ანტიქრისტე - ქრისტეში თუ ვიცხოვრებთ, ანტიქრისტე ვერ მოგვერევა! - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოკალიფსისი > ანტიქრისტე

ქრისტეში თუ ვიცხოვრებთ, ანტიქრისტე ვერ მოგვერევა!

განსაცდელის ჟამი

ავტორი: მხცოვანი ბერი პორფირე კაფსოკალივიტი (Πορφύριος Καυσοκαλυβίτης. ერში - ევანგელოს ბაირაქტარისი) (7.02.1906 – 2.12.1991).

ერთხელ თავის სენაკში მჯდომ მხცოვანს ვკითხე: "გერონდა, ამ ბოლო დროს ბევრი ლაპარაკობს რიცხვ 666-ზე, ანტიქრისტეს მოსვლაზე, რომელიც ახლოვდება, ზოგიერთი იმასაც ამტკიცებს, რომ ის უკვე მოვიდა და ჩვენს შორის ცხოვრობს, ასევე ელექტრონულ ბეჭედზე ხელსა და შუბლზე, ქრისტესა და ანტიქრისტეს შეტაკებაზე და ამ უკანასკნელის დამარცხებზე, უფლის მეორედ მოსვლაზე. რას იტყვით თქვენ ამის შესახებ?"

მხცოვანმა მიპასუხა: "რა შეიძლება ითქვას? მე არ ვამბობ, რომ მიხილავს ღმრთისმშობელი, რომ იქნება ომი და მისი მსგავსი ამბები. ვიცი, რომ ანტიქრისტე მოვა, რომ იქნება ქრისტეს მეორედ მოსვლა, მაგრამ, როდის იქნება ეს არ ვიცი. ხვალ? ათასი წლის შემდეგ? არ ვიცი. მაგრამ მე ეს სულაც არ მადარდებს. რადგან ვიცი, რომ სიკვდილის ჟამს თითოეული ჩვენთაგანისთვის დადგება ქრისტეს მეორედ მოსვლა. და ეს ჟამი უკვე ახლოსაა".

ერთხელ მამა პორფირეს ვკითხე: გერონდა, ჩვენს დღეებში რომ გამოჩნდეს ანტიქრისტე, მოგვცემს თუ არა ღმერთი ძალას გავუძლოთ მის საცთურებს?" მხცოვანის პასუხი ასეთი იყო: "ჩვენ თუ სინანულის საიდუმლოში გულწრფელად ვინანიებთ, ის ჩვენ ძალას მოგვცემს". ასე შეურყევლად სწამდა მას სინანულის საღმრთო საიდუმლოს ძალისა.

"დე ნუ შეგაშფოთებთ კითხვები ბოლო ჟამის, ანტიქრისტესა და მისი ცრუსასწაულების შესახებ, - გვეუბნებოდა მხცოვანი. - უწყოდეთ, რომ ჩვენ საკუთარ თავში გვყავს ქრისტე, და ანტიქრისტე ვერაფერს დაგვაკლებს! უმცირეს ბოროტებასაც კი ვერ მოგვაყენებს!"

ახლავე მოგიყვებით როგორც იყო. მოხუცმა მითხრა: "მამა ათანასე, - ამ სიტყვების წარმოთქმისას ხელი ჩამჭიდა, - ახლა მე ბრმა ვარ, ჩემი ხორციელი თვალები უკვე აღარ მემსახურებიან, რადგან ჰიპოფიზის კიბო მაქვს. მაგრამ მაქვს სულიერი ხედვა, რომლებიც ჭვრეტენ. სანამ წახვიდოდე, მინდა ერთი რამ მითხრა, რას ამბობდა გერონდა ემილიანე (1) რიცხვ 666-ისა და ანტიქრისტეს შესახებ?".

ჩვენი საუბარი მიმდინარეობდა ჩერნობილის კატასტროფიდან (2) რამოდენიმე დღის შემდეგ. მთელი მსოფლიო შეშფოთებული იყო, და ადამიანები ლამის ყოველდღე მიდიოდნენ მხცოვნებთან, განსაკუთრებით მამა პორფირესთან, რომელიც ათენის მახლობლად ცხოვრობდა, და აღელვებულნი ეკითხებოდნენ: "რა იქნება? მოვა თუ არა ანტიქრისტე? დაგვადებს თუ არა ბეჭედს რიცხვით 666?"

მოკლედ, მხცოვანმა მკითხა: "მაშ, მომიყევი შვილო ჩემო, რას ამბობს გერონდა ემილიანე რიცხვ 666-ის და ანტიქრისტეს შესახებ?". მე მივუგე: "გერონდა, ერთ-ერთი თავისი საზოგადო საუბრების დროს მან გვითხრა, რათა არ ვიღელვოთ. უფრო ვიზრუნოთ იმაზე, რათა ცოცხალი კავშირი გვქონდეს ქრისტესთან. რაც შეეხება საკითხს ანტიქრისტეს შესახებ, არ უნდა დავუთმოთ მას საკმაოდ დიდი დრო, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ის, და არა ქრისტე, დაიკავებს ცენტრალურ ადგილს ჩვენს ცხოვრებაში".

როგორც კი ეს ვთქვი, მოხუცმა ემოციურად დაარტყა ხელი საწოლს, რომელზეც იჯდა და წამოიყვირა: "რას ამბობ, რას ამბობ, შვილო ჩემო! დიდება შენდა, ღმერთო, რომ ვიპოვე თუნდაც ერთი მოძღვარი, რომელიც მე მეთანხმება. იცი, შვილო ჩემო, რა ქნეს აქ, ამ წუთისოფელში სულიერმა მოძღვრებმა? ამ 666-ით მათ ადამიანები გადარიეს, შეაშფოთეს და ოჯახებსა და კაცთა ცნობიერებაში პრობლემების მთელი გროვა შექმნეს. ადამიანებს ძილი დაუფრთხათ. რომ დაიძინონ, ახლა ისინი ფსიქოტროპულ პრეპარატებს ან საძილე საშუალებებს ღებულობენ. მაშ, რას ჰგავს ეს? ქრისტეს, შვილო ჩემო, არ სურს, რომ ყოველივე ასე იყოს. გინდა კიდევ რამე გითხრა?". მე მივუგე: "მითხარი, გერონდა". მაშინ მან თქვა: ჩვენთვის, ქრისტეანთათვის, თუ ქრისტეში ვიცხოვრებთ, ანტიქრისტე არ არსებობს".

მითხარი, შეძლებდი დაჯდომას საწოლზე, რომელზეც მე ვზივარ?" - "არა, გერონდა". - "რატომ?" - "იმიტომ, რომ მაშინ მე მომიწევს პირდაპირ თქვენზე დაჯდომა და გაგჭყლიტავთ". მაშინ მამა პორფირემ იკითხა: "მაშ, როდის შეგიძლია დაჯდე ამ საწოლზე?" - "მაშინ შევძლებ მე იქ დაჯდომას, როდესაც თქვენ ადგებით", - მივუგე მე. "სულშიც ასეა, შვილო ჩემო", - გააგრძელა მოხუცმა. როდესაც ჩვენში გვყავს ქრისტე, შეუძლია თუ არა შემოსვლა ანტიქრისტეს? შეუძლია თუ არა ჩვენს სულში შემოვიდეს რომელიმე საწინააღმდეგო არსება? ახლა, ჩვენ, შვილო ჩემო, ქრისტე სულში არ გვყავს, ამიტომაც ვწუხვართ ანტიქრისტეზე. როდესაც ქრისტეს შემოვუშვებთ, მაშინ ყველაფერი სამოთხედ იქცევა. ქრისტე - ყველაფერია, ასე გადაეცი ყველას, შვილო ჩემო, და უთხარი, რომ მისი მტრის არ გვეშინია.

მისმინე, კიდევ რას გეტყვი. ახლა რომ მოვიდეს თვით ანტიქრისტე თავისი ლაზერული მოწყობილობებით და ძალდატანებით დამადოს ბეჭედი 666, სულაც არ ავღელდებოდი. შენ მეტყვი: "გერონდა, კი მაგრამ, ეს ხომ ანტიქრისტეს ბეჭედია?". დიახ, ლაზერით ათასჯერაც რომ დამაწეროს მან შუბლზე 666, და თანაც ისე, რომ არ იშლებოდეს, მე სულაც არ შევშფოთდებოდი (3). რატომ? იმიტომ, რომ, შვილო, პირველ მოწამეებს ველურ მხეცებს უგდებდნენ საჯიჯგნად, მაგრამ ისინი ჯვარს გამოისახავდნენ, და მხეცებიც კრავებივით თვინიერდებოდნენ; ზღვის უფსკრულებში აგდებდნენ, მაგრამ როგორც კი ჯვარს გამოისახავდნენ და ზღვა მყარდებოდა, წმინდანები კი მასზე ხმელეთივით დადიოდნენ; ცეცხლში აგდებდნენ - და ისინიც, გამოისახავდნენ თუ არა ჯვარს, ცეცხლს აგრილებდნენ. ჩემო კურთხეულო შვილო, ვინ ვართ ჩვენ ახლა? გვწამს თუ არა ქრისტე? სად არის ჩვენი ჯვარი, ჩვენი პირჯვრისწერა? რატომ მოვიდა ქრისტე? იმისთვის ხომ არა, გაეძლიერებინა ჩვენი უძლურება? ასე უთხარი, შვილო ჩემო, მხცოვანსაც და ასე მოუყევი სხვა ადამიანებსაც, რათა ანტიქრისტეს გამო არ შეშინდნენ. ჩვენ - ქრისტეს შვილები ვართ, ეკლესიის შვილები". ამ სიტყვებმა ჩემზე ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა. შემდეგ კი მოხუცმა გააგრძელა:

- გინდა კიდევ გითხრა რამე? - მკითხა მან.

- დიახ, გერონდა, გთხოვთ.

- როგორ ჩამოვიდა პატრიარქი დიმიტრი (4) ათენში?

- თვითმფრინავით.

- ეს გასაგებია, მე ვიცი, რომ თვითმფრინავით ჩამოვიდა, აბა ცურვა-ცურვით ხომ არ ჩამოვიდოდა. მე ვგულისხმობ, რა სახის დოკუმენტებით ჩამოვიდა?

- პასპორტით, გერონდა.

- ბერძნულით თუ თურქულით?

- არ ვიცი.

- უყურეთ ამას, არადა ჭკვიან კაცად მოგაქვს თავი. თურქეთის პასპორტით. და იცი რა არის თურქეთის ეროვნული სიმბოლო?

- არა, არ ვიცი, გერონდა.

- ეს უკვე მეტისმეტია. შენ არ იცი რა არის თურქეთის ეროვნული სიმბოლო? თურქეთის ეროვნული სიმბოლო არის ნახევარმთვარე. ახლა, მითხარი იცი თუ არა, მუჰამედის გამოცხადების შემდეგ, ჩვენი ეკლესიის მამებმა ნახევარმთვარეს რა უწოდეს?

- არა, გერონდა.

- უნდა აიღოს კაცმა ეგ შენი დიპლომი და შუაზე გახიოს. რა ღვთისმეტყველი ხარ შენ ამის შემდეგ? - შესძახა სიცილით მამა პორფირემ. ნახევარმთვარე ანტიქრისტეს სიმბოლოა. მაშ, თუ ეს ასეა და ჩვენს პატრიარქს პასპორტში ჩარტყმული აქვს ანტიქრისტეს სიმბოლო (შტამპებზეც იგივეა და წარმოიდგინე, რამდენ ასეთ შტამპს ურტყამენ მოქალაქეებს აეროპორტებსა და სხვა ადგილებში!), შეიძლება თუ არა ითქვას, რომ ჩვენი პატრიარქი - ანტიქრისტეა? არა, არა, შვილო ჩემო! ასე ნუ შევავიწროვებთ სახარებისეულ ქადაგებას! ქრისტე ასე ვიწროდ როდი აზროვნებს, როგორც ჩვენ, ადამიანები, რომლებიც ყოველთვის საკუთარი უფლებების დაცვას ვცდილობთ. ასე უთხარი გერონდასაც, ასე გადაეცი ადამიანებს: ჩვენ არც ანტიქრისტესი გვეშინია და არც მისი 666-ის.

ამის შემდეგ სრულიად დავმშვიდდი, რადგან ყოველივე ამან ჩემზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა. ახლა კი ყველას გადმოგცემთ მხცოვანის იმ სიტყვებს, რომელიც აღგიწერეთ.

________________

1) არქიმანდრიტი ემილიანე (დაიბ. 1935 წ.). - ცნობილი ათონელი მხცოვანი. 2000 წლამდე - სიმონპეტრეს მონასტრის იღუმენი.

2) ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე აფეთქება მოხდა 1986 წლის გაზაფხულზე. ატომური ენერგეტიკის ისტორიაში ეს იყო ყველაზე დიდი კატასტროფა.

3) ბერძნული ტექსტის რუსულად მთარგმნელებმა ოდნავ შეცვალეს ბოლო სამი წინადადების ფორმულირება, რათა უკეთ გადმოეცათ მხცოვანის სიტყვები. მხცოვანი იმას კი არ ამბობს, თითქოსდა უარს იტყოდა ქრისტეზე, არამედ იმას, რომ აუცილებელია განვასხვავოთ დაბეჭდვა, რომელსაც ჩვენ შევიწყნარებთ როგორც საკუთარ აღმსარებლობას და იმისადმი მორჩილებას, ვინც გვბეჭდავს იმგვარი აღბეჭდვისგან, რომელიც ამგვარი აღმსარებლობისა და შეწყნარების გარეშე ხდება. როგორც ქრისტეანები, ჩვენ აღბეჭდილნი ვართ წმიდა მირონით, რომელიც ნათლისღების საიდუმლოს აღსრულების შემდეგ, მირონცხების საიდუმლოში გვეცხო, როდესაც მღვდელი ამბობს: "ბეჭედი სულისა წმიდისა"; სწორედ მაშინ შედგომასა და მორჩილებას აღვუთქვამთ ქრისტეს. როდესაც აღბეჭდვას არ ახლავს სარწმუნოების აღსარება, დამორჩილებას არ გააჩნია ზნეობრივი მნიშვნელობა იმისთვის, ვინც აღიბეჭდება. მაგრამ აქვე გვმართებს სიფრთხილე, რათა არ არსებობდეს იდუმალი მორჩილება, ანგარებითი, იმ მიზნით, რომ უკეთ მოაწყო შენი ცხოვრება. ეს ძალზედ ფაქიზი და შეუმჩნეველი განსხვავებაა, და აქ საკმაოდ ყურადღებიანნი უნდა ვიყოთ. მაგალითად, როდესაც მოგზაურობ არაქრისტეანულ ქვეყნებში, პასპორტში გირტყამენ თუ ხელზე გაძლევენ ამ ქვეყნის არაქრისტეანულ სიმბოლოებს, როგორიც უნდა იყოს, თუ მათ არ ღებულობ როგორც აღმსარებლობას, ვერაფერს გავნებს. თუ უეჭველად გიყვარს ქრისტე და დარწმუნებული ხარ, რომ არაფერს აღიარებ ისეთს, რომელიც ქრისტესადმი სიყვარულის საწინააღმდეგო იქნებოდა, მაშინ შეუძლებელია გქონდეს შიში, თითქოსდა მესამე პირთა ზემოქმედების გამო უარს ამბობ მასზე.

4) პატრიარქი დიმიტრი კონსტანტინოპოლის კათედრაზე იმყოფებოდა 1972 წლიდან 1991 წლამდე.

წყარო: stavroskrest.ru

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню