ანტიქრისტე - რისთვის დევნიდნენ ქრისტეანთ წარმართულ სამყაროში - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოკალიფსისი > ანტიქრისტე

რისთვის დევნიდნენ ქრისტეანთ წარმართულ სამყაროში

(წიგნიდან: "სატანიზმი ინტელიგენციისთვის", თ. 16)

ქრისტიანთა დევნა

ავტორი: ანდრია კურაევი


"- მაგრამ მე ჭკუის სწავლების უნარზე უფრო მნიშვნელოვანი რამ ვიცი.
- და რა არის ეს?
- უნარი ჭკუა ისწავლო!"

გ. კ. ჩესტერტონი



რომის იმპერიაში ქრისტეანთა დევნის ფენომენი, ჩვეულებისამებრ, სრულიად არასწორად ესმით. ყოველზე უწინარეს, არაფერი "ნორმალური" (ამბობენ, რომ თითქოსდა ყოველივე ახალი მუდამ იდევნება) მასში არ იყო. რომის იმპერია სამართლებრივი სახელმწიფო გახლდათ და მასში არც ფილოსოფოსებს დევნიდნენ (იმპერატორის შეხედულებებისგან რაოდენ განსხვავებული აზრიც უნდა ჰქონოდათ), არც უცხოტომელთა სექტებს (სპარსული მიტრას კულტი საკმაოდ პოპულარული იყო რომის ელიტაში) და არც ხალხებს, რომლებსაც არარომაულად სწამდათ. ებრაელებიც კი, რომლებიც წარმართულ ღმერთებს (ცხადია, რომაულსაც) დემონებად მიიჩნევდნენ, რელიგიური ნიშნით არ იდევნებოდნენ. ებრაელი ისტორიკოსის აღიარებით, "რომაელები არასოდეს და არავის დევნიდნენ რელიგიური ნიშნის მიხედვით, ქრისტეანთა გარდა" (Даймонт М. Евреи, Бог и история. – М., 1994, с. 194). იმპერატორ სეპტიმუს სევერუსის მონეტებზე გხვდება სპარსული ღვთაების, მიტრას გამოსახულება. ხოლო თვით სეპტიმუსი, ალექსანდრიაში ჩასვლისას, სიამოვნებით ეთაყვანებოდა ადგილობრივ "ღმერთ" სერაპისს. ამასთან, ამ იმპერატორის დროს, ამავე ალექსანდრიაში, გადასახლებული იყო წმ. კლიმენტი. ამავე იმპერატორმა 202 წელს გამოსცა კანონი, რომლის მიხედვითაც იკრძალებოდა ქრისტეანობაში გადასვლა. სწორედ ამ კანონს იმოწმებდნენ მსაჯულნი, რომლებმაც ორიგენეს მოწაფეები სიკვდილით დასაჯეს...

რატომ? საიდან ასეთი სიძულვილი - თანაც რომის არა ყველაზე უარეს, არამედ ყველაზე უკეთეს იმპერატორებში? (ქრისტეანთა ყველაზე თავგამოდებული მადევარი აღმოჩნდა საიმპერატორო ტახტზე ასული ფილოსოფოსი, მარკუს ავრელიუსი). მიზეზი თვით ქრისტეანებშია. ისინი, თეოსოფებივით რომ დათანხმებულიყვნენ, რომ "ღმრთის სახელი" არაარსებითია, რომ ღმერთი "მრავალსახოვანია" და ამიტომაც, შეიძლება ზევსს, მიტრას, ოსირისსაც და ქრისტესაც ერთდროულად ეთაყვანო - დევნულება არ იქნებოდა. ქრისტეანთაგან არ ითხოვდნენ ქრისტეს უარყოფას. მათგან ოფიციალურ, წარმართულ ღვთაებათადმი ლოიალობას ითხოვდნენ. წმ. მოწამე ტატიანა იმპერატორ ალექსანდრე სევეროსის დროს აწამეს. ალექსანდრეს დედა - იულია მამეა - ქრისტეანი იყო. ის თვითონაც ქრისტეანად მიიჩნევდა თავს. მისი სახლის სალოცავში აბრაამის, ორფეოსის და აპოლონიუსის გამოსახულებებთან ერთად, ქრისტეს გამოსახულებაც იყო (იხ.Лебедев А. Н. Эпоха гонений на христиан и утверждение христианства в греко римском мире при Константине Великом. – СПб., 1904, с. 239).

მაგრამ, ნამდვილი ქრისტეანი საშინლად აწამეს. სწორედ იმისთვის, რომ მან უარი თქვა ქრისტე დაეყენებინა სხვა ღმერთებს შორის. ტატიანა მოჰკლა "ქრისტეანმა" იმპერატორმა მისი "რჯულშეუწყნარებლობის" გამო. ქრისტეანთა უარი თაყვანი ეცათ "წინაპართა ღმერთთათვის" აღიქმებოდა როგორც საშიშროება მთელი საზოგადოებისთვის: ვაითუ ღმერთები გაბრაზდნენ იმის გამო, რომ მათ პატივს არ მიაგებენ? "როდესაც მოქალაქე სახელმწიფო თანამდებობაზე ინიშნებოდა - მის მოვალეობის დაწყებას წინ უძღოდა დაკითხვა, მისდევს თუ არა ის თავისი წინაპრების კულტის მოთხოვნებს, პატივს მიაგებს თუ არა წინაპართა საფლავებს. ეს დაკითხვა იმის შიშით იყო გამოწვეული, რომ მოხელის დაუდევრობით, ღმერთების რისხვა არ ასახულიყო იმ სახელმწიფოებრივ საქმიანობაზე, რომელზეც ის იყო დანიშნული" (Зелинский Ф. Ф. Древнегреческая религия. – Киев, 1993, с. 62).

ქრისტეანებს "ათეისტებსა" და უღმერთოებს უწოდებდნენ მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი უარს ამბობდნენ პატივი მიეგოთ ოლიმპიელთათვის. და გასაგებია, რომ მომხდარ უბედურებებს ბრბო მიაწერდა "უკეთურ" ქრისტეანებს და გაჰყვიროდა: "მიუგდეთ ქრისტეანები ლომებს!". იუდეველებმა როგორღაც მოახერხეს დაეყოლიებინათ ხელისუფალნი და მათ არ ეხებოდნენ. რაოდენ უცნაურად უნდა მოსჩვენებოდათ წარმართებს ებრაელთა რელიგია - რომის იმპერიაში იუდაიზმის გამო დევნულება არასოდეს ყოფილა. დიახ, იერუსალემის ტაძარი რომაელებმა დაანგრიეს, მაგრამ მხოლოდ პალესტინაში მომხდარი აჯანყების გამო. ეს იყო პოლიტიკური დაშინებისა და შურისძიების აქცია აჯანყებისთვის და არა დევნა სარწმუნოებისა გამო. ხოლო აჯანყებამდე, როგორც ებრაელი ისტორიკოსი ფლაბიუსი იუწყება, "რომაელი იმპერატორები ყოველ დროებაში პატივს მიაგებდნენ ებრაელთა ტაძარს და ამრავლებდნენ მის საგანძურს" (Иосиф Флавий. Иудейская война. V, 13, 6).

წარმართული თვალსაზრისით იუდეველთა რელიგია თუმც უცნაური იყო, მაგრამ მაინც გასაგები: იუდეველები, მათი აზრით, პატივს მიაგებენ პალესტინის ადგილობრივ ღმერთს, თავიანთ ეროვნულ ღვთაებას - და ეს სრულიად კანონიერია. მართალია, იუდეველნი არ ცნობენ ჩვენს ღმერთებს - მაგრამ მათ ღმერთს მაინც თავისი ტერიტორია გააჩნია და, მაშასადამე, ბაალთა საყოველთაო ნომენკლატურაში შედის. იუდეველთა რელიგია სრულიად გასაგები როდი იყო რომაელთათვის (უპირველეს ყოვლისა - მათი ღმერთის უხილავობის და სხვა ღმერთთა უარყოფის გამო). მაგრამ მაინც, ეს იმპერიაში შემავალი ერთ ერთი ერის ტრადიციული რელიგია იყო და ამიტომაც, იაჰვე ავტომატურად ხდებოდა იმპერიის კეთილდღეობის რიგითი ღვთაებრივი მფარველი. რომაელებს ზოგჯერ აღიზიანებდათ წარმართთა შორის იუდეველთა პროზელიტიზმი - თუმცა, თავიანთი ნაციონალური რელიგიისადმი ერთგულების გამო ისინი არასოდეს შეუვიწროვებიათ.

მაშინ როდესაც, ქრისტეანთა ღმერთის ტერიტორიას წარმოადგენდა ერთი კლდის ნაგლეჯი, მისი ჯვარცმის ქვეშ... გარდა ამისა, იმ დროს, როდესაც იუდაიზმს შეეძლო ეარსება პროზელიტიზმის გარეშე, მხოლოდ შინაურულ წრეში, ქრისტეანობა, რომელმაც გაწყვიტა კავშირი იუდაიზმთან და ვალდებულება აიღო ექადაგა სახარება "ყოველი ერისთვის", პროზელიტიზმის გარეშე ვერ იარსებებდა. მოციქულებს არ შეეძლოთ უბრალოდ ერთმანეთში განეხილათ სახარებისეული მოვლენები. მათი მისია მდგომარეობდა იმაში, რომ ეუწყებინათ ჭეშმარიტება ყველასთვის, - იუდეველთათვის და წარმართთათვის. ძალიან მალე გამომჟღავნდა, რომ ერთიც და მეორეც, ქრისტეანობაში ხედავს საშიშროებას თვისი ნაციონალური ტრადიციისთვის.

თავიდან რომაელი ხელისუფალნი ქრისტეანებს ჩვეულებრივ იუდეველ მისიონერებად მიიჩნევდნენ. მაგრამ ძალიან მალე თვით იუდეველებმა გაფანტეს წარმართი ხელისუფლების ეს მცდარი აზრი და განმარტეს, რომ არ უნდა აერიოთ ქრისტეანი მქადაგებლები მართლმორწმუნე იუდეველებში. მრავალი ათწლეულების განმავლობაში იუდეველები სინდისის ქენჯნის გარეშე ატყობინებდნენ რომაელებს "მეამბოხე" და "ერეტიკოსი" ქრისტეანების შესახებ. რითაც, ერთის მხრივ, საკუთარ ლოიალობას წარმოაჩენდნენ ხელისუფალთა წინაშე, მეორეს მხრივ კი ებრძოდნენ ქრისტეანულ "ერესს", რომელიც მათ რელიგიაში წარმოიშვა. მხოლოდ ცოტა გვიან (არსებითად მესამე საუკუნეში) ქრისტეანთა დევნის ინიციატივა უპირველეს ყოვლისა თვით იმპერიის ხელისუფალთაგან გამომდინარეობს და არა იუდეველთა თემთაგან.

სწორედ ამ მოვლენებმა ჩამოაყალიბა ქრისტეანული აზროვნების ანტიიუდაური ფონი (და არა სახარებისეულმა მოთხრობამ იმის შესახებ რომ ქრისტე ჯვარზე გააკრეს იუდეველებმა, რაზეც აკეთებდნენ აქცენტს XIX – XX საუკუნის ანტისემიტიზმის მქადაგებლები და მკვლევარები). და თუკი დღეს ვიღაცას სურს გამართოს სინანულის "იუდეო-ქრისტეანული დიალოგი", უნდა ილაპარაკოს არა მარტო ევროპული გეტოების, არამედ ქრისტეანთა წინააღმდეგ იუდეველთა დასმენების შესახებ, რომელთაც ადგილი ჰქონდათ ჩვენი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეებში, (1)
არა მარტო ახალი დროს ევროპის ებრაულ დარბევათა შესახებ, არამედ იმის შესახებაც, როგორ ამოწყვიტეს ებრაელებმა 614 წელს იერუსალიმის ქრისტეანი მოსახლეობა (სპარსელების მიერ ქალაქის აღების შემდეგ).

უნდა აღვშფოთდებოდეთ არა მარტო ანტისემიტური გაზეთებით, არამედ ქრისტეანობის და ქრისტეანული კულტურის იმ სიტყვიერი დარბევებით, რომელიც არც ისე იშვიათია ებრაულ პუბლიცისტიკაში
(2). ერთიც და მეორეც - სისაძაგლე და დანაშაულია. მაგრამ ამ უბადრუკობის გაკიცხვა, ცხადია, უნდა იყოს ორმხრივი...

ამრიგად, როდესაც რომის ადმინისტრაციაში შემოდიოდა დასმენა ქრისტეანთა წინააღმდეგ, საქმე უნდა აღძრულიყო და სასამართლო განხილვამდე უნდა მისულიყო მიუხედავად იმისა, სურდა თუ არა კეთილშობილ მოსამსახურეს ქრისტეანთა სისხლში გაესვარა ხელი. უშუალოდ, ქრისტეანებს ჩვეულებრივ სწამებდნენ კანონის დარღვევას სამეფო ღირსების შეურაცხყოფის ბრალდებით. ლოგიკა გასაგებია: თუ ქრისტეანი ოლიმპის რელიგიას ცრუდ მიიჩნევს, არადა სწორედ ოლიმპის ღმერთებს თაყვანს სცემდა იმპერატორი, გამოდის, რომ ქრისტეანი იმპერატორს დემონთაყვანისმცემლად მიიჩნევს. გარდა ამისა, ქრისტეანები ბედავდნენ არ ერწმუნათ იმპერატორის გენეალოგიის ღვთაებრვი წარმომავლობა (კეისარს თავისი მოდგმა პირდაპირ ქალღმერთ ვენერადან გამოჰყავდა).

შედეგად, მოსამართლესა და ქრისტეანს შორის იმართებოდა ასეთი დიალოგი:
"- მე ვიცნობდი მამაშენს ჯერ კიდევ იმ დროიდან, შენ რომ დაბადებული არც იყავი. ჩვენ ერთ ლეგიონში ვმსახურობდით ასურეთში. მახსოვს შენი ბავშვობაც. და აი, ახლა მე უნდა გავერკვე იმ ბრალდებებში, რომელიც ჩემი მეგობრის შვილის წინააღმდეგ არის შემოსული. შენ გბრალდება... მოკლედ, ამბობენ, რომ შენ ხარ ქრისტეანი.

- დიახ.

- იცი, რომ მეომარი არ შეიძლება ქრისტეანი იყოს?

- მე ვიცი, ქრისტეანი შეიძლება იყოს მეომარი, ვიცი, რომ თუ ჩემი ქალაქის დაცვისას ბარბაროსთა ხელით დავიღუპები, ჩემი ღმერთი ჯილდოს გარეშე არ დამტოვებს.

- მეომარი უპირველეს ყოვლისა იცავს იმპერატორს და თავისი ხალხის სიწმინდეებს, თავის ღმერთებს. შენ კი ჩვენი წინაპრების ღმერთები უარგიყვია.

- ისინი ღმერთები არ არიან. მათ არ შეუქმნიათ ჩვენი სამყარო, მათ არ გამოუსყიდავთ ადამიანები სამარადისო სიკვიდლისგან, არ უცხოვნებიათ ისინი. ისინი არ დატანჯულან ჯვარზე.

- მისმინე, ღმერთი შეუძლებელია დაიტანჯოს! მაგრამ, თუ შენ გინდა გწამდეს ჯვარზე სამარცხვონოდ გაკრული ღმერთის; გწამდეს მიუსაფარი და ღარიბი ღმერთის, რომელიც გაროზგეს, - არავინ გიშლის. ყველას შეუძლია აირჩიოს თავისი ღმერთი. მაგრამ, ამავე დროს, არ დაგავიწყდეს პატივი მიაგო ჩვენი ერის საერთო ღმერთებს.

- ისინი არ არიან ღმერთები, არამედ არიან კერპები, დემონები, გამონაგონები, არსებები, რომლებსაც თქვენ თვითონ ქმნით თქვენს მსგავსად და ხატად. მე მათ მსხვერპლს არ შევწირავ.

- მისმინე, ხომ იცი, არ მინდა შენი დასჯა. ბოლოს და ბოლოს ჩვენი ფილოსოფოსებიცა და პოეტებიც დასცინიან ოლიმპის ღმერთთა წარმომავლობას. მაგრამ, კანონი კანონია. ამ ღმერთთა სახელით გახდა რომი მსოფლიოს უდიდესი იმპერია. ღირს კი ხალხის აღშფოთება და ძველი სიწმიდეების დავიწყება? შენ მხოლოდ ბაგით წარმოთქვი აღსარება, გულით კი ისე გწამდეს, როგორც გინდა.

- არა, ღმერთი ერთია და მე თქვენს კერპებს თავს არ დავუხრი.

- კეთილი, ჩვენ აქ მარტონი ვართ. შენი მამის ხათრით იმ ადამიანთა სიაში ჩაგწერ, რომლებმაც გამოიჩინეს კეთილგონიერება და მსხვერპლი შესწირეს ჩვენს ღმერთებსა და იმპერატორს. შენ უბრალოდ სახალხოდ მაინც ნუ იტყვი რომ ხარ ქრისტეანი. წადი, თავისუფალი ხარ".


ყმაწვილი გამოდიოდა მმართველის ოთახიდან და მოედანზე მთელი ხმით კვლავ ადასტურებდა საკუთარ სარწმუნოებას: "თქვენ გეტყვიან რომ მე უარვყავი". ნუ დაუჯერებთ, არ მომიდრეკია მუხლი კერპთა წინაშე! მე ვარ ქრისტეანი". ისევ შეპყრობილი უკვე თავის სიცოცხლეს ამთავრებდა მახვილით ან წამებით.

სამი საუკუნე - ქრისტეანული ერის პირველი საუკუნის მეორე ნახევრიდან, მეოთხე საუკუნის მეორე ნახევრამდე - ქრისტეანობა იყო დევნილი სარწმუნოება იმპერიაში. ხან ერთ პროვინციაში, ხან მეორეში, ზოგჯერ კი (როგორც, მაგალითად, იმპერატორ დეკიუსის დროს მოხდა) მთელი იმპერიის მასშტაბით ერთდრულად აღიმართებოდა დევნულების ტალღა. ინგრეოდა ტაძრები, აპატიმრებდნენ მღვდლებსა და ეპისკოპოსებს, უბრალო მორწმუნეებს. ქრისტეანი მონაც კი არ მიაჩნდათ დაპატიმრებისთვის უმნიშვნელო ფიგურად, მაგრამ იფიცერს ან პატრიციუსს სასჯელისგან ვერ იხსნიდა საზოგადოებაში მათი მაღალი მდგომარეობაც კი, თუ ის გახდებოდა ქრისტეანი.

წარმართული სასამართლო ქრისტეანს სთავაზობდა ჩვენთვის მტკივნეულ წინადადებას: "მხოლოდ სიტყვით აღიარე ჩვენი ღმერთები, გულში კი გწამდეს ისე, როგორც გსურს. უეჭველად, ღმერთი ხომ გულს ხედავს და ადამიანს არ განსჯის მეტყველების მიხედვით. ასე მოსამართლის გულსაც მოიგებ და ღმერთისაც". ასე გადმოსცემს წმ. ბასილი დიდი ჯალათების დარიგებს, რომლებიც ამგვარად არიგებდნენ წმ. მოწამე გორდის (Св. Василий Великий. Творения. – М., 1846. Ч. 4, с. 291).

წმ. ბასილი მოწამე ბარლაამის შესახებ ჰყვება, რომ მისი ხელისგული ძალით ეჭირათ წარმართულ სამსხვერპლოზე. ხელისგულზე მას გახურებული საკმეველი დაუყარეს იმ იმედით, რომ "სახარების მოწმე" ვერ გაუძლებდა წვას და საკმეველს უნებურად წარმართულ სამსხვერპლოზე დააგდებდა (Св. Василий Великий. Творения. Ч. 4, с. 277)... ასეთი იყო "სიტყვისა და ჟესტების" საფასური. ცივილიზაციას, რომლისთვისაც სიტყვა გაუფასურდა, არ აქვს უფლება ქრისტეანულად იწოდებოდეს. ხოლო ის "მორწმუნეები", რომლებიც ქრისტეანული ტაძრისკენ მიმავალ გზაზე მზად არიან გასინჯონ კრიშნაიტული "პრასადი", მოწყალება გაიღონ ნებისმიერ "რელიგიურ" მოსაკრებელზე და ნებისმიერი გამოსახულების წინ აანთონ აღმოსავლური, ეგზოტიკური სურნელების მქონე ჩხირები, ვერც წარმოიდგენენ, როგორი შეძრწუნებითა და გულისტკივილით შეხედავდნენ მათ საქციელს მოციქულები და ადრეული ეკლესიის მოწამეები.

ეს რამაკრიშნასთვისაა სულერთი - დემონურ ქალღმერთ კალის ან თეოსოფიური "სამყაროს დედის" ჭვრეტისას ქრისტეს გამოსახულების წინ ჩავარდები ექსტაზში თუ ბუდას გამოსახულების წინ (იხ. Письма Елены Рерих 1932 1955. с. 257). მაგრამ ქრისტეანი ამგვარ "სიფართოვეს" უმალ მოწამეობრივ აღსასრულს ამჯობინებს. ეს იმდენად შეუვალია მონოთეისტური ღმერთშემეცნებისთვის, რომ თვით ორიგენეც კი აცხადებდა პროტესტს ღმრთის "მრავალსახელიანობის" წინააღმდეგ. "მრავალი ჯერაც იმ აზრზეა, რომ საგნებს თავისუფლად მიენიჭათ სახელები და შინაგან არსთან მათ არანაირი კავშირი არა აქვთ. ამიტომაც, მრავალის აზრით, რომ არა აქვს მნიშვნელობა როგორ იტყვის: "პატივს მივაგებ უმაღლეს ღმერთს" ან "იუპიტერს" ან "ზევსს", ან კიდევ ასე: "ვადიდებ და პატივს მივაგებ მზეს ან აპოლონს, მთვარეს ან არტემიდას, დედამიწის მაცოცხლებელ ძალას ან დემეტრეს, ან სხვა ვინმეს, რაზეც ბერძენი ფილოსოფოსები ლაპარაკობენ". ამდაგვართ უნდა ვუპასუხოთ... არ არის გასაკვირი, დემონებს თავიანთი სახელები უზენაეს ღმერთზე რომ გადააქვთ; ამას ისინი იმიტომ აკეთებენ, რომ ღმრთის საკადრისი პატივი შეიფერონ. წარმართულ კერპთა სახელების ასეთი გამოყენება არ ჩვევიათ არც მოსეს, არც წინასწარმეტყველთ, ქრისტესა თუ მოციქულებს" (Увещание к мученичеству, 46). "უმჯობესია ტანჯვა განიცადო და მოკვდე, ვიდრე საკუთარ თავს მისცე ამისი უფლება " (Против Цельса, 4,48; 1,25).

ორიგენეს შვიდმა მოწაფემ მიიღო მოწამეობრივი აღსასრული სახარების ქადაგებისთვის, და ორიგენემ ისინი არ შეაკავა, პირიქით, განამტკიცა და წარმართული კერპთაყვანისცემის წინააღმდეგობის ძალა გაუღვივა
(3). ქრისტეანებს ძალზედ მსუბუქი გზა ჰქონდათ წარმატებისკენ. საჭირო იყო მარტო იმის თქმა: "ჩვენ მოვედით რათა ყველასთან გავერთიანდეთ. ჩვენ თაყვანს ვცემთ ქრისტეს, მაგრამ, ცხადია, გვესმის, რომ მას სხვა რელიგიის კულტებშიც შეიძლება ვეთაყვანოთ". აი, მაშინ არ იქნებოდნენ მოწამეები. და არც ქრისტეანობა იქნებოდა მაშინ, რადგან უგულებელყოფილი იქნებოდა ქრისტეს გაფრთხილება: "ვაი თქვენ, როცა კარგს იტყვის თქვენზე ყოველი კაცი" (ლუკა 6:26).

ამრიგად, სწორედ მოციქულთა და მათ მიმდევართა უარმა, სახარებისეული ჭეშმარიტების თანასწორად ეღიარებინათ წარმართულ რელიგიები, მიიყვანა ისინი სასჯელამდე. წარმართობამ, გნოსტიციზმის სახით ქრისტეანებს შესთავაზა კომპრომისი. ეკლესიამ უარი თქვა. და მაშინ, ვ. ბოლოტოვის ზუსტი გამონათქვამით: "წარმართობამ მიმართა დევნას, რათა მიეღწია კომპრომისისთვის" (Болотов В. В. Лекции по истории древней Церкви. Т. 2. – М., 1994, с. 169). ქრისტეანთა მოწამეობამ აიძულა წარმართები დაფიქრებულიყვნენ: "როგორც ჩანს რაღაც არსებობს რელიგიათა სამყაროში, რაც ჩვენ არ ვიცით... რატომ უყვართ ასე ამ ქრისტეანებს თავიანთი ქრისტე? ჩვენ ხომ თავს არ ვიკლავთ აშტაროტისთვის...". მოწამეთა სისხლი მართლაც გახდა ეკლესიის საძირკველი.

ეკლესიის გამარჯვება იმპერიაზე - ეს არის რელიგიური სერიოზულობის გამარჯვება რელიგიურ ფუქსავატობაზე, პატიოსნების გამარჯვება რელიგიურ კიჩზე.

მაგრამ არც ერთი გამარჯვება არ მოდის ავტომატურად. თანამედროვე, უკვე თითქმის სრულიად სეკულარიზებულ სამყაროში კვლავ წინ იწევს სავალდებულო რელიგიური "მსგეფსის" იდეალი. ყოვლისმორწმუნეობა და მრავალმოწრმუნეობა "ფართო აზროვნებად", ქრისტეს ერთგულება კი - "ვიწრო ფანატიზმად" არის გამოცხადებული.

წარმართობა კვლავ მასობრივი რელიგია ხდება. შეიძლება მოატყუო პროფესიონალი სოციოლოგი (რომლებიც, ენდობიან რა მოქალაქეთა სიტყვას, დაიწყებენ იმის მტკიცებას, რომ რუსეთში მოქალაქეთა უმეტესობა თანაუგრძნობს მართლმადიდებლობას). მაგრამ ვერ მოატყუებ იმათ, ვისაც საქმე სიტყვიერ რწმუნებასთან კი არა ფულთან აქვს. შეუძლებელია მოატყუო წიგნით მოვაჭრეები. ამრიგად, ქუჩის მაღაზიებში, ერთ მართლმადიდებლურ წიგნზე ოცზე მეტი ოკულტურ-წარმართული ლიტერატურა მოდის ("მისტიკური საშინელებების" გათვალიწინების გარეშე). ჰოროსკოპები, იოგას და მედიტაციის სახელმძღვანელოები, ძველი ეგვიპტის მისტიკური ტრაქტატები კასტანედადან მოყოლებული, ჰაბარდის ტიპის წარმართებით დამთავრებული.

დიახ, არიან ადამიანები, რომლებმაც თავიანთი ადგილი იპოვეს მართლმადიებლურ ეკლესიაში. მაგრამ, უფრო სწრაფად, ვიდრე მართლმადიდებლური ტაძრების სამრევლოები, იზრდებიან წარმართული პრაქტიკის და სხვადასხვა ჯურის სექტათა მომხრეები.

რუსეთში არ დარჩა ადამიანი, რომელსაც ამ ბოლო ექვსი წლის განმავლობაში არ სმენოდა, რომ მართლმადიდებლობა არის რუსეთის სულიერი საგანძური. რუს მოქალაქეთა უმეტესობა სრულიად გულწრფელად ეთანხმება ამ მტკიცებულებას. დიახ, ყველა დაარწმუნეს, რომ სულიერება კარგია, რომ "გზა ტაძრისკენ" არ უნდა დაიფაროს ბალახით, და მართლმადიდებლობის სულიერ საგანძურში მართლაც ბევრი მარგალიტია დაგროვილი. მაგრამ, მითხარით, სად შემიძლია მივიღო ჩემი წილი სიმდიდრე ამ საგანძურიდან?

თუ მიხვალთ კაცთან ქუჩაში და ჰკითხავთ: მითხარით, რა შეიტყეთ ამ ბოლო წლებში მართლმადიდებლობის შესახებ - პასუხად მიიღებთ დუმილს... თითქმის ვერავინ გაიხსენებს რომელიმე დასამახსოვრებელ ნაწყვეტს ამა თუ იმ წმინდანის ცხოვრებიდან; ვერც მოგიყვებათ სახარებისეულ იგავს, ვერც მისი გონების განმანათლებელ საღვთისმეტყველო აზრს გაიხსენებს... ადამიანთა კიდევ უფრო მცირე რიცხვი გეტყვით, თუ როდის განიცადა ღმრთისმსახურება ან როდის წააქეზა ლიტურგიის შემდეგ მოსმენილმა ქადაგებამ კეთილი საქმეებისკენ.

მე არ ვიცი რამდენი მორწმუნეა რუსეთში, მაგრამ ერთხელ სრულიად ჩვეულებრივ სკოლაში უფროსკლასელებს ვკითხე: რა საფუძველი აქვთ საკუთარი თავი მიაკუთვნონ "Homo sapiens"-ს? ხომ უნდა შეათანხმოს გონიერმა ადამიანმა თავისი ქმედებები თავის შეხედულებებთან? მოწაფეთა უმეტესობამ კითხვაზე სარწმუნოების შესახებ უპასუხა, რომ ღმერთი სწამს. მაგრამ, შემდეგ შეკითხვაზე დუმილით უპასუხეს. არადა შეკითხვა მარტივი გახლდათ: "მითხარით, რომელ თქვენგანს ჰქონდა თუნდაც ერთხელ სიტუაცია, როდესაც გინდოდა გაგეკეთებინა რაღაც სისაძაგლე, მაგრამ ბოლო მომენტში თავი შეიკავეთ, რადგან გაგახსენდათ, რომ ღმერთი ამას არ გაამართლებს?"... ამაშია ადამიანის სარწმუნოების კრიტერიუმი. თუ მისით იხელმძღვანელებ, დღეისთვის აღმოაჩენ, რომ ჩვენ ვცხოვრობთ არა აღორძინების გზაზე მავალ მართლმადიდებლურ სახელმწიფოში, არამედ ქვეყანაში, სადაც ზეიმობს ოკულტიზმი.

არჩევანის დროს ცოტა ვინმე თუ ჩაიხედება სახარებაში და შეეცდება მღვდელთან გაარკვიოს თუ რა გზას დაადგეს. მაგრამ, ასტროლოგის ან ჰოროსკოპის რჩევას დიდი ხალისით მისდევს. ეს არის სწორედ უღრმესი ზნეობრივი კრიზისის მაჩვენებელი: მისწრაფება მიიღო მისტიკა, რომელიც გათავისუფლებულია ყოველგვარი ეთიკისგან, შეაღწიო ზეცის საიდუმლოში უკანა კარებიდან - ყოველგვარი პირადი სულიერი ღვაწლის გარეშე.

ვაი, რომ რელიგიურ მოაზროვნეთა და ღვთისმეტყველთა რამოდენიმე თაობის ამოწყვეტამ მიგვიყვანა იმის დავიწყებამდე, რომ გონებას აქვს თავისი უფლებები არა მარტო საერო, არამედ რელიგიურ სფეროშიც. ორი წყვილი კატეგორია აღწერს სულიერი მუშაობის მსვლელობას: ლოცვა და აზროვნება; მადლი და თავისუფლება. ამ წყვილებს მოაკელით თუნდაც ერთი ფრთა და მიიღებთ სულიერი მოღვაწეობის ინვალიდურ ფორმას. სექტა სწორედ ამას ნიშნავს, - ეს არის "მოკვეთა".

რელიგიის ისტორიაში არის საგნები, რომლებიც შეუთავსებელია ქრისტეანობასთან. ამ ფაქტისგან ჩვეულებრივი ინტელიგენტური რეფლექსიით თავს ვერ დააღწევ - "აჰ, რაოდენ შეუწყნარებელი ბრძანდებით!" ვერანაირი "შეუწყნარებლობა" ვერ შეცვლის იმ ფაქტს, რომ პუშკინი არ წერდა ლექსებს "საბჭოთა პასპორტზე".

რერიხების პანთეიზმი შეუთავსებელია ბიბლიის პერსონალიზმთან. ქრისტეს გაგება როგორც უბრალო "მოძღვრისა" შეუთავსებელია და შეუთანხმებელია თვით ქრისტესთან. აღმოსავლური სიბრძნის იმმორალიზმს ადგილი არა აქვს ქრისტეანულ ეთიკაში.

თქვენ გაქვთ უფლება იფიქროთ სხვაგვარად და არა მართლმადიდებლურად, თქვენ გაქვთ უფლება სახარება და თვით ქრისტეანული ცხოვრების აზრი შეიმეცნოთ არა ისე, როგორც ამას მართლმადიდებლობა ასწავლის, და ბოლოს, თქვენ უბრალოდ შეგიძლიათ თქვათ და წეროთ, რაც გსურთ. თქვენ მხოლოდ ერთი რამ არ ძალგიძთ - ასეთ შემთხვევებში, თქვენი აზროვნების კოქტეილი გაასაღოთ მართლმადიდებლობად. როდესაც იცი, როგორია მართლმადიდებლობის ძირითადი პრინციპები, თქვენ არ გექნებათ მორალური უფლება მართლმადიდებლობად წარმოაჩინოთ სხვა რამე. მიიჩნევა თუ არა გონებაშეზღუდულ ფანატიკოსად ფილოსოფიის ისტორიკოსი, რომელიც განმარტავს განსხვავებას კანტისა და ავგუსტინეს ფილოსოფიას შორის? რატომ არავინ ადანაშაულებს შეუწყნარებლობაში ფილოსოფოსს, რომელიც წერს დისერტაციას თემაზე დოსტოევსკისა და ნიცშეს შეხედულებათა ურთიერთწინააღმდეგობრიობაზე? როდესაც ალექსეი ლოსევი აჩვენებს, რომ აღორძინების ხანის პლატონიზმს არაფერი გააჩნდა საერთო თვით პლატონის სწავლებასთან - არავინ ამას გონებაშეზღუდულობად და ფანატიზმად არ რაცხს! ზუსტად ასე, ისტორიულად, ფაქტობრივად, დოკუმენტალურად თეოსოფია შეუთავსებელია სამოციქულო ქრისტეანობასთან...

ასე, რომ მეც ნურავინ დამადანაშაულებს "შეუწყნარებლობას". სხვადასხვა ფილოსოფიებსა და საღვთისმეტყველო სისტემებს შორის ძევს განსხვავებანი, რომლებიც დამოკიდებულია მკვლევარის განწყობასა და ნებაზე. როგორც უნდა სურდეს ვინმეს, რათა ყოველივე ერთგვაროვანი იყოს, ბუდიზმსა და ქრისტეანობას შორის ნამდვილად არაერთი რადიკალური განსხვავებაა. მე თუ ამაზე გავჩუმდები - ამით ეს განსხვავებანი არ გაქრება.

მოწოდება შეპირისპირებისკენ - ეს უპირველეს ყოვლისა არის მოწოდება აზრის მუშაობისკენ. სიადვილე, რომლითაც ასტრალურ ნიადაგზე იშვებიან "საღვთისმეტყველო ცენტრისა" და "თეთრი ძმობის" მსგავსი სექტები, საფუძველს იძლევა კიდევ ერთხელ შევახსენოთ ყველას: როდესაც ეკლესიაში შედიან ქუდს იხდიან და არა თავს. სარწმუნოების მოპოვება არ ნიშნავს, რომ ამიერიდან გონება საჭირო არ არის და ის ბარგის შესანახ საკანში უნდა ჩავაბაროთ. სულ ახალი და ახალი სექტების წარმოშობა ადასტურებს ეკლესიასავით ძველ ჭეშმარიტებას: დოგმატიკისა და ტრადიციის მთელი ძალა, საეკლესიო გონებისა და ავტორიტეტის მთელი ძლიერება ეწინააღმდეგებიან არა აზრის თავისუფლებას, არამედ ფანტაზიისას. ეკლესიამ გამოზარდა მეცნიერული ემპირიზმი, როგორც ბრძოლის საშუალება ცრურწმენებთან და მითოლოგიებთან. როგორც ცნობილია, ისე არაფერი აერთიანებს, როგორც საერთო მტრის არსებობა. დღეს ცხადი ხდება ეკლესიისა და მეცნიერების სტრატეგიული კავშირის საჭიროება, სულიერი და საერო განათლების ერთობის აუცილებლობა რადგან, სარწმუნოებასაც და მეცნიერებასაც საერთო მტერი გამოუჩნდა, - ცრუმორწმუნეობა.

მრავალი ცოდვა ჰქონიათ ეკლესიურ ადამიანებს. მაგრამ ორიათასწლოვანი გამოცდილება აჩვენებს, რომ ყოველივე, რაც უმეტესი "სიწმინდის" და "მისტიკურობის" გამო განეყოფოდა ეკლესიას, იფლობოდა ფანტაზიის, ანტიისტორიზმის და უკულტურობის ქვიშაში. ეს ფაქტი შეიძლება მოსაწყენად და პროზაიკულად მოგეჩვენოთ, მე კი ის მახარებს.

საუკუნიდან საუკუნემდე ერთმანეთს მისდევდნენ ახალი გნოსტიკოსები და თეოსოფები, რომლებიც გვარწმუნებდნენ, რომ იპოვეს მეთოდი გადალახონ სახარების "სივიწროვე". საუკუნიდან საუკუნემდე ნათელი ხდებოდა, რომ ვისაც ქრისტეანული კულტურიდან გასვლა უნდა, მისთვის არსებობს მხოლოდ ერთი კარი, - უკან, წარმართობისკენ. ამ კარზე შეიძლება შეიცვალოს აბრა და ორნამენტი, შეიძლება ის მოაპირკეთონ სხვადასხვა ციტატებით (შეიძლება "მატერიალიზმიც" კი უწოდონ). მაგრამ, მის იქით ადამიანი ზეციურ, ლაჟვარდოვან სივრცესა და უსასრულო ჰორიზონტს კი არ იპოვის, არამედ იმავე სულშემხუთავ და გასვრილ შემოსასვლელს, სადაც ადამიანისთვის სწორედაც რომ ადგილი არ არის (იხ. მათე 25:41).


________________________________

1. ავიღოთ, მაგალითად, ერთ ერთი უძველესი, კერძოდ, მეორე საუკუნის დასაწყისის "მოწამეობრივი აქტები": ხელისუფლებმა გადაწყვიტეს სმირნის ეპისკოპოსის, პოლიკარპეს დასჯა ცოცხლად დაწვით. როდესაც ამის შესახებ გამოაცხადეს, "ადამიანების მთელი ბრბო დაუყოვნებლივ შეუდგა შეშისა და ფიჩხის შეგროვებას, რომელთაც, სხვათა შორის, ჩვეულებისამებრ, განსაკუთრებული მონდომებით ეხმარებოდნენ იუდეველნი" - Мученичество св. Поликарпа Смирнского, 13. // Писания мужей апостольских. – Рига, 1992, с. 386).

2. ვიხილოთ რამდენიმე მაგალითი: "პავლე მოციქულს დღეს რომ ეცხოვრა, თავის სიცოცხლეს ფსიქიატრიულ კლინიკაში დაასრულებდა... ერნსტ რენანი მას "საძაგელ, პატარა ებრაელს" უწოდებს, რომელსაც თურმე პერიოდულად ჰქონია მალარიის შეტევები, ჰალუცინაციები და ზოგიერთი მეცნიერის აზრით ეპილეპტიკური გულყრებიც კი" (Даймонт М. Евреи, Бог и история. – М., 1994, с. 186). ე. მაიბურდი ფიქრობს, რომ ესაიას წინასწარმეტყველება "და აჰა, ქალწული მუცლად იღებს და შობს" (ეს. 7:14), რომელსაც ქრისტეანები მაცხოვრის შობას განაკუთვნებენ, უნდა გავიგოთ ასე: "იხილეთ, როგორ დაფეხმძიმებულა ეს ვარია" (Майбурд Е. Ловцы человеков сетями лжи. // Независимая газета. 23.9.93). აი, კიდევ რას წერს ღვთისმშობლის შესახებ საბჭოური ლიტერატურის კლასიკოსი ისააკ ბაბელი, რომლის პერსონაჟი შედის წითლების მიერ დაპყრობილ ტაძარში და ხედავს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატს: "ბოროტი დედაკაცი, გაწეული მუხლებით და ჩამოთრეული მკერდით, რომელიც ორ ზედმეტ მწვანე ხელს მიუგავს" ("Закат"). საერო ლიტერატურათმცოდნე ამასთან დაკავშირებით შენიშნავს, რომ ეს სხვა არაფერია თუ არა "სიტყვიერი დარბევა": "რომელ შტატიან ათეისტს არ შეშურდებოდა ეს ძარღვიანი ზიზღი, სიძულვილის ეს ტალანტი და "სიწმიდის გაქელვის" ასეთი აზარტი" (Новикова М. Маргиналы. // Новый мир. №1, 1993, с. 231).

3. თვით ორიგენე არ დაზარალებულა. სავარაუდოდ, სეპტიმუს სევერუსის კანონი მიმართული იყო არა ქრისტეანობის აღმოფხვრისკენ, არამედ მისი გავრცელების შეზღუდვისკენ. სასჯელს ექვემდებარებოდნენ ქრისტეანობისკენ მოქცეულნი, და არა მასში უკვე მყოფნი. ამიტომაც, იმდროინდელი მოწამეების უმრავლესობა ან ახალმონათლულები იყვნენ ან კათაკმევლები (კართაგენში ამავე დროს ეწამნენ წმ. პერპეტუა და ფელიციტატა, რომლებიც დაპატიმრებამდე რამოდენიმე დღით ადრე მოინათლნენ.

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню