ანტიქრისტე_წმ. კირილე იერუსალიმელი ანტიქრისტეს შესახებ - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოკალიფსისი > ანტიქრისტე

წმ. კირილე იერუსალიმელი

მეთხუთმეტე კატეხეტური სიტყვა

ანტიქრისტეს შესახებ

წმიდა კირილე იერუსალიმელი

1. ჩვენ ვქადაგებთ ქრისტეს არა ერთ მოსვლას, არამედ მეორესაც, რომელიც პირველზე უდიდესი იქნება, რამეთუ პირველად მან დაგვიმტკიცა თავისი მოთმინება, ხოლო მეორედ საღმრთო გვირგვინით გამოჩნდება. ჩვენს უფალ იესუ ქრისტეში ყველაფერი უმეტესწილად ორგვარია. ორგვარია შობა: ერთი ღმრთისგან უწინარეს ყოველთა საუკუნეთა, მეორე ქალწულისგან: ორგვარია გარდამოსვლა, საწმისზე გადმოსული ცვარივით, ერთია ჩუმი და მდაბალი, და მეორე - დიდებით; პირველი მოსვლისას "შეხვეული იყო და მწოლიარე ბაგასა", მეორედ მოსვლისას "შეიმოსავს ნათელს ვითარც სამოსელს" (ფსალმ. 103:2).

პირველად "დაითმინა ჯვარი და სირცხვილი შეურაცხყო..." (ებრ. 12:2). მეორედ ანგელოსთა მხედრობით მოვა. ამიტომაც, ჩვენი ცნობიერება მხოლოდ პირველ მოსვლაზე არ ჩერდება და ელოდება მის მეორედ მოვლას. პირველი მოსვლისას ამბობდნენ: "კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა" (მათე 21:9); მეორედ მოსვლის დროსაც იგივეს ვიტყვით, ანგელოზებთან ერთად შევხვდებით უფალს, თაყვანისვცემთ მას და ვუგალობთ: "კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა (მარკოზი 11:9).

მაცხოვარი მეორედ იმისთვის კი არ მოვა, რათა კვლავ განისაჯოს, არამედ მოვა მის მსაჯულთა განსასჯელად. ის, ვინც ადრე განისჯებოდა და დუმდა, შეახსენებს უსჯულოთ ჯვართან გამოჩენილ მათ კადნიერებას და ეტყვის: "ეს ყოველივე ჩაიდინეთ და მე გავჩუმდი" (ფსალმ. 49:21). როგორც საღმრთოდ აღმშენებელი პირველად იგი მოვიდა კაცთა დასამოძღვრად, ხოლო აწ, რომ არ უდოდეთ, აუცილებლობით მოვა, რათ დაექვემდებარონ მის მეუფებას.

2. ამ ორი მოსვლის შესახებ ბრძანებს წინასწარმეტყველი მალაქია: "უეცრად მოვა თავის ტაძარში უფალი, რომელსაც თქვენ ეძიებთ, და აღთქმის ანგელოზი, რომელიც გსურთ. აჰა, მოდის, ამბობს ცაბაოთ უფალი" (მალაქია 3:1). ეს არის პირველი მოსვლა. შემდეგ კი გვაუწყებს მეორედ მოსვლაზე: "ვინ აიტანს მისი მოსვლის დღეს და ვინ გაუძლებს მის გამოცხადებას? რადგან ის გამომდნობელის ცეცხლივით არის და მრეცხავთა მტუტესავით. დაჯდება ვერცხლის გამომდნობელი და განმწმედელი" (მალაქია 3:2-3). და ა. შ. და იქვე თვით მაცხოვარიც ამბობს: "მოვალ თქვენთან განსაკითხავად და ვიქნები ფიცხელი მოწმე ჯადოქართა და მემრუშეთა წინააღმდეგ ცრუმოფიცართაა მოჯამაგირეთა და ქვრივ-ობლების მჩაგვრელთა წინააღმდეგ, ხიზნის გამგდებელთა და ჩემს უშიშთა წინააღმდეგ, ამბობს ცაბაოთ უფალი" (მალაქია 3:5). ამიტომაც გვაფრთხილებს პავლე: "ხოლო ვინ რას აშენებს ამ საძირკველზე - ოქროს, ვერცხლს, პატიოსან თვლებს, შეშას, თივას თუ ჩალას, - თვითეულის საქმე გამომჟღავნდება, რადგანაც ცხადყოფს დღე; ვინაიდან ცეცხლით მჟღავნდება და ცეცხლითვე გამოიცდება, ვინ რას აკეთებს" (1 კორინთ. 3:12-13).

ქრისტეს ეს ორი მოსვლა პავლემ ასე გამოხატა ტიტესადმი მიწერილ ეპისტოლეში: "რადგანაც მოგვევლინა მადლი ღვთისა, ყოველი კაცის მხსნელი, ჩვენს დასამოძღვრად, რათა უარვყოთ უღმერთოება, ამქვეყნიური გულისთქმანი და მოკრძალებით, სიმართლით და ღვთისმოსაობით ვიცხოვროთ ქვეყნად, და მოველოდეთ ნეტარი სასოებისა და ჩვენი დიდი ღმერთისა და მაცხოვრის ქრისტე იესოს დიდების გამოჩენას" (ტიტ. 2:11-13). ხედავ როგორ გვიყვება იგი პირველ მოსვლაზე, რისთვისაც მადლობას შევწირავთ; და მეორეზეც, რომლის მოლოდინში ვართ. ამიტომაც, სარწმუნოების სიმბოლო, რომელსაც აწ ვქადაგებთ, ასე გვიბრძანებს რწმენას: "და ამაღლდა ზეცად, და მჯდომარე არს მარჯვენით მამისა, და კვალად მომავალ არს განსჯად ცხოველთა და მკვდართა, რომლისა სუფევისა არა არს დასასრულ".

3. მაშ ასე, ჩვენი უფალი იესუ ქრისტე, ამ წუთისოფლის ბოლო ჟამს, უკანასკნელ დღეს ზეციდან დიდებით მოვა, რადგანაც დადგება ამ ქვეყნის აღსასრული და შექმნილი სამყარო კვლავ განახლდება. რადგანაც, გარყვნილება, "წყევლა და ტყუილი, კაცისკვლა, ქურდობა და მრუშობა გავრცელდა; სისხლის ღვრას სისხლის ღვრა მოსდევს" (ოსია 4:2). იმისთვის, რათა ქმნილებათა ეს სამკვიდრო მუდმივად უსჯულოებით აღვსებული არ დარჩეს, ეს სამყაროც განქარდება, რათა კვლავ გამოჩნდეს უმჯობესად და თუ გნებავს, ყოველივე ამას დაგიმტკიცებ წმ. წერილიდან. ისმინე, რას გვეუბნება ესაია: "დალბება ცის მთელი მხედრობა და ცა ეტრატივით დაიგრაგნება, ჩამოცვივა მთელი მხედრობა, როგორც ფურცელი ცვივა ვაზს და მჭკნარი ფოთოლი - ლეღვის ხეს" (ეს. 34:4). სახარებაც ამბობს: "და მსწრაფლ, იმ დღეთა პირის შემდეგ, დაბნელდება მზე, მთვარე აღარ გამოსცემს ნათელს, ვარსკვლავები ჩამოცვივიან ციდან და შეიძვრიან ციურნი ძალნი" (მათე 24:29).

ნუ დავმწუხრდებით და ნუ ვიფიქრებთ, თითქოსდა მხოლოდ ჩვენ უნდა მოვკვდეთ; ვარსკვლავებიც კი შეწყვეტენ არსებობას, თუმც შეიძლება კვლავ გამოჩნდნენ. უფალი ცას დაგრაგნის არა იმისთვის, რომ გაანადგუროს, არამედ იმისთვის, რათა უმჯობესად ქმნას თავისი განახლებული ქმნილება. მოისმინე დავით წინასწარმეტყველის სიტყვა: "უწინ დედამიწა დააფუძნე და შენთა ხელთა ნასაქმარია ზეცა" (ფსალმ. 101:25). "ისინი დაიღუპებიან, შენ კი იარსებებ" (იქვე. მ. 26). მაგრამ, იქნებ იკითხოს ვინმემ, რატომ ამბობს ასე მკაფიოდ: "წარხდებიან"? ეს ცხადი ხდება შემდგომი სიტყვებიდან: "ყველანი ტანსაცმელივით დაძველდებიან; სამოსელივით გამოიცვლი მათ და შეიცვლებიან" (ფსალმ. 101:26). რადგან ადამიანზეც, ნათქვამია, რომ იღუპება, როგორც ესაია ამბობს: "იხილეთ, იღუპება მართალი კაცი და არავინ არის, გულთან რომ მიიტანოს" (ესაია 57:1). მაგრამ, იგი ელის მკვდრეთით აღგომას, ასევე ველოდებით ზეცის ერთგვარ აღდგომასაც: "მზე სიბნელედ იქცევა და მთვარე სისხლად, ვიდრე დადგებოდეს დღე უფლისა, დიადი და გაცხადებული" (საქმე 2:20).

დე, ყურად იღონ ეს მანიქეველთაგან მოქცეულებმა და შეეშვან ზეციურ მნათობთა გაღმერთებას; და მზის ეს დაბნელება, უკეთურად არ უნდა განმარტონ ქრისტეს მიმართ. ისმინე სიტყვები უფლისა: "ცა და მიწა გადავლენ, ხოლო ჩემი სიტყვები არ გადავლენ" (მარკოზი 13:13). რამეთუ ღვთის სიტყვას უფრო მეტი ფასი აქვს, ვიდრე ქმნილებას.

4. მაშ ასე, ხილული წარხდება და აწმყოზე უკეთესი მოვა. მაგრამ ნურავინ ეძიებს ჟამს, თუ როდის მოხდება ეს, რადგანაც: "თქვენი საქმე არ არის დროთა და ვადათა ცოდნა, თავისი ხელმწიფებით რომ დაადგინა მამამ" (საქმე 1:7) ასე, რომ არ გაბედო დროის დანიშვნა, თუ როდის მოხდება ეს ყოველივე, თუმც დაუდევრობასაც ნუ მიეცემი და ნუ წასთვლემ. "იფხიზლეთ, - ბრძანებს ქრისტე, - ვინაიდან არ იცით, რომელ დღეს მოვა თქვენი უფალი" (მათე 24:42). რადგან გვმართებდა სამყაროს აღსასრულის ნიშანთა ცოდნა და რადგანაც ველოდებით ქრისტეს მეორედ მოსვლას, უმეცრებაში რომ არ დავრჩენილიყავით და მტყუვარი ანტიქრისტეს საცთურებით არ დავცემულიყავით, საღმრთო ნებით აღძრული მოციქულები ჩვენდა დასამოძღვრად მიეახლნენ ჭეშმარიტ მოძღვარს და შეეკითხნენ: "გვითხარი, როდის მოხდება ეს? ან რა იქნება ნიშანი შენი მოსვლისა და საუკუნის დასასრულისა?" (მათე 24:3). ჩვენ ვიცით, რომ შენ ისევ მოხვალ, მაგრამ რადგან სატანა "იცვალვის ანგელოზად ნათლისა" (2 კორინთ. 11:14), ამიტომაც, დაგვიცევ, რათა შენს მაგიერ თაყვანი არ ვცეთ სხვას. მაშინ, უფალმა განახვნა თავისი წმიდა და ღვთაებრივი ბაგენი და თქვა: "ფხიზლად იყავით, რათა არავინ გაცდუნოთ" (მათე 24:4) და თქვენც, მკითხველნო, ვინც შეძლებისდაგვარად ჭვრეტთ მას თქვენი გონების თვალით, უსმინეთ მას, რომელიც იგივეს გეუბნებათ: "ფხიზლად იყავით, რათა არავინ გაცდუნოთ".

ეს სიტყვები არწმუნებს ყველას, გულისხმაყონ, რაც ითქვა, რამეთუ ეს წარსულ საქმეთა ისტორია კი არ არის, არამედ წინასწარმეტყველებაა მომავალზე, რომელიც აუცილებლად აღსრულდება. ჩვენ არ ვწინასწარმეტყველებთ, რამეთუ უღირსნი ვართ, მაგრამ წერილში მოცემულ ნიშნებს ავხსნით და განვმარტავთ, აწ კი შენც გულისხმაჰყავ, რა შესრულდა უკვე (ნაწინასწარმეტყველევთაგან - მთარგმნ.) და რა უნდა შესრულდეს მომავალში, რათა მით გაუფრთხილდე შენს თავს.

5. "ფხიზლად იყავით, რათა არავინ გაცდუნოთ. ვინაიდან მრავალნი მოვლენ ჩემი სახელით და იტყვიან: მე ვარ ქრისტეო, და მრავალს აცდუნებენ" (მათე 24:4-5). ეს გაფრთხილება ნაწილობრივ უკვე შესრულდა, რადგან ამას ირწმუნებოდნენ სწორედ სიმონ მოგვი, მენანდრე და სხვა უკეთური ერესიარქნი; და იქნებიოანო, - ბრძანებს, - ამგვარნი, ჩვენს დროშიც და ჩვენს შემდეგაც.

6. სხვა ნიშანი: "გაიგებთ აგრეთვე ომებსა და ომების ამბებს. თქვენ იცით, ნუ შეძრწუნდებით, ვინაიდან ყოველი ეს უნდა მოხდეს, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის დასასრული" (მათე 24:6). განა დღეს სპარსელებს, რომაელებსა და მესოპოტამიელთა შორის ბრძოლა არ არის? "რადგან აღდგება ხალხი ხალხის წინააღმდეგ, და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ", - ესეც ხომ ახდა; "და იქნება შიმშილობა და ჟამიანობა და მიწისძვრანი აქა-იქ" (მათე 24:7) ესეც უკვე იყო! და სხვა ადგილას: "და იქნება დიდი მიწისძვრანი, აქა-იქ - შიმშილობა და ჟამიანობა, საშინელებანი და დიადი სასწაულნი ზეცით" (ლუკა 21:11). "მაშ, იფხიზლეთ, ვინაიდან არ იცით, რომელ დღეს მოვა თქვენი უფალი" (მათე 24:42).

7. მაგრამ, მეორედ მოსვლასთან დაკავშირებით ჩვენ ყველანი, საეკლესიო ნიშანს ვეძებთ. მაცხოვარი ამბობს: "მრავალი შეცდება მაშინ, გასცემენ და შეიძულებენ ერთურთს. მრავალი ცრუწინასწარმეტყველი აღდგება და აცდუნებს მრავალს" (მათე 24:10-11). როცა გაიგებ, რომ ეპისკოპოსები სხვა ეპისკოპოსების წინააღმდეგ სისხლის დასაღვრელადაც კი გაიწევენ და საერონი ერთმანეთს აუმხედრდებიან, არ დაბრკოლდე. ამის შესახებ წმ. წერილში უკვე ნაწინასწარმეტყველებია. იმას კი ნუ აქცევ ყურადღებას, თუ დღეს რა ხდება, არამედ დაწერილს ჩაუფიქრდი. და მე, შენი დამმოძღვრელი კიდეც რომ მოვკვდე, შენ არ მოკვდები ჩემთან ერთად; მსმენელსაც შეუძლია იყოს მოძღვარზე უკეთესი და პირველს აჯობოს გვაინ მოსულმა, რამეთუ მეუფე მეათერთმეტე ჟამს მოსულთაც შეიყნარებს. გამცემი მოციქულთა შორისაც აღმოჩნდა და რაღა გასაკვირია, ეპისკოპოსთა შორისაც რომ იფეთქოს ძმათმოძულებამ? მაგრამ ეს ნიშანი ეპისკოპოსებს კი არ ეხება მხოლოდ, არამედ ერისკაცთაც, რამეთუ ქრისტე ბრძანებს: "და ურჯულოების მომრავლების გამო მრავალში განელდება სიყვარული" (მათე 24:12).

შეძლებს კი ვინმე იმ დროს, მოყვასისადმი გულწრფელი სიყვარულით დაიკვეხნოს? განა უმეტესად პირით არ გვაქებენ, გულში კი ხაფანგს გვიგებენ მზაკვარნი, მშვიდობაზე ლაპარაკობენ და ბოროტს კი იზრახავენ (ფსალმ. 27:3).

8. აი, კიდევ ერთი ნიშანი: "და იქადაგება სასუფევლის ეს სახარება მთელს ქვეყანაზე, ყველა ხალხის სამოწმებლად; და მაშინ მოიწევა დასასრული" (მათე 24:14). დღეს თითქმის მთელი მსოფლიო აღვსილია სწავლებით ქრისტეს შესახებ.

9. იქვე გვაუწყებენ თუ რა იქნება ამის შემდეგ: "ხოლო როდესაც იხილავთ გაპარტახების სიბილწეს, დანიელ წინასწარმეტყველის მიერ ნათქვამს, რაც წმინდა ადგილას დევს (წამკითხველმა გაიგოს)... მაშინ, თუ ვინმე გეტყვით: აჰა, აქ არის ქრისტე, ან კიდევ - იქო, ნუ ერწმუნებით" (მათე 24:15, 23). ძმათმოძულეობა უკვე ანტიქრისტეს უთმობს ადგილს, რამეთუ ესმაკი ერებში წინდაწინვე წარმოქმნის განხეთქილებებს, რათა როდესაც ანტიქრისტე მოვა, იოლად მიიღონ იგი. ნუ დაუშვებ, ღმერთო, რათა ქრისტეს მსახურთაგან, აქ ან სხვა რომელიმე ადგილას მყოფი შეუერთდეს ამ მტარვალს, რომლის აშკარა ნიშანი წარმოგვიდგინა თავის ეპისტოლეში მოციქულმა პავლემ: "ნურც ნურასგზით გაცდუნებთ ვინმე, რადგანაც არ მოიწევა ის დღე, ვიდრე უმალ არ მოაწევს განდგომილება და არ გამოჩნდება ურჯულოების კაცი, წარწყმედის ძე, წინააღმდგომი და ყოველივე იმაზე აღზევებული, რაც სახელდებულია ღმერთად თუ სათაყვანებელ არსად, ასე რომ, ღვთის ტაძარშიც კი დაჯდება, როგორც ღმერთი, და ღმერთად გამოაცხადებს თავს.ნუთუ არ გახსოვთ, რომ ჯერ კიდევ თქვენთან ყოფნისას გეუბნებოდით ამას?ახლა კი იცით, რა უშლის ხელს იმაში, რომ თავის დროზე გამოჩნდეს.რადგანაც ურჯულოების საიდუმლო უკვე მოქმედებს, მაგრამ არ აღსრულდება მანამ, სანამ შუაგულით არ აღიხოცება ძალა, რომელიც ხელს უშლის მას.და მაშინ გამოჩნდება ურჯულო, რომელსაც უფალი იესო შემუსრავს თავის ბაგეთა სულით და განაქარებს თავისი სხივოსანი გამოცხადებით,მას, ვინც მოვა სატანის მოქმედებით, მთელი ძალმოსილებით, ნიშებით და ცრუ სასწაულებით,ისევე, როგორც უსამართლობის ყველა საცდურით - წარწყმედილთათვის, რადგანაც არ შეიწყნარეს ჭეშმარიტების სიყვარული, რომელსაც შეეძლო ეხსნა ისინი" (2 თესალონიკ. 2:3-10).

აი, რას ამბობს პავლე. განდგომილება დღესაც არის, რამეთუ ადამიანებმა უღალატეს ჭეშმარიტებას; ზოგიერთები ძე-მამობას ქადაგებენ, სხვები კი იმას ამტკიცებენ, თითქოსდა ქრისტე არარსებობიდან არსად (ანუ ყოფიერებად) ყოფილიყო მოყვანილი. ადრე აშკარა მწვალებლები იყვნენ, ამჟამად კი ეკლესია აღივსო ფარული მწვალებლებით. დიახ, ადამიანები განუდგნენ ჭეშმარიტებას და "ყურის მოსაფხან" (2 ტიმ. 4:3) მოძღვრებებს მიექცნენ, ხოლო ჭეშმარიტ ქადაგებას უყრუებენ. უმეტესი ნაწილი განუდგა მართებულ მცნებებს. ბოროტებას უფრო ადვილად ეგუებიან, ვიდრე სიკეთეს. აი ის განდგომილება, რომლის შემდეგადაც უნდა ველოდოთ მტარვალს; და მანაც უკვე ნელ-ნელა დაიწყო თავის რჩეულთა მოვლინება, რათა გზა მოუმზადონ კაცთპყრობად.

ამიტომაც, თავს გაუფრთხილდი, ადამიანო, და განმტკიცდი სულიერად. ეკლესია მოწმობს შენთვის ცოცხალი ღვთის წინაშე და დროზე ადრე გაფრთხილებს ანტიქრისტეს შესახებ, და გაფრთხილებს მანამ, სანამ ის გამოჩნდება. მოხდება თუ არა ეს შენს სიცოცხლეში, არ ვიცით, არც ის ვიცით, მოხდება თუ არა ის შენს შემდეგ, ამიტომაც, რაკიღა წინასწარვე უწყი ყოველივე, კარგი იქნება თუ სიფრთხილეს გამოიჩენ.

10. ჭეშმარიტი ქრისტე, ღმრთის მხოლოდშობილი ძე, ამა ქვეყნით (ე. ი. შობით) აღარ მოვა, ამიტომაც, თუკი, ვინმე ცრუ ხილვებით გამოგეცხადება უდაბნოში - არ გახვიდე! და თუ გეტყვიან: "აჰა, აქ არის ქრისტე, ან კიდევ - იქო, ნუ ერწმუნებით" (მარკოზი 13:21). ასე რომ, მიწას ნუ მისჩერებიხარ, რადგან ზეცითგან მოვალს მეუფე, და არა მარტო, როგორც ადრე, არამედ მირიად ანგელოზთა თანხლებით; საიდუმლოდ კი არა, როგორც ცის ცვარი გადმოვიდა საწმისზე, არამედ აშკარად, ელვასავით გაანათებს, როგორც თავად ბრძანა: "როგორც ელვა იელვებს აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე, ისე იქნება კაცის ძის მოსვლაც" (მათე 24:27); ასევე: "და მაშინ გამოჩნდება კაცის ძის ნიშანი ცაზე; მაშინ მოთქმას მოჰყვება დედამიწის ყოველი ტომი, და იხილავენ ძეს კაცისას, მომავალს ზეცის ღრუბლებზე ძალითა და დიდებით მრავლით. მოავლინებს თავის ანგელოზებს მგრგვინავი საყვირით, და შეკრებენ მის რჩეულთ ოთხთავ ქართაგან, ცათა კიდიდან მათ კიდემდე" (მათე 24:30-31).

11. თუმც, როგორც ადრე, ანუ ქრისტეს განკაცებამდე, როდესაც ქალწულისგან ღმრთის შობას ელოდნენ, ეშმაკმა შეგნებულად დაამახინჯა ჭეშმარიტება და კერპთაყვანისმცემლური საარაკო სწავლება შეთხზა, რომლის მიხედვითაც ქალწულთაგან ცრუ ღმერთები იშვებოდნენ და იშვებიან და ეს იმისთვის ქმნა, რომ შეწყნარებულ ყოფილიყო ეს სიცრუე და საეჭვო გამხდარიყო ჭეშმარიტება; ასევე, ჭეშმარიტი ქრისტეს მოსვლის წინაც მტერი, უბრალო ადამიანთა, განსაკუთრებით წინადაცვეთილთა (ე. ი. იუდეველთა - მთარგმნ.) საცდურად, სასოებას მიაქცევს რა თავისი მოსვლის მოლოდინად გამოაგზავნის ვინმე მოგვს, ჯადოქარს, რძნეულების უმსგავს და მაცდურ ხელოვნებაში გაწაფულ ბოროტ ადამიანს, რომელიც მიიტაცებს რომის სამეფოს ძალაუფლებას, თავს ქრისტედ გამოაცხადებს და ამ სახელით მესიის მომლოდინე იუდეველთა მოტყუებას შეეცდება, წარმართებს კი მოხიბლავს გრძნეულებითა და ჯადოქრობით.

12. ხოლო ნაწინასწარმეტყველევი ანტიქრისტე მაშინ მოვა, როცა რომის სამეფოს დრო ამოიწურება და სამყაროს აღსასრული მოიწევა. ათი რომაელი მეფე ერთად აღზევდება, და შესაძლოა სხვადასხვა ადგილას, მაგრამ ერთსა და იმავე დროს გამეფდება. მათ შემდეგ მეთერთმეტე იქნება ანტიქრისტე; იგი ბოროტი ჯადოსნური ხელოვნებით მიიტაცებს სამეფოს. სამს იმათგან, ვინც მასზე ადრე გამეფდებიან დაამხობს, შვიდს კი დაიმორჩილებს. ანტიქრისტე თავს მოაჩვენებს კეთილ, გონიერ და საღად მოაზროვნე კაცად; გამოიჩენს კაცთმოყვარებას; მაცდუნებელი და მომხიბლავი ჯადოქრობით, ნიშებითა და სასწაულებით ჯერ მესიის მომლოდინე იუდეველთ მოხიბლავს, შემდეგ კი არაადამიანურობითა და უსჯულოების ბოროტი საქმით გამოამჟღავნებს უღვთოებას, თანაც იმ ზომით, რომ ბევრად გადააჭარბებს მანამდე მცხოვრებ ყველა უსამართლო და უკეთურ ადამიანს.

კაცთმოძულეობა და უმოწყალობით გამძვინვარებული, განსაკუთრებულ სისასტიკეს გამოიჩენს ქრისტეანთა მიმართ. მისი ასეთი მძვინვარება 3 წელსა და 6 თვეს გაგრძელდება, რის შემდეგაც მხოლოდშობილი ღმრთის ძის, უფლის ჩვენისა და მაცხოვრის იესუ ქრისტეს ზეცითგან დიდებით მეორედ მოსვლის დროს აღიხოცება. ქრისტე მოკლავს ანტიქრისტეს "თავის ბაგეთა სულით" (2 თესალონიკ. 2:8) და ჩააგდებს გეჰენას.

13. ყოველივე ამას ჩვენი გამონაგონიდან კი არ გაუწყებთ, არამედ ეკლესიაში ქადაგებული წერილიდან, განსაკუთრებით ამასწინათ წაკითხული დანიელის წინასწარმეტყველებიდან; სადაც გაბრიელ მთავარანგელოზის განმარტებით: "მეოთხე მხეცი მეოთხე სამეფო იქნება ქვეყნად; გამორჩეული იქნება ყველა სამეფოსგან და გადაჭამს მთელ ქვეყანას, დათრგუნავს და შემუსრავს მას" (დანიელი 7:23). ეკლესიი მამები თვლიან, რომ ლაპარაკია რომაელთა მეფობაზე. პირველი სახელგანთქმული სამეფო ასირიელთ ჰქონდათ; მეორე - მიდიელთ; მათ შემდეგ, მესამე - მაკედონიელთ; ხოლო მეოთხე სამეფო, რომელიც დღესაც დგას, არის რომაელთა სამეფო; შემდეგ გაბრიელ მთავარანგელოზი თანამიმდევრულად აგრძელებს განსჯას და ამბობს: "ათი რქა კი ის არის, რომ ამ სამეფოდან ათი მეფე აღდგება; მათ შემდეგ სხვა გამოვა; იგი განსხვავებული იქნება პირვანდელთაგან და სამ მეფეს დაამხობს" (დანიელი 7:24). ასე რომ, აქ ლაპარაკია არა მხოლოდ იმ ათზე, არამედ ყველა იგულისხმება, ვინც მანამდე იყო. "და სამ მეფეს დაამხობს" (იქვე). ეს სამნი, როგორც ჩანს, ამ ათიდან უნდა იყვნენ. და, როგორც კი ამ სამს დაამხობს, უეჭველად, მერვედ თვითონ გამეფდება. "უზენაესის წინააღმდეგ სიტყვებს იტყვის და უზენაესის წმიდანებს შეავიწროვებს" (დანიელი 7:25). ის იქნება ღმრთისმგმობარი, რომელიც მეუფებას წინაპართაგან კი არ მიიღებს, არამედ გრძნეულების მეშვეობით მიიტაცებს.

14. ვინ არის ეს კაცი და როგორი ძალით იმოქმედებს განგვიმარტავს პავლე სიტყვებით: "მას, ვინც მოვა სატანის მოქმედებით, მთელი ძალმოსილებით, ნიშებით და ცრუ სასწაულებით" (2 თესალონიკ. 2:9). მიგვანიშნებენ, რომ სატანა გამოიყენებს მას, როგორც იარაღს და მისი მეშვეობით იმოქმედებს, რადგანაც ისიც, რომ უკვე აღარავინ შეიწყალებს სამსჯავროზე და ამიტომ აშკარად გაილაშქრებს არა თავის მსახურთა სახით, არამედ უშუალოდ თვითონ "მთელი ძალმოსილებით, ნიშებით და ცრუ სასწაულებით".
სიცრუის მამა ყალბი სასწაულებით დაატყვევებს მრავალთა ცნობიერებას, თანაც ისე, რომ ხალხს ეგონება, აჰა, მკვდრეთით აღმდგარ მიცვალებულებს ვხედავთო, მაშინ, როდესაც ისინი მკვდრეთით არავის აღუდგენია; იხილავენ, როგორ უნაკლოდ გაივლიან კოჭლნი, ბრმებსაც თითქოსდა თვალი აეხილებათ, მაგრამ სინამდვილეში არავითარი განკურნება არ მოხდება.

15. და კიდევ ბრძანებს პავლე: "წინააღმდგომი და ყოველივე იმაზე აღზევებული, რაც სახელდებულია ღმერთად თუ სათაყვანებელ არსად, ასე რომ, ღვთის ტაძარშიც კი დაჯდება, როგორც ღმერთი, და ღმერთად გამოაცხადებს თავს" (2 თესალონიკ. 2:4). რომელ ტაძარში? ეს იქნება იუდეველთა დანგრეული ტაძარი და არა ის, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით. რატომ ვამბობ ამას? ნურავინ იფიქრებს, თითქოსდა თავის ვიმშვიდებთ. თუკი მას სურს ქრისტეს სახელით მოვიდეს იუდეველებთან და მათგან თაყვანისცემას ინებებს მაშინ, უმეტესად რომ აცთუნოს, განსაკუთრებულ მზრუნველობას სწორედ მათი ტაძრისთვის გამოიჩენს და იმის მინიშნებით, რომ დავითის მოდგმისაა, დაარწმუნებს მათ, რომ სურს სოლომონის აშენებული ტაძრის აღდგენა, ხოლო ანტიქრისტე მაშინ მოვა, როდესაც სოლომონის მიერ აშენებული ტაძრისგან ქვა ქვაზე არ დარჩება, რომელიც ან თვითონ დაინგრევა სიძველისგან, ანდა დაანგრევენ იმ მიზნით, რათა ახალი ააშენონ, ან კიდევ სხვა რაიმე მიზეზით აღიგვება პირისაგან მიწისა და მისი ქვები გაიფანტება. მე გარეგან ტაძარზე კი არ ვამბობ მხოლოდ, არამედ წმიდა წმიდათაზე, რომელშიაც ქერუბიმები იმყოფებოდნენ. და აი, სწორედ მაშინ მოვა ანტიქრისტე თავისი ცრუ სასწაულებით; ჯერ პირმოთნეობით კაცთმოყვარებას გაითამაშებს, ხოლო შემდეგ გამძვინვარდება, განსაკუთრებით კი ღვთის წმინდანებზე ამხედრდება, რადგანაც დანიელი ამბობს: "მე ვიხილე, რომ ეს რქა წმიდანებს ებრძოდა და მანამდე ჯაბნიდა მათ" (დან. 7:21); და კიდევ სხვა ადგილას: "იმ დროს აღდგება მიქაელი, დიდი მთავარი, შენი ხალხის შვილთა მფარველი. ისეთი მძიმე დრო მოვა, ხალხის გაჩენის დღიდან ამ დრომდე რომ არ ყოფილა. იმ დროს შენი ხალხიდან ყველა გადარჩება, ვინც კი წიგნში ჩაწერილი აღმოჩნდება" (დან. 12:1).

საშინელია ეს მხეცი, დიდი ურჩხული, კაცთაგან დაუძლეველი, რომელიც მზად არის, "ვინმე შთანთქას". მასზე კიდევ ბევრი რამის თქმა მოგვიწევს წმიდა წერილიდან, ამჯერად კი ჟამის სიმცირის გამო, ეს ვიკმაროთ.

16. რადგანაც უკვე გავიგეთ წინააღმდგომის ძლიერება, ასეთ რჩევას აძლევს უფალი ღვთისმოსავთ: "მაშინ იუდეას მყოფნი მთებს შეეფარონ" (მათე 24:16). ხოლო თუ ვინმე იგრძნობს, რომ ფლობს იმდენ ძალას, სატანას წინააღმდეგობა გაუწიოს, დე, წინ აღუდგეს მას (რამეთუ სულაც არ მიპყრობს სასოწარკვეთა ეკლესიის ძალმოსილების მიმართ) და თქვას: "რა განგვაშორებს ქრისტეს სიყვარულს: ვიწროება თუ ურვა, დევნა თუ შიმშილი, სიშიშვლე თუ საფრთხე, ანდა მახვილი?" (რომ. 8:35); თუ უძლურნი ვართ, მაშინ თავი დავიცვათ (სატანისგან), ხოლო თუ ჩვენი თავის იმედი გვაქვს, გავწიოთ წინააღმდეგობა "რადგან იქნება მაშინ დიდი ჭირი, რომლის მსგავსი არ ყოფილა ქვეყნის დასაბამიდან დღემდე, და არც იქნება" (მათე 24:21), მაგრამ მადლობა უფალს, რომელმაც შეამოკლა დღენი ურვობისა, რამეთუ ბრძანებს: "რჩეულთათვის შემოკლდებიან ის დღენი" (მათე 24:22).

ანტიქრისტე იმეფებს მხოლოდ სამ წელიწადნახევარს და ამას იმგვარ წიგნთაგან კი არ გასწავლით, რომელთა ღმრთივსულიერება უცნობია, არამედ დანიელის წინასწარმეტყველებიდან: "ისინი ხელში მიეცემიან მას, ვიდრე არ გავა დრო - ორი დრო და ნახევარი დრო" (დან. 7:25). "დროში" გულისხმობს იმ ერთ წელიწადს, როცა ის გამოჩნდება და გაძლიერდება; "ორ დროში" მისი უსჯულო მეუფების შემდგომი ორი წელიწადი იგულისხმება, რომლებიც პირველ წელთან ერთად შეადგენენ სამ წელიწად. ხოლო "ნახევარ დროში" გულისხმობს ექვს თვეს. და კიდევ სხვაგან იგივეს ბრძანებს დანიელი: "დაიფიცა მან მარადცოცხალი, რომ წელიწადში, წელიწადებში და ნახევარში, როდესაც შეწყდება წმიდა ერის ძალის გაფანტვა, ყოველივე ეს მაშინ ასრულდებაო" (დან. 12:7). ზოგიერთებს ამავე მნიშვნელობით ესმით ეს სიტყვაც: "ნეტარია, ვინც ელის და მიაღწევს სამიათას სამას ოცდაათ დღეს!" ((მ. 12). ამიტომაც, გვმართებს გაქცევაც და დამალვაც, რამეთუ, შესაძლებელია "ვერ მოვასწროთ ისრაელის ყველა ქალაქის მოვლა, რომ მოვა ძე კაცისა" (შეად. მათე 10:23).

17. ვინ არის ის ნეტარი კაცი, რომელიც იმ დროს ღვთისმოსაობისა და ქრისტესთვის ეწამება? ჩემის აზრით, იმდროინდელი მოწამენი ყველა ადრინდელ მოწამეებზე უმეტესნი იქნებიან. ადრე მოწამეებს ადამიანებთან უწევდათ შებრძოლება, ანტიქრისტეს დროს კი ისინი თვით სატანას შეებმებან; და კვლავაც: თუკი ადრინდელი დევნულების აღმძვრელი მეფეები მხოლოდ კლავდნენ, მაგრამ არ აცთუნებდნენ, მკვდართა გაცოცხლებას არავის ჰპირდებოდნენ, მოჩვენებით ნიშებსა და სასწაულებს არ მიმართავდნენ, ანტიქრისტეს დროს ერთდროულად ამოქმედდება შიში და ცდუნება: "რადგან აღდგებიან ცრუქრისტენი და ცრუწინასწარმეტყველნი, და მოახდენენ დიდ სასწაულებსა და ნიშებს, რათა, აცდუნონ, თუკი შესძლეს, თვითონ რჩეულნიც" (მათე 24:24).

დე, ნურავინ ჩაინერგავს მაშინ გულში: უქნია კი უმეტესი სასწაული ქრისტეს? ან, რა ძალმოსილებით იქმს ის (ანტიქრისტე) ამას? ანდა კიდევ: ღმერთს რომ არ ენება, არ დაუშვებდა ამას. მოციქული კი სწორედ ამიტომ გვაფრთხილებს: " ამიტომაც ღმერთი საცდურის ქმედებას მოუვლენს მათ, რათა ირწმუნონ სიცრუე" (2 თესალონიკ. 2:11). "მოუვლენს", ე. ი. დაუშვებს, რომ მოხდეს ეს ყოველივე არა იმისთვის, რომ შემდგომ თავი იმართლონ, არამედ, იმისთვის, რომ ისაჯნენ ყოველნი. რატომ? იმიტომ, რომ "არ იწამეს ჭეშმარიტება, არამედ უსამართლობა შეიტკბეს" (შეად. იქვე. მ. 12). ანუ სათნო ეყვნენ ანტიქრისტეს და დაუშვებს ყოველივე ამას ღმერთი დევნულების ჟამს, არა იმისთვის, რომ არ ძალუძს წინ აღუდგეს ყოველივე ამას, არამედ მოთმინებისთვის, თავის ერთგულთა გვირგვინსაყოფად, რათა წინასწარმეტყველთა და მოციქულთა მსგავსად, ხანმოკლე ტანჯვა-წამების ფასად დაიმკვიდრონ მარადიული ზეციური სუფევა დანიელის სიტყვისამებრ: "იმ დროს შენი ხალხიდან ყველა გადარჩება, ვინც კი წიგნში ჩაწერილი აღმოჩნდება" (დან. 12:1). ცხადია, რომ ეს არის სიცოცხლის წიგნი: "მრავალი მიწაში მიძინებული გამოიღვიძებს, ზოგი საუკუნო სიცოცხლისათვის, ზოგი საუკუნო გმობისთვის და შერცხვენისთვის" (დან. 12:2). "მოძღვარნი ცის ნათელივით გაანათებენ, მრავალთა მომარჯულებელნი კი - ვარსკვლავებივით უკუნითი უკუნისამდე" (დან. 12:3).

18. მაშ, განმტკიცდი, ადამიანო! ანტიქრისტეს მოსვლის ნიშნები უკვე გაგიცხადეს, ამიტომაც შენც სიყვარულით აუწყე ყველას. თუ გყავდეს ძე ხორციელი, დაარიგე! და თუ შეგონებებით სარწმუნოებრივ ჭეშმარიტებაში ჰშევ ვინმე, დაიფარე მომავალი საფრთხისგან, რათა სიცრუე არ შეიწყნაროს ჭეშმარიტების ნაცვლად. "რადგანაც ურჯულოების საიდუმლო უკვე მოქმედებს, მაგრამ არ აღსრულდება მანამ, სანამ შუაგულით არ აღიხოცება ძალა, რომელიც ხელს უშლის მას" (2 თესალონიკ. 2:7). მაძრწუნებენ მე შფოთნი ერისანი, მაშინებენ საეკლესიო უთანხმოებანი, სიძულვილი ძმისა ძმის მიმართ; დე მოხდეს, რაც მოსახდენია, ოღონდ, ღმერთო, ჩვენს დროში ნუ დაუშვებ ამას. თუმცა მაინც ფრთხილად უნდა ვიყოთ. ანტიქრისტეს შესახებ, რაც ვთქვით ვფიქრობ საკმარისია.

19. ველოდოთ და გვქონდეს სასოება იმისა, რომ უფალი ზეცითგან ღრუბლით მოვალს. მაშინ, ანგელოზთა საყვირნი გვაუწყებენ, რომ "ვინაიდან თვით უფალი, მბრძანებლური სიტყვით, მთავარანგელოზის ხმობითა და ღვთის საყვირის ხმით, გადმოვა ზეცით, და პირველნი აღდებიან ქრისტეში განსვენებულნი" (1 თესალონიკ. 4:16). ცოცხალთა შორის მყოფ ღვთისმოსავთ ღრუბლით აიტაცებენ ზეცად და თავიანთი მოღვაწეობის ჯილდოდ ისეთ პატივს დაიმკვიდრებენ, რაც ადამიანის ცნობიერებას ვერ წარმოუდგენია; რამეთუ მათი მოსაგრეობაც აღემატებოდა ჩვეულებრივი კაცის მონდომებას, როგორც მოციქული პავლე ბრძანებს: "ვინაიდან თვით უფალი, მბრძანებლური სიტყვით, მთავარანგელოზის ხმობითა და ღვთის საყვირის ხმით, გადმოვა ზეცით, და პირველნი აღდებიან ქრისტეში განსვენებულნი. შემდეგ კი ჩვენც, ცოცხლად შთენილთაც, აგვიტაცებენ ღრუბლებს ზემოთ, რათა ჰაერში შევეგებოთ უფალს და, ამრიგად, სამუდამოდ უფალთან ერთად ვიქნებით" (1თესალონიკ. 4:16-17). სწორედ უფლის ეს მოსვლა და სამყაროს აღსასრული წინასწარგანჭვრიტა ეკლესიასტემ, რომელიც ამბობს: "იხარე, ყრმაო, ვიდრე ნორჩი ხარ; გაამოს შენმა გულმა სიყმაწვილეში, მიჰყევ შენს გულს და თვალთა მზერას; ოღონდ იცოდე, ყველაფრის ამის გამო სამსჯავროზე წარგადგენს ღმერთი. უკუიყარე გულიდან დარდი და სხეულს არიდე უამური რამ, რადგან ბავშვობაც და სიყმაწვილეც ამაოა და წარმავალი" (ეკლ. 11:9-10). " გახსოვდეს შენი გამჩენი შენს სიჭაბუკეში, ვიდრე დაგიდგებოდეს მწარე დღეები და გეწეოდეს წლები, რომლებზეც იტყვი, რაღაში მადგიან მე ისინიო? ვიდრე დაბნელდებოდეს მზე, ნათელი და მთვარე და ვარსკვლავები, ვიდრე ღრუბლები კიდევ ჩანან წვიმის შემდეგ, იმ დღემდე, ვიდრე დაფრთხებოდნენ სასახლის მცველნი და მეომარნი დაუძლურდებოდნენ, ვიდრე შეწყვეტდნენ სამუშაოს მეწისქვილე ქალები (რადგან მცირედნიღა დარჩებიან), ვიდრე ნათელი დააკლდებოდეთ სარკმლიდან მჭვრეტელთ" (ეკლ. 12:1-3) (ამ სიტყვებით მხედველობის უნარზე მიგვანიშნებს): "ვიდრე გაწყდებოდეს ვერცხლის საბელი" (ეკლ. 12:6) (რაც ვარსკვლავთა განლაგებას გულისხმობს, რომლებიც ვერცხლისფრად კიაფობენ ცაზე) "და გატყდებოდეს ოქროს ჭურჭელი" (რაც ოქროსავით მბრწყინავ ჭურჭელზე მიანიშნებს, რამეთუ "ანთემი" არის ცნობილი მცენარე, რომელსაც ყველა მხრიდან გამოსულ ამონაყრებზე სხივების მსგავსი ფოთლები აქვს) და მიწყდებოდეს "ფრინველთა (ბერურათა) ჟრიამული (მ. 4) სიმაღლიდან იხილავენ და გზებზე შიში დაივანებს" (მ. 5). რას იხილავენ? "და მაშინ გამოჩნდება კაცის ძის ნიშანი ცაზე; მაშინ მოთქმას მოჰყვება დედამიწის ყოველი ტომი, და იხილავენ ძეს კაცისას, მომავალს ზეცის ღრუბლებზე ძალითა და დიდებით მრავლით" (მათე 24:30). მაშინ " იგლოვებს ქვეყანა, ყოველი საგვარეულო ცალკე" (ზაქარია 12:12). მაგრამ, რა მოხდება უფლის მოსვლის შემდეგ? "აყვავდება ნუში, აღივსება ტბორი, განადგურდება კვიპაროსი" (ეკლ. 12:5). "აყვავებული ნუში", კომენტატორთა თქმით, ზამთრის გადასვლას ნიშნავს, ჩვენი სხეულებიც ზამთრის გასვლის შემდეგ ზეციურად გაიკვირტებიან და "აღივსებიან ტბორნი", ანუ აღფრთოვანებული ჩვენი სულები სხეულებით შეიმოსებიან; და "კვიპაროსი განადგურდება" (დაიშლება) - ანუ უსჯულონი ეკლის ბუსუსებივით დაიშლებიან.

21. ხედავ, ყველანი როგორ წინასწარმეტყველებენ უფლის მოსვლას; ხედავ, როგორ ცნობენ ისინი ბეღურის ხმას, ვნახოთ თუ რა ხმაა ეს: "თვით უფალი, მბრძანებლური სიტყვით, მთავარანგელოზის ხმობითა და ღვთის საყვირის ხმით, გადმოვა ზეცით, და პირველნი აღდებიან ქრისტეში განსვენებულნი" (1 თესალონიკ. 4:16). - ბრძანებს მთავარანგელოზი და ეტყვის ყველას, "აღდექით! შეხვდით უფალს!" საშინელ არს მოსვლა მეუფისა! დავითი ბრძანებს: "მოვა ჩვენი ღმერთი და ნუმც დადუმდება; მის წინაშე მწველი ცეცხლია და მის ირგვლივ - ძლიერი ქარიშხალი" (ფსალმ. 49:3). მივა მამასთან, როგორც გვაუწყებს აწ ქადაგებული წერილი, ძე კაცისა ღრუბელთა ზედა და, ამავე დროს, აბობოქრდება ცეცხლის მდინარე, რომელშიც კაცნი გამოიცდებიან. ვისაც ოქროს საქმეები აქვს ნაკეთები ათასწილ განბრწყინდება, ხოლო ვინც ლერწამივით არამყარია, ცეცხლში დაიწვება, მაშინ დაჯდება "ძველი დღეთა" რომლის "სამოსელი თოვლივით სპეტაკია და სუფთა მატყლივითაა თმები მის თავზე. მისი ტახტი ცეცხლის ელვარებაა, მისი ეტლის თვლები კი - მგზნებარე ცეცხლია" (დანიელ 7:9) და კაცობრივი სახით წარმოგვიდგება ეს ყოველივე. რატომ? იმიტომ, რომ ის არის მეფე კაცთა, რომელთაც თავი არ შეუბილწავთ ცოდვით. რამეთუ ასე ბრძანებს: "მეწამულიც რომ იყოს თქვენი ცოდვები, თოვლივით გასპეტაკდება; ჭიაფერივით წითელიც რომ იყოს, მატყლის ფთილასავით გახდება" (ესაია 1:18). ამით ცოდვათა მიტევებაზე ან, საერთოდ, უცოდველ მდგომარეობაზე მიანიშნებს და მოვალს უფალი ღრუბლით ვითარც ამაღლდა. რამეთუ თავადვე ბრძანა და "მაშინ გამოჩნდება კაცის ძის ნიშანი ცაზე; მაშინ მოთქმას მოჰყვება დედამიწის ყოველი ტომი, და იხილავენ ძეს კაცისას, მომავალს ზეცის ღრუბლებზე ძალითა და დიდებით მრავლით" (მათე 24:30).

22. მაგრამ ქრისტეს მოსვლის ისეთი რა ნიშანი უნდა გვიჩვენოს ღმერთმა, მოწინააღმდეგე ძალამ რომ ვერ გაბედოს მისი მიმსგავსება? "და მაშინ გამოჩნდება კაცის ძის ნიშანი ცაზე" (მათე 24:30). ხოლო, ჭეშმარიტი, ოდენ ქრისტესთვის ნიშანდობლივი ნიში არის ჯვარი. ამრიგად, ნათელხილვადი ჯვრის ნიში მიუძღვის წინ ჩვენს მეუფეს, რომელიც ადრე ჯვარცმული იყო, რათა იხილონ იუდეველებმა, ვინ განგმირეს და ვისზე განიზრახეს ბოროტი, რათა ივალალონ, ატირდეს ყველა ტომი და იღაღადონ: განა ეს ის არ არის, ვისაც ყურს უკან ვცემდით; განა ეს ის არ არის, ვისაც ვაფურთხებდით; განა ეს ის არ არის, ვინც შევკარით, დიახ, ის არის, ის, რომელიც ჯვარს ვაცვით და დავამცირეთ. მაშ, მის რისხვას სადღა გავექცეთ - იგლოვებენ ისინი. მაგრამ ანგელოზთა მხედრობით გარშემორტყმულნი ღვთის რისხვას ვერსად გაექცევიან. ჯვრის ნიშანი - ძრწოლაა ქრისტეს მტრებისთვის, ხოლო მის მოყვარეთა, მორწმუნეთა, მქადაგებელთა და მისთვის ტანჯულთათვის - სიხარული. მაშ, ვინ იქნება მაშინ ქრისტეს მეგობარზე უნეტარესი? რამეთუ არ უგულებელყოფს თავის მონებს ანგელოზებით გარემოცული და მამასთან ერთად საყდარზე მჯდომი ესოდენ დიადი მეფე და მის მტრებს რომ არ შეერიონ რჩეულნი, "მოავლინებს თავის ანგელოზებს მგრგვინავი საყვირით, და შეკრებენ მის რჩეულთ ოთხთავ ქართაგან, ცათა კიდიდან მათ კიდემდე" (მათე 24:31) (მან ხომ ერთი, მართალი ლოტიც კი არ უ გულებელჰყო და უამრავ მართალთ როგორ უგულებელყოფს?) "მოდით, კურთხეულნო მამაჩემის მიერ, და დაიმკვიდრეთ სასუფეველი, თქვენთვის გამზადებული ქვეყნის დასაბამიდან" (მათე 25:34), - ეტყვის მათ, როდესაც ანგელოზთა მიერ შეკრებით ღრუბლის ეტლებით ზეცად აღიტაცებს.

23. მაგრამ იქნებ თქვას ვინმემ წინამდგომელთაგან: მე ღარიბი ვარ ან იქნებ იმ დროს დაავადებული ვიყო, სარეცელს მიჯაჭვული; ან საზიზღარი დედაკაცი განა აღებულ იქნება საწნახელიდან? ან რა ვიცით, რომ უგულებელყოფილნი არ ვიქნებით? გამხნევდი, ადამიანო! პირუთვნელი ჩვენი მსაჯული: "დანახულით არ განსჯის და გაგონილით არ დაიწყებს მხილებას" (ესაია 11:3). განსწავლულთ არ ამჯობინებს უმეცართ, არც მდიდრებს მისცემს ღარიბებზე უპირატესობას; მინდორშიც რომ იყო, აგიყვანენ ანგელოზნი. ნუ გგონია, რომ ის მიწისმფლობელებს აიყვანს და შენ, მიწათმოქმედს მიგატოვებს. თუმც მონა ხარ და ღარიბი, იოტისოდენადაც ნუ შედრკები, რომელმან "მონის ხატი შეიმოსა" (ფილიპ. 2:7), ის მონებს არ მოიძულებს. ნუ გეშინია, დავდრომილიც რომ იყო და სარეცელს მიჯაჭვული, წერილი გამცნობს: "იმ ღამეს ორნი იქნებიან ერთ საწოლში: ერთი წარიტაცება, მეორე კი დარჩება" (ლუკა 17:34). თუნდაც იძულებით მიგყიდონ მეწისქვილეთ, ქალი ხარ თუ კაცი; და თუნდაც წვრილშვილის პატრონს განუწყვეტლივ გემსახურა მათთან, არ უგულებელგყოფს ის, რომელსაც "გამოჰყავს ტყვეები შესაფერის დროს" (ფსალმ. 67:6). რომელმან გამოიყვანა იოსები მონობისგან და საპყრობილისგან მეუფებად, შენც გაგათავისუფლებს ჭირისგან და ცათა სასუფეველში შეგიყვანს, ოღონდაც გქონდეს სასოება, იღვაწე მონდომებით, შეუდეგ მოსაგრეობას და არაფერი წაგერთმევა. ჩაწერილია შენი ყოველი ლოცვა და ფსალმუნება; აღრიცხულია შენი თითოეული მოწყალება; აღრიცხულია შენი ყოველი მარხვა; წმიდად და უბიწოდ დაცული ქორწინების სარეცელიც აღნუსხულია; ღვთისთვის აღსრულებული თავშეკაებაც ჩაწერილია, ხოლო ჩაწერილთაგან და აღრიცხულთაგან ყველაზე უფრო გვირგვინმოსილი აღმოჩნდება ქალწულება და უბიწოება. ასეთი ანგელოზივით გაბრწყინდება, მაგრამ როგორი მონდომებითაც ისმენდი სიკეთეს, ასეთივე მონდომებით უნდა მოისმინო ის, რაც ამის საწინააღმდეგოა. შენი მომხვეჭელობა ჩაწერილია; ჩაწერილია შენი სიძვა-მრუშობა და ფიცის დარღვევაც ჩაწერილია; აღნუსხულია შენი ყოველგვარი ღვთისმგმობელობა, გრძნეულება, ქურდობა, ტაცება და მკვლელობა. ყოველივე ეს უკვე იწერება, თუკი ნატლისღების შემდეგაც მოიმოქმედებ ავს, რამეთუ რაც ნათლისღებამდე იყო, ნათლისღებით წარიხოცება.

24. "და მოვა ძე კაცისა, - ბრძანებს ქრისტე, - თავისი დიდებით და ყველა წმიდა ანგელოზი მასთან ერთად" (მათე 25:31). ისმინე, ადამიანო, რაოდენ მოწმეთა წინაშე მოგიწევს სამსჯავროზე წარდგომა: კაცთა მთელი მოდგმა იქ იქნება. წარმოიდგინე რომაელთა ტომის მრავალრიცხოვნება, რაოდენ დიდია რიცხვი სხვა ხალხებისა, რომლებიც ამჟამადაც ცოცხლობენ და რომლებიც უკვე გარდაცვლილები არიან; წარმოიდგინე რამდენი დაიკრძალა 100 წლის წინათ; წარმოიდგინე კაცთა მოდგმა ადამითგან დღემდე; დიდია მათი რაოდენობა, მაგრამ მცირეა ანგელოზთა რიცხვთან შედარებით, რაც ბევრად უფრო მეტია. ისინი ოთხმოცდაცხრამეტი ცხვარია, კაცთა მოდგმა კი მხოლოდ ერთი. ამიტომაც, ადგილის მოცულობით უ ნდა ვიმსჯელოთ მის ბინადართა რაოდენობაზეც; ჩვენს მიერ დასახლებული მიწა ერთგვარი წერტილია ზეცის შუაგულში, ამიტომაც ამ ცას გარშემორტყმულ ზეცას იმდენად მეტი ბინადარი ჰყავს, რამდენადაც უმეტესია სივრცე, რომელიც ჩვენ გვაკრავს. ხოლო ზეცათა ზეცა მათს ურიცხვ რაოდენობას შეიცავს. "ათასის ათასნი ემსახურებოდნენ მას და ბევრის ბევრნი იდგნენ მის წინაშე" (დანიელი 7:10) იმიტომ კი არ არის ნათქვამი, რომ მართლაც ამდენია რიცხვი ანგელოზთა, არამედ იმიტომ, რომ წინასწარმეტყველს არ შეეძლო უმეტესი რიცხვის გამოთქმა და იქნება იმ დღეს სამსჯავროზე ღმერთი, მამა ყოველთა და დაჯდება მასთან ერთად ძე ქრისტე და მათთან ერთად სულიწმიდა. ანგელოზის საყვირი მოგვიხმობს ჩვენ ყველას საკუთარ საქმეებთან ერთად, მარტოდენ ეს რამდენად შემაძრწუნებელია? უმნიშვნელო და უტანჯველ დასჯად ნუ მიიჩნევ, ადამიანო, შენთვის ესოდენი რაოდენობის წინაშე გასამართლებას! განა სიკვდილი არ გვიჯობს ხოლმე იმას, ვიდრე მხილებულ ვიქნეთ ძმათა წინაშე?!

25. მაშ, შეძრწუნდით, ძმანო, რათა არ განგვსაჯოს ღმერთმა, რომელიც განსასჯელად არ საჭიროებს არც გამოკვლევას და არც დამტკიცებას! იქ ვერ იტყვი: მე ღამით ვიმრუშე ან ვიჯადოქრე, ან სხვა რამ საქმე ჩავიდინე და კაცის თვალს ეს არ უხილავს. შენი სინდისისამებრ განგსჯის ის, რამეთუ "ისინი გვიჩვენებენ, რომ რჯულის საქმე გულის ფიცარზე უწერიათ, რასაც მოწმობენ მათი სინდისი და მათი აზრები, როძლებიც ხან ბრალს სდებენ, ხან კი ამართლებენ ერთმანეთს, საიმდღისოდ, როცა, ჩემი სახარებისამებრ, ღმერთი განსჯის კაცთა ფარულ საქმეებს იესო ქრისტეს მიერ" (რომ. 2:15-16).

საშინელი სახე მსაჯულისა გაიძულებს თქვა ჭეშმარიტება: ან, უფრო ზუსტად, თუნდაც შენ არა თქვა, ის გამხილებს, რამეთუ შენ ან შენი ცოდვებით შემოსილი ან მართალი საქმეებით წარსდგები მის წინაშე. ამას გვიდასტურებს მსაჯულის სიტყვები, რამეთუ მსაჯული თვით ქრისტეა: "რადგანაც მამა არავისა სჯის, არამედ მთელი მსჯავრი ძეს მისცა" (იოანე 5:22). ძალაუფლებას კი არ განიშორებს, არამედ ის სჯის ძის მიერ.

მაშ, რას ამბობს მსაჯული იმასთან დაკავშირებით, რომ მოგიწევს შენი საქმეების სამსჯავროზე მიტანა? "შეიყრება მის წინაშე ყველა ხალხი " (მათე 25:32). რადგან ქრისტეს წინაშე "მოიდრიკოს ყოველი მუხლი, ზეცისაც, ქვეყნისაც და ქვესკნელისაც" (ფილიპ. 2:10) და "გაარჩევს მათ ერთმანეთისაგან, როგორც მწყემსი გამოარჩევს ცხვრებს თხებისაგან" (მათე 25:32).

როგორ განარჩევს მათ მწყემსი? იქნებ წიგნის მეშვეობით გაიგებს, რომელია ცხვარი და რომელი თხა? ან იქნებ შეხედულებით ამოიცნობს? განა ცხვარს რბილი მატყლი არა აქვს, ხოლო თხას უხეში და ბანჯგვლიანი? ასევე, თუკი შენ ამ ცხოვრებაში განიწმინდები ცოდვათაგან შენი საქმეები წმინდა მატყლივით გამოჩნდება. შენი სამოსელი იქნება წმიდა და ყოველთვის იტყვი ამ სიტყვებს: "გახდილი მაქვს პერანგი, როგორღა ჩავიცვა" (ქებათა ქება 5:3)?. შესამოსელით იცნობი, რომ ცხვარი ხარ. ხოლო თუ ისავის მსგავსად ბანჯგვლიანი და ქვენა აზრებით იქნები დატვირთული, რომელმაც ერთი შეჭამანდის გულისთვის დათმო პირველშობილობის უფლება და თავისი უპირატესობა გაყიდა, მარცხენა მხარეს აღმოჩნდები თხებთან ერთად. თუმც, ღმერთმა ნუ ქნას, აქა მდგომთაგან, ვინმე განყენებულ იქნას მადლისგან და ცუდ საქმეთა გამო მარცხენა მხარეს დააყენონ ცოდვილებთან ერთად.

26. ჭშმარიტად შემაძრწუნებელია სამსჯავრო, მისი გახსენებაც კი გვაძრწუნებს. აჰა, წინ გიდგას ცათა სასუფეველი და სამარადისო ცეცხლიც გამზადებულია. როგორღა გაბედავს ვინმე იმის თქმას, რომ ცეცხლს გაექცევა? ანდა როგორღა ავა ცოდვილი ცათა სასუფევლად? "მშიოდა და მომეცით საჭმელი; მწყუროდა და მასვით; უცხო ვიყავი და შემიწყნარეთ" (მათე 25:35). მაშ, სცანით გზა, ნუ მივმართავთ ქარგმულ ლაპარაკს, არამედ შევასრულოთ ის, რაც ითქვა. "შიშველი ვიყავი და შემმოსეთ; სნეული ვიყავი და მომხედეთ; საპყრობილეში ვიყავი და მინახულეთ" (მათე 25:36); და თუ ყველაფერ ამას აკეთებ, მასთან ერთად იქნები სასუფეველში, თუ არა და დაისჯები. მაშ, შეუდეგი ამის კეთებას, მტკიცედ იდექ სარწმუნოებაზე, რათა შენც უგუნურ ქალწულთა მსგავსად, ზეთის ყიდვას რომ დააპირებ, სიძემ არ დაგტოვოს კარს მიღმა. მხოლოდ იმის იმედით ნუ დარჩები, რომ ხელში სასანთლე გიჭირავს, არამედ აანთე იგი და დაილოცე, რათა ისე ნათობდეს თქვენი ნათელი კაცთა წინაშე, "ისინი ხედავდნენ თქვენს კეთილ საქმეებს და ადიდებდნენ მამას თქვენსას ზეციერს" (მათე 5:16) და შენს გამო ქრისტეს სახელი ნუ დაიგმობა. შეიმოსე სამოსელი უხრწნელებისა და კეთილი საქმეებით განამშვენე.

რასაც ღმერთი, თავისი განგებულებით, გამოსასწორებლად შეგვაგონებს, გამოასწორე! ქონება მოგენდო? - გამოიყენე ჯეროვნად! სხვისი განსწავლა მოგენდო? - განსწავლე კეთილად! ქადაგებით ღმრთის მოყვარეთა სულების მოზიდვის უნარი მოგეცა? - იღვაწე დაუღალავად! მრავალი შესაძლებლობა გაქვს კეთილ საქმეთა საქმნელად. ოღონდ, თუ ვინმე ჩვენთაგანი დაექვემდებარა განკითხვას, საბოლოოდ არ განიკითხოს ის ღმერთმან, რათა შეგვეძლოს გაბედულად შევხვდეთ მეფე ქრისტეს, რომელიც სამარადიოს მეუფეა; რამეთუ მუდამჟამ ის იმეფებს, რომელსაც აქვს ხელმწიფება განსჯად ცხოველთა და მკვდართა; რომელიც ცოცხალთა და მკვდართათვის მოკვდა, როგორც გვაუწყებს პავლე: "ქრისტე იმისთვის მოკვდა და გაცოცხლდა, რათა უფლობდეს მკვდრებზედაც და ცოცხლებზედაც" (რომ. 14:9).

27. ხოლო თუ ვინმე გეტყვის, რომ ქრისტეს სუფევას დასასრული ექნება, შეიძულე ამგვარი მწვალებლობა, რადგან ეს არის გველის მეორე თავი, რომელიც ამასწინათ ამოიზარდა გალატიიდან. გაბედა ვიღაცამ იმის თქმა, რომ ქვეყნიერების აღსასრულის შემდეგ ქრისტე აღარ იმეფებს; ასევე გაბედეს თქმა, რომ ძე, რომელიც მამისაგან იშვა, კვლავ მამისავე წიაღში დაბრუნდება და შეწყვეტს არსებობას. ასე გმობენ ღმერთს საკუთარი თავის წარსაწყმედად, რადგან არ სმენიათ სიტყვა ღმრთისა: "ძე კი უკუნისამდე მკვიდრობს" (იოანე 8:35); არც გაბრიელ მთავარანგელოზის სიტყვები სმენია: "საუკუნოდ იმეფებს იაკობის სახლზე და არ იქნება დასასრული მისი სუფევისა" (ლუკა 1:33). განიხილე საქმე, რომელსაც გამცნობ, ამჟამად, ადამიანები ქრისტეს საწინააღმდეგო სწავლებებით ამხედრებულან მაშინ, როდესაც გაბრიელ მთავარანგელოზის მაცხოვრის სამარადისო სუფევას ასწავლის მათ. მაშ, ვის დაუჯერებ უფრო მეტად? განა გაბრიელს არა? აწ დანიელის მოწმობასაც მოუსმინე: "ჩემს ღამის ხილვაში ვნახე: აჰა, ცის ღრუბლებზე მოდიოდა კაცის ძის მსგავსი; იგი ძველ დღეთასთან მოვიდა და წარდგენილ იქნა მის წინაშე. მიეცა მას ხელმწიფობა, დიდება და მეფობა, რათა ყველა ხალხი, ტომნი და ენანი მას ემსახურონ. მისი ხელმწიფება საუკუნო ხელმწიფებაა, ბოლო არ ექნება მას და მისი სამეფო არ დაიქცევა" (დანიელ 7:13-14). ამას მიჰყევ, ამისი გრწამდეს, ხოლო ერეტიკულ სწავლებებს განეშორე, რამეთუ სრულიად ცხადად გესმა, რომ ქრისტეს მეუფება სამარადისოა.

28. ამის მსგავსად გსმენია შენ იმ ლოდის შესახებაც, რომელიც ხელის მიუკარებლად მოწყდა მთიდან. ეს არის ქრისტე მოსული ხორციელად. "და მისი ხელმწიფება სხვა ხალხში არ გადავა" (დანიელ 2:44); დავითიც ამბობს: "ტახტი შენი, ღმერთო, უკუნითი უკუნისამდეა" (ფსალმ. 44:7); და სხვაგან: "უწინ დედამიწა დააფუძნე და შენთა ხელთა ნასაქმარია ზეცა. ისინი დაიღუპებიან, შენ კი იარსებებ... შენ კი იგივე ხარ და შენი წლები არ დაილევიან" (ფსალმ. 101:26-28). პავლემ ეს სიტყვები ძეს განაკუთვნა.

29. გნებავს, გაიგო, საწინააღმდეგოს მქადაგებელნი რად მიეწიფნენ ამგვარ უგუნურებას? ბოროტი განზრახვით კითხულობდნენ მოციქულის სიტყვებს, რომელიც ამბობდა: "მას მართებს სუფევა, ვიდრე ფეხქვეშ არ მოიქცევს თავის მტრებს" (1 კორინთ. 15:25) და ამბობენ, როდესაც მტრები დაემხობიან მის ფერხთქვეშ, ის უკვე აღარ იმეფებსო, მაგრამ გმობენ და უაზრობას ამბობენ, რამეთუ ის, ვინც მანამდე მეფობდა, სანამ მტრებს დაამხობდა, განა მათი დამარცხების შემდეგაც არ იმეფებს?

30. იმის თქმასაც ბედავენ, თითქოსდ სიტყვები: "ხოლო როდესაც ყველაფერს მას დაუმორჩილებს, მაშინ თვით ძეც დაემორჩილება იმას, ვინც ყველაფერი დაუმორჩილა მას, რათა ღმერთი ყველაფერი იყოს ყოველში" (1 კორინთ. 15:28) მიგვანიშნებდეს, რომ ძე მამაში განქარდება. ყველა უკეთურზე უკეთურნო! თქვენ, ქრისტეს გაჩენილები, იარსებებთ და თქვენი შემოქმედის ყოფიერება კი განქარდება? და თუკი ის, რაც ძეს ემორჩილება არსებობას გააგრძელებს ძე, რომელიც მამას დაემორჩილება შეწყვეტს არსებობას? "დაემორჩილოს" იმას კი არ ნიშნავს, რომ ის მხოლოდ მაშინ დაექვემდებარება მამას, რამეთუ ის ყოველთვის იქმს მამის ნებას, არამედ იმას ნიშნავს, რომ ის ამის შემდეგაც მამის მორჩილი იქნება; გამოავლენს მამისადმი არაიძულებით მორჩილებას, რამეთუ მონა კი არ არის, იძულებით დაემორჩილოს მამას, არამედ ძე, რომელიც ნებითა და სიყვარულით ემორჩილება.

31. ერთი ჩვენც ვიკითხოთ, როგორ გულისხმაჰყოფენ ამ სიტყვებს: "ვიდრემდე" თუ "ჯერჯერობით"? რამეთუ ანალოგიურად შევეპასუხები მათ და საკუთარი სიტყვებითვე უარვყოფ მათ სიცრუეს, რადგან გაბედეს ეთქვათ, თითქოსდა სიტყვები: "ვიდრე ფეხქვეშ არ მოიქცევს თავის მტრებს" თითქოსდა მისი მეუფების დასრულებას აღნიშნავს და გაბედეს ზღვარი დაედოთ ქრისტეს მეუფებისთვის. ასწავლიან, რომ შეწყდება მისი შეუწყვეტელი ძალაუფლება, - წავიკითხოთ შესაბამისი ადგილი სამოციქულოდან: "ადამიდან მოსემდე სიკვდილი სუფევდა" (რომ. 5:14). ნუთუ აქედან ის უნდა დავასკვნათ, რომ მოსემდე კვდებოდნენ, მის შემდეგ კი არა? ნუთუ მოსეს სჯულის შემდეგ ადამიანებს აღარ ემუქრებოდა სიკვდილი? ხედავ თუ არა, რომ სიტყვით "ვიდრე" დროის მიჯნა კი არ განისაზღვრება, არამედ პავლე ამ სიტყვით აჩვენებს, რომ თუმც მართალი და საკვირველი კაცი იყო მოსე, ადამის სასიკვდინე განაჩენმა მასაც და მის შემდგომ მცხოვრებთაც უწია, რომელთაც ადამის მსგავსად არ შეუცოდავთ, რომელმაც მცნების გარდახდომით აკრძალული ხის ნაყოფი ჭამა.

32. აი, კიდევ სხვა, მსგავსი გამოთქმა: "არამედ დღენდელად დღემდე იგივე საბურველი, საკითხავსა მას ზედა ძუელისა შჯულისასა ჰგიეს აღუძარცველად" (1 კორინთ. 5:15). "დღენდელად დღემდე" - ნუთუ მხოლოდ პავლემდე და არა დღემდე ან აღსასრულამდე? როდესაც პავლე ეუბნება კორინთელებს: "ამიტომაც არ გადავალთ ზღვარს, ვიდრე თქვენამდე მოვაღწიოთ, რაკიღა თქვენც მოგწვდით ქრისტეს სახარებით... არამედ იმედი გვაქვს, რომ, თქვენი რწმენის ზრდისამებრ, უხვად ვამრავლებთ ჩვენს წილხვედრს თქვენში. ასე რომ, თქვენს მიღმაც ვიქადაგებთ სახარებას..." (2 კორინთ. 10:14-16). აქაც ცხადად წარმოაჩენს, რომ სიტყვა "ვიდრე" დასასრულს კი არ აღნიშნავს, არამედ მის შემდეგ თანამიმდევრულ რასმეს ვარაუდობს. აწ თავად გულისხმაყავ როგორ უნდა გაიგო სიტყვები: "ვიდრე ფეხქვეშ არ მოიქცევს თავის მტრებს". ზუსტად ისე, როგორც სხვა ადგილას ამბობს პავლე: "ანუგეშებდით ერთურთას ყოველ დღე, ვიდრემდის დღე იწოდებოდეს!" ანუ, - მარადჟამ, ამიტომაც, შეუძლებელია იმის თქმა, თითქოსდა ქრისტეს დასაბამი მიეღო დღეთაგან. ზუსტად ასევე, ნუ უსმენ მას, ვინც ამტკიცებს, რომ ქრისტეს მეუფება დასრულდება, რამეთუ წერილ არს: "მისი სამეფო სამარადისო სამეფოა, მისი ხელმწიფება კი უკუნითი უკუნისამდეა!" (დან. 3:100).

33. მაქვს სხვა უამრავი მოწმობაც წმ. წერილიდან, რომელიც ღაღადებს ქრისტეს მეუფების მარადისობას, მაგრამ ჯერჯერობით დამოწმებულიც საკმარისია, რამეთუ დღე უკვე გავიდა. ხოლო შენ, მსმენელო, მხოლოდ ამ მეუფეს თაყვანიეც, ყოველგვარ მწვალებლურ საცთურს კი გაექეცი და თუ გაღირსებს მადლი უფლისა, სარწმუნოების სხვა ჭეშმარიტებებიც განგემარტება. დაე, დაგიცვათ ღმერთმა თქვენ ყველანი და გახსოვდეთ ნიშნები სამყაროს აღსასრულისა, რათა არა გაცთუნოთ ანტიქრისტემ.

მაშ ასე, წარდგენილ არიან შენ წინაშე ნიშნები მაცთურის მოსვლისა; წარდგენილ იქნენ მტკიცებანი იმისა, რომ ჭეშმარიტი ქრისტე ზეცითგან მოვალს, პიველს (ე. ი. მაცთურს - მთარგმნ.) გაექეცი, ხოლო მეორეს ელოდე სასოებით, როგორც ჭეშმარიტ უფალს. შეიცან ის საშუალებაც თუ რა დაგაყენებს განკითხვის დღეს უფლის მარჯვნივ. დაიცავ ქრისტეს სჯული და შეიმოსე კეთილი საქმეებით, რათა გაბედულად წარსგდე მსაჯულის წინაშე და დაიმკვიდრო ცათა სასუფეველი. მის მიერ მის თანა დიდება ღმერთს სულიწმიდითურთ, უკუნითი უკუნისამდე, ამენ!

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню