალავენ მწვალებელთა ზიარებას და ასევე მათგანაც ზიარების მიღებას. ნეტ. იერონიმე სტრიდონელი მწვალებელთა ევქარისტიას "დემონთა საჭმელს" უწოდებდა, ღირ. თევდორე სტოდიელი წერდა, რომ "ვინც მწვალებლისგან იღებს ევქარისტიას... განიდრიკება ღმრთისგან და მიეცემა ეშმაკს" (Прп. Феодор Студит. Письмо 58 // Послания. Кн. 1. М., 2003. С.193), ხოლო ღირ. თეოდოსი პეჩორელი გვირჩევს ვუთხრათ ლათინებს (ე. წ. "კათოლიკეებს"), რომ არ შეიძლება მათთან ერთად ზიარების მიღება, არც მათ მსახურებაზე დასწრება და არც მათი შემოშვება ჩვენს მსახურებას, რადგან ისინი მკვდარ სხეულზე მსახურობენ... "თქვენ, ლათინებო, მკვდრები ხართ, და მკვდარ მსხვერპლს სწირავთ" (Завещание великому князю Изяславу). წმიდა გრიგოლ დიალოგოსი აქებს და ადიდებს წმიდა მოწამე მეფე ჰერმინჰილდს, რომელიც საკუთარმა მამამ მოკლა არიანელებთან ზიარების უარყოფის გამო (Свт. Григорий Двоеслов. Собеседования, 31).



თუკი წმინდანთაგან ვინმე უფრო მსუბუქ დამოკიდებულებას ავლენდა მწვალებელთა მიერ აღსრულებული ევქარისტიისადმი, როგორც, მაგალითად, ღირ. კირილე ბელოეზერელი, უნდა შევნიშნოთ, რომ ის მწვალებელთა ევქარისტიაზე მსჯელობდა როგორც უბრალო პურსა და ღვინოზე, რომელიც პატივისცემას იმსახურებს მხოლოდ იმიტომ, რომ მათზე წარმოთქმულია ქრისტეს სახელი ("ჩვენ არ ვეზიარებით ლათინებს, და არა მარტო ამაზრზენად მივიჩნევთ მათ (ლათინურ) გადმოცემებს, არამედ ლათინთა მიერ მსახურებული უფუარი პურიც არ უნდა მივიღოთ, თუმცა, ეს პური მაინც არ უნდა ჩავთვალოთ უბრალო პურად, რადგან ისინი სახელდებულნი არიან უფლის სახელის მოწოდებით" (Энциклопедия русского игумена XIV-XV вв. Сборник преподобного Кирилла Белозерского. СПб., 2003, с.72.).

ამრიგად, ადამიანის ცხონებისთვის აუცილებელია ჭეშმარიტი სარწმუნოება, რადგან "რწმენის გარეშე კი შეუძლებელია ესათნოვო ღმერთს, რადგან ვინც მას უახლოვდება, უნდა სწამდეს, რომ ღმერთი არსებობს და სანაცვლოს მიაგებს მის მაძიებელთ" (ებრ. 11:6), შემდეგ საჭიროა ეკლესიაში შესვლა ნათლისღების საიდუმლოს მეშვეობით, რადგან "ვინც არ დაიბადება წყლისა და სულისაგან, ვერ შევა ღმრთის სასუფეველში" (იოანე 3:5), და, ბოლოს, ცხოვრება სარწმუნოების შესაბამისად, მცნებების აღსრულება, და ქრისტეს პატიოსანი ხორცისა და სისხლის მიღება, რადგან "თუკი არ შეჭამთ კაცის ძის ხორცს და არ შესვამთ მის სისხლს, არ გექნებათ სიცოცხლე თქვენში" (იოანე 6:53), - სწორედ ამით განისაზღვრება ეკუთვნის თუ არა ადამიანის ქრისტეს ეკლესიას.

შედარებისთვის შეგვიძლია შეგახსენოთ, რომ ვისაც აქვს მატარებლით მგზავრობის სურვილი, მან აუცილებლად სამგზავრო ბილეთი უნდა შეიძინოს, მივიდეს სადგურში და იპოვოს საჭირო მატარებელი. სამივე ეს პირობა აუცილებელია იმისთვის, რათა მიაღწიოს მიზანს, და თუკი რომელიმე მათგანი აღუსრულებელი დარჩება, - მატარებელი კონკრეტული მგზავრის გარეშე გაუდგება თავის გზას. კათოლიკეებს ნათლობაც რომ ჰქონდეთ, მათ არ გააჩნიათ არც მაცხონებელი მართლმადიდებლური რწმენა, ხოლო სქიზმატიკოსებს, თუნდაც იმგვარი სარწმუნოებაც ჰქონდეთ, როგორიც მართლმადიდებლებსა აქვთ, საკუთარ ბარძიმში ქრისტეს ხორცი და სისხლი არ გააჩნიათ.

პატრიარქი სერგი იმავე სტატიაში მოწმობს: "ჩვენ თუ მოვითხოვთ ისტორიულ დოკუმენტებს, აღმოჩნდება, რომ "ყოველთვის, ყველგან და ყველას მიერ აღიარებული იყო", რომ წმიდა, საყოველთაო და სამოციქულო ეკლესია დედამიწაზე არსებობს ხილული, გარეგნულად განსაზღვრული ორგანიზაციის სახით, რომელსაც ჰყავს თავისი იერარქია, მმართველობა და სხვა. ყოველს, ვინც ევქარისტულ ერთობაშია ამ ორგანიზაციასთან, შეუძლია თქვას, რომ ის იმყოფება ქრისტეს ეკლესიაში, ხოლო ვინც არ არის ამ ეკლესიის წევრი - ამისი თქმა არ შეუძლია".

მართლაც, დედამიწაზე ეკლესიას გააჩნია სრულიად ხილული შემოსაზღვრულობა, რომელიც თვალსაჩინოა მთელი მისი ისტორიის განმავლობაში სამღვდელოებისა და ეპისკოპატის მიერ, რომლებიც ერს ევქარისტიის გარშემო კრებდნენ. და დღესაც თვალსაჩინოა სწორედ იმიტომ, რომ ეკლესია დედამიწაზე არის ხილული და სრულიად განსაზღვრული საზოგადოება.

საკუთრივ, უფლის სიტყვები "და თუ არც მათსას შეისმენს, უთხარი ეკლესიას; ხოლო თუ არც ეკლესიისას შეისმენს, მაშინ იქნება იგი შენთვის როგორც მებაჟე ან წარმართი" (მათე 18:17), სიტყვა "ეკლესიაში" გულისხმობს არა რაღაც ამორფულ, განყენებულ და განუსაზღვრელ რამეს, არამედ სრულიად კონკრეტულ, ხილულ და სხვა საზოგადოებებისგან მკაფიოდ გამოსარჩევ საზოგადოებას, რომელსაც საკუთარი წყობა გააჩნია და რომელიც შესაძლებლობას იძლევა მიმართონ მას გაურკვეველი საკითხების გასარკვევად.

ეს ყოველივე არავითარ შესაძლებლობას არ უტოვებს ე. წ. "უხილავი ეკლესიის" თეორიის მომხრეთ. დავიმოწმებთ მღვდელმთავარ ნექტარის სიტყვებს ამის შესახებ: "მხოლოდ ეკლესიას მიჰყავს მორწმუნენი ქრისტესთან და აძლევს მას წმიდა წერილის სწორი გაგების შესაძლებლობას... ეკლესიის, ამ ნოეს კიდობნის გარეთ, არ არსებობს არავითარი ცხონება... ღმრთის მიერ დაფუძნებული და ხილული ეკლესიის გარეშე შეუძლებელია არსებობდეს კავშირი რომელიმე თემის წევრთა შორისაც, რომელიც არ არის ქრისტეს სხეული, რადგან ქრისტეს სხეული - ეს მისი ეკლესიაა, რომლის თავიც თვით ქრისტეა.

ეკლესიის გარეშე ვერავინ შეუერთდება ქრისტეს სხეულს; ვერავინ გახდება ქრისტეს თანაზიარი... ისინი, ვისაც უყვართ საკუთარ თავს უწოდონ წმინდანთა უხილავი საზოგადოების წევრები, რომლებიც მთელი დედამიწის წმინდანებისგან შედგებიან და რომელთა ვინაობა მხოლოდ ღმერთმა უწყის, ვინც მიიჩნევს, რომ მაცხოვრისადმი წმიდად თეორიული რწმენის მეშვეობით ხდება სულიწმიდის მადლის მონაწილე, ვინც ფიქრობს, რომ  მაცხოვარი მათ აცხოვნებს მის მიერ დაფუძნებული ეკლესიის გარეშეც, ის ძლიერ ცდება, რადგან ეკლესიის გარეთ არ არსებობს ცხონება... ეს ეკლესია ხილულია, ის - არა უბრალო შეკრებაა ქრისტეს მორწმუნეთა, არამედ საღმრთო დაწესებაა... მასში ადამიანი ურთიერთობს ღმერთთან და ღმრთის შვილი ხდება. გამოსყიდვის საქმე - ეს უბრალო საღვთისმეტყველო თეორია როდია. ეს არის მისტიკური აქტი, რომელიც ქრისტეს ხილულ ეკლესიაში აღსრულდება" (Свт. Нектарий Эгинский . Путь к счастью. М., 2011. Сс. 25-26).



მართლმადიდებლური ცნობიერებისთვის ასევე მიუღებელია ე. წ. "განშტოებათა თეორია". მისი უარყოფა შეგვიძლია ვნახოთ ღირ. იუსტინეს (პოპოვიჩი) თხზულებებში, რომლებიც ადვილად ხელმისაწვდომია. ამგვარი თეორია დაგმო რმე-ს 2000 წლის სამღვდელმთავრო კრებამაც.

ხსენებული ცთომილების მომხრეებს უყვართ ისტორიიდან იმგვარი მაგალითების გამოჩხრეკა, როდესაც ესა თუ ის ადგილობრივი ეკლესიები ან მათი თვითმართვადი ნაწილები დროებით იმყოფებოდნენ ნაწილობრივ ან სრულ კანონიკურ იზოლაციაში დანარჩენი ეკლესიებისგან. მოდერნისტების აზრით ასეთი შემთხვევები უნდა ამტკიცებდეს თეზისს, რომ ეკლესიის საზღვრები ეს რაღაც ამორფული და განუსაზღვრელი რამ გახლავთ, და ასეთ შემთხვევაში, მიუხედავად იმ დოგმატის აღიარებისა, რომ ცხონება მხოლოდ ეკლესიაშია, მათ უჩნდებათ შესაძლებლობა რეალობაში ასწავლონ იმათი ცხონების აღიარებაც, რომლებიც თავს მართლმადიდებლური ეკლესიის წევრად არ მიიჩნევდა.

რა თქმა უნდა, სინამდვილეში, დროის ამა თუ იმ მონაკვეთში მართლმადიდებელ ადამიანთა შორის კანონიკურ ურთიერთობებში გაურკვევლობა არ იძლევა საფუძველს არამართლმადიდებლებიც ჩავწეროთ მართლმადიდებლური ეკლესიის "მისტიკურ" წევრებად.

მაგრამ ხსენებული არგუმენტი არასწორია ფორმალური მხრიდანაც. ყოველი მაგალითი მიმოწვლილვით რომ არ განვიხილოთ და არ მივეცეთ გაუთავებელ და ვრცელ დეტალიზაციას, მოკლედ ვუპასუხებთ. თუკი რომელიმე ადგილობრივ ეკლესიას ან მის ნაწილს დროის რომელიღაც მონაკვეთში არ გააჩნდა ლოცვითი და ევქარისტული ურთიერთობა ზოგიერთ ადგილობრივ ეკლესიასთან, მაგრამ ამგვარ ურთიერთობას ინარჩუნებდა სხვა ადგილობრივ ეკლესიებთან, ეს ნიშნავს, რომ ის მაინც ქრისტეს ეკლესიის ნაწილად რჩებოდა, თუმცა იმყოფებოდა სნეულ მდგომარეობაში.

ხოლო თუკი მას არ ჰქონდა არავითარი ერთობა არც ერთ ადგილობრივ ეკლესიასთან, მაშინ, ამ პერიოდში ის იმყოფებოდა განხეთქილებაში, ეკლესიის გარეთ, და უნდა ვმადლობდეთ ღმერთს იმისთვის, რომ ეს განხეთქილება შემდეგ აღმოფხვრილ იქნა და განდრეკილი ნაწილი კვლავ ქრისტეს ეკლესიას მიუერთდა. როგორც ერთ, ასევე მეორე შემთხვევაში საკითხი ქრისტეს ეკლესიის საზღვრების შესახებ არ წარმოადგენს არანაირ საიდუმლოს, თუკი მისი განხილვის დროს ვიხელმძღვანელევთ საეკლესიო სწავლებით, და არა ემოციებითა და სენტიმენტებით.


6.2. ელიტარული კატეხიზაცია ჯოჯოხეთში

სხვა პოპულარული სქემა გულისხმობს ქრისტეს ეზოში "სხვა გზით გადაძრომას" და დღეს ფართოდ არის გავრცელებული მართლმადიდებელთა შორის. ის თავის დასაბამს იღებს არა პროტესტანტებისგან, არამედ მორმონებისგან. ეს უკანასკნელნი სრულიად ოფიციალურად ასწავლიან, რომ თითქოსდა იმ ადამიანთა სულებს, რომლებმაც იცხოვრეს მათი "ეკლესიების" გარეთ და აღიარებდნენ სხვა სარწმუნოებას, სიკვდილის შემდეგ გააჩნიათ მორმონობისა და ნათლობის მიღების შესაძლებლობა, და ამგვარად "ცხონებულთა რიგებში მოხვედრის შესაძლებლობაც".

რამოდენიმე ხნი წინ ამის თაობაზე სკანდალიც კი აგორდა. მაშინ იუდეველებმა, რომლებმაც შეიტყვეს, რომ მორმონთა სწავლებით ჰოლოკოსტის მსხვერპლნი სიკვდილის შემდეგ თურმე მოექცნენ მორმონობისკენ და გახდნენ "ბოლო დროის ეკლესიის წევრები", ძლიერ აღშფოთდნენ და პროტესტი გამოთქვეს ამ სწავლების მიმართ. მაშინ მორმონებმა ოფიციალურად მოიხადეს ბოდიში და პირობა დადეს, რომ აწ აღარ შეასრულებდნენ "იუდეველთა სიკვდილის შემდგომ ნათლობას" (თუმცა, სინამდვილეში ეს პრაქტიკა მაინც გაგრძელდა: (იხ. http://www.jewish.ru/history/hatred/2012/02/news994304789.php).

უცნაურია, მაგრამ მართლმადიდებელთა შორისაც გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც დაიწყეს ესოდენ უცნაური და ექსტრავაგანტური იდეების ქადაგება და დანერგვა. მაკარი ოპტინელი თავის დროზე წერდა: "თავიანთ სარწმუნოებაში გარდაცვლილი ლუთერანები და კათოლიკეები შეუძლებელია მოხსენიებულ იქნან პროსკომიდიაში: რადგან მათ ჩვენს ეკლესიასთან არ გააჩნდათ ცოცხალი ურთიერთობა, მაშ, როგორ შეგვიძლია მათი სიკვდილის შემდგომი შემოერთება?" (Прп. Макарий Оптинский. Письма о смирении, самоукорении и терпении скорбей. Письмо 189).

მაგრამ გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც გაშალეს თავიანთი ფანტაზიები და გამოიგონეს მეთოდი, თუ როგორ შეიძლება თურმე სიკვდილის შემდეგ მწვალებელთა და სხვაგვარად მორწმუნეთა "შემოერთება" ეკლესიასთან.




ისინი ამას აკეთებენ ჯოჯოხეთში ქრისტეს ჩასვლის დოგმატის საწინააღმდეგოდ. ეკლესიის სწავლების თანახმად, ჯვარზე სიკვდილის შემდეგ უფალი იესუ ქრისტე თავისი ადამიანური სულით, რომელიც დროებით გამოეყო მის კაცობრივ სხეულს, "ჩავიდა შავეთს, რათა იქიდან მართალნი გაენთავისუფლებინა" (Свт. Кирилл Иерусалимский. Слова огласительные, 4.2) და "დიდებით აეყვანა ზეცად იმ წმინდანთა სულები, რომლებიც ჩაკეტილნი იყვნენ ჯოჯოხეთს"

_____________

ნეტ. იერონიმე სტრიდონელი. ეფესელთა მიმართ ეპისტოლეს განმარტება. წიგნი მე-2. Творения. Ч. 17. Киев, 1903. С. 303. უნდა აღინიშნოს, რომ იდეა, თითქოსდა უფალმა ამ დროს ჯოჯოხეთიდან აღმოიყვანა საერთოდ ყველა იქ მყოფი ადამიანი პირდაპირ უარყოფილია ისეთი წმიდა მამების მიერ, როგორებიც იყვნენ წმ. იოანე ოქროპირი, წმ. ეპიფანე კვიპროსელი, ნეტ. ავგუსტინე, წმ. კირილე იერუსალიმელი, ღირ. იოანე დამასკელი, წმ. გრიგოლ დიალოგოსი, ნეტ. თეოფილაქტე ბულგარელი და დაგმობილ იქნა რომის 745 წლის კრებაზე. ამის შესახებ უფრო დეტალურად იხ. http://www.pravoslavie.ru/put/4201.htm

_____________

და აი, ზოგიერთმა ჩვენმა თანამედროვემ დაიწყო სწავლება, თითქოსდა ჯოჯოხეთში ჩასვლა წარმოადგენდა არა ერთდროულ აქტს, არამედ განგრძობად მოქმედებას. ასე რომ, ქრისტე თურმე მუდმივად იმყოფება ჯოჯოხეთში, რათა იქ შეხვდეს ყველა გარდაცვლილ ადამიანს, უქადაგოს მათ და შემდეგ, ეს სულები, რომლებიც უკვე სიკვდილის შემდეგ რწმუნდებიან ქრისტეს ღმერთკაცობაში, იღებენ მართლმადიდებლობას, ხდებიან ეკლესიის წევრები და გამოიყვანებიან ჯოჯოხეთიდან. მთლიანობაში ყველაფერი ისეა როგორც მორმონებთან და ლაპარაკი მიდის "სიკვდილის შემდგომ" ნათლობაზეც კი.

დავიმოწმებთ ამ სწავლების მქადაგებელთა ციტატებსაც: ""ქრისტე შთახდა ჯოჯოხეთს". რას ნიშნავს ეს? იმას ხომ არა, რომ სწორედ მოცემულ მომენტში, შაბათს... ჩავიდა ჯოჯოხეთს და იქიდან ყველა მართალი აღმოიყვანა, ასეა არა? როდის აღმოიყვანა? როდესაც აღდგა მკვდრეთით, ზუსტად აღდგომამდე და წარმოიდგინეთ, აი მან ეს ესაა აღმოიყვანა ვიღაც, ამ დროს კი სადღაც სხვა ადგილზე გარდაიცვალა მართალი, რომელმაც ჯერაც არ უწყოდა ქრისტე, რომელიც ჯერ კიდევ ძველი აღთქმით ცხოვრობდა, ქრისტემ კი ყველა მართალი უკვე აღმოიყვანა. როგორ ფიქრობთ, როგორ უნდა იყოს შემდეგ, შეიძლება თუ არა ასე გავიგოთ ჯოჯოხეთში შთასვლა? ნათელია, რომ აქ რაღაც ვერ არის რიგზე" (http://heatpsy.narod.ru/wosip4.html).

ამ "წარმოიდგინეთს" ეფუძნება ახალი სწავლების მთელი მტკიცებულებითი ბაზა, რომელიც ეკლესიაში ინერგება. პატივცემული ლექტორი ჩვენ გვთავაზობს ქრისტე მაცხოვარი მივამსგავსოთ ძველი ელექტრონული თამაშის "მხიარულ მზარეულის" პერსონაჟს, რომელიც იძულებულია აქეთ-იქით ირბინოს, რათა დაიჭიროს ზემოდან ჩამოვარდნილი სოსისები. ასვე, მისი აზრით, ქრისტეს არ შეუძლია დატოვოს ჯოჯოხეთი, სანამ მასში სულ ახალ-ახალი მართლების სულები ხვდებიან, და რომლებმაც ჯერაც არაფერი უწყიან ქრისტეზე.

გვსურს იმთავითვე ვკითხოთ: რატომ უნდა წარმოვიდგინოთ ასე? რატომ უნდა წარმოვიდგნიოთ ის, რასაც არ გვამცნებს არ წმიდა წერილი და არც წმიდა გადმოცემა, და რაც ჭეშმარიტების დანგრევას ემსახურება, იმ ჭეშმარიტებას, რომელსაც წმიდა წერილი და წმიდა გადმოცემა გვამცნებს? რატომ არ წარმოვიდგინოთ, მაგალითად, ის, რომ თავისი განგებულებით ღმერთმა ისე მოაწყო, რომ მისი განკაცების შემდეგ ყველა მართალი და ჭეშმარიტების მოყვარული ადამიანი, როგორც იუდეველთა, ასევე სხვა ხალხების მხრიდან, მოციქულთა და მათი მემკვიდრეების ქადაგების მსმენელები გახდნენ და ჭეშმარიტება ჯერ კიდევ ცოცხლად მყოფებმა მიიღეს? ამისი ნიმუშია კორნელიუს ასმეთაური და ეთიოპიელი საჭურისი, რომელიც წმიდა მოციქულმა ფილიპემ მონათლა.

იდეა იმის შესახებ, რომ თითქოსდა უფალი აგრძელებს ჯოჯოხეთში ყოფნას, და იქ ჯერაც უქადაგებს ახალ-ახალ გარდაცვლილ სულებს, წარმოადგენს სრულიად ახალ სწავლებას, რომელიც ეკლესიისთვის დღემდე უცნობია და მართლმადიდებლური სარწმუნოებისთვის უცხოა. ეს გარემოება მოცემულ სწავლებას ავტომატურად მოციქულ პავლეს ანათემის ქვეშ მოაქცევს, რომელიც ბრძანებს: "ვინც სხვა რამეს გახარებთ და არა იმას, რაც მიგიღიათ, წყეულიმც იყოს" (გალატ. 1:9).




ეკლესია ასწავლის, რომ უფალი იესუ ქრისტე ჯოჯოხეთში განღმრთობილი სულით შთავიდა მაშინ, როდესაც ის სიკვდილის მიერ განცალკევებული იყო მისი სხეულისგან. შემდეგ მისი სული კვლავ შეუერთდა მისავ სხეულს და მოხდა აღდგომა, ამის შემდეგ კი საკვირველი ამაღლება ზეცად (მეორმოცე დღეს - "აპოკ". რედ.), და ამიერიდან ქრისტე თავისი კაცობრივი ბუნებით "მჯდომარე არს მარჯვენით მამისა". საკუთრივ, ამაზე მეტყველებს ყოვლი ქრისტიანი, როდესაც სარწმუნოების სიმბოლოში აღიარებს უფალ იესუ ქრისტეს, რომელიც "აღსდგა მესამესა დღესა მსგავსად წერილისა. და ამაღლდა ზეცად, და მჯდომარე არს მარჯვენით მამისა".

შეიძლება დავიმოწმოთ მღვდელმთავარ ინოკენტი ხერსონელის სიტყვებიც: "ჩვენი მაცხოვარი თვითონ შთავიდა ჯოჯოხეთს, თავისი ნებით და თავისი ძალმოსილებით, შთავიდა იმისთვის, რათა მალევე აღმოსულიყო ჯოჯოხეთიდან, შთავიდა მარტო, რათა იქიდან აღმოეყვანა ყველა, ვინც კი ელოდა მის განკაცებას" (Цит. по: Святое Евангелие с толкованием Святых Отцов. М., 2000. С. 613).

ზემოთხსენებული ახალი სწავლება ეწინააღმდეგება მოციქულთა სიტყვებს, რომლებიც ამბობდნენ, რომ "რადგან ერთხელ ქრისტეც ჩვენი ცოდვებისათვის ევნო, მართალი - არამართალთათვის, რათა მივეყვანეთ ღმერთთან; მოკვდა ხორცით და გაცოცხლდა სულით, რომლითაც მივიდა საპყრობილეში მყოფ სულებთან და უქადაგა მათაც" (1 პეტრე 3:18-19); "ამიტომაც თქმულა: "ავიდა მაღლა, წამოასხა ტყვენი და საბოძვარი უბოძა ხალხს". მაგრამ რას ნიშნავს "ავიდა", თუ არა იმას, რომ უფრო უმალ ქვესკნელში უნდა ჩასულიყო? ჩასული კი იგივეა, რაც ყველა ცაზე მაღლა ასული, რათა აღავსოს ყოველი" (ეფეს. 4:8-10).

ნათლად ითქვა - "უქადაგა", და არა "ქადაგებს", და "ქვესკნელში ჩავიდა", რის შემდეგაც "ამოვიდა", და არა "მუდმნივად ჩადის" ან "ჩავიდა და ქვესკნელში იმყოფება". იმის შესახებ, თუ სად იმყოფება ქრისტე, მოციქული პეტრე საკმაოდ მკაფიოდ ბრძანებს: "ცად ამაღლების შემდეგ დაჯდა მამის მარჯვნივ და დაემორჩილნენ მას ანგელოზნი, ხელმწიფებანი და ძალნი" (1 პეტრე. 3:22).

გარდა ამისა, მითითებული ცრუსწავლება აზრს უკარგავს თვით ადამიანის ცხოვრებას დედამიწაზე. მართლმადიდებლური სწავლებით, ეს სიცოცხლე ადამიანს მიეცა როგორც დრო არჩევანისთვის - ღმერთთან იქნება ის, თუ ღმრთის წინააღმდეგ; და გაკეთებული არჩევანი, რომელიც ადამიანის სიტყვებსა და საქმეებში გამოიხატება, განსაზღვრავს სწორედ მის სიკვდილის შემდგომ ხვედრსა და მდგომარეობას.

ღირ. ბარსონუფი დიდი ბრძანებს: "მომავლის ცოდნის შესახებ კი ნუ შეცდები: რასაც აქ დასთეს, იმას იქ მოიმკი. ამქვეყნიდან გასვლის შემდეგ, უკვე ვერავინ იმოღვაწევებს... ძმაო, აქ არის მოღვაწეობა, - იქ კი მისაგებელი, აქ არის მოსაგრეობა, - იქ კი გვირგვინი" (Преподобных отцов Варсануфия Великого и Иоанна Руководство к духовной жизни в ответах на вопрошения учеников. М., 2001. С. 513). წმ. იოანე ოქროპირიც წერს: "ღვაწლისთვის მხოლოდ ამქვეყნიური ცხოვრება მოგვეცა, სიკვდილის შემდეგ კი - სამსჯავრო დგება. "რამეთუ არა არს, ვინ სიკუდილსა შინა მოგიჴსენოს შენ, ანუ ჯოჯოხეთს შინა ვინ აღგიაროს შენ?"" (ფსალმუნი 6:6) (Иже во святых отца нашего Иоанна Златоуста. Избранные творения. М., 1993. Кн. 1. С. 398). მართლმადიდებლური ეკლესიის საღვთისმსახურებო ტექსტებშიც იგივე აზრია მოცემული, რომ ჯოჯოხეთში არ არის შენანება, არ არის იქ შვება: იქ მხოლოდ დაუძინიებელი მატლია, ქვესკნელია და ყოველივე დაბნელებულია (მღვდელმსახურის დაკრძალვის წეს-განგება). იგივე ჭეშმარიტება გამოხატულია კრებითად მიღებულ ისეთ დოკუმენტში, როგორიცაა აღმოსავლეთის მართლმადიდებლური სარწმუნოების აღსარება: "სიკვილის შემდეგ შეუძლებელია სულის გათავისუფლება ან სინანული, და რაიმე ისეთის მოქმედება, რაც გამოისხნიდა მას ჯოჯოხეთიდან" (Цит. по: Догматические послания православных иерархов XVII-XIX вв. СТСЛ., 1995. С. 49).



მითითებული ცრუსწავლება აზრს უკარგავს მიწიერი, ამქვეყნიური, მებრძოლი ეკლესიის არსებობასაც, რადგან ამგვარი მიდგომის პირობებში ის სრულიად არასაჭირო ხდება - თუკი მივიღებთ იმ აზრს, რომ სიკვდილის შემდეგ ქრისტე მაინც პირადად ხვდება ყოველ გარდაცვლილს ჯოჯოხეთში და შესაძლებლობას აძლევს სამოთხეში ასვლისა, მაშინ რა მნიშვნელობა აქვს მის ეკლესიაში ყოფნას? ან რა უბედურება შეიძლება მოუტანოს ადამიანის სულს ეკლესიის გარეთ ყოფნამ? რა აზრი ექნება ბერ-მონაზვნურ მოსაგრეობას, ან კიდევ ცოდვებში დანთქმა რატომ იქნება წარმწყმედელი, თუკი ყველას დასასრული ერთი და იგივეა?

მეტიც, ამ იდეის მიხედვით გამოდის, რომ უმჯობესია იცხოვრო ისე, რომ მოხვდე ჯოჯოხეთში, რადგან ეს შესაძლებლობას გაძლევს მიიღო რწმენა უფრო ელიტარული ფორმით - არა უბრალო მღვდლებისგან, როგორც დედამიწაზეა, არამედ თვით ქრისტესგან, რომელიც თითქოსდა მორიგეობს ჯოჯოხეთში, რათა შეხვდეს ყოველ იქ მოხვედრილ სულს და გამოკითხოს ისინი, ახლა მაინც ხომ არ ისურვებდნენ მის, როგორც მაცხოვრის აღიარებას, სანაცვლოდ კი გათავისუფლდებოდნენ ჯოჯოხეთური ტანჯვისგან.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ მართლმადიდებლური ეკლესიის დოგმატურ სწავლებას, რომელსაც გადმოგვცემს ღირ. იუსტინე (პოპოვიჩი): "საიქიო ცხოვრებაში სულთა რელიგიურ-ზნეობრივი მდგომარეობა კარდინალურად არ იცვლება. ღმერთმა რომ ის საფუძვლიანად შეცვალოს, მაშინ ეს იქნებოდა ადამიანის სულის თავისუფლებაზე ძალადობა და უფალი გაანადგურებდა იმას, რაც პიროვნებას ქმნის პიროვნებად. თუმცა, თვით სულიც, საიქიო ცხოვერებაში რომც ნდომობდეს სრულ შეცვლას და ახალი ცხოვრების დაწყებას, რომელიც განსხვავებული იქნებოდა მისი მიწიერი ცხოვრებისგან, - ამის გაკეთებას ვერ შეძლებს, რადგან საიქიო ცხოვრებაში მას არა აქვს სხეული - ადამიანური პიროვნების აუცილებელი ნაწილი, რათა დამოუკიდებელი და სრული ნებელობით მოამუშაკოს იგი - და არ ექნება მას ცხონებისთვის საჭირო მიწიერი პირობები და საშუალებები. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საიქიო ცხოვრებაში სინანული შეუძლებელია, რადგან იქ მწიფდება ის, რაც ამ ცხოვრებაში დაითესა და ამოიზარდა. ამაზე უთითებს წმიდა წერილი, როდესაც მიწიერ ცხოვრებას ადარებს თესლს, ხოლო საიქიო ცხოვრებას - მკას (იხ.: გალატ. 6:7-8)" (Собрание творений прп. Иустина (Поповича). Т. IV. М., 2007. Сс. 364
365).

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню