ანტიერეტიკონი ეკლესიის გარეთ არ არსებობს ცხონება 4-5 - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

სწავლანი > ანტიერეტიკონი

მღვდელი გეორგი მაქსიმოვი

ეკლესიის გარეთ არ არსებობს ცხონება

ცეცხლის გეჰენა

შინაარსი



4. თქმა იმისა, რომ სხვა რელიგიის მიმდევრები, მწვალებლები და სქიზმატიკოსები წარწყმდებიან, მიუტევებელი კადნიერებაა, რადგან ამისი გადაწყვეტა მხოლოდ ღმერთს შეუძლია.


როდესაც მართლმადიდებელი ქრისტიანები იმეორებენ წმიდა წერილსა და წმიდა გადმოცემაში არაერთხელ დადასტურებულ ჭეშმარიტებას იმის შესახებ, რომ ცხონება მხოლოდ ქრისტეში და მის წმიდა სხეულში - მართლმადიდებლურ ეკლესიაშია, სულაც არ "ისაკუთრებენ ღმრთის მსჯავრს", არამედ ამ მსჯავრის შესახებ იუწყებიან იმას, რაც უკვე გაგვიხსნა მასზე თვით ღმერთმა: "ვინც არ დარჩება ჩემში, ლერწამივით გადაიგდება და გახმება; შემდეგ კი აგროვებენ, ცეცხლში ყრიან და იწვის" (იოანე 15:6). "ვისაც სწამს ძე, აქვს საუკუნო სიცოცხლე, ხოლო ვისაც არა სწამს ძე, ვერ იხილავს სიცოცხლეს, და რისხვა ღმრთისა არ დაუტევებს მას" (იოანე 3:36). "ვინც უარყოფს ძეს, აღარც მამა ჰყავს, ხოლო ვინც აღიარებს ძეს, მამაცა ჰყავს. ... ვისაც სწამს ძე ღვთისა, თავის თავშივე აქვს მოწმობა; ვისაც არა სწამს ღმერთი, ცრუდ სახავს მას, ვინაიდან არა სწამს მოწმობა, რომლითაც ღმერთმა გვიმოწმა თავისი ძე. ... ვისაც ჰყავს ძე, სიცოცხლე აქვს; ვისაც არა ჰყავს ძე ღვთისა, არც სიცოცხლე აქვს" (1 იოანე 2:25; 5:10, 12).

და ამ შემთხვევაში ჩვენ კი არ ვკადნიერდებით, არამედ ქრისტე გვეუბნება, ის კიდევ არის ჭეშმარიტება და არ არის მასში არანაირი სიცრუე. ეკლესიის რწმენა უკანასკნელი სამსჯავროსადმი არ შემოიფარგლება მხოლოდ იმის მტკიცებით, რომ ასეთი სამსჯავრო იქნება, არამედ მოიცავს ძირითად კრიტერიუმებსაც, რომელთა მიხედვითაც ის იწარმოებს - და მათგან მთავარია ქრისტეს შეგნებული მიღება.




გუსტავ დორე. მიცვალებულთა აღდგომა - წმ. ეზეკიელ წინასწარმეტყველის ხილვა



5. არაქრისტიანებს თუ ცხონება არ ძალუძთ, რადგან არ სწამთ ქრისტესი და არ მიუღიათ ნათლისღება, რატომ ვერ ცხონდებიან რომაელი-პაპისტები, პროტესტანტები და ე. წ. "არაქალკედონიტები"? მათ ხომ ქრისტეს ღვთაებრიობისაც სწამთ და მონათლულებიც არიან წმიდა სამების სახელით.

წმიდა წერილი პირდაპირ ამბობს, რომ ვინც მიეცემა "მწვალებლობას ... ღმრთის სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს" (გალატ. 5:20-21). "მწვალებლობა" - ეს ლანძღვა კი არ არის, ეს არის სიტყვა, რომლითაც აღინიშნება სარწმუნოებრივი დოგმატების დაზიანება. მწვალებლობა - ეს არის სიცრუე ღმერთის შესახებ ან მის მიერ აღსრულებული ცხონების შესახებ, და რადგან ღმერთი არის ჭშმარიტება (იხ. იოანე 14:6, 3:33), ხოლო ცხონება არის შეერთება ღმერთთან, შეუძლებელია მწვალებლის ცხონება, რადგან შეუძლებელია სიცრუის შეერთება ჭეშმარიტებასთან.



წმ. ეგნატე ღმერთშემოსილი


ჯერ კიდევ იოანე მოციქულის მოწაფე მღვდელმოწამე ეგნატე ღმერთშემოსილი წერდა: "ნუ სცთებით ძმანო ჩემნო, რამეთუ ტაძრისა ღმრთისა განმხრწნელთა სასუფველი ღმრთისაი ვერ დაიმკვიდრონ (1 კორინთ 6:9-10). რამეთუ რომელნი კაცობრივნი სახლნი განხრწნენ, სიკუდილისა თანამდებ იქმნებიან (1 კორინთ. 10:8), რაოდენ უფროისისა ტანჯვისა ღირს იყვნენ, რომელნი საღმრთოისა მოძღურებისა განხრწნასა ხელჰყოფდნენ. რამეთუ ესევითართა საჯელი საუკუნოი მიეხადოს, ვითარცა სარწმუნოებისა განმრყუნელთა, რომლისთვისათვის-იგი ჯუარცუმაი და სიკუდილი დაითმინა უფალმან ჩუენმან იესუ ქრისტემან, მხოლოდშობილმან ძემან ღმრთისამან; რომლისა-იგი მოძღურებაი, რომელმან შეურაცხყოს და განსუქნეს და განსხუეს უღმრთოებითა (2 სჯლ. 32:15), ცეცხლსა შინა გეჰენიისასა დაისაჯოს" (მეათერთმეტე ეპისტოლე წმიდისა ეგნატისი ეფესელთა მიმართ. საქ. საეკლესიო კალენდარი. 1988 წ. გვ. 604. იხ. ასევე: Св. Игнатий Богоносец. Послание к эфесянам, 16 // Ранние отцы Церкви. Брюссель, 1988. С. 108).

ღირ. ანტონი დიდი ამბობს: "ვისაც არა აქვს მართლმადიდებლური რწმენა, ის საკვებს უმზადებს დაუძინებელ მატლს და ჯოჯოხეთურ საპყრობილეთა სამსხვერპლოდ ემზადება; მისი სული უცხოა მარადიული ცხოვრებისთვის" (ციტ. Игнатий (Брянчанинов). Отечник. М., 1993. Сс. 1-2).

ხოლო წმიდა ამბა აღათონის თქმით: "მწვალებლობა ღმრთისგან გაუცხოებაა. მწვალებელი განუდგება ცოცხალ და ჭეშმარიტ ღმერთს, და შეერთვის ეშმაკსა და მის ანგელოზებს. ქრისტესგან განკვეთილს უკვე აღარ ჰყავს ღმერთი, ვისაც ის საკუთარ ცოდვებს შეევედრებოდა, და ამის გამო, ყველა მიმართებაში წარწყმედილია" (ციტ. იქვე).

იგივეს ვხედავთ წმ. იოანე ოქროპირთან: "ჩვენთვის ცნობილია, რომ ცხონება მხოლოდ ერთ წმიდა ეკლესიაშია შესაძლებელი და, რომ ვერავინ, საყოველთაო ეკლესიის გარეთ, ქრისტეს ვერ ეზიარება და ვერ ცხონდება... მწვალებლობებს არ შეუძლიათ ვინმეს ცხონება და მწვალებლებს ამ მხრივ სრულიად უნუგეშოდ ვტოვებთ, რადგან მათ უმცირესი ერთობაც კი არა აქვთ ქრსიტესთან" (Свт. Иоанн Златоуст. 1-е слово на Пасху // Творения. Т. 8. СПб., 1902).

საკუთრივ, წმიდა მამების შეურიგებელი და თავგანწირული ბრძოლა მწვალებლობეთან, რომელსაც ეკლესიის მთელი ისტორიის განმავლობაში ვხედავთ, იმ ფაქტით აიხსნება, რომ მამებისთვის საკითხი - მართლმადიდებლობა თუ მწვალებლობა მარადიული სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი იყო. ამიტომაც ისინი არ უშინდებოდნენ იმას, რომ მწვალებლობებთან მათ ბრძოლას შეეძლო ეკლესიასა და საზოგადოებაში არეულობა გამოეწვია; სულის წარმწყმედელ მწვალებლობათაგან მორწმუნეთა დახსნის მიზნით, ისინი არც თავიანთ ჯანმრთელობას უფრთხილდებოდნენ და არც სიცოცხლეს, - მათ ასახლებდნენ უკაცრიელ ადგილებზე, აწამებდნენ და დასცინოდნენ; ზოგიერთი მამა თავისი ამ ბრძოლის გამო დასახიჩრებულ იქნა, ზოგმა კი სიცოცხლე მოწამეობრივად დაასრულა.

საეკლესიო გადმოცემაში არის მოწმობა მწვალებლობათა წარმწყმედელობის შესახებ, რომელიც პირდაპირ მიღებულია საღმრთო გამოცხადებიდან. მაგალითად, ღირ. კირიაკე განშორებულის († 566) ცხოვრებაში გადმოცემულია, თუ როგორ მოვიდა წმიდა მხცოვანთან ბერი სახელად თეფანე მისი საუბრების მოსასმენად.




ღირ. კირიაკე (კვირიკე) განშორებული


ლაპარაკის დროს აღმოჩნდა, რომ კირიაკეს სტუმარი ბერი თურმე ნესტორიანულ მწვალებლობას მისდევდა. წმ. კირიაკემ სცადა დაერწმუნებინა სტუმარი დაეტოვებინა თავისი ცთომილება და უთხრა, რომ სულის ცხონება მხოლოდ ჭეშმარიტ ქრისტიანულ სარწმუნოებაშია შესაძლებელი. რაზეც თეოფანემ უპასუხა: "ყველა მწვალებლობა ამბობს, რომ ადამიანი მხოლოდ მათ სარწმუნოებაში ცხონდება. რა ვქნა? "ღვთის კაცო! - უპასუხა ღირ. კირიაკემ, - ილოცე უფლის მიმართ, რათა მან რაიმე გამოცხადებით მომცეს ჭეშმარიტი სარწმუნოების შეცნობის შესაძლებლობა". მოხუცი სიხარულით დათანხმდა ამ თხოვნას: "მოდი ჩემს კელიაში, - უთხრა მან, - მჯერა ღმერთი გამოგიცხადებს ჭეშმარიტებას". ამის შემდეგ წმ. კვირიკე განშორდა ბერს და დაიწყო ლოცვა მის შესაგონებლად.

მეორე დღის ათ საათზე თეოფანემ დაინახა მის წინაშე მდგომი ბრწყინვალე, მაგრამ მრისხანე სახის ანგელოზი, რომელმაც მას უთხრა: "მოდი და შეიცან ჭეშმარიტება". მოჰკიდა ხელი ერეტიკოსს და მიიყვანა ერთ პირქუშ, მყრალ და ცხელ ადგილას, აჩვენა თუ როგორ იხრკუებიან ცეცხლში ნესტორი, ევტიქი, აპოლინარი, დიოსკორე და სხვა მწვალებლები. "აი ადგილი მათი, - მიუთითა ჯოჯოხეთზე ანგელოზმა, - ვინც მათსავით უკეთურად აზროვნებს, და იმათიც, ვინც მათი მიმდევარი იქნება. მაშ, თუკი მოგწონს ეს ადგილი, დარჩი შენს რწმენაში. ხოლო თუ არ გსურს დაექვემდებარო მსგავს სასჯელს, მიმართე წმიდა, საყოველთაო და სამოციქულო ეკლესიას, რომელსაც ეკუთვნის შენი დამრიგებელი მხცოვანი კირიაკე. მე შენ ჭეშმარიტებას გამცნებ. არ დაგავიწყდეს: კაცმა ყველა სათნოებითაც რომ შეიმკოს თავი, მაგრამ არ ირწმუნებს მართლმადიდებლურად, ამ ადგილას მოვა. ამის შემდეგ ანგელოზი გაუჩინარდა, ხოლო თეოფანემ მართლმადიდებლურ ეკლესიას მიაშურა" (ასეა ჩაწერილი ეს ეპიზოდი ღირსი მამის ცხოვრებაში. ის ასევე მოხსენიებულია ოანე მოსხის "ლიმონარში" (თ. 26), მაგრამ წმ. იოანეს მწვალებელთა უფრო გრძელი ჩამონათვალი მოჰყავს, რომელიც ბერმა ჯოჯოხეთში იხილა. კერძოდ, "ნესტორი და თეოდორე, ევტიქი და აპოლინარი, ევაგრე და დიდიმე, დიოსკორე და სევეროსი, არიოზი და ორიგენე, და სხვები).

ასეთივე მოწმობა გვაქვს ღირ. იოანიკე დიდის ცხოვრებაშიც. ის ხატმებრძოლურ მწვალებლობაში აღიზარდა და სახარებისეული მცნებების აღსრულებაში მოშურნეობით მოსაგრეობდა, მაგრამ ერთხელაც იხილა ანგელოზი, რომელმაც მას უთხრა: "შვილო იოანიკე! ქრისტიანად თუ იწოდები, რად გძულს ქრისტეს ხატები? თუ არ გექნება მართლმადიდებლური სარწმუნოება, ამაო აღმოჩნდება სათნოებებში შენი მოღვაწეობა" (Димитрий Ростовский. Жития святых. Ноябрь, 4 число. Преп. Иоанникия Великого. С. 55), რის შემდეგაც იოანიკე გახდა მართლმადიდებელი.



ღირ. იოანიკე დიდი


ღირ. ბასილი ახლის ცხოვრებაც მოგვითხრობს, რომ მის მოწაფეს ნეტ. თეოდორას ანგელოზმა საზვერეების გავლის დროს უთხრა: "იცოდე ასევე, რომ ამ გზით გამოიცდებიან მხოლოდ წმიდა ნათლისღებით განათლებულ ადამიანთა სულები. ქრისტესადმი ურწმუნონი, კერპთაყვანისმცემელნი და საერთოდ ყველანი, ვინც არაფერი უწყის ჭეშმარიტი ღმერთის შესახებ, ამ გზით არ აღიყვანებიან, რადგან მთელი ამქვეყნიური ცხოვრების განმავლობაში ისინი მხოლოდ ხორციელად ცხოვრობდნენ, სულიერად კი დამარხულნი იყვნენ ჯოჯოხეთში; და როდესაც მოკვდებიან, დემონები ყოველგვარი გამოცდის გარეშე წარიტაცებენ მათ და შთააგდებენ გეჰენას" (Иером. Серафим (Роуз). Душа после смерти. М., 1991. С. 124).



ნეტ. თეოდორას მიერ საზვერეების გავლა




5.1. ეკლესია ხომ აღიარებს ზოგიერთ მწვალებელთა ნათლისღებას?


არც თუ იშვიათად მწვალებელთა ცხონების საკითხში უთითებენ იმ გარემოებას, რომ ეკლესია აღიარებს ამა თუ იმ არამართლმადიდებლურ საზოგადოებებში აღსრულებულ ნათლისღებას. რაც შეეხება მათი საიდუმლოებების ქმედითობას თუ უმოქმედობას, მართლმადიდებლური ეკლესიის გადმოცემაში ეს საკითხი საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის. წმიდა მამათაგან ერთნი ამბობდნენ, რომ მწვალებლებში შეუძლებელია იყოს რომელიმე საეკლესიო საიდუმლო, ხოლო სხვები ამ აზრს არ ეთანხმებოდნენ და მწვალებლებში შესრულებულ საიდუმლოთ აღიარებდნენ. ეს განსხვავება დაფიქსირებულია ჯერ კიდევ III საუკუნიდან, დავაში წმ. მღველმოწ. კვიპრიანე კართაგენელისა რომის წმ. პაპ სტეფანესთან.

წმიდა კვიპრიანეს აზრით, რადგან ეკლესიის გარეთ შეუძლებელია არსებობდეს რაიმე საიდუმლო, ეკლესიისკენ მოქცეულნი, რომლებიც მონათლულნი იყვნენ მწვალებლების ან სქიზმატიკოსების მიერ, თავიდან უნდა მონათლულიყვნენ, ხოლო წმიდა სტეფანე მიიჩნევდა, რომ ეკლესიას თავიდან ნათლობის გარეშეც შეუძლია მიიღოს ისინი და აღიაროს მათ მიერ ადრე აღსრულებული საიდუმლო, თუ ის სწორად იყო შესრულებული.

ის, რომ მსოფლიო საეკლესიო კრებებზე ეკლესიამ დაადგინა ზოგიერთი მწვალებლის მიღება ნათლისღების განმეორების გარეშე, შეიძლება შეფასდეს წმ. სტეფანეს მიერ გამოთქმული აზრის აღიარებად. თუმცა ეს არ არის ცალსახა დასკვნა, თუ გავითვალისწინებთ მღვდელმოწ. ილარიონ ტროიცკის აზრს, რომელიც ამბობდა, რომ მოქცეულ ერეტიკოსზე ნათლობა არ მეორდება არა იმიტომ, რომ ეკლესია აღიარებს მწვალებელთა მიერ აღსრულებულ საიდუმლოთ, არამედ იმიტომ, რომ უფალი ეკლესიასთან მწვალებლის შემოერთების დროს უხილავად აღუვსებს ნათლობისა და სხვა საიდუმლოებების მადლს (მაგ.: ქიროტონიისას, თუ ლაპარაკია იმგვარი საზოგადოების კლერიკოსზე, რომელსაც შენარჩუნებული აქვს მოციქულთა მემკვიდრეობა).

აზრს იმის შესახებ, რომ ეკლესიის გარეთ შეუძლებელია იყოს რაიმე საიდუმლო, წმ. კვიპრიანეს გარდა გამოთქვამდნენ თევდორე სტოდიელი, ნიკოდიმე მთაწმინდელი, ეგნატე (ბრიანჩანინოვი) და სხვები. ხოლო მწვალებლებში საიდუმლოთა არსებობას წმ. სტეფანეს გარდა აღიარებდნენ ნეტ. ავგუსტინე, ღირ. ბიკენტი ლირინელი, წმ. ტარასი კონსტანტინოპოლელი, ნეტ. თოეოფილაქტ ბულგარელი და სხვები.

მაგრამ, ყველა წმიდა მამა, ვინც აღიარებდა და ვინც არ აღიარებდა ეკლესიის გარეთ, მწვალებლებში აღსრულებულ საიდუმლოთა მოქმედებას, ერთსულოვანნი და თანხმიერნი იყვნენ იმაში, რომ მწვალებლები (ასევე სქიზმატიკოსები) თავიანთ საზოგადოებებში ვერ ცხონდებიან. ამის დასამტკიცებლად მოვიტანთ თითოეული თვალსაზრისის ყველაზე მკაფიო წარმომადგენელთა გამონათქვამებს.

წმ. კვიპრიანეს თქმით: "ეკლესიის გარეთ არ არსებობს სიცოცხლე: ღმრთის სახლი ერთია, და ეკლესიის გარეთ სულის ცხონება არავის შეუძლია... ეკლესიის გარეთ მყოფთა ცხონების აღარება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა შესაძლებელი, ვინმე რომ გადარჩენილიყო წარღვნის დროს ნოეს კიდობნის გარეთ" (Свт. Киприан Карфагенский. Творения. Киев, 1861. Т. 1. Сс. 27, 174).




ნეტ. ავგუსტინე


ნეტ. ავგუსტინე კი წერს: "მსგავს ადამიანებს
(ანუ მწვალებლებს - "აპოკ." რედ.) შეიძლება ჰქონდეთ ნათლისღების საიდუმლო და, როდესაც ისინი კათოლიკე ეკლესიას უერთდებიან ის არ უნდა დაიგმოს მათში ან არ უნდა გაუმეორონ, თითქოსდა არასოდეს ჰქონოდათ. თუმცა, ამასთანავე ვამტკიცებთ, რომ მათ სულაც არ მართებთ ჰქონდეთ ცხონების იმედი მხოლოდ იმიტომ, რომ მათ ნათლობას არ უარვყოფთ, რასაც, ჩვენი აღიარებით, ისინი ღებულობენ; პირიქით, უნდა შეიგნონ და შეიცნონ ის აუცილებლობა, რომ საჭიროა სიყვარულის საკვრელებით შეუერთდნენ ეკლესიის ერთობას, რომლის გარეშეც მათ შეიძლება ყველაფერი ჰქონდეთ, თუნდაც თავისთავად წმიდაც და საპატიოც, მაგრამ ამავე დროს თავად მწვალებლები არაფერს წარმოადგენენ და რაც უფრო უარესად ისარგებლებენ იმ ნიჭებით, რომლებიც ამ ცხოვრებაში მიიღეს, მით უფრო ნაკლებად იქნებიან ღირსნი მარადიული ცხოვრებისა" (Блж. Августин. О различных вопросах к Симплициану, II.1.10).  

სარწმუნოების სიმბოლოს განმარტებაში იგივე წმიდა მამა წერს: "ყველაფერი შეიძლება გქონდეს ეკლესიის გარეთ, ცხონების გარდა. შეიძლება გქონდეს საიდუმლოც... სახარებაც... რწმენაც მამის, ძის და სულიწმიდის მიმართ და ქადაგებდე მას, მაგრამ კათოლიკე (საყოველთაო) ეკლესიის გარდა, ვერსად სულს ვერ იცხონებ".

ტრაქტატში "კრესკონიუსის წინააღმდეგ" ის წერდა, რომ სქიზმატური ნათლობა მის მიმღებს მოუტანს არა გამართლებას, არამედ გამტყუნებას, რადგან მწვალებლებსა და სქიზმატიკოსებს სიყვარული არა აქვთ. განხეთქილებაში იშრიტება სიყვარული, ხოლო უსიყვარულო ადამიანში შეუძლებელია ბინადრობდეს სულიწმიდა.

აქედან კარგად ჩანს, რამდენად უსუსურია იმათი შეხედულება, ვინც მიიჩნევს, რომ თუკი მწვალებლებში არსებობენ საიდუმლონი, მაშასადამე, უეჭველად ცხონდებიან კიდეც, რამეთუ თავისთავად საიდუმლოებებში მონაწილეობა ავტომატურად არავის აცხონებს. ასეთი ავტომატური კავშირი "თუ არის საიდუმლო - არის ცხონებაც" არ არსებობს არა თუ მწვალებლებთან დაკავშირებით, არამედ თვით ეკლესიის შვილებთან მიმართებაშიც კი. ამაზე მოწმობს ლოცვა ზიარების წინ: "ნუ მექმნების მე დასასჯელად", და ასევე მღვდლის სიტყვები აღსარების წინ: "რამეს თუ დამალავ ორმაგ ცოდვას აიღებ", და ასევე წმ. იოანე დამასკელის სიტყვები: "ის, ვინც მზაკვრულად მიეახლება ნათლობას, უფრო დაისჯება, ვიდრე რაიმე სარგებლობას მიიღებს" (Прп. Иоанн Дамаскин. Точное изложение православной веры, IV.9).

ამრიგად, ვინც საიდუმლოს მიეახლება ცოდვის მონანიების გარეშე, ეს საიდუმლო არა თუ არ შეეწევა მის ცხონებას, არამედ, პირიქით, უფრო მეტი სასჯელის მიზეზად გარდაექცევა. ეს ეხება იმ ადამიანებსაც, ვინც მოუნანიებლად იმყოფებიან მწვალებლობის მომაკვდინებელ ცოდვაში.

ეკლესიის წევრები შეერთებულნი არიან არა მარტო საიდუმლოებებითა და ლოცვებით (სხვაგვარად, ნებისმიერი, შემთხვევით ზიარებული და თუნდაც მოუნათლავი, ავტომატურად გახდებოდა ეკლესიის წევრი და ცხონდებოდა), არამედ ჭეშმარიტებაში და სიყვარულში ერთობითაც. თუ ვინმე გადაიხრება ჭეშმარიტების ერთობიდან, როგორც მწვალებლები, ან სიყვარულის ერთობიდან, როგორც სქიზმატიკოსები, ის უცხოვდება ეკლესიისთვის და ეკლესიის მტერი ხდება.

ნათლობა - ცხონებისთვის აუცილებელი პირობაა, მაგრამ არა ერთადერთი. ნათლობის გარდა კიდევ საჭიროა მართლმადიდებლური რწმენა. მწვალებლები იღუპებიან არა იმიტომ, რომ მოუნათლავები არიან, არამედ იმიტომ, რომ იმყოფებიან მწვალებლობის მომაკვდინებელ ცოდვაში. სწორედ ის ღუპავს მათ. ის საიდუმლოებები, - თუ დავუშებთ მათ არსებობას, - რასაც მათში აღასრულებს უფალი, მოუწოდებს მათ ჭეშმარიტი ეკლესიისკენ, მართლმადიდებლობისკენ, და თუკი მწვალებლები არ მიჰყვებიან ამგვარ მოწოდებას, ეს საიდუმლონი არა თუ არ აცხონებენ მათ, არამედ, პირიქით, უმეტესი სასჯელის მიზეზადაც კი შეექმნებიან და მუსლიმებზე თუ ბუდისტებზე უარესადაც დაისჯებიან.


5.2. არიან თუ არა რომაელი-პაპისტები, პროტესტანტები და "არაქალკედონიტები" მწვალებლები?


ზოგიერთი ავტორი მოცემულ კონტექსტში თავს უფლებას აძლევს ამტკიცოს, რომ თითქოსდა კათოლიკეები (ლათინები, პაპისტები) და პროტესტანტები არ არიან მწვალებლები, რადგან თითქოსდა არ ჩატარებულა კრება, რომელიც დაგმობდა მათ ცრუსწავლებას, როგორც მწვალებლობას, ხოლო თავად მათ გამოაცხადებდა მწვალებლებად. მსგავსი მტკიცებულებები მეტად უსუსურია.

1583 წლის კონსტანტინოპოლის კრებაზე, რომელიც გამოწვეული იყო კათოლიკე მისიონერთა პროზელიტური მოქმედებებით მართლმადიდებელთა შორის, მიღებულ იქნა დადგენილებები ანათემაზე გადაეცათ ისინი, ვინც "გულითა და ბაგით არ აღიარებს რომ ... სულიწმიდა გამოდის მხოლოდ მამისგან... ვინც ამბობს, რომ უფალმა ჩვენმა იესუ ქრისტემ საიდუმლო სერობაზე გამოიყენა აუფუებელი პური... ვისაც სწამს სალხინებლის... ვინც ამბობს, რომ პაპი არის ეკლესიის თავი". ეს გადაწყვეტილება ხელმოწერილია კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიის და იერუსალიმის პატრიარქთა და ეპისკოპოსთა მიერ.

"ერთი, წმიდა, საყოველთაო და სამოციქულო ეკლესიის 1848 წლის მრგვლივმოსავლელ ეპისტოლეში მართლმადიდებელ ქრისტეანთადმი" ნათქვამია: "ერთი, წმიდა, საყოველთაო და სამოციქულო ეკლესია... დღეს კვლავ კრებითად იუწყება, რომ ეს ახალშემოტანილი აზრი, თითქოსდა სულიწმიდა გამოდის მამისგანაც და ძისგანაც, არის მწვალებლობა, და მისი მიმდევრები, ვინც გინდ იყონ ისინი, არიან მწვალებლები... მათი საზოგადოებები მწვალებელთა საზოგადოებებია, და საყოველთაო ეკლესიის მართლმადიდებელ შვილთა ყოველგვარი სულიერი და საღმრთიმსახურებო თანაზიარობა მათთან - უსჯულოა" (Догматические послания православных иерархов XVII-XIX веков о Православной вере. Свято-Троицкая Сергиева Лавра. 1995. С. 206-207).

ამ მიმართვას ხელს აწერს ოთხი პატრიარქი - კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიის და იერუსალიმის, ასევე მათი სინოდების წევრები. აღსანიშნავია, რომ თვით ტექსტში მოცემული დადგენილება მითითებულია როგორც კრებითი გადაწყვეტილება. ეს გადაწყვეტილება ეხება არა მარტო კათოლიკეებს, რადგან სულიწმიდის მამისგან და ძისგან გამომავლობას ოფიციალურად ასწავლის პროტესტანტთა უმეტესობაც.

პროფესორი სიმატისი XI-დან XIX ს-მე ითვლის ოცამდე მართლმადიდებლურ კრებას, რომლებზეც ამა თუ იმ დონით დაგმობილი იყო რომაული- კათოლიციზმი (ეს კრებები ჩატარდა შემდეგ წლებში: 1089, 1233, 1273, 1274, 1282, 1285, 1341, 1351, 1441, 1443, 1484, 1642, 1672, 1722, 1727, 1755, 1838, 1848, 1895 гг. 2007).

პროტესტანტიზმის ძირითადი პოზიციების დაგმობა მოხდა იასის 1643 წლისა და იერუსალიმის 1672 წლის კრებებზე, რომელიც პროტესტანტებს "აშკარა მწვალებლებს" და "მთელი საყოველთაო ეკლესიიდან სრულიად განდრეკილებს" უწოდებს.

რაც შეეხება მონოფიზიტობის თანამედროვე მიმდევრებს, რომელთაც "ნეოქალკიდონიტები" ეწოდებათ, მათი ცთომილებები, როგორც მწვალებლობა გაკიცხულ იქნა დიდი ხნით ადრე, მსოფლიო კრებებზე. ზოგჯერ შეიძლება შევხვდეთ მტკიცებას იმის შესახებ, რომ თითქოსდა თავიანთი რწმენით თანამედროვე "ნეოქალკიდონიტები" მართლმადიდებლები არიან და უკვე აღარ აღიარებენ მონოფიზიტობას, მაგრამ ეს არ შეესაბამება რეალობას. სარწმუნოების თავიანთ სიმბოლებში ისინი ადრინდელივით წერენ, რომ ქრისტეში მხოლოდ ერთი ბუნებაა, და მონოფიზიტური მწვალებლობის გამომგონებლებს ჯერაც წმინდანებად აღიარებენ (ამის შესახებ უფრო დეტალურად იხ.: Иерей Тигрий Хачатрян. К вопросу о диалоге между Православной Церковью и Древними Восточными Церквями / http://www.bogoslov.ru/text/510783.html; Священник Олег Давыденков. В чем разница между православием и армянским христианством? / http://www.pravoslavie.ru/smi/38172.htm). იგივეს ვხედავთ დღემდე შემორჩენილ ნესტორიანელებშიც.

წმიდა მამები სრულიად მკაფიოდ და განსაზღვრულად ამბობდნენ იმის შესახებ, რომ ლათინები (ე. წ. კათოლიკეები) მწვალებლები არიან. მოვიტანთ ამის დამადასტურებელ რამოდენიმე ციტატას:

წმ. მარკოზ ეფესელი: "ჩვენ ლათინები უარვყავით მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ისინი მწვალებლები არიან" (ციტ. Архим. lt Амвросий (Погодин). Святой Марк Ефесский и Флорентийская Уния. М. 1994. С. 333).

ნიკოდიმე მთაწმინდელი: "ის, რომ ლათინები მწვალებლები არიან რაიმე მტკიცებულებას არც საჭიროებს... და ჩვენ უკუვაგდებთ მათ როგორც არიანელთა, საბელიანოზთა და სულისმბრძოლ მაკედონიანელთა მსგავს მწვალებელთ" (ამას ნიკოდიმე ბრძანებს თავის "პიდალიონში" ("დიდ სჯულისკანონში") წმ. მოციქულთა 46-ე კანონის განმარტებაში).

მწვალებელთა წარწყმედილობას ლათინებს, პროტესტანტებს და მონოფიზიტებს განაკუთვნებდნენ როგორც ძველი, ასევე ახალი წმიდა მამები. მაგალითად, ძველთაგან, წმ. ტარასი კონსტანტინოპოლელი სომეხ კათოლიკოსს წერდა: "დღეს ვნანობ, რომ ... ვდუმდი და არ ვეწინააღმდეგებოდი მწვალებლობას; ვამტკიცებ, რომ თქვენთვის შეუძლებელია ცხონება, თუკი დარჩებით თქვენსავ მწვალებლობაში" (Письмо к Захарии-католикосу Великой Армении об одном лице Господа нашего Иисуса Христа из соединения двух естеств и о правомыслии Собора святых отцов в Халкидоне).




წმ. ტარასი კონსტანტინოპოლელი


ღირ. თეოდოსი პეჩორელი (XI ს.) მოწმობდა: "ვინც დარჩება სხვა სარწმუნოებაში, ლათინურში, ან სომხურში, ვერ იხილავს მარადიულ ცხოვრებას".

ღირ. მაქსიმე ბერძენი (XV ს.) ლუთერანებს "გეჰენიის მკვიდრთ" უწოდებდა.




ღირ. მაქსიმე ბერძენი




5.3. ემოციური არგუმენტი - "სხვაგვარადმორწმუნე მოწამენი".

ზოგჯერ იმ აზრის მომხრეები, თითქოსდა მწვალებლებიც ცხონდებიან, ნიმუშად ასახელებენ კათოლიკე ან პროტესტანტ მისიონერებს, რომლებიც სხვა რელიგიათა მიმდევრებს მოუკლავთ, და გვეკითხებიან: ნუთუ თქვენ ქრისტესთვის სიკვდილამდე წამებულებზეც იტყვით, რომ მომავალ ცხოვრებაში განკვეთილ იქნებიან ქრისტესგან?

ეს არგუმენტი არსებითად უუნაროა წინ აღუდგეს წმიდა მოციქულთა და წმიდა მამათა მკაფიო და ნათელ სიტყვებს მწვალებლობათა წარმწყმედელობის შესახებ, ის უბრალოდ ემოციურობაზე აკეთებს აქცენტს და დისკუსიის სფერო გონებრივიდან კერძო ემოციებზე და სენტიმენტებზე გადააქვს.

როდესაც ამ არგუმენტს ვპასუხობთ, სულაც არ გვჭირდება რაიმე ახლის გამოგონება, საკმარისია ყველას შევახსენოთ წმ. მღვდელმოწამე კვიპრიანე კართაგენელის სიტყვები: "ადამიანები თუ არ შეინარჩუნებენ კავშირსა და ყველაზე გულწრფელ თანაზიარობას ეკლესიასთან, ქრისტეს სახელისთვის სიკვდილიც რომ განიცადონ, მოწამეობრივი სისხლიც კი ვერ ჩამორეცხს მათ ცოდვას. განყოფის უმძიმესი დანაშაული ტანჯვითაც კი ვერ განიწმინდება. ვინც ეკლესიის გარეთაა მოწამე ვერ გახდება" (ციტ.: Свящ. Григорий Дьяченко. Уроки и примеры христианской веры. Опыт катихизической хрестоматии. СПб., 1900. С. 428).

ასევე ლაოდიკიის კრების 34-ე კანონი ბრძანებს: "არც ერთმა ქრისტიანმა არ უნდა მიატოვოს ქრისტეს მოწამე და არ უნდა წავიდეს ცრუ მოწამესთან, რომლებიც ან მწვალებელნი იყვნენ, ან მწვალებელთა შორის იყვნენ, რადგან ერეტიკოსები უცხონი არიან ღვთისთვის. ამიტომ მათთან მისული შეჩვენებულ უნდა იყოს" (დიდი სჯულისკანონი. იხ. საქ. საეკლ. კალენდარი. 1987 წ. გვ. 207).

აქ შეიძლება მოვიტანოთ ამბროსი ოპტინელის სიტყვებიც: "არ ღირს ლათინ მისიონერთა და მოწყალების დათა მოჩვენებითი მოღვაწეობისა და მოჩვენებითი თავგანწირვის გამო გაკვირვება. ისინი საცოდავი მოსაგრეები არიან. ისინი ცდილობენ ადამიანები მოიყვანონ არა ქრისტესთან არამედ თავიანთ პაპთან" (Прп. Амвросий Оптинский. Ответ благосклонным к Латинской Церкви).

მართლაც, დასავლელ მისიონერთა შორის ზოგჯერ შეიძლება შევხვდეთ თავგანწირვის მკაფიო მაგალითებსაც, მაგრამ მთლიანობაში მწვალებელთა მისიებში არის ბევრი ისეთი რამ, რაც არ პასუხობს სახარებას ან პირდაპირ ეწინააღმდეგება კიდევაც მას. მღვდელმთავარი ნიკოლოზ სერბი ამბობდა, რომ ინდოეთში ამ მისიონერებმა ქრისტეანობის დისკრედიტაცია უფრო მოახდინეს, ვიდრე მისი პოპულარიზაცია. "სარწმუნოება გულწრფელობის გარეშე - სარწმუნოება კი არა ქოლერაა. სულიერი ქოლერა. ამას ვხედავთ ჩვენ რომაელ-კათოლიკე და პროტესტანტ მისიონერებში" (Свт.  lt Николай Сербский . Индийские письма, 22).

ამბროსი ოპტინელი შეგვახსენებს, რომ მუსლიმურ ქვეყნებში კათოლიკე და პროტესტანტი მისიონერები ძირითადად ქადაგებდნენ არა მუსლიმებს, არამედ იქ მცხოვრებ მართლმადიდებლებს შორის, და ელტვოდნენ მიედრიკათ ისინი მართლმადიდებლური სარწმუნოებისგან. მსგავსი მაგალითები მოჰყავს იაპონიაში მოღვაწე მღვდელმთავარ ნიკოლოზ იაპონელსაც.

ზოგიერთი პაპისტი და პროტესტანტი მისიონერის ძალადობრივმა სიკვდილმა შეიძლება გულწრფელი თანაგრძნობა გამოიწვიოს მათი ტანჯვისა და აღსასრულის მიმართ, მაგრამ ვერ გვაიძულებს დაგვავიწყოს ის უფსკრული, რომელიც არსებობს ჭეშმარიტებასა და სიცრუეს შორის; ვერ გვათქმევინებს, რომ რაღაც ვითარებათა გამო მწვალებლობა არაარსებითი და უმნიშვნელო წვრილმანია, რომელიც ადამიანის ცხონებაზე არ ახდენს გავლენას.

ის, ვინც არასწორად ჩაიწერს მისამართს და სამოგზაუროდ გაეშურება, დანიშნულების ადგილს ვერ მიაღწევს, თუნდაც გზაში ათასგვარი ტანჯვა-წამებაც გადაიტანოს. ასევე ის, ვინც ხელმძღვანელობს ცრუ წარმოდგენებით ღმერთზე ვერ მიაღწევს ღმერთს, რადგან სიცრუეს არავინ მიჰყავს ჭეშმარიტებასთან, პირიქით, უფრო აშორებს მას. დიახ, დასანანია იმ ადამიანთა ბედი, ვინც საკუთარი თავი მიანდო ცრუ აღწერილობას, რის გამოც მამის სახლის ნაცვლად ჭაობში შეაბიჯა, მაგრამ თუ მივეცემით სენტიმენტალურ გრძნობებს და ვიტყვით: "მოდი ჭაობში დანთქმულები მამის სახლში მისულებად ჩავთვალოთ ", ამგვარი სიცრუით მხოლოდ საკუთარ თავს დავაზიანებთ და დაღუპულთაც ვერაფრით ვუშველით.

მართლმადიდებლობასა და მწვალებლობებს შორის პრინციპული განსხვავების დასტურნი არიან ჩვენი მოწამენი, ვინც სწორედ მწვალებელთაგან ეწამნენ, მაგალითად, ზოგრაფელი მოწამენი, რომლებიც ცოცხლად დაწვეს მხოლოდ იმიტომ, რომ არ დაემორჩილნენ რომის პაპს, კანტარელი მოწამენი, რომლებიც იმავე მიზეზით დაიღუპნენ კვიპროსზე, პოლონელი მოწამეები, რომლებსაც კათოლიკეები ხოცავდნენ მართლმადიდებლობის გამო და კიდევ მრავალი სხვა.




მართლმადიდებელთა წამება მწვალებელთაგან


გვახსენდება მღვდელმოწამე ეგნატე ღმერთშემოსილის სიტყვები, როდესაც ის დასასჯელად რომში მიყავდათ. ერთ-ერთ თავის ეპისტოლეში, გმობდა რა მწვალებელ დოკეტისტებს, რამოდენიმეჯერ იკითხა: "ისინი თუ მართლები არიან, მე რისთვისღა განვიცდი ამ ტანჯვას?" როდესაც გვახსენდებიან მწვალებელთაგან ნაწამები მართლმადიდებლები, გვიჩნდება კითხვა: "მწვალებლობა თუ ხელს არ უშლის ადამიანის სულის ცხონებას, რისთვის და რატომ ეწამნენ ეს მართლმადიდებელნი და რატომ განადიდებს მათ მართლმადიდებლური ეკლესია?"




წმ. ეგნატე ღმერთშემოსილი



5.4. რა ვთქვათ იმ რიგით სხვაგვარადმორწმუნეებზე, რომლებმაც არაფერი უწყიან თავიანთი ეკლესიების დოგმატურ თავისებურებებზე?

შეიძლება მოგვცენ ასეთი კითხვა: "გასაგებია, თუ რატომ იღუპებიან ერესიარქები და ადამიანები, რომლებმაც, მიუხედავად იმისა იციან მართლმადიდებლობა, შეგნებულად იმყოფებიან მწვალებლობაში და ებრძვიან ჭეშმარიტებას, მაგრამ შეიძლება თუ არა იგივე ხვედრი მივაგოთ იმ რიგით კათოლიკეებს და პროტესტანტებს, რომლებმაც, შესაძლოა არაფერი უწყიან მართლმადიდებლობის შესახებ და ასევე იმის შესახებ, თუ რა განსხვავებაა მათ "ეკლესიასა" და მართლმადიდებლურ სარწმუნოებას შორის?"

მართლაც, არ შეიძლება ერთმანეთს გავუთანაბროთ მწვალებლობის იდეოლოგები და ისინი, ვინც თავს ამა თუ იმ მწვალებლურ თემბს უბრალოდ "დაბადებიდან ან ტრადიციის მიხედვით" ეკუთვნის, და სულაც არ არის დაინტერესებული დოგმატიკით, მათ შორის თავისი დენომინაციის სწავლა-მოძღვრებით. ჩვენ არ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათი დანაშაული თანაბარია, მაგრამ აქედან ჯერ კიდევ არ გამომდინარეობს აზრი თითქოსდა მეორეთ არანაირი დანაშაული არ გააჩნდეთ.


განა თვით კათოლიკურ და პროტესტანტულ ხალხებში არ იყვნენ და დღემდე არ არიან ისეთი რიგითი მორწმუნეები, რომლებიც ცხოველ ინტერესს იჩენენ მართლმადიდებლური ეკლესიისა და სარწმუნოების მიმართ, და დიდ ძალისხმევას ახმარენ, რათა გახდნენ მისი წევრები? მართალია, მათი რაოდენობა მცირეა, მაგრამ ისინი მაინც არსებობენ. მაშ, რატომ შეძლეს ამათ გაევლოთ გზა მართლმადიდებლურ ეკლესიამდე, ხოლო სხვებმა, რომლებიც იმავე პირობებში ცხოვრობენ, - ვერა? იმიტომ, რომ არ ეძიებდნენ ჭეშმარიტებას, არ გრძნობდნენ შიმშილსა და წყურვილს ღმრთის ჭეშმარიტების მიმართ.

მათ იმიტომ კი არ იცოდნენ თუ რა განსხვავებაა თავიანთ ნომინალურ სარწმუნოებასა და მართლმადიდებლობას შორის, რომ არ აღიარებდნენ მართლმადიდებლურ დოგმატებს, არამედ საერთოდ გულგრილნი იყვნენ დოგმატების მიმართ და სარწმუნოებას მათი ცხოვრების კიდევ ერთ დანამატად მიიჩნევდნენ. მათი შინაგანი მზერა მიმართული იყო მიწიერისა და დროებითისკენ. რა თქმა უნდა, ისინი აღიარებდნენ ღმერთს და აღასრულებდნენ აუცილებელ რიტუალებსაც, მაგრამ მათი ცხოვრების სული და გული ქრისტესადმი მიმდევრობა არასოდეს ყოფილა, არამედ უბრალოდ "ადამიანური ბედნიერების" მიღწევა სურდათ. ამის გამო ემსგავსებიან ისინი იმ მონებს, ვინც უფალმა თავის ტრაპეზზე მიიწვია, ესენი კი პასუხობდნენ: "ყანა ვიყიდე; უეჭველად უნდა მივიდე და დავხედო, გთხოვ, მაპატიო. ... ხუთი უღელი ხარი ვიყიდე და მათ გამოსაცდელად მივდივარ: გთხოვ, მაპატიო. ... ცოლი შევირთე და ამიტომ ვერ გეახლები" (ლუკა 14:19-20), და მით დაიმსახურეს უფლის სამართლიანი მსჯავრი: "ვერცერთი იმ წვეულთაგანი ვერ იგემებს ჩემს სადილს" (ლუკა 14:24). ისინი - იმავე "მიწის მკვიდრნი" არიან, რომელთა ხვედრზე მსჯელობდა ლუკა ვოინო-იასენეცკი ზემოთდამოწმებულ სიტყვებში.




იგავი ნადიმზე


სამწუხაროა, მაგრამ ზოგიერთს მართლმადიდებლობად მოსვლაში ხელს უშლის სწორედ ის ცთომილება, რომელსაც წინამდებარე სტატიაში განვიხილავთ. ამ სტროფების ავტორისთვის ცნობილია ევროპაში მცხოვრებ კათოლიკეთა რამოდენიმე მაგალითი (და კიდევ ერთისა, რომელიც წმიდა მიწაზე ცხოვრობს), რომლებიც საკუთარი საღვთისმეტყველო ძიებების კვალობაზე დარწმუნდნენ, რომ სიმართლე მართლმადიდებლობის მხარესაა, მაგრამ მართლმადიდებლობაში მათ გადასვლას აბრკოლებს სწორედ ეს, დასავლეთში საყოველთაოდ გავრცელებული აზრი, რომ "ყველა კეთილი ადამიანი ცხონდება, მიუხედავად მისი სარწმუნოებისა". და, რადგან მათ ჰგონიათ, რომ ეს არავითარ გავლენას არ მოახდენს ცხონებაზე, კვლავ რომაულ-კათოლიკური ეკლესიის წევრებად რჩებიან.

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню