ანტიქრისტე - ზუსტი თარიღი არავინ უწყის - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოკალიფსისი > ანტიქრისტე

წერილები ბოლო ჟამის, ანტიქრისტეს, ქრისტეს მეორედ მოსვლისა და სამყაროს აღსასრულის შესახებ

1. ზუსტი თარიღი არავინ უწყის

ანტიქრისტე

ბიბლიაში არსად არის მითითებული ქრისტეს მეორედ მოსვლის ზუსტი თარიღი... რომელიმე ვადის სამყაროს აღსასრულად გამოცხადება სრულიად უცხო და მიუღებელია მართლმადიდებელი ეკლესიისთვის. არ არსებობს არც ერთი კრებითი დადგენილება, არც ერთი საეკლესიო იერარქის ეპისტოლე ან აღიარებული ღვთისმეტყველი, რომელიც მსგავსი სულისკვეთებით იმსჯელებდა. მიუხედავად ამისა, ახალი აღთქმის წმიდა წერილში არსებობს მოწმობა იმისა, რომ ქრისტეს მეორედ მოსვლა გაიგება როგორც საკმაოდ ახლო მომავლის მოვლენა.

სამყაროს აღსასრულის შესახებ მართლმადიდებლური სწავლების ძირითადი წყარო გახლავთ მაცხოვრის ესქატოლოგიური ქადაგება, რომელიც მოცემულია მათეს სახარების 24 და 25-ე თავებში და ასევე წმ. იოანე ღვთისმეტყველის "გამოცხადება", ანუ "აპოკალიფსისი". ამ მიმართებით მნიშვნელოვანია აგრეთვე წმიდა მოციქულთა წერილების ზოგიერთი ადგილები, სადაც ლაპარაკია იმ ნიშნებზე, რომლებიც წინ უძღვიან მეორედ მოსვლას.

ბიბლიურ მოწმობებში რა არის ყველაზე უმთავრესი მეორედ მოსვლასთან დაკავშირებით? მათი უმეტესი ნაწილი ეძღვნება არა ფაქტის კონსტატაციას, რომ სამყაროს აღსასრული მალე დადგება, არამედ მისი წინმსწრობი მოვლენების ღრმა, თვალსაჩინო და მრავალმხრივ აღწერას. ანუ, ერთის მხრივ, სამყაროს აღსასრული წარმოგვიდგება მალე მოსახდენ ფაქტად, ხოლო მეორეს მხრივ, ამ დღის დადგომამდე უნდა აღსრულდეს მსოფლიო ისტორიული მნიშვნელობის მრავალი მოვლენა.

თვით ამ მოწმობათა შინაარსი, რომლებიც უჩვეულო მასშტაბის მოვლენებს გადმოგვცემენ, თვალწინ წარმოგვიდგენს მართლმადიდებლური სწავლების მთელს სირთულეს სამყაროს აღსასრულის შესახებ. ზედაპირული შეხედვაც კი ათვალსაჩინოებს, რომ ეს არც ისე მარტივად და სწრაფად მოხდება.

ზოგიერთები სახარების ესქატოლოგიურ ქადაგებაზე უთითებენ, როგორც უეჭველ მოწმობაზე იმისა, რომ იესუ ქრისტე ანგელოზებთან და წმინდანებთან ერთად მალე მოვა, განსაკუთრებით კი ყურადღებას ამახვილებენ სიტყვებზე: "ჭეშმარიტად გეუბნებით თქუენ: არ გადავა ეს მოდგმა, ვიდრე ყოველივე ეს არ აღსრულდება" (მათე 24:34). ამ სიტყვების ნამდვილ მნიშვნელობაზე ჩვენ ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებთ, აქ კი აღვნიშნავთ, რომ ეს ადამიანები, როდესაც მოახლოვებულ მეორედ მოსვლაზე ლაპარაკობენ, ყურადღებას არ აქცევენ მაცხოვრის სიტყვებს, რომლის მიხედვითაც: "იმ დღისა და იმ საათისა არავინ არაფერი იცის, არც ანგელოზებმა ცაში, არც ძემ, არამედ მხოლოდ მამამ" (მარკოზი 13:32).

ეს ნიშნავს, რომ არავის შეუძლია მიუთითოს წელი, თვე ან დღე სამყაროს აღსასრულისა. თვით ქრისტეც, ძე ღმრთისა, საკუთარ თავს ამ თარიღის უცნობლობას მიაწერს. რატომ? ეს რთული საღვთისმეტყველო საკითხია, მაგრამ, ქრისტეანთათვის აქ სხვა რამეა მთავარი: მაცხოვარი ხაზს უსვამს აბსოლუტურ საიდუმლოობას, იმ ჭეშმარიტებას, რომ აპოკალიფსური "დრო-ჟამი" ადამიანურ განსაზღვრებას არ ექვემდებარება.

მაცხოვრის ესქატოლოგიურ ქადაგებაში არსებობს ერთი უმნიშვნელოვანესი დეტალი: ქრისტე წინასწარმეტყველებს ორ მოვლენაზე: სამყაროს აღსასრულსა და იერუსალემის ტაძრის დანგრევაზე. თანაც, მათი განცალკევება ძალზედ ძნელია. როგორც ვიცით ისტორიულად იერუსალემის ტაძარი ქრისტეს შობიდან 70-ე წელს დაინგრა და სულაც არ ყოფილა მეორედ მოსვლისა და სამყაროს აღსასრულის დასაწყისი, თუმცა საიდუმლოდ გადაწნულია ამ მოვლენასთან. ქრისტე თავის ქადაგებაში მიმართავდა იუდეველთ, ამიტომაც, სახარების სიტყვები მსოფლიო მნიშვნელობის კატასტროფისა და იუდეველთა უმთავრესი სიწმიდისა და რელიგიური ცხოვრების საფუძვლის განადგურების შესახებ, - საზოგადო, საყოველთაო კატასტროფის წინასახედ წარმოჩნდება.

და მაშინ სიტყვები: "ჭეშმარიტად გეუბნებით თქუენ: არ გადავა ეს მოდგმა, ვიდრე ყოველივე ეს არ აღსრულდება" (მათე 24:34) ბუკვალურად გამოსახავს იერუსალემის დაცემას, რადგან იესუს მრავალმა მსმენელმა და თვითმხილველმა მიაღწია პირველი საუკუნის 70-ე წლამდე და ტაძრისა და იერუსალემის დანგრევა საკუთარი თვალით იხილა. თუმცა, არსებობს სხვა განმარტებაც, რომელიც უშუალოდ სამყაროს აღსასრულს ეხება. გამოთქმა "ეს მოდგმა", ამგვარ კონტექსტში უკვე არა კონკრეტულ თაობას, არამედ ადამიანთა დროისგარეშე კლასს ნიშნავს. წმ. იოანე ოქროპირი ამ სიტყვებში ქრისტეს მორწმუნეებს ხედავდა და ამბობდა: "ყოველივე ჭეშმარიტად აღსრულდება, ყველა ზემოთაღწერილი უბედურება ნამდვილად მოიწევა, მაგრამ მართალთა მოდგმა მეორედ მოსვლამდე შენარჩუნდება".

შესაძლოა ვინმემ იკითხოს: "სამყაროს აღსასრული თუ მოკლე ვადაში არ დადგებოდა, რატომ იწინასწარმეტყველეს ის ჯერ კიდევ პირველ საუკუნეში, თანაც ასეთი თავისებური და სიმბოლური ფორმით?" ნებისმიერი ეპოქის ქრისტეანებში მაცხოვრის მეორედ მოსვლის სიახლოვისადმი რწმენა ახალი აღთქმის სამახარობლო ქადაგების მოსმენისთანავე ჩნდება. ქრისტეს რომ ეთქვა მეორედ მოსვლა იქნება, მაგრამ შორეულ მომავალშიო, ფსიქოლოგიური კანონის თანახმად ადამიანებს ამგვარი ცნობა მოადუნებდა და გააზარმაცებდა. იგივე შედეგს მოიტანდა მეორედ მოსვლის ზუსტი თარიღის გაცხადებაც: ადამიანები უდარდელად იცხოვრებდნენ და მხოლოდ მეორედ მოსვლის მოახლოვებისთვის დაიწყებდნენ სულიერ მზადებას. ქრისტეს მეორედ მოსვლის სიახლოვე ერთგვარი სტიმულია, რომელიც განსაზღვრავს ადამიანთა მთელს ცხოვრებას, ის სულიერად განამტკიცებს და მუდმივ მზადყოფნაში ამყოფებს ქრისტეანს.

რა თქმა უნდა, ადამიანის განწყობა პერიოდულად იცვლება, რადგან ადამიანებმა კარგად უწყიან ამ წუთისოფლის წარმავლობა. აბსურდულ უკიდურესობამდე მისული ეს წარმოდგენები იმ ლოზუნგებად გარდაიქმნებიან, რომლის მიხედვითაც სამყაროს აღსასრული უკვე მალე დადგება. ან კიდევ პირიქით, არსებობს სხვა უკიდურესობა, როდესაც ამტკიცებენ, რომ "ქრისტეანობა არ ასრულებს საკუთარ დაპირებას". მოციქული პეტრე ჯერ კიდევ I საუკუნის 60-იან წლებში ეპაექრებოდა ამგვარად მოაზროვნე ადამიანებს და ასე ამხელდა:

"უპირველეს ყოვლისა, იცოდეთ, რომ უკანასკნელ დღეებში მოვლენ მგმობელნი, თავიანთი გულისთქმისამებრ მოარულნი, და იტყვიან: სად არის აღთქმა მისი მოსვლისა? ვინაიდან მას შემდეგ, რაც მამებმა მიიძინეს, ყველაფერი უცვლელად რჩება შექმნის დასაბამიდან... ისიც იცოდეთ, საყვარელნო რომ ერთი დღე უფლისათვის როგორც ათასი წელი, და ათასი წელი, როგორც ერთი დღე. არ აყოვნებს უფალი აღთქმის აღსრულებას, როგორც ზოგიერთს ჰგონია, არამედ სულგრძელია თქვენს მიმართ, რადგანაც ვისიმე დაღუპვა კი არა სურს, არამედ ის, რომ ყველა მოიქცეს სინანულად" (2 პეტრე 3:3-10). ეს ნიშნავს, რომ სამყაროს აღსასრულის დადგომა თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაზეა დამოკიდებული და ახლოვდება ან გვშორდება ჩვენი სულიერი მდგომარეობისდა შესაბამისად.

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню