ანტიქრისტე - მხეცის საიდუმლო 4 - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოკალიფსისი > ანტიქრისტე

მღვდელი ანდრია გორბუნოვი

მხეცის საიდუმლო

აპოკალიფსისის წინასწარმეტყველების გახსნის მცდელობა


ანტიქრისტე

შინაარსი


თავი 9

"ვაჲ თქუენდა, რომელნი იცინით…"


ჩვენი დროება ცხოვრებისადმი მსუბუქი, ზედაპირული მიდგომით არის დასნებოვნებული. უმუშევარი და თვითკმარი "ცხოვრების წესი" ნორმა ხდება და ჩვენც ყველგან ვხედავთ არასერიოზულობას, უგუნურობასა და გაუნათლებლობას, განსაკუთრებულად განებივრებულ, ეგოისტურ და შინაგანად ცარიელ ახალგაზრდათა შორის. ამგვარი სულის მკაფიო გამოვლინებაა დაცინვა, რომელიც იმდენად არის გავრცელებული და ჩვეული, რომ უკვე არც კი აღიქმება როგორც რაიმე ცოდვისეული.

ამ კატეგორიასვე შეგვიძლია მივაკუთვნოთ ტელეწამყვანთა თუ პაროდისტთა ბრიყვულ-აღვირახსნილი გამონათქვამები, საყოფაცხოვრებო ანეკდოტები. პოლიტიკაში სიცილს იმისთვის იყენებენ, რათა მსმენელს, მაყურებელს ან ამომრჩეველს საკუთარი პიროვნების აღქმა გაუადვილონ.

როგორ საგანზეც უნდა იყოს ლაპარაკი მრავალფეროვან პროგრამებსა და მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში (და არა მარტო ახალგაზრდულ პროგრამებში), - ყველაფერი სიცილით, ცქმუტაობით, ცუნდრუკობითაა გაჯერებული. ეს არის ბრიყვული, უაზრო სიცილი იმაზე, რასაც ჟარგონის ენაზე "პრიკოლს" უწოდებენ. "პრიკოლია" ადამიანის ჭიპში ბეჭდის გაყრა. ვიღაც დედაბერი წაიქცა? – "პრიკოლია". ვიღაცას თავი გაუხეთქეს ისე, რომ ტვინმა ყველა მხარეს გაასხა?! - ესეც "პრიკოლურია".

"ანეკდოტური სიცილი", როგორც ტელეეკრანების წინ, კონცერტებზე, წვეულებებზე და საღამოებზე იცინიან "მოსწრებული სიტყვა-პასუხის მქონე ახალგაზრდები" და ადვილად დასცინიან მოყვასთ, ამა თუ იმ ადამიანის სისუსტეს, ან ადამიანურ ღირსებას, სინდისს და ცოდვებს თავისთავად არის უდიდესი ცოდვა. ისინი სხვატა დარდის გასაქარვებლად იგონებენ ათასგვარ უაზრო ოხუნჯობებს და სიამაყის გრძნობით აცინებენ მაყურებელს, - ეს ყოველივე ცოდვილი ვნება და სულის დასნებოვნების სიმპტომია.

სამწუხაროდ, დაცინვა საკმაოდ არის გავრცელებული საეკლესიო გარემოშიც: თვით მღვდელმსახურთა, ბერ-მონაზონთა, სასულიერო სასწავლებლების აღსაზრდელთა (ასევე მასწავლებელთა) და "თანამედროვე ღმრთისმეტყველთა" შორის. ეს უკანასკნელნი სიცილს მართლმადიდებლური სწავლების გადმოსაცემადაც კი იყენებენ, ვითომცდა სალექციო მასალის უკეთ "აღქმის" მიზნით, როგორც აკეთებს ამას, მაგალითად, დიაკვანი ა. კურაევი. "თანამედროვე ღმრთისმეტყველებს" ძალიან უყვართ პირადი კოდებისა და აპოსტასიის სხვა გამოვლინებების წინააღმდეგ გამომავალ "მართლმადიდებელ მარგინალთა" დაცინვა და მათ "იენენისტებს" (რუს.:иэнненисты) და "ესქატოლოჟნიკებს" უწოდებენ.

ჭეშმარიტების დაცინვა - ბოლო ჟამის ნიშანია. როგორც დასავლელი რელიგიური ფილოსოფოსი კირკეგორი (1813-1855) ამბობდა: "ქრისტე ჩვენს დროში რომ მოსულიყო, მას ჯვარზე კი არ გააკრავდნენ, არამედ სასაცილოდ აიგდებდნენ". იყო დრო, როდესაც მოწამეები კვდებოდნენ, სახალხოდ აღიარებდნენ თავიანთ რწმენას, ღმრთის სიმართლეს. დღევანდელი იდეოლოგია კი აკნინებს და დასცინის ადამიანის რწმენას, რათა გათელოს ჭეშმარიტება. ასე, მაგალითად, საბჭოთა პერიოდში ცდილობდნენ სიცილით მოეკლათ რელიგია, ამ მიზნით გამოიცემოდა ჟურნალები: "Безбожник" და "Антирелигиозник".

ჰიტლერი ამბობდა: "არ მსურს ზოგიერთი მოწამედ გავხადო. ჩემთვის საკმარისია ისინი საჯაროდ უხეშ და გაუთლელ დამნაშავეებად გამოვფინო. მე მათ კეთილშობილების ნიღაბს ჩამოვგლეჯ და თუ ესეც არ აღმოჩნდება საკმარისი, ყველას წინაშე დავცინებ და გავანადგურებ". ამ დეკლარაციების მიღმა შეუძლებელია არ დავინახოთ ჰიტლერის საყვარელი მწერალი ნიცშე, რომელიც თავის "ანტიქრისტეში" ასე მიმართავს "ღვთისმეტყველებს", ანუ ქრისტეს მორწმუნეებს: "ნუთუ თქვენ გგონიათ, რომ შესაძლებლობას მოგცემთ გახდეთ მოწამეები თქვენი სიცრუისთვის?" (აქ ნიცშეს პირით თვით ეშმაკი მეტყველებს, რომელიც ჭეშმარიტებას სიცრუედ, მოწამეებს კი - დამნაშავეებად წარმოაჩენს). "ნეტარ არიან სიმართლისათვის დევნილნი, - გვანუგეშებს უფალი, - ვინაიდან მათია ცათა სასუფეველი. ნეტარნი ხართ თქვენ, როცა დაგიწყებენ გმობას, დევნას და ცრუმეტყველნი დაგწამებენ ყოველგვარ ბოროტს ჩემი გულისთვის" (მათე 5:10-11).

მართლმადიდებელი ფსიქიატრი ნ. გურიევი სიცილის მიზეზს და მისგან გამოწვეულ ქმედებას გადმობრუნებული ბინოკლის მოქმედებას ადარებს, როდესაც მის პრიზმაში დანახული ობიექტები გვშორდებიან და პატარავდებიან. ყველაფერი, რისკენაც არის მიმართული სიცილი, უფრო და უფრო ნაკლებად მნიშვნელოვანი ხდება და მისდამი დამოკიდებულება მსუბუქდება და რბილდება. სიცილი ერთნაირად აკნინებს სიკეთესაც და ბოროტებასაც. როდესაც კარგ რამეზე იცინიან, მას თავის კარგ და ღირსეულ თვისებებს უკარგავენ ისე, რომ მისთვის ღვაწლი უკვე უაზრობადაც გეჩვენება. ხოლო როდესაც სიცილი ბოროტებისადმია მიმართული, ბოროტება ადამიანების თვალში პატარავდება, უმნიშვნელო და "უბოროტო" ხდება; ის უკვე სულაც არ ეჩვენებათ საშიში, რომელთან დაკავშირებითაც არც კი ღირს ბრძოლა და ისიც კი არ ღირს, რომ ჩამოშორდე მას ან გეშინოდეს მისი.

რა მოაქვს სიცილს? უპირველეს ყოვლისა, მოცინარი ადამიანი, ნებსით თუ უნებლიეთ, მკვეთრად აღარიბებს თავის ცხოვრებას, გამოაქვს მისგან სერიოზული სიმწარე და დიდი სიხარულილ, - ყველაფერი მცირეა, პატარაა, არაფრისმთქმელია, ამიტომაც, ამაზე ყურადღების შეჩერებაც კი არ ღირს; და მეორე, ადამიანი დროებით იმსუბუქებს ცხოვრებას, რადგან ის, რაც მცირეა და უმნიშვნელო უფრო ადვილად აღიქმება; და ბოლოს, მესამე, დამცინავი ადამიანი, რომელიც თავისი ირონიით ყოველივე გარემომცველს აკნინებს, ილუზორულად აღზევდება საკუთარ თვალში.

შემწყნარებლობასთან შეერთებით დაცინვა იმ გლუვ და გარეგნულად მიამიტურ ხასიათს წარმოქმნის, რომელსაც ხშირად ირონიულობას უწოდებენ, და რომელსაც მიზნად გარშემომყოფთა დამცირება იმდენად არა აქვს გამიზნული, რამდენადაც დაცინვით ადამიანში აღძრას საკუთარი მისი და კნინობა ირონიული ადამიანის "უეჭველ" სიდიადესთან შედარებით.

ირონის, დაცინვას, სიცილსა და იუმორს თან ახლავს სულიერი გამოფიტულობის შეგრძნება. სიცილის შეტევის შემდეგ ადამიანი ნებისმიერი უარყოფითი ზემოქმედებისთვის ადვილად მისაწვდომი და ადვილად მოწყვლადი ხდება. ამიტომაც, დიდი ხანია შემჩნეულია, რომ სიცილს, განსაკუთრებით ბავშვებში, მოსდევს ცრემლი.

დაცინვის მეორე მხარეა - გაუცხოება. "მწვავე" სიცილი - არ არის ღმრთისგან. გესლიანი ღიმილი, სარკაზმი, მახვილსიტყვაობა არის პაროდია სახარებისეული სიბრძნის მარილზე. სიცილის სულიერი უწმინდურობის ზღვარი გახლავთ - "ჰომერული ხარხარი", ჭახჭახი, ხვიხვინი...

ხუმრობას ხშირად ბადებს არა სიკეთე, არამედ რაღაც საპირისპირო: ამპარტავნება, მედიდურობა და სადიზმი; როდესაც ადამიანს ხუმრობით დავცინით, მიამიტი და უბოროტო თამაშის სახით უდიდეს ნეტარებას განვაცდევინებთ საკუთარ გულქვაობას. ამიტომაც, ხუმრობა სულიერ ცხოვრებას განაშორებს ადამიანს. ხუმრობა ეს არის სიცრუე, კარიკატურა, მაშასადამე დემონის სამყარო, რადგან სიცრუის მამა არის ეშმაკი.
არსებობს ორგვარი სიცილი: ნათელი და ბნელი. მათი გარჩევა შესაძლებელია ღიმილითა და მოცინარი ადამიანის თვალებით. საკუთარ თავში კი ის შეიძლება აღმოაჩინო თანმდევი სულის მიხედვით: თუ სიცილს არ მოაჰქვს მსუბუქი სიხარული, ფაქიზი და გულისთვის სასიამოვნო მონაბერი, მაშინ სიცილი არანათელია. ამგვარი სიცილი იცის ანეკდოტმა, ან სამყაროს ჰარმონიაზე დაცინვამ. სამყაროს დამახინჯებული ჰარმონია ადამიანის სულსაც ამახინჯებს, რაც ადამიანის სახის ნაკვთებზეც აისახება.

წმ. მამათა სწავლებით უჯერო სიცილი - გემოთმოყვარე გულის, მდაბიო და არავაჟკაცური სულის ნიშანია; სიცილს, ამპარტავნებისგან, კადნიერებისგან და ნაყროვანებისგან წარმოქმნის მრუშობის დემონი; სიცილი აბნევს სულში დაგროვილ სათნოებებს, განაშორებს ღმრთის მადლს, კლავს სიკვდილისა და საშინელი სამსჯავროს შიშს. მოცინარ კაცს წმიდა მამები უდარდელ და სულიერი ცხოვრებისადმი უდიერ ადამიანად მიიჩნევენ.

ღირ. ისააკ ასურელის სწავლებით "არაფერი ისე არ გვანათესავებს ამ წუთისოფელს და მათ, ვინც ლოთობასა და სიძვას არის მიძალებული, არაფერი ისე არ განგვაშორებს სიბრძნის საცავსა და ღმრთის საიდუმლოთა შემეცნებას, როგორც სიცილი და აზრთა ფარფატი". მისივე თქმით: "მახვილსიტყვაობა გულში ქრისტესადმი მხურვალე სიყვარულს აცივებს" (Слова подвижнические, слово 68). "თუკი არაფერი ისე არ ესათნოვება ღმრთისმოშიშებას, როგორც გლოვა და ცრემლი, - გვმოძღვრავს ღირ. იოანე კიბისაღმწერელი, - მაშინ, უეჭველად, არაფერი ისე საძულველი არ ყოფილა მისთვის, როგორც სიცილი" (კიბე. სიტყვა 7-ე).

წმიდა წერილში დაცინვა დაგმობილია. მაგალითისთვის შეგვიძლია მოვიტანოთ ქამის ისტორია, რომელმაც მძინარე მამის, მართალი ნოეს სიშიშვლეს დასცინა (იხ. დაბ. 9:21-23). ქამის ამ ცოდვამ მთელი მისი შთამომავლობის წყევლა გამოიწვია (ისხ. დაბ 9:24-25).

ქრისტე ეფერება არა მოცინართ, არამედ მგლოვარეთ და ამბობს: "ნეტარ არიან მგლოვიარენი, ვინაიდან ისინი ნუგეშცემულნი იქნებიან" (მათე 5:4). "ვაი თქვენ, ამჟამად მოცინარნო, ვინაიდან ატირდებით და აქვითინდებით" (ლკ. 6:25). ატირდებით, რადგან ნახავთ, რომ ღმრთისგან მოცემული ნიჭი სიხარულისა იქ კი არ გამოიყენეთ, სადაც საჭირო იყო, არამედ იქ, სადაც ჯოჯოხეთის ტანჯვას იწვევს. სიცილის გამომწვევნი მომავალ საუკუნეში შერცხვენილ იქნებიან და იმ დროს, როდესაც მართალნი საუკუნოდ გაიხარებენ, ესენი იტირებენ და იქვითინებენ.

თუ ადამიანი საკუთარ თავს უფრთხილდება და იცავს, თუ მას შიში იპყრობს სიცოცხლის საიდუმლოს წინაშე, ის დაიცავს როგორც მთელს თავის ცხოვრებას, ასევე თავის სიცილსაც. მეტიც, ის თავის ღიმილსაც კი გაუფრთხილდება ღმრთის წინაშე. და ყოველივე წმიდად და ნათლად ექნება დაცული. ეკლესიის გადმოცემით, უფალი იესუ ქრისტე არასოდეს იცინოდა, არამედ, როგორც ამას წერილიც გვამცნობს ხშირად ღვრიდა ცრემლებს (ინ. 11:35).

წმიდა მამათა უმთავრესი საზრუნავი, რომლებიც ქრისტეს მისაბაძ გზებს გვიკვალავდნენ, სინანულსა და საკუთარი თავის გამოსწორებაში მდგომარეობდა. ამიტომაც გაურბოდნენ ისინი სიცილს და გლოვობდნენ, რომელიც უმთავრეს ქრისტეანულ სათნოებად მიაჩნდათ. და გლოვობდნენ არა მარტო საკუთარ თავზე, არა მარტო საკუთარ სულზე, რომელსაც ხშირად "მიცვალებულს" უწოდებდნენ, არამედ მთელს მსოფლიოზე, ყველა ადამიანზე. მსოფლიოში იმდენი ტკივილია, რომ ქრისტეანისთვის დიდი უდარდელობაა, დაივიწყო სხვისი გაჭირვება და დაიწყო სიცილი.


თავი 10

გაუსახურება


"მტერთა ჩემთა თქუეს ბოროტი ჩემთჳს: ოდესმე მოკუდეს და წარწყმდეს სახელი მისი" (ფსალმ. 40:6)


მორწმუნეებს, რომლებიც ადამიანთა ელექტრონული კოდიფიკაციის წინააღმდეგ გამოდიან, არც თუ ხშირად ეუბნებიან: "გვითხარით, გეთაყვა, რა კავშირი აქვს ამ წმიდად ტექნიკურ და ფორმალურ ოპერაციას რელიგიასთან, სულიერ-ზნეობრივ სფეროსთან?" კავშირი ცხადი გახდება, თუ გავხსნით ამ "ოპერაციის" სულიერ აზრს. მაშინ გავიგებთ, რომ პირადი კოდების და "პიროვნების იდენტიფიკაციის უახლესი კომპიუტერული ტექნოლოგიების" საკითხი ეხება ადამიანის შესახებ მართლმადიდებლური სწავლების სიღრმეებს, მის ღმრთის ხატებასა და მსგავსებას, ღმრთისგან ბოძებულ თავისუფლებას.

როდესაც ადამიანს სამუდამო და უცვალებელ საიდენტიფიკაციო ნომერს ანიჭებენ, ამით ხდება სახელის შეცვლა რიცხვით, სიტყვიერი სახელის შეცვლა უსიტყვო ნომრით, ანუ ეს არის "ციფრული" სახელი, არსებითის შეცვლა რიცვით. მაგალითად, შევადაროთ: პეტრე - ვინ? 123-ე - რომელი? რომელი ხარ შენ რიგით, რომელი ნომერი მოგანიჭეს? ეს ყოველივე ლაპარაკობს გაუსახურებაზე, პიროვნებისა და სახელის დაკარგვაზე, მაშასადამე - მარადიულ ცხოვრებაზეც...

სულიერი გამხეცება, როგორც პიროვნების დაკარგვა, მეტაფიზიკურად სახელის დაკარგვასთან არის დაკავშირებული. "სახელი გულისხმობს ამა თუ იმ პიროვნებას. სიტყვით ჩვენ შეგვიძლია ვილაპარაკოთ ნებისმიერ საგანზე; ხოლოს სახელს პიროვნებას ან საერთოდ პიროვნულ საგანს ვარქმევთ (ა. ფ. ლოსევი) (Лосев А. Ф. Диалектика мифа. М., 2001. С. 404).

სიტყვიერს სახელს სიტყვიერი, გონებრივ-პიროვნული არსება ატარებს, ხოლო უსიტყვო "სახელი" აჩვენებს, რომ მისი მატარებელი პირუტყვია. სახელი სულს ეძლევა, რიცხვი კი სხეულს. სახელი შინაგან ადამიანზე მეტყველებს, "მე"-ზე, ციფრული კოდი კი - გარეგანზე, იმაზე, რაც "ჩემია". მაშასადამე, ისინი, ვინც ციფრული იდენტიფიკაციის ამ სისტემას ნერგავენ, ცდილობენ რათა ადამიანებმა დაივიწყონ თავისი უმაღლესი ადამიანური დანიშნულება, ადამიანური ღირსება, თავიანთი შინაგანი პიროვნება და იყონ, გარეგანი, ხორციელი, სულიერი მკვდარი არსებები. მათ სურთ, რათა ადამიანი დაყვანილ იქნას საკუთარ ხორცამდე, შეზღუდულ იქნეს მხოლოდ გარეგანით, ხილულით და გარშემომყოფთათვის იყოს არა პიროვნება, არამედ უსულო ნივთი.

აი, რატომ უწოდებს აპოკალიფსისი რიცხვით სახელს მხეცურს. მხეცური - ნიშნავს გაუსახურებას, იმგვარს, რომელიც ადამიანს ართმევს ღმრთისგან ბოძებულ თავისუფლებას და ღმრთის მსგავს ღირსებას, უკვდავებას, სანაცვლოდ კი გარდააქცევს მას პირუტყვულ არსებად, მხეცად, პირუტყვად. ადამიანი ხდება ერთ ერთი ნივთი მრავალ ნივთს შორის (ამაზე უთითებს კოდირების ერთი და იმავე სტანდარტის გამოყენება ადამიანებისა და ნივთებისთვის), ავტომატური კომპიუტერული სისტემის დანამატი, რომელსაც მართავს ობიექტი, მექანიზმი, რომელიც უსულო ციფრებით არის მარკირებული.

ადამიანის სახელი თუ მისი პიროვნების დადასტურებაა, რიცხვული "სახელი" (უფრო სწორედ რიცხვი სახელის ნაცვლად ანუ ანტისახელი) - ეს არის პიროვნების დაკარგვის მაჩვენებელი. სახელის მეშვეობით ადამიანი ავლენს თავის პიროვნებას, რიცხვის მეშვეობით კი ის ხდება საგანი საგანთა შორის. ძველ რომში, მაგალითად, მონებს არ გააჩნდათ საკუთარი სახელი, მათ "მოლაპარაკე ნივთებს" უწოდებდნენ. ხშირად მონებს უბრალოდ ტომობრივი კუთვნილების მიხედვით ან გამყიდველის ან კიდევ მისი შესყიდვის ადილის მიხედვით მოუწოდებდნენ. მაგრამ ეს იყო არა საკუთარი სახელები, რომელიც მას, როგორც პიროვნებას, გამოარჩევდა სხვა პიროვნებებისგან, არამედ უბრალოდ ინვენტარული ეტიკეტი ან კიდევ ნივთის იარლიყი, რომელიც ბატონის ახირების მიხედვით იცვლებოდა, განსაკუთრებით, როდესაც მონა ერთი ბატონიდან გადადიოდა მეორე ბატონთან (См.: История Древнего мира / Под ред. В. Н. Дьякова и Н. М. Никольского. М., 1959).

დღევანდელი ციფრული სახელები კიდევ უფრო მეტად შეიძლება ადამიანთა საინვენტარო იარლიყებად მივიჩნიოთ, რომლებიც განიხილებიან როგორც ნივთები, რომელთაც აღრიცხვა სჭირდებათ. მითუმეტეს, რომ საიდენტიფიკაციო ნომერი შეიცავს მითითებას ადამიანის, მოცემული "მოლაპარაკე ნივთის" ადგილსამყოფელზე (ან "ახალი მსოფლიო წესრიგისადმი" მისაყიდად?).

ამრიგად, თუ ადამიანი განიხილება როგორც პიროვნული, საკუთარი სახელის მატარებელ არსებად, მას სწორედ ამ სახელით მიმართავენ, რაც მასში განუმეორებელი და ცალკეული პიროვნების არსებობაზე მეტყველებს. ხოლო თუ ადამიანს მისი მაიდენტიფიცირებელი ნომრის მატარებლად მიიჩნევენ და მას ნომრის მიხედვით მიმართავენ, მაშასადამე, მასში პიროვნება უარყოფილია.

პირადი ნომრის მიღების საშიშროება კიდევ იმაშია, რომ "ადამიანის ნუმერაცია პიროვნების გაუქმების ტოლფარდოვანი გახდება". დღეს ადამიანი მოიაზრება არა როგორც პიროვნება, არამედ როგორც რიცხვი. ელექტრონული საინფორმაციო სისტემა ანადგურებს პიროვნების თავისუფლებას. ადამიანს აქცევს საინფორმაციო ობიექტად, თრგუნავს მას და მიჰყავს ის წინასწარ განსაზღვრულ მსოფლმხედველობასთან და ქცევასთან; გარდაქმნის მას ობიექტად, რომელიც მორჩილად მიჰყვება და ასრულებს ახალი მსოფლიო წესრიგის წესდებებსა და აკრძალვებს. ამით ითრგუნება ღმრთისგან ბოძებული პიროვნება. ეს ძალზედ მნიშვნელოვანია საკითხის არსში წვდომისთვის. შეცდომა იქნებოდა ადამიანების ციფრული იდენტიფიცირება განგვეხილა როგორც თავისთავადი მოვლენა და არა თანამედროვე "მხეცური" ეპოქის ფართო კონტექსტში.

წმიდა წერილში მრავლადაა ადგილები, სადაც ადამიანს სახელი ეძლევა დანიშულების მიხედვით, მისიის აღსანიშნავად და ა. შ. აი, რას წერს წმ. იოანე ოქროპირი:"ხოლო სავლე, რომელიც კვლავ მძვინვარებდა და სიკვდილს უქადდა უფლის მოწაფეთ, მღვდელმთავართან მივიდა" (საქმე 9:1). ხოლო ეპისტოლეებში ის პავლედ იწოდება: რატომ შეუცვალა სულიწმიდამ მას სახელი? როგორც ბატონი, რომელიც მონას იყიდის და სურს მას აჩვენოს თავისი ძალაუფლება მასზე, სახელს უცვლის. ასე მოიქცა მაშინ სულიწმიდაც. როგორც ბატონიმა მან დაატყვევა პავლე, ქრისტეანთა ამასწინანდელი მდევნელი და თავის მონად გაიხადა, ამ მიზნით შეუცვალა სახელიც, რათა აქედან შეეცნო, რომ ამიერიდან ჰყავს ახალი ბატონი". აქედან გამომდინარეობს უმაღლესად პრინციპული საკითხი: ვინ და რა მიზნით აძლევს ადამიანებს ახალ ციფრულ სახელწოდებებს? ახალი სახელის მიღება ხომ ახალი ბატონისადმი მონობას და თაყვანისცემას, ასევე შესაბამისი სულის მიღებასაც ნიშნავს.

ცხადია, რომ ღმრთისგან ბოძებული კერძო სახელების უსახურ, მკვდარ რიცხვებზე გადაცვლის ინიციატორი შეიძლება მხოლოდ კაცობრიობის მტერი, ეშმაკი იყოს.

არ არის შემთხვევითი, რომ საეკლესიო ტრადიცია სატანისა და სხვა დაცემულ სულთა აღსანიშნავად იყენებს ისეთ სიმბოლოებს, როგორიცაა (დრაკონი, გველი, თხა, მგელი, ძაღლი და სხვა) ან კიდევ მხეცური ბუნების ცალკეულ ნიშნებს (რქები, ჩლიქები, კუდი, ბეწვი, ეშვები, ბრჭყალები და სხვა). ასე, მაგალითად, იოანე ოქროპირის მიერ შედგენილ ლოცვებში ეშმაკი "გონისმიერ მგლად" იწოდება (იხ. ზიარების აკოლუთიაში). მხეცების გარეგნობა აქვთ მრავალ წარმართულ "ღვთაებებს" (მაგალითად, ეგვიპტური კინოკეფალები - ძაღლისთავება "ღვთაებები"), ჩვენს კი ღმრთის სიტყვიდან, ანუ ბიბილიიდან ვიცით, რომ წარმართთა კერპები - ეშმაკნი არიან (ფსალმ. 95:5). ბოროტი სულით შეპყრობილი ადამიანები ხშირად მხეცივით იქცევიან: ყეფენ, ყმუიან, ღრინავენ, კნავიან და ა. შ. ეს მოვლენა, ჯერ ერთი, მათში სულიერ "მხეცთა" - დემონთა ყოფნაზე უთითბს; მეორედ კი ლაპარაკობს დაცემულ სულთა მისწრაფებაზე მხეცად გადააქციონ ადამიანი. მოსაგრეები ამბობენ, რომ დემონთშეპყრობილობა ღმრთისგან დაშვებულია, როგორც წესი, მძიმე (მაგ.: ბუნებისსაწინააღმდეგო სიძვა-მრუშობისთვის, მაგიისთვის, დემონთთაყვანისცემისთვი და სხვა) ცოდვებისთვის, მათ შორის ოკულტიზმით გატაცებისთვისაც. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ადამიანს თვითონ, თავისი ცოდვებით სიმხეცე შემოჰყავს საკუთარ თავში, მასთან ერთად კი სულიერად შემოდიან გამხეცებული არსებები.

ცნობილია, რომ "თანამედროვე სატანიზმის მამა" ალისტერ კროული (1875-1947), რომელიც ნარკოტიკებისგან გარდაიცვალა, საკუთარ თავს "აპოკალიფსურ მხეცს" უწოდებდა (Духовные основы наркомании / Под общ. ред. иером. Анатолия (Берестова). М., 2002. С. 47). სატანის სხვა მსახური, "საიენტოლოგიის (დიანეტიკის) ეკლესიის" დამფუძნებელი, ლაფაიეტ რონ ჰაბარდი სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ის თვითონ არის აპოკალიფსური "მხეცი უფსკრულიდან" (Свящ. Олег Стеняев. Маги, заклинатели, колдуны и чародеи. С. 10). უეჭველია, რომ ეს აზრები მას სატანამ შთააგონა. და ეს არის კიდევ ერთი მოწმობა იმისა, რომ სატანა ადამიანთა გამხეცებისკენ მიისწრაფვის, მას სურს ადამიანთა სულიერი მკვლელობა, რაც ხშირად გამოიხატება ბოროტების შეგნებულ მსახურებზე.

სატანა პირველია, ვინაც უარჰყო საკუთარი პიროვნება და სხვათა გაუსახურებასაც ელტვის. ის პირველი გაუსახურებული-თვითმკვლელია, და, როგორც ამის შედეგი, სხვათა მკვლელიც. აი რატომ იწოდება სატანა (ითარგმნება, როგორც "მოწინააღმდეგე", - ღმრთისა და ყოველი სხვა პიროვნებისა, რომელიც ღმრთის მიერ არის შექმნილი) წმიდა წერილში "კაცისმკვლელად". "მეფედ ჰყავდათ (ადამიანთა მომწყვლელ კალიებს - რედ.) უფსკრულის ანგელოზი, და სახელი მისი ებრაულად აბადონ, ხოლო ბერძნულად აპოლიონ (წარმწყმედელი - რედ.)" (გამოცხ. 9:11). ხოლო სიტყვა "ეშმაკი" ითარგმნება არა მარტო როგორც "ცილისმწამებელი", არამედ როგორც "დამანგრეველი", - ანუ ის არის პიროვნების დამანგრეველი.

ღმრთისგან განვარდნის შემდეგ ნათელმოსილი ანგელოზიდან ის უსახურ და ცივ გონებად, სულიერ მხეცად გარდაიქცა, რომლისთვისაც უცხოა თანაგრძნობა და სიყვარული. ასეთივენი გახდნენ მისი მიმდევარი სხვა ანგელოზებიც, რომლებიც შავბნელ დემონებად იქცნენ. აბსურდულ ღმრთისმბრძოლობაში მათ აირჩიეს მარადიული სიკვდილი და, შურით აღძრულები, იმავეს უსურვებენ ღმრთის მიერ შექმნილ სხვა პიროვნებებს და არა მარტო ადამიანებს, არამედ ნათელ ანგელოზებსაც. მეტიც, მათ ერთმანეთიც სძულთ, და მხოლოდ ბოროტება და გარდაუვალი შურისგების შიში აერთიანებთ. ამპარტავანსა და ამაყს სიყვარული არ ძალუძს. ამპარტავან ადამიანებს შორის შეიძლება იყოს სოლიდარობა და რაღაც სხვა, მეგობრობის მსგავსი, თანაც მხოლოდ ერთ შემთხვევაში, - როდესაც ისინი ერთად გამოდიან მოჩვენებითი ან ნამდვილი მოწინააღმდეგის წინაშე. მაგრამ, როგორც კი "ერთობის ფაქტორი" ქრება, ყოფილი სოლიდარობის კვალიც კი აღარ რჩება. ასეა დემონებშიც. ადამიანებს ისინი გაუცხოებულად უყურებენ, როგორც ობიექტებს, მაშინ როდესაც ღმერთი ყოველ ადამიანში ხედავს სუბიექტს, პიროვნებას, საკუთარ ანარეკლს თავის ქმნილებაში.

გონიერ ქმნილებათა გაუსახურება და სულიერი სიკვდილი არის სატანის ბილწი საკვები. მას სძულს ადამიანი. გაუცხოებულებნი საღმრთო მადლისგან და უსასრულო შურით გაჟღენთილები, ბოროტი სულები გარკვეულწილად კმაყოფილდებიან (იკვებებიან) ბოროტებით, ბოროტი სიხარულით, როდესაც ხედავენ ადამიანს, რომელიც მათსავით კარგავს ღმრთის მსგავსებას და სულიერად წარწყმედის გზაზეა შემდგარი. უფლისთვის კი "საჭმელი და სასმელი" მის მიერ შექმნილ პიროვნებათა ცხოვნებაა და მათთვის მარადიული ცხოვრების მინიჭებაა. ეს არის მისი საქმე და მისი ნება: "უთხრა მათ იესომ: ჩემი საჭმელი ის არის, რომ ვყო ჩემი მომავლინებლის ნება და აღვასრულო მისი საქმე" (იოანე 4:34).

მაცხოვარი გვიხსნის გაუსახურებისგან. მის მიერ კაცთა საცხოვნებლად დაფუძნებული ეკლესია, როგორც რუსი ღვთისმეტყველი ვ. ნ. ლოსკი ამბობს, არის "გარემო, სადაც ხორციელდება ადამიანის პიროვნებათა შეერთება ღმერთთან" (В. Н. Лосский. Очерк мистического богословия Восточной Церкви (глава IX «Два аспекта Церкви»)). ანტიქრისტეს სისტემა კი შლის პიროვნებას და არაფრად გარდააქცევს.

პერსონალურ ნომერს ანტიქრისტეს სისტემა იმიტომ იძლევა, რათა საბოლოოდ ამოშალოს ადამიანის სახელი სიცოცხლის წიგნიდან. აპოკალიფსისში პირდაპირ ნათქვამია, რომ "თაყვანს სცემენ მხეცს" მხოლოდ ისინი, "რომელთა სახელებიც, ქვეყნიერების დასაბამიდან, ჩაწერილი არ არის სიცოცხლის წიგნში კრავისა, რომელიც დაკლულ იქნა" (გამოცხ. 13:8). წმ. ანდრია კესარიელი განმარტავს, რომ მხეცი "ყოველ ღონეს იხმარს, რათა დაიმორჩილოს ყველა ტომი და ერი, მაგრამ დაეუფლება მხოლოდ მათ, ვისი სახელიც ჩაწერილი არა რის სიცოცხლის წიგნში" (Свт. Андрей Кесарийский. Толкование на Апокалипсис. М., 1901. С. 104).


თავი 11

განათლება


უფალმა ბრძანა: "ვინც დღისით დადის, არაფერს წამოჰკრავს ფეხს, ვინაიდან ამ ქვეყნის ნათელსა ხედავს. ღამით მოარული კი წაიბორძიკებს, ვინაიდან ნათელი არ არის მასში" (იოანე 11:9-10). "თქვენა ხართ ნათელი ქვეყნისა", - ეუბნება მაცხოვარი თავის მოწაფეებს (მათე 5:14).

ეკლესიის სწავლებით, ქრისტეანი, რომელიც ეს ესაა მოინათლა, იმწამსვე აღივსება ღვთიური ნათლით, ამიტომაც იწოდება ის "მონათლულად", "განათლებულად". განათლებული დადის ის ნათელში და ხედავს დაბრკოლებებს;პ ხოლო ვინც ვერ ხედავს, მას არ ჰქონია ნათელი საკუთარ თავში და არ განათლებულა; მაშ, როგორ შეიძლება ის ქრისტეანი იყოს? ზოგიერთი იტყვის, რომ ნათელშია და ხედავს დაბრკოლებებს, მაგრამ ასე რომ იყოს, მაშინ სიცრუეს არ შეიწყნარებდა ჭეშმარიტებად და შავს არ უწოდებდა თეთრს. ის ხედავს, მაგრამ როგორც ნათელმიუღებელი, ანუ არამონათლული. რადგან მათაც კი აქვთ კეთილისა და ბოროტის გარჩევის უნარი, მაგრამ ვერ აღწევენ თავს ბოროტებას, რადგან ნათლად ვერ ხედავენ რაშია სიკეთის არსი და რაში ბოროტების. ამგვარად, ვისაც სულიერი ნათელი არა აქვს, ის ჯერ კიდევ ვერ იქნება ქრისტეანი.

მოციქული პავლე ამბობს: "მაშ, გამოსცადეთ თქვენი თავი, მკვიდრობთ თუ არა რწმენაში... ნუთუ არ იცით, რომ თქვენშია იესო ქრისტე? თუ არა და, გამოცდისთვის ვერ გაგიძლიათ" (2 კორ. 13:5).

რაზეა დამოკიდებული ღმრთის ნათლის ზომა ადამიანში? ამ კითხვას მარკოზ დაყუდებული ასე პასუხობს: "ყოველი ჩვენგანი იმ ზომითაა განათლებული, რა ზომით შეიძულა მან ცოდვები და ვნებები, რა ზომით უარჰყო მან ისინი; და რამდენად უყვარს ცოდვა და ვნება, იმდენად ბნელდება მისი გონებაც". წმიდა მამათა სწავლებით უმთავრესი ვნებებია (რომლებიც მოიცავენ სხვა ვნებებს): ვერცხლისმოყვარეობა, ანუ მიდრეკილება სიმდიდრისა და ფუფუნებისკენ, სურვილისკენ ამქვეყნად იცხოვრონ უზრუნველად და კმაყოფაში; დიდებისმოყვარება, ანუ სურვილი იყო დაფასებული და პოპულარული; გემოთმოყვარება, ანუ მისწრაფება სხვადასხვა სახის ტკბობისადმი.

წმიდა მამები (მაგალითად, წმ. არეთა კესარიელი "აპოკალიფსისის" მისეულ კომენტარში) წინასწარმეტყველებდნენ, რომ ბოლო ჟამის ადამიანები გონებადაბნელებულნი იქნებოდნენ. აი, რატომაა რომ თანამედროვე ადამიანები, მათ შორის ისინიც, ვინც ქრისტეანად მიიჩნევს თავს (მცირე გამონაკლისის გარდა), ვერ ხედავს მიმდინარე მოვლენების ჭეშმარიტ არსს. წმიდა ბასილი დიდი თავის ჰომილიაში "ღმრთის სამსჯავროს შესახებ" ბრძანებს: "უმთავრეს საკითხებში სულიერი სიბრმავით ისჯებიან ისინი, რომლებმაც ჯერ კიდევ ადრე დაიბრმავეს თავიანთი სულიერი მზერა. ამის შიშით ბრძანებდა წმიდა დავითი: "მომხედე, მიპასუხე, უფალო, ღმერთო ჩემო! მოჰფინე სინათლე ჩემს თვალებს, რომ არ დავიძინო სასიკვდილოდ" (ფსალმ. 12:4).

ვნებები იმონებენ ადამიანს, ვინაიდან "ვინც რისაგან არის ძლეული, მისივე მონაა" (2 პეტრე 2:19). ადამიანი შეპყრობილი ხდება, მასში ითრგუნება ნება, მაშასადამე, დაბლა იწევა მისი პიროვნების დონე, რადგან ნების თავისუფლება ეს არის ქრისტეანული სულიერი ცხოვრების უმთავრესი ნიშანი. ვნებებისადმი მონება ავიწროებს და ჰკრავს ადამიანის პიროვნებას, სულიერად ჰკლავს მას. ამის შესახებ სრულიად ნათლად ბრძანებს ბიბლია. მაგალითად, წმ. მოციქულ პავლეს თქმით, "განცხრომის მოყვარე კი - ცოცხლადვე მკვდარია" (1 ტიმ. 5:6).

ამრიგად, გამოდის, რომ რაც უფრო სრულია ადამიანის სულიერი ცხოვრება, რაც უფრო პიროვნულია, რაც უფრო გამოხატულია მასში მისი თავისუფალი ნება, რომელიც ღმერთს ელტვის, მით უფრო ძლიერად მოქმედებს მასში ღვთიური განათლება. მხოლოდ სახარებისეული მცნებების მიხედვით მცხოვრები ადამიანები აღივსებიან წმიდა წერილის სიტყვებით: "მართებულია უფლის ბრძანებანი, გულს ახარებენ; მცნება უფლისა სპეტაკია, შუქს აძლევს თვალებს" (ფსალმ. 18:9)

ღმერთი არის ნათელი და თავისი ნათლისგან ანათლებს მათ, ვინც ღმერთთან ერთობაშია მათი განწმენდის ზომისაებრ. ამიტომაც, უმეტეს ღვთიურ განათლებას მიეწიფებოდნენ ღმრთის წმინდანები, რაზეც უთითებს მათ ხატებზე გამოსახული ნიმბები.

ადამიანი, რომელსაც გააჩნია სულიერი ხედვა, სულიერი ნათელი, ნივთებს მათი არსისაებრ ჭვრეტს. "ნათელი საგანთა ჭეშმარიტ არსს წარმოაჩენს, - ბრძანებს ღირ. ისააკ ასურელი, - და მატულობს ან მცირდება ცხოვრების წესისდა მიხედვით" ("Слова подвижнические", ჰომ. 18). ხოლო კაცი, რომელიც უმეცრების ბნელში მკვიდრობს, ყოველივეს დამახინჯებულად აღიქვამს, ის თითქოსდა ყალბ, "ვირტუალურ" რეალობაში ცხოვრობს, რომელშიც საკუთარ სულსაც კი ვერ ხედავს. "როდესაც გონება ერთს ხედავს მეორის ნაცვლად, უნდა გულისხმავყოთ, რომ ვერ არის ჯეროვნად განწმენდილი" (წმ. ისააკ ასურელი. "Слова подвижнические", ჰომ. 55).

როდესაც ქრისტეანები მხეცის ბეჭედს უარყოფენ, ეს აჩვენებს, რომ მათთვის ღმერთი ცოცხალი პიროვნებაა. ღმერთთან ასეთივე ურთიერთობა გააჩნდა ყველა წმინდანს და აღმსარებელს (ისევე როგორც სხვა დანარჩენ წმინდანებს). მოწამეები ვერ დაითმენდნენ წამებას, ღმრთისგან განათლებულნი რომ არ ყოფილიყვნენ; რომ არ არსებულიყო ცოცხალი ურთიერთობა ღმერთთან. "ღმერთო, მე არ გაგცემ შენ!", - შესძახებს თანამედროვე აღმსარებელი და ეს მოწმობს იმაზე, რომ ისიც ცოცხლად ურთიერთობს ღმერთთან, უყვარს ის, და ყოველთვის თვალწინ ჰყავს, იმყოფება მასთან ლოცვით ურთიერთობაში. აი რატომ არ შეუძლია ასეთ ქრისტეანს მიიღოს ანტიქრისტეს ბეჭედი, რომლის შესახებაც ასე გვაფრთხილებს წმიდა წერილი. ის ხომ მისთვის უბრალოდ წმიდა ტექსტი და მოძღვრების წყარო არ არის, არამედ "ცოცხალი ღმრთის სიტყვაა" (ღირ. სიმეონ ახალი ღვთისმეტყველი); და მხოლოდ ამგვარი აღქმის შემდეგ გაეხსნება მას წერილის ჭეშმარიტი და ღრმა აზრი. გარდა ამისა, ამგვარ ქრისტეანებზე აღსრულდება მოციქულ იოანეს სიტყვები: "თუმცა ცხება, რომელიც მისგან მიიღეთ (ანუ განმწმენდელი და განმანათლებელი მადლი ღმრთისა, რომელიც არის ღმერთთან პირადი ურთიერთობის შედეგი - ავტ.), კვლავაც თქვენშია, და არ გჭირდებათ, რომ ვინმემ გასწავლოთ, რადგანაც ცხება, ჭეშმარიტი და არა ყალბი, თვითონვე გასწავლით ყველაფერს, ამიტომ რასაც გასწავლით, მასშივე დარჩით" (1 ინ. 2:27). "ხოლო სული ცხადად მეტყველებს, რომ უკანასკნელ ჟამს რწმენისაგან განდგებიან ზოგიერთნი და შეუდგებიან მაცდურ სულთა და დემონთა მოძღვრებას" (1 ტიმ. 4:1). "თუ სულით ვცოცხლობთ, სულითვე უნდა ვიაროთ" (გალატ. 5:26).

როგორც ვიცით ადამიანები ან ხორციელი ცხოვრებით ცხოვრობენ ან სულიერით. სულიერი, სულიერად მხედველი ადამიანია, რომელიც ღმრთისგან არის განათლებული და სულიერადვე მოქმედებს და ფიქრობს. ღმრთის მადლი მას უჩვენებს ეშმაკის მახეთა სულიერ საშიშროებებს. ამიტომაც ეწინააღმდეგება ის "ახალი მსოფლიო წესრიგის" არქიტექტორთა სატანურ მიზნებს და არ სურს მონაწილეობა მიიღოს ამ საქმეში.

ხორციელ ადამიანს კი არაფერი აკავშირებს ღმერთთან, რადგან ამგვარი, უკეთეს შემთხვევაში, ღმერთს აღიქვამს როგორც განყენებულ იდეას. "ის ვერ გრძნობს ღმრთის მადლს, ანუ ისე, რომ გამოცდილებით უწყოდეს, რომ აქვს მადლი, ამიტომაც ამაოდ იწოდება ქრისტეანად" (ღირ. სიმეონ ახალი ღვთისმეტყველი). ღმრთის მადლისგან დაცლილი ხორციელადვე მოქმედებს და მჭევრმეტყველებს. მას არ გააჩნია ღვთიური განათლება, ის სულიერი სიბრმავითაა დასნეულებული, მოწყლულია შინაგანი გულგრილობით სულიერი ცხოვრებისა და საკითხებისადმი, მას მხოლოდ საკუთარი "პრობლემები" აწუხებს, რომელიც ძირითადად არის მატერიალური ხასიათის. ყველაფერს ის უყურებს ხორციელი თვალით და აზრადაც კი არ დაუშვებს, რომ შესაძლებელია ცხოვრებას შეხედო სხვაგვარი თვალით. აპოკალიფსისში უფალი ამგვარ "ქრისტეანებს" ეუბნება: "სახელი ისეთი გაქვს, თითქოს ცოცხალი იყო, და მკვდარი კი ხარ" (გამოცხ. 3:1).

"ვისი გული ვნებებს დაუპყრია, მის ენასაც ვნებები მართავენ. როდესაც ამგვარი კაცი სულიერ საგნებზე იწყებს ლაპარაკს, ვნების ზეგავლენის ქვეშ მოქცეული ხორციელად განსჯის. ბრძენი უცებ ამჩნევს ასეთ ადამიანს და წმიდა კაცი გრძნობს მის სიმყრალეს" (ღირ. ისააკ ასურელი. "Слова подвижнические", слово 8).

"მაგრამ მშვინვიერი კაცი არ შეიწყნარებს იმას, რაც ღვთის სულისაგან არის, რადგანაც სიშლეგედ მიაჩნია და ვერ მიმხვდარა, რომ ეს სულიერად უნდა განსაჯო" (1 კორ. 3:14). აი, რატომ ვერ იტყვის უარს ზოგიერთი ანტიქრისტეს ბეჭედზე, რადგან სულიერად დაუძლურებული და საწუთროს მიჯაჭვული საკთუარ თავში ძალას ვერ იპოვის.

გაამსოფლიურებული ქრისტეანები, ვინაც საკუთარი ზემოთხსენებულ სან ვნებას დაუმონა, ანუ ვისთვისაც ღმერთი არის მამონა (ფული), ამქვეყნიური სიამტკბილობა და პატივი, ვერ შეეწინააღმდეგებიან ტოტალური კონტროლის ანტიქრისტეანულ სისტემას, რადგან ეს ვნებები აქეზებენ მათ მხეცის ბეჭდის მისაღებად და თვით ეს ბეჭედი ხელს უწყობს მათ ვნებების დაკმაყოფილებაში. აი, რატომ ფიქრობს დღეს მრავალი ქრისტეანი არა იმაზე, თუ როგორ არ ჩამოსცილდეს ღმერთს და როგორ იყოს მასთან მარადის, არამედ იმაზე, როგორმა არ დაჰკარგოს ამსოფლიური სიამენი, პური, სამუშაო, ნეტარებანი. ორივე ხელითა და ფეხით ჩაფრენილან ისინი წუთისოფლის სიამეებს, თითქოსდა მარადიულად აპირებენო აქ დარჩენას.

ასეთი ადამიანები, წმიდა პავლე მოციქულის სიტყვებით რომ ვთქვათ, "თავიანთი გონების ამაოებით იქცევიან თავიანთი უმეცრებისა და გულქვაობის გამო გონებადაბნელებულნი და საღმრთო სიცოცხლისაგან გაუცხოებულნი" (შეად. ეფეს. 4:17-18). ამიტომაც აღსრულდება მათზე ესაიას წინასწარმეტყველება, რომელიც ამბობდა: "სმენით მოისმინეთ და ვერას გაიგებთ, ხილვით იხილავთ და ვერ დაინახავთ" (მათე 13:14). ამიტომაც, ისინი იმდენად მხეცის ხატის მიღებისთვის არ დაისჯებიან, რამდენადაც იმისთვის, რომ ძლიერ შეიყვარეს წუთისოფელი, რომელშიც, წმიდა წერილის თქმით დამკვიდრებულა "ხორიცელი ვნება და ამსოფლური ამპარტავნება", რომელიც "ბოროტებასა შინა ძევს" და იმისთვის, რომ აღვსილნი არიან ამსოფლიური ბრძენმეტყველებით, რომელიც არის "მტერობა ღმრთისა" (იხ.: იაკ. 4:4; 1 ინ. 2:15; რომ. 8:7). იმისთვის, რომ "ხორცნი არიან" (დაბ. 6:3), ისევე როგორც ნოეს თანამედროვენი, რომელიც ღმერთმა წარღვნით დასაჯა. "ნუ შეიყვარებთ ამ ქვეყანას, ნურც ამქვეყნიურს რასმე; ვისაც ეს ქვეყანა უყვარს, მამის სიყვარული არ არის მასში" (1 იოანე 2:15), ანუ მასში არ არის ღმრთის სიყვარული.

ანტიქრისტეს სული უხილავად მოქმედებს მადლგაცლილ "ქრისტეანებზე", ისინი ვერ ამჩნევენ როგორ ხდებიან ეშმაკის მსახურნი. მის შთაგონებებს საკუთარ იდეებად აღიქვამენ და "ვერაფერს ირგებენ ქრისტესაგან" (გალატ. 5:2). მარხვისას იძლევიან ხორციელი ვნებებით, ლოცვისას მათ გონებას იტაცებს ეშმაკი და ამიტომაც, უყურადღებოდ ლოცულობენ, არა აქვთ შიში ღმრთის წინაშე, აოცნებებთ ფუჭი მისწრაფებები, ზოგჯერ კი ბილწიც. მათი ლოცვა უფრო პირის გაღებაა, ვიდრე გულის აღმოთქმა.

ამრიგად მიიღება ასეთი ჯაჭვი: ვნებებისა და ამა სოფლისადმი მსახურება - სულიერი დაბნელება - გამყიდველობა. ეს სულიერი კანონზომიერება კარგად ჩანს იუდას მაგალითზე. ზიარების წინა ლოცვებში მართლმადიდებელი ქრისტეანები კითხულობენ: "რაჟამს დიდებულნი მოწაფენი საბანელსა მას სერობისასა განათლდებოდეს, მაშინ უსჯულო იუდა ვეცხლისმოყვარეობისა (ანუ ამა სოფლის ინტერესებისადმი მსახურების - ავტ.) სენითა დაბნელდებოდა (სულიერი დაბნელება - ავტ.) და უსჯულოთა მსაჯულთა შენ მართალსა მსაჯულსა მიგცემდა (გამყიდველობა - ავტ.). იხილეთ, ჰოი, მორწმუნენო, ტრფიალი იგი ვეცხლისა...". ზუსტად ასე, დღეს, ვინც ანტიქრისტეანულ გლობალიზაციას შეიწყნარებს, ის "ქრისტეანი" ჰყიდის უფალს, იმყოფება ვნებათა ბნელში და ამის გამო ვერ მიეწიფება ღვთიურ განათლებას.

"ვინც ჰპოვებს თავის სულს, დაჰკარგავს მას; და ვინც ჩემი გულისათვის დაჰკარგავს თავის სულს, მოიპოვებს მას" (მათე 10:39), ანუ მოიპოვებს მას თავისი ჯვარცმული ცხოვრებით, ტანჯვით, ღვაწლით... (წმ. ისააკ ასურელი. ჰომ. 21). წმიდა მღვდელმოწამე იპოლიტე რომაელი წერდა: "ცხოვრებისეული ვითარებით შევიწროება და ხორციელი ვნებებით შეპყრობა მრავალს წააქეზებს ანტიქრისტეს ბეჭდის მისაღებად" (Свт. Ипполит Римский. Творения. ТСЛ, 1997. Т. 2. С. 77). "ფრთხილად იყავით, - გვაფრთხილებდა უფალი, - რათა არ დამძიმდეს თქვენი გული განცხრომით, სიმთვრალითა და ამქვეყნიური საზრუნავით, და ანაზდეულად არ გიწიოთ იმ დღემ. რადგანაც მახესავით დაეცემა მთელი დედამიწის მკვიდრთ. მაშ, იფხიზლეთ და ილოცეთ მარადჟამ, რათა შეგეძლოთ თავი დააღწიოთ ყველაფერს, რაც მოიწევა, და კაცის ძის წინაშე წარსდგეთ" (ლუკა 21:34-36).

ანტიქრისტეს ბეჭდის მიღება წარმოაჩენს ადამიანში მის ზნეობრივ არჩევანას. რას ირჩევს იგი, რას აძლევს უპირატესობას, - ზეციერს თუ მიწიერს? "დადგება დრო, - წინასწარმეტყველებდა ღირ. ანტონი დიდი, - როდესაც ადამიანები გამხეცდებიან. დაინახავენ, მაგალითად, ჯანსაღ, საზოგადო სნეულებებით მოუწყვლელ ადამიანს, აღსდგებიან მის წინააღმდეგ და ეტყვიან: შენ ხარ ავადმყოფი, რადგან ჩვენნაირი არ ხარ".

პირმოთნე და მოღალატე ქრისტეანებს წმიდა წერილი "ცრუ ძმებს" უწოდებს (იხ.: 2 კორ. 11:26; გალ. 2:4). ასეთი ცრუ ძმა შეიძლება აღმოჩნდეს დღეს ნებისმიერი ქრისტეანი (ვინც გინდა იყოს, ერისკაცი იქნება ის თუ ბერი, მღვდელი თუ მღვდელმთავარი), რომელიც გუნდრუკს უკმევს მხეცის სისტემას და მას არანაირად ეწინააღმდეგება. ამ ანტიქრისტეანული სისტემის შეწყნარებით ის საკუთარ თავს აყენებს უფლის მარცხნივ, მისი ეკლესიის მტრებთან ერთად და ამ სისტემის მიერ ჭეშმარიტ და ჯანსაღ ქრისტეანთა დევნაზეც იძლევა თავის თანხმობას.

დღეს ჩვენ ვხედავთ, როგორ უწოდებენ ანტიქრისტეანული, გლობალური სისტემის წინააღმდეგ გამომავალ ქრისტეანებს მათივე "თანამოძმენი" "რასკოლნიკებს", პროვოკატორებს, უმეცარ მარგინალებს, ფსიქიურად ავადმყოფ ადამიანებს, ეკლესიისა და სახელმწიფოს მტრებს, ექსტრემისტებს და "მართლმადიდებელ ვაჰაბისტებსაც" კი (იხ. მაგ.: Кураев А., диакон. Основы православной культуры как лекарство от экстремизма: Очень личные размышления. М., 2003. С.30).

მეტიც, სახელმწიფო ხელისუფლებასაც კი ამტერებენ მათ და ეს სხვა არაფერია თუ არა მაცხოვრის იმ სიტყვების აღსრულება, რომლის მიხედვითაც: "მრავალი შეცდება მაშინ, გასცემენ და შეიძულებენ ერთურთს" (მათე 24:10). იმ დროს, როგორც ეკლესიის მოძღვარნი ამბობენ, ანტიქრისტეს მოწინააღმდეგეებს შერაცხავენ მეამბოხეებად, საზოგადოებრივი კეთილდღეობისა და წესრიგის მტრებად და მათ აშკარა თუ ფარულ დევნას დაიწყებენ. მაგრამ, "ღვთის ხალხთან ერთად ტანჯვა უნდა ვამჯობინოთ მცირე ხნით ცოდვილ განცხრომას" (ებრ. 11:25). ქრისტესავით დამცირება უფრო დიდ სიმდიდრედ მიგვაჩნია ვიდრე "ეგვიპტის მთელი სიმდიდრე", რადგანაც ვხედავთ საზღაურს, რომელიც მიეგება მართალთ (შეად. ებრ. 11:26).

"ნუ გიკვირთ, ძმანო, თუ ქვეყანას სძულხართ" (1 ინ. 3:13), - გვამხნევებს იოანე მახარობელი და ბრძანებს: "თქვენ ღვთისაგან ხართ, შვილებო, და სძლიეთ მათ, რადგანაც ის, ვინც თქვენშია, მეტია იმაზე, ვინც არის ქვეყნად. ისინი ქვეყნისანი არიან, ამიტომ ქვეყნისას იტყვიან და ქვეყანაც უსმენს მათ. ჩვენ კი ღვთისაგან ვართ; ვინც იცნობს ღმერთს, ის გვისმენს, ხოლო ვინც ღვთისაგან არ არის, არ გვისმენს ჩვენ. ამით შევიცნობთ სულს ჭეშმარიტებისას და სულს ცთომისას"(1 ინ. 4:4-6). და კიდევ სხვა ადგილას: "ყრმანო, უკანასკნელი ჟამია, და, როგორც გსმენიათ, რომ მოდის ანტიქრისტე, აწ უკვე მრავლად არიან ანტიქრისტენი, საიდანაც ვიგებთ, რომ უკანასკნელი ჟამია. ჩვენგან გამოვიდნენ, მაგრამ არ იყვნენ ჩვენგანნი, ვინაიდან ჩვენგანნი რომ ყოფილიყვნენ, ჩვენთანვე დარჩებოდნენ; მაგრამ გამოვიდნენ, რათა ცხადი გამხდარიაო, რომ ყველანი როდი არიან ჩვენგანნი. თქვენ კი ცხება გაქვთ წმიდისგან და იცით ყოველი. იმიტომ კი არ მოგწერეთ, რომ არ იცით ჭეშმარიტება, არამედ იმიტომ, რომ იცით და ისიც გესმით, რომ არცერთი სიცრუე ჭეშმარიტებისგან არ არის" (1 ინ. 2:18-21).

"როდესაც კაცობრიობა ანტიქრისტეს ბეჭედს მიიღებს, წაშლის ზნეობრიობის ყოველგვარ ზღვარს" («Духовные беседы и наставления старца Антония», часть 1-я). ხოლო უზნეო ადამიანი პირუტყვი და მხეცი ხდება. წმ. იოანე ოქროპირი აღნიშნავს, რომ ღმრთის ერთგული ერთი კაციც კი საკმარისია, მთელი ქალაქის გამოსასწორებლად ("ქანდაკებათა შესახეებ"). ხოლო თუ დღეს ქალაქები არ სწორდებიან და მეტიც, ზნეობრივად ეცემიან, მიუხედავად მათში მცხოვრები მრავალი ქრისტეანისა, ეს მკვეთრად ახასიათებს მათ საქმიანობასა და უძლურებას. თუ თორმეტმა კაცმა, - ბრძანებს იგივე წმ. იოანე ოქროპირი, - მთელი დედამიწა ააფუვა, იფიქრე, როგორია ჩვენი საკუთარი მტრობა და ბოღმა, თუკი არ ძალგვიძს დანარჩენი ადამიანების მოქცევა, როდესაც ირგვლივ იმდენი ქრისტეანია, რომელიც საკმარისი იქნებოდა ათეულობით ათასი საზოგადოების გასაქრისტეანებლად" (ჰომილიებიდან მათეს სახარებაზე).

კითხვაზე, რა შეიძლება დაუპირისპირდეს ჩვენი ეპოქის ზნეობრივ ქაოსს, ერთი პასუხია: ნამდვილი, ადამიანური პიროვნება. პიროვნება, რომელიც საფუარივით იმოქმედებს და უზარმაზარი ცომის აფუება შეუძლია. შეუძლებელია ნამდვილი პიროვნება საფუარივით არ მოქმედებდეს თავის გარემოში. როდესაც პიროვნება საფუარივით მოქმედებს, რომელმაც დიდი ცომი ააფუვა, და აკეთილშობილებს თავის თანამედროვე და ირგვლივ მყოფ საზოგადოებას, ის მსოფლიოში მოქმედებს როგორც შემოქმედებითი ძალა. შეიძლება თუ არა მსოფლიო მობრუნდეს ქრისტეანობისკენ სხვა საკითხია. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მსოფლიოში ყოველი სასიკეთო შემობრუნება უმრავლესობის მიერ კი არ წყდება, არამედ უმცირესობის მიერ.

მცირე, მაგრამ ნამდვილი, ქრისტეანული სულით მოქმედი მართლმადიდებელი უმცირესობა კაცობრიობას შესთავაზებს იმას, რასაც ის ასე მონდომებით ეძებს და შესთავაზებს მას უბიწო და სრულყოფილი ფორმით" (Георгий Мандзаридис, «Глобализация и глобальность: химера и истина»).

ამრიგად, ანტიქრისტეს ბეჭდის უარყოფა, ანტიქრისტეს გამაუსახურებელი სისტემისადმი წინააღმდეგობა - ეს არის ღმრთისა და მოყვასის სიყვარულის გამოხატულება, წუთისოფლის სიყვარულის უარყოფა, ხოლო ანტიქრისტეს სისტემის შეწყნარება, მასთან თანხმობა და მისი გამართლება - წუთისოფლისადმი სიყვარულის გამოხატულებაა და ღალატია ღმრთისა და მოყვასისა. აი, რატომ ებრძვის დღეს მრავალი მართლმადიდებელი ქრისტეანი ანტიქრისტეს სისტემას. ამისკენ მათ სიყვარული უბიძგებთ...

ელექტრონული სისტემის მკვდარი და უსულგულო სისტემა, რომელიც ადამიანს ეპყრობა როგორც ნომერს, როგორც საკონსერვო ქილას, რომელსაც ისეთივე ნომერი აწერია, - ქმნის მხეცის სამეფოს, მხეცის საპყრობილეებს, მის საკვრელებს, რომელიც ადამიანის თავისუფლების უმცირეს გამოხატულებასაც კი შეჰკრავს. ამ სისტემის შექმნის ძირითადი ინსტრუმენტი კი - საიდენტიფიკაციო კოდებია, რომლებითაც მომავალ მსოფლიოში, ამ მომავალ ელექტრონულ-საკონცენტრაციო ბანაკში გააკონტროლებენ მთელს კაცობრიობას, დედამიწის მთელ მოსახლეობას.

სწორედ ამ პიროვნული კოდის მეშვეობით მოხვდება დედამიწის ყოველი მოსახლე ერთიან საყოველთაო საინფორმაციო ქსელში, ელექტრონულ-მაკონტროლებელ სისტემაში, რომელსაც "ქსელი" ჰქვია. "ქსელური საზოგადოების" შექმნა სრულიად ეწინააღმდეგება უფლის განგებულებას სამყაროსა და ადამიანთან დაკავშირებით და წარმოადგენს ღმრთითდადგენილი წესრიგისადმი წინააღმდეგობას. წინააღმდეგობას ადამიანისადმი, რომელიც შეიქმნა "ხატად და მსგავსად ღმრთისა".

"მხეცის საიდუმლო" - შინაარსი.

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню